topmenu

 

გ.გობეჯიშვილი - ძველი ქართული სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების ნაშთები სოფ.ღებთან
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა // ქართული მეტალურგია>>>

გ.გობეჯიშვილი - ძველი ქართული სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების ნაშთები სოფ.ღებთან (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკად. ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი, თბილისი) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII, №3, 1952 წ. // (წარმოადგინა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ნ.ბერძენიშვილმა 5.2.1952)

საქართველოსა და კავკასიის ბრინჯაოს მეტალურგიის საკითხებზე ბევრი შრომა დაწერილა. ამათგან ყველაზე სრული და მეცნიერულად დასაბუთებულია ა.იესენისა [1],[2] და ა.აფაქიძის [3] გამოკვლევები. ზოგიერთი მკვლევარი, რომელიც ქართული ბრინჯაოს მეტალურგიის ძველი ფესვების ადგილობრივობაზე წერს, ძირითადად მიწის ღრმა ფენებიდან ამოთხრილი ლითონის მზამზარეული ნივთების ან, უკეთეს შემთხვევაში, სპილენძის ზოდების დამოწმებით კმაყოფილდება. ჩვენი აზრით, ამგვარი საბუთებით, ესოდენ არსებითი საკითხი ამომწურავად ვერ გაშუქდება, ვინაიდან სპილენძის ზოდებსა და მზა ნაწარმს პოულობენ იმ რაიონებშიც, რომელთაც მეტალურგიული კერები ამარაგებდა ლითონით. ეჭვმიუტანელი რომ გახდეს ძველი წერილობითი ცნობების სიმართლე მეტალურგიის საქმეში ქართველი ტომების დამსახურების შესახებ, საჭიროა დადგინდეს მადნის ადგილობრივ მოპოვებისა და გადამუშავების ფაქტები. ამ წერილის მიზანია სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოებრიობას გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების კერა მდ.რიონის სათავეებში, რომელსაც იკვლევს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი. ცნობილია, რომ კლასიკური ბრინჯაოს ძირითად კომპონენტებს სპილენძი და კალა წარმოადგენს. იმ ქვეყნებში, სადაც ეს ლითონები არ მოიპოვებოდა, მეტალურგია დამყარებული იყო იმპორტულ მადანზე ან გადამუშავებულ ლითონზე. ძველ საქართველოში სპილენძის ადგილობრივ მოპოვება - დამუშავება ეჭვს არ იწვევს. ეს იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ანტიკური დროის წერილობითი წყაროები მოსინიკებს გვაცნობენ, როგორც სპილენძის მოპოვება - დამუშავების უბადლო ოსტატებს და, მეორე მხრივ, საქართველოში დამოწმებულია სპილენძის ძველი მაღაროები. სულ სხვაგვარად დგას ადგილობრივი კალის საკითხი. ბევრი ავტორი ფაქრობდა, რომ კალა ჩვენში გარედან შემოჰქონდათ. ა.ინსენის ერთ-ერთი დამსახურება, უპირველეს ყოვლისა, ისაა, რომ მან საფუძვლიანად უარყო ეს მცდარი მოსაზრება და აღნიშნა ძვ.წ. II ათასწლეულიდან კავკასიაში ადგილობრივი კალის დამუშავება.

მისი ვარაუდით, ამ ლითონის მოპოვება წარმოებდა ცენტრალური კავკასიონის ორივე კალთაზე იალბუზიდან თერგამდე, ზემო რაჭაში, სამხრეთ ოსეთში, შორაპანში, გორისა და ბორჯომის რაიონებში ([2], გვ.205). ამ ბოლო ხანებში მართლაც ცნობილი გახდა საქართველოში კასიტერიტის ისეთი რესურსების არსებობა, რომლებიც მეტ - ნაკლებად დააკმაყოფილებდა ძველი მეტალურგიის მოთხოვნილებას. მიუხედავად ამისა, არქეოლოგი ბ.კუფტინი კვლავ მოძველებულ პოზიციებზე დგას და ცდილობს დაამტკიცოს ამ ლითონის უცხოეთიდან შემოტანილობა ([4], გვ.200-212). ბ.კუფტინის მცდარი მოსაზრება იმას ემყარება, რომ ქართულ ბრინჯაოს ნივთებში, ძვ.წ. II ათასეულის დასასრულამდე, კალის მომჭირნეობით გამოყენება შეინიშნება. ჩვენი აზრით, ეს მოვლენა სრულიადაც არ მოწმობს კალის უცხოეთიდან შემოტანას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ადგილობრივ მოიპოვებოდა სხვა ლითონი, რომელსაც შეეძლო კალის მაგივრობა გაეწია. მართლაც, დასავლურ - ქართული ბრინჯაოს იარაღისა და სამკაულის ქიმიური შესწავლა გვიჩვენებს შენადნობში კალის მაგივრად ანტიმონის გამოყენებას ([5], გვ.15-16: [6]. გვ.113). ასეთივე სურათი მიიღეს ა.აფაქიძემ [3], ლომთათიძემ [17], და პროფ. გ.ნიორაძემ [16] გვიანი ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის აღმოსავლურ - ქართული ლითონის საგნების შესწავლის შედეგად. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ანტიმონიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ ჩვენში? ამ საკითხზე პირველად 1940 წელს შეჩერდა ა.აფაქიძე. ეყრდნობოდა რა ქიმიური ანალიზების შედეგებს და კავკასიაში სათანადო მადნეული რესურსების არსებობას, იგი წერდა: "არ არის გამორიცხული [საქართველოში] ანტიმონის ძველი სამუშაოების აღმოჩენის შემთხვევებიც"[3]. ასეთი სამუშაოების აღმოჩენას შეეძლო მტკიცე საფუძველზე დაემყარებინა მოსაზრება ქართული ბრინჯაოს მეტალურგიის ავტოქტონობის შესახებ. მართალია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიკვლეულია ლითონსასხმელ სახელოსნოთა ნაშთები და სხვადასხვა ნივთის ჩამოსასხმელი ყალიბები, მაგრამ ეს კიდევ არ აძლევს საფუძველს მკვლევარს კატეგორიულად ამტკიცოს ლითონის კულტურის ადგილობრივი მადნეული რესურსების ბაზაზე განვითარება. ზემო რაჭაში, სოფ.ღებს ახლო, ბრილში ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალების შესწავლის პერიოდში (1939-42 წწ.) ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ "ბრილის ძველი მოსახლეობა მეტალურგიაში რაციონალურად იყენებდა ადგილობრივ რესურსებს. სპილენძის მადნის ბუდობები რაჭის მთებში საკმაო რაოდენობით მოიპოვება; ანტიმონიც იშვიათი არ არის. ეს ორი ლითონი ძირითადად საკმაო იყო იმ მდიდარი ბრინჯაოს კულტურის შესაქმნელად, რომლის ნაშთები დიდი რაოდერობით შემოინახა ბრილის ნეკროპოლმა" ([6], გვ.117). ამ მოსაზრებას ვამყარებდით, ერთის მხრივ ბრილში ამოთხრილი ნივთების ქიმიური შესწავლის შედეგებზე და, მეორე მხრივ, გეოლოგ დ.წერეთლის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ცნობაზე, რომ რიონის ერთ-ერთი შენაკადის ხეობაში არსებობს ანტიმონის ძველი მაღარო. ამ აზრს იზიარებს ა.აფაქიძეც უფრო გვიან გამოქვეყნებულ სპეციალურ წერილში [7].

1947 და მომდევნო წლებში ძლიერ გამრავლდა ცნობები რიონის ზემო წელში ანტიმონის ძველი მაღაროების აღმოჩენის შესახებ. ამ ძეგლების მიკლევის და დაცვის საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა გეოლოგიურ - მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა გ.ტოგონიძემ. მან აწ განსვენებულ აკად. ს.ჯანაშიას გამოუგზავნა ერთ-ერთ მაღაროში აღმოჩენილი გრანიტის ურო, რომელსაც ტარის მისამაგრებლად ირგვლივ შემოუყვება მცირე ღარი. ეს იარაღი ზოგადად მოგვაგონებს იმ უროებს, რომლებიც ძველად უხმარიათ ამიერსა და იმიერკავკასიაში ქვამარილისა და მადნეულის მაღაროებში ([8], გვ.93, № 63-87,[9], გვ.153, სურ.62). 1948 წელს ისტორიის ინსტიტუტმა განაახლა დიდი სამამულო ომის გამო დროებით შეჩერებული არქეოლოგიური კვლევა- ძიება რიონის სათავეებში. 1948-51 წლებში ჩვენმა ექსპედიციამ მდიდარი ცნობები შეკრიბა ანტიმონის ძველი მაღაროების აღმოჩენის პირობების შესახებ, მოიხილა 25 მაღარო, აზომა რამდენიმე მათგანი და დაიწყო ორი მაღაროს გაწმენდა. ამასთანავე, შეგროვებულია მადნის სამტვრევი ქვის უროების დიდი კოლექცია. ძველი სამთამადნო წარმოების ძეგლების შესწავლის პარალელურად ექსპედიცია სწავლობდა მადნის სადნობ სახელოსნოთა ნაშთებსაც და კვლავ თხრიდა სამარხებს, რომლებშიც დიდი რაოდენობით გვხვდება ადგილობრივი ლითონის ნივთები. რიონის სათავეების ანტიმონის ძველი მაღაროები (სურ.1) მცირე ზომისაა. მათ შორის უდიდესის სიღრმე 11-15 მეტრს არ აღემატება, განი 6-8 მეტრია და სიმაღლე 2-2,5 მეტრი.

ცხადია, ეს მონაცემები რამდენადმე შეიცვლება მაღაროების საბოლოოდ გაწმენდის შემდეგ. ზოგი მაღარო უბრალო მცირე მღვიმეს წარმოადგენს, ხოლო ზოგი საკმაოდ რთულია და მათი გეგმა ზოგადად საბერველს მოგვაგონებს. ამგვარი მაღაროს შესასვლელის წინ მოგრძო ფარდულის მსგავსი მოედანია, რომელიც კარისაკენ თანდათან ვიწროვდება და გადადის 1,5-3 მ სიფართისა და დაახლოებით 8 მ სიგრძის ყელში. ეს უკანასრელი უერთდება 3-5 მ სიგრძე - სიფართის მქონე მღვიმეს, რომელსაც ზოგჯერ გვერდითი დერეფნებიც აქვს. მაღაროს იატაკი დახრილია 10-25 გრადუსით, მადნის ძარღვის დაქანების კვალობაზე. ჭერის ჩამონგრევის თავიდან აცილების მიზნით შიგ დატოვებულია კლდის ბუნებრივი სვეტები. ზოგჯგრ ასეთი სვეტების როლს ასრულებს მონგრეული ფუჭი ქანის ნატეხებისაგან ამოყვანილი მშრალი წყობა (სურ.2). მაღაროებში მრავლად გვხვდება ხის ნახშირი. ეს იმას მოწმობს, რომ ჩვენი წინაპარი მემთამადნენი მადნის მოსანგრგვად ხმარობდნენ ცეცხლსა და წყალს: ტყიანი ზონიდან ალპურ ხონაში აჰქონდათ შეშა, ცეცხლით ახურებდნენ ქანებს, ზედ წყალს ასხამდნენ და ამგვარად დანაპრალებულ კლდეს ქვის უროებით ანგრევდნენ. სამთო საქმეში ამგვარი წესის გამოყენება ცნობილია საკაცობრიო კულტურის ადრეული საფეხურებიდანვე. შესაძლებელია, ამავე მიზნით ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ხის სოლებსა და რქისაგან დამზადებულ წერაქვებსაც, მაგრამ ჩვენს მაღაროებში მათი შემონახვა ნაკლებად მოსალოდნელია თავისებური ბუნებრივი პირობების გამო. გაირკვა, რომ მონგრეული მადნის პირველადი გამდიდრება იქვე, ფარდულებქვეშ წარმოებდა: მადნისთვის მოუშორებიათ ფუჭი და აგრეთვე სხვა მადნეული ქანები, რომელიც თან სდევს ანტიმონიტს. ანტიმონის მადანი უზიდავთ ტყის ზონამდე. აქ, საწვავი მასალით მდიდარ ადგილებში, გამართული ყოფილა მადნის სადნობი ღუმელები. ღებელმა მუშებმა გვიჩვენეს ერთი ასეთი ადგილი, სადაც გ.ტოგონიძეს 1947 წელს უნახავს წიდა და ნახშირი. საცდელმა გათხრამ გამოავლინა წარმოების ბევრი გადანაყარი გამომდნარი მადნის სხვადასხვა ზომის ნატეხები, გამოუდნობელი მადანი და ნახშირი. შემდგომმა არქეოლოგიურმა დაზვერვამ ცხადყო, რომ თვით სადნობი ღუმელები გამართული ყოფილა ჩვენს მიერ გათხრილი ადგილიდან ცოტა მოშორიბით, ხელოვნურ ბორცვებზე. ამ ძეგლების გათხრა და გაღრმავებული შესწავლა საშუალებას მოგვცემს კარგად დავადგინოთ მადნის დამუშავება-გამოდნობის პროცესები და წესები. მაგრამ დღემდე მოპოვებული მასალა უკვე საკმარისია, რათა ვამტკიცოთ, რომ ძველი ქართული ბრინჯაოს მეტალურგია ვითარდებოდა ადგილობრივი სამთამადნო წარმოების ბაზაზე. იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ რა დროს ეკუთვნის ზემოხსენებული ძეგლები, კარგი მასალა მოგვცა ბრილის სამაროვანის გათხრებმა. ეს სამაროვანი მდებარეობს ზოფხითურისა და რიონის შესართავთან. ფეოდალური დროის ძეგლებით მდიდარ პატარა ტერასაზე, სოფ.ღებიდან 9 კმ მანძილზე გათხრებმა დაამოწმა, რომ სამაროვანი გამოყენებული ყოფილა უწყვეტლივ დაახლოებით 2000 წლის მანძილზე, ძვ.წ. II ათასეულის შუა ხანებიდან საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების დასაწყისამდე. სხვადასხვა დროის სამარხები, შესაბამისად, განლაგებულია ერთიმეორის ზემოთ. ისტორიული დროის თითქმის მთელ ამ გრძელ მონაკვეთზე მიცვალებულნი მოკუნტვით უმარხავთ, უბრალო ორმოებსა და ქვის სამარხებში. ზედა ფენაში, ალბათ დაკრძალვის ქრისტიანული წესების გავლენით, ზურგზე გაშოტილ, გულხელდაკრებილ და თავით დასავლეთისაკენ დამხრობილ ჩონჩხებსაც ვხვდებით, თუმცა მეტად იშვიათად. როგორც ჩანს, გაქრისტიანებულმა მოსახლეობამ წარმართული სასაფლაო მალე გააუქმა. ფეოდალური დროის სამაროვანი საძებნელია იქვე ახლო, წმ.გიორგის სალოცავის ნანგრევებთან. ძვ.წ. X-V სს. ინჰუმაციის პარალელურად წესად ყოფილა მიცვალებულის გვამის კრემაციაც. მრავალჯერ შემოწმებული ეს ფაქტი, რომელსაც მხარს უჭერს სხვა მასალებიც, მოწმობს მცდარობას ბ.კუფტინის ბოლოდროინდელი მტკიცებისას ([4], გვ.95-96) თითქოს კრემაცია დასავლეთ საქართველოში ბერძნული კულტურის გავლენით გავრცელდა. ბრილის სამაროვანში აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი ნივთები: კაჟის, სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლის, ოქროს, მინის, პასტის, თიხისა და სხვა მასალისა. მათი უმრავლესობა გამოირჩევა დამუშავების მაღალი ხარისხითა და მხატვრული ოსტატობით.

ყველა ეს ნივთი, გარდა მცირე გამონაკლისისა, ადგილობრივი, ქართული ხელობისაა. უცხო წარმომავლობისად მიიჩნევა მხოლოდ ზოგიერთი საგანი: ფუნაგორიას გამოსახულებანი (ეგვიპტური "სკარაბეი") და მინის მძივების ერთი ნაწილი. ბრილში ჩატარებული 5 არქეოლოგიური კამპანიის (1939, 1940, 1948, 1950, 1051 წწ) შედეგების სრული დახასიათება ახლა ჩვენს მიზანს არ შეადგენს. აქ მხოლოდ ზოგიერთ შედეგს აღვნიშნავთ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მეცნიერული შესწავლის საგნად იქცა ერთ პატარა ტერასაზე თავმოყრილი ძეგლები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავითვალისწინოთ რიონის სათავეებში მოსახლე ერთ-ერთი ქართველი ტომის სხვადასხვა თაობის კულტურის განვითარება ძვ.წ. XV საუკუნიდან თითქმის დღევანდლამდე, რამდენადაც ეს ტერასა მდიდარია გვიანდელი ძეგლებითაც. ამის მნიშვნელობა კი თავისთავად ცხადია: საქართველოს სხვა რაიონებში მოპოვებულ მასალასთან ერთად. ბრილის მასალები მტკიცე რგოლებით აკავშირებს ფეოდალური დროის ქართული კულტურის ისტორიას ანტიკური, ადრეული რკინის ხანისა და ბრინჯაოს ხანის კულტურის ისტორიასთან. მტკიცდება აგრეთვვ უკვე ძვ.წ. I ათასეულის დასაწყისში ადგილობრივი რკინის წარმოების გაჩენა, რასაც მოჰყვა მიწათმოქმედების განვითარება. სიმდიდრის სწრაფი ზრდა, გვაროვნული წყობილების სწრაფი რღვევა და ამგვარად, საზოგადოების გათიშვა კლასებად. გარდა ამისა, საშუალება გვეძლევა ვილაპარაკოთ მთის რაიონების მნიშვნელოვან როლზე კულტურის განვითარების საერთო საქმეში.

ღების მიდამოებში აღმოჩენილმა სამარხეულმა ინვენტარმა ხელი შეუწყო ზოგი კონკრეტული არქეოლოგიური საკითხის ახლებურად დაყენებასა და გადაჭრასაც. ასე, მაგალითად, ერთგვარი ოქროს მონეტები, რომელთაც სპეციალურ ლიტერატურაში იცნობენ "ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მიმბაძველობათა" სახელწოდებით, პირველად ჩვენმა ექსპედიციამ აღმოაჩინა გათხრების დროს და, წინააღმდეგ მანამდე არსებული მოსაზრებებისა, დამტკიცდა, რომ ისინი არც ევროპულია, არც შუააზიური და არც ზოგადად კავკასიური, არამედ ქართულია, უპირატესად დასავლურ - ქართული ([6], გვ.185). ისინი იჭრებოდნენ ძვ.წელთაღრიცხვის II საუკუნის გასულიდან ახალი წელთაღრიცხვის III საუკუნის ბოლომდე და მოწმობენ ძველ ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მთის ტომების მონაწილეობას. ამგვარივე სინათლის შუქი მოეფინა მხატვრულად დამუშავებულ ბრინჯაოს ბალთებსაც, რომელთაგან ბევრი მონეტებთან ერთად აღმოჩნდა. უფრო ადრეულ, VII – IV სს სამარხებში დამოწმებული ძეგლები გვაუწყებს ფართო კულტურულ კავშირს მთიან ყირიმთან და სკვითებთან [10]. ამასთანავე, ე.წ. სკვითური რკინის საომარი ცული და "აკინაკი" ისე მრავალრიცხოვანია VII – V სს სამარხებში, რომ არ შეიძლება არ დავსვათ საკითხი ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთში მათი გავრცელების შესახებ, მით უმეტეს, რომ ზემო სვანეთში ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვის (1950 წ.) შედეგები მოწმობს ჩვენი რკინის წარმოების სრულ გაფურჩქვნას აღნიშნულ პერიოდში. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ძვ.წ. I ათასეულის დასაწყისის ბრილურ ძეგლებს ბრინჯაოს ცულებს, სატევრებს, სარტყლის ბალთებს მშვილდურ საკინძებს და სხვადასხვანაირ სამკაულებს. ამ აღმოჩენებმა მინიმუმამდე შეამცირა იმ ტიპის საგანთა რიცხვი, რომლებიც მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ყობანიდან და ნაპოვნი არ იყო საქართველოში. თუმცა ზოგიერთ მკვლევარს, იმ მიზეზით, რომ წერილობითი წყაროები კოლხებს იცნობს მხოლოდ ძვ.წ. VI საუკუნიდან, ნაადრევად მიაჩნია ამგვარი ძეგლების კოლხური კულტურის ნაყოფად გამოცხადება ([11], გვ.145; [12], გვ.17), ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სახელწოდება ("კოლხური კულტურა") სამართლიანად შემოიტანა სპეციალურ ლიტერატურაში მ.ივაშჩენკომ ([13], გვ.50). ეჭვი არაა, რომ, კოლხები და მათი მონათესავე ტომები მოსახლეობდნენ ზემოხსენებული კულტურის გავრცელების რაიონებში მანამდეც, სანამ მათ სახელს ბერძენი მწერლები ჩაწერდნენ.

წინათ ჩვენ ამ ძეგლებს ვათარიღებდით ძვ.წ. I ათასეულის დასაწყისით [6]. 1948-1951 წწ. გათხრებმა წარმოაჩინა ფენებში ძეგლთა განლაგების ისეთი სურათი, რომელმაც ცხადყო ამ ძეგლების განვითარება ძვ.წ. II ათასეულის შუახანებიდან I ათასეულის დასაწყისამდე, ე.ი. დაადასტურა მსგავსი კულტურისათვის ზოგიერთი სხვა ავტორის მიერ დადგენილი თარიღი ([1), გვ.95 და რუკა III; გვ.50). კავკასიის არქეოლოგიის ისეთი გამოჩენილი მკვლევრები, როგორიც არიან ა.იესენი და ე.კრუპნოვი, ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომებში ამ კულტურას სხვადასხვა დროით ათარიღებენ: ა.იესენი გვიანი ბრინჯაოს ხანით ([12], გვ.80, 84-86), ე.კრუპნოვი - II ათასეულის შუახანებით ([12], გვ.17). ჩვენ კი იმ მოსაზრებას ვადგავართ, რომ ბრილის ქვედა ფენაში მიკვლეული ძეგლები და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპლექსები - დიგორის სამაროვნებიდან [14], შავი ზღვისპირა დოლმენებიდან და აგრეთვე ჩვენ მიერ შიდა ქართლში სოფ.ქვასათალთან გათხრილი სამარხიდან - განვიხილოთ, როგორც კულტურის ხანგრძლივი განვითარების ნაყოფი II ათასეულის დასაწყისიდან I ათასეულის პირველ საუკუნეებამდე. ბრილის გათხრების მიხედვით ჩანს, რომ II ათასეულის შუახანების სამარხებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კაჟის იარაღს, ხოლო I ათასეულის დასაწყისისათვის უკვე ჩნდება ე.წ. "ალისებრი მოვვანილობის" სატევარი და აღმოსავლურ-ქართული ცულის მსგავსი საკიდები (სურ.4); ამ დროისათვის ცულების ერთი ნაწილი კარგავს უტილიტარულ ფუნქციას და იქცევა საზეიმო - სარიტუალო სიმბოლოებად (სურ.3 ქვემოთ, მარცხნივ). ბრილის ქვედა ფენის სამარხები, ცისფერი პასტის იოტებითა და ბრინჯაოს სასაფეთქლე სამკაულებით, ასაკობრივ უახლოვდება ნალჩიკის ცნობილ ყორღანში ჩაშვებულ 31-ე სამარხსაც [15].

დამახასიათებელია, რომ ბრილის უძველესი დროის ლითონის ნივთთა უმეტესობა ნაჭედი  ან ჩამოსხმულია (ზოგჯერ მოჩანს ორივე პროცესის კვალიც) ანტიმონიანი ბრინჯაოსაგან. ქიმიურმა ანალიზებმა, რომლებიც კიდევ საჭიროებს შემოწმებას, გამოავლინა შენადნობში ანტიმონის დიდი (4-12) პროცენტი. არის აგრეთვე წმინდა ანტიმონის სამკაულებიც. ეჭვი არაა, რომ მთელი ეს ნაწარმი ადგილობრივი რესურსების გადამუშავების ნაყოფია. ამგვარად, რიონის სათავეებში დამოწმებულია ანტიმონიანი ბრინჯაოს საგანთა მდიდარი კომპლექსები, ლითონსადნობ სახელოსნოთა ნაშთები და ანტიმონის მაღაროები. ვფიქრობთ, რომ ეს მაღაროები ეკუთვნის იმავე ხანას, რომლითაც დავათარიღეთ ქვედა ფენის სამარხეული ინვენტარი. შემდგომმა კვლევა-ძიებამ ღების მიდამოებში ეგებ სხვა ახალი საბუთი მოგვცეს ამ თარიღის უფრო შორს გადასაწევად, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მომავალი მუშაობის შედეგები, ახლა სრულაად უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ რიონის ზემო წელში დამოწმებული ძეგლები უმნიშვნელოვანეს მასალას წარმოადგენს ძველი ქართული სამთო საქმისა და მეტალურგიის მჭიდრო კავშირის დასადგენად. შიდა ქართლსა და აფხაზეთში აღმოჩენილი ანტიმონიანი ბრინჯაოს ნივთთა კომპლექსები გვაფიქრებინებს, რომ ღების სამთამადნო და მეტალურგიული კერის მნიშვნელობა ლითონის ადგილობრივი მოხმარებით არ ამოიწურებოდა, თუმცა კავკასიის ქედის მეტალოგენურ ზონაში შეიძლება მომავალში სხვა ამგვარივე კერებიც აღმოჩნდეს.

 

დამოწმებული ლიტერატურა:

1. А.А.Иенсен. К вопросу о древнейщей металлургии меди на Кавказе. Известия ГАИМК, вып. 120, М.-Л., 1935.

2. А.А.Иенсен. Олово Кавказа. Известия ГАИМК, вып. 110, 1935.

3. ა.აფაქიძე. ბაკურციხის არქეოლოგიური ძეგლები, 1940

4. Б.А.Куфтин. Материалы к археологии Колхиды, I. Тбилиси, 1949

5. Б.А.Куфтин. Археологические раскопки в Триалети, I. Тбилиси, 1941.

6. გ.გობეჯიშვილი. ბრინჯაოს ქართული უძველესი ბალთები. 1942.

7. ა.აფაქიძე ანტიმონის წარმოების ისტორიისათვის საქართველოში. საქართველოს სახელმწიფო მეზეუმის მოამბე, ტ. XIII-B, თბილისი, 1944.

8. Коллекция Кавказского музея, Т.V. Тифлис, 1902.

9. Материалы по археологии Кавказа, Вып. IX, Москва, 1904.

10. Е.И.Крупнов. Северокавказская археологическая эскпедиция. Краткие Сообщения Института ИМК, вып.XVII. Москва, 1947.

11. Е.И.Крупнов. К вопросу о хронологии Кобанской культуры. Учёные записки Кабардинского НИИ, т. I, Нальчик, 1946.

12. Материалы и исследования по археологии СССР, №23. М.-Л, 1951.

13. М.М.Иващенко. Исследования архаических памятников материальной культуры в Абхазии, Тбилиси, 1935.

14. Материалы по археологии Кавказа, вып. VIII, Москва, 1900.

15. Материалы и исследования по археологии СССР, №3. М.-Л., 1941.

16. გ.ნიორაძე ალაზნის ველის გათხრები. თბილისი, 1940.

17. გ.ლომთათიძე. ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს სამარხებში, 1944.


 

სტატიისთვის გამოყენებული წყარო: http://www.georgians-weapons.ge/sxvadasxva.htm