topmenu

 

თლუღი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ამბროლაურის რ-ონის ძეგლები)...<<რაჭა... // ეკლესია - მონასტრები>>>

თლუღის "ტეხისის" წმინდა გიორგის ეკლესია

ფოტოს წყარო: http://www.georgia-racha.ge/ge/main.php?id=1270020192

თლუღი, ამბროლაურის რაიონის სოფლების ზედა თლუღისა და ქვედა თლუღის ძველი სახელწოდება. ზედა თლუღი - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ჭელიაღელის თემი), მდებარეობს საწალიკის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1150 მეტრი, ამბროლაურიდან 15 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1544 წელს. შემორჩენილია ფეოდალური ხანის წმინდა გიორგის ეკლესია და ციხის ნანგრევები. ქვედა თლუღი - სოფელი ამბროლაურის რაიონში, მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ამბროლაურიდან 13 კილომეტრი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, გვ. 509, თბ., 1985 წელი.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, გვ. 495, გვ. 687, თბ., 1979 წელი.

http://ka.wikipedia.org/wiki

ფოტოს წყარო: https://www.facebook.com/media/albums/?id=291794199200

თლუღის ეკლესია (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.147-149. - თლუღის "ტეხისის" წმ.გიორგის სახ. ერთნავიანი ეკლესიის არქიტექტურული დახასიათება და სიძველეთა აღწერილობა.

2. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები.თლუღი //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ.VII. - ტფ., 1933. - გვ.225-226. - თლუღის "ტეხისის" წმ.გიორგის სახ. ეკლესიის არქიტექტურული დახასიათება. აღწერილია ეკლესიის საკურთხეველსა და ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი სასულიერო და საერო პირთა პორტრეტები.

3. თლუღის წმ. გიორგის ეკლესია // კეზევაძე მ. ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიებიდ და მღვდლები. - ქუთაისი., 2005. - გვ.18. - 1811-1917 წწ. თლუღის ეკლესიაში მოღვაწე მღვდლების სია.

 

თლუღი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.147-149

თლუღის "ტეხისის" წმ.გიორგის ეკლესია ერთნავიანი შენობაა (ეკლესია აღწერილია 1926 წელს; დღეს იგი აღარ არსებობს: 1927 წელს ახალგაზრდობას დაუქცევია ის კედლების გახვრეტის საშუალებით; მისი მასალა წაუღიათ და ადგილობრივი 4-წლედი სკოლის საძირკველი აუშენებიათ; ამ საძირკველს დაყოლილი აქვს ჩუქურთმიანი ქვები, სახელდობრ, აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 2, სულ 4.), ნაგები თლილი ქვისა (ნაწილობრივ შირიმია) და კირისაგან, გადაკეთებული XIX ს-ში (მომატებულია დასავლეთი ნაწილი და მასთანავე აშენებულია სამრეკლო) ზომით არის 13 (მარტო ძველი ნაწილ) 8X4 მ. საკურთხევლის ნაწილი გარეთ სამწახნაგოვანი არის, შიგნით კი ნახევარმრგვალი. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესია ძლიერ დაუზიანებიათ 1924-1925 წლებში: მოუხდიათ მისთვის ყავარი, აუყრიათ ქვის იატაკი, მოუშლიათ ფიცრის კანკელი, ადგილიდან დაუძრავთ ტრაპეზის მთლიანი ქვა შემკული შესანიშნავი ჩუქურთმებით და სხვა. ეკლესიას გარეთ, ჩრდილოეთ მხარეს, თაბაშირისმაგვარი ნივთიერებით შელესილ კედელზე აქვს დაზიანებული ასომთავრული წარწერა. ეს ნივთიერება თავისი ბუნებით ძლიერ ემსგავსება ძმუისის თავის "მთასაყდრის" წმ.გიორგის ეკლესიის კანკელის ნივთიერებას. წარწერა: წო~გ~ი~ შე....., ანუ წმიდაო გიორგი შეიწყალე (თუ შეეწიე?)... შიგნით ეკლესია მოხატული ყოფილა, შენობის გადიდების დროს (XIX ს-ში) იგი ნაწილობრივ კირით შეულესიათ და დღეს მხატვრობა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილს და ჩრდილოეთის კედელსღა შერჩენია. საკურთხევლის ჩრდილო ნაწილში კარის ქვემოდან მოსჩანან მღვდელმთავრები და სხვა. საკურთხევლის ტრაუმფალური კამარის ზევით დახატული არიან ანგელოზები. ჩრდილოეთ კედელზე დახატულია: პირველ რიგში, თაღის ახლოს (აღმოსავლეთით) - ჯვარცმა; მე-II რიგში: პირველ (აღმოსავლეთით) - ყალბ კამარაში - გარდამოხსნა, მეორე (დასავლეთით) ყალბ კამარაში - აღდგომა, მე-III რიგში, პირველ ყალბ კამარაში - წმინდანები: კოზმა, დამიანე, პანტელეიმონ. ზემოაღწერილ სიუჟეტებს და ხატებს წარწერები მრგვლოვანი ასომთავრული აქვს. პილასტრზე, ზევიდან ქვევითამდე, დახატული არიან წმინდანები 6, მე-7 - ძირს, ძლიერ დაზიანებული - წარწერები მათ ბერძნულად აქვს. სარწმუნოებრივი შინაარსის მხატვრობის გარდა არის კიდევ სხვა სურათებიც, სახელდობრ: ჩრდილოეთის კედლის მე-III რიგის მეორე (დასავლეთით) ყალბ კამარაში დახატულია ორი პირი: მამაკაცი და მანდილოსანი; პირველი დასავლეთით, მეორე აღმოსავლეთით; მათ აქვთ მხედრული წარწერა: 1."წულუკიძე | მერაბ"; 2 "თანა | მეცხედრე | მისი | ანიკა" |. ესენი პირით ერთმანეთისაკენ არიან მიქცეული, ხალი ხელით უჭირავთ ეკლესიის მოდელი (მერაბს მარცხენით, ანიკას მარჯვენით) და მეორე აპყრობილი აქვთ სავედრებლად მაცხოვრისაკენ, რომელიც დახატულია ეკლესიის მოდელის თავზე და ორივე ხელით აკურთხევს მათ. ეს პირნი თანამეცხედრენი ეკლესიის აღმაშენებელნი და დამხატვინებელნი უნდა იყვნენ. მათ შუა დგას ორი ახალგაზრდა; მერაბისაკენ მდგომს აწერია მხედრულად: „გიორგი". მეორის წარწერა დაზიანებულია. მერაბ წულუკიძე XVII ს. პირია, მხატვრობაც იმავე საუკუნეს ეკუთვნის და ეკლესიაც იმავე ხანის აშენებული უნდა იყოს (?). მერაბ წულუკიძე თავისი თანამეცხედრითა და შვილებით გიორგითა და ქაიხოსროთი მოხსენებულია ხოტევის აწ საძირკვლამდე დაქცეული ეკლესიის წარწერაში (იხ.ზემოთ ხოტევი). ეს წარწერა საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მერაბ-ანიკას ქვემოთ მეორე ახალგაზრდას წარწერა, რომელიც დღეს დაზიანებულია და აღარ იკითხება, "ქაიხოსრო" უნდა ყოფილიყო. ეკლესიის სიძველე, დაცული ადგილობრივ გლეხკომში: ვერცხლის ბარძიმი მხედრული წარწერით: "q შამ(ო)გწირე მე, ბეჩუნამ კობახიძემ წმინდის გიორგის ტეხისას ბარძიმი ესე ჩემთვის და ჩემის | მეუღლის თ(ი)ნათი (sic) ბუხრაშვილის ქალის სულის საოხათ და ვინც ეს ჩვენი შეწირული ბარძიმი გამოსწიროს წმინდის (sic) გიორგის | ტეხისოს (უნდა იყოს ტექხისას) (sic) მათ მორეთ მოსლას ჩვენი ცოდვის ნაცვლათ განიკითხოს ქრისტეს წინაშენ". ეკუთვნის XIX ს. დასაწყისს.