topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ძველი ქართული გლიპტიკის ახლადაღმოჩენილი ძეგლები - დ.ჯავახიშვილი

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>

ძველი ქართული გლიპტიკის ახლადაღმოჩენილი ძეგლები - დ.ჯავახიშვილი //საბჭოთა საქართველო, 1955 წ., გვ. 37-38

საბჭოთა საქართველოში ფართოდ გაშლილი არქეოლოგიური კვლევა-ძიება მრავლად ამზიურებს ნაირ-ნაირ ძეგლებს, რომლებიც ჩვენი კულტურისა და ხელოვნების უძველესი და ძველი ისტორიის მანამდე უცნობ ფურცლებს გადაგვიშლიან თვალწინ. მათ შორის, სახვითი ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვაზე თუ სხვა მასალაზე ამოკვეთილ მცირე გამოსახულებებს - გლიპტიკურ ძეგლებს. საქართველოს არქეოლოგიამ ძლიერ გაამდიდრა ძველი ქართული ხელოვნების გლიპტიკური ფონდიც. საკმარისია აღინიშნოს ათობით პორტრეტული თუ სხვა გამოსახულებიანი გემმა და კამეა მცხეთის (არმაზისხევის, ბაგინეთის, სამთავროს), ბორის, კლდეეთისა და ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეთა სხვა სამარხებიდან. - ამ ძეგლებს შორის ქვაზე ფაქიზად კვეთის ხელოვნება - ოსტატობის ნამდვილი შედევრებიც მოიპოვება. ცოტა როდია აღმოჩენილი ბევრად უფრო ადრინდელი, ჯერ კიდეე ძველი წელთაღრიცხვის ეპოქის დროინდელი გლიპგიკური ძეგლები. ოღონდ თუ ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან გემმები (ამოღრმავებით ნაკვეთი გამოსახულებანი) და კამეები (რელიეფურად ნაკვეთნი) პატიოსან თვლებზეა ამოჭრილი და შემდეგ ეს თვლები ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა თუ რკინის სხვადასხვა სამკაულებში (მეტწილად ბეჭდებში) არის ჩასმული. ადრინდელი გამოსახულებანი ლითონის ბეჭდების ფარაკებზეა ამოჭრილი, ან არა და ქვისაგან გამოჭრილ საბეჭდავებს თუ მინისაგან ჩამოსხმულ ასლებს წარმოადგენენ. ლითონის ბეჭდები, რომელთა ფარაკებზედაც გემმები გვაქვს, მოიპოვება ისეთი სახელგანთქმული არქეოლოგიური კომპლექსის შემადგენლობაში, როგორიცაა ე.წ. "ახალგორის განძი" - მეტად მდიდრული სამარხის ინვენტარი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებით თარიღდება. გვხვდებიან ისინი აგრეთვე ალგეთის სოფელ წინწყაროსთან აღმოჩენილი იმავე დროის მდიდრული სამარხის ინვენტარშიც, აფხაზეთის სოფ.ეშერში და ქ.სოხუმთან, იმავდროის სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს შორის. მინის ასლება შედარებით უფრო გვიან ჩნდება. დღემდე ისინი ნაპოვნია მცხეთაში, გორში და უფრო კი ქვემო ქართლში - თრიალეთის მხარეში. ჩვენში გავრცელებულ ამ უძველეს გემმათა ორივე ტიპის ახალი საინტერესო ნიმუშები გამოავლინა მცირე არქეოლოგიურმა გათხრამ, რომელიც 1954 წლის ზაფხულის დამდეგს ჩაატარა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტმა ქვემო ქართლის ჩრდილო განაპირა კუთხეში - თეთრიწყაროს რაიონში, ალგეთის ხეობაში მდებარე სოფ.აბელიაში. აღსანიშნავია, რომ აბელია მდებარეობს ზემო აღნიშნულ წინწყაროს აღმოსავლეთით, მისგან ათიოდე კილომეტრზე. იქ გაითხარა ფილაქვით აგებული ოციოდე სამარხი, რომელშიც დაკრძალულთ ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, თითო-ოროლა რკინის იარაღი და ყველაზე მეტი სამკაული - ბრინჯაოსა და იშვიათად ვერცხლის სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები. ქვისა და პასტის მძივები თუ მძივსაკიდები, რომლებიც მეტწილად ყელსაბამებს შეადგენდნენ, და სხვ. საერთოდ, სამარხები არ იყო მდიდრული: ეტყობა რიგით მოსახლეობას ეკუთვნოდა (და არა ისეთ წარჩინებულთ, როგორსაც ახალგორისა და წინწყაროს სამარხები). ეს თავისთავად საყურადღებო ფაქტია, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის სოციალურსა და ქონებრივ უთანასწორობას უკვე ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანებში. თვით აბელიის სამარხებშიც გამოირჩეოდა მეტად შეძლებულთა და ნაკლებ შეძლებულთა კუთვნილი. იმ სამარხში, რომელიც ყველაზე უფრო მდიდრული ჩანდა, აღმოჩნდა მინის გემმები, ერთ სხვათაგანში კი - ბრინჯაოს გემმიანი ბეჭედი. ის სამარხი, რომელშიც მინის გემმები აღმოჩნდა, ჩანს ქალისა იყო. მასში მრავლად იჩინა თავი ცისფერი და ლურჯი მინის მძივებმა. განსაკუთრებით ბევრი იყო მძივი კეფის უკან, მხრებსა და თითებთან. ე.ი. ისინი ყელსაბამადაც ჰქონია ქალს და სამაჯურებადაც. მათ შორის გამოერია ღია ლურჯი მინის 3 მოზრდილი ბრტყელი მრავალწახნაგოვანი მძივი, რომლებზედაც სხვადასხვა გამოსახულებაა და რომლებიც საბეჭდავებად უნდა ჩაითვალოს. სამარხში მდებარეობის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ ალბათ სამივე საბეჭდავი, სხვა მძივებთან ერთად, ყელსაბამის შემადგენლობაში შედიოდა და ეკუთვნის საბეჭდავების იმ კატეგორიას, რომელსაც ჩამოსაკიდ საბეჭდავებს უწოდებენ. ამ აღმოჩენამ დიდად გააცხოველა არქეოლოგების ინტერესი აბელიის სამარხებისადმი, რადგან ჩვენში აღმოჩენილი ასეთი საბეჭდავები, კარგა ხანია იპყრობენ მკვლევართა ყურადღებას. როგორც მხატვრული კულტურის ბევრი სხვა დარგი. ისევე გემმათმკვეთელობა თავისი საწყისებით ძველ წინააზიურ სამყაროს უკავშირდება. გემმათა კვეთის ტექნიკა ცნობილია მესოპოტამიაში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 3000 წ. ძვ.წ. მას შემდეგ იგი გავრცელებული იყო ე.წ. რომაული ცივილიზაციის პერიოდის ბოლომდე და ერთგვარი ინტერვალით, რენესანსიდან დღემდე გრძელდება. გემმები, როგორც უკვე ითქვა, იხმარებოდა საბეჭდავებად. ავგაროზებად ან სხვადასხვა სამკაულის თვლებად დროისა და მომხმარებელთა სურვილის მიხედვით, ქვებს ამა თუ იმ ფორმას აძლევდნენ: იყო ცილინდრული, დისკოსებრი, კონუსური, პირამიდული, ოვალური და სხვა ფორმის საბეჭდავები. ჩამოსაკიდი გემმები მომხმარებელს მაჯაზე ება ან გულმკერდზე ეკიდა ხოლმე. ზოგჯერ მძივებთან ერთად საამისოდ ისინი გახვრეტილი იყვნენ. ძველ აღმოსავლურ-ქართულ სამეფოში ანუ იბერიაში მათუ გავრცელება იმდენად დიდი ჩანს, რომ მკვლევარების ვარაუდით აქ სათანადო სახელოსნოებიც კი ყოფილა. პარალელურად ისახება და ვითარდება მინისაგან საბეჭდავების ჩამოსხმის ტექნიკაც. ნაცვლად ქვის კვეთის რთული და შრომატევადი მუშაობისა უკვე ადვილი და სწრაფი წესით ხდება საბეჭდავთა დამზადება - მინისაგან ჩამოსხმა. ჩამოსხმის ტექნიკა ორგვარია. ერთი, როცა წინასწარ გამზადებულ ყალიბში ასხამენ თხევად ნივთიერებას, გალღობილ მინას. ამ შემთხვევაში ოსტატს საქმე უშუალოდ საბეჭდავთან კი არა აქვს, არამედ ყალიბთან, ე.ი. მის ანაბეჭდთან, რომელიც ხშირად თავისთავადაც საკმაოდ განსხვავებულია ორიგინალისაგან და მასში ჩამოსხმული საბეჭდავი ხომ კიდევ უფრო განსხვავებული გამოდის. მეორე, როცა ჩამოსხმა უშუალოდ ორიგინალ საბეჭდავზე ხდება. ამ შემთხვევაში ორიგინალსა და ასლს შორის განსხვავება ბევრად უფრო ნაკლებია.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

აბელიაში აღმოჩენილი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავები სწორედ მეორე წესით უნდა იყოს ჩამოსხმული. ამ საბეჭდავებს ათწახნაგოვანი პირამიდული პარალელოპიპედის მოყვანილობა აქვთ. ისინი სიგრძივ არიან დახვრეტილი ძაფზე წამოსაცმელად (მათი ზომაა 2,7X2,0 X0,4-დან 2,9 X2,0 X0,6 სმ-მდე ადის). მათი ზედაპირი გლუვია და კარგად დამუშავებულ - გაპრიალებული. გამოსახულება სამივეზე ერთნაირად ფაქიზად ვერ არის ჩამოსხმული. სამივე სიუჟეტი სულ სხვადასხვაა. პირველ საბეჭდავზე გამოხატულია ე.წ. ცხოველთა იდილია. დინჯად მიმავალი ცხენი, რომლის ფეხებს შორის კვიცია. კვიცს კისერი მოუბრუნებია და დასწაფებია დედის ძუძუს. გამოსახულება მეტად მწყობრია, კარგად შესრულებული და სასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებს. ცხენის კულტი ქართველურ ტომებში ადრევე გავრცელებული ჩანს. ამას უკავშირდება ცხენის, როგორც სახვითი ხელოვნების ობიექტის, გავრცელებაც. ყოველივე ამის გამო, შესაძლოა, ვიფიქროთ აღწერილი საბეჭდავის ორიგინალის ადგილობრიობაზე (ასლის ადგილობრიობა აღარ უნდა იყოს საეჭვო), მით უმეტეს, რომ იმდროინდელი გლიპტიკის ბერძნულ-სპარსული სკოლები ცხენს ყოველთვის გამოხატავენ მოკლე, სქელი და თითქოს აწეული და შეკრული ძუით. მაშინ, როცა ჩვენ საბეჭდავზე ცხენსაცა და კვიცსაც - ორივეს ძუა მორკალული და გრძლად ჩამოშვებული აქეს. ნაკლებ ფაქიზად არის ჩამოსხმული მეორე საბეჭდავი, რომელზედაც გამოხატულია მხედრის ნადირობა მხეცზე (ლომზე?). ამ უკანასკნელს, თავის ნაცვლად რაღაც დიდი უფორმო ფოსო აქვს.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

მხედარი და ცხოველი მოცემულია ერთმანეთის პირისპირ, დაძაბული ჭიდილის პოზაში. მხედარს ორივე ხელი მაღლა აუწევია, თითქოს, რაღაც მძიმე იარაღის მოსაქნევად, მის წინ ატოტვილი, საძგერებლად გამზადებული მხეცისათვის დასარტყმელად. მხეცს წინა თათები გაწვდილი აქვს მხედრისაკენ, ხოლო უკანა თათები თითქოს განაგრძობენ მის ტანს. ცხენი მსუბუქი ჭენების პოზაშია გადმოცემული. ძუა მას მოკლე, სქელი და თითქოს შეკრული აქვს. მხედრის ნადირობა ასურული და ძველ-სპარსული სახვითი ხელოვნების, კერძოდ, გლიპტიკის ოსტატების საყვარელი თემა იყო. ეს თემა განავითარეს მცირე აზიაშიც, საიდანაც იგი უნდა შემოსულიყო ჩვენში. ანალოგიური სიუჟეტი გამოხატულია თრიალეთში გათხრისას მოპოვებულ ერთ-ერთ მინის საბეჭდავზე - ასლზე, რომლის ორიგინალი მკვლევართა მიერ გამოცხადებული იყო ბერძნულ-სპარსული სკოლის ოსტატების ნახელავად. ჩვენი საბეჭდავი იმავე ორიგინალის ასლს თუ არ წარმოადგენს, იმავე სკოლის კუთვნილებად მაინც ჩაითვლება. მესამე საბეჭდავზე გამოხატულია ორი ერთიმეორის მიმდევარი ცხოველი, საფიქრებელია, ხარ-ირემი და ფურ-ირემი. პირველი ძლიერ ნახტომს აკეთებს ისე, რომ მისი წინა ფეხები მთლიანად ვერც კი ჩატეულა საბეჭდავის ქვედაპირის საზღვრებში. თავი მას ფურირემისაკენ შემოუტრიალებია. მას მაღალი და დატოტვილი რქები აქვს. ფურ-ირემიც მირბის. თავზე პატარა რქები თუ ყურები უჩანს. ამრიგად, აბელიის სამი საბეჭდავი გამოსახულების სიუჟეტით არ იმეორებს ერთიმეორეს. იმავე დროს, თითოეული მათგანი ახლო ანალოგიას პოულობს თრიალეთში აღმოჩენილ ასეთსავე საბეჭდავებთან. როგორც ჩანს, "იდილია ცხოველთა სამყაროდან" იშვიათი თემა არ ყოფილა იმდროინდელ ჩვენებურ გლიპტიკაში. აბელიაში გათხრის ჩატარებამდე ამგვარი საბეჭდავი საქართველოში ათზე მეტი იყო ცნობილი. ახალმა აღმოჩენამ გაამდიდრა საბეჭდავების რიცხვი და კიდევ უფრო გააძლიერა ჰიპოთეზა ლურჯი მინისაგან ჩამოსხმული საბეჭდავების ადგილობრივი (საქართველოში) წარმოების შესახებ, ჰიპოთეზა, რომელიც წამოაყენა ამ 15 წლის წინ ანტიკური ხელოვნების ცნობილმა საბჭოთა სპეციალისტმა, ლენინგრადელმა პროფესორმა მ.ი.მაქსიმოვამ. ამასთან დაკავშირებით, უთუოდ საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ევროპისა და ამერიკის არც ერთი მუზეუმის კოლექციებში არ მოიპოვება ამგვარი მოყვანილობის - ლურჯი მინის საბეჭდავები, ხოლო ჩვენში მათი სიმრავლე იმას მოასწავებს, რომ ამ სპეციფიკური დანიშნულების საბეჭდავთა წარმოება ადრევე ყოფილა ათვისებული ძველ საქართველოში. დასასრულ, ორიოდე სიტყვა აბელიის სხვა სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბედის შესახებ, რომლის ფარაკზედაც არის ზღაპრული ფრთოსანი არსების (ლომის?) გამოსახულება. იგი ძალიან სქემატურია, თვით ბეჭდის ფორმაცა და გამოსახულების საერთო შინაარსიც საკმაოდ ბევრ პარალელს პოულობს ახალგორში, წინწყაროში და ზოგ სხვა ადგილებში აღმოჩენილ ძვ.წ. V-IV საუკუნეების იმ ბეჭდებთან, რომელთა შესახებ ზემოთ გვქონდა საუბარი.

ოქროს აგრაფი, რომელშიც ჩასმულია სარდიონის გემა - ჩაბალახიანი მამაკაცის პორტრეტი

კლდეეთის სამაროვანი - 1941 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა კლდეეთში შემთხვევით აღმოაჩინეს არქეოლოგიური მასალა. 1941-1942 წლებში კლდეეთის სამაროვანი ნაწილობრივ გაითხარა (დ.ლომაძე) და ნაპოვნი ნივთები გ.ლომთათიძემ შეისწავლა. ქვაყრილიან ორმოსამარხებში დაკრძალული იყო თითო მიცვალებული (ერთადერთ სამარხში - ორი მიცვალებული), ზოგიერთი მათგანისთვის შეკაზმული ცხენები და ძაღლები ჩაუყოლებიათ. სამარხებში აღმოჩენილია ჭურჭელი (თიხის პრიალა შავი და წითლად გამომწვარი ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლეები, ვერცხლის თასები, ბრინჯაოს ხელადა და პატერა, რომლის ტარი ქვისგან გამოთლილი ცხვრის თავის სკულპტურული გამოსახულებით ბოლოვდება); იარაღ-საჭურველი (ბრინჯაოს კვერთხი და ჯაჭვის პერანგის ნაშთები, რკინის სამფრთიანი ისრისპირები, შუბისპირი, სატევრები, ცული და მახვილი, რომლის კოტას ოქროს ბუდეში ჩასმული სარდიონის გემა ამშვენებს); მონეტები (გოტარზის დრაქმები, ავგუსტუსის დენარები, ნერვასა და ტრაიანეს კესარიული დიდრაქმები და ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ადგილობრივი მინაბაძები); ბრინჯაოს, ვერცხლის, ელექტრუმისა და ოქროს სამკაულები (საკისრე რგოლები, სამაჯურები, ბეჭდები, მშვილდ-საკინძები, ოქროს თავსამკაული და სხვ.). აღსანიშნავია ოქროს აგრაფი, რომელშიც ჩასმულია სარდიონის გემა - ჩაბალახიანი მამაკაცის პორტრეტი. სავარაუდოა, რომ მასზე გამოსახულია ადგილობრივი ქართველი დიდებული, შესაძლოა ერისთავი. კლდეეთში აღმოჩენილი მინის, ბრინჯაოსა და ვერცხლის ჭურჭელი ძირითადად იმპორტულია. პოლიქრომიური სტილის ოქროს ნივთები კი ადგილობრივი ნაწარმი უნდა იყოს. როგორც ჩანს, კლდეეთში დაკრძალულნი იყვნენ ანტიკური ეპოქის წარჩინებულნი. სამაროვანი ქ.შ. II საუკუნით დათარიღდა. // გ. ლომთათიძე - კლდეეთის სამაროვანი ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისა, თბ. 1957

http://heritagesites.ge/?lang=geo&page=410