topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მონეტები დაფნარის სამაროვნიდან - ნ.კიღურაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები - ნუმიზმატიკა>>>

ნინო კიღურაძე - მონეტები დაფნარის სამაროვნიდან (ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ - მუშაკი) // ძეგლის მეგობარი, 1970 წ. კრ.23, გვ.15 -19

რიონის მარცხენა ნაპირზე, საჯავახოსა და დაბლაგომს შორის მთის კალთებს შეჰფენია პატარა სოფელი დაფნარი. აქ ცხოვრობს ომგადახდილი ჭკვიანი და გამრჯე გლეხკაცი პოლიაქტორ ცინცაძე. მეზობლები ერთხმად ამბობენ, მაგ კაცს რომ ორივე ფეხი ჰქონოდა, ამ კორტოხებსაც ააყვავებდაო. დილიდან საღამომდის შრომობს პოლიაქტორი და შრომაც უფასდება. მას აინტერესებს მშობელი მიწის, როგორც მომავალი, ისე წარსული. სწორედ ამ ქვეყნის წარსულისადმი სიყვარულმა გადაურჩინა მეცნიერებას მეტად საყურადღებო არქეოლოგიური ძეგლები. ეზოში მუშაობის დროს იგი წააწყდა ძველ კოლხურ, შესანიშნავად შემკულ უზარმაზარ ქვევრებს, დოქებს, ლარნაკებს, სასმისებს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულებს, ძველებურ ფულებს.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

თავისი აღმოჩენის შესახებ მან სასწრაფოდ აცნობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მიღებული იქნა შესაბამისი ზომები და დღეს საქართველოს არქეოლოგიაში ერთი საინტერესო ფურცელი გადაიშალა. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელიც დაფნარში უკვე სამი წელია მუშაობს, გამოარკვია, რომ აქ ძველი სავაჭრო გზების გზაჯვარედინთან ძვ.წ. V-II სს. არსებობდა საკმაოდ ღონიერი კოლხური სოფელი, გამოვლენილი იქნა მისი თანადროული სამაროვანი. დადგინდა ისიც, რომ ძვ.წ. V - III სს. მიცვალებულებს დაფნარელები საღვინე ქვევრებში მარხავდნენ. მათი წარმოდგენით მიცვალებულს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის ყველაფერი ის სჭირდებოდა, რასაც ხმარობდა სიცოცხლეში. ამიტომ ატანდნენ პირადი მოხმარების ნივთებს; ჭურჭელს, იშვიათად იარაღს. წესად პქონდათ დაკრძალვის დროს მთელი ან გატეხილი სალესი ქვის ჩაყოლება. გარდა ამისა, მიცვალებულს პირზე ადებდნენ ვერცხლის მონეტას, რასაც ზოგიერთი მეცნიერი (ბ.კუფტინი) ბერძნული წეს-ჩვეულების გავლენით ხსნიდა. (ელინების წარმოდგენით გარდაცვლილის სული აიდის ქვეყანაში მოხუც ქარონს უნდა გადაეტანა, რომელიც ამ სამსახურისათვის ფულს - სამ ობოლს ღებულობდა). შემდეგში ეს დებულება სხვა ავტორებმაც გაიზიარეს (მ.ინაძე, ოთ.ლორთქიფანიძე და სხვ.). ცნობილია, რომ ასე ადრეულ ხანაში, ძვ.წ. V - IV სს. ბერძნულ-კოლხურ ურთიერთობას არ ჰქონია ისეთი ინტენსიური ხასიათი, რომ მისი შედეგი ყოფილიყო კოლხეთის სოფლის მოსახლეობის მსოფლმხედველობის ასეთი კონსერვატული სფეროს ცალკეული ელემენტების შეცვლა. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი დანიშნულების ადათი ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოიშვა - ადგილობრივი განვითარებული ფულადი ურთიერთობის საფუძველზე (დაფნარსა და მეზობელ სოფლებში დადასტურებული იქნა ჩვენი ეთნოგრაფიული სინამდვილისათვის აქამდე უცნობი ფაქტი. მიცვალებულებს, ზოგჯერ, პირში ვერცხლის ფულს უდებენ. ჭირისუფალთა აზრით თუ გარდაცვლილს ვისმეს ვალი პქონდა, ”იმ ქვეყანაში” გადაუხდიდა). დაფნარის ქვევრსამარხებში აღმოჩენილია 50 მონეტა, აქედან 99% ადგილობრივი წვრილი (ნახევარდრაქმები) მონეტებია, ე.წ. კოლხური თეთრები. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ წინაანტიკური ხანის კოლხურ სოფელში ყოფის აუცილებელი ელემენტი გამხდარა. ფარცხანაყანევის, დაბლაგომის, ზემო ფარცხისის და სხვა სოფლის სამაროვნებში აღმოჩენილი მონეტები კარგად გვიჩვენებენ, რომ თავისუფალი მეთემეები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ბაზრებთან, აქტიურად მონაწილეობენ სასაქონლო - ფულად ურთიერთობაში, რაც უდავოდ მთლიანად კოლხეთის სამეფოს ეკონომიური განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია. როგორც აღნიშნავდა ფ.ენგელსი, "განვითარების გზაზე შემდგარმა ფულის მეურნეობამ დაშალა სოფლის თემის ნატურალური მეურნეობა. გვაროვნული წყობილება სრულიად ვერ ურიგდებოდა ფულის მეურნეობას“. თუ რა მაღალ დონეს მიაღწია ფულადი მეურნეობის განვითარებამ წინაელინისტურ კოლხეთში, ნათლად ჩანს შემდეგი მაგალითებიდანაც.

(+)

არასრული მონაცემებით, დღეისათვის აღრიცხულია 5000 - ზე მეტი კოლხური თეთრი, აქედან 2200-ზე მეტი მარტო ს.ჯანაშიას სახ. მუზეუმშია დაცული (დ.კაპანაძე). როგორც ცნობილია, ამ ტიპის მონეტები ძირითადად დასავლეთ საქართველოში ტრიალებდა. ხშირია მათი განძების აღმოჩენის ფაქტები. დღეისათვის 40-ზე მეტი განძია ცნობილი. ამ განძების ნაწილი აშკარად სასოფლო - სამეურნეო რაიონებს უკავშირდება (ახალსოფელი, ჩომეთი, ხოფი, მთისძირი, ლეჩხუმი და სხვ.). ცნობილია, რომ ”საქონლის მფლობელმა, რომელიც ახლა განძის დამგროვებლად არის გადაქცეული, შეძლებისამებრ ბევრი უნდა გაჰყიდოს და შეძლებისამებრ ნაკლები იყიდოს" (კ.მარქსი. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. დასახ. კრებული, გვ.56). აქედან გამომდინარე, თუ განძების აღმოჩენის რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, აღებ -მიცემობას წინაელინისტურ კოლხეთში განვითარების მაღალი დონისათვის მიუღწევია. დაფნარის მკვიდრთ ბაზარზე ალბათ გაჰქონდათ ჭარბი სასოფლო - სამეურნეო ნაწარმი, ყიდულობდნენ კი შორეული ქვეყნებიდან შემოტანილ სამკაულებს, ჭურჭელს და სხვა. დაფნარის ქვევრსამარხების ინვენტარის ანალიზი გვაძლევს საშუალებას გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მიუხედავად საგრძნობი სოციალური დიფერენციაციისა, სოფლის მოსახლეობაში ჯერ კიდევ მძლავრია საშუალო შეძლების მეთემურთა ფენა. კარგად არის ცნობილ, რომ კოლხური თეთრის აღნიშნული სახეობა დიდი ხნის, თითქმის 150 წლის, განმავლობაში იჭრებოდა. ბერძნული სამყაროსგან განსხვავებით, აქ ტრადიცია, მდენად მტკიცე ყოფილა, რომ მონეტების გამოსახულებანი არ შეცვლილა. მონეტის შუბლზე გამოსახულია ქალღმერთის თავის მარჯვენა პროფილი, გაშლილი გრძელი თმებით და დიადემით, ხოლო ზურგზე ხარის თავი, მარჯვნივ. ჩვენი მონეტების მიხედვით მათ შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ერთ ქვევრსამარხში მაღალმხატვრული ცალების გვერდით ვხედავთ უხეშ, სქემატურ ეგზემპლიარებს. რითია ეს განსხვავება გამოწვეული, ჯერ - ჯერობით ძნელი გადასაჭრელია. თუ ეს გარემოება ქრონოლოგიურ სხვაობაზე არ არის დაფუძნებული, მაშინ სხვადასხვა ზარაფხანების არსებობა უნდა ვივარაუდოთ. დაფნარის ქვევრსამარხებში აღმოჩენილი მონეტების წონა მერყეობს 1,950 – 0,700 გრ. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ მათი უმეტესობა მიმოქცევაში დიდხანს იმყოფებოდა, მაგრამ წონის ასეთი მერყეობა ყოველთვის გაცვეთის ინტენსიობით როდი უნდა აიხსნას. ქვევრსამარხ № 5 - ში, რომელიც ძვ.წ. IV ს. თარიღდება, აღმოჩნდა 9 კოლხური თეთრი. განსაკუთრებით საინტერესოა ორი შესანიშნავად დაცული, მაღალმხატვრული მონეტა, რომლებიც ახლადმოჭრილებს ჰგვანან. მიუხედავად კარგი დაცულობისა, ამ ორი მონეტის წონაც საგრძნობ განსხვავებას იძლევა; ერთი იწონის 0,950 გრ.-რ, მეორე - 1,49 გრ.-ს. აშკარაა, რომ მიუხედავად წონის ასეთი სხვაობისა, მაინც ერთ ნომინალთან გვაქვს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონეტის საფასის, ნამდვილი ღირებულების განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ნუმიზმატების აზრით, წონის ასეთი მერყეობა ტრიობოლებისთვის დამახასიათებელი ჩანს, ისინი საგრძნობ გადახრებს იძლევიან (1,2 – 2,6 გრამის ფარგლებში), ხშირად ერთი სისქით მოჭრილ მონეტებშიც კი. კოლხური ნახევარდრაქმის (ტრიობოღი) ადრეული ცალები იწონიან საშუალოდ 2,4 გრ.-ს, ამიტომ სამართლიანად არ უჭერს დ.კაპანაძე მხარს კოლხური თეთრების უფრო წვრილი ნომინალების გამოყოფას. როგორც ჩანს, ამ წვრილი ვერცხლის ფულის მოჭრისას მათ წონას მართლაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა (მ.ინაძე). მოქმედებდა თუ არა ეს ფაქტორი "კოლხიდკების" მსყიდველობით უნარზე, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სულაცა არ არის გამორიცხული, რომ მონეტების წონის შემცირება შეგნებულად ხდებოდა და სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის გარკვეულ ეკონომიურ მიზნებს ემსახურებოდა. ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებამ საბოლოოდ გამოიწვია ალბათ მათი მოჭრის შეწყვეტა. მარტო გარეშე ეკონომიური ფაქტორებით (ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერების დიდი რაოდენობით მოზღვავება კოლხეთში და მათთან კონკურენციის შეუძლებლობა) ახსნა მართებული არ გვეჩვენება (კ.გოლენკო). № 5 სამარხში აღმოჩენილ ოთხ მონეტაზე, მათ შორის აღწერილ ცალებზე, აღბეჭდილია ორი ბერძნული ასო МО თუ ЕО, ასეთივე ასოებიანი კოლხური თეთრი აღმოჩნდა ძვ.წ. V-IV სს. დათარიღებული №13 ქვევრსამარხში და შემთხვევით მონაპოვარ ორ კოლხურ თეთრზე. დაბლაგომში აღმოჩენილია МО ასოებიანი 6 კოლხური თეთრი, აქედან 2 ცალი აღმოჩნდა ძვ.წ. V ს. დათარიღებულ №26 ქვევრსამარხში. საერთოდ, წარწერიანი კოლხური თეთრები დიდი იშვიათობაა და მიღებული აზრის მიხედვით "ასოები გვხვდება უკვე გაუხეშებულ, გვიანდელ ცალებზე" (კ.გოლენკო, ო.ლორთქიფანიძე). ამ მტკიცებას ეწინააღმდეგება ზემოთაღწერილი ორი მონეტა, რომლებიც დამზადების ოსტატობით, გამოსახულებათა მაღალმხატვრული სტილით, ბერძნული ხელოვნების ნიმუშებს უტოლდებიან. წარწერიანი კოლხური თეთრების მცირერიცხოვან ჯგუფში (ისინი მხ. 1% შეადგენენ) ჭარბობენ МО (ЕО?) წარწერებიანი მონეტები. ნუმიზმატები აღნიშნავენ, რომ ამ წარწერების მნიშვნელობა და შინაარსი ჯერ-ჯერობით არაა გარკვეული, მიუხედავად რამოდენიმე ჰიპოტეზის არსებობისა. ბ.კუფტინი ვარაუდობდა, რომ მონეტაზე შესაძლოა МО და ЕО აღრევას ჰქონდეს ადგილი (რის მაგალითებიც მოჰყავს) და უნდა იკითხებოდეს ღვთაების ეპითეტი ЕО [TEP] - მფარველი. ნ.ხოშტარია МО-ს თვლიდა ცენტრალური კოლხეთის ერთ-ერთი მდიდარი და დაწინაურებული ოლქის მოხერესის - მუხურის სახელწოდების დასაწყისის პირველ მარცვლად. (პროკოპი კესარიელი კოლხეთში იხსენიებს ქალაქ „მოხერესის” - საც, ВР, II, 29). თუ ბერძნულ ადრეულ მონეტებს მოვიშველიებთ, ყველა ეს ვარაუდი მისაღებია. მაგალითად, ქალაქების სახელწოდების პირველი ასოები იყო ამოტვიფრული ევბეურ და ბეოტიის ვერცხლის ფულებზე. საყურადღებოა, რომ VI საუკუნის შუა წლებში ბეოტიაში არსებობდა ქალაქების კონფედერაცია, ლიგა, რომელიც ერთნაირი სახის მონეტებს უშვებდა, მაგრამ თვითეული მათგანის მიერ მოჭრილ ფულზე თავისი სახელწოდების პირველ ასოებს აღბეჭდავდა ხოლმე. ასეთი ქალაქები იყო ტანაგრი, კორონეა, თებეი და სხვ. ეს მონეტები მიმოქცევაში იყო მთელ ბეოტიაში და არ შეადგენდა მარტო რომელიმე ქალაქის გაცვლა-გამოცვლის საშუალებას. (მაგალითად, ქალაქ აულის მონეტაზე აღბეჭდილი იყო ასო A). დ.კაპანაძისა და კ.გოლენკოს მიხედვით კოლხური თეთრების მოჭრა შეწყდა ძვ.წ. IV ს. ბოლო მეოთხედში. დაფნარის სამაროვანზე კარგად დათარიღებულ ძვ.წ. III ს. დათარიღებულ ქვევრსამარხებში ამ ტიპის მონეტები ჯერ არ აღმოჩენილა. სამარხებში მონეტების ჩატანების წესი კი ამ დროს კვლავ განაგრძობს არსებობას. №21 ქვევრსამარხში, რომელიც ძვ.წ. III ს. თარიღდება, აღმოჩნდა კარგად დაცული სინოპური ვერცხლის მონეტა, ნახევარდრაქმა. მონეტის შუბლი: ნიმფა 2,5 გრ. დ-1, 1 სმ. სინოპეს თავი, დაკბილულ გვირგვინში, მარჯვნივ. მონეტის ზურგი: გემის ქიმი, მარცხნივ. სუროს შტო, მონოგრამა. მონეტა მოჭრილი ქ.სინოპში, ძვ.წ. IV ს. ბოლოსა და ძვ.წ. III ს. დასაწყისში. დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ფიჭვნარში და სოხუმში არაერთხელ აღმოჩენილა ძვ.წ. IV ს. სინოპური მონეტები, დრაქმები, რომელზედაც ქალაქის ღერბი დელფინი და არწივი იყო გამოხატული. ასეთ გამოსახულებიანი (დელფინი - არწივი, ნიმფა სინოპე) მონეტები აღწერილი აქვს ე.გაბლიანს, რომელსაც ისინი უპოვნია სვანეთში არქეოლოგიური გათხრების დროს. ჩვენი მონეტაც, რომელიც ხურდა ფულის დანიშნულებას ასრულებდა, გვიჩვენებს სინოპური ფულების შედარებით ფართე გავრცელებას. შესაძლოა სინოპურ და კოლხურ ტრიბოლებს ერთნაირი გასავალი ჰქონდათ კოლხეთის საშინაო ბაზარზე. დაფნარში, ისევე როგორც კოლხეთის სხვა მრავალ პუნქტში, აღმოჩენილია სინოპური კერამიკული ნაწარმიც: ლუთერებისა და ამფორების, მათ შორის დამღიანი ყურების ფრაგმენტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სინოპეს განსაკუთრებულ როლს კოლხეთის ეკონომიკაში. დაფნარში აღმოჩენილი მონეტები ნათლად გვიჩვენებს, რომ კოლხეთის სამეფოს საკმაოდ განვითარებულ საშინაო ფულად მიმოქცევაში გაბატონებული ადგილი ადგილობრივ წვრილ ვერცხლის ფულებს ეკავათ, რის ხანგრძლივი მოჭრისათვის საჭირო იყო მძლავრი ნივთიერი ბაზა, ადგილობრივი ვერცხლის საბადოები.