There are no translations available.
ტბეთი – სოფელი ამბროლაურის რაიონში (ღადიშის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 28 კილომეტრი. სოფელში შემონახულია X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. ეკლესიაზე ლაპიდარული წარწერაა.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IX, გვ. 680, თბ., 1985 წელი.
http://ka.wikipedia.org/wiki
ფოტოების წყარო: https://www.facebook.com/media/set/?set=a.296731324200.140135.291794199200&type=1
ტბეთი - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61
ტბეთის მთავარანგელოზის ეკლესია (სურ.1) ერთნავიანი შენობაა, 6X3,45 სმ. ნაგები თლილი ქვისაგან, ქვა უმეტეს ნაწილად შირიმისა, დანარჩენი ნაწილი მაგარი კლდის ქვაა, თლილი. თაღი შენახულია, სახურავი სულ გადახდილია. შენობის სამხრეთი და ჩრდილო კედლების მაღლითა ნაწილები დაზიანებულია ე.ი. გარეთა პირის ქვები ჩამოცვენილა და აქვე ყრია; კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. წინათ ჩრდილოეთითაც ჰქონია (საკურთხევლის ახლოს). ახლა ის ამოღებულია. სამხრეთით კარი აღარ აბია, დასავლეთით შენასულა, მას გარედან (დასავლეთით) ადგილ-ადგილ სალტეები აქვს გადაკრული. ეკლესია შიგნით და გარეთ გალესილი ყოფილა კირით, რომელიც გარეთ ცოტაღა შერჩენია, შიგნით კი ნახევრად. ეკლესიის პილიასტრები (შუა ეკლესიაში) ძირს სამკალონის სახედია; სარკმელი აქვს აღმოსავლეთს. სამკვეთლო თახჩაშია გამართული. სამხრეთის მხარეს არის ოთხკუთხა თახჩა (საკურთხეველში). ეკლესიაში ყრია თაბაშირის თუ ქვის ორნამენტიანი ნატეხები. თაღი უსახურაობისაგან წყლით არის გაჟღენთილი. ძეგლი უნდა გადაიხუროს. დასავლეთის კარი შესანიშნავია თავის საკეტით. დაჭედილობის თავზე მას აქვს რკინის ჯვარი ძველი ფორმისა.
ეკლესიას სამხრეთით ჰქონია და აქვს წარწერიანი ქვები.
1. სამხრეთი სარკმლის ასწვრივ არის ოთხკუთხა ქვა ჯვრისა და უბრალო აშიების გამოსახულებით.
2. სამხრეთი სარკმლის თავზე დებულა წარწერიანი ქვა ზომით 48X62X17 სმ. იგი ჩამოვარდნილია ძირს და ზევითა მარჯვენა კუთხე ატეხილი აქვს და აქვე გდია. მას აქვს გაკრული ნუსხურით წარწერა.
- წ(მიდაო) ს(ამება)ო...
3. სამხრეთი სარკმლის მარჯვნივ (ძირა ნაწილიდან) ორი ქვის გამოშვებით, დევს დიდი ქვა 57X70 სმ. ნუსხური წარწერით (გაკრული):
- წ(მიდაო) გ(იორგ)ი [შეიწყალე].
4. სამხრეთი სარკმლის დასწვრივ თავდაყირა დევს ქვა (კედელში), ზომით 40X54 სმ. ისეთივე ნუსხური წარწერა.
1. .... . . . . . . წ(მიდაო)...
2.. . . . ........ სო..
5. მეხუთე ქვა დევს მეოთხე ქვის სწორ ხაზზე ორი ქვის გამოშვებით. აღმოსავლეთით იგიც თავდაყირა დევს. მას მაღლითა ნაწილში (ახლა ქვევითაა მოქცეული) გამოსახულია ჯვარი (შუაში) და ყვავილები (აქეთ-იქით) წრეებში; ძირს (ახლა მაღლა) აქვს ისეთივე წარწერა, ზომით არის 37,2X62 სმ. (სურ.2)
...............
.......... შ(ეიწყალ)ე ქ(რისტე)ო.
ეს სხვა ხელითაა მგონი. ეკლესიის მთავარი სიძველე მთავარანგელოზის ხატი დაახლ. IX ს. ¾ არის ფიცრის ნახევარი გაუტეხიათ და გაუნადგურებიათ 1924-26 წელს.
ფოტო გ. ბოჭორიძის წიგნიდან "რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები"
ტბეთი (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ტბეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX.- თბ., 1985.- გვ.680. - მოკლე ცნობა მთავარანგელოზის სახელობის X-XI საუკუნეებში ნაგებ ეკლესიასა (შემორჩენილია ნანგრევების სახით) და მის ლაპიდარულ წარწერებზე. ტექსტს ახლავს ძეგლის დას.კედლის ფოტო.
2. ტბეთი - გიორგი ბოჭორიძე // რაჭა - ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, "მეცნიერება"., 1994 წ., გვ.61
|