There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ანელი ვოლსკაია (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) - ზედაზნის რელიეფი //ძეგლის მეგობარი, 1971 წ., თბ., კრ.26, გვ. 11-16
მცხეთიდან 5-6 კმ მოშორებით, ტყით დაფარულ საგურაშენის ქედზე მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მონასტერი - ზედაზენი. გადმოცემით იგი წარმართული სალოცავის ადგილას აუგიათ. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ბაზილიკა მინაშენებით. აკად. გიორგი ჩუბინაშვილმა არქიტექტურის, ისტორიული და ლიტერატურული წყაროების ანალიზის საფუძველზე დაადგინა ზედაზნის სამონასტრო მშენებლობის ისტორია, ცალკეულ ნაგებობათა აშენების დრო, გამოავლინა მათი თავისებურებანი. მონასტერი დაარსა იოანემ. იგი მეთაურობდა ათცამეტ ასურელ მამათა სახელწოდებით ცნობილ ქართველ მისიონერთა ჯგუფს, რომელიც VI ს. სირიაში მონოფიზიტების დევნის ხანაში, საქართველოში დაბრუნდა. იოანე ზედაზნელის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ იგი მთის თხემზე დასახლდა, ხოლო მთის ძირას (ქვემო ზადენი) მისმა მოწაფემ თათამ, დაარსა ძმათა მონასტერი, რომელსაც იოანე ხელმძღვანელობდა. გიორგი ჩუბინაშვიღს შესაძლებლად მიაჩნია, რომ სწორედ ამ მონასტერს ეკუთვნოდა დღემდე შემორჩენილი სამეკლესიანი ბაზილიკა "ქასური" წმ.გიორგი. იოანე დაკრძალეს ქვემო მონასტერში, მაგრამ მალე, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი მთის თხემზე გადაიტანეს და აქ მონასტრის დამაარსებლის სახელზე მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია ააგეს. ეს ეკლესია მოყვა სამეკლესიან ბაზილიკაში, რომელიც VIII ს. მესამე მეოთხედში ააგო კლიმენტი კათალიკოსმა. ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია ძველი მემორიალური ეკლესია და იოანეს სამარხი, ხოლო დასავლეთით წყაროა, რომელიც, "ცხოვრების" ტექსტის თანახმად, იოანემ ღმერთისაგან ლოცვით გამოითხოვა. იოანე ზედაზნელის სამარხი გვიანდელი საბურველით იყო გადახურული. 1956 წ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა რ.შმერლინგმა და ლ.შერვაშიძემ ამ საბურველში აღმოაჩინეს მინაცრისფრო ტუფის ფილა რელიეფური გამოსახულებით. მცირე ხელოვნებათა განყოფლების გამგემ ზ.მაისურაძემ ეს ფილა ამოიღო, გაწმინდა და დამტვრეული ნაწილები შეაწება. ფილა ფრაგმენტულადაა შენახული - მას ზემო ნაწილი აკლია (ზომა 53 სმX45 სმ). 1968 წ. სარესტავრაციო სამუშაოების დროს, რომელსაც აწარმოებდა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროსთან არსებული სპეც. სამეცნიერო - სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნო, გახსნეს იოანეს სამარხი. სამარხი ნაშენია რიყის ქვითა და კრამიტით. სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელის, ნიკო ჩებინაშვილის აზრით, ეს სამარხი XVII საუკუნეშია აგებული, მაგრამ იმავე ადგილას, სადაც ძველად იოანეს სამარხი იყო. ფილის გადარჩენილ ფრაგმენტზე წარმოდგენილია რამდენიმე ფიგურა. ამათგან ოთხი პოსტამენტეზე დგას, მეხუთე მუხლმოყრილია; მის ზემოთ მეექვსე ფიგურა რაღაც ამაღლებეღ ნაგებობაზე დგას. ტანსაცმელის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ ბერებია გამოსახული. ამ ფიგურების ზემოთ შემორჩა კიდევ ერთი ფრაგმენტული გამოსახულება - მანდორლით შემოვლებული ფიგურა და ტახტის ქვემო ნაწილი. ქართული ხელოვნების სხვა ანალოგიური ნიმუშები გვაფიქრებინებს, რომ ეს უნდა იყოს ქრისტეს გამოსახულება ამაღლების სცენიდან. ხოჟორნიას (ქვემო ქართლი) ეკლესიის ორ რელიეფზე გამოსახულია ჯვრული შარავანდედიანი ქრისტე, ამგვარივე ოვალური ფორმის ფარფლების მსგავსად დამუშავებული ტანსაცმლით მოსილი (ამაღლების სცენა). ეს იშვიათი იკონოგრაფიული დეტალი განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლებზე არ გვხვდება. ამრიგად, ზედაზნის რელიეფის კომპოზიცია შედგებოდა სასულიერო პირების ჯგუფისა და, როგორც ჩანს, ამაღლების სცენისაგან. რელიეფის ქვემო ნაწილის ფიგურები განლაგებულია ერთ მწკრივში, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლის პოსგამენტებზე, რაც ალბათ მათ შორის იერარქიულ დამოკიდებულებას ასახავს. ფიგურათა სამოსიც განსხვავებულია. პირველსა და ერთ საერთო პოსტამენტზე მდგომ ორ ფიგურას აცვია გრძელი ტანსაცმელი ზემოდან თავსაბურავიანი წამოსასხამებით - განდეგილებისა და მესვეტეების ტიპიური სამოსელი.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
მეორე ფიგურა თავშიშველია და მისი ტანსაცმელი უფრო უბრალოა, მას ხელში უკავია საგანი, რომელიც ადრეული, სირიული ტიპის საცეცხლურს გვაგონებს. ამგვარი საცეცხლურები დღესაც დაცულია ზემო სვანეთში. მუხლმოყრილი ფიგურის ტანსაცმელი განსხვავდება დანარჩენთაგან. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იგი საერო პირია - ქტიტორი. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ ოსტატს ძველი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი საერთო პირობითად მიდგომის ფარგლებში გამოსახულებათა ინდივიდუალიზაციის, ე.ი. გარკვეულ ისტორიულ პირთა გამოსახვის სურვილი ჰქონდა. ვინაა გამოსახული ამ ფილაზე და რა დროსაა შესრულებული რელიეფი? მინაწერები, რომლებიც გაკეთებულია მხოლოდ სამი ფიგურის პოსტამენტებზე, არ შეიცავს რაიმე ისტორიულ ცნობას. ამიტომ ფილის დათარიღების საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ რელიეფის მხატვრულ-სტილისტური ანალიზის შედეგად. ზედაზნის რელიეფზე ფიგურებისა და საგნების განლაგებაში ოსტატი არ იცავს მკაცრ სიმეტრიას. ისინი მოთავსებული არიან უშუალოდ ფილის კიდეებთან, ერთმანეთთან ახლოს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზედაპირი მთლიანად შევსებულია გამოსახულებებით. ფილაზე თითქოს შემთხვევით გაბნეული ფიგურები არ ერთიანდება მხატვრულად დასრულებულ მთლიან კომპოზიციად. რელიეფის ამგვარ კომპოზიციურ აგებასთან დაკავშირებულია სხვა თავისებურებანიც, რომლებიც მოცულობით სივრცობრივ პრობლემებს არ შეიცავენ. ფეხზე მდგომი ფიგურა გამოსახულია მუხლმოყრილი პერსონაჟის თავზე, ნაცვლად მათი სივრცობრივი განლაგებისა ერთიმეორის უკან. დამახასიათებელია, აგრეთვე, რომ პროფილში წარმოდგენილ მუხლმოყრილ ფიგურას მიდგმული აქვს ენ ფაცე გამოხატული თავი. მაგრამ ეს მოძრაობა არ არღვევს სიბრტყობრიობრის შთაბეჭდილებას, რადგანაც მხრები ერთ სიბრტყეშია გაშლილი. ეს კი გამორიცხავს მათ აღქმას სხვადახვა სივრცობრივ პლანში; იგივე აღინიშნება ხელების მიმართაც. სხეულის ქვედა ნაწილი, თითქმის სწორი კუთხით მოხრილი, აგრეთვე გაშლილია ერთ სიბრტყეში, ხოლო ფეხის ტერფები მოთავსებულია ერთიმეორის ზემოთ. კომპოზიციის დეტალების განლაგება ერთ სიბრტყეზე გამორიცხავს ფიგურის მოცულობით-სივრცობრივ გამოსახვას რთულ რაკურსებში. ამიტომაა, რომ ზედაზნის რელიეფზე ფიგურათა უმრავლესობა წარმოდგენილია ფრონტალურად. აღნიშნულ მომენტებს უკავშირდება ფიგურათა დამუშავების ხასიათიც. რელიეფი შედარებით დაბალია, ხოლო ფონი ფიგურების მიმართ ამოჭრილია სწორი კუთხით. თითოეული ფიგურა მკაფიოდ მოიხაზება. სხეულის ზოგადი ფორმა უახლოვდება წაგრძელებულ სწორკუთხოვან ბლოკს, რომელსაც დიდი ზომის თავი უშუალოდ ეკვრის, თითმის კისრის გამოსახვის გარეშე. ხელები მოკლეა, უფორმო ხელის მტევნებით: ფეხის ტერფები არაპროპორციულად მცირე ზომისაა. ფიგურის ამგვარი აგება დამახასიათებელია ადრექრისტიანული ხანის რელიეფებისათვის. მაგ.ატენის სიონი (VII ს. დასაწყისი) აღმოსავლეთის ფასადის რელიეფები, ქაჩაგანის ჯვარი (VII ს-ის I ნახევარი), ხოჟორნიას რელიეფები, სტელის ფრაგმენტი ჯვარპატიოსანიდან და სხვა. ფიგურათა დამუშავებაში მკაფიოდ იგრძნობა შესრულების სიბრტყობრივ-ხაზობრივი მანერა. ოსტატს ნაჩვენები აქვს, რომ ფიგურის ჩაცმულობა ორი, ქვედა და ზედა სამოსისგან შედგება. მაგრამ ამგვარი შთაბეჭდილება გადმოცემულია მხოლოდ და მხოლოდ ტანსაცმლის ნაოჭების ნახატის განსხვავებული მიმართულებით და არა სხვადასხეა სივრცობრივი პლანების დაპირისპირებით. ზოგჯერ ნაოჭების ნახატს თითქოს მათი რეალური განლაგება უდევს საფუძვლად: იგი მიყვება მხრების მომრგვალებას, გარს უვლის ხელს და სხვ. მაგრამ ნამდვილ პლასტიკურობას მოკლებული გამოსახულება პირველ რიგში შეიგრძნობა, როგორც დეკორაციული ნახატით გაცოცხლებული, ფონიდან ამოწეული სიბრტყე. ქრისტეს ფიგურის დამუშავებაში შედარებით მეტი დიფერენცირება და ნიუანსირება აღინიშნება. აქ თითქოს მოცემულია რელიეფის პლანების სიღრმეში მონაცვლეობის ცდა: ქრისტეს ფიგურა, მის უკან ტახტი და შემდეგ მანდორლა. მაგრამ ეს ნაწილები ერთმანეთისგან გამოიყოფა რელიეფის თანდათანობითი ჩაღრმავების საშუალებით და ამიტომაც ქრისტეს ფიგურა არსებითად არ სცილდება რელიეფის საერთო ზედა სიბრტყის ფარგლებს. ამრიგად, ამ შემთხვევაშიაც შენარჩუნებულია რელიეფის სიბრტყობრივი ხასიათი. სახეების დამუშავებაშიაც აღინიშნება სახის ნაკვთების შედარებით პლასტიკური (ცხვირი, ლოყები) და პირობით-გრაფიკული (პირი, თვალები) გადმოცემის შეთავსება.
ზედაზნის რელიეფში მკაფიოდაა გამოხატული ადრექრისტიანული ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნები. საქართველოში ქრისტიანული რელიგიის საყოველთაო აღიარებას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ბუნებრივია, თან მოჰყვა გავრცელება ადრექრისტიანული ხელოვნების ნიმუშებისა, რომლებშიაც ჯერ კიდევ ცოცხლად იყო შენახული ფორმათა მოცულობით-პლასტიკური გადმოცემის ელინისტური ტრადიციები. შეინიშნება, რომ ქართველი ოსტატები ამ ნიმუშების ინტერპრეტაციის დროს პლასტიკურ მიდგომას თანდათან შორდებიან. აქ თავს იჩენს ადგილობრივი ტრადიციების დამახასიათებელი ტენდენცია - ფორმათა სიბრტყობრივ-ხაზობრივი ასახვა. მცხეთის "ჯვრის" ტაძრის, ატენის სიონის, ქაჩაგანის ჯვრის რელიეფებში გამომჟღავნებულია ელინისტურ ნიმუშებთან დამოკიდებულების სხვადასხვა საფეხური. მცხეთის "ჯვრის" VI ს. რელიეფებში უფრო მეტად იგრძნობა ელინისტურ ტრადიციებთან კავშირი; ამას მოწმობს ფიგურათა პროპორციების სიახლოვე კლასიკურ პროპორციებთან, რაც მკაფიოდ განასხვავებს მცხეთის ჯვრის რელიეფების გამოსახულებებს ზედაზნის რელიეფის ფიგურებისგან. ზედაზნის რელიეფში აღინიშნება ისეთი მომენტები, როგორიცაა ტანისამოსის ნახატის დამოკიდებულება რეალური ფორმებისაგან, თავების მოცულობთი ბლოკების გამოყოფა; მაგრამ მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დამუშავების სიბრტყობრივ-ხაზობრივი მანერა, რაც რელიეფს VII ს. ძეგლებთან აკავშირებს - ატენის რელიეფები, ქაჩაგანის ჯ;ვარი. სწორედ ამ ხანას უნდა მიეკუთვნოს ზედაზნის რელიეფიც. რელიეფების ამ ჯგუფს შეიძლება დავუკავშიროთ აგრეთვე სტელის ფრაგმენტი ჯვარპატიოსანიდან, ხოჟორნიას ეკლესიის რელიეფები, სანათლავი ჟალეთიდან. ამრიგად, ზედაზნის ფილის რელიეფის შესრულების დრო (VII ს.) გვაფიქრებინებს, რომ მასზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, რომელთა მოღვაწეობა ზედაზნის მონასტრის საწყის პერიოდს განეკუთნება. მათი ვინაობა თავდაპირვეღად წარწერების გარეშეც ცხადი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ბუნებრივია, დავიწყებას მიეცა. როგორც ჩანს, შემდგომში ზოგიერთ ფიგურას გაუკეთეს მინაწერები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც ასოთა მოხაზულობით, ისე შესრულების ტექნიკით. ზედაზნის ფილის ასომთავრული წარწერები შეისწავლა თეიმურაზ ბარნაველმა. მან წარწერები IX საუკუნით დაათარიღა. ამ მინაწერების საფუძველზე შეიძლება გამოითქვას მოსაზრება ფილაზე გამოსახული ზოგიერთი ისტორიული პირის ვინაობის შესახებ. სხვადასხვა ხელით იყო შესრულებული წარწერები პირველი ფიგურისათვის. ამჟამად შემორჩა ასო 1 (ი) ფიგურის ზემოთ, ხოლო პოსტამენტზე მონახაზი, რომელიც წააგავს 1 (ე) თ.ბარნაველის აზრით, აქ გვაქვს სახელი იოანე. მართლაც, შესაძლებელია, რომ ბერების რიგში პირველი თვით მონასტრის დამაარსებელი ყოფილიყო. ამ ვარაუდს მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ ფიგურა ყველაზე მაღალ, განსაკუთრებულ, კიბისებური ფორმის პოსტამენტზე დგას. ზედაზნის მონასტრის მოძღვართა შემონახულ სიაში პირველ ადგილზე მოხსენებელია იოანე. რელიეფის მეორე ფიგურას არა აქვს წარწერა, მისი ტანსაცმლის ხასიათი და საცეცხლური გვაფიქრებინებს, რომ ეს დიაკვნის გამოსახულება უნდა იყოს. შეიძლება ეს ილია დიაკვანია, რომელიც მოძღვართა სიაში დასახელებულია იოანეს მომდევნო ადგილზე. ერთ პოსტამენტზე მდგომ ორ ფიგურასაც აქვს ორი მინაწერი. თ.ბარნაველმა პირველი ამოიკითხა, როგორც ეპისკოპოსი იეძილი ან იოსები. სახელი იეძილის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. იოსები კი მოძღვრების იმავე სიაში რიგით მესამეა და, როგორც ჩანს, ეს წაკითხვა უფრო მართებული უნდა იყოს. მეორე ფიგურის ორი წარწერიდან მოხერხდა მხოლოდ სახელის - სტეფანე - ამოკითხვა. სავარაუდო ქტიტორის ფიგურა და ამაღლებულ ნაგებობაზე მყოფი ფიგურა სახელების გარეშეა დატოვებული. პირვვლი სამი გამოსახულების სახელების ამოკითხვა მოწმობს, რომ ფილაზე გამოსახული იყვნენ ზედაზნის მონასტრის მოძღვრები. სად იყო მითავსებული ეს ფილა?
ამჟამად ძნელია გადაჭრით ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ საფიქრებელია, რომ თავდაპირველადაც ეს ფილა იოანეს საფლავზე იყო აღმართული. ამ ფილაზე იოანე გამოსახულია სხვა სასულიერო პირთთან ერთ მწკრივში, მაშინ როდესაც მომდევნო განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში, ნაციონალური ჰაგიოგრაფიისადმი გაღვივებული ინტერესის შედეგად, ათცამეტ ასურელ მამათა მოღვაწეობის ადგილებში შეიქმნა ხელოვნების ძეგლები, რომლებიც საქართველოში პირველი მონასტრების დამაარსებელთა ცხოვრების ეპიზოდებს ასახავენ. ასე მაგალითად, წმ.შიოს მიერ VI ს. დაარსებულ შიომღვიმის ლავრაში XI ს. პირველ მეოთხედში დაიდგა ქვის კანკელი, რომელიც ქართული შუასაუკუნეების ქანდაკების ბრწყინვალე ნიმუშია. მის ერთ-ერთ ფილაზე გამოსახულია სცენა წმ.შიოს ცხოვრებიდან - შიოს შეხვედრა ფეოდალ ევაგრესთან. წმ.დავითის მიერ დაარსებულ გარეჯის მონასტერში, უდაბნოს მთავარი ეკლესიისა და მინაშენის X-XI სს კედლის მხატვრობა ასახავს დავითის ცხოვრების მთავარი ეპიზოდების შემცვლელი სცენების მთელ ციკლს. ცალკეული სცენები და წმინდანთა ცალკეული გამოსახულებები წარმოდგენილია გარეჯის უდაბნოს სხვა ეკლესიებსა და სატრაპეზოებში. ამავე პერიოდში ზედაზნის ბაზილიკაშიც დადგეს ქვის კანკელი. მის ორ შემორჩენილ ფილაზე წარმოდგენილია ათცამეტ მამათა სულიერი მასწავლბელი წმ.სვიმონ-მესვეტე და ორი ქტიტორის ფიგურა. როგორც ვარაუდობდა რენე შმერლინგი, ერთ-ერთი მათგანი, ტანსაცმლის მიხედვით, უნდა ყოფილიყო სამეფო გვარის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, წარწერების უქონლობა საშუალებას არ გვაძლევს დავადგინოთ ზედაზნის მონასტერთან დაკავშირებულ ამ ქტიტორთა ვინაობა. სასურველი იქნებოდა, რომ ზედაზნის მონასტრის ეკლესიაში თავდაპირველ ადგილებზე დაიდგას იოანეს საფლავის ქვისა და კანკელის ასლები (მათი ასლები ოსტატურად აქვს შესრულებული თ.თოდუას). მაშინ ძველი ქართული კულტურის მოყვარულთ მიეცემათ შესაძლებლობა შეაფასონ ზედაზნის მონასტრის ისტორიასთან დაკავშირებული შუასაუკუნეების ამ ძეგლების მხატვრული ღირსებები იმ ადგილზე, რომლისთვისაც ისინი თავდაპირველად იყო განკუთვნილი.
ქ.დიღმელაშვილის ფოტო
|