There are no translations available.
<უკან დაბრუნება (ნაწილი I) ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე... <<<საქართველოს არქეოლოგია>>>
გაგრძელება... (ნაწილი II)
სამწუხაროდ, შემდგომშიც ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა. კონფერენციის სტუმრებისათვის სპეციალურად მოეწყო არქეოლოგიური ნივთების გამოფენა; ამასთანავე განაახლეს კავკასიის მუზეუმის ექსპოზიციები. კონფერენციის მონაწილეებისათვის ექსკურსიები მოეწყო მცხეთაში, უფლისციხეში, გელათში. სახელი «არქეოლოგიური» თბილისის არქეოლოგიური კონფერენციისათვის ფრიად პირობითია, რადგან მისი მუშაობის დროს სხვა მეცნიერებები უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი, ვიდრე არქეოლოგია. კონფერენცია კავკასიაში ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებისათვის დიდ მნიშვნელოვანი იყო; მაგრამ საქართველოს არქეოლოგიური შესწავლისათვის, საერთოდ არქეოლოგიური კვლევაძიების მეთოდიკის გაუმჯობესებისათვის, მისი, როგორც მეცნიერების წინსვლისათვის თითქმის არაფერი გაკეთებულა. ცნობილი ისტორიკოსარქეოლოგი ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს, რომ ამ არქეოლოგიურ თავყრილობაზე «...რატომღაც არც ბაიერნი გამოჩენილა, არც მისი მცხეთას ნამუშევარი და, საერთოდ, არც ჩვენში წარმოებული თხრის შედეგები». ამგვარად, ეს კონფერენცია მხოლოდ იმით არის ნიშანდობლივი, რომ მან კიდევ უფრო გააღვივა კავკასიის, კერძოდ, საქართველოს სიძველეებისადმი ინტერესი. 1881 წელს «კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება» უსახსრობის გამო დაიშალა. 1881 წლის 28 ნოემბერს ამ საზოგადოების ყოფილი წევრები გაერთიანდნენ «კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოებაში». ამ ახალი საზოგადოების წესდების მიხედვით გაფართოვდა მისი მოღვაწეობის არე. საზოგადოებას უნდა შეესწავლა კავკასიის ისტორია, უპირატესად მისი ისტორიის წერილობითი და ნივთიერი წყაროები; შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაეცვა ეს ისტორიული ძეგლები განადგურებისაგან; გათხრების შედეგად მოპოვებული ან მოსახლეობისაგან შესყიდული ძველი ნივთები ბარდებოდა კავკასიის მუზეუმს (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ხოლო ძველი ხელნაწერები თბილისის საჯარო ბიბლიოთეკას. ამ ახალი საზოგადოების დაარსების ერთერთი ინიციატორი იყო ისტორიკოსი დ.ბაქრაძე, რომელიც მას 1886 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1881-85 წლების განმავლობაში მოხერხდა ნაშრომების ორი ტომის გამოცემა. აქ გამოქვეყნებული ძეგლებიდან არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა რამდენიმე პუნქტი, სადაც მოუპოვებიათ ზედაპირული არქეოლოგიური მასალა. ესენია: ახალციხე, ახალქალაქი, სოხუმი, ახალი ათონი, ხუცუბანი, ანაკოფია და სხვ. საინტერესოა საზოგადოების შრომებში დაბეჭდილი სამხედრო მოსამსახურის პოლკოვნიკ ნ.წილოსანის ინფორმაცია დილიჟანთან (ამჟამად სომხეთშია) ჩატარებული გათხრების შესახებ. ნ.წილოსანის აზრით, აქ აღმოჩენილი სამარხები თავისი აღნაგობით და ინვენტარით ჰგავს მცხეთის სამთავროს სამარხებს. საზოგადოების შრომების მეორე კრებულის გამოსვლის შემდეგ, «კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საზოგადოება», მის წინამორბედ «კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასავით», უსახსრობის გამო დაიშალა. საზოგადოებას არქეოლოგიური გათხრები არ უწარმოებია. მიუხედავად ამ საზოგადოების დაშლისა, საქართველოს სიძველეებისადმი ინტერესმა მაინც არ იკლო. ამას მოწმობს ტროისა და მიკენის აღმომჩენის და გამთხრელის ჰენრიხ შლიმანის დაინტერესება საქართველოს შავიზღვისპირეთით, ძველი კოლხეთით, საბერძნეთის ისტორიასთან კავშირში. კერძოდ, არგონავტების ოქროს საწმისისათვის ჩამოსვლის ამბავი. ჰ.შლიმანს 1883 წელს საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ნებართვა უთხოვია, მაგრამ სამუშაოები ვერ ჩატარდა. XIX სის ბოლოსათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი განწყობილებების გააქტიურებასთან დაკავშირებით, იხურებოდა ყოველგვარი საზოგადოება, სადაც კი შეიძლებოდა ადამიანების თავშეყრა და მსჯელობა. ამან კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში არქეოლოგიური კვლევაძიების გარკვეული ჩაკვდომაც გამოიწვია. ექ.თაყაიშვილის თქმით, 1887 წელს, როცა იგი ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა, თითქმის სულ მიტოვებული დახვდა არქეოლოგიური კვლევაძიება. ამ მხრივ მხოლოდ 1889 წელი გამოირჩევა, როცა მცხეთის სიძველეებმა ისევ მიიქცია ყურადღება. უძველესი ნივთები იმჟამად ბაგინეთთან, არმაზციხეზე აღმოჩნდა. ბაგინეთში ნივთების აღმოჩენის ფაქტს ყურადღება მიაქციეს ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ბაქრაძემ. ამ უკანასკნელს ხნოვანების გამო თვითონ აღარ შეეძლო თხრის მეთვალყურეობა და თავზე დადგომა, ამიტომ გათხრების წარმოება ბაგინეთში ექვთიმე თაყაიშვილს და დავით ქუთათელაძეს დაავალა. ბაგინეთთან მუშაობა სულ სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ უსახსრობის გამო შეწყდა. გათხრები, ხანმოკლეობის მიუხედავად, საინტერესო და საყურადღებო გამოდგა. გაითხარა ნაგებობა, სადაც დადასტურდა სამი სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენა. ნაგებობის ნანგრევებში აღმოჩნდა ქვათლილები, ალიზის აგური, მარმარილოს ნატეხები, მინისა და თიხის ჭურჭლი, სპილენძის ცული. ნაგებობის შემორჩენილ კედელზე გამოხატული ყოფილა ქალის გამოსახულება. ბაგინეთში მუშაობის ხელმძღვანელობა ქართველოლოგიის სწორუპოვარი მკვლევარის და დიდი მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილისათვის (1863-1953 წწ.) ერთერთი პირველი არქეოლოგიური გათხრა იყო. მცხეთის ამ გათხრებიდან მოყოლებული საქართველოში არქეოლოგიურ კვლევას სათავეში უდგება ექ.თაყაიშვილი. კერძოდ, სადგურ მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევის მახლობლად, იგი თხრის სამაროვანს, სადაც ყელსაბამები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, მინის ნაშთები და ჭურჭლი აღმოჩნდა. ხსენებული ძველი ნივთები ექ.თაყაიშვილმა ახ.წ. IV საუკუნეებით დაათარიღა. 1896 წელს ექ.თაყაიშვილი, არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს მდ.სულორის ხეობაში, ვანის ახვლედიანების გორაზე და ამის შესახებ გვთავაზობს რამდენიმე საყურადღებო მოსაზრებას. ახვლედიანების გორაზე მან პირველმა დაადასტურა თლილი ქვით აშენებული ნაგებობების ნაშთები, თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა სამკაულები, მონეტები, ლითონის სამეურნეო და საბრძოლო იარაღი. აქ აგრეთვე აღმოჩნდა ეგვიპტური, ბერძნული, ირანული და რომაული ნივთები. ექ.თაყაიშვილი ვანის არქეოლოგიური თხრის შედეგს განიხილავს საერთო ისტორიულ ჭრილში; მკვლევარი ითვალისწინებს აგრეთვე აქ წინა წლებში ნაპოვნ მასალას და უკვე იმ დროს აღნიშნავს, რომ ახვლედიანების გორაზე კლასიკური პერიოდის ძველი ნაქალაქარის ნაშთებთან უნდა გვქონდეს საქმე; იგი უცხოური ნაწარმის და მონეტების მიხედვით ვარაუდობს, რომ ეს ნაქალაქარი ძველ სავაჭროსატრანზიტო მაგისტრალთან მდებარეობდა, ხოლო ნაქალაქარზე ნაპოვნი ოქროს სამკაულები ადგილობრივი ნაწარმია, რადგან აქვე, მდ. სულორის შენაკადის - საქვაბიას ღელის ქვიშა გარკვეული რაოდენობით ოქროს შეიცავს. 1896 წელს დასავლეთ საქართველოშივე - სოფ.საჯავახოსთან, მდ.რიონის მარცხენა მხარეს (ამჟამად სამტრედიის რნში) და სოფ.ხუცუბანთან, მდ.კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე(ამჟამად ქობულეთის რ-ნში) ექ.თაყაიშვილს ჩაუტარებია არქეოლოგიური თხრა. სოფ.ხუცუბანში შემთხვევით აღმოჩენილმა ძველმა ნივთებმა იმთავითვე მიიქცია ყურადღება და ამ პუნქტისადმი ექ.თაყაიშვილის ინტერესი გამოიწვია. დასახელებულ ადგილზე ექ.თაყაიშვილს მიუკვლევია კულტურული ფენებისათვის, სადაც აღმოჩენილა კერამიკა და ლითონის რამდენიმე ნივთი. სოფ.საჯავახოსთან დრანდაღელეს ნაპირზე არქეოლოგიური დაზვერვისას დიდი რაოდენობით კერამიკა აღმოჩნდა, რის მიხედვითაც ექ.თაყაიშვილი აქ კერამიკული სახელოსნოს არსებობას ვარაუდობდა. 1902 წელს არქეოლოგიური თვალსაზრისით ყურადღება მიიქცია სოფ.ბორმა მდ.ბორიმელას მარჯვენა ნაპირზე. აქ ადგილობრივი მცხოვრებლები მიწის ხვნის დროს შემთხვევით წააწყდნენ მდიდრულ სამაროვანს, სადაც აღმოჩნდა ოქროს და ვერცხლის სამკაულები, ჭურჭელი. აქ განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის თასი საკურთხეველთან მდგომი ცხენის გამოსახულებით; რომაული და პართული მონეტები. სოფ.ბორში ნაპოვნი ძვირფასი ნივთები ს.პეტერბურგის ”ერმიტაჟის” მუზეუმში მოხვდა (ახლაც იქ ინახება). 1904 წელს ციხისძირთან (ქობულეთის რნი) სახლის საძირკვლის გაჭრის დროს II საუკუნის მდიდრული ნივთები აღმოჩნდა. ესენია ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ჭურჭელი, მონეტები, ამოკვეთილ გამოსახულებიანი ქვები (გემები). სულ ორმოცამდე საგანი (ინახება ს.პეტერბურგის ”ერმიტაჟში”). 1908 წელს მდ.ქსნის ხეობაში სოფ.საძეგურთან მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით წააწყდნენ მდიდრულ ნივთებს, რომლებიც ცნობილია ”ახალგორის განძის” სახელით. სამწუხაროდ, ამ ძვირფასი ნივთების მხოლოდ ნაწილის შეგროვება და კავკასიის მუზეუმისათვის შეძენა შეძლო ექ.თაყაიშვილმა. ეს ნივთებია ოქროს საყურეები, საკისრე რკალები, სასაფეთქლეები, სამაჯურები, ყელსაბამი, ბეჭდები, ვერცხლის ფიალები, ცხენის აღკაზმულობა და სხვ. ამავე წელს სოფ.ახალქალაქთან (ახლა კასპის რნშია) მიწის სამუშაოების დროს იპოვეს ბრინჯაოს ცულები და ლითონის რამდენიმე ზოდი. ნივთები ექ.თაყაიშვილმა კავკასიის მუზეუმისათვის შეიძინა. ამ ნივთების აღმოჩენამ ექ.თაყაიშვილს, ჯერ კიდევ მაშინ, აქ ლითონსადნობი სახელოსნოს არსებობა ავარაუდებინა. 1912 წლის ზაფხულში ექ.თაყაიშვილს არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია მდ.ბანისხევის და მდ.მტკვრის შესართავთან. აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, საკინძეები, სარდიონის მძივები. ამავე პერიოდში ექ.თაყაიშვილს არქეოლოგიურად დაუზვერავს აგრეთვე საჩხერე, სადაც სპილენძის რამდენიმე ცული, სამაჯურები, საკინძეები და თიხის ჭურჭელი უპოვია. ექ.თაყაიშვილი, რომელიც ამ დროს ახლადდაარსებულ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას ედგა სათავეში, ცდილობდა საქართველოს მიწის წიაღში შემთხვევით ნაპოვნი არცერთი ნივთი არ გამოჰპარვოდა მხედველობიდან, რათა კავკასიის მუზეუმისათვის შეეძინა. საქართველოს არქეოლოგიის განვითარების ამ ეტაპზე ექ.თაყაიშვილმა პირველმა გამოთქვა ზოგიერთი ფრიად საყურადღებო მოსაზრება: არქეოლოგიური მონაპოვრის გააზრებისას ადგილობრივი ეთნოლოგიურფოლკლორული ფაქტების მოშველიების აუცილებლობა; მოსაზრებები ვანის ნაქალაქარის შესახებ (იხ.ზემოთ); ოქროსა და სხვა ლითონის იარაღის და სამკაულის ადგილობრივი წარმოშობის შესახებ (ადრე თითიქმის ყველა ლამაზ, პეწიან ნივთს შემოტანილად და უცხოურად თვლიდნენ); მიუთითა აუცილებლად შესასწავლ ძეგლებზე - ვანში, საჩხერეში, თრიალეთ - წალკაში, ბაგინეთში და ჟინვალში. 1918 წელს ცნობილმა ენათმეცნიერმა ნიკო მარმა ექ.თაყაიშვილი მიიწვია მის მიერ თბილისში ახლად დაარსებულ კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტში. ეს ინსტიტუტი ფართო პროფილის დაწესებულება იყო. ნ.მარის მოუცლელობის გამო ინსტიტუტს ძირითადად ექ.თაყაიშვილი უძღვებოდა. ამავე პერიოდში ექ.თაყაიშვილი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ადგენს არქეოლოგიის კურსის პროგრამას და იწყებს ამ კურსის კითხვას. 1924 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით - ”სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის შესახებ”, სათანადო სამეცნიერო დაწესებულებათა ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი თვითნებური არქეოლოგიური გათხრები აიკრძალა. ამ წლიდან მოყოლებული, არქეოლოგიური მემკვიდრეობის მოვლა-მზრუნველობაზე სახელმწიფო იღებდა პასუხისმგებლობას. თავდაპირველად არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და მოპოვებული ნივთების მოვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას დაევალა. პირველ ეტაპზე არქეოლოგიურ აღმოჩენებს უმეტესწილად შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და დაგეგმილი წინასწარ მომზადებული არქეოლოგიური კვლევა არ ტარდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს გიორგი ნიორაძის მიერ 1925-1931 წლებში ჩატარებული გათხრები კარსნისხევში, ზემო ავჭალაში, სასირეთში, დევისხვრელში და საკაჟიაში. გ.ნიორაძეს პროფესიული არქეოლოგიური განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული და კარგად იცნობდა იმ პერიოდის საველე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების მეთოდიკას. 1925 წელს იგი, დაბრუნდა სამშობლოში და სათა ვეში ჩაუდგა საველე არქეოლოგიურ კვლევაძიებას. გ.ნიორაძე დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. მან საველე არქეოლოგიური კვლევაძიების გადახალისების მიზნით შემოიკრიბა ძველი და ახალი თაობის მეცნიერები - ს.მაკალათია, გ.გოზალიშვილი, ს.იორდანიშვილი, ბ.კუფტინი, ლ.მუსხელიშვილი და გ.ჩიტაია, რომლებიც მაშინ საველე არქეოლოგიურ კვლევას ეწეოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, ფლავისმანში, თაგილონში, იყალთოში, ნოქალაქევში, კიკეთში და წიწამურში.
1925 წელს გ.ნიორაძემ გააგრძელა და განაახლა ექ.თაყაიშვილის მიერ ჯერ კიდევ 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში დაწყებული არქეოლოგიის კურსის კითხვა. თავდაპირველად გ.ნიორაძე ძველი ისტორიის კათედრაზე მუშაობდა, ხოლო 1934 წლიდან - მატერიალური კულტურის ისტორიის კათედრაზე, რომელიც ისტორიის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა და აერთიანებდა არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სპეციალობებს. ამ კათედრას 1953 წლამდე ხელმძღვანელობდა გ.ნიორაძე. 1953 წლიდან, წლების განმავლობაში არქეოლოგიის კათედრას სათავეში ედგა ოთარ ჯაფარიძე. თბილისის სახ.უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრა საქართველოში პროფესიონალი არქეოლოგების აღზრდის მთავარ კერად იქცა. ქართველი არქეოლოგების უმრავლესობა სწორედ ამ კათედრაზე დაეუფლა არქეოლოგიის საფუძვლებს. თბილსის სახ.უნივერსიტეტი თუ არქეოლოგების ახალი კადრების მთავარი სამჭედლო იყო, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის ძირითად საცავს წარმოადგენდა. მათ ერთმანეთთან ახლო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდათ. 1919 წლიდან კავკასიის მუზეუმს, რომელიც ჯერ კიდევ 1852 იქნა დაარსებული, საქართველოს მუზეუმი ეწოდა. ამჟამად ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გაერთიანებული. 1929-30 წლებში საქართველოს მუზეუმს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, უნივერსიტეტის სიძველეთა მუზეუმის კოლექციები გადაეცა. საქართველოს არქეოლოგიის სამსახურში ძირითადად მუზეუმის ერთი, – წინაისტორიული არქეოლოგიის განყოფილება იდგა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1925 წლიდან გიორგი ნიორაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მიერ წარმოებულ არქეოლოგიურ კვლევაძიებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება საქართველოს ქვის ხანის ძეგლების შესწავლის საქმეში. ამ არქეოლოგიური კვლევის შედეგად, საბოლოოდ, მეცნიერულად დასაბუთდა, რომ ბრინჯაოს ხანის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის ადამიანი ცხოვრობდა. ამ დრომდე კი გავრცელებული იყო აზრი, თითქოს პალეოლითური ხანის ადამიანს არ უცხოვრია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაშიც. 1926-31 წლებში მიმდინარეობდა ქვის ხანის ადამიანის სადგომის დევისხვრელის (ხარაგაულის რნში) გათხრები. მოპოვებული არქეოლოგიური მასალების საფუძველზე გ.ნიორაძემ გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო საქართველოს პალეოლითის შესახებ. შემდეგ დევისხვრელის არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე საქართველოს სახ.მუზეუმში გამოქვაბულის მაკეტი დამზადდა, რომლითაც საზოგადოებას მიეცა საშუალება ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებას გაცნობოდა. დევისხვრელის გათხრებს მოჰყვა ქვის ხანის სხვა არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა. კერძოდ, 1936 წელს გაითხარა საკაჟიას გამოქვაბული (თერჯოლის რნი). 1934-1936 წლებში ითხრებოდა მღვიმევის გამოქვაბული (ჭიათურის რ-ნი), ხოლო აფხაზეთში ქალაქ სოხუმის მახლობლად გაითხარა იახშთხვას ქვის ხანის უძველესი სადგომი. 1936 წელი საქართველოს არქეოლოგიური მეცნიერების განვითარებისათვის ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ წელს კავკასიის-მცოდნეობის ინსტიტუტის (ნ.მარის მიერ დაარსებული ყოფილი კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი) ბაზაზე ჩამოყალიბდა ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (შემოკლებით ”ენიმკი”), რომელიც ძირითად ქართველოლოგიურ ცენტრად იქცა. ინსტიტუტში სხვა ქართველოლოგიურ დარგებთან ერთად გაიხსნა საქართველოს არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილება, რომელსაც 1938 წელს ცალკე გამოეყო არქეოლოგიის განყოფილება. ამ განყოფილებას შეუერთდა განათლების სამინისტროს არქეოლოგიის ინსტიტუტიც. ”ენიმკის” ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად იმთავითვე დაინიშნა გ.ნიორაძე. აქედან მოკიდებული ეს განყოფილება საქართველოში არქეოლოგიური კვლევის ძირითად კერად იქცა. განყოფილებაში შეიქმნა სათანადო სამეცნიერო–მატერიალური ბაზა, რომელიც აუცილებელი იყო გეგმაზომიერი საველე არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად. “ენიმკი”ს არქეოლოგიის განყოფილების გარდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში. ეს მუზეუმი ძირითადად შუა საუკუნეების, კერძოდ, რუსთაველის ეპოქის ამსახველი გამოფენის მოსაწყობად იყო დაარსებული. ამ მუზეუმმა 1936-1939 წლებში გათხრები აწარმოვა დმანისში, გუდარეხში, ბოლნისში, გეგუთში და სხვ. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა ბოლნისში აღმოჩენილი ქვაზე ამოკვეთილი 493 წ. ასომთავრული წარწერა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ქართულ დათარიღებულ წარწერად ითვლება. ივანე ჯავახიშვილმა, ისევე როგორც სხვა ქართველოლოგიურ დარგებს, ქართულ არქეოლოგიასაც დასდო ამაგი. მან იმთავითვე მიუთითა, რომ `არქეოლოგია ისტორიის უძველესი ხანისათვის მთავარ საგნად უნდა ჩაითვალოს”, ”არქეოლოგია, ვითარცა თავისი საკუთარი მეთოდის მქონე მეცნიერების დარგი, სათანადო სპეციალისთა კვლევაძიების სარბიელს შეადგენს და ჩვეულებრივ ისტორიკოსი მისი მონაპოვრით სარგებლობს ხოლმე თავისი მიზნებისათვის”. ივ.ჯავახიშვილს საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდის შესასწავლად არქეოლოგიური მონაცემების გამოყენება აუცილებლად მიაჩნდა. ჯერ კიდევ ”ქართველი ერის ისტორიის” პირველ გამოცემაში გამოყენებულია არქეოლოგიური მასალა, ხოლო ამავე წიგნის 1928 წლის გამოცემას წინ უძღვის სპეციალური ნაწილი - ”კავკასიისა და ქართველების ნივთიერი კულტურა”, რომელშიც, მაშინდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, განხილულია კავკასიის ბრინჯაოს და რკინის ეპოქების მატერიალური კულტურა. აქვე მოცემულია არქეოლოგიური მასალის ფოტოები და გრაფიკული ჩანახატები. გათხრით საველე არქეოლოგიურ სამუშაოებში ივ.ჯავახიშვილი 1930 წლიდან მონაწილეობს, როცა იგი ნოქალაქევ-არქეოპოლისის არქეოლოგიური შესწავლის ერთერთ ხელმძღვანელად ინიშნება. სამწუხაროდ, ნოქალაქევის გათხრები მხოლოდ ორიოდე თვე მიმდინარეობდა და მერე შეწყდა. 1936 წლიდან კი ივ.ჯავახიშვილი უფრო აქტიურად ებმება საველე არქეოლოგიურ კვლევაძიებაში. იგი საერთო ხელმძღვანელობას უწევს დმანისის, გუდარეხის, გეგუთის და ბოლნისის არქეოლოგიურ გათხრებს. ივ. ჯავახიშვილმა პირველმა შეიმუშავა საქართველოში შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის მეცნიერულად დასაბუთებული გეგმა. მასში საქართველოს ძველი კულტურის შესწავლის ერთ - ერთ საყურადღებო ამოცანად ძველი ნაქალაქარების შესწავლაა მიჩნეული. კერძოდ, გეგმარების, საშენი მასალის და სხვადასხვა დანიშნულების ნივთების კვლევა. ამავე დროს იგი ყურადღებას ამახვილებს წყალსადენებისა და სარწყავი არხების შესწავლაზეც, რისი კვლევაც მაშინ სრულიად ახალი საქმე იყო. 1937 წელს ივ.ჯავახიშვილი კრებულ ”ენიმკის მოამბეში” ბეჭდავს სპეციალურ წერილს, რომელიც სხვა ქართველოლოგიურ დარგებთან ერთად, საპროგრამოა საქართველოს არქეოლოგიისათვისაც - ”ჩვენი ამოცანები ენათმეცნიერებისა და კულტურის ისტორიის სფეროში”, სადაც აღნიშნავს: ...”აუცილებლად საჭიროა, რომ ამიერიდან არქეოლოგიური კვლევაძიება გარკვეული გეგმისდა მიხედვით, ისტორიული სააღებმიცემო გზების მიმართულებით და გზათა შესაყარების გათვალისწინებით, ძველი ყველა ისტორიული ცნობების ცოდნითა და კულტურის ისტორიის მთავარი ამოცანების გადასაჭრელად ყველა მასალისადმი ჯეროვანი ყურადღების მიპყრობით წარმოებდეს”. ივ.ჯავახიშვილის მიერ მოცემული ძირითადი მიმართულების მიხედვით მცხეთაში 1937 წელს არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. აქ ”ენიმკი”-ს ინსტიტუტიდან გაიგზავნა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც არმაზისხევის შესართავთან, მდ.მტკვრის მარჯვენა მხარეს აღმოაჩინა ძველი აბანოს ნაშთები. ამ აღმოჩენის გარდა მცხეთაში ყურადღება მიიქცია სამთავროს ველის ცნობილმა სამაროვანმა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ველის დასახლება განეზრახა, რაც ძველი საქართველოს ისტორიისათვის პირველხარისხოვან არქეოლოგიურ ძეგლს განადგურებას უქადდა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ მიიქცია არქეოლოგთა ყურადღება და დააჩქარა გეგმაზომიერი გათხრების დაწყება მცხეთაში. სამთავროს ველის დაზიანებული სამაროვნის საკითხი განიხილეს "ენიმკის" სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე და მისი არქეოლოგიური შესწავლა გადაწყდა. ამის საფუძველზე შეიქმნა და 1938 წლის 27 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ”მცხეთასამთავროს არქეოლოგიური ექსპედიცია”, თოთხმეტი კაცის შემადგენლობით. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელად დაინიშნა ივ.ჯავახიშვილი. იგი ჩვეული პასუხისმგებლობით და ენერგიით შეუდგა საექსპედიციო საქმიანობას. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ყველა მეცნიერთანამშრომლის შრომის შედეგია, დღეს, საყოველთაოდ ცნობილი, უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობის აღმოჩენები. ესენია ნაგებობები, სამარხები და სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, რომლებიც საქალაქო ცხოვრების მაღალ დონეზე მიგვანიშნებს იმ ეპოქის საქართველოში. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესიული საველე არქეოლოგიური დაოსტატების სკოლად იქცა. აქ არქეოლოგიურ და საველე - საექსპედიციო საქმიანობაში მრავალი ქართველი არქეოლოგი გამოიწრთო. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო მუშაობის იმ დროინდელი ეტაპის შეჯამება იყო 1955 წელს გამოცემული მონოგრაფიული ნაშრომი - მცხეთა I (არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები). 1936-40 წლებში ხრამჰესის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით წალკის რაიონში, თრიალეთში მდიდრული ყორღანები გაითხარა. აქ ბრინჯაოს ხანის შესანიშნავი ძეგლების მთელი წყება აღმოჩნდა, რომელიც ”თრიალეთული კულტურის” სახელით არის დღეს ცნობილი. თრიალეთის და საერთოდ საქართველოს არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე არქეოლოგმა ბ.კუფტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველთა კულტურის უძველესი ფესვები ადგილობრივ ავტოქტონურია. 1941 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა არქეოლოგიური გამოფენა - ”თრიალეთი და მცხეთა - უძველესი ქართული კულტურის კერები”. ეს მცხეთის და თრიალეთის ბრწყინვალე არქეოლოგიური მასალის პირველი საყოველთაო საზოგადოებრივი ჩვენება იყო. მოწყობილი გამოფენა ქართული არქეოლოგიის ერთერთი მესვეურის სიმონ ჯანაშიას ენერგიული ორგანიზაციული ძალისხმევის შედეგი იყო. ივ.ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ ს. ჯანაშიაზე გადავიდა საქართველოში არქეოლოგიური სამუშაოების საერთო ორგანიზაციული ხელმძღვანელობა. შემდეგ კი, ეს საქმე ნ.ბერძენიშვილმა იტვირთა. ჯერ კიდევ ”ენიმკის” ინსტიტუტის შექმნისას არქეოლოგიის განყოფილებას დაუსახეს არქეოლოგიური კვლევის სამეცნიერო-საორგანიზაციო გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდგომში სამუშაოები საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდა. საქართველოს ტერიტორიაზე გეგმაზომიერმა არქეოლოგიურმა კვლევამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მიიღო. ამ დროისათვის გათხრები ჩატარდა გრემში, რუსთავში, დმანისში, ხოვლეში, ბაკურციხეში, უჯარმაში, ნადარბაზევში, თბილისში, საგარეჯოში, თეთრწყაროში, ბოლნისში, გუდარეხში, სამშვილდეში, ურბნისში, ვაშნარში, ეშერაში, ტყვიავში, გელათში, სკანდაში, შორაპანში, კლდეეთში, იაშთხვაში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, ოდიშში, თეთრამიწაში, საკაოში, საჩხერეში, ბრილში, ანაკლიაში, დაბლაგომში, ქობულეთ ფიჭვნარში, ურეკში, ყულევში, ბიჭვინთაში, გეგუთში, სოხუმში და სხვ. ჩამოთვლილი არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე მასალის განზოგადების საფუძველზე 1959 წელს საქართველოს არქეოლოგიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო გამოიცა. 1941 წელს ენის, ისტორიისა და მატერიელური კულტურის ინსტიტუტიდან ცალკე გამოყვეს ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც 1943 წლიდან ივ.ჯავახიშვილის სახელს ატარებს. შესაბამისად, ”ენიმკი”-ში მომუშავე არქეოლოგები ჩაირიცხნენ ისტორიის ინსტიტუტში, რომელსაც 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი ეწოდა. ისტორიის ინსტიტუტს `ენიმკისაგან” გამოყოფისას არქეოლოგიის მხოლოდ ერთი განყოფილება ჰქონდა. ამ განყოფილების ბაზაზე ინსტიტუტში შემდგომ არქეოლოგიის სექტორი შეიქმნა, რომელშიაც უკვე რამდენიმე არქეოლოგიური განყოფილება გაერთიანდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფართოდ გაშლილ ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით გაიზარდა მოთხოვნილება სასწრაფო გადაუდებელ არქეოლოგიურ სამუშაოებზე. ამიტომ 1977 წელს პროფ.ოთარ ლორთქიფანიძის ძალისხმევით ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა - არქეოლოგიური კვლევის ცენტრი (შემოკლებით - აკც). არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ძირითადი სამეცნიერო უჯრედები იყო: პალეოლითის, ბრინჯაოადრერკინის, ანტიკური ხანის იბერია-კოლხეთის, შუა საუკუნეების, ინტერდისციპლინარული კვლევის დანაყოფები. ხსენებული სტრუქტურული დანაყოფების საშუალებით არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში მუშავდებოდა საქართველოს არქეოლოგიის კარდინალური პრობლემები. კერძოდ, საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლთა სტატისტიკურტიპოლოგიური დახასიათებაკლასიფიკაცია; ადამიანის თავდაპირველი განსახლება საქართველოს ტერიტორიაზე; მწარმოებლური ეკონომიკის ჩასახვაგანვითარება; ქართველთა ეთნოგენეზი; ბრინჯაოს და რკინის მეტალურგია; პოლიტოგენეზი საქართველოს ტერიტორიაზე (იბერია, კოლხეთის სამეფოები); პალეოურბანისტიკა; არქეოლოგიური კულტურა და სოციალურეკონომიკური სტრუქტურები; ძველი კულტერების ურთიერთობები გარე სამყაროსთან; საომარი იარაღი; ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა; სამონეტო მიმოქცევა; შუა საუკუნეების ქალაქები და სხვ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში მიმდინარეობდა ცალკეული არქეოლოგიური არტეფაქტების კომპლექსური შესწავლა და საძიებო სისტემების შექმნა. ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიაში ხორციელდება რენდგენულსპექტრული, ქიმიური, მეტალოგრაფიული, არქეომაგნიტური, პალეობოტანიკური, პალეოზოოლოგიური, პალეოდენდროლოგიური და სხვა ანალიზები; ხდება არქეოლოგიური ნივთების კონსერვაცია. ცენტრში მიმდინარეობდა აეროფოტოგადაღებების არქეოლოგიური დეშიფრირება. 1985 წლიდან ტარდება წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევები საქართველოს შავიზღვისპირეთსა და ტბა პალიასტომში. ჰიდროარქეოლოგიურად შესწავლილია ბიჭვინთის, სოხუმის, ანაკლიის, ფოთის, ციხისძირის შელფები. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი სადღეისოდ იწოდება –საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი. ის ამჟამად არქეოლოგიური კვლევაძიების მთავარ დაწესებულებას წარმოადგენს საქართველოში. მისი მეცნიერ-თანამშრომლები არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ საქართველოს ყველა კუთხეში. ამ გათხრების მოკლე ანგარიშები ყოველწლიურად იბეჭდება კრებულში `საველე არქეოლოგიური კვლევაძიება”. ამჟამად მიმდინარე არქეოლოგიური კვლევაძიების შედეგად შესწავლილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. თანამედროვე ქართული არქეოლოგიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში, დმანისის ნაქალაქარის ქვედა ფენებში ჰომინიდების თავის ქალების აღმოჩენა. მათი ასაკი 1,8 მილიონი წლითაა განსაზღვრული. აქვე, თავის ქალებთან დადასტურდა ქვის პრიმიტიული იარაღები და მრავალფეროვანი პალეოფაუნისტური და პალეობოტანიკური მასალა. დმანისში არქეოლოგიურად შესწავლილი უძველესი ადამიანების ნაშთები ჰომოერექტუსის ტიპს მიეკუთვნება და ტრანსკავკასია წარმოადგენს ჰომინიდების ევროპაში გავრცელების ერთერთ უძველეს კერას. სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიკვლეულია 350ზე მეტი პალეოლითური პერიოდის სადგომი. მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატიფიცირებული სადგომებია – კუდარო I, კუდაროII, წონა, წოფი, ჯრუჭულა, ორთვალა, აფიანჩა, საკაჟია, ეძანი, ქვაჭარა, დარკვეთი, საგვარჯილე, თეთრი მღვიმე და სხვ. რომლებიც შავიზღვისპირეთში, რიონყვირილას ხეობაში, ჯავახეთის პლატოზე, ქვემო ქართლში მდებარეობენ. ამ ძეგლებზე გამოვლენილმა ქვისა და ოსტეოლოგიურმა მონაცემებმა საინტერესო მასალა მოგვცა პალეოლითის ეპოქის ადამიანის ცხოვრების შესახებ. ამ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის პერიოდის უძველესი საფეხურიდან დაწყებული ადრე სამიწათმოქმედო კულტურის ჩათვლით ადამიანის ცხოვრების უწყვეტი სურათი დასტურდება. საქართველოს ზედაპალეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლებში გარკვეულად შეიმჩნევა მსგავსება მესოპოტამიისა და სირიაპალესტინის სინქრონულ ძეგლებთან. ნეოლითის ანუ ახალი ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლები სადღეისო კვლევაძიების შედეგად მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, ანასეული, პალური, დარკვეთი, ხორში, ჩხორთოლი და სხვ. ამ ძეგლების სულ გვიანდელ ეტაპს ძვ.წ. VI ათასწლეულით ათარიღებენ. ამ ეტაპის სამოსახლოებზე უკვე გვხვდება სასოფლოსამეურნეო იარაღები – ნამგლის ჩასართები, სასრესსაფქვავები და სხვ. ეს არტეფაქტები კი მიანიშნებენ იმაზე, რომ იმდროინდელი მცხოვრებლები უკვე მიწათმოქმედება - მესაქონლეობაზე გადავიდნენ. ეს კი საზოგადოებაში მიმდინარე კარდინალურ ძვრებზე მიგვანიშნებს. ამ პროცესის ბოლო ფაზა გამოკვეთილად ჩანს ძვ.წ. IV ათასწლეულის საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებზე. ქვემო ქართლის ძვ.წ. VIV ათასწლეულის სამოსახლოთა არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე აღმოჩნდა უძველესი ადგილობრივი სამიწათმოქმედო საზოგადოება, რომელთა ცხოვრების ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენდა მარტივ მორწყვაზე დამყარებული მიწათოქმედება და მასთან ერთად მეცხოველეობაც. ეს არქეოლოგიური ძეგლებია – არუხლო I IV, შულავერის გორა, იმირის გორა, ხრამის დიდი გორა და სხვ. მათი გათხრებისას აღმოჩნდა ალიზით აშენებული ნაგებობანი, სამეურნეო სათავსები, მრავალფეროვანი კერამიკა, ქვისა და ძვლის იარაღები (ძირითადად სამიწათმოქმედო დანიშნულების). აქვე დადასტურდა მრავალფეროვანი პალეობოტანიკური მასალა – ხორბალი, ღომი, ქერი. ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ახალი ეტაპი ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში. ეს ეტაპი საქართველოს სამეცნიერო ლიტერატურაში ”მტკვარარაქსის კულტურის~ სახელით იხსენიება. ეს არქეოლოგიური კულტურა ვრცელდება ტრანსკავკასიაში, ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილოეთ ირანში და საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. საქართველოში ამ კულტურის კლასიკურ ძეგლებად მიჩნეულია – საჩხერის ყორღანები, ქვაცხელები, ხიზანაანთ გორა, ამირანის გორა, ილტო, სამშვილდე, კოდა, ჟინვალის ნამოსახლარი, ღმახევისთავი, დიღომი და ა.შ. "მტკვარ-არაქსული კულტურა" თანამედროვე სამცნიერო გამოკვლევებით განვითარებული მიწათმოქმედმესაქონლეთა საზოგადოების კულტურადაა მიჩნეული. მასში უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის პირველი ნახევარიდან აღინიშნება მეტალურგიის გამოყოფა ცალკე დარგად. წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულის და II ათასწლეულის პირველი ნახევრის ანუ შუა ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიური შესწავლა, რასაც საფუძველი დაედო თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანული კულტურის აღმოჩენით. ასეთივე არქეოლოგიური მონაცემები დადასტურდა დმანისის რნში გომარეთის პლატოზეც. გასული საუკუნის 70-80იან წლებში ამ კულტურის ახალი კერები დადასტურდა – მცხეთაში, კახეთში და სხვ. აქ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა – ხის ძელებით ნაგები სამარხი ნაგებობები, მდიდრული არტეფაქტები: დასაკრძალავი ეტლები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ბრინჯაოს იარაღი, შავად ნაპრიალები კერამიკა. უახლესი გამოკვლევებით ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნება საწარმოო ძალების, პირველ რიგში, ბრინჯაოს მეტალურგიის დაჩქარებული განვითარებით, მიწათმოქმედების კიდევ უფრო აღმავლობით და პროტოურბანისტული ცივილიზაციის წანამძღვრების გამოჩენით. ამ ტიპის ძეგლების კვლევა სათავეს იღებს მცხეთის სამთავროს გათხრებიდან. საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი გვიან ბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები – სამოსახლოები, სამაროვნები, სამლოცველოები, მეტალურგიული და კერამიკული წარმოების ნაშთები. ამ პერიოდის ძეგლები აღნუსხული და ნაწილობრივ გათხრილგამოკვლეულია: შიდა ქართლში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ივრისა და არაგვის ხეობებში, ქვემო ქართლში, მესხეთჯავახეთში, კახეთში, კოლხეთში, სვანეთში, რაჭაში და ა.შ. გვიან-ბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის მსხვილი დასახლება, რომელიც პროტოქალაქური ტიპის დასახლებას ჰგავს, აღმოჩენილია თბილისთან, დიღომში – ”თრელი გორები”. მისი არქეოლოგიური გათხრები დღესაც მიმდინარეობს. ქართველმა არქეოლოგებმა გარკვეულწილად წარმატებას მიაღწიეს რკინის მეტალურგიის შესწავლისას, საქართველოს ტერიტორიაზე რკინის წარმოების დაწყება არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ძვ.წ. XIV სდან ჩანს, ხოლო მისი ფართოდ ათვისება ძვ.წ. VIII სდან ივარაუდება. საქართვეოლს ტერიტორიაზე ამ პერიოდის რკინის წარმოების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი, რკინის გამოსადნობი ქურის, წიდების და მადნეულის სახით. ეს არტეფაქტები არქეოლოგიურად აღმოჩენილია – პალურში, ნიგვზიანში, ურეკში, მერხეულში, ბრილში და სხვ. ძვ.წ. VIII-VII სს. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურად შესწავლილ ძეგლებზე დადასტურებულია რკინის სასოფლოსამეურნე და საომარი იარაღების საოცარი სიმრავლე. კლასიკურ ეპოქაში ძველი საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ჰეგემონობა კოლხეთისა და იბერიის (ქართლის) სამეფოებმა მოიპოვეს (ორივე ეს სამეფო ბერძნულ-რომაული და ქართული წერილობითი წყაროებით კარგად არის ცნობილი), რომელთა ადგილსა და საფუძველზე წარმოიქმნა ერთიანი სახელმწიფო – საქართველო. სწორედ კლასიკური ეპოქის ამ სამეფოთა შესწავლის საქმეში ქართველმა არქეოლოგებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. დღესდღეობით არქეოლოგიურად შესწავლილია ქართულ და ბერძნულ წყაროებში არაერთგზის დაფიქსირებული ნაქალაქარები, კერძოდ: მცხეთაარმაზციხე, ნასტაკისი, უფლისციხე, ძალისი, სარკინე, შორაპანი, ბიჭვინთა, აფსაროსი და სხვ. ამავე პერიოდის ძეგლებია – სამადლო, ციხიაგორა, ვანი, ეშერი, ქობულეთი, ფიჭვნარი, საირხე, საქორქიო, სოხუმიდიოსკურია, ოჩამჩირე და სხვ. ამ არქეოლოგიური ძეგლების უმეტესობას ურბანიზაციისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. კერძოდ, თავდაცვითი კედლები, აკროპოლისი, კრამიტით გადახურული და თლილი ქვითნაგები საზოგადოებრივი და საკულტო შენობები, აბანოები. ქართველი არქეოლოგების მრავალწლიანი ძალისხმევით ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროების კოლხეთი გამოჩნდა როგორც რეალური ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრიობით, განვითარებული მიწათმოქმედებით, ქალაქებით, მრავალმხრივი ხელოსნური წარმოებით, საომარი იარაღებით, თავისებური კერამიკით, ტორევტიკით, ოქრომჭედლობით, მონეტებით, არქიტექტურით და სხვ. ზემოთ ნახსენები არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე არტეფაქტები ძირითად წყაროდ იქცა საქართველოს ისტორიის ისეთი პირველხარისხოვანი სამეცნიერო საკითხების შესწავლისას, როგორიცაა არქაულკლასიკური პერიოდის საქართველოს საზოგადოების სტრატიფიკაცია, სამოსახლოების და ქალაქების ტოპოლოგიურ-ფუნქციური კლასიფიკაცია, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები გარესამყაროსთან, ხელოსნური წარმოება, მიწათმოქმედება, ფულადი მიმოქცევა, იდეოლოგია, ხელოვნების ნიმუშების კვლევა, არქიტექტურა და სხვ. საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები სხვა პერიოდის ძეგლებთან შედარებით უფრო მრავალია. ქართველმა არქეოლოგებმა შეისწავლეს შუა საუკუნეების ნაქალაქარები, ნასოფლარები, ციხესიმაგრეები, წარმოების ნაშთები, საკულტო ხუროთმოძღვრება, სარწყავი და სანიტარული სისტემები. მიმდინარეობს კონკრეტული არტეფაქტების კვლევა – კერამიკა, ლითონი, მინა, სამკაული, იარაღი, ნუმიზმატიკური მასალა და სხვ. გასული საუკუნის 60-70 იან წლებიდან მოყოლებული ფართო საველე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს შუა საუკუნეების არქეოლოგიურ ძეგლებზე: თბილისში, რუსთავში, უჯარმაში, ვარდციხეში, ჟინვალში, სოფ.კაზრეთში, სოფ.მთისძირში (ვანის რ-ნ), ბალიჭში, დმანისში, ახალქალაქში (ჯავახეთის რ-ნ), გავაზში, თელავში, ფოთში (პალიასტომის ტბასთან) და სხვ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის და ამჟამად ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის წინამორბედი დაწესებულებების არქეოლოგთა ნაშრომები ქვეყნდებოდა ჯერ ”ენიმკის მოამბეში”, მერე ”ისტორიის ინსტიტუტის შრომებში” და კრებულ ”მიმომხილველში”, ხოლო 1955 წლიდან ქართველ არქეოლოგებს უკვე ცალკე სისტემატური კრებული აქვთ - ”მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის". შემდგომ წლებში დაარსდა და სერიულად გამოიცა სხვა არქეოლოგიური კრებულებიც: "საქართველოს არქეოლოგიის საკითხები", ”ვანი”, ”დიდი პიტიუნტი”, ”მცხეთა”, "თბილისი", "კავთისხევის არქეოლოგიური ძეგლები", "ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები", "არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოს ახალმშენებლობებზე", "კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები", "ჟინვალის ექსპედიციის შრომები", "ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში", "იბერია კოლხეთი" (კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის კვლევები), "კავკასიის არქეოლოგია"(რუსულ ენაზე), "ქართული არქეოლოგიის ჟურნალი" (ინგლისურ ენაზე) და სხვ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების საცავი დღევანდელი საქართველოს ეროვნული მუზეუმია, რომელიც ქვეყნის უძველესი სამეცნიეროსაგან მანათლებლო ცენტრია. აქვეა სპეციალური სარესტავრაციო განყოფილება, სადაც არქეოლოგიური მასალის რესტავრაცია კონსერვაცია მიმდინარეობს. მუზეუმი ხელს უწყობს ახალ აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლთა დაცვას და პოპულარიზაციას. არქეოლოგიურ კვლევას ახორციელებენ აგრეთვე რეგიონული ინსტიტუტები. ასეთებია დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის და ისტორიის, ქ.ცხინვალის სამეცნიერო-კვლევითი, ქ.ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ამ დაწესებულებებში საგანგებო არქეოლოგიური უჯრედებია შექმნილი. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ერთიან ზედამხედველობაკოორდინაციას საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული არქეოლოგიური კომისია ახდენს, რომელიც ქვეყნის სახელით იძლევა გათხრების ნებართვას. ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აკრძალულია და ისჯება კანონით (იხ."საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" და `საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი" მუხლი 257). საქართველოს არქეოლოგთა ყველა თაობის წვლილი და დამსახურებაა თანამედროვე ქართველოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის - ქართული არქეოლოგიის - საყოველთაოდ ცნობილი წარმატებები. არქეოლოგიური კვლევის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულია ადამიანის განვითარებისა და ცხოვრების ამსახველი ყველა საფეხურის ძეგლები ქვის ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ წარმატებების უტყუარი მოწმობაა რამდენიმე ათასი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია, რომლებიც ქართველმა არქეოლოგებმა გამოაქვეყნეს.
დასაწყისი (ნაწილი I)
|