<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
კვეტერა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2. - თბილისი, 2004.-გვ. 97-101.
კვეტერა, ციხე-ქალაქი, ისტორიული, არქიტექტურული, არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის გზაზე, ახმეტიდან 12 კმ-ზე. კვეტერის (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება. 1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა იაე ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტთან ერთად (ხელმძღვანელი გ.ლომთათიძე). ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბურჯის ქვეშ გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, გაითხარა სასახლე, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურები, სპილენძის მონეტა და სხვა. აღმოჩენილი მასალა, რომელიც IX – XIII საუკუნეებით დათარიღდა, ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. ციხე - სიმაგრის ტერიტორიაზე საწარმოო წუნის, ნახევარფაბრიკატებისა და მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების აღმოჩენა, აგრეთვე ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონია.
1968 - 70 წლებში სპეციალური სამეცნიერო - სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (არქიტ. ო.თორთლაძე, კონსულტანტი არქიტ. ლ.რჩეულიშვილი) ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის დანგრეული ნაწილები. 1984 წელს დამუშავდა ძეგლის აღდგენა - გამაგრებისა და კონსერვაციის პროექტი (არქ. ი.მოსულიშვილი). 1987 - 91 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენა-კონსერვაცია, რომელიც ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. 1991 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით უხარისხოდ შეკეთდა ქვედა ციხის გალავნის ჩრდილოეთ კედელი. ციხეს მაღალი მთის წვერი აქვს მოკავებული და გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი. მისი მოხაზულონა უსწორმასწოროა და მკვეთრადაა წაგრძელებული აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმათულებით (308х85 მ). შიგნით მთელი ტერიტორია ორ არათანაბარ ნაწილად იყოდა. ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდა ციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითვეა გამოყოფილი. მეორე ნაწილი (ქვედა ციხე) ბევრად უფრო დიდია. შიდა და ქვედა ციხეებს შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია.
შიდა ციხე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული მრავალგვერდაა (ფართ. დაახლოებით 3500 კვ.მ.), რომლის კედლებში ჩადგმულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები და გამაგრებულია კონტრფორსებით.
შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია: დარბაზული ეკლესია, გუმბათოვანი ეკლესია, სასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. შიდა ციხეს ორი შესასვლელი აქვს: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება. შიდა ციხის აღმოსავლეთის ორივე კუთხეში ჩართულია დიდი მრგვალი კოშკები. ორივე კოშკის კედელი ეზოს მხარეს სწორია და მთელი ტანით გალავნის გარეთ არის გასული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი (სასიგნალო?) კოშკი მასიურია (დიამეტრ 7 მ, სიმაღლე 16,6 მ.), აქვს მოსწორებული თავი, რომელზედაც გალავნის კედელში მოწყობილი ღია კიბე ადის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია კოშკი სამსართულიანი (დიამ 5,3 მ, სიმაღლე 12,2 მ). კოშკის I და II სართულებს შესავლელი ცალ-ცალკე აქვს - ეზოდან. ორივე შესასვლელი თაღოვანია. III სართული გადაუხურავ, მაღალი კედლით შემოზღუდულ ბანს წარმოადგენს. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი (შემორჩნილია კოჭების საყრდენი ბუდეები). II სართულის გადახურვის კოჭები კი, ბანის კედლის დავიწროებით მიღებულ საფეხურს ეყრდნობოდნენ.
გალავნის ჩრდილოეთ კედელში ჩრთულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული სამი სწორკუთხა კოშკი, რომლებიც კედლის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად გვიანი შეკეთების დროსაა აგებული. სამივე კოშკი ძლიერაა დაზაინებული, მათგან აღმოსავლეთით მდგარი, გეგმით კვადრატული (5X5 მ) კოშკი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. კოშკის დასავლეთ კედელში (სიმაღლე 1,7 მ) შემორჩენილია შესასვლელის კვალი. შუა კოშკი (7,5X4,5 მ), რომელიც სასახლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული, მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე დგას. ერთადერთი შესასვლელი კოშკის I სართულის სამხრეთ კედელშია. შესასვლელს წინიდან რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბე ადგება, რომელიც სასახლის ჩრდილო - დასავლეთ კუთხეშია მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. კოშკის დასავლეთ კედელს ებმის გალავნის ჩრდილოეთ ამ კედელში (კოშკის ძირში) გაჭრილია ვიწრო სათადარიგო კარი (ამოშენებულია), რომელსაც გვერდებზე თითო ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
მესამე, დასავლეთით მდგარი კოშკიდან, მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხის ნაწილია შემორჩენილი - სამი სართულის სიმაღლეზე. შესასვლელი კოშკს სამხრეთიდან ჰქონია, მიწიდან 1,8 მ. სიმაღლეზე. გალავნის სამხრეთ კედლის შუაში ჩართული სწორკუთხა (6,8X5,3 მ.) კოშკისაგან მხოლოდ დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილებია შემორჩენილი. ეზოს მხარეს, I სართულის ჩრდილოეთ კედელში შემორჩნილია კარის დასავლეთ წირთხლი და მის ზემოთ მდებარე პატარა სწორკუთხა ხვრელობი. ამავე კედელში, II სართულის დონეზე - დიდი თაღოვანი სარკმლის დასავლეთ ნახევარი. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია. კოშკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან მოწყობილია კარი, რომლითაც შიდა ციხე ქვედა ციხეს უკავშირდებოდა. შიდა ციხის დასავლეთ კუთეში მდგარა მრგვალი კოშკი (შემორჩენილია საძირკველი).
დარბაზული ეკლესია გეგმით ოთხკუთხაა (შიდა ზომები აფსიდის გარეშე: 6,1X3,1 მ, გრძივი კედლების სისქე 1,07 მ, დასავლეთის კედლის სისქე 2,05 მ). განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ამ ადგილას მდგარა ციხის აგებამდე. ციხის მშენებლობის დროს მისი აღმოსავლეთ ნაწილი აქ აგებული მასიური კოშკის ტანში მოუქცევიათ და აფსიდი მთლიანად ქვა-დუღაბის ბეტონით შეუვსიათ. ეკლესია ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლები შიგნით და გარედან ბათქაშითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ორივე კარი ხის ძელებით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). აფსიდი ნალისებრი ფორმისაა, გადახურულია კონქით (აფსიდისა და კონქის ნაწილი აფსიდის შემავსებელ ბეტონში არსებულ ხვრელში მოჩანს). დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლები გრძივ კედლებზეა შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთიდან მცირე ზომის, გეგმით სამკუთხა მოხაზულობის სათავსი ეკვრის (შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლის კედლები).
ინტერიერი
გუმბათოვანი ეკლესია (10,5X9,8 მ) დგას ზედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება X საუკუნეს.
შიგნით და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი, ნაწილობრივ დიდი ზომის (100X60, 80X100) ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნის. ეკლესიის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული ყელი. ჯვრის ოთხივე მკლავი ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. მკლავებს შორის, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში გეგმით წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ოთხივე აფსიდის წინნახებარწრიული კამარით გადახურული ბემაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ აფსიდების ბემები ჩრდილო და სამხრეთ ბემებზე ორჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც ჯვრის აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძი რამდენამდე აღემატება სამხრეთ–ჩრდილოეთის ღერძს. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთ აფსიდებშია გაჭრილი. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის სამი თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფსიდებში – თითო. თითო თაღოვანი სარკმელია მკვალებს შორის მოქცეულ ნიშებშიც. ჯვრის ოთხივე მკლავის ბოლოებში სამ–სამი შეჯგუფებული ნახევარსვეტია, რომლებსაც საერთო ოთხწახნაგა კაპიტელი აგვირგვინებს; კაპიტელზე დაყრდნობილია როგორც გუმბათქვეშა, ისე მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღები.
გუმბათქვეშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები ოდნავ ნალისებრი ფორმისაა, დანარჩენი ორი - ნახევარწრიული. აფსიდებისა და გუმბათვეშა თაღების ქუსლებთან თაროსა და შეწყვილებული ლილვისგან შედგენილი იმპოსტებია. ასეთივე იმპოსტებია გამოყოფილი კუთხის სივრცეების გადამხურავი ნახევარსფეროების საფუძვლის მთელ პერიმეტრზე. გუმბათქვეშა კვადრატიდან. გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ერთი-მეორის მიმართ გადმომჯდარი თაღების სისტემა. გუმბათქვეშა თაღებისა და მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღების თავზე, კონსოლებზე დაყრდნობილი და საფეხურით გამოშვერილი თითო თაღია. ნიშების თაღების ზემოთ (გუმბათქვეშა თაღების წვერის დონეზე) მოწყობილია კიდევ ორ–ორი ასეთი თაღი, რომელთა შორის მოქცეული არეები შევსებულია შიგნითკენ ოდნავ გადმოხრილად დაწყობილი ქვის ფილებით, რომლებიც თაღებთან ერთად გუმბათის ყელის წრიულ საფუძველს ქმნიან. გუმბათის ყელს მარტივი პროფილის (თარო, დახრილი სიბრტყე და ლილვი) სარტყელი შემოუყვება. გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმპსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. ეკლესიის შიდა სივრცის სტრუქტურას სავსებით შეესაბამება მისი გარეთა ფორმები. გარედან ოთხივე აფსიდი ჩაწერილია ხუთწახნაგოვან შვერილში, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე მათ შორის მოქცეული ნიშების შვერილები. მათ ზემოთ, მკლავებს შორის, გუმბათვეშა კვადრატის კუთხეებია. მკლავებს შორის მოქცეულ ნიშებს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს.
ჯვრის მკლავების შვერილების წიბოებს სამ-სამი შეჯგუფებული სადა ლილვი ასდევს, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. ლილვები სამაჯურებიანი ბურთულებით არიან დაბოლოებული და დაყრდნობილი არიან კვადრატულ ბაზისებზე. ანალოგიური ფორმისაა მათი კაპიტელებიც. კუთხის ნიშების შვერილები ნახევარწრიული ფორმისაა. თითოეული მათგანის ღერძს, ცოკოლიდან სარკმლის ძირამდე, აუყვება კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვი. ლილვები სარკმლის ძირთან განშტოებულია, ევლებიან ორგვლივ სარკმელს და ერთვიან სარკმლის ზემოთ (ლავგარდნის ძირის დონეზე) ჰორიზონტალურად გამავალ ლილვს. მკლავების შვერილების ანალოგიური მოტივითაა დეკორირებული გუმბათის ყელიც. მისი ზედაპირი დანაწევრებულია თორმეტი დეკორატიული თაღით, რომლებიც ორი ლილვისგან შედგენილ ჰოტიზნტალურ სარტყელს ეყრდნობიან. ეკლესიის მკლავებს, კუთხის ნიშების შვერილებს და გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს მკვეთრად შვერილი ლავგარდანი, რომლის პროფილს ქმნის ორ ლილვს შორის მოქცეული ირიბი სიბრტყე. ეკლესიის გუმბათი დაბალი, მრუდხაზოვანი სახურავითაა გადახურული. სახურავები დაბურულია ლაჟვარდისფრად მოჭიქული კრამიტით.
სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს.
ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან. მათგან ერთი (16,5X9,2 მ) ორსართულიანია, ხოლო მეორე რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული – ერთსართულიანი. ეს უკანასკნელი ძირითად ნაწილზე ოდნავ გრძელია (სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის წინ შემორჩენილია ამ ნაგებობის სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი). ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან (მთელ სიგანეზე), გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის, რომელიც მთლიანად ფარავს სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს. ამ კუთხეშია მოწყობილი კოშკის ერთადერთი შესასვლელი.
სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულებისა ყოფილა. მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში - ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარი. შიგნით ქვედა სართულის კედლები, ზედა სართულის კედლებთან შედარებით, რამდენადმე სქელია, რაც სართულშუა გადახურვის დონეზე გადახურვის ძელების საყრდენ საფეხურს ქმნის. II სართული მისაღები დარბაზია, შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს. განივ კედლებში ორ–ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში არიან ჩასმული. სარკმლებისა და შეღრმავებების თაღები ოდნავ ოვალურია – მსუბუქი ტეხილით წვერთან. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა. იგი დაყრდნობილი იყო ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯზე. ბაქანზე ადიოდა ღია ორმარშიანი კიბე, რომლის კვალი I სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა.
ქვედა ციხეს მთის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი ფერდის ნაწილი უკავია. (ფართობი დაახლოებით 25000 კვ.მ; გალავნის საერთო სიგრძე დაახლოებით 540 მ; სისქე 1,1 მ). გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილი კედლების საშუალო სიმაღლე 4,5 მეტრია. საბრძოლო ბაქანი აქაც ხისა ყოფილა.
ქვედა ციხეს ორი კარიბჭე აქვს. მათგან მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, ციხის ყველაზე დაბალ ადგილზე. ამ მხრიდან ციხეს ერთადერთი მისასვლელი გზა ადგება. კარიბჭის წინ კლდის ქარაფია, მათ შორის კი ვიწრო გასასვლელია დარჩენილი. მეორე კარიბჭე აღმოსავლეთითაა, გალავნის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებს შერთვსი ადგილზე. მთავარი კარიბჭე მოქცეულია ორ მძლავრ ბურჯს შორის. მათგან ერთი, გეგმით წრიული (დიამეტრი ფუძის დონეზე 3 მ, სიმაღლე 7,8 მ) და ზემოთკენ შევიწროებული - მასიურია, ხოლო მეორე ნახევარწრიულია, სამსართულიანი (სიმაღლე 9 მ) და ეზოს მხრიდან მთელ სიმაღლეზე ღიაა. ბურჯის I და II სართული კარიბჭის მცველთა სადგომს წარმოადგენდა. III სართული ქონგურებიანი (შემორჩენილია ნაწილები) ღია ბანი ყოფილა. მეორე კარიც ბურჯებს შორისაა მოქცეული, რომლებიც მთლიანად გალავნის ხაზს გარეთ არიან გასული. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ სამსართულიანი ბურჯი. ეზოს მხრიდან ბურჯის სამივე სართული გახსნილია, ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია (შემორჩენილია ხის ძელების საყრდენი ბუდეები). III სართული ხუთი მოზრდილი ზომის ქინგურით შემოზღუდულ ღია ბან სწარმოადგენს. ქონგურები იატაკის დონიდან იწყებიან და ორკალთა დაბოლოება ჰქონიათ (მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ ერთი). ბურჯებს შორის მოქცეულია ქონგურებით დასრულებული სწორი კედელი, რომელზეც, ეზოს მხრიდან, საბრძოლო ბაქანი ყოფილა მოწყობილი. კედლის შუაში ხის ძელებით გადახურული ვიწრო კარია. გალავნის აღმოსავლეთ კედელი, რომელიც ციცაბო ფერდობს დაუყვება, შიდა ციხის სამხრეთ -აღმოსავლეთ კოშკს ქვდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკს ქვედა ციხი მეორე კორიბჭესთან აკავშირებს. შემორჩენილია კედლის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილი. (სიგრძე 18 მ, საშ სიმაღლე 5 მ). სამხრეთ კედელი ფლატეს თავს გასდევს და მეორე კარიბჭიდან პრიველი კარიბჭისაკენ ეშვება (კარიბჭეთა შორის დონეთა სხვაობა 15 მეტრია). შემორჩენილია მხოლოდ ნაწილი (სიგრძე 90 მ), რომელშიც ჩართულია ერთი კოშკი და გამაგრებულია, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებული ცხრა ნახევარწრიული კონტრფორსით. ციხის დასავლეთ კედელი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ჩრდილოეთ ლედელიც ნაწილობრივაა შემორჩენილი (საშუალო სიმაღლე 2 მ). შემორჩნილ ნაწილში ორი კოშკია ჩართული და გამაგრებულია რამდენიმე კონტრფორსით.
ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერჩეული რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი (სიმაღლე 9 მ). გარედან წყობას ბათქაში აქვს გადასმული, ისე რომ ზედაპირი საკმაოდ გლუვია. კოშკი დგას დაბალ სწორკუთხა საფუძველზე, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ამ მხრიდან საფუძველს პატარა მინაშენი ჰქონია (შემორჩენილია კედლის ნაწილებიც). კოშკი შიგნით მრგვალია და მთელ სიმაღლეზე აქვს ოსტატურად ნაგები ქვის ხვეული კიბე, რომელიც განათებულია ხუთი პატარა სარკმლით. კოშკს თავი მონგრეული აქვს. კოშკის სამხრეთ - აღმოსავლეთით, გალავნის კედელთან ახლოს, შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. კოშკის ირგვლივ საკმაოდ დიდ ფართობზე მრავლადაა შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები. წყალი ციხეს თიხის მილებით მიეწოდებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან.
თ.დვალი, კ. კახაძე, ი.მოსულიშვილი, ბ.ჯორბენაძე.
|