There are no translations available.
<უკან დაბრუნება
დელიტე - ქრისტიანული ძეგლი ინგუშეთში, ცვილამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან გამავალი ისტორიული გზის მახლობლად, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ინგუშური კულტურის აკვანს - მდ.ასას სათავეებს დარიალის რაიონთან. იგი მდებარეობს მდინარე ასის ერთ-ერთი პატარა შენაკადის სათავესთან სოფელ ყართში აღნიშნული სოფელი სამანქანო გზიდან, რომელიც არმხის ხეობის სოფელ ხულამდე ადის და 17 კილომეტრითაა დაცილებული. ძეგლი სოფლის ჩრდილოეთით, საკმაოდ მაღალი გორაკის თავზეა აგებული. როგორც ჩანს, ქრისტიანული საკულტო ძეგლი აგებულია ისეთ ადგილას, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს წმინდად მიაჩნდათ. გორაკის თავი მოსწორებული, ვაკე ადგილით თავდება. მისი ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფერდები ფოთლოვანი ტყითაა დაფარული.
ინგუშები მას დელიტეს (დოლტე) უწოდებენ, რაც ნიშნავს „ღმერთისაკენ“ (მიმავალ გზას). აღნიშნულ ნაგებობას ე.კრუპნოვი უწოდებს „დოლტე"-ს საკურთხეველს. მ.მუჟუხოევი მას იხსენიებს ტერმინით - „დოლტე“ ("დელიტე"). ვს.მილერი მთას უწოდებს „დელიტე"-ს („დოლტე") და ამ ტერმინს განსაზღვრავს როგორც დელი - ღმერთი და ტე - წვერი, ზედაპირი, მწვერვალი. მე-19 ს-ის მხარეთმცოდნე გ.ვერტეპოვი, რომელიც იყო ძეგლის უშუალო თვითმხილველი, მიუთითებდა, რომ ნაგებობის სახურავზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმართული იყო რკინის ჯვრები. სამლოცველოს სახელწოდება მთიელთა წარმოდგენაში უკავშირდება ვაინახების (ჩაჩნები და ინგუშები) პანთეონის უმაღლესი ღვთაების დელის (დვალი) სახელს. პროფ. ბ.ალბოროვი ტეში მრავლობითობის მაჩვენებელს ხედავს და თვლის, რომ სიტყვა უნდა იკითხებოდეს როგორც „ღმერთები“. ხამხის, ცორისა და აკინის საზოგადოებების მოსახლეობას სოფ.ყართთან საერთო სალოცავი თუშოლი გააჩნიათ. ასევე მეცხალის, ჯერახისა და ბარის საზოგადოებების მოსახლეობას თუშოლის თავის სალოცავი გააჩნდათ მოხდეში. აღნიშნულ სალოცავებთან მოსახლეობა ზაფხულში იკრიბებოდა და გარკვეული რიგის წეს–ჩვეულებების შესრულების შემდეგ მიემართებოდა მთა დელიტესავენ. თვითონ ის ფაქტი, რომ თუშოლის დღესასწაულის შემდეგ სხვადასხვა საზოგადოების მოსახლეობა სალოცავად დელიტესკენ მიდოდა მიგიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ეს სალოცავი და მისი ღვთაება თუშოლზე მეტი ღირსებისა უნდა ყოფილიყო და თუშოლის მერე საჭირო იყო კიდევ უფრო უმაღლესი, უზენაესი ღვთაების თაყვანისცემა. ამასთან, ეს სალოცავი ერთი სოფლის ან საზოგადოებისა კი არ იყო. არამედ რამდენიმე საზოგადოების. აქედან გამომდინარე, შესაძლოა დელიტე უზენაეს, უმაღლეს ღმერთს, ღვთაებასაც ნიშნავდეს. ამ უზენაეს ღვთაებას, ისევე როგორც ინგუშეთის ღვთაებათა პანთეონის შემადგენელი ღმერთების მეტ ნაწილს, თავისი სამყოფელი, ტაძარი გააჩნდა, რომელსაც ინგუშები ელპიც–ს უწოდებდნენ. როგორც აღვნიშნეთ, დღესასწაული ზაფხულში ტარდებოდა. მოსახლეობას თან მიჰქონდა არაყი, ლუდი, სამკუთხა პური; მიჰყავდათ ცხვრები. აღწერილ ნაგებობასთან ხალხი ლაგდებოდა გარკვეული თანმიმდევრობით. თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი ქურუმი ერთ ხელში სასმელს იკავებდა, მეორეში პურსა და ხორცს და უზენაეს ღვთაებას ხმამაღლა შესთხოვდა კეთილდღეობას, კარგ მოსავალს, საქონლის სიმრავლეს, წვიმას გვალვისას, ავადმყოფობისაგან დაცვას და სხვ. ამის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო ნადიმი, რომელიც გვიანამდე გრძელდებოდა.
დელიტეს საკულტო შენობა წარმოადგენს ნაკლებად დახვეწილ და შედარებით ასიმეტრიულ, მაგრამ მყარ სწორკუთხა, აღმოსავლეთ – დასავლეთ ღერძზე დამხრობილ ნაგებობას (8,9X4,3 მ), რომელიც ფიქლის საფეხურებიანი ორფერდა ”სახურავით მთავრდება. ნაგებობის გეგმა წარძელებულ სწორეუთხედშია მოქცეული, თაღოვანი შესასვლელი დატანებულია სამხრეთ კედელში. შიდა სივრცე თაღის მეშვეობით ორ ნაწილადაა გაყოფილი, გამყოფი თაღის გარდა, შიდა სივრცეში დადასტურებულია ორი შეკიდული თაღი. კედლების გასწვრივ გაკეთებულია დაბალი საფეხურები დასაჯდომად. აღმოსავლეთ კედელზე შიგნიდან მიშენებულია უხეში ფორმის, სამ ნიშიანი სვეტი - საკურთხეველი, რომლის შუა ნიშის სიღრმეში ჯვარია გამოკვეთილი. დიდი ზომის გოლგოთიანი ჯვრები გამოყვანილია დასავლეთ და აღმოსავლეთი კედლების გარე ფასადების წყობაში.
ნაგებობის გარეთა გაბარიტებია: სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლიბის სიგრძე ტოლია და უდრის 8,8 მ. აღმოსავლეთის კედლის სიგრძე 3,99 მ-ია, დასავლეთისა კი - 3,38 მ. სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების სიგანეები თითქმის თანაბარია და 0,55 მ შეადგენს, ხოლო აღმოსავლეთის კედლის სიგანე 0,77 მ.-ია. კედლის წყობაში გამოყენებულია კარგად მოსწორებული ფლეთილი ქვა და ფილაქანი. ქვები ერთმანეთთან კირის დუღაბითაა დაკავშირებული. ნაგებობაში შესასვლელი კარი სამხრეთის კედელშია მოქცეული. კარს ნაოთხალები გააჩნია. ნაოთხალებს შორის სიგანე 0,6 მ.-ია. კარის სიმაღლე - 1,37 მ. შეადგენს. კარს 0,30 მ რადიუსიანი ნახევარწრიული თაღი აგვირგვინებს, ნაოთხალების შიგნით კარის ღიობის გვერდით კედლებში საურდულე ხვრელებია ზღურბლიდან 0.68 მ სიმაღლეზე. მისი ზომებია 0,10X0,10 მ; კარიდან მარცხენა კედელს საურდულე ხვრელი მთელ სიგრძეზე მიჰყვება და დასავლეთის კედელში გადის. ნაგებობა გარედან იკეტებოდა და შესაბამისად კარის მოხურვის შემდეგ ურდულის გაყრა თუ გამოღება გარედან უნდა მომხდარიყო. კარის დაკეტეისას გამოწეულ ურდულს ხელით ან ხის ჯოხით შეაცურებდნენ საურდულე ხვრელში, დასავლეთის კედლიდან. ურდულს ამ მხრიდან თოკი ჰქონდა მობმული, რომლის ერთი ბოლო საურდულე ხვრელის გარეთ რჩებოდა. გაღებისას თოკის საშუალებით ურდულს გარეთ გამოსწევდნენ. ურდულსა და კარის ფრთას დღევანდლამდე არ მოუღწევია. სამხრეთის კედელში სათავსის გასანათებლად ორი სარკმელია დატოვებული, რომლებიც იატაკის დონიდან 1,65 მ.-თაა დაცილებული. მათი სათავსის მხარის სიგანეები 0,44—0,30 მ შეადგენს, ფასადისა კი შესაბამისად 0,15–0,12 მ. ერთი სარკმელი აღმოსავლეთის კედელშია მოქცეული, იატაკის დონიდან 390 მ სიმაღლეზე. კედლების წყობაში სათავსის მხარეს უამრავი სხვადასხა ზომის ნიშია დატოვებული. სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს ექვსი სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის ნიშია. მათგან ყველაზე დიდის სიმაღლე 0,57 მ აღწევს. ნიშების ნაწილი ოთხკუთხა მოყვანილობისაა, ნაწილი კი შეისრული თაღით მთავრდება. გარდა აღნიშნული ნიშებისა სამხრეთის კედლის წყობაში მიწის დონიდან დაახლოებით 2 მ–ის სიმაღლეზე ერთრიგადაა განლაგებული ცხოველის თავის ქალები (სულ 13) ისინი იმდენადაა დაზიანებული, რომ ძნელია გამოცნობა ჯიხვისაა, ირმის თუ ცხვრისა. თავის ქალები ერთმანეთისაგან 0,5-0,7 მ.-ითაა დაცილებული. კედლებით შემოზღუდული სათავსის საერთო ფართი 19 კვ. მეტრია. ეს ფართი ორ არასწორ ნაწილადაა დაყოფილი ორი ბურჯით, რომლებიც შეისრულ თაღში გადადის (სურ.2–ა). თაღის წვერი იატაკიდან 2,58 მ–ითაა დაცილებული ამრიგად, ერთიანი ფართი გაყოფილია კარისწინა სათავსად და სათავსად, რომელიც აღმოსავლეთის კედელთანაა დაკავშირებული. თავის მხრივ, აღნიშნული სათავსებიც ორ მეტ–ნაკლებად ტოლ ნაწილადაა გაყოფილი კიდევ ორი შეისრული თაღით, რომლებიც იწყება იატაკის დონიდან 1 მ სიმაღლეზე, ხოლო შეისრული თაღების წვერები იატაკის დონეს 2,80 მ-ითაა დაცილებული
ჩაჩენ-ინგუშეთის მაღალმთიანეთისათვის ამ უნიკალური ნაგებობების თარიღისა და ისტორიული არსის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა ერთიანობა არ არსებობს. ცნობილი კავკასიისმცოდნე ე.კრუპნოვი ამ ძეგლს მიიჩნევდა „პირველყოფილ-წარმართული კულტმსახურების კერად“, მაგრამ მშენებლობის ხანის განსაზღვრისაგან თავს იკავებდა. არქეოლოგი მ.მუჟუხოევი, რომელმაც დელიტეს სამლოცველოს შიდა სივრცე გაასუფთავა, მას მიიჩნევს წმინდა ინგუშურ, XIII–XIV საუკუნეებისათვის დამახასიათებელ წარმართულ ნაგებობებად, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ არქეოლოგიური მასალა შუასაუკუნეების ამ ძეგლის დათარიღების საშუალებას არ იძლევა. ამდენად, მის მიერ შემოთავაზებული თარიღი ვარაუდს უფრო წარმოადგენს, ვიდრე დასაბუთებულ დასკვნას. არქიტექტორი ა.გოლდმტეინი საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ამ ობიექტს "გვიანი შუასაუკუნეების ქრისტიანული სამლოცველო“ ეწოდოს, ხოლო ეთნოგრაფი ვ.კობიჩევი დარწმუნებით ახასიათებს ნაგებობას, როგორც XV საუკუნემდე აგებულ „ქრისტიანულ ტაძარს“. მართლაც, გეგმარების, დიმხრობისა და შიდა სივრცის მკაფიო თავისებურებანი, ჯვრების გადამწყვეტი ხასიათი (მათ შორის გოლგოთიანი ჯვრებისა) გარეგან მორთულობაში, არავითარ ეჭვს არ იწვევს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ნაგებობა თავისი ფუნქციით მჭიდროდ დავუკავშიროთ ქრისტიანულ რელიგიას და მის რიტუალს. ამ "ძეგლის ერთი შეხედვით "წარმართული“ სახელწოდება, რაც დაკავშირებულია ადგილობრივ ღვთაებათა შორის უზენაესის - დელის სახელთან, ზემოთქმულს არ ეწინააღმდეგება. ჯერ ერთი, ამჟამად დადგენილია რომ სწორედ მონოთეისტური, უპირველეს ყოვლისა კი, ქრისტიანული მსოფლმხედველობის ზეგავლენით იგი ვაინახებისათვის გადაიქცა უზენაეს ღვთაებად -ყოვლისმპყრობლის სინონიმად (ს.უმაროვი, ვ.ვინოგრადოვი, ნ.ბარანიჩენკო). ხოლო მეორე ის, რომ გაუმართლებელია ტაძრის სახელწოდების ახსნისას ყურადღება არ მიექცეს ქართულ ქრისტიანულ ანალოგიებს, რომელსაც ვ.კობიჩევი გვთავაზობს (მაგ.დოლისყანის ძველი ტაძარი მდ.ჭოროხის ხეობაში). სხვა საქმეა, რომ დელიტე საკმაოდ უხეში ნაგებობაა, ”რომელიც დამძიმებულია ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციების ზეგავლენით (ფიქლით გაწყობილი “საფეხუროვანი სახურავი, საფეხური კედლების გასწვრივ და სხვ.), რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებს კავკასიის ეტალონურ ტაძრებისაგან. თუმცაღა ამას აქვს თავისი მიზეზებიც, რომლებიც უკავშირდება ძეგლის მშენებლობის დროსა და პირობებს. ჩვენ ყოველივე ამას განვიხილავთ კომპლექსურად, რაც აქამდე არავის არ უცდია. ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციის მომდევნო წლებში ე.შილინგი, ეყრდნობოდა რა საკმაოდ დამაჯერებელ ინგუშურ ხალხურ გადმოცემებს (რომლებიც, სხვათა შორის, ნაწილობრივ დღემდე შემორჩა), მივიდა დასკვნამდე, რომ დელიტე აგებულია XVII ს-ის დასაწყისში ხამხელთა ძლიერი და გავლენიანი თემის მიერ. სამწუხაროდ, ვაინახთა რწმენა - წარმოდგენების უთვალსაჩინოესი მკვლევარის ეს დაკვირვება არქეოლოგთა და ეთნოგრაფთა მიერ უსამართლოდ იქნა მივიწყებული. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მკვლევართა შორის ჩამოყალიბებული შეხედულების თანახმად, თითქოს XIV ს–ის შემდეგ ქართულ-ვაინახური ურთიერთობანი მთლიანად წყდება, და რომ, თითქოს, ქრისტიანული მისიონერობა გვიან შუასაუკუნეებში ჩვენს მთებში საქართველოს მხრიდან ქრება. სხვადასხვა წყაროს კომპლექსური შესწავლის შედეგად ამდაგვარი დასკვნის მცდარობა დღეისათვის სავსებით ნათელია.
აქედან გამომდინარე (შესაძლო შეიქმნა "უფრო დამაჯერებლად, და საბუთიანად შეფასდეს დელიტეს “სამლოცველო). ცნობილია, რომ გარეშე ძალთა გამანადგურებელი აგრესიის შედეგად, XVI-XVIII სს–ში თვით საქართველოში ქრისტიანობას ძნელი დრო დაუდგა. მაგრამ ასევე ზუსტად ცნობილია, რომ მეფე თეიმურაზმა საქართველოს მთიანეთში და მომიჯნავე მხარეებში ქრისტიანული რწმენის აღდგენა-განმტკიცებისათვის უაღრესად ენერგიული და არც თუ უშედეგო ღონისძიებანი განახორციელა. ამას შედეგად მოჰყვა თუშეთში, ფშავსა და სხვა რაიონებში მრავალი ეკლესიის აღდგენა და მშენებლობა, მათი სასულიერო ლიტერატურით აღჭურვა. ამ ღონისძიებათა მიღმა არც მაღალმთიანი ჩაჩნეთ-ინგუშეთი დარჩენილა. თვით თეიმურაზისაგან მომდინარე 1638–1639 წლების დოკუმენტები არაორაზროვნად მოწმობენ ამ ფაქტს. (თეიმურაზის სიტყვით: "жители всех этих гор мне подчинились, и принесли мне свои старые записки, и я их скрепил, и многие крестилис"), რაც მტკიცდება მთიან ვაინახებისგან მომდინარე იმავე საუკუნის 40-50-იან წლების წერილობით წყაროებით, სადაც თეიმურაზს „ჩვენს მეფეს“ უწოდებენ
ნაგებობასთან დაკავშირებული დღესასწაული და წეს–ჩვეულებანი წარმართული ბუნებისაა მაგრამ თვითონ ნაგებობის ცალკეული ელემენტებით ის ქრისტიანული ტიპის ნაგებობებს უნდა მივაკუთვნოთ. ამ ნაგებობის ნაწილის (თხაბა-ერდი, ალბი–ერდი) მშენებლებად მკვლევარები ქართველ ოსტატებს თვლიან (Л.П.Семенов. Эволюция ингушских святилищ. Труды секции археологии РАНИОН, IV, М., 1928, 454.). ვფიქრობთ, მათი ფორმების მიბაძვითაა აგებული აღწერილი ნაგებობაც ადგილობრივი მშენებლების მიერ. ახალმა იდეოლოგიამ საკულტო ნაგებობის ახალი ტიპის შექმნის ამოცანები დასვა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ახალი რელიგიის რიტუალი. ახალი ფორმები თავიანთი განვითარების პროცესში შეეჯახა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ხალხური სამშენებლო ხელოვნების ადგილობრივ ტრადიციებს; შედეგად ჩამოყალიბდა სწორკუთხოვან საკურთხეველიანი ქრისტიანული საკულტო ნაგებობა, რომელმაც ძველი, წარმართული სალოცავიდან მემკვიდრეობით შეისისხლხორცა გარკვეული ელემენტები. ისევე როგორც ნაგებობის მატერიალურ კულტურაში, მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში ქრისტიანობის ნიშან - თვისებანი მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული წარმართულთან. რამდენადაც ქრისტიანობა ინგუშეთში გარეგნულ ხასიათს ატარებდა, ქრისტიანული ნაგებობანი თანდათან წარმართულ ბომონებად იქცეოდნენ. ამასთან, ახალი რელიგიის საყოველთაო გავრცელებისათვის საჭირო ობიექტური პირობების არარსებობისას აქ წარმართულმა წეს-ჩვეულებებმა იმძლავრა.
ამიტომ იყო, რომ ამ მოვლენის შემდეგ რუსეთის ელჩობა საქართველოში ასე ხშირად იყენებდა ინგუშეთზე გამავალ გზებს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ XVI ს-დან საქართველოს არა თუ მრავალი ეკლესიის, არმედ ციხე-სიმაგრის ფასადებზე ჩნდება გოლგოთიანი ჯვრების გამოსახულებანი, ხოლო ურჯულოთა მიერ შეურყვნელი იერუსალიმის „წმინდა გოლგოთის“ მონასტერმა ქართველთა რწმენის სიწმინდის ერთგვარი სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა და მრავალგზის მოიხსენიება საბუთებში, მათ შორის თეიმურაზის მიერ რუსეთის მეფისადმი გაგზავნილ სიგელებშიაც. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ეს სიმბოლო ქართველი მეფეების ტრადიციული მოკავშირეებისათვის მთიელი ვაინახების ნაწილისათვის არ იყო უცხო. აშკარად ჩანს, რომ მთიელ ვაინახთა ნაწილმა გვიანობამდე შეინარჩუნა ქრისტიანული ეკლესიისადმი თავიანთი კუთვნილების შეგნება. მდ.ასას ზემო წელზე, დელიტეს ტაძრის მახლობლად, შემორჩენილია ვაინახთა რამდენიმე ციხესიმაგრე, რომელთა საბრძოლო კოშკებზე გოლგოთიანი ჯვრებია გამოსახული. მათი თარიღი სავსებით დამაჯერებლად თავსდება XVI-XVII სს ჩარჩოებში რამდენადაც ამ კოშკებს აქვთ სათოფურები, გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის, ხოლო XVIII ს–ში ასეთი კოშკების მშენებლობა უკვე; წყდება (დ.ჩახკიევი). (დელიტეს გოლგოთიან-ჯვრებიანი სამლოცველო, რომელიც ჩრდილო კავკასიის ქრისტიანულ პერიფერიაზე მდებარეობს, ჩვენი რწმენით, იმავე დროისა და რიგის მოვლენაა. იგი ჯერ-ჯერობით ერთეულია, მაგრამ თვით გოლგოთიანი ჯვრის მოტივი შემონახულია ინგუშეთის რიგი სხვა ძეგლების გვიან შელესილობაზე (მიატარ-დელა, მაგო–ერდა და სხვ.), რომლებიც აგრეთვე მკვლევართა გარკვეული ნაწილის მიერ მიჩნეულია, როგორც საქართველოს გავლენით შექმნილი ქრისტიანული ძეგლები. ის ფაქტი, რომ დელიტეს სამლოცველო აგებულია კლასიკური ქრისტიანული ხუროთმოძღვრების აუცილებელი ნორმების დარღვევით, თუ გვერდის ავლით, არ უნდა იყოს ძნელი ასახსნელი. ჩაჩნეთ–ინგუშეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალ რუსი ელჩების ანგარიშებში ხშირად გვხვდება აღწერა ძალზე გამარტივებული (თუ არა პრიმიტიული) საკულტო ნაგებობებისა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ასრულებდნენ ქრისტიანული ტაძრის მოვალეობას; («Дa палатка же стоит, а называют её церковью"... და ა.შ.). გარეშე მეთვალყურენი ამ პერიოდში არაერთხელ აღნიშნავენ ქრისტიანული არქიტექტურისა და ღვთისმსახურების ნორმებიდან უჩვეულოდ მკვეთრ გადახვევას. ვ.კობიჩევი ამის ერთ-ერთ მიზეზად საკმაოდ საფუძვლიანად ასახელებს კვალიფიცირებული ხელოსნების სიმცირეს, რაც იმ ძნელბედობის ხანის საქართველოსათვის სავსებით გასაგებია, მაგრამ ვაინახთათვის არანაკლები მნიშვნელობა ექნებოდა ახლად აგებული. ტაძრების წინამორბედი წარმართული (ან სინკრეტული) სამლოცველოებისათვის მიმსგავსების ფაქტს. მაგრამ, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეს ახალი ნაგებობები და მათ შორის დელიტეს ტაძარი - შინაარსობრივად სწორედ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდა. დელიტეს ეკლესია წარმოადგენს ქართველთა და ვაინახთა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის კარგ მაგალითს, რომელიც შუქს ჰფენს ამ ურთიერთობათა ნაკლებად ცნობილ მხარეს. ე.კრუპნოვის სამართლიანი შენიშვნისა არ იყოს, „ეს ურთიერთობები ჯერ არ შეიძლება საკმარისად შესწავლილად ჩაითვალოს, მაგრამ კავკასიისმცოდნეთა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს, რომლებიც ამ საკითხების. გასაშუქებლად უნდა იყენებდნენ არა მხოლოდ ნარატიულ წყაროებს, არამედ ყველა სხვა შესაძლებლობას“. ეს ამოცანა ამჟამად მთიანი კავკასიის ისტორიის კვლევისას უაღრესად აქტუალურია, რომ ვაჩვენოთ ობიექტური სურათი იმისა, თუ რა გავლენას ახდენდა საქართველო თავის მთიელ მეზობლების ბედ-იღბალზე.
დელიტე, მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:
1. ვინოგრადოვი ვ. XVII საუკუნის საქართველო - ინგუშეთის ურთიერთობის ძეგლი //ძეგლის მეგობარი. - 1982. - N60. - გვ.50-54.
2. ხუციშვილი ლ., ქალდანი - ქრისტიანობის დროინდელი ერთი ძეგლი ინგუშეთში // „ძეგლის მეგობარი“, თბ., 1980, №54, 31-35.
***********************************************************************************************
ვინოგრადოვი ვ. XVII საუკუნის საქართველო - ინგუშეთის ურთიერთობის ძეგლი //ძეგლის მეგობარი. - 1982. - N60. - გვ.50-54.
მთიანი ინგუშეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც კუთხეში, ცვილამის ქედის ძირში, ნასოფლარ ქართის ნანგრევებთან გამავალი ისტორიული გზის მახლობლად, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ინგუშური კულტურის აკვანს - მდ.ასას სათავეებს დარიალის რაიონთან, აღმართულია საკულტო ნაგებობა, რომელიც კარგა ხანია იქცევს ყურადღებას. მას ინგუშები დელიტეს (დოლტე) უწოდებენ, რაც ნიშნავს "ღმერთისაკენ" (მიმავალ გზას). საკულტო შენობა წარმოადგენს ნაკლებად დახვეწილ და შედარებით ასიმეტრიულ, მაგრამ მყარ სწორკუთხა, აღმოსავლეთ – დასავლეთ ღერძზე დამხრობილ ნაგებობას (8,9X4,3 მ), რომელიც ფიქლის საფეხურებიანი ორფერდა ”სახურავით მთავრდება. თაღოვანი შესასვლელი დატანებულია სამხრეთ კედელში...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************************
ხუციშვილი ლ., ქალდანი - ქრისტიანობის დროინდელი ერთი ძეგლი ინგუშეთში, „ძეგლის მეგობარი“, თბ., 1980, №54, 31-35.
კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთის კალთებზე სხვადასხვა პერიოდის მატერიალური კულტურის უამრავ ძეგლს მოუღწევია დღემდე. მათგან გარკვეული რიგის ძეგლებს მკვლევართა უმეტესობა ქრისტიანული რელიგიის წარმონაქმნად თვლის. ამ მხრივ გამონაკლისს არც ინგუშეთი წარმოადგენს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამ რეგიონში მიკვლეულ იქნა ქრისტიანობის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და აღწერილ იქნა კიდეც რამდენიმე ძეგლი. ქრისტიანობის გავრცელებას მოსახლეობის რელიგიოზურ აზროვნებაზე გარკვეული გავლენა უნდა მოეხდინა...<ტექსტი სრულად აქ...<<
|