topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

იდლეთი - საქართველოს ძეგლთა აღწერილობა

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია - მონასტრები>>>

იდლეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.V. - თბ., 1990. - გვ.165-166.

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (7,5X7 მ.), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მყარად მიმაგრებულია მოზრდილი სატრაპეზო ქვაა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე საბჯენი თაღები 0,12-0,14 მ-ით მკლავის სიღრმეშია შეწეული, რითაც უფრო ფართო კვადრატი წარმოიქმნება. ამ კვადრატზე აღმართულია გუმბათის ყელი. გუმბათის ყელის ოთხივე კუთხეში ტრომპებია. მათ საბჯენი თაღები არა აქვთ და ამოყვანილია ქარგილებით. გუმბათის კამარის ქუსლამდე გრძელდება ტრომპებზე აყვანილი სიბრტყეები, რომელთა თავზე იქმნება სამკუთხოვანი თაროები. აქედან კამარის წვერამდე გუმბათს ოთხივე ნაკერი გასდევს. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია: აღმოსავლეთისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი სწორკუთხა. გუმბათის ყელის კუბური სივრცე გადახურულია ოთხი სეგმენტით შეკრული კამარით. გუმბათი ზევითკენ ვიწროვდება და ოთხივე კუთხე ჩამოთლილი აქვს. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილია შელესილობისა და XII საუკუნის მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები.

გუმბათში გაირჩევა ამაღლების კომპოზიცია თორმეტი მოციქულით. საკურთხევლის კონქში ვედრების ფრაგმენტია, ქვემოთ, საკურთხევლის კედლებზე - ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურა. საკურთხევლის  სარკმელი შემკულია ორი ორნამენტული ზოლით (კიბისებრი და უსასრულო ღეროს მოტივი). სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჰეროდეს ნადიმის სცენა, აღმოსავლეთ კედელზე ნათლისღების ფრაგმენტია. ჩრდილოეთ მკლავის კამარაში ჩანს წმინდანის აბრისები. მოხატულობის განაწილება კედლებზე, ზოგ შემთხვევაში, არ არის ისე ზუსტად შეფარდებული არქიტექტურულ ფორმებთან, როგორც ეს დამახასიათებელია XI საუკუნის მხატვრობისათვის (გუმბათის ყელში მოციქულთა ფიგურები ტრომპების ჩაზნექილ ზედაპირზე გადადის). ნახატი მკაცრი და ამავე დროს მოქნილია, ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება გრაფიკული ხასიათისაა. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო-ყავისფერისა და ნაცრისფერის შეხამებაზეა აგებული. ეკლესიის გუმბათის ყელზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი: ერთი სამხრეთ წიბოზე, სარკმლიდან მარჯვნივ, ორი ჩრდილოეთ წიბოზე, დასავლეთ ფასადზე შესასვლელი არქიტრავი თითქმის მთელ დასავლეთ მკლავს მიჰყვება. დასავლეთის მხრიდან ეკლესიისათვის მოგვიანებით მიუშენებიათ სათავსი - ე.წ. საქალებო. გეგმით სწორკუთხა ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოყვანილია სამი წყვილი მასიური პილასტრი, რომელთა თავზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები გადადის. შესავლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთდერთი სარკმელი - დასავლეთ კედელში, საქალებოს აშენების დროს ეკლესია  შეუკეთებიათ და მისთვის ლავგარდანი შემოუყოლებიათ. იდლეთის ნათლსიმცემლის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ოთხკუთხა დაბალი გუმბათი, რაც გამონაკლისია ფეოდალური ხანის ქართულ არქიტექტურაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიას ერთდერთი კარი აქვს დასავლეთ მკლავში (გვხვდება აგრეთვე ოყალთოსა და შიომღვიმის მცირე ეკლესიებში).

დვალი თ., მარსაგიშვილი გ.

კვირაცხოვლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ მხარე, ღმადაა მიწაში ჩამჯდარი. ეკლესია დარბაზულია (4,45X3,85 მ), ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი ლოდებით, რომლებიც ამავე დროს თაროსებრ ლავგარდანს ქმნიდა. აღმოსავლეთით ლავგარდნის ორიოდე ქვაა შემორჩენილი. დასავლეთის კარის თავზე ჩასმულია რელიეფური ქვაჯვარი, რომლის კიდეებზე ორ სვეტად სომხური წარწერაა, ეკლესია სომხურია.

მ.მგალობლიშვილი

მიქელ - გაბრიელის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (15,15–5,8 მ.), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგური და რიყის ქვაც. თავდაპირველად ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია, ჩრდილოეთ კარი ამოშენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული (აღმოსავლეთ პილასტრები უფრო მასიურია). ისრული კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის დანარჩენ სამ კედელში თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელთან სანათლავი ნიშია. დასავლეთ ფასადზე ფრონტონის ქვეშ გამოსახულია პატარა რელიეფური ჯვარი. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდა, გადახურულია კრამიტით (დაზიანებულია). ფრონტონის კეხზე დგას აგურით ნაგები სამრეკლო - ოთხბოძიანი თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელსაც  პირამიდული სახურავი აქვს.

მ.მგალობლიშვილი