topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თსუ არქეოლოგთა სენსაციური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<სიახლეები და აღმოჩენები // არქეოლოგიური არმოჩენები>>>

თსუ არქეოლოგთა სენსაციური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე

https://www.facebook.com/media/set/?set=a.10150952233192233.438605.340472602232&type=1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების ახალმა აღმოჩენამ გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი), შესაძლოა, ძვ. წ. V-IV საუკუნების აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის ისტორიული ცნობები შეცვალოს. გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი 4 საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული. თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, "გათხრების შედეგად გრაკლიან გორაზე იმ პერიოდის ქართლის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დონის ნათელი სურათი მივიღეთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების I ნახევარში ქართლში საზოგადოებრივი ცხოვრება დაკნინებული იყო, არ არსებობდა ეკონომიკური და კულტურული დინამიკა. გათხრებმა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი დაადასტურა: გაირკვა, რომ ამ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფს". გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა

https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity/map?activecategory=Photo&session_id=1334624405&filter=3

https://www.facebook.com/TbilisiStateUniversity?sk=app_2309869772&filter=1

http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/3/21/

 

სენსაციური აღმოჩენა კასპის რაიონში

http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=3167

თსუ-ს არქეოლოგებმა კასპის რაიონში, გრაკლიან გორაზე, სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. გრაკლიან გორაზე მეცნიერ-არქეოლოგებისა და სტუდენტების ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, ძვ.წ. V-IV საუკუნების აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის ისტორიული ცნობები შეცვალოს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, "გათხრების შედეგად გრაკლიან გორაზე იმ პერიოდის ქართლის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული დონის ნათელი სურათი მივიღეთ. აქამდე ითვლებოდა, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეების I ნახევარში ქართლში საზოგადოებრივი ცხოვრება დაკნინებული იყო, არ არსებობდა ეკონომიკური და კულტურული დინამიკა. გათხრებმა სრულიად საწინააღმდეგო ფაქტი დაადასტურა: გაირკვა, რომ ამ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება ჩქეფდა". სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. ამჯერად მხოლოდ ერთი შენობის შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან, აღმოჩენილია 4 საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული.  გრაკლიან გორაზე თსუ-მ არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.

 

არქეოლოგიური აღმოჩენა გრაკლიან გორაზე

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1423

გრაკლიანი გორის ცენტრალურ ტერასაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში აგებული სამსათავსოიანი ტაძარი. ტაძარში არის ცეცხლის კულტთან დაკავშირებული მონუმენტური საკურთხეველი და აღმოსავლეთის კედელზე მცირე შესაწირავ სექციებზე გამოსახულია ღმერთების დიდი დედა. აღმოჩენილ იქნა აგრეთვე ისრის პირები, რომლებიც სარმატური და სკვითური ტომების თარეშზე მიუთითებს. არსებობს ვარაუდი, რომ ძველი წელთაღრიცხვით 350 წელს მათ გადაწვეს და გაანადგურეს ტაძარი. ვარაუდს ამყარებს არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აღმოჩენილი გადამწვარი ფენა.

 

კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში

(გრაკლიანი გორა)

ვ.ლიჩელი

http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/3/21/

გრაკლიანი გორის  ნამოსახლარი და სამაროვანი მდებარეობს ცენტრალურ ამიერკავკასიაში, საქართველოში, კასპის რაიონის სოფ.იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ.ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. მას გაბატონებული მდგომარეობა უკავია და მოქცეულია ორ პატარა მდინარეს - ლეხურასა და თორთლას - შორის (ტაბ.1). გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით 2008 წელს ბორცვის სამხრეთ ფერდობზე ჩატარდა გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც უაღრესად საინტერესო შედეგი მოჰყვა. კერძოდ, გამოვლენილია როგორც მრავალფენიანი ნამოსახლარი, ისე სხვადასხვა პერიოდის სამარხები. ქვედა ტერასა, რომელზეც აღნიშნული ძეგლები აღმოჩნდა, ზღვის დონიდან, საშუალოდ, 680 მეტრზეა განლაგებული, თუმცა ზედა გაუთხრელი ტერასები და გორის ზედაპირი, გაშლილი ადგილი, უფრო მაღლაა და, დაახლოებით, 720-723 მეტრის ფარგლებში მდებარეობს. ნამოსახლარისა და სამაროვნის ტერიტორიაზე მიკვლეული ძეგლები სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. ამჟამად არსებული მასალა იძლევა ქვემოთ მოყვანილ სტრატიგრაფიულ სურათს, რომელიც ახალი აღმოჩენების შესაბამისად შეიძლება კიდევ უფრო დაზუსტდეს.

1.პალეოლითი - ეს ხანა იდენტიფიცირებულია პროფ. გ.გრიგოლიას მიერ და წარმოდგენილია ქვარგავალებზე დამზადებული დიდი რაოდენობის იარაღით.

2.ენეოლითი - ამ ხანას განეკუთვნება, ძირითადად, ქვის იარაღი - ხელცული, კაჟის შუბისპირი, კაჟის ლამელაზე დამზადებული ნამგლის ჩასართები, ძვლის სახვრეტები. აღმოჩენილია ცუდად განლექილი, მსხვილმინარევებიანი, რუხკეციანი კერამიკის რამდენიმე ფრაგმენტი, რომელშიც ნათლად ჩანს ნამჯის მინარევები, რის გამოც შესაძლოა, ისინიც ენეოლითური ხანით განისაზღვროს.

3.ადრე ბრინჯაოს ხანა - გრაკლიანი გორის სამხრეთი ფერდობის დასავლეთ ნაწილში გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდის სამარხები. მათ შორის უძველესია ადრე ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხი.

4.გვიანი ბრინჯაოს/ადრერკინის  ხანა - ეს ეპოქა ძეგლზე გაცილებით უკეთაა წარმოდგენილი. იგი დადასტურებულია როგორც ნამოსახლარზე, ისე სამაროვანზე. ქრონოლოგიურად ესაა პერიოდი ძვ.წ. XIII საუკუნიდან ვიდრე ძვ.წ. 900 წლამდე (ტაბ. 6) .

5.განვითარებული რკინის ხანა (ძვ.წ. VIII-VII სს.) - დადასტურებულია ამ ხანის როგორც საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები, ისე სამარხები.

6. ძვ.წ. VI ს. - ამ ხანას განეკუთვნება ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი საკურთხეველი (თაღიანი).

7.ძვ.წ. V-IV სს. - ამ ხანას განეკუთვნება "დასავლეთი ტაძარი" და ქვედა ტერასაზე მხოლოდ ნაწილობრივ შემორჩენილი შენობები.

8.ძვ.წ. IV-III სს. - წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი სამარხებით.

9.ძვ.წ. III-II სს. - დადასტურებულია ამ ხანის ე.წ. სამადლოს ტიპის კერამიკა.

10.ძვ.წ. II-I სს. - ამ ხანაში გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობის დასასრული დასტურდება. შემორჩენილია ზედა ტაძრის, შესაძლოა, სასიმაგრო კედლისა და სამარხების ნაშთები.

ცალკეული არქიტექტურული ძეგლებისა და სამარხეული ინვენტარის განხილვა

1. ძვ.წ. 1100 - 900 წლებს განეკუთვნება მონუმენტური საკურთხეველი. იგი აღმოჩნდა ნამოსახლარის აღმოსავლეთ სექტორში. შენობიდან, რომელშიც იგი იყო გამართული, გადარჩენილი იყო მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. შენობა ჯარგვალური ტიპისა იყო - შემორჩენილია ერთმანეთზე მჭიდროდ, ჰორიზონტალურად დალაგებული მასიური ხის ძელების ანაბეჭდები, რომელთა კედლები შიგნიდან და გარედან თიხის სქელი მასით იყო შელესილი. ასევე, თიხის ფენით საგულდაგულოდ იყო მოტკეპნილი იატაკი, რომლის ქვეშ დადასტურდა თიხისა და ხრეშისაგან შემზადებული სუბსტრუქცია. საყურადღებოა, რომ სხვა შენობებში იატაკის ასეთი დამუშავება არ გვხვდება. საკურთხეველი წარმოადგენს ე.წ. "ხოვლეს ტიპის" მონუმენტური ღუმელის იმიტაციას. რიგითი ღუმელებისაგან მას განასხვავებს არა მხოლოდ ზომები, არამედ დეკორატიული ელემენტებიც. პირველ რიგში, ეს არის საკურთხევლის აღმოსავლეთი და დასავლეთი კუთხეების შემკობა ნახევართაღებით, რაც სრულიად უცხოა ჩვეულებრივი ღუმელებისათვის. ამასთან, საკურთხეველს სამხრეთი მხრიდან იატაკის დონიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე გასდევს 5 სმ-ის სისქის რელიეფური სარტყელი. ეს ორი ელემენტი განასხვავებს ამ საკურთხეველს ჩვეულებრივი ღუმელისაგან. თუმცა, აღმოსავლეთიდან მას სანაცრე ორმო ჰქონდა მიდგმული, რომელსაც, თავის მხრივ, ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ გამართული ბაქანი უერთდებოდა. ეს იყო შეწირულობების დასალაგებლად განკუთვნილი პლატფორმა. მასზე ეწყო სხვადასხვა ზომის ღია ფერის კეციანი ჭურჭელი, რომლის კეცი ცუდადაა განლექილი, უხეშად არის დამუშავებული. უმტესობა ამ კერამიკისა მხრის არეში შემკულია ირიბი ნაჭდევებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში თევზიფხურ ორნამენტს ქმნის. ასეთი კერამიკა უცხოა ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულისთვის. საყურადღებოა, რომ ამ შეწირულ ფორმებს შორის აღმოჩნდა ცილინდრულტანიანი ყავისფერკეციანი პირმოყრილი ჭურჭელი, რომელსაც ორი მცირე ზომის ჰორიზონტალური ყური აქვს. ეს ფორმაც უცხოა ამ ხანისათვის. კომპლექსის თარიღს იძლევა ცალყურა კოჭობი, რომლის ანალოგიები ქართლშია ცნობილი. კერძოდ, ასეთი ფორმები ძვ.წ. 1100-900 წლებით დათარიღებულ ძეგლებზე გვხვდება (მაგ., სამთავროს №51 სამარხი, ზემო ავჭალის სამარხი) [ფიცხელაური, 1973: 65-68]. საკურთხეველი შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო გამართული. მისი სწორედ ამ ადგილზე - კუთხეში - გამართვა სტანდარტული ჩანს პურის საცხობი ღუმელებისათვის. შესადარებლად შეგვიძლია მოვიხმოთ თრელიგორების [აბრამიშვილი, 1978: 12], ნარეკვავის [ნიკოლაიშვილი... 2007: 6-28], სამთავროსა და ხოვლე გორაზე გათხრილ სახლებში მიკვლეული ღუმელები, ისევე როგორც ღუმელები შედარებით მოგვიანო ხანის უფლისციხე - ბამბების ნამოსახლარიდან, ე.წ. მედაბურის სახლიდან [ხუნდაძე, 1979:50-56].

2. თაღიანი საკურთხეველი ღია ტიპის ნაგებობაა, რომლის ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი კედელია. იგი წარმოადგენს თიხით შელესილ ვერტიკალურად ჩადგმულ ძელებს. ეს კედელი E W მიმართულებისაა. კედლის სამხრეთ მხარეს ამოყვანილია თიხისავე თაღები. საკურთხეველი ძლიერ არის დაზიანებული და ამის გამო მისი სრული რეკონსტრუქცია ძნელდება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ორი თაღი ნამდვილად არის შემორჩენილი. ცენტრალური (?) თაღის წინ ამოკვეთილია მცირე ზომის ორმო (დიამეტრი 0,2 მ), რომელშიც შესაწირავად მიტანილი მცირე ზომის ჭურჭელი იდო. ასევე შესაწირავად იყო მიტანილი კედლის დასავლეთ ნაწილში დადგმული დერგიც (მისი ფრაგმენტი შემორჩა). ამავე ფუნქციის მატარებელია მცირე ზომის ბიკონუსური ცალყურა სასმისი. მსგავსი ფორმის სასმისები  ცნობილია კოლხეთიდან (მაგალითად, ისინი აღმოჩენილია ერგეტას III სამაროვნის I სამარხში, რომელიც ძვ.წ. VII საუკუნის მიწურულით ან VI ს-ის დასაწყისით თარიღდება) [Mikeladze, 1995: 2-22]. შესაბამისად, თაღიანი საკურთხეველი ამ ბიკონუსური ცალყურა სასმისით ძვ.წ. VII-VI საუკუნეების მიჯნით უნდა დათარიღდეს. თუმცა, აქვე მინდა შევნიშნო, რომ ცალყურა სასმისები, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, ძვ.წ. 1100 - 900 წლებშიც გვხვდება, მაგრამ მათ არა აქვთ ბიკონუსური ტანი, რის გამოც ვთვლი, რომ გრაკლიანის ბიკონუსურტანიანი სასმისი ერგეტის ცალთან უფრო მეტ საერთოს პოულობს და ამ თარიღსაც ამის გამო ვანიჭებ უპირატესობას.

3. ქვედა, II ტერასის, დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ხუროთმოძღვრული კომპლექსი ("დასავლეთი ტაძარი"), რომელიც შედგება სამი ძირითადი სათავსოსაგან. თითოეულში არის ერთი საკულტო და მასთან დაკავშირებული ერთი სამეურნეო ნაგებობა (ტაბ.3). შემორჩენილია ხის სვეტების ორმოები, რომლებიც გარს უვლის მთელ კომპლექსს. შესაბამისად, ისინი ერთიანი გადახურვის სისტემაში არიან მოქცეულნი და საკმაოდ რთული დაგეგმარებისა და განსხვავებული ფუნქციის მატარებელი ელემენტების ერთობლიობას წარმოადგენენ. შენობები გახსნილია სამხრეთისაკენ, რაც გარემო პირობების სწორ გათვლასა და ჰაერისა და ტენიანობის რეჟიმის ოპტიმალურ გააზრებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი წარმოადგენს ასათვისებლად შერჩეულ სივრცეში აქამდე სრულიად უცნობი საკულტო და სამეურნეო შენობათა დაპროექტებისა და შემდგომ, პროექტის/იდეის რეალიზაციის იშვიათ შემთხვევას ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში. შემუშავებულია საკმაოდ რთული, მთლიან კომპლექსში შემავალი ცალკეული შენობების გეგმა, ტიპი და ინტერიერის ორგანიზაციის ყველა დეტალი. ინტერიერის მოწყობის სქემა შემდეგში მდგომარეობს: ნაგებობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს NN-S მიმართულებაზე ორიენტირებული სამი სექცია, რომლის შიდა სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად; თითოეულ სექციაში წინა პლანზე წამოწეულია უმთავრესი ფუნქციური დატვირთვის მქონე ელემენტები:

1.  პოდიუმი;

2. პოდიუმთან მიდგმული ან მასთან ახლოს დამონტაჟებული და თიხით საგულდაგულოდ შელესილი ოთხკუთხა, ბორდიურებიანი მაგიდა;

3. ბორდიურებიანი მაგიდის წინ გამართულია გეგმაში წრიული ორმო, რომელიც იატაკშია ამოღებული. ორმოს ფსკერზე საგანგებოდ შერჩეული ბრტყელი, წრიული ფორმის ქვა არის ჩასმული (რიტუალური კერა).

4. პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად.

შენობის დანარჩენი სივრცე ათვისებულია იმ პრაქტიკული ამოცანების შესაბამისად, რომელიც ცალკეულ სექციას აქვს. მაგალითად, აღვწერთ №1 სექციას: მისი ზომებია 4,7X2,3 მ. აქ ისევე, როგორც წინა ორ ოთახში, დასავლეთ კედელთან გვაქვს პოდიუმი, მისი ზომებია 1X0,7X0,3 მ. პოდიუმს დასავლეთ მხარეს, ცენტრალურ ნაწილში, შესაწირავი ჭურჭლის ჩასადგმელი ჩაღრმავება აქვს (დიამეტრი - 0, 25 მ), რომელიც ქვის ბალიშით მთავრდება. ბორდიურებიანი მაგიდა, რომელიც, სავარაუდოდ, შესაწირავი ნივთებისათვის იყო განკუთვნილი საკურთხევლის ჩრდილოეთით არის შემორჩენილი. სათავსოს ჩრდილოეთ კედელთან, მისგან 0,25 მ-ის მოშორებით, გამოვლენილია სარიტუალო კერა, რომლის ძირში ქვის ბალიშია ჩადგმული; იგი დიამეტრით 0,30 მ-ია, ხოლო სიღრმით კი - 0,25 მ. ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გამოვლენილი ღუმელი ყველაზე კარგად არის შემონახული ამ ძეგლზე შემორჩენილ ღუმელთა შორის. აღნიშნული ღუმელის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ სამივე შენობაში უნდა ყოფილიყო ერთი ტიპის, ე.წ. ხოვლური, ორიარუსიანი და სამგანყოფილებიანი (საცეცხლე, სანაცრე და თვითონ ღუმელის განყოფილება) ღუმელი. განსხვავებით სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი ღუმელებისაგან, აქ აღმოჩენილებს აქვთ ტემპერატურის რეგულირების მექანიზმი - ეს არის საცხობ და საცეცხლე განყოფილებაზე მისაფარებელი გამომწვარი თიხის ფილები. სათავსოს ცენტრში გადახურვის ჩამოქცევის შედეგად დამსხვრეული ჭურჭელია გამოვლენილი. აღნიშნულ სათავსოს დასავლეთი მხრიდან ზღუდავს და ამ ნაგებობას მეორისაგან ყოფს რიყის ქვის წყობა. მისი ზომებია 4,3X0,65 მ. რიყის ქვის წყობასა და საკურთხეველს შორის სამეურნეო სივრცეა მოქცეული. რაც შეეხება სათავსოს აღმოსავლეთ მხარეს, აქაც დადასტურდა რიყის მოზრდილი ქვებისაგან შედგენილი წყობა. შემორჩენილი წყობის ზომებია 2,3X1 მ. ნაგებობათა ეს კომპლექსი ამიერკავკასიისათვის სრულიად განსაკუთრებულ ძეგლს წარმოადგენს. გამოვყოფ ორ საინტერესო დეტალს: როგორც აღინიშნა, შესასვლელთან, მარცხენა მხარეს, უშუალოდ დასავლეთ კედელთან გამართული იყო თიხით შელესილი პოდიუმი, რომელსაც ასევე, დასავლეთ ნაწილში, შუა ადგილზე ჰქონდა საგულდაგულოდ მომზადებული მცირე ზომის (0,25 მ.) წრიული ფოსო. მისი საგულდაგულოდ მომზადება გამოიხატებოდა არა მხოლოდ ზუსტ ლოკალიზაციაში, არამედ იმაშიც, რომ ფსკერზე ჩადგმული იყო ზუსტად ფოსოს დიამეტრის მქონე ბრტყელი ქვა. ასეთი მყარი მომზადება თითქოს კონსტრუქციულ სიმძიმეს უნდა გულისხმობდეს, მაგრამ II სექციაში აღმოჩნდა ასეთივე ფოსოში ინ სიტუ ჩადგმული ამავე დიამეტრის მქონე ხელადა, რაც ნათლად მიუთითებს ამ პოდიუმის საკულტო ხასიათზე. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის პოდიუმებს აქვთ ქრონოლოგიურად ძალზე შორეული, მაგრამ ფუნქციურად უახლოესი პარალელები ერიდუს ენეოლითურ ტაძრებში, სადაც ისინი, ასევე, კედელზეა მიდგმული და ინტერიერის სივრცის განუყოფელ დეტალს წარმოადგენენ [The Cambridge... 1971:334]. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ყველა შენობა სამხრეთითაა ორიენტირებული. ასეთი ორიენტაცია მარტივად აიხსნება ბუნებრივი პირობებით. აქ მუდმივად უბერავს დასავლეთის ან აღმოსავლეთის ძლიერი ქარები, რაც სრულიად შეუძლებელს ხდის შენობების აღმოსავლეთიდან გახსნას. ამის გამო, მართალია, საკულტო ნაგებობების კარი არ უყურებდა აღმოსავლეთს, ანუ დილის მზეს, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი დღის განმავლობაში მზისკენ იყო გახსნილი. გრაკლიან გორაზე აღმოჩენილ მასალაში გამოიყოფა იმპორტული ან იმპორტულის მიბაძვით დამზადებული ნივთების ჯგუფი. მათი გადანაწილება დამზადების ადგილის მიხედვით ურთიერთობათა შემდეგ მიმართულებებს იძლევა:

1. სამხრეთი მესოპოტამია. ეს მიმართულება წარმოდგენილია ორი საბეჭდავით (ტაბ.4). Pპირველი მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მონუმენტურსაკურთხევლიან ტაძარში აღმოჩნდა. ესაა ღია ფერის, კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული კონუსური საბეჭდავი, რომლის ზედაპირი თიხის გამოწვამდე საგულდაგულოდაა შემკული ფაქიზად ამოკაწრული ხაზებით. ხაზები ანაბეჭდზე ერთ რიგად ჩამწკრივებული სამკუთხედების სქემატურ გამოსახულებას ქმნის. ქვედა რეგისტრში შეინიშნება კარგად გამოყვანილი შევრონები. საბეჭდავის თავზე ჯვარია გამოსახული, ხოლო ძირი ოდნავ ღრუა. საბეჭდავი გახვრეტილია შუაში - აშკარაა, რომ იგი გახვრეტილია ნახატის დატანის შემდეგ, რაც საბეჭდავების დამზადების საერთო ტექნოლოგიას ეწინააღმდგება. ამდენად, ცხადია, რომ გამჭოლი ნახვრეტი საბეჭდავზე მოგვიანებითაა დატანილი. საბეჭდავის სიმაღლეა 5,2 სმ, ძირის დიამეტრი - 2,8 სმ, ხოლო ზედა სიბრტყის დიამეტრი - 1,6 სმ. პროფ. ნ.სამსონია ამ ნივთის დეკორის პირდაპირ ანალოგიად ჯემდეთ-ნასრის IV ჯგუფის საბეჭდავებს მიიჩნევს. ამ ჯგუფის პირველი ნაწილის საბეჭდავებისათვის სწორედ ანალოგიური შევრონებია დამახასიათებელი [სამსონია, 2008: 37; Colloon, 1987: 13-22; Bollingen... 1949: 35]. ამდენად, თითქოს ამ საბეჭდავის მესოპოტამიური წარმომავლობა და მისი ადრეული თარიღი ( ძვ.წ. 3000 - 2800; დომენიკ კოლონის აზრით, ძვ.წ. 3000 - 2334 წლები) ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუმცა, იგი შემდგომ სპეციალურ შესწავლას საჭიროებს. რაც შეეხება მის გვიანდელ, ანუ ძვ.წ. 1100-900 წლების ტაძარში მოხვედრის ფაქტს, იგი ადვილად აიხსნება. გვიანდელ ტაძრებში ადრეული საბეჭდავების აღმოჩენა ამ ხანისათვის ტიპური მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როდის მოხვდა ეს საბეჭდავი მესოპოტამიიდან თანამედროვე ქართლის ტერიტორიაზე - ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოსა თუ შემდეგ, ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულს. ამ ეტაპზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ თითქმის სინქრონული მტკვარ-არაქსის კულტურის არნახულად ვრცელი მასშტაბები ყოველგვარი ვარაუდის საშუალებას იძლევა. ამავე თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებულია მეორე საბეჭდავი, რომლის წრიული მარყუჟი მართკუთხა დაფაზეა ამოყვანილი. ნივთი ღია ფერის, მოთეთრო ქვიშაქვისაგან ზედმიწევნით დახვეწილი ტექნიკითაა დამზადებული. მისი ზედაპირი იმდენად კარგად არის ათვისებული, რომ ეჭვს არ იწვევს ხელოსნის ოსტატობის მაღალი დონე. კვეთა ღრმაა, ანაბეჭდზე კარგად ჩანს გასხივოსნებული "ღმერთის სახლი" [Amiet, 1980: 386-390]. საბეჭდავის სიმაღლეა 3,2 სმ., მარყუჟის სიმაღლე - 2,2 სმ., სასურათე სიბრტყის ფართობი - 3,6X3,4 სმ-ზე. ეს საბეჭდავი ნაყარ, დაზიანებულ ფენაში აღმოჩნდა. ამდენად, იგი მხოლოდ ანალოგიების საშუალებით შეიძლება დათარიღდეს. ასეთი ანალოგიები მას ისევ ჯემდეთ-ნასრის პერიოდის მასალებში მოეპოვება და, შესაბამისად, ძვ.წ. 3000 - 2800 წლებს უნდა მიეკუთვნებოდეს. თუმცა, აქაც შევნიშნავ, რომ ეს ნივთიც ცალკე კვლევის საგანია. საყურადღებოა, რომ ნამოსახლარზე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის ადგილობრივი საბეჭდავებიც, რომელთა ზედაპირი სხვადასხვა სახითაა შემკული. მათ შორისაა ნაცრისფერკეციანი საბეჭდავი (მას ყურადღება მიაქცია პროფ. ნ.სამსონიამ, რომელმაც დაამუშავა ასევე მესოპოტამიური საბეჭდავებიც), რომელზეც ცენტრიდან ოთხ მხარეს გასული ხაზები/სხივები იშლება. იგი ზუსტი ანალოგიაა იმ არქაული საბეჭდავებისა, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ცნობილი მესოპოტამიიდან. არ არის გამორიცხული, რომ ეს საბეჭდავი სწორედ მესოპოტამიურების ყველაზე ადრეული ადგილობრივი მინაბაძია.

2. ურთიერთობების ქრონოლოგიურად მომდევნი საფეხური და სხვა მიმართულება განეკუთვნება ძვ.წ. VIII-VII სს-ს. კოლხეთთან შესაძლო ანალოგიის თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებულია ძვ.წ. VII საუკუნის ფენაში აღმოჩენილი  ტერაკოტის ფიგურის ნაწილი - პროტომა, უფრო ზუსტად, ცხოველის თავი (ტაბ.5.1). მისი ზუსტი იდენტიფიცირება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ცხენის თავი, რომელსაც რამდენადმე სტილიზებული ფორმა აქვს. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს მისი სრული იდენტურობა კოლხეთში გათხრილ კოლექტიურ სამარხში აღმოჩენილ მცირე პლასტიკის ერთ-ერთ ნიმუშთან. ეს არის ცხენი, რომელზეც ქალი-ღვთაება ზის [Mikeladze, 1995: 20]. ცხენების ქანდაკებებს საერთო აქვთ არა მხოლოდ სტილი, არამედ აღვირის მიმანიშნებელი რგოლიც, რომელიც ცხვირზე ზემოდანაა გადმოტარებული. სწორედ ამ ატრიბუტის გამო ვთვლი ამ ფიგურას ცხენის გამოსახულებად. მიმაჩნია, რომ გრაკლიანზე აღმოჩენილი ცხენის ფიგურა კოლხური ცხენოსანი ქალის ქანდაკების ერთადერთი ტერაკოტის რეპლიკაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცხენოსანი ქალი-ღვთაებების გამოსახულებათა გენეზისი დიდი ხანია, რაც დისკუსიის საგანს წარმოადგენს [ლორთქიფანიძე, 2002: 183]. მაგალითად, კუნძულ სამოსზე აღმოჩენილი მხედარი ქალის ბრინჯაოს ქანდაკების შესაძლო დამზადების ადგილად თავიდანვე მიჩნეულია კოლხური არეალი [Vojatzis, 1992: 259-279]. მართლაც, კოლხეთის საზღვრებს მიღმა, აღმოსავლეთით და სამხრეთით - ანატოლიის ოლქში, მხედარი ქალის არც ერთი ფიგურა არ დადასტურებულა, რაც შესაძლოა, მართლაც, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ფიგურის კუნძულ სამოსზე არსებობა კოლხეთთან ურთიერთობის შედეგია (თუმცა, ასევე შესაძლოა, რომ ამ ურთიერთობებს სისტემატური ხასიათი ჯერ კიდევ არ ჰქონოდა). მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კავკასიასა და კონტინენტურ საბერძნეთში აღმოჩენილი ერთი და იმავე ტიპის ფიგურების კონცეპტუალური იდენტურობა. ამავე დროს აბსოლუტურად ცხადია ის გარემოება, რომ ცხენოსანი ქალის ფიგურა მზადდებოდა სხვადასხვა რეგიონის სახელოსნოებში. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცხენოსანი ქალის მოხატული ტერაკოტის ფიგურა ჰერაკლეას მუზეუმიდან (ძვ.წ. 1450-1100. X დარბაზი), რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე ადრეულია მსგავს ნიმუშებს შორის. იგი ამ ქანდაკებათა გენეზისის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია. ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ამ საკითხს: ეგეოსურ-კოლხური ურთიერთობები ძველი სამყაროს კარდინალურ სამეცნიერო პრობლემათა რიგს განეკუთვნება და, ამდენად, ყველა აღმოჩენასა და ინტერპრეტაციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამ თემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აღმოჩენა შეიძლება იყოს, აგრეთვე, მზეთამზის სამაროვანზე მოპოვებული დოქი, რომელიც მორფოლოგიური ნიშნებით იმეორებს ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების აღმოსავლეთ ქართულ კერამიკას, თუმცა, მისი დეკორი ამ ხანის კოლხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოსათვის სრულიად უნიკალურია და პარალელებს უფრო საბერძნეთის გეომეტრიული ხანის კერამიკასა და კოლხურ ცულებთან ამჟღავნებს. მე მხედველობაში მაქვს მეანდრის გამოსახულება, რომელიც, ჯ.ვითლის გამოკვლევების მიხედვით, იმ ჰორიზონტალურ მეანდრთა რიგს განეკუთვნება, რომელიც გვხვდება ჭურჭლის ყურის ზონაში და ჩნდება ძვ.წ. IX საუკუნიდან [Whitley, 1991]. თუმცა, ზუსტად იგივეა გვიანგეომეტრიულ II პერიოდშიც (VIII ს-ის ბოლო, ძვ.წ. 770-40 წწ.). ამავე თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა კიდევ ერთი ჭურჭელი მზეთამზის სამაროვნიდან - სასმისი, რომლის ტანი ფრიზებადაა დაყოფილი, რაც სრულიად უცხოა როგორც კოლხური, ისე აღმოსავლეთქართული კერამიკისათვის და სრულიად ბუნებრივია გეომეტრიული ხანის საბერძნეთისათვის. საინტერესოა, რომ ამ სასმისს აქვს ფრიზებში ჩასმული სამკუთხედები, რაც განსაკუთრებით ფართოდ ვრცელდება სწორედ ამავე ხანის - ძვ. წ. VIII საუკუნის ბერძნულ კერამიკულ წარმოებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეანდრი სწორედ ამ ხანაში ჩნდება აღმოსავლეთ ანატოლიაში (კონიას არეალი), საიდანაც უფრო ადვილად შეიძლებოდა მოხვედრილიყო კავკასიაში. მაგრამ ეს ვარაუდი მიუღებელი ჩანს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მზეთამზის სამაროვანზე ორივე ნივთი, ისევე როგორც აქ მიკვლეული "სკვითური" ისრის პირები, მკვეთრად კოლხური არტეფაქტების კომპლექსშია აღმოჩენილი. ამის გამო, ვფიქრობ, რომ ისინი დასავლური გზით უნდა მოხვედრილიყვნენ სამცხეში. თუ კონტექსტების მიხედვით ვიმსჯელებთ (და ეს, ალბათ, მართებული გზაა), შესაძლოა ამავე მოსაზრების დასტურია ისიც, რომ თრელი გორებზე აღმოჩენილი ზოომორფული ჭურჭელი, რომელსაც ანალოგიები აქვს როგორც ბერძნულ სამყაროში (მაგ., გვიანელადური C პერიოდის ჭურჭელი ატიკიდან, პერატიდან, როდოსიდან და სხვა), ისე აღმოსავლეთში, განხილული უნდა იქნეს არა ბერძნულ, არამედ აღმოსავლურ გავლენად იმის გამო, რომ ისინი არანაირ დასავლურ კონტექსტს არ შეიცავს და მთლიანად ლოკალურ და აღმოსავლურ გარემოში ექცევა. ამავე კონტქსტში ყურადღებას იქცევს ისიც, რომ, მიუხედავად კოლხური ელემენტების მომძლავრებისა, ძვ.წ. VIII-VII სს-ში კოლხეთის ტერიტორიის აღმოსავლეთითა და სამხრეთით არ შეინიშნება ისეთი პრესტიჟული კოლხური ნივთის გავრცელება, როგორიც, მაგალითად, მხედარი ქალღმერთების ქანდაკებაა. ასევე არ ჩანს ამავე ხანის კოლხეთის საკულტო ძეგლებისათვის უკვე ტიპური ტერაკოტის ფიგურები კოლხეთის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიებზე [Nasidz... 1990]. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება გარკვეული სკეფსისი ძლიერი კოლხური ინიციატივის სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებულ გააქტურებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ეს აღმოჩენები ჯერჯერობით ბერძნულ-კოლხური ადრეული ურთიერთობების სპორადული ხასიათის მანიშნებლად უნდა ჩავთვალოთ [ლორთქიფანიძე, 2002: 190]. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ის აღმოჩენები, რომლებიც კუნძულ სამოსზეა გაკეთებული და კოლხურ სამყაროსთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ჩემი აზრით, დასაზუსტებელია ამ ნივთების კუნძულ სამოსზე მოხვედრის ლოგიკა და კანონზომიერება, ანუ სხვა სიტყვებით, წარმოადგენენ თუ არა ისინი ამ მიმართულებით ძლიერი კოლხური იმპულსის მაჩვენებელს. ჩემი აზრით, ეს საკითხი მარტივად წყდება კუნძულ სამოსზე უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგების გათვალსიწინებით. იმ ვოტივების არქეოლოგიური კონტექსტი, რომლის ნაწილიც მხედარი ქალის ქანდაკებაა, არის შემდეგნაირი (გამოყენებულია ჰ. კირილაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების შედეგები) [Kyrieleis, 1993: 125-153]: შეწირული შინაური ცხოველების ნაშთები (სჭარბობს ხარის, შემდეგ - ძროხისა და  ცხვრის, თხისა და ღორის ძვლები); უნიკალური გარეული ცხოველების ნაშთები (ეგვიპტური ნიანგის თავის ფრაგმენტი, აფრიკული ანტილოპას თავი და რქა); გასაოცრად ბევრი ტერაკოტის ფიგურა - ბროწეულისა და ყაყაჩოს ღეროები, მათი კურკები და ფიჭვის გირჩები (რომელიც აქ არ იზრდება); სპილოს ძვლისაგან დამზადებული ლომის ეგვიპტური ქანდაკება; მამაკაცის ორი ბაბილონური ფიგურა; ხომალდების სტილიზებული მოდელები (რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობდნენ ჰერასადმი მიძღვნილ დღესასწაულებში) და მრავალი სხვა. ამდენად, აქ საუბარია იმპორტულ ნივთებზე, რომლებიც მოდიოდა ბაბილონიდან, ფინიკიიდან, ირანიდან, ასურეთიდან, ურარტუდან და კვიპროსიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აგრეთვე: ხის სკამი ცხენების გამოსახულებით;  ცხენის ტრაპეციის ფორმის აღმოსავლური წარმოშობის საშუბლეები; დიდი რაოდენობით ცხენის ბრინჯაოს აღკაზმულობა, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება არც ერთ ბერძნულ ტაძარში. ამის საფუძველზეც აღიარებულია, რომ არქაულ ხანაში ჰერას აქვს სპეციფიკური ნიშანი - იგი არის სწორედ ცხენებისა და მხედრების (sic!) მფარველი ღვთაება. ამ ფონზე კოლხური ქანდაკების აქვე აღმოჩენის ფაქტი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა - იგი ისევე, როგორც სხვა ნივთები, კოლხური კულტურის არეალში მოხვედრილი რომელიმე მოგზაურის/ვაჭრის მიერ იქნა შეწირული ჰერასადმი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ერთ ნიშანდობლივ ფაქტს, რომ ეგეოსიდან აღმოსავლეთით, კოლხეთის გარეთ - ანატოლიის არეალში -  ანალოგიური მხედარი ქალის არც ერთი ბრინჯაოს ქანდაკება არ აღმოჩენილა, მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ მისი აქ გამოჩენა უშუალოდ კოლხეთთან კავშირის (შესაძლოა, სულაც ერთჯერადის) შედეგია. ამასთან, მისი ერთეული ხასიათი იმისი მაუწყებელია, რომ ამ დროს რაიმე რეგულარულ ურთიერთობაზე საუბარი ეგეოსურ სამყაროსა და კოლხეთს შორის ჯერ კიდევ ნაადრევია. მაგრამ ამ შემთხვევაში ასახსნელი რჩება ის აშკარა თემატური იდენტურობა, რომელიც კონტინენტურ საბერძნეთსა და კოლხეთში აღმოჩენილ ქანდაკებებს შორის არსებობს. თუმცა აშკარაა ისიც, რომ, როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია უკვე მიღებული, ამ საერთო  კონცეფციის შესაბამისად, მხედარი ქალების ფიგურები იწარმოებოდა სხვადასხვა რეგიონალურ სახელოსნოში. ამგვარად, კუნძულ სამოსზე კოლხური ქანდაკების აღმოჩენა კოლხურ - ეგეოსურ ურთიერთობათა თვალსაზრისით შემთხვევითი ჩანს (თუმცა, უკვე გარკვეული საერთო ინტერესების  მიმანიშნებელია), ხოლო ჰერაიონის ფუნქციის თვალსაზრისით კი - სრულიად ლოგიკური. უფრო აქტიური ურთიერთობა კოლხეთთან ჩანს ადრეანტიკურ და ელინისტურ ეპოქაში. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს გრაკლიანი გორის გათხრებიდან: პირველ რიგში, ეს არის ვერცხლის სხივანა საყურეები/საკიდები. მსგავსი სახის მასალა ტიპურია ძვ.წ. V-III სს-ის კოლხური სამარხეული ინვენტარისათვის, თუმცა, კოლხურთან შედარებით მცირე ზომის, რამდენიმე ვერცხლის ნიმუში სამცხისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც აღმოჩნდა. ამ "დაკნინებული" ფორმებისაგან განსხვავებით, გრაკლიანის ნიმუშები მასიურია და თითქმის კოლხურის ზომისაა. ამასთან, გრაკლიან გორაზე შენარჩუნებული ჩანს სხივანა საყურეების/სასაფეთქლეების მაინცდამაინც ქონებრივად გამორჩეულ - მდიდრულ კონტექსტში ჩადება. თუმცა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის სხვაობა - გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ცალები ვერცხლის გრეხილი მავთულისგან არის ნაკეთები და არც ჩიტებისა და ვარდულის გამოსახულებები ამკობს. ასევე, კოლხური ოქროს რეპლიკად მიმაჩნია მცირე ზომის ყელსაბამის ვერცხლის დისკოსებრი საკიდები, რომელსაც ანალოგიები მოეპოვება საირხეში.

3. საინტერესო მოვლენები განვითარდა I ათასწლეულის შუა ხანების კავკასიაში, რაც აქემენიდური ირანის გააქტიურებას გულისხმობს. აღარ გავიმეორებ ცნობილ მოსაზრებებს სატრაპიებში და აქემენიდურ არმიაში ქართველურ ტომთა გაერთიანებების შესახებ (კავკასიაში და მის სამხრეთით) [Hdt, III: 94]. აქემენიდური აქტივობა აშკარაა ისეთი საყრდენი ადმინისტრაციული ცენტრების აღმოჩენებით, როგორებიცაა: გუმბათი [Knauss, 2001], ყარაჯამირლი [Babaiev... 2007], სარი-თეფე, დრახსჰანაკერტი, არინ-ბერდი, ერვანდაშატი [Ter-Martirossov, 2001; Kanetsyan, 2001]. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გუმბათისა და სხვა აქემენიდური სასახლეების მშენებლები მოწვეულნი იყვნენ ირანიდან ან ანატოლიიდან [Knauss, 2001], რაც სრულიად ლოგიკური ჩანს, რადგან Kკარგად არის ცნობილი ის, თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ცენტრალური კავკასია აქემენიდური ირანის პროდუქციით [Lortkipanidze, 2001: 28-71]. პირველ რიგში, ნიშანდობლივია ყოველდღიური მოხმარების მოხატული კერამიკა (ტაბ.7) და სამკაული გრაკლიანი გორის აქემენიდური აღმოჩენებიდან აღსანიშნავია მინის კოლ-ტუბი (ტაბ.2; სამარხი 217). როგორც ცნობილია, მინის კოლ-ტუბები კავკასიაში იშვიათია. საქართველოში მოპოვებულთაგან ფიჭვნარის კოლ-ტუბის თარიღი (I ჯგუფი. D.Barag-ის მიხედვით) მიეკუთვნება ძვ.წ. V ს-ის II მეოთხედს [Kakhidze, 2007: 109-117]. იმავე ტიპის ჭურჭელი აღმოჩენილია ვანში. იგი ძვ.წ. V ს-ით თარიღდება [Phuturidze, 1972: 111-135]. დ.ბარაგის კლასიფიკაციის მიხედვითაც, იგი დაახლოებით ასევე, ძვ.წ. V ან IV სს-ით, თარიღდება. ასეთივე თარიღებს ასახელებს მ.ფირცხალავა [ფირცხალავა, 1983: 79-86]. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვა ჭურჭელი (მაგ., ენაგეთი, ტახტიძირი), ძირითადად, ძვ.წ. V ს-ით ან ძვ.წ. IV ს-ის დასაწყისით თარიღდება. გრაკლიანი გორის კოლ-ტუბიც D.Baragის კლასიფიკაციის I ჯგუფს განეკუთვნება და თარიღდება ძვ. წ. V ს-ის მეორე ნახევრით [Barag, 1975: 26-28]. კარგად არის ცნობილი, რომ უფრო მკვეთრი აქემენიდური გავლენა დაფიქსირებულია ქართლის ისეთ ძეგლებზე, როგორებიც არის ციხია-გორა და სამადლო, ხოლო კოლხეთში - ვანი. ამ უკანასკნელში აქემენიდური გავლენის შესახებ ძვ.წ. IV - III სს-ის არქიტექტურაში ჯერ კიდევ 1991 წელს ვწერდი [ლიჩელი, 1991]. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ვანში აღმოჩენილი კირქვის ფრიზის ფრაგმენტი, რომელზეც შემორჩენილია ეტლისა და მეეტლის რელიეფური გამოსახულება. ამ არქიტექტურულ დეტალზე აქემენიდურია ეტლის გამოსახულება, რომელსაც "კოპებიანი" ბორბლები აქვს. მსგავსი ბორბლების მქონე ეტლის გამოსახულება ამოკვეთილია დარიოსის საბეჭდავზე [Starr, 1977: 231]. ანალოგიურია ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ოქროს ეტლის ბორბლები [Boardman, 2003: 191-238]; იდენტური ბორბლები აქვს აპადანას რელიეფზე გამოსახულ ეტლს ორი პონით [Littauer, 1979: 144-149]. ეს არქიტექტურული დეტალი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ მონუმენტური სტრუქტურის ფრიზის ნაწილად (შემორჩენილი საღებავის კვალი მიგვანიშნებს, რომ ფრიზი მოხატული იყო), იმის დამადასტურებელია, რომ ვანში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო კოლხური რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი, აქემენიდური გავლენა შემორჩა ელინისტურ ხანამდე. ფრიზის ეს ნაწილი არის ბერძნული და აქემენიდური ელემენტების ისეთი სინთეზი, როგორიც ელინისტური ხანის დასაწყისში უნდა არსებობდეს (ეს ფრიზი ინტერპრეტირებულია ეოსის გამოსახულებად) [ლორთქიფანიძე, 2002: 232-233]. ამასთანავე,  ფრიზი და ცენტრალურ ტერასაზე გამოვლენილი მონუმენტური კედელი ვანში, ძვ.წ. IV-III სს-ში აქემენიდური ტრადიციების არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. ვანის ცენტრალურ ტერასაზე ორმაგპროტომიანი კაპიტელის აღმოჩენამ დაადასტურა ჩემ მიერ გამოთქმული ვარაუდი [ლიჩელი, 2001: 39]. აქემენიდურ კულტურასთან ურთიერთობის თვალსაზრისით საყურადღებოა, აგრეთვე, გრაკლიანი გორის სამარხებში აღმოჩენილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დისკოები აქემენიდური ტიპის ორნამენტით (ტაბ.2), რომლებიც იდენტურია აქემენიდური თასების ძირების იმ ორნამენტული სახისა, რომელიც გავრცელებული ჩანს ძველ საქართველოში (მაგ., ახალგორის განძის თასები - ძვ.წ. IV ს.) [Lortkipanidze, 2001: 28-71] და, საზოგადოდ, შავი ზღვის აუზსა და დასავლეთ ანატოლიის სხვადასხვა ოლქში [Treister, 2007: 84-91].

4. გარე სამყაროსთან  ურთიერთობების მეოთხე მიმართულება გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით ვლინდება ბერძნულ სამყაროსთან / ანატოლიასთან, რომელიც კავკასიაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ფიბულების გამოჩენით დაიწყო [Licheli, 1999] და "სამადლოს ტიპის" კერამიკით გაგრძელდა. გრაკლიან გორაზე გაითხარა სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ფარაკიანი ბეჭედი ფიგურის გამოსახულებით (საფიქრებელია, "პანი-მუსიკოსის", რაც, შესაძლოა, გაცილებით ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, რადგან სილუეტურად ჩანს თხის ფეხები. თუმცა, რამდენადმე მსგავსი მარსიასის ფიგურაცაა ცნობილი).

5. ასევე საყურადღებოა იეროგლიფურწარწერიანი ეგვიპტური სკარაბეოიდის აღმოჩენა (ტაბ.2) გრაკლიანი გორის №217 სამარხში, რადგან ამ პერიოდში (ძვ.წ. V-IV სს.) ისინი, როგორც ჩანს, ფართოდ ვრცელდება დასავლეთ საქართველოში და გვხვდება სამხრეთშიც (მაგ., აწყურის №04-4 სამარხში მოპოვებული ნივთები). ამ დროს სკარაბეოიდებს მძივებად იყენებდნენ; ამას ადასტურებს მათი აღმოჩენები გარდაცვლილთა გულ-მკერდის არეში მძივებთან ერთად. ბუნებრივია, რომ ეს ნივთი, როგორც აქვე აღმოჩენილი თვალადი მძივები (ტაბ. 2), კავკასიაში ბერძენი ვაჭრების აქტური საქმიანობის შედეგად არის შემოსული. ამ ურთიერთობათა შედეგია სხვადასხვა დროს სხვადასხვა და თანაც საკმაოდ დაშორებულ რეგიონში დამზადებული ნივთების გრაკლიან გორაზე მოხვედრის ფაქტი. ამგვარად, გრაკლიანი გორის აღმოჩენები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ამიერკავკასიის ცენტრალურ მონაკვეთზე მისი შედარებით მარტივი და მოხერხებული, ამასთან სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსადეგი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო კონცენტრირებული იყო სავაჭრო აქტივობის ძირითადი მიმართულება, რასაც ახლდა ურთიერთშექცევადი პროცესი: ასეთი გარემო განაპირობებდა საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ბალანსის მქონე დასახლების არსებობას, რასაც ახლდა გზის ამ სამოსახლოსთან მოახლოების ტენდენცია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ სამოსახლოს არსებობისათვის გარკვეულ ქრონოლოგიურ მონაკვეთებში პრიორიტეტული ხდებოდა ამავე გზის არსებობა. არ შეიძლება, რომ მესოპოტამიური საბეჭდავების აღმოჩენა გრაკლიან გორაზე შემთხვევითი იყოს; არც გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ერთმანეთისაგან განსხვავებული სატაძრო კომპლექსებია აქ შემთხვევით თავმოყრილი და არც ქვედა ტერასის უნიკალური სატაძარო ("დასავლეთი ტაძარი") კომპლექსია შემთხვევით აგებული; სრულიად აშკარაა სამოსახლოს არაერთგზის დაკნინებისა და კვლავ აღზევების ფაქტიც, რაც ამ ადგილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ყველაფერი ზემოთქმული მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით იყო გამოწვეული თუ ამ გორას რაიმე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, ამაზე პასუხს მხოლოდ მომავალი გათხრების შედეგები გასცემს. ნებისმიერ შემთხვევაში სამოსახლოს დიდ ქრონოლოგიურ მონაკვეთში არსებობისა და აქ მიკვლეული არტეფქტების ხასიათის გამო გრაკლიანი გორის სამოსახლო და სამაროვანი ცენტრალური ამიერკავკასიის ეტალონურ ძეგლთა შორის უნდა იქნეს განხილული.

ლიტერატურა:

  1. აბრამიშვილი რ. - 1978 დიდი თბილისის ექსპედიციის მუშაობის ძირითადი შედეგები. თბილისის არქეოლოგიური ძეგლები. ტომი I. თბილისი.
  2. ლიჩელი ვ. - 2001 კოლხეთისა და იბერიის კულტურის საკითხები. თბილისი.
  3. ლიჩელი ვ. - 1991 ძველი საქართველო ელინისტური სამყაროს სისტემაში. სადოქტორო დისერტაციის ავტორეფერატი. თბილისი.
  4. ლორთქიფანიძე ო. - 2002 ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბილისი.
  5. ნიკოლაიშვილი ვ. გავაშელი ე. - 2007 ნარეკვავის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.
  6. სამსონია ნ. - 2008 შუამდინარული გლიპტიკა. თბილისი.
  7. ფირცხალავა მ. - 1983 მინის ჭურჭელი. ვანი VII. თბილისი.
  8. ფიცხელაური კ. - 1973 აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.). თბილისი.
  9. ხინდაძე ნ. - 1979 ელინისტური ხანის მედაბურის სახლი უფლისციხე-ბამბებიდან. ძეგლის მეგობარი. №52.
  10. Amiet, P. - 1980 La Gliptique Mesopotamienne Archaique. Paris.
  11. Babaiev, I., Gagoshidze, I. Knaus, F. - 2007 An Achaemenid “Palace” at Qarajamirli (Azerbaijan), Preliminary Report on the Excavations in 2006, In: Achaemenid Culture and Local Traditions in Anatolia, Southern Caucasus and Iran. New Discoveries, Brill.
  12. Barag, D.P. - 1975 Rod-formed Kohl-tubes of the Mid - first Millennium BC. Journal of Glass Studies. N 17.
  13. Boardman, J. - 2003 Die Perser und Der Western.Mainz am Rhein. In Kulturgeschichte Der Antike Welt. Band 96.
  14. Bollingen Series - 1949 Corpus of Ancient Near Eastern Seals in North American collections. the XIV Pantheon Book.
  15. Colloon, D. - 1987 First Impressions. Cylinder Seals in the Ancient Near East. British Museum Press.
  16. Edwards I.E.S., Gadd C.J., Hammond N.G.L - 1971 The Cambridge ancient History Volume 1, Part 2. Herodotus III, 94.
  17. Kakhidze, A. - 2007 Iranian Glass Perfume Vessel from the Pichvnari Greek Cemetery of the Fifth Century BC. In Achaemenid Culture and Local Traditions in Anatolia Southern Caucasus and Iran. New Discoveries, Brill.
  18. Kanetsyan, A. - 2001 Urartian and Early Achaemenid Palaces in Armenia, In : The Royal Palace Institution in the First Millennium B.C. Monographs of the Danish Institute at Athens
  19. Knauss, F. - 2001 Persian Rule in the North. Achaemenid Palaces on the Periphery of the Empire, In: The Royal Palace Institution in the First Millennium BC. Monographs of the Danish Institute at Athens Vol.4.
  20. Kyrieleis, H. - 1993 The heraion at Samos, In: Greek Sanctuaries. New approaches. N-Y.
  21. Licheli, V. - 1999 Phrigian fibulae in Transcaucasia: their diffusion route, In: Proceedings of the First International Conference on the Archaeology and History of the Black Sea. Amsterdam.
  22. Littauer M.A, Crouwel J.H, - 1979 Wheeled vehicles and ridden animals in the Ancient Near East, Leiden/Koln. Brill.
  23. Lortkipanidze, O. - 2001 The “Akhalgori Hoard”-Attempt at dating and Historical interpretation. In: Dziebani (The Journal of the Centre for Archaeological Studies), # 11. Tbilisi.
  24. Mikeladse, T. - 1995 Grosse Kollektive Grabgruben Der Fruhen Eisenzeit in Kolchis, In: Archaologischer Anzeiger. Berlin, New York.
  25. Nasidz, H., Licheli ,V. - 1990 L’aire de diffusion de la culture colchidienne, In: Le Pont-Euxin vu par les Grecs Symposium de Vani (Colchide) – septembre-octobre 1987. Paris.
  26. Phuturidze ,R. Khoshtaria, N. Chkonia D - 1972 Results of the excavations carried out in the north-eastern part of the Vani Settlement, In : Vani I. Tbilisi.
  27. Starr, Ch. G. - 1977 Greek and Persians in the fourth Century BC., Iranica Antiqua, vol. XII.
  28. Ter-Martirossov, F. - 2001 The Typology of the Colomnar Structures in Armenia in the Achaemenid Perod. In : The Royal Palace Institution in the First Millennium BC.Monographs of the Danish Institute at Athens, 2001,Vol. 4.
  29. Treister, M. Yu. - 2007 The Toreutics of Colchis in the 5th – 4th cc BC Local Traditions, Outside Influence, Innovations In : Achaemenid Culture and Local Traditions in Anatolia, Southern Caucasus and Iran. New Discoveries. Brill.
  30. Vojatzis, M. - 1992 Votive Riders Seated Side-Saddle at Early Greek Sanctuaries, Annual of the British School of Archaeology at Athens. N 87.
  31. Whitley, J. - 1991 Style and Society in Dark Age Greece, Cambridge _ MOT 01