There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<ტაო-კლარჯეთი...<<<საინტერესო სტატიები//უძველესი საქართველო>>>
გიორგი ქავთარაძე
თბილისი
უძველესი ტაო ისტორიულ - გეოგრაფიული თვალსაზრისით
ნაწილი პირველი
<<გაგრძელება (ნაწილი II)
შუა და ახალ ასურული წერილობითი წყაროების დაიაენისა და ურარტული წყაროების დიაუხის ქვეყნების ადგილმდებარეობა სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთი ანატოლიის ძველი ისტორიის ერთ-ერთი საპრობლემო საკითხია. ჯერ ისევ გასარკვევია, თუ რას უნდა აღნიშნავდნენ სივრცობრივად და ქრონოლოგიურად ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში გამოყენებული ტერმინები "დაიაენი"და "დიაუხი". კერძოდ, ყველასთვის ბოლომდე ნათელი არ არის თუ რა უნდა იყოს ნაგულისხმევი ამ ტერმინებში – ორი სხვადასხვა ქვეყანა თუ ერთი და იგივე. უკანასკნელ ხანებში აგრეთვე ეჭვს ქვეშ დადგა – დიაუხის ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი - ქსენოფონტის "ანაბაზისის" ცნობის ტაოხთა ქვეყნის ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე ლოკალიზების შესაძლებლობაც. დაიაენი/დიაუხის ქვეყნის (თუ ქვეყნების) ადგილმდებარეობის დადგენას შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს საქართველოს უძველესი ისტორიის ძირეულ საკითხთა გადაწყვეტაში; კერძოდ, გასარკვევია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა ეს ქვეყანა; ხოლო თუ ძირითადად ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტერიტორიაში ექცეოდა, რა მიმართება უნდა ჰქონოდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღმოცენების პროცესთან. ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიერ ხომ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ქართველი ერისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აკვნად არის მიჩნეული. სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთი ანატოლიის არქეოლოგიური და ზედაპირზე არსებული ნაშთების (ციხე-სიმაგრეების, ციკლოპური ნაგებობების და სხვ.), ძველ აღმოსავლური და კლასიკური ხანების წერილობითი წყაროების, ონომასტიკისა და ტოპოგრაფიულ თავისებურებათა მონაცემები ცხადყოფენ აღნიშნული რეგიონების უდიდეს შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე ადრეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბების საკითხთან მიმართებაში. კერძოდ, ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი "ქალაქებით", ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის სიმდიდრეთა თავდაცვის საჭიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ხუთსაუკუნოვანი არსებობა ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების მანძილზე.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
დაიაენის ქვეყანა ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში წარმოდგენილია Daiaeni ან Daiani-ს ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში Diaui ან Diauei ფორმას. ხოლო ასურული დაიაენი/დაიანისა და ურარტული დიაუხი/დიაუეხის შესატყვისია ქსენოფონტის "ანაბასისში" მოხსენიებული ტაოხთა ქვეყანა. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ.ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით1 ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს (სომხური წყაროების - ტაОქი) რაიონში2. შენიშნულია, რომ სომხური და ქართული წყაროების ტაОქი/ტაო ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს3. დაიაენის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუა ასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ.წ. 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ.წ. 1112 წ. წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და "ზედა" ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული4. დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის (ძვ.წ. 858-824 წწ.) ძვ.წ. 856 წ. ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ.არაცანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთი ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში5;“სოხმე//სუხმი” დაიაენის ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა6. კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა, სალმანასარ III-ის უფრო გვიანდელ, ნიმრუდის სასახლის "ფრთოსან ხარებზე" დატოვებულ წარწერაში (სტრ. 102-107). სალმანასარი გვამცნობს: "ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთ ჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში"7. ეს ამბავი ხდება ძვ.წ. 844 წელს, თანამედროვე ქ.ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, მდინარის სათავიდან ძალზე დაშორებული არ უნდა ყოფილიყო8.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
მართებულად შენიშნავს მ.სალვინი,რომ სალმანასარის მიერ ევფრატის სათავესთან დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ - პოლიტიკური სახელწოდების - დაიაენი იდენტიფიცირების შესაძლებლობაზე ურარტული წყაროების დიაუ(ე)ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხებთან9. ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთიდაიმავე ადგილის აღსანიშნავად10.როგორც ირკვევა, მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთი ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგიერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მორიც ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუ დაღის ფერდობიდან გამოედინება11. აშკარაა, რომ დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქი, უნდა მდებარებულიყო იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ სალმანასარის მიერ მონახულებულ მდინარის სათავეში აღმოსავლეთი ევფრატი (იგივე მურათ-სუ, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე ამ სახელით12. ურარტუს მეფის, მენუას (ძვ.წ. 810 - დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზლითაშიდან (თანამედროვე ეშექ ილიასი, დელიბაბას სამხრეთით, ქ.ჰორასანიდან დაახლ. 40 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) და ზივინიდან (დღევ. ს.სიუნგიუთაში, ქ.სარიკამის სამხრეთ-დასავლეთით დაახლ. 35 კმ) გვამცნობენ, ძვ.წ. IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებას – შაშილუ URUŠašilu(ni). როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ.ევფრატის სათავესთან ახლოს მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით "დაუმშვენებია". ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არის დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას ქალაქი, სწორედ "შაშილუ" ყოფილიყო. მით უმეტეს რომ, სალმანასარის მემკვიდრეების – შამში-ადად V-ის (ძვ.წ. 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ. წ. 810-782წწ.) – დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ.წ. IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფემამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი, დაელაშქრა. მხოლოდ ძვ.წ. IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რაც შეეხება იაზლითაშის წარწერაში მენუას ფრაზას: "ის ტყვეები(?), (რომლებიც) დაბრუნდნენ, (მან) დააბრუნა მთლიანად(?)"13, ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ "ტყვეებში?", აუცილებლად დიაუხიდან წაყვანილ იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გამოქცეულნი. შესაძლოა საქმე ეხებოდეს, დიაუხელთა მიერ ადრე დატყვევებულ ურარტუს ქვეშევრდომებს, რომლებიც დიაუხის მეფემ უკან დაუბრუნა მენუას, მით უმეტეს, რომ იმავე წარწერის დასაწყისში მენუა დიაუხს მოიხსენიებს, როგორც "ძლევამოსილ" ქვეყანას. შენიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ასეთი განმადიდებელი ეპიტეტით მოხსენიება, გამონაკლისი შემთხვევაა ურარტუს მეფეთა ტექსტებში14.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
მენუას იაზლითაშის წარწერა იუწყება: "დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა, იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი... უტუპურშინი დიაუეხის მეფე მეახლა, ფეხებში ჩამივარდა, თავქვე დაემხო"15. სოფელ ზივინში ნაპოვნ ქვის ფილაზე, რომლის მხოლოდ ორი ფრაგმენტია შემორჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, სწერია: "მენუა ამბობს: დავიპყარი მე ქალაქი შაშილუ: დაუდგი მე ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს"16. ვინაიდან ურარტუს მეფე მენუას წარწერები, დიაუხის "სამეფო ქალაქის"შაშილუს დაპყრობის შესახებ, ერთმანეთის მახლობლად მდებარეიაზლითაშსა და ზივინშია მიკვლეული, გ. მელიქიშვილი ვარაუდობდა, რომიმხანად ეს მხარე დიაუხის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეულიდა არც ამავე მხარეში, კერძოდ ზივინის რაიონში, გამორიცხავდა დიაუხის "სამეფო ქალაქ" შაშილუს ლოკალიზების შესაძლებლობას17, როგორც ჩანს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზივინში ნაპოვნ ზემომოყვანილ წარწერაში, მენუას მიერ ქალაქ შაშილუს დაპყრობაა ნაუწყები. ზივინთან შაშილუს ი.დიაკონოვიც აიგივებდა18. 1961 წელს გამოცემული სომხეთის ისტორიული ატლასის მიხედვით კი, ზუაინი, მდ.არაზის ჩრდილოეთით, ზივინის ადგილას, ხოლო შაშილუ, ამავე მდინარის სამხრეთით, იაზლითაშის ადგილას არიან განლაგებულნი. ორივე შემთხვევაში, დიაუხის ფარგლებს გარეთ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით19. ურარტული ხანის ზუაინა/ზუა(ნი)-ს (URUZuaina-Zua(ni)), თანამედროვე ზივინთან გაიგივებისა და იაზლითაშის წარწერაში შაშილუს მოხსენიების გამო, რომელიც ზუაინა/ზუა(ნ)თან ერთად არის არგიშთი I-ის (ძვ. წ.785/80 – დაახლ. 760 წწ.) ხორხორულ მატიანეში ნახსენები, ნ.არუთიუნიანის აზრით, შაშილუ სადღაც დიაუხის ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ზუაინა/ზუა(ნი)ს ანუ ზივინის მახლობლად უნდა ყოფილიყო განთავსებული და ამასთანავე არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მენუას ხანაში დიაუხის ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მდ.არეზის სამხრეთით იაზლითაშამდე ყოფილიყო გადაჭიმული ანუ ჰასანკალე - პასინლერსა და დელიბაბა - ველიბაბას რაიონამდე. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფიქრებელი იქნებოდა, ურარტელებს ეს წარწერა დიაუხის სამფლობელოთა ფარგლების გარეთ, ურარტუსაკენ მიმავალი გზის პირას დაეტოვებინათ20. იაზლითაშის მახლობლად ურარტუსაკენ მიმავალ გზაზე (ჰორასანსა და ელეშქირთ/ალაშქირთს შორის) მდებარე თაჰირის (საჩის) უღელტეხილს ურარტული ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა21. დიაუხის სამეფო ქალაქის, შაშილუს ადგილმდებარეობა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ერთი რამ უდავოა, დაახლოებით ნახევარი საუკუნით უფრო ადრე, სალმანასარ III-ის ძვ.წ. 844 წლის წარწერაში მოხსენიებული დაიაენის მეფის, ასიას ქალაქი ვერ იქნებოდა იაზლითაშისა და ზივინის მახლობლად მდებარე, თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი ევფრატის სათავესა (ერზურუმიდან დაახლოებით 40 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით) და ამ ადგილებს შორის დაახლოებით 160-170 კმ-ს შეადგენს. იაზლითაში და ზივინი ერზურუმიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე დღევანდელი ქ.ჰორასანიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესაბამისად, დაახლოებით 40-20 კმ) არიან განლაგებულნი. ამასთანავე, ნაკლებად მოსალოდნელია, დაიაენი/დიაუხის ქვეყნის დედაქალაქს სალმანასარისა და მენუას ლაშქრობებს შორის გასულ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ესოდენ მნიშვნელოვნად შეეცვალა ადგილმდებარეობა და შორს აღმოსავლეთისაკენ გადაენაცვლა. გ.მელიქიშვილი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მენუას დროს დიაუხის "სამეფო ქალაქის" (ტერმინი, რომელიც უნდა აღნიშნავდეს სამეფო რეზიდენციასა თუ დედაქალაქს) ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ, არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის "სამეფო ქალაქად" უკვე ქალაქი – ზუაინა/ზუა(ნი) ჩანს22. ვფიქრობ, არც ურარტული წყაროების ზუა/ზუანის თანამედროვე ზივინთან გაიგივების ვარაუდი23 უნდა იყოს დამაჯერებელი. მართალია, არგიშთი I-ის სურბ საჰაკის (ვანის) წარწერა იუწყება, მის მიერ ზუაინა/ზუა(ნი)ში წარწერის დატოვებას24, მაგრამ ზივინში შაშილუს დაპყრობის მაუწყებელი მხოლოდ მენუას, და არა მისი ძის არგიშთის, წარწერაა მიკვლეული; ეს გარემოება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს ზუაინა/ზუა(ნ)სა და ზივინის გაიგივების საშუალებას. რაც შეეხება ამ ორი, ძველი (ზუაინა/ზუა(ნი)) და ახალი (ზივინი) ტოპონიმის ფონეტიკურ მსგავსებას, ანალოგიური ჟღერადობის სახელწოდებები სხვაც არაერთი მოიძებნება იმ ტერიტორიაზე რომელიც დიაუხის ქვეყანას ჰქონდა ადრე დაკავებული25.
დიაუხის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზების სასარგებლოდ შესაძლოა მოწმობდეს მენუას იაზლითაშის წარწერაში ამ ქალაქის დიაუხში შემავალ შეშეთის ქვეყანასთან თუ შეშეს მთასთან ერთ კონტექსტში მოხსენიება (იხ.ქვემოთ); ვინაიდან შაშილუს ქვეყნის უშუალოდ ურარტუს შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად გამხდარი ზუაინა/ზუა(ნი) არგიშთი I-ის სურბ-საჰაკის წარწერების თანახმად უკვე "ულდინი"-ს (გ.მელიქიშვილის მიხედვით, "დიდი"-ს) ქვეყანაში მდებარეობდა26, ეს გარემოება შეშეთისა და "ულდინი"-ს (თუ "დიდი"-ს) ქვეყნების იდენტურობაზე თუ არა, მათ ნაწილობრივ ტერიტორიულ დამთხვევაზე მაინც უნდა მიგვანიშნებდეს; მით უმეტეს რომ ორივე ეს ქვეყანა, როგორც მენუას, ასევე არგიშთი I-ის წარწერაში, დიაუხის შემადგენლობაში იგულისხმება და სპეციალისტები მათ დიაუხის ქვეყნის გადაღმა ანუ მის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარედ მოიაზრებენ27. გარდა ამისა, ურარტუს მიერ შაშილუს აღების შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად შაშილუს ნაცვლად ზუაინა/ზუა(ნი)ს გახდომა, თავისთავად უნდა მოწმობდეს შაშილუსთან მიმართებაში ზუაინა/ზუა(ნი)ს უფრო დიდი მანძილით დაშორებაზე ურარტუს საზღვრებიდან, რასაც ადგილი ვერ ექნებოდა ჰორასანის-სარიკამიშის გზის დასავლეთ სექტორში მდებარე ზივინსა თუ იაზლითაშის შემთხვევაში, რომლებიც ევფრატის სათავის მხარესთან შედარებით ურარტუს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარეობდნენ, ძველი ბასიანის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ.არეზის ხეობაში. ზუაინა/ზუა(ნი)ს აქ ნავარაუდევი ლოკალიზაცია არ შეესაბამება აღნიშნულ რეგიონში იმ ხანად შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას. მენუას ზემო მოყვანილ იაზლითაშის წარწერაში ერთი და იმავე კონტექსტში "შეშეთის ქვეყნის, ქალაქ ზუასა და ქალაქი უტუხაის" მოხსენიებაც, თითქოს უფრო მდ.ჭოროხის შუა წელის მარჯვენა შენაკადების ზონაზე უნდა მიგვანიშნებდეს, ვიდრე მდ.არეზის ზემო წელსა და მის მახლობლად მდებარე მხარეებზე. ნ.არუთიუნიანის მიხედვით, ქალაქ უტუხაის მხარის სახელწოდება (URUUṭuai asuni) მეტათეზის დაშვების შედეგად შესაძლოა უკავშირდებოდეს თორთუმ-ჩაის მარჯვენა შენაკადთან მდებარე "უხტა/ოხდა"-ს28, ხოლო ი.დიაკონოვი და ს.ქაშქაი ამ ტოპონიმს "Uhta"-ს სახით წარმოადგენენ29. დ.ბაქრაძის რუკაზე იმავე ადგილას "ოხტა" არის აღნიშნული30. აღსანიშნავია, რომ დ.ბაქრაძის იმავე რუკაზე "ოხტა"-ს სამხრეთ - დასავლეთით "აზორდ/აზორთ"-ია აღნიშნული. ეს სახელი იმავე სამოსახლოსა და ზოგადად თორთომის ხეობის აღმნიშვნელად - "აზორდაცფორი" - ცნობილია ჯერ კიდევ "VII საუკუნის სომხური გეოგრაფიიდან"31. ამ დასახლებული პუნქტის თანამედროვე თურქული სახელია უზუნდერე და მას სამხრეთიდან უშუალოდ ესაზღვრება თორთომის ხეობის უმძლავრესი ციხე-სიმაგრე – აღჯა-ყალა. იქნებ თორთომის - წყლის შუა დინებაზე განლაგებული აღჯა-ყალა წარმოადგენდა ზუაინა/ზუა(ნი)ს? თუ ზუაინა/ზუა(ნი)ს ვერ გავაიგივებთ ზივინთან, მაშ რა უნდა ყოფილიყო იაზლითაშსა და ზივინში ურარტული წარწერების არსებობის გამომწვევი მიზეზი? მ.სალვინი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც იაზლითაში, ასევე ზივინი, ერზურუმ-ყარსის შარა გზასთან მდებარეობენ, რომელიც უკვე ურარტელთა ხელში იქნებოდა იქ ნაპოვნი წარწერების შედგენის ხანაში32, ხოლო კ.საგონა იაზლითაშსა და ზივინს ათავსებს ძველ ურარტულ გზაზე, რომელიც თაჰირის უღელტეხილის გავლითა და მდ.არეზის ზემო დინების გადაკვეთის შედეგად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა; იგი თვლის, რომ იაზლითაშისა და ზივინის წარწერების ადგილმდებარეობა უკვე თავისთავად უნდა მიგვანიშნებდეს აქ ურარტული გზის არსებობაზე33.
<<გაგრძელება...
___________________________________________________________________________________
1. Меликишвили 1950, 26-42.
2. მაგ., Mанандян 1956, 19; Nასჰეფ 1982, 77.
3. მუსხელიშვილი 1980, 164.
4. Lehmann-Haupt 1931, 792, 851; შდრ., მელიქიშვილი 1951, 207-209; Diakonoff 1984, 69, შენ. 127-128.
5. მელიქიშვილი 1951, 219.
6. მუსხელიშვილი 2004, 9.
7. მელიქიშვილი 1970, 374; Дьяконов 1951, 299.
8. იხ., მაგ., Salvini 1967, 22.
9. Salvini 1995, 22, 55.
10. Арутюнян 1957, 97-106.
11. Wagner 1852, 240, 241; Проскуряков 1905, 71.
12. Meликишвили 1963, 117; Дьяконов 1968, 125.
13. ნ.არუთიუნიანის თარგმანის მიხედვით: "Тех пленников (?), (которые) возвратились, (он) вернул полностью (?)" (Арутюнян 2001, 78, წარწერა 53:17-18).
14. Меликишвили 1960, 158, 159, შენ. 5.
15. Меликишвили 1960, 157-159; Арутюнян 2001, 77-79.
16. Меликишвили 1960, 159-160; Арутюнян 2001, 80.
17. მელიქიშვილი 1951, 203; Меликишвили 1959, 176, 205; Арутюнян 2001, 523.
18. Diakonoff 1984, 171, შენ. 216.
19. Атлас 1961, 102.
20. Арутюнян 2001, 523. თუმცა იაზლითაში, ქ. ჰორასანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმავალი თანამედროვე გზიდან დაახლ. 5 კმ-ით უფრო დასავლეთით მდებარეობს (Özkaya 1994, 387, რუკა).
21. Kleiss & Hauptmann 1976, 22, № 156.
22.მელიქიშვილი 1955, 86.
23. Капанцян 1947, 181; Арутюнян 2001, 79, შენ. 3, 523, 530.
24. Меликишвили 1960, 234-236; Арутюнян 2001, 186-189.
25. იქნებ "ზუას" სახელის გამოძახილი ისმოდეს იმერხევის სოფლების - "ოქროს წუა"-ს, "ზიოსი||ძიოსი"-ს (თურქული სახელწოდება – თეფბაში) (ხევწვრილი-წყლის მარჯვენა მხარეზე) და სოფლის სათესების - "ზუარეთი"-სა (ს. მიქელეთი, შავშეთი) და "ზუელ (ძველ) კარები"-ს (ს.დასამობი) სახელწოდებებში.
26. აღნიშნული წარწერის ამ ტოპონიმს ფ. ვ. კიონიჰი ”ულდინი”-ს, ხოლო გ. მელიქიშვილი ”დიდი”-ს KURDidi(ni)?) სახით კითხულობდა (შდრ., (Меликишвили 1960, 234 (128, B12), 235; König 1955, 82 (უკანა მხარე); König 1957, 207)). უკანასკნელ ხანებში ნ. არუთინიანი ფ. ვ. კიონიჰის წაკითხვის სისწორეს ასაბუთებს და ტერმინ ”ულდინი”-ის (kurUldinie) შესახებ შენიშნავს: «Такое чтение, но в полной сохранности, предлагает Ф. В. Кёниг. В тексте хорошо сохранилась лишь концовка знака, но остатки предыдущих клиньев как будто совпадают с началом знака ულ. Что касается расшифровки здесь (d)i(?) у Г. А. Меликишвили, то наличие в конце знака двух "угловых" (а не горизонтальных!) клиньев друг над другом это чтение делает невозможным» (Арутюнян 2001, 186 (174, B12), 187, შენ. 7, იხ., აგრეთვე, 528).
27. შდრ., დიდის შესახებ: "next to the land of Diauee~ (Diakonoff & Kashkai 1981, 27). შავშეთ-იმერხევში ტერმინ "დიდის" პარალელი ეძებნება ”დიობანი”←დი(დი)+ობანი←დიდი უბანი სახელწოდების სახით. გ. მელიქიშვილი ამ სახელწოდებას სავარაუდოდ აკავშირებდა კაპადოკიურ ფირფიტებში ხშირად დადასტურებულ სახელთან – Didi (e, a) (მელიქიშვილი 1951, 213). ანლაუტში დენტალური ფონემის მერყეობის (დიდი/იდი) გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ), შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე ტოპონიმი ”იდი”-ს მხედველობაში მიღება, რაც განსაკუთრებით საგულისხმო იმ მხრივ იქნებოდა, რომ ”იდი" ოლთისის-წყლის ზემო წელზე (შდრ., ბარამიძე 1923), ზუაინა/ზუა(ნ)-ად მიჩნეული ზივინის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ვახუშტის მიხედვით, ”ნარუმაკს (თვით ვახუშტის განმარტებით: ”აწ ნარიმანი”) ზეით..., ჭოროხის აღმოსავლეთ კიდეზედ, არს დაბა დიდი იდი..." (ვახუშტი 1973, 683, 684). აქ ვახუშტის ჭოროხი, ცხადია, ოლთისის-წყალი უნდა იყოს, ვინაიდან იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს ტაოს ფარგლებს: "აღმოსავლით ჭოროხის მდინარე; სამâრით თორთომიდამ ჩამოსული მთა იდამდე; დასავლით თორთომის მთა; ჩდილოთ ჭოროხი და ისპირის მთა" (ვახუშტი 1973, 684). ანგარიშის გასაწევ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ იდის მდებარეობა თანხვდება, ნ. არუთიუნიანის მიერ, ფ.ვ.კიონიჰის მონაცემებზე დაყრდნობით, "ულდინი"-სათვის განსაზღვრულ ადგილს: «недалеко от царского города Зуани (совр. Зивин) страны Диаухи, где-то у верховьев реки Олту, притока Чороха» (Арутюнян 2001, 528; 28, König 1957, 207).
28. Арутюнян 2001, 529.
29. Diakonoff & Kashkai 1981, 97.
30. Бакрадзе 1878, რუკა.
31. Hewsen 1992, 65-65A, 204, შენ. 243, 209, შენ. 253.
32. Salvini 1995, 54. ყარსი-ერზურუმ-ერზინჯანის მხარეების ნაწილი სპეციალურ ლიტერატურაში ურარტუს მიერ დამორჩილებულ დიაუხის ქვეყნის ყოფილ ტერიტორიად არის ხოლმე მიჩნეული, რომელმაც დიაუხის დაპყრობის საშუალებით აღმოსავლეთ პონტოს მთების კალთებს მიაღწია (Yakar 2000, 442).
33. Sagona 2004, 304, 306, შენ. 39.
სტატიის წყარო
|