topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები და მათი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

<უკან დაბრუნება

ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები და მათი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

თამაზ გოგოლაძე, ირაკლი გელაშვილი, ნინო ხარშილაძე

ფოთოლეთის მონასტერი ბორჯომის რაიონში, სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე მდებარეობს. ტაძარს, მისი არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე, IX-X საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ.

1939 წელს ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რ. მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. ამ დროს გამოვლინდა ტაძარში X საუკუნის კანკელი (აღნიშნული კანკელის თარიღს პირველად ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გვაძლევს რენე შმერლინგი იხ. რ. შმერლინგი 1954 : 46; Шмерлинг Р. 1962 : 53-54.) და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. ფოთოლეთის ეკლესიის ძველი კანკელის ფრაგმენტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება (ფოთოლეთის კანკელის შავ-თეთრი ფოტოები იხ. Mepisaschwili R, W. Zinzadze. 1977 : 240-241), რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე მოთავსებულია ნაკაწრი წარწერები. (აღნიშნული წარწერების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორმა – დავით ხოშტარიამ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ. მეცნიერმა ამასთან ერთად გვაცნობა, რომ აღნიშნული წარწერების წაკითხვაში მას დახმარება გაუწია ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორმა – გიორგი გაგოშიძემ. ფოთოლეთის ეკლესიის კანკელის წარწერების ნაწილი მეცნიერს მოტანილი აქვს თავის საკანდიტატო დისერტაციაში “IX-X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში”. ავტორი საუბრობს რა ფოთოლეთის ეკლესიის X საუკუნით დათარიღებული კანკელის შესახებ, ამის შემდეგ შენიშვნის სახით გააქვს შემდეგი: “ფოთოლეთის კანკელზე საინტერესოა წვრილი ნუსხური ასოებით შესრულებული წარწერები. ისინი შესრულებულია აღსავლის კარების ჩრდილოეთ წირთხლზე. სულ შემოინახა შვიდი წარწერა.

მოგვყავს ქარაგმების გახსნით:

1. გაკეთებულია ძირიდან დაახლოებით 80 სმ-ზე: “ხატო ღვთაებისაო შეიწყალე დამიანე ბდე…” (ბოლო სამი გრაფემა აღარ იკითხება. უკანასკნელი “ენ”-ის თავზე ქარაგმაა).

2. პირველი წარწერიდან ცოტა ქვემოთ უფრო გაკრული ხელით ორ სტრიქონად ამოკვეთილია ქართული ანბანი: ა ბ გ დ ე ვ … და ა.შ.

3. ძირიდან 50-იოდე სმ-ზე: “ხატოღვთაებისაო შემიწყალე”

4. ზედ წინა წარწერის ქვეშ: “ხატო ღვთაებისაო ( ) შეიწყალე ბასილი კახი”.

5. ძირიდან დაახლოებით 20 სმ-ზე: “ქრისტე კვირიკე (ან კონსტანტინე) შეიწყალე”.

6. სულ ქვემოთ, თითქმის ზედ იატაკთან: “ხატი მოვიდა”. ეს წარწერა განსაკუთრებით საყურადღებოდ გვეჩვენება. ეტყობა ის ეხმაურება რომელიღაც ცნობილი ხატის გადმოსვენებას ფოთოლეთის ეკლესიაში.

7. იმავე სვეტის პირითა წახნაგზე მიახლოებით მეხუთე წარწერის დონეზე ორნამენტებს შორის ამოკვეთილია ორი ასო ქარაგმით “კე” ე.ი. ისევ კვირიკე ან კონსტანტინე.

ფოთოლეთის კანკელის წარწერები დღემდე შესწავლილი და გამოცემული არ არის. წინასწარული შეფასებით ისინი შეიძლება X-XII საუკუნეებს მიეკუთვნოს” (დ. ხოშტარია. 1987 : 108-109). ჩვენ ამა წლის ზაფხულში მოვინახულეთ აღნიშნული კანკელის ქვა და მისი წარწერები, ამოვიკითხეთ კანკელის ქვის სვეტზე შესრულებული ნაკაწრი წარწერები, მოვახდინეთ მათი ფოტოფიქსაცია. ფოთოლეთის კანკელის წარწერების ჩეენეულ წაკითხვები და ჩვენს მიერ ჩატარებული ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი სულ მალე ცნობილი გახდება ფართო სამეცნიერო წრეებისათვის.)

2007-2008 წლებში ფოთოლეთის ეკლესიაში რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 2007 წელს აქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, ხოლო 2008 წელს კი რ. ხვისტანი. სწორედ 2008 წლის არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში, უფრო კონკრეტულად, სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში გამოვლენილ იქნა აკლდამა. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შესრულებულია შერეული ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები (რ. ხვისტანი. 2009: 98).

ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. იგი საკმაოდ დიდი ზომის (101×178.5 სმ) მოყავისფრო ფერის ქვის ფილაა, რომელიც დაზიანებულია: ფილა სამ ნაწილად არის გატეხილი. ამა წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ჩვენ აღნიშნული ქვის ნაკაწრი წარწერები შესწავლის მიზნით რამდენგზის მოვინახულეთ, ადგილზე წავიკითხეთ წარწერის ტექსტები, დავამზადეთ მათი პალეოგრაფიული პირები და მოვახდინეთ მათი ფოტოფიქსაცია. წარწერების ადგილზე შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი შინაარსობრივი თვალსაზრისით სავედრებელ წარწერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა ქრონოლოგიასაც პალეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე, XI საუკუნით განვსაზღვრავთ.

1. ნაკაწრი წარწერები, მათი ტექნიკური აღწერილობა და პალეოგრაფიული დახასიათება

I. ნიკოლოზის სავედრებელი წარწერა (XI ს.)

წარწერა მოთავსებულია დაზიანებული ქვის პირველი ფილის ზედა მხარეს; გარდამავალი მხედრული; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით, თუმცა წარწერის ბოლო გრაფემა “ზენ”-ი ქვის დაზიანებულ ნაწილშია მოთავსებული და ფრაგმენტულად ჩანს; წარწერის ფართობი: 11.7×27.5; ყველაზე დიდი გრაფემა “კანი”-ს ზომაა: 11.7×2.5; ყველაზე პატარა გრაფემა “ნარ”-ის ზომაა: 2×0.5; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია გარდამავალი მხედრულით. კერძოდ, ნუსხურია “შინი”. წარწერაში გრაფემა “ენი” დასრტურდება ორჯერ და ორივე შემთხვევაში გადმოცემულია გარდამავალი მხედრულის ტიპიური მოხაზულობით – დაკუთხული, ორკბილა ზედა განივი ხაზით და გრძელი, ოდანავ მარცხნივ შეღუნული ვერტიკალური ხაზით. ასეთი “ენი” დამახასიათებელია XI საუკუნის გარდამავალი მხედრულით შესრულებული წარწერებისათვის. პარალელის სახით შეიძლება დასახელდეს სვანეთის XI საუკუნის წარწერა-გრაფიტები. (მაგ. ბერდო ამროლაისძის, გიორგი ტგელაის და იოვანეს II წარწერა, აცის მთავარანგელოზის ეკლესიიდან. გეორგეს წარწერა, თეკალის მაცხოვრის ეკლესიიდან. იოვანეს III წარწერა, იელის მაცხოვრის ეკლესიიდან. (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 238-239; 243; 245; 251; 260-262; 278.)) განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერის მესამე გრაფემის ნუსხური “შინი” მოხაზულობა, სახელდობრ, ასოს ზედა ნაწილი მომრგვალებულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნელ-ნელა ის ემსგავსება მხედრულის “შინი”. გარდამავალი მხედრულის ასოები ერთმანეთზეა გადაბმული, გამონაკლისია, სახელ “ნიკოლოზი”-ის პირველი გრაფემა “ნარი”, მეოთხე გრაფემა “ონი” და ბოლო გრაფემა “ზენი”.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება სამი სიტყვისაგან. იგი ვინმე ნიკოლოზის მოსახსენებელია. წარწერა იწყება ტრაფარეტული ფორმულით ქრისტე შეიწყალე, რომელიც, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებითაა წარმოდგენილი.

II. შალვას სავედრებელი წარწერა (XI ს.)

წარწერა მოთავსებულია დაზიანებული ქვის მეორე და მესამე ფილის ზედა მხარეს; ეპიგრაფიკული ნუსხური გარდამავალი მხედრული ასოების შერევით; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით, თუმცა ზოგ ადგილას აღენიშნება დაზიანების ნიშნებიც; წარწერაში გრაფემა “უნი” გადმოცემულია ასოს “ონი” მეშვეობით; წარწერის ფართობი: 5.1×76.4; ყველაზე დიდი გრაფემის “ქანი” ზომაა: 5×1; ყველაზე პატარა გრაფემის “ინი” ზომაა: 0.3×0.3; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური და გარდამავალი მხედრული დამწერლობით. კერძოდ, ნუსხურია: ქანი, ფარი, ანი, შინი, ენი, წილი, ყარი, სანი, ვინი, ინი, ცინი, ონი, მანი, რაე, ხოლო გარდამავალი მხედრულია: ონი, ლასი, სანი, ბანი, ენი, ინი, თანი, ღანი, ნარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერის მესამე გრაფემის ნუსხური “შინი” მოხაზულობა, სახელდობრ, ასოს ზედა ნაწილი მომრგვალებულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნელ-ნელა ის ემსგავსება მხედრულის “შინი”-ს. ტექსტის დასაწყისში ასო “ქანი” ამოკაწრული სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, ამის შემდეგ ყურდაღებას იქცევს გრაფემა “ონი”-ს მოხაზულობა, რომელიც წარწერაში რვაჯერ არის გადმოცემული. პირველ ექვს შემთხვევაში გარდამავალი მხედრულითაა მოცემული და დიდ მსგავსებას ამჟღავნებს აცის (იელის) მთავარენგელოზთა ეკლესიის ბეორდო ამროლაისძის XI საუკუნის წარწერაში გამოყენებულ გრაფემებთან (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 238-239). გარდა ამისა, გრაფემის “ონი” მეშვეობით გადმოცემულია გრაფემა “უნი”. ასევე ყურადღებას იქცევს წარწერაში ექვსჯერ გამოყენებული “ლასი” მოხაზულობა, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: იგი მხოლოდ გარდამავალი მხედრულისათვის დამახასიათებელი სამი კბილის სახითაა წარმოდგენილი და ქვედა ხაზი არ აქვს. ასეთივე ლანი გვხვდება აცის (იელის) მთავარენგელოზთა ეკლესიის გიორგი ჯავიანის XI საუკუნის ნაკაწრ წარწერაში (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 240-241). ასეთივეა იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიის XI საუკუნის ქავთარის მოსახსენებელ წარწერაში მოცემული ლანის მოხაზულობა (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 267). ჩვენთვის საინტერესო წარწერის ტექსტში გრაფემა “თანი” სამჯერ არის მოცემული და დიდ მსგავსებას ამჟღავნებს იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიის XI საუკუნის იოვანეს სავედრებელ წარწერაში გამოყენებულ “თან”-თან. რაც შეეხება ასო “ფარი” დიდ მსგავსებას ამჟღავნებს იფარის წმიდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის მეფოველთა ელით ცნობილ წარწერაში (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 333) დაფიქსირებულ “ფანი”-თან. ძალიან საინტერესო მოხაზულობა აქვს ასოს “ბანი”, კერძოდ, თავი აქვს წარწერის შუა ნაწილში, ხოლო მისი დიდი მუცელი შეკრული აქვს წარწერის ქვედა ნაწილში, დაახლოებით ასეთივე “ბანი” გვხვდება ლამარიას ღმრთისმშობლის ეკლესიის XI საუკუნის იოვანეს სავედრებელ ნაკაწრ წარწერაში(სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 352). ასევე გასათვალისწინებელია მუჟალის მთავარანგელოზთა ეკლესიის X-XI საუკუნეების ხარებას წარწერის (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 369) “ბანი”, რომელიც მოხაზულობათა დახვეწილობით საგრძნობლად ჩამოუვარდება ჩვენთვის საინტერესო წარწერის “ბანი” მოხაზულობას. ზუსტად ანალოგიური “ბანი”ამოკვეთილია ლიხნის ტაძრის აღმოსავლეთ ქორედზე მოთავსებულ ორ მდივან-მწიგნობრულ წარწერათა ფრაგმენტებში (ვ. სილოგავა. 2004 : 214-215). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით ვათარიღებთ.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება თერთმეტი სიტყვისაგან. იგი ვინმე შალვას მოსახსენებელ ტექსტს წარმოადგენს. წარწერა იწყება ტრაფარეტული ფორმულით უფალო შეიწყალე, რომლის პირველი სიტყვა უფალო დაქარაგმების გარეშე არის მოცემული, ხოლო მეორე სიტყვა შეიწყალე, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებითაა წარმოდგენილი. ამის შემდეგ მოდის შემდეგი სიტყვები საწყალობელ სული შალვასი ანუ მოხსენებულია ის პიროვნება ვისი სულის მეოხებასაც შესთხოვენ უფალს, რასაც მოსდევს ლოცვითი ნაწილი: ლოცვა ყავთ ღმრთისათვის ღმრთისა მოყვარენო.

III იოვანეს სავედრებელი წარწერა (XI ს.)

წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის პირველ ფილაზე; სწორი ეპიგრაფიუკული ნუსხური; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით; წარწერის მეორე და მესამე გრაფემები ფრაგმენტულად იკითხება; წარწერის ფართობი: 9.5×12; ყველაზე დიდი გრაფემის “ქანი” ზომაა: 9.5×0.8; ყველაზე პატარა გრაფემის “ინი” ზომა: 0.3×04; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერის პირველი გრაფემის “ქანი” მოხაზულობა, რომელსაც მარცხენა მხარეს ზედა ნაწილი ზევით აქვს მიმართული, ხოლო მარჯვენა მკლავი ქვევით აქვს მიმართული. გრაფემა “ენი” ტექსტში დასტურდება სამჯერ, პირველ ორ შემთხვევაში გადმოცემულია სწორი მოხაზულობით, ხოლო მესამედ სწორ ეპიგრაფიკული ნუსხურითაა გადმოცემული, თუმცა ჰორიზონტალური ხაზები დახრილია მარჯვნიდან მარცხნივ. ასევე აღნიშვნის ღირსია, გრაფემების “შინი” და “ვინი” მოხაზულობა, კერძოდ, ორიფე ასო სხვა ასოებთან (მხედველობაში გვაქვს გრაფემები: “ქანი”, “ენი” შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით არიან გადმოცემულნი. ასევე ყურადღებას იქცევს გრაფემის `ნარი~ მოხაზულობა, რომლის ზედა ნაწილს ჩამოუდის სწორი ხაზი ქვემოთ, ასეთივე ანალოგიას ვპოულობთ გარეჯის მრავალწყაროს XI საუკუნის გიორგი ლავრელის წარწერაში (ვ. სილოგავა. 1999 : 149) მოყვანილ “ნარ”-თან, რომელსაც ზედა ნაწილის ხაზი ქვევით ჩამოუდის, თუმცა ჩვენთვის საინტერესო “ნარი”-გან განსხვავებით ზედა ნაწილი მომრგვალებული აქვს და გამხედრულებისაკენ არის მიმართული. ზუსტად ასეთივე “ნარი” არის იფარის წმიდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის მეფოველთა ელით ცნობილ წარწერაში ამოკაწრული (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 333). წარწერის მეორე და მესამე გრაფემები “ენი” და “შინი” დაზიანებულია: აღარ იკითხება ენის კბილები და შინის ზედა ნაწილი. გრაფემა შინი ოთხხაზოვან ბადის ზედა რეგისტრშია წარმოდგენილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით ვათარიღებთ.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება სამი სიტყვისაგან. იგი ვინმე იოვანეს მოსახსენებელია. წარწერა იწყება ტრაფარეტული ფორმულით ქრისტე შეიწყალე, რომელიც, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებით არ არის წარმოდგენილი.

IV მნათეს სავედრებელი წარწერა (XI ს.)

წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის შუა წელზე, სამივე ფილაზე; სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური; 2 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით, ზოგ ადგილას აღენიშნება მცირე დაზიანებები; წარწერის ფართობი: 8×98.3; ყველაზე დიდი გრაფემა “ცინ”-ის ზომა: 4.7×2; ყველაზე პატარა გრაფემა “ინი”-ს ზომაა: 1.1×1; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, რომელშიც შერეულია ასომთავრული გრაფემები: ღარი, შინი, დონი, ანი და რაე. აღსაღნიშნავია, რომ თანი პირველ შემთხევაში გადმოცემულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, ხოლო მეორე შემთხევაში ასომთავრულით. ასო “მანი” წარწერაში ორჯერ არის მოცემული. გრაფემის “მანი” ზედა ნაწილი ზევით არის მიმართული, რომელსაც მუცელი მომრგვალებული აქვს, კერძოდ, პირველ შემთხევაში შეუკრავი, ხოლო მეორე შემთხვევაში შეკრული სახით. გრაფემა “უნი” წარწერაში ორჯერ გვხვდება. პირველ შემთხვევაში სამი კბილით, რომელსაც ჩამოუდის ოდნავ დახრილი სწორი ხაზი, ხოლო მეორე შემთხვევაში ორი კბილი ასვე ოდნავ დახრილი სწორი ხაზით. წარწერაში გრაფემა “დონი” ორჯერ გვხვდება და ოთხხაზოვანი ბადის ქვედა რეგისტრშია წარმოდგენილი, უფრო კონკრეტულად, დონი მართალია ასომთავრულია, მაგრამ მისი მუცელი მოკლე ყელთან დაკავშირებისას (თითქმის არ ჩანს ყელი) მარცხნივ გახსნილია და ამით გარდამავალი მხედრული “დონი”-ს მოხაზულობისაკენ მიდრეკილებით არის გამოცემული. “დონი” წარწერაში ორჯერ გვხდება და ორივეჯერ ერთიდა იგივე მოხაზულობით. მსგავსი მოხაზულობის დონი გვხდება XI საუკუნის სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებში: დარკვეთის ეკლესიისა (დასავლეთ საქართველოს წარწერები. 1980: 76; 79; 80.) და მრავალძალის კეთილად მოღუაწეთა წარწერებში (დასავლეთ საქართველოს წარწერები. 1980: 95). ასო “ონი” წარწერაში ორგზის არის მოყვანილი და ორი დახრილი კბილით არის წარმოდგენილი. ასევე “რაე” მარცხენა მკლავი არსად არ უერთდება მთავარ ხაზს, რაც აღნიშნული წარწერის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას წარმოადგენს. წარწერაში ცინი და ხარის ფეხი მორკალულია და ჩამოდის ოთხხაზოვანი ბადის ქვედა რეგისტრში. წარწერაში მხოლოდ ერთი სიტყვა “ღ(მერ)თმ(ა)ნ” არის დაქარაგმებული და აღნიშნულ სიტყვას ქარაგმა (სწორი განივი, მარცხნიდა მარჯვნივ ზევით აწეული ხაზი) უზის გრაფემების “მანი”-სა და “ნარ”-ს შორის. აღნიშნული პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით უნდა დათარიღდეს.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება რვა სიტყვისაგან. იგი ვინმე მნათეს ანუ სტიქაროსანის მოსახსენებელია. წარწერა არ იწყება ტრაფარეტული ფორმულით: ქრისტე შეიწყალე ან უფალო შეიწყალე, პირიქით, აქ არის მიმართვა ღმრთისადმი, რომ არ შეუნდოს ცოდვანი მნათესა, რომელიც წარწერისავე შინაარსის მიხედვით, ცხუარია. ჩვენი აზრით, ამ წარწერიდან ჩანს დიდი სულიერება მნათესი, რომელიც იმდენად უღირსად თვლის თავის თავს უფლის წინაშე, რომ თავდამბლობის ნიშნად ცოდვების არ შენდობას თხოვს, თუმცა წარწერის ბოლოს დასძენს, რომ ის უფლის ცხვარია მისი ქრისტიანობის დადასტურების ნიშნად. აღნიშნულ წარწერის ანალოგიას წარმოადგენს ბეთანიის ტაძრის ერთ-ერთი მხატვრის - სოფრომის წარწერა, რომელიც შემდგომი შინაარსისაა: “უფალო ნუ შეუნდობ სოფრომს”(არქიმანდრიტი ლაზარე. 1994: 18). ასევე განძის წმიდა იოვანეს ეკლესიის XIII-XIV საუკუნეების ასომთავრული წარწერა: “უ(ფალ)ო არ შ(ეიწყალ)ე” (ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი. 2012: 42).

V შარიაქას სავედრებელი წარწერა (XI ს.)

წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის პირველ ფილაზე; სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური; 5 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით; ზოგ ადგილას აღენიშნება დაზიანებები, განსაკუთრებით - წარწერის მეოთხე და მეხუთე სტრიქონებზე; წარწერის ბოლო ნაწილი გადაშლილია და შესაბამისად აღარ იკითხება; წარწერის ფართობი: 13.5×22; ყველაზე დიდი გრაფემის “წილი” ზომაა: 2.8×1; ყველაზე პატარა გრაფემის “ანი” ზომაა: 0.3×0.3; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერა შესრულებულია მაღალი და წვრილი ასოებით, გრაფემები განლაგებულია ოთხხაზოვან საწერ ბადეში, პირველი სამი სტრიქონი დაცულია ჰორიზონტალურობა, ხოლო მეოთხე და მეხუთე სტრიქონები ამოკაწრულია ოდნავ ასწვრივ. წარწერაში მოცემული ნუსხური ასოების უმეტესობა (ქანი, წილი, ინი, ენი, ყარი, რანი, სანი…) გადმოცემულია სწორი და არა გვერდზე გადახრილი მუხაზულობით. აქედან გამომდინარე, წარწერის დამწერლობა შეიძლება ჩაითავალოს როგორც სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური, თუმცა შერეულია ასომთავრული “ანი”. სწორი ტანგამართული ნუსხური დამწერლობა დამახასიათებელია XI ს.-თვის, პარალელის სახით შეიძლება დასახელდეს როგორც ხელნაწერები (A-1769, H-1741, შ-1276, A-996, A-844), ისე ეპიგრაფიკული ძეგლები (მრავალწყაროს XIს.-ის წარწერები, ატენის X-XI სს. წარწერები).

გრაფემა “ანი” წარწერის ტექსტში თექვსმეტჯერ არის გამოყენებული. აქედან პირველ ექვს შემთხვევაში იგი გადმოცემულია ასომთავრული “ანი”-ს სახით, ხოლო დანარჩენ ათ შემთხვევაში ნუსხური დამწერლობითაა შესრულებული. გრაფემა “განი” წარწერაში სამჯერ არის ამოკაწრული, რომელსაც მარჯვნივ გაზიდული მუცელი აქვს. მისი მუცლის ზედა ნაწილი საკმაოდ მკვეთრ რკალს აკეთებს. აგრეთვე, მკვეთრად არის გაზიდული მარჯვნივ, გრაფემა “შინის” ქვედა ვერტიკალური ხაზებიც, რომლებიც დაკუთხული, ან მომრგვალებული ფორმითაა გადმოცემული, ხოლო მუცელი ღრმა რკალს ხაზავს. ასო “მანი” წარწერაში ოთხჯერ არის მოცემული. გრაფემის “მანი” ზედა ნაწილი ზევით არის მიმართული, რომელსაც მუცელი ორ შემთხვევაში მომრგვალებული აქვს, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ოთხკუთხედი ფორმის მუცელი აქვს. აღნიშნვნის ღირსია გრაფემის “ქანი” მოხაზულობა, რომელიც სამგზის არის ამოკაწრული. პირველ შემთხვევაში იგი ქანწილის სახითაა მოცემული და შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ასოს “ქანი” მთავარი ხაზი მორკალული ფორმითაა წარმოდგენილიდა მის ვერტიკალურ, განივ ხაზს დამატებითი, მცირე ზომის, ხაზები აქვს წარმოდგენილი (მარჯვენა მხარეს დაბლა მიმართული, ხოლო მარცხენა ნაწილში ზევით აზიდული). ასო “უნი” წარწერაში ორი კბილითაა შესრულებული. გრაფემის “ვინი” მთავარი ვერტიკალური ხაზი მკვეთრად არის გაზიდული მარჯვნივ. საინტერესოა გრაფემის “სანი” მოხაზულობაც, იგი არ იკეთებს მუცლის რკალს და მცირე ზომის მარჯვნივ გაზიდული ჰორიზონტალური ხაზით არის გადმოცემული, რომელსაც ქვევით მიმართული მცირე, ვერტიკალური ხაზი აქვს. ასოს “ცინი” ფეხი საკმაოდ გრძელია. წარწერაში მხოლოდ ერთი სიტყვა “გ(იორგ)ი” არის დაქარაგმებული და აღნიშნულ სიტყვას ქარაგმა (სწორი განივი ხაზი) უზის გრაფემა “განი”-სა და “ინი”-ს შორის. ჩვენთვის საინტერესო წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით დიდი მსაგვასებას ამჟღავნებს გარეჯის მრავალწყაროს XI საუკუნის დავითის წარწერასთან (ვ. სილოგავა. 1999: 98-103) და სხვ. აღნიშნული პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით უნდა დათარიღდეს.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება ოცდაორი სიტყვისაგან. იგი ვინმე შარიაქას სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს. წარწერის დასაწყის ნაწილში შარიაქა შეწყალებას სთხოვს წმიდა გიორგის და ცოდვებისა თუ სხვა ზრახვების შენდობას სთხოვს: “ქ. წმიდა გ(იორგ)ი შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხუანი ზრახვიენ რაი”. ამის შემდეგ მიმართვის ადრესატი არის თავად უფალი, რომელსაც მოიხსნიებს, როგორც გონიერ ხესა და მშვენიერ სამყაროს: “მე გრქოა შენ, გონიერო ხეო, [უ]ფალო, შუენიერო სამყარო”. როგორც ცნობილია, ხე უძველესი დროიდან სიცოცხლის ანუ ქრისტეს სიმბოლოა და აქედან გამომდინარეა, რომ წარწერის ამომკაწვრელი უფალს “გონიერი ხეო”-ს ეპიტეთით მოიხსენებს.

VI თორნიკეს სავედრებელი წარწერა (XI ს.)

წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის მეორე და მესამე ფილაზე; მდივან-მწიგნობრული მხედრული; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია მკაფიო კვეთით; წარწერის ფართობი: 11×30.5; ყველაზე დიდი გრაფემა “კან”-ის ზომა: 9.7×1; ყველაზე პატარა გრაფემის “ონი” ზომა: 0.3×2.2; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია მდივან-მწიგნობრული მხედრულით. წარწერაში პირველი (წილი) და ბოლო (კალი) გრაფემები სხვა ასოებთნა შედარებით გრძელია. წარწერის პირველი გრაფემა “წილი” გადმოცემულია სამი კბილის მეშვეობით. ასეთივე წილი შესრულებულია 1072/1073 წლების ვაჩე პროტოსპატარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართუხუცესის სახელით ცნობილ წარწერაში (ვ. სილოგავა. 2004 : 208), კერძოდ, წარწერის მეორე სტრიქონის დასაწყისს სიტყვა “შემეწიე”-სა და ამავე სტრიქონის სიტყვა “წინამიმდებარარეთა”-ში. ასვე საინტერესო მოხაზულობით გამოირჩევა გრაფემა “კანი”, რომელსაც მუცელი არ ეკვრის. ასეთივე “კანი” გვხვდება ლიხნის ტაძრის XI საუკუნის 60-იანი წლებით დათარიღებულ პეტრიკოპულის წარწერაში (ვ. სილოგავა. 2004 : 202). ჩვენთვის საინტერესო წარწერაში ამოკაწრული “განი” და “შინი” დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ლიხნის ტაძრის აღმოსავლეთ ქორედის XI საუკუნის წარწერის განთან და შინთან (ვ. სილოგავა. 2004 : 219). წარწერაში ასო “ონი” ორჯერ არის ამოკაწრული. პირველ შემთხევვაში თანამედროვე “ონი” მოხაზულობისა, ხოლო მეორე შემთხვევაში უფრო გარდამავალი მხედრულის “რაე” წააგავს. ასეთივე “ონი” ამოკაწრულია XI საუკუნის ბეორდო არმროლაისძის წარწერაშიც (სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1988 : 238-239). აღნიშნული პარალელებისა და პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული წარწერა XI საუკუნით უნდა დათარიღდეს.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება ოთხი სიტყვისაგან. იგი ვინმე თორნიკეს სავედრებელ ტექსტს წარწმოადგენს. თორნიკეს სავედრებელი მიმართულია შრიაქას სავედრებელი წარწერის მსგავსად წმიდა გიორგისადმი. სწორედ აღნიშნული წმიდანისაგან ითხოვს ჩვენთვის საინტერესო პირი შეწყალებას. წარწერა იწყება ფორმულით: “წ(მიდა)ო გ(იორგ)ი შ(ეიწყალ)ე”, რომელიც, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებით არის წარმოდგენილი. ამის შემდეგ მოდის სახელი თორნიკე “თორნიკ”-ის ფორმით.

VII სავედრებელი წარწერის ფრაგმენტი (XI ს.)

წარწერა ამოკაწრულია დაზიანებული ქვის მეორე ფილაზე; გარდამავალი მხედრული; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია მკაფიო კვეთით; წარწერის ფართობი: 9×11.3; ყველაზე დიდი გრაფემის “ქანი” ზომა: 8×2; ყველაზე პატარა გრაფემის “ღანი” ზომა: 0.4×0.5; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მაცხნიდან მარჯვნივ დახრილი სწორი განივი ხაზი.

პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. შესრულებულია გარდამავალი მხედრულით. წარწერის პირველი გრაფემა “ქანი” გადმოცემულია სწორი ვერტიკალური ხაზით და ჰორიზონტალური ხაზი კი აზიდულია მარცხნიდან მარჯვნივ. გრაფემა “ენი” გადმოცემულია გარდამავალი მხედრულისათვის დამახასიათებელი დაკუთხული, ორკბილა ზედა განივი ხაზით და გრძელი ოდნავ მარცხნივ შეღუნული ვერტიკალური ხაზით. ასეთივე “ენი” ამოკაწრულია ნიკოლოზის სავედრებელ წარწერაში (იხ. ზემოთ: I წარწერა). შემდგომი სამო გრაფემა “ღარი”, “თანი” და “ონი” ამოკაწრულია გადაბმით.

ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება ორი სიტყვისაგან, რომლებიც გადმოცემულია შუაკვეცილობითი დაქარაგმებით და იკითხება შემდეგი სახით _ “ქრისტე ღმერთო”. იგი ვინმე ანონიმის სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს და არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას დამწერის ვინაობის შესახებ. მსგავსი ფორმულირებები გვხდება როგორც ადრეულ, X-XI საუკუნეების (დაღეთის ეკლესიის წარწერა) (ქართული წარწერების კორპუსი. 1980: 246), ასევე გვიანდელ XVII-XVIII საუკუნეების ძეგლებში. (უდაბნოს მონასტრის წარწერები) (გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები. 1999: 124; 160; 339).

1. ფოთოლეთის ნაკაწრ წარწერათა ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი

როგორც ცნობილია, IX საუკუნის 40-იან წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა _ თეოდორემ და ქრისტეფორემ ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში დაარსეს ორ მონასტერი: ნეძვი და კვირიკეწმიდა.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით, გრიგოლი და მისი მოწაფეები - თეოდორე და ქრისტეფორე `წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშენეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თევდორეს ვანსა ნეძვი, ხოლო ქრისტეფორესსა კვირიკე-წმიდაი, და მოწაფენი დაუტევნეს (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. 1963: 279; აგრეთვე: ძველი ქართული მოთხრობა V-XII საუკუნეებში. 1979: 230).

პირველი სავანის – ნეძვის ადგილმდებარეობის საკითხი ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში გადაჭრილია და მას ახალდაბიდან 12 კილომეტრით დაშორებით მდებარე, თითქმის დანგრეულ სამონასტრო კომპლექს – ნეძვთან აიგივებენ (რ. მეფისაშვილი. 1963: 232-241), რაც შეეხება კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის საკითხის ლოკალიზებას, მდგომარეობა აქ უფრო რთულადაა. ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერთა ერთი ნაწილი (პავლე იგოროყვა. 1954: 393-395); ს. ჯიქია. 1958: 124-125) ქროსტეფორეს მიერ აშეებულ კვირიკეწმიდის მდებარეობას ბორჯომ-ახალციხის სასაზღვრო ზოლში, უფრო კონკრეტულად, სოფელ საყუნეთის სექტორში, სოფელ კოპაძესთან განსაზღვრავს, მეცნიერთა მეორე ნაწილი (რუსუდან მეფისაშვილი) კვირიკეწმიდას ჩითახევის ეკლესიასთან აიგივებს (Меписашвили Р. 1977: 6-7), მესამე ნაწილი (დავით ხოშტარია) ფოთოლეთის ეკლესიასთან აიგივებს, ხოლო მეოთხე ნაწილი ნიკო ბერძენიშვილი (ნ. ბერძენიშვილი. 1964: 250); გიორგი ჩუბინაშვილი (გ. ჩუბინაშვილი, 1948: 396); სერგი მაკალათია, (ს. მაკალათია. 1957: 41-42; იხ. აგრეთვე: Макалатия С. 1958: 47-49); გიორგი ზედგინიძე (გ. ზედგინიძე, 1972: 165-166), ვალერიან აბულაძე (ვ. აბულაძე. 1983: 23-27); კი კვირიკეწმიდაში ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე საკვირიკეს კომპლექსს მოიაზრებენ.

სულ ბოლოს, ჩვენთვის საინტერესო საკითხს საგანგებო სტატია მიუძღვნა დავით ხოშტარიამ. მან 1985 წლის ჟურნალ მაცნეს პირველ ნომერში გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით “კვირიკეწმიდის მდებარეობის საკითხისათვის”. მეცნიერი სტატიის დასაწყის ნაწილში აღნიშნავს, რომ კვირიკეწმიდის “ლოკალიზაციის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხის გადაჭრა უკავშირდება მთელ რიგ პრობლემებს, ერთი მხრივ, ისტორიული გეოგრაფიის, ხოლო, მეორე მხრივ, არქიტექტურის ისტორიის სფეროებიდან” (დ. ხოშტარია. 1985: 72). ამის შემდეგ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოჰყავს ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის შესახებ. მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს “გრიგოლ ხანძთელის” ცხოვრებაში დაცულ ციტატაზე, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ნეძვი და კვირიკეწმიდა დაარსებულა “ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა… ქართლსა შინა”. ეს ფრაზა ავტორს აფიქრებინებს, რომ “აღნიშნული მონასტრები გაშენდა ერთიმეორის უშუალო სიახლოვეს” (დ. ხოშტარია. 1985: 75). ამის პარალელურად, მეცნიერი ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ქართლ-სამცხის სასაზღვრო პუნქტი მტკვარზე VIII-X საუკუნეებში იყო ტაშისკართან, რაც სავსებით შეესაბამება ნეძვის ადგილმდებარეობას. იგი ასევე ითვალისწინებს იმ მოსაზრებასაც, რომ ქართლ-სამცხის საზღვარი VIII-X საუკუნეებში სულ ტაშისკარზე არ გადიოდა და ის სოფელ დვირზეც ინაცვლებდა ხოლმე. მისი აზრით, ამ შემთხვევაში კვირიკეწმინდა და ჩითახევის ეკლესია კი ჯდება სასაზღვრო ზოლში, მაგრამ ნეძვის ძალზედ სცილდება მას. აქედან გამომდინარე, მას ნაკლებად დამაჯერელად მიაჩნია ქრისტეფორეს მიერ აშენებული ეკლესიის საკვირიკესა და ჩითახევის მონასტრებთან გაიგივების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ კვირიკეწმინდა უნდა მდებარეობდეს ნეძვის მახლობლად, ახალდაბის სექტორში.

აღნიშნულ სექტორში მას ყველაზე მეტად საყურადღებოდ ფოთოლეთის მონასტერი მიაჩნია, რასაც მოსდევს ტაძრის მისეული დეტალური არქიტექტურული აღწერა და მიდის შემდგომ დასკვნამდე, რომ “ფოთოლეთის ეკლესია, რომელსაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ზუსტად უდგება კვირიკეწმიდის მდებარეობის მერჩულესეული განსაზღვრა, არქიტექტურითაც შეეფერება ქრისტეფორეს სავანის დაარსების ხანას და თანაც ძლიერ წაააგავს ნეძვის ტაძარს. ამ მომენტების დამთხვევა, ვფიქრობთ, საფუძველს გვაძლევს გავაიგივოთ კვირიკეწმიდის მონასტერი დღევანდელ ფოთოლეთთან. რა თქმა უნდა, იდენტიფიკაციის ეს ვერსია უეჭველი არ არის და ზოგიერთ პირობითობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცოდნის დონეზე, ყველა არსებული მონაცემის გათვალისწინებით ის ყველაზე სარწმუნო უნდა იყოს” (დ. ხოშტარია. 1985: 80).

დ. ხოშტარიამ თავისი აზრს კვირიკეწმინდის ადგილმდებარების შესახებ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის 1986 წლის ნაშრომში “X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის-საკირის მიდამოებში”. ავტორი სანამ უშაულოდ აღნიშნული მონასტრების ხუროთმოძღვრულ აღწერაზე გადავიდოდეს შესავალ ნაწილში ამბობს, რომ X საუკუნის 40-იან წლებში აგებული მონასტრების “უადრესი წარმომადგენლები …არის თეოდორეს მიერ დაარსებული ნეძვის “დიდებული ლავრა” და, ალბათ, ამჟამად ფოთოლეთის სახელით ცნობილი ნამონასტრალი, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს ქრისტეფორესეული კვირიკეწმიდის სავანე” (დ. ხოშტარია. 1986: 135).

ამის შემდეგ სქოლიოში უთითებს თავის სტატიას კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც დასძენს, რომ “ამ წერილის დაბეჭდვის შემდეგ გამოვიდა დ. ბერძენიშვილის ზემოთ დასახელებული ნაშრომი თორ-ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის შესახებ, რომელში შემოთავაზებულია ნაწილობრივ ახალი გეგმა გიორგი მერჩულეს ცნობებისა კვირიკეწმიდის მდებარეობის თაობაზე (გვ.16). დ. ბერძენიშვილი სავსებით სწორად შენიშნავს, ფრაზაში “და წარვიდეს ზოგად ქართლისა და სამცხისა არეთა მათ უდაბნოთა და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ…” (ლაპარაკია თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლაზე ხანძთიდან გრიგოლის თანხლებით ახალი მონასტრების დასაარსებლად. “ზოგად” ვითარების გარემოება (“წარვიდეს ზოგად”, ე.ი. ერთად) და არა განსაზღვრება (“ზოგადი არე”, როგორც საზოგადო, სასაზღვრო არე – ასე ესმოდათ ეს ადგილი ი. ჯავახიშვილს, პ. ინგოროყვას და მათს კვალდაკვალ მთელ რიგ სხვა მკვლევარებსაც, მათ შორის ჩვენც). ამით საფუძველი გამოეცალა მოსაზრებას, თითქოს კვირიკეწმიდა მაინცდამაინც ქართლ-სამცხის საზღვრის მიდამოებში მდებარეობდეს, მაგრამ სხვა არგუმენტები ფოთოლეთ-კვირიკეწმიდის იგივეობის სასარგებლოდ რჩება და დღესდღეობით, ვფიქრობთ, ეს მაინც ყველაზე მისაღები ვერსია კვირიკეწმიდის ლოკალიზაციისა, სხვათა შორის, დ. ბერძენიშვილიც შენიშნავს, რომ ფოთოლეთი თეოდორეს თანამშრომელთა გაშენებული უნდა იყოს” (დ. ხოშტარია. 1986: 135).

მართალია, დ. ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ “ნეძვის მიდამოებში არის კიდევ ორი მონასტერი: ივანე ნათლისმცემლისა სარმანიშვილის ხევში და ფოთოლეთისა – ახალდაბის ციხის დასავლეთით. ორივე ძლიერ წააგავს ნეძვის მონასტერს და მისი თანადროულნი უნდა იყვნენ, შესაძლოა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის – თევდორეს თანამშრომელთა ღვაწლით ნაგებიც კი” (დ. ბერძენიშვილი. 1985: 19). თუმცა ის არ აკონკრეტებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ორი მონასტერი ქრისტეფორეს მიერ იყო აგებული. ჩვენი აზრით, თევდორეს თანამშრომელთაში გულისხმობს მის სხვა დამხმარე პირებს და არა მაინცდამაინც ქრისტეფორეს, როგორც ეს აქვს გაგებული დავით ხოშტარიას. უფრო მეტიც, დ. ბერძენიშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ ქრისტეფორესეული კვირიკეწმიდა ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე საკვირიკეს სამონასტრო კომპლექსთან უნდა იქნეს გაიგივებული. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ “…საკვირიკეს მიჩნევა კვირიკეწმიდად; სახელის სამონასტრო კომპლექსის, სოფლის არსებობის გარდა, ამას მხარს უჭერს მისი ქართლ-სამცხის საზღვარზე არსებობაც, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისა ჩანს.” (დ. ბერძენიშვილი. 1985: 15) 1987 წელს დავით ხოშტარიას თავის საკანდიტატო დისერტაციაში “IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში” იგივე აზრი აქვს გატარებული ფოთოლეთი ეკლესიიის კვირიკეწმიდის მონასტერთან გაიგივების შესახებ (დ. ხოშტარია. 1987: 15-23).

როგორც ვნახეთ, დღემდე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში კვირიკეწმიდის მონასტრის ლოკალიზაციის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არსებობდა. მეცნიერთა ერთი ნაწილი (პ. ინგოროყვა, ს. ჯიქია) ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმიდას სოფელ საყუნეთის სექტორში, სოფელ კოპაძესთან აკავშირებდა, მეორე ნაწილი (ნ. ბერძენიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ს. მაკალათია, გ. ზედგინიძე, დ. ბერძენიშვილი, ვ. აბულაძე,) აღნიშნულ მონასტერს სოფელ დვირთან მოიაზრებდნენ, მესამე ნაწილმა (რ. მეფისაშვილი) კვირიკეწმიდა არქიტეტურული მონაცემების საფუძველზე ჩითახევის მონასტერთან გააგივა, ხოლო მეოთხე ნაწილი (დ. ხოშტარია) კვირიკეწმინდას აიგივებს ფოთოლეთის ეკლესიასთან ისტორიულ-გეოგრაფიული და ხუროთღმოძღვრული თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც გავეცანით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებებს ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რამდენად შეესაბამება რეალობას ქრისტეფორეს მიერ დაარსებული კვირიკეწმიდის ფოთოლეთის ეკლესიასთან გაიგივება?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნის კიდევ ერთხელ მოვიტანთ ფოთოლეთის ნაკაწრ წარწერათა ტექსტების ჩვენეულ წაკითხვებს:

ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ნიკოლოზ

ქ. უფალო, შ(ეიწყალ)ე საწყალობელ{ი} სული შალვასი, ლოცვა ყავთ ღ{მრ}თისათუ{ი}ს ღ(მრ)თისა მოყვარენო

ქ(რისტ)ე, შ{ეიწყალ}ე ი{ო}ვანე

ღ(მერ)თმ(ა)ნ ნუ შეუდნეს ცოდვანი მნ{ა}თესა, რ{ომე}ლ ცხოარ არს

ქ. წმიდა გ(იორგ)ი, შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხუანი ზრახვიენ რაიმე, გრქოა შენ, გონიერო ხეო, {უ}ფალო, შუენიერო სამყარო, სა…

წ(მიდა)ო გ(იორგ)ი, შ(ეიწყალ)ე თორნიკ

ქ(რისტ)ე ღ{მერ}თო

როგორც ვხედავთ, ზემოთმოტანილი 7 წარწერიდან მეხუთე და მეექვსე წარწერაში სავედრებელი მიმართულია წმიდა გიორგისადმი, რაც კიდევ ერთხელ დოკუმენტურად ეწინააღმდეგება ქართულ სამეცნიერო წრეებში ბოლო დროს დამკვიდრებულ მოსაზრებას კვირიკეწმიდის ფოთოლეთის მონასტერთან გაიგივებასთან (დ. ხოშტარია) დაკავშირებით. პირიქით, აღნიშნულ ორ წარწერაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფოთოლეთის ეკლესია წმიდა გიორგის სახელობის მონასტერს წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარწერაში მოხსენიებული პირები სასოებას წმიდა კვირეკესაგან ითხოვდნენ, მაგრამ როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს ასე არ არის, პირიქით ისინი წმიდა გიორგისაგან ითხოვენ მეოხებას. ასევე სრულიად დაუჯერებელია IX-X საუკუნის I ნახევარში აგებული მონასტრის სახელობა დავიწყებას მისცემოდა ერთი საუკუნის შემდეგ ანუ XI საუკუნეში. მართალია, აღნიშნული წარწერიანი ქვა არქეოლოგიური გათხრების დროს სარკოფაგის თავზე იყო განთავსებული, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან მეორადი გამოყენების ფუნქცია შეიძინა. ამას გვაფიქრებინეს ის, რომ სავსებით დაუჯერებელია საფლავის ქვაზე ნაკაწრი წარწერები შეესრულებინათ XI საუკუნეში და მას Dდღემდე ჩვენამდე მოეღწია. ამის პრაქტიკა ქართულ ეპიგრაფიკაში საერთოდ არ მოგვეპოვება. ამის საპირისპიროდ კი სავედრებელი წარწერები ეკლესია-მონასტერთა ექსტერიერში და ინტერიერში კი მრავლად გვხდება. ამ მიზნით ჩვენ მოვინახულეთ ფოთოლეთის ეკლესია და ტაძრის ინტერიერში მრავლად მოიპოვება ამგვარი ტიპის ქვები, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ თავდაპირველად ეს წარწერიანი ქვაც ტაძრის ინტერიერში ან ექსტერიერში იყო განთავსებული.

ამრიგად, ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრ წარწერათა მეშვეობით ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დროს გაბატონებული მოსაზრება კვირიკეწმიდა-ფოთოლეთის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით (დ. ხოშტარია) გაბათილებულ იქნა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი სხვა დანარჩენი მოსაზრებების გაზიარება ან უარყოფა კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის ლოკალიზაციის საკითხის შესახებ მომავალი კვლევის საგანს წარმოადგენს.

 

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

1. ვ. აბულაძე, ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბილისი 1983 წელი

2. არქიმანდრიტი ლაზარე, ივერიის ბეთანია, თბილისი 1994 წელი

3. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი I, ისტორიული გეოგრაფია, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა”, თბილისი 1964 წელი

4. დ. ბერძენიშვილი, `ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი~, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი 1985 წელი

5. გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები, ტომი I, ნაკვეთი პირველი, წმ. დავითის ლავრა, უდაბნოს მონასტერი (XI-XVIII სს.), გამოსაცემად მოამზადეს დარეჯან კლდიაშვილმა და ზაზა სხირტლაძემ, თბილისი 1999 წელი

6. დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), შაედგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი 1980 წელი

7. გ. ზედგინიძე, სამხრეთ საქართველოს რამდენიმე ისტორიული პუნქტის ლოკალიზაციისათვის, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი 1972 წელი, N3.

8. პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, გამომცემლობა “საბჭოთა მწერალი”, თბილისი 1954 წელი

9. ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), გამომცემლობა “სახელგამი”, თბილისი 1957 წელი

10. რ. მეფისაშვილი, “გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში”, საქ. სსრ მეცნ. აკად. სახზ. განყ. მოამბე, 1963 წელი, N4.

11. სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი 1988 წელი

12. ვ. სილოგავა, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), პალეოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა, გამომცემლობა “ინტელექტი”, თბილისი 1999 წელი

13. ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, გამომცემლობა “არტანუჯი”, თბილისი 2004 წელი

14. ქართული წარწერების კორპუსი, ტომი I, (აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო V-X სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი 1980 წელი

15. რ. შმერლინგი, ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, ტექსტი, მასალის შერჩევა და ნახატები რენე შმერლინგისა, ტაბულები შეადგინა ა. კრავჩენკომ, “სახელმწიფო გამომცემლობა”, თბილისი 1954 წელი

16. გ. ჩუბინაშვილი, “ქვაბის-ხევის ხეობის ძველი ბაზილიკა”, სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 34 а-ბ, 1948 წელი

17. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I (V-X სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა”, თბილისი 1963 წელი

18. ძველი ქართული მოთხრობა V-XII საუკუნეებში, შეადგინა, წინასიტყვაობა დაურთო და რედაქცია გაუკეთა რ. თვარაძემ, გამომცემლობა “საბჭოთა ხელოვნება”, თბილისი 1979 წელი

19. რ. ხვისტანი, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბილისი 2009 წელი

20. დ. ხოშტარია, ჩითახევის მონასტრის ეკლესია (IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი), მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1983 წელი, N4.

21. დ. ხოშტარია, კვირიაკეწმიდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1985 წელი, N1.

22. დ. ხოშტარია, X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის – საკირის მიდამოებში, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1986 წელი, N3.

23. დ. ხოშტარია, IX-X საუკუნეების ხუთრომოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბილისი, 1987 წელი

24. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტოპონიმია, საღვთისმეტყველო ლიტერატურული ცენტრები, გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და როინ ყავრელიშვილმა, თბილისი 2012 წელი

25. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, გამოკვლევა, ” საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა”, თბილისი 1958 წელი.

26. Макалатия С, Боржомское ушелье (Историко-Этнографический очерк), Тб. 1958 г

27. Меписашвили Р, Основные особенности трехцерковных базилик Грузии, (Доклад на международном симпозиуме по грузинскому исскуства), Тб. 1977 г.

28. Шмерлинг Р, Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962 г

29.Mepisaschwili R, W. Zinzadze, Die Kunst des alten Georgien, Leipzig, 1977

გამოყენებული წყარო: #mce_temp_url#

 

Graffiti from the Potoleti Church and their Analysis by Means of Historical and Source Study Methods

Tamaz Gogoladze, Irakli Gelashvili, Nini Kharshiladze

Several opinions have been circulating among Georgian scholars about location of the Kviriketsmida Monastery until now. Based on historical-geographical and architectural analysis, certain scholars (D. Khoshtaria) identified Kviriketsmida with Potoleti church.

In a course of archaeological excavations of the monastery in 2008, a cist was unearthed within the north cloister, to the west of the prothesis. Seven graffiti in mixed nuskhuri and mkhedruli scripts were found on the cist lead-tombstone. In spring and summer 2014 we have visited the site several times with the purpose of studying these inscriptions. We have made paleographic copies of the graffiti and have photographed them. In situ study of the graffiti has shown that by content they belong to supplication inscriptions. Based on paleographic peculiarities, we have dated the graffiti to the 11th century.

Supplications found in the fifth and sixth inscriptions out of the seven graffiti on the cist lead are addressed to St. George. This fact contradicts to identification of Kviriketsmida with Potoleti church (D. Khoshtaria) accepted by Georgian scholars lately. On the contrary, the both above-mentioned inscriptions indicate that the Potoleti church was a branch of St. George Monastery. Otherwise, individuals mentioned in the inscriptions would have asked for assistance from St. Kvirike. But as we have noted above, their supplications are addressed to St. George. It is hard to believe that the name of the monastery built in the 9th c. – first half of the 10th century, by the 11th century was already forgotten.

In spite of the fact that the unearthed slab with graffiti was used as a tombstone, we consider it a secondary use stone, because it is hard to believe that the 11th-century graffiti on a tombstone could have survived till now. We are not aware of such cases in the Georgian epigraphy. On the other hand, supplication inscriptions were often scratched on exterior and interior walls of churches. We have examined walls of the Potoleti church and found out that the stones similar to the tombstone under consideration are abundantly used in the masonry of the church interior. Based on this, we consider that initially the slab with graffiti was a part of the church interior decoration.

Thus, based on the analysis of graffiti from Potoleti church we have refuted consideration about identification of Kviriketsmida with Potoleti church (D. Khoshtaria) accepted by Georgian scholars lately.