topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ლ.გაბუნია - „ჯუჯა“ მამონტის კბილი გორიდან

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველოს// პალეონტოლოგია>>>

ლ.გაბუნია - „ჯუჯა“ მამონტის კბილი გორიდან // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII,  №3, 1952, გვ. 153-154. (წარმოადგინა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ლ.დავითაშვილმა 24.10.1952) საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია პალეონტოლოგის სექტორი, თბილისი

რამდენიმე ხნის წინათ გორში მუზეუმის შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს იპოვეს მამონტის მარცხენა ზედა საძირე კბილი. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტის გეოლოგ ვ.ჩიკოიძის ცნობით, ქანები, რომლებშიც კბილია ნაპოვნი, მტკვრის პირველი ჭალის ზედა ტერასის ნალექებს წარმოადგენს. ქვემოთ მოგვყავს ამ კბილის - Mamonteus cf.primigenius Blum. მოკლე აღწერა.

ადგილსამყოფელი: გორი, საქართველოს სსრ;

ასაკი: ვიურმის შემდგომი დროის დასაწყისი:

მასალა: მარცხენა მხრის მოუცვეთელი M:

აღწერა: კბილი ძლიერ დაზიანებულია: პირველი ფირფიტა წინიდან თითქმის მთლიანადაა ჩამოტეხილი. ასევე მოტეხილია მეორე ფირფიტისა და ხუთი ბოლო ფირფიტის (8-12) დისტალური (ზედა) წვეროები. ძლიერ დაზიანებულია ძირები, რომლებიც აღნიშნულ კბილს, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად უნდა ჰქონოდა გაფორმებული. ცემენტი, რომლითაც ამოვსებულია ფირთიტათაშორისი შუალედები და რომელიც ფარავს კბილის გარეთა და შიდა მხარეებს, ძლირ დაშლილია. კბილი შედარებით მცირე ზომისა და მაღალგვირგვინიანია. 12 ფირფიტისაგან შედგება. კბილის ლინგვალური ზედაპირის 10 სმ სივრცეზე მოდის 10 ფირფიტა და 9 ფირფიტათაშორისი შუალედი. კბილის შიდა ზედაპირი ოდნავ ჩაზნექილია (სიგრძივი ღერძის გასწვრივ). გარეთა ზედაპირი ოდნავ ამოზნექილია. ფირფიტები სუსტადაა მოღუნული. წინა ნაწილში ოდნავ მოღუნულია (ორალური მიმართულებით) ფირფიტების მხოლოდ დისტალური წვეროები, ხოლო ყველა დანარჩენი ფირფიტა, მეხუთე ფირფიტით დაწყებული, შესამჩნევადაა მოღუნული პროქსიმალურ გვირგვინის ფუძესთან მდებარე ნაწილში. ფირფიტების ამობურცული მხარე ამ შემთხვევაშიც ორალურადაა მიმართული. მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე ფირფიტების ლაბიალური კიდეები ოდნავ მოღუნულია კაუდალური მიმართულებით. უკანასკნელი, მე-12 ფირფიტა სუსტადაა განვითარებული, იგი მე-11 ფირფიტის სიმაღლის დაახლოებით ორ მესამედს აღწევს. ფირფიტების ზედაპირი სუსტტალღობრივია. ფირფიტების კიდეები სინუსებს არ ქმნის. მესამე, მეოთხე და მეხუთე ფირფიტები ოთხი ძირითადი კონუსისაგან შედგება, მეშვიდე - ხუთისაგან. მინანქრის სისქე მეათე ფირფიტაზე 1,5 მმ უდრის. კბილის სიგრძე (გვირგვინის ფუძესთან) 120 მილიმეტრია, უდიდესი სიგანე - 62 მილიმეტრი, სიმაღლე - 140 მილიმეტრი. ფირფიტის სისქე (მინანქრის სისქის ჩათვლით) 6-7,5 მილიმეტრია, ფირფიტათაშორისი შუალედის სისქე - 2,5 მილიმეტრი.

შედარება და ზოგადი შენიშვნები: ჩვენი M ფირფიტების რაოდენობით, სიხშირითა და ფორმით, აგრეთვე მინანქრის შრისა და ფირფიტის სისქეთა შეფარდებით, სავსებით შეესაბამება მაღალი სპეციალიზაციის მქონე ნამდვილი მამონტის კბილს, მაგრამ შესამჩნევად განსხვავდება მისგან მცირე ზომებით. ამ მხრივ იგი უახლოვდება "ჯუჯა" მამონტებს, რომლებიც ცნობილია ტიურინგიიდან და იტალიიდან. ყველაზე მეტად ჩვენი მამონტი ჰგავს Mamonteus primigenius Blum. Var. Hydruntinus Botti-ს. - "ჯუჯა" მამონტს, რომელიც იტალიის პლეისტოცენში გვხვდება. გორის ფორმა კბილის სიდიდით, ფირფიტების რიცხვითა და სიხშირით ძლიერ უახლოვდება იტალიის ფორმას, მაგრამ მასალის სიმცირე და ცუდი დაცულობა არ გვაძლევს ამ მამონტთა გაიგივების საშუალებას. ამიერკავკასიის ფარგლებში Mamonteus primigenius Blum. მხოლოდ დუშეთის რაიონიდანაა ცნობილი. აღწერილი კბილის ნახვა ადასტურებს ამიერკავკასიის მეოთხეული ფაუნის შემადგენლობაში მამონტების არსებობას. "ჯუჯა" მამონტის ნახვა საქართველოსა და იტალიაში შესაძლოა მოწმობდეს, რომ სამხრეთ ევროპაში, მატერიკის ჩრდილო ნაწილისაგან განსხვავებით, ძირითადად არსებობდნენ Mamonteus primigenius Blum.-ის მცირე ზომის ფორმები, რომლებიც გაცილებით უფრო მცირედ იყვნენ გავრცელებული, ვიდრე მათი ჩრდილოეთის მონათესავენი. აღწერილი კბილის პოვნა მტკვრის პირველი ჭალის ზედა ტერიტორიის ნალექებში უთუოდ მოწმობს, რომ გორის მამონტი გეოლოგიურად ძალიან ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია სავარაუდოდ იგი მივაკუთვნოთ ვიურმის შემდგომი დროის დასაწყისს (არქეოლოგიური დანაწილებით, დროს მეზოლითის დასაწყისიდან ქვედა ნეოლითამდე), რაც არ ეწინააღმდეგება სპეციალური ლიტერატურის მონაცემებს მამონტის გეოლოგიური გავრცელების შესახებ.

დამოწმებული ლიტერატურა:

1. ნ.ბურნაკ-აბრამოვიჩი.  Elephas primigenius Blum.-ის ნაშთი დუშეთის რაიონიდან. საქართელოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XIII, A 1946

2. H.F.Osborn. Proboscidea. Vol. II, 1942.