topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

კ.მელითაური - თბილისური აივნები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<საერო ნაგებობანი>>>


კონსტანტინე მელითაური (არქიტექტურის კანდიდატი) - თბილისური აივნები // ძეგლის მეგობარი, 1967 წ., კრ.12., გვ.46  - 53

მეცხრამეტე საუკუნის თბილისი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანზე, რომ ბევრ მის მნახველს განცდილი გრძნობით აღტაცებული სტრიქონები დააწერინა. ბუნებრივი მდებარეობის გარდა ქალაქი წარმტაცი იყო მთის კალთებზე შეფენილი, აივნებით დამშვენებული სახლებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

ბუნებრივმა გარემომ ძგელთაგანვე შეამუშავებინა ადამიანს დერეფნის, ქორედის და აივნის ბინის გეგმაში ჩართვის აუცილებლობა. საუკუნეთა მანძილზე ქართველმა ხით ხუროებმა არ დაზოგეს თავიანთი უნარი ბინის ამ ნაწილის შესანიშნავ მოკაზმვისათვის. საგულისხმოა, რომ დერეფან - აივნის მარტო უშუალოდ გეგმაში ჩართვით არ დაკმაყოფილებულა ქართველი მშენებელი და იგი მეტყველი მხატვრულ - ხუროთმოძღვრული ელემენტი გახადა, ხის გადმოკიდული და გადასრული აივნის სახით. ამ აივნებს თბილისებრ ხუროები განსაკუთრებული სიყვარულიღ ამუშავებდნენ და ეზოს მხარეზე მოთავსებულ აივნებთან შედარებით, მათი მრავალფეროვანი ნიმუში შეჰქმნეს. სწორედ ეს აივნები ამშვენებდნენ მიხვეულ - მოხვეულ ქუჩებს, მთის კალთებზე წამოჭიმულ სახლებს შნოს აძლევდნენ, მთელ ქალაქს საკუთარ მხატვრულ - ხუროთმოძღვრულ იერს ანიჭებდნენ. მაგრამ ეს აივნები ქუჩის ცხოვრების წიაღშიაც იჭრებოდნენ. აივანზე გამოსული შეიძლებოდა ქუჩაში მომხდარი ყოველი ამბის მონაწილე გამხდარიყო, რის გამოც მაჰმადიანური სამყაროს "ეივანი”-საგან განსხვავებით მას ”ჩადრი მოხსნილი” პქონდა. აღსანიშნავია, რომ გადმოკიდებული და გადახურული აივანი საქართველოში შორეული წარსულიდან იყო ფეხმოდგმული, რის უტყუარ მაგალითს უბისის მონასტრის 1141 წ. ”სვეტი” წარმოადგენს. საქართველოს რუსეთთან შეერთებამ და თბილისის მთელი ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრად გახდომამ ხელი შეუწყო აღა მაჰმად ხანის მიერ დანგრეული ქალაქის სწრაფ აღდგენას. მე-19 ს. დასაწყისიდანვე დაიწყო თბილისში გვიან რუსული კლასიციზმის ნაგებობის შენება, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეთა მიერ. რადგანაც კერძო მშენებლებს მხოლოდ დამტკიცებული პროექტით შეეძლოთ მშენებლობის წარმოება, საჭირო გახდა სათანადო საბუთების შედგენა ტექნიკოსების (უმეტესად კონდუქტორების - მესანგრე უნტეროფიცრების) საშუალებით. პროექტი მეპატრონის მოთხოვნილებას ითვალისწინებდა, მათ შორის ქუჩისკენ გადმოკიდულ და გადახურულ აივანსაც.

მცირე მასშტაბში შესრულებული ნახაზი მხოლოდ, ძირითად ხუროთმოძღვრულ დეტალებს ასახავდა და აივანიც ამიტომ ძალზე სქემატურად იყო წარმოდგენილი. ასეთ ვითარებაში ხით ხუროები ხორცს ასხამდნენ შიშველ სქემას და ამით საკუთარ შემოქმედებას გზას აძლევდნენ. სახლების მშენებლობის ამგვარმა წესმა ხალხური შემოქმედების მძლავრი ნაკადი შეიტანა ქალაქის მშენებლობაში, რითაც გვიანკლასიციზმს თავისი თბილისური ელფერი დაადო. ეს გარემოება მკვეთრად და მრავალფეროვნად თბილისურ აივნებში აღიბეჭდა. აივნის ძირითადი კონსტრუქცია წარმოდგენილია; მზიდავი ნაწილით, მალით და გადახურვით. მათგან მალია მთავარი და მხატვრულად ზემოქმედი. იგი ორ ძირითად სახეს იძლევა; არქიტრავულს და სვეტებიან - თაღიანს.

(+)

არქიტრავული გადაწყვეტა მარტო სვეტებითაა წარმოდგენილი, რომელსაც ზოგჯერ აჟურული სამკაულიც ერთვის. აჟური ან არშიის სახით გაჰყვება არქიტრავს ან სვეტებს შორის მსუბუქ თაღადაა ჩადგმული. განსაკუთრებით მიმზიდველია სვეტიან - თაღიანა ბაღები, რომელნიც ორ ძირითად სახეს იძლევიან; ხშულთაღიანსა და აჟურულთაღიანს. ძალზე გავრცელებულია ხშულთაღიანი მალი, რომელიც მძლავრ მასივურ კონსტრუქციას ასახავს და თაღის მოწერილობის მიხედვით გვხვდება; ნახევარწრიული, სამყურა და რთული. რაც შეეხება აჟურულ თაღიან მალს, იგი ცოცხაღი და ჰაეროვანია, ორნამენტი კი - ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე აქვს აგებული. აღსანიშნავია, რომ ეს კონსტრუქცია განსაკუთრებით კარგად ერწყმის ხვია სვეტს და მთლიანად აივანი ძალზე მსუბუქი და მოძრავი გამოდის. აივნის მალის გამშვენებაში დიდი მნიშვნელობა მოაჯირსაც ენიჭება. მისი მრავალსახეობა კონსტრუქციის მიხედვით სამ ნაწილად ჯგუფდება; რიკულებიან, ძელებისაგან შედგენილ და ფიცრულ მოაჯირად. აივნის მზიდავი ნაწილი ხშირად მარტივადაა წარმოდგენილი და კედელში ჩამაგრებული ფილის სახე ეძლევა; ხშირია კონსოლებიანი აივნებიც, რომელნიც ტექტონურად უფრო სრულყოფილია. განსაკუთრებით ეს იგრძნობა იმ შემთხვევაში როცა კონსოლები ხშულია და ტოლწინაღობის კონსოლის სახე აქგთ. აჟურული, ჩუქურთმით შესრულებული კონსოლი კი მსუბუქია და დეკორატიული. რაც შეეხება აივნის გადახურვას, იგი ან კოზმიდიან ანტაბლემენტითაა წარმოდგენილი ან მარტივად, განზე გატანილი სიბრტყის სახეს ატარებს, რომელსაც გარს უვლის თუნუქის აჟური ფესტონების ან გადაბმული წრეების არშიის სახით. ზემოთ თბილისური აივნების სახეობათა მარტო აღნუსხვაა მოყვანილი, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტია მისი მრავალფეროვანი მხატვრულ - ხუროთმოძღვრული გამოსახვის ხერხები. საჭიროა მათგან ზოგიერთ მნიშვნელოვანზე მაინც შევჩერდეთ. პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს აივნის სვეტი. მისი ღერო ზევით ვიწროვდება და დიდი თანაფარდობის გამო მთელი ორდერი მსუბუქი, ტანწვრილია. თავისებურია სვეტის ბაზაც, რადგანაც კვადრატულ პლინტზე დადგმული მრგვალი ტორუსის გარდა, გააჩნია სალტემოვლებული ყელიც. ბაზის ძირითადი გადაწყვეტა პლასტიკურად დამუშავებულია ღარების, თაროების და ლილვების დართვით, რაც ზოგჯერ ყელის მთელ არესაც იჭერს. აღსანიშნავია, რომ ბაზის დამუშავება ხშირად გარედან მოხილვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, განსაკუთრებით როდესაც აივანს აღმართიანი ქუჩა აუყვება, ან იგი ძალიან დაბლაა მოთავსებული. რაც შეეხება სვეტის თავს, რომელიც ტოსკანური ორდერის კაპიტელის ძირითად ელემენტებს იმეორებს, ოსტატებმა მას თავისი ელფერი დაადეს.

(+)

კაპიტელმა თავისებური რვაწახნაგოვანი სახე მიიღო და იმდროინდელ მთელ თბილისში გავრცელება მოიპოვა. ეს კაპიტელი წარმოდგენილია ქამარმოვლებული ყელით. მისი ქამარი ღარით, თაროთი და მეოთხედი ლილვითაა დანაწევრებული, თვით ყელი კი უფრო მაღალია ბაზისაზე და სვეტის თავითაა დაგვირგვინებული. კაპიტელის სალტე ხაზგასმულადაა აღნიშნული ღარითა და თაროთი. სალტე წრიულია და მთელი სვეტის უკანასკნელი მრგვალი ელემენტია. აქ წყდება ხარატის ხელით დამუშავებული დეტალები და მის ზემოთ ხით ხუროს მიერ შესრულებული რვაკუთხედის ფორმებია წარმოდგენილი. კაპიტელის ექინი გადმოცემულია რვაკუთხოვანი პრიზმის სახით, რომელსაც გადამრგვალებული კუთხეები აქვთ. ექინზე მოთავსებულია რვაკუთხოვანივე აბაკი. იგი დაყოფილია ღარით, თაროთი და მეოთხედი ლილვით. მოყვანილი დანაწევრება თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ თვითეულ ნაწილს სხვადასხვა ელფერი აქვს მიცემული მის სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარებით. ამის წყალობით კაპიტელს მეტ - ნაკლებად ან დაუდეგარი, მოძრავი სახე ეძლევა ანდა წყნარი, თანაც ნაზი ფორმის მიწერილობა, ყურადღებას იპყრობს რვაკუთხოვან აბაკზე დაყრდნობილი ხშული თაღები, რაც რბილ, სასიამოვნო გადასვლას იძლევა. აქ არ არის თვალის მომჭრელად გამოწვეული კვადრატული აბაკის კუთხეები, რომელნიც იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდებიან ხშულთაღიან აივანში. მიმზიდველია რვაწახნაგოვანი ექინისა და მრგვალი სალტის მიერ წარმოშობილი ჩრდილ - სინათლის თავისებურება. მკვეთრი მზის შუქი და ჩრდილი აქ ვიწრო ზოლებად ლაგდება; ამით მზერის დროს ფორმები თავის ძირითად სახესაც ინარჩუნებენ და ფერების სასიამოვნო გადასვლებსაც იძლევიან. უნდა შევნიშნოთ, რომ ეს სვეტი, როდესაც ხშულთაღიან მალშია ჩართული და ხშულ კონსოლსაც ეყრდნობა, მაღალმხატვრულ, ტექტონურად დახვეწილ აივანს გვაძლევს. ეს ის აივანია, რომელსაც საფუძვლად უდევს თბილისური ორდერი ე.ი. აღწერილი სვეტიან - ხშულთაღიანი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა. ამ თბილისურ ორდერში, განსაკუთრებით ადრეულ ნიმუშებში, ვხვდებით თავისებური ელემენტის გამოყენებას, რომელიც სამყურა ხშულთაღიან გადაწყვეტაში ჩანს. სვეტის ასწვრივ სამკაულია თაღზე მიკრული, რომელიც ხან სახეებით შემკულ არშიას, ხან ხისაგან გამოთლილ პლასტიკურ ნაკვთს წარმოადგენს. მომდევნო ხანის აივნებში ეს სამკაული პაწაწინა ტოსკანური სვეტის სახითაა მოცემული. ასე გამშვენებული აივანი ადამიანში გაოცებასთან ერთად ერთგვარ აღტაცებასაც იწვევს. საგულისხმოა თავისი დამახასიათებელი კოლორიტით და მრავალფეროვნებით არქიტრავული გადაწყვეტის ის მაგალითებიც, რომელთაც დართული სამკაული აქვთ, მაგრამ მათზე აღარ შევჩერდებით და განვიხილავთ მხოლოდ ხვიასვეტიან აივნებს.

(+)

ხვიასვეტიანი აივნები განხორციელებულია აჟურულ თაღთან ერთად და როგორც წესი, ხშულკონსოლებზეა დაყრდნობილი. კონსტრუქციულმა სისუსტემ და სხვა პირობებმა თითქმის მთლიანად მოსპო აივნების ეს თვალწარმტაცი სახე. ხვიასვეტის ღერო ოთხი მანისაგან შედგება, რომელთა კონა ზემოთ საათის ისრის მიმართულებით იგრიხება. ღერო პრიზმატულ კვარცხლბეკზეა დაყრდნობილი, რომელიც ხუროთმოძღვრულად მოაჯირს ერწყმის. კაპიტელის წაგრძელებული სხეული ორნამენტითაა დაფარული და ოთხი ვოლუტითაც მშვენდება. ვოლუტი ფოთოლს ან მტრედის თავს წარმოგვიდგენს, მთლიანად კაპიტელი კი - ხის მოჩუქურთმების შესანიშნავ ნიმუშს. სვეტებზე პროფილირებული დგარებია მოთავსებული, რომლებიც ჭერის გამაგრების გარდა თაღოვან აჟურს იკავებენ, თანაც ხუროთმოძღვრულად ერწყმიან მათ. თაღი არქივოლტითაა მოტარებული, რომელიც ან სამყურას ან უფრო რთულ ფორმას იძლევა. თაღის შევსება განხორციელებულია ფიცრით, რომელშიაც ამოხერხილია ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე აგებული ჩუქურთმა. ამ მსუბუქ, მაგრამ ძალზე მოძრავ აივნის მალებს მტკიცედ იჭერენ კონსოლები, მთელი ნაგებობა კი - წარუხოცელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე. საყურადღებოა, რომ თბილისურმა აივანმა ზოგან ფსევდო - კლასიკასა და მოდერნის მშენებლობაშიაც კი შეაღწია. რაც შეეხება ფსევდო - კლასიკას - მან თბილისური ხის აივნის მშენებლობაშიაც თავისებური სახე შეჰქმნა და გაავრცელა მე-19 ს. მიწურულის ქალაქის თითქმის მთელ სახლებში. აღსანიშნავია, რომ იმავე მშენებლობამ ხის აივნების ზეგავლენით რკინისა და სხმული თუჯის გადმოკიდული და გადახურული აივნები წარმოშვა. საბჭოთა ბინათმშენებლებს უნდა გადაეჭრათ რიგი ახალი და ძნელი საკითხი, რომელიც ეხებოდა ფუნქციურ, კონსტრუქციულ, მხატვრულ და სხვა მრავალ საკითხს. ხუროთმოძღვრული შემოქმედების ეს რთული გზა დაგვირგვინდა 1949 წ. ჭავჭავაძის პროსპექტზე საცხოვრებელი სახლის აგებით (არქიტექტორები ქეთევან ფორაქიშვილი და ივანე ჩხენკელი). სახლის ფასადი გამშვენებულია კონსოლებზე დაყრდნობილ რკინა - ბეტონის აივნით, რომელიც მესამე და მეოთხე სართულს აჰყვება. სვეტებს შორის მოთავსებულ მალს ტიხრავს ბეტონის თხელი სიბრტყე, რომელშიაც მაღლა აწვდილი სამი თაღია გაჭრილი, თვით სიბრტყე კი მშვენდება ნაზი ორნამენტითა და გვირგვინდება მოხდენილი ტეხილი ფრონტონით. მსუბუქმა და დახვეწილმა ფორმებმა, ელემენტების დამუშავებაში ძველი ხუროობის ალღოს აღებამ ამ აივანს სპეციფიური, თბილისური იერი მისცა. გაშლილი საბინაო მშენებლობა ბევრ ახლად დასმული საკითხის გადაჭრას მოითხოვს და მასში როგორ აისახება თბილისის  ხუროთმოძღვრება, ამას მომავალი დაგვანახვებს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თბილისური ხის აივნები სიცოცხლეს და შნოს არღევენ ქალაქის ძველ უბნებს, ქუჩებსა და თვით სახლებს. ძველი სასლი, სადაც აივანი მოაცილეს, გაშიშვლებული და უბადრუკი გახდა, რადგანაც თვით შენობის ხუროთმოძღვრული დამუშავება უმეტესად ღარიბი იყო და გამშვენების მთელი ძალა აივნის მოკაზმვაში გამოიხატებოდა. ამიტომ ძველი ქალაქის სახის დაცვა -შენახვა უდრის ხის აივნების, თანაც ძველი თბილისის ხუროთმოძღვრული ენის, შენარჩუნებას. ჩვენ დიდი ერთგულებით უნდა დავიცვათ თბილისის ძველი უბნების ამსახველი სახლები აივნებითურთ და ისეთივე გულმოდგინებით მოვეკიდოთ მათ დაცვას, როგორც ამას თბილისის უძველესი ტაძრის - ანჩისხატის, ანდა უძველესივე საერო ნაგებობის როსტომ მეფის აბანოს მიმართ ვაკეთებთ. თბილისის ძველი სახლების დაცვას რომ ერთგვარი ყურადღება ექცევა ეს ცხადია, მაგრამ იგი არც საკმარისი და არც სრულფასოვანია. მაგალითად კიბალჩიჩის აღმართის დასაწყისში გვიანა კლასიციზმის ძალზე საგულისხმო სახლია აგებული, როგორც გეგმით, ისე მხატვრულ - ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით. იგი საზეიმოდ ხვდებოდა აღმართზე მიმავლებს, ამასთანავე ერთად რიყის ქუჩის ერთი მხრიდან შეიძლებოდა მისი ცქერით დატკბობაც.

ახლა ბარათაშვილის სახელობის ახალი ხიდის აგებასთან დაკავშირებით ეს სახლი წინა მხარეს მთლიანად გაიხსნა და მისი მოხილვის არე გადიდდა. როგორც ჩანს ამ გარემოებას ანგარიში გაუწიეს და სახლი შეაკეთეს, რითაც სახლი და მისი ხის აივანიც კონსტრუქტიულად გაჯანსაღდა. სამაგიეროდ სიცოცხლე და ლაზათი დაჰკარგა, რადგანაც სტანდარტული საღებავით შეიღება. მაგრამ ამ აღდგენას უფრო სამწუხარო გარემოებაც მოჰყვა მშვენიერი რიკულებიანი მოაჯირი ულაზათო აფიცვრამ შეცვალა. სამწუხაროდ, ეს ერთი შემთხვევა არ არის, როდესაც აივნების შესანიშნავ მოაჯირს უბრალო აფიცვრა ცვლის. ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ ძველი თბილისის სახლებთან ერთად შევინარჩუნოთ მათი აივნებიც. ამასთან მხატვრული სახის შეუცვლელად. ამას უნდა მოითხოვდეს ჩვენი შეგნება.

 

 

ლ.მირიანაშვილის ფოტო