There are no translations available.
<უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი
თბილისი
2008
გელა გამყრელიძე
ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ
რეცენზენტები: ი.მ.დ. პროფ. რამინ რამიშვილი
ი.მ.დ. პროფ. ბესარიონ მაისურაძე
© საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 2008
IშBN 978-99940-080-9-5
წყარო: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000499/sruli.pdf
თანამედროვე არქეოლოგია საისტორიო მეცნიერებაა, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდი აქვს. არქეოლოგია კაცობრიობის ისტორიას მიწის წიაღში და წყალქვეშ მიკვლეული ნივთიერი კულტურის ძეგლების საშუალებით შეისწავლის. ნიადაგში არქეოლოგიის კვლევის საგანია „კულტურული ფენა”, რომელიც ადამიანის, საზოგადოების მოქმედების ნივთიერ ნაკვალევს შეიცავს. კერძოდ, ნამოსახლარებს, სამაროვნებს; შრომის იარაღებს, კერამიკას, შეიარაღება, საჭურველს, სამკაულს, საკულტო ინვენტარს და სხვ. ცალკეული ეპოქის კულტურულ ფენას შესაბამისი ისტორია აქვს. „არქეოლოგიური კულტურა” ნიშნავს ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე ერთნაირი და თანადროული ნივთების ანუ არტეფაქტების, არქეოლოგიური ძეგლების ანუ კომპლექსების ერთობლიობას. მათი შესწავლის საფუძველზე ხდება ისტორიულსოციოლოგიური ანალიზი და კაცობრიობის, ცალკეული საზოგადოების განვლილი ეტაპების რეკონსტრუქცია აღდგენა. ევროპაში არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, XIX საუკუნეში ჩაისახა. შემდგომ არქეოლოგიით გატაცებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. არქეოლოგიური გათხრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდებოდა. საქართველოში ძველი ნივთების კოლექციონერობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ სიძველეების შესწავლისა და მათი ისტორიასთან დაკავშირების ცდა კი გაცილებით გვიან მოხდა. შუა საუკუნეებში ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო. სულხან-საბა ორბელიანი რომის მუზეუმის დათვალიერებისას იხსენებს, რომ ამგვარი ნივთების საცავი მას უნახავს მეფე ვახტანგ VI კარზე, ”სალაროში”. საცავსალაროს თბილისში, სადაც სამეფო ხაზინასთან ერთად ინახებოდა მიწაში ნაპოვნი ნივთებიც, კერძოდ, ძველი მონეტები და იარაღსაჭურველი, მოიხსენიებს ისტორიკოსი თეიმურაზ ბაგრატიონიც. იგი იქვე დასძენს, რომ, სამწუხაროდ, 1795 წელს სპარსელების მიერ საქართველოს დედაქალაქ თბილისის აღება-დანგრევისას მეფის სასახლე და მასთან ერთად ეს საცავმუზეუმიც დაურბევიათ და გაუძარცვავთ. XIX საუკუნემდე საქართველოში სიძველეთა შესწავლას ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. შემოგვრჩა მხოლოდ კანტიკუნტი ცნობები ზოგიერთი ძეგლის შესახებ. ეს ცნობები საინტერესოა თავისი აღწერილობითი ხასიათით, რადგან ზოგიერთი ძეგლი შემდგომ ან სულ განადგურდა, ან დაზიანდა და სახე იცვალა. სიძველეთა აღწერა გვხვდება ჯერ კიდევ სულხანსაბა ორბელიანის, ვახუშტი ბაგრატიონისა და თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულებებში, აგრეთვე უცხოელ მოგზაურთა ნაწერებში - არქანჯელო ლამბერტის, კრისტოფორო დე კასტელის, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, იოჰან გიულდენშტედტისა და სხვ. XIX საუკუნის საქართველოში სიძველეთა შესწავლა შედარებით უფრო სისტემურ ხასიათს იღებს. ჯერ კიდევ 1837 წელს საქართველოს სტატისტიკურმა კომიტეტმა მიაქცია ყურადღება ისტორიული ძეგლების აღრიცხვადაცვის საქმეს და საამისოდ შეადგინა სპეციალური ინსტრუქციამითითება, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში გაავრცელეს. მასში ყურადღება გამახვილებული იყო ყორღანების ან მსგავსი სიძველეების გამოვლენა-აღნუსხვაზე. ამ ინსტრუქციის შედგენაში მონაწილეობდნენ ნ.ფალავანდიშვილი და მ.ჭილაშვილი, რომლებიც სტატისტიკურ კომიტეტში მსახურობდნენ. მ.ჭილაშვილი სიძველეთა დაცვაშესწავლისათვის შემდგომშიც იღვწოდა და აქტიურობდა. მისთვის, როგორც სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის თანამშრომლისა და სიძველეთა აღნუსხვა-დაცვის შესახებ ინსტრუქციის ერთერთი შემდგენლისათვის, კარგად იყო ცნობილი სიძველეთა შესწავლის მაშინდელი მდგომარეობა საქართველოში. ამიტომ, 1856 წლის 8 დეკემბერს კავკასიის გეოგრაფიული საზოგადოების კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში მან ერთერთმა პირველთაგანმა აღძრა საკითხი საქართველოში ინტენსიური არქეოლოგიური გათხრების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. სამწუხაროდ, მისი წინადადება საქართველოში ფართო არქეოლოგიური გათხრების წარმოებაზე მაშინ არ მიიღეს, რადგან ის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ შესასწავლი საკითხების სფეროში არსებულად არ მიიჩნიეს. მართალია, გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მსგავსად არც სტატისტიკურ კომიტეტს ჩაუტარებია გათხრები და არც რაიმე მეცნიერული დასკვნები გამოუტანია (რადგან ეს არ შედიოდა მის ფუნქციებში), მაგრამ მან მაინც გარკვეული როლი შეასრულა ძეგლთა აღნუსხვადაცვის საქმეში, რასაც მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ამით განადგურება გაქრობას გადაურჩა ბევრი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლი. მაგრამ მარტო აღნუსხვადაცვით სიძველეთა შესწავლის საქმე წინ ვერ წაიწევდა. ამიტომ XIX საუკუნის შუა წლებიდან საქართელოს სიძველეთა უფრო ფართო, მრავალმხრივი შესწავლისათვის საჭირო გახდა გათხრების დაწყება და ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა გათხრით არქეოლოგიას. პირველი გათხრა, რომელიც მეცნიერულ მიზნებს ისახავდა, ჩატარდა 1852 წლის ზაფხულში, ქ. გორიდან დაახლოებით თხუთმეტიოდე კილომეტრით დაცილებულ ნაქალაქარ უფლისციხეში. აქ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს არქეოლოგიის პიონერი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (1815-1878 წწ.). სამწუხაროდ დ.მეღვინეთუხუცესიშვილის შესახებ ძალზე მცირე ცნობებია შემონახული, რაც აძნელებს ამ პიროვნებაზე სრული წარმოდგენის შექმნას. მისი თანამედროვეების აზრით, დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი ნიჭიერი კაცი იყო და საქართელოს ისტორიის დიდი მცოდნე; იგი, სადაც კი შეეძლო, ყველგან ცდილობდა საქართველოს ისტორიის სასარგებლოდ. ბევრი სხვა და სხვა სამეცნიერო, საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოებათა წევრი იყო~(იხ. ჟურნალი ”საქართველოს კალენდარი”, ტფილისი, 1895). მაღალ შეფასებას აძლევს დ.მეღვინეთუხუცესიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობას ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსეც, რომელიც ერთერთ თავის ნაშრომში აღნიშნავს მის სიბეჯითეს და იმ დახმარებას, რომელიც მისგან მიიღო. დ.მეღვინეთუხუცესიშვილმა აღწერა და შეისწავლა მრავალი საყურადღებო ძველი ძეგლი, შეაგროვა და შთამომავლობას დაუტოვა არაერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი თუ ნივთი. მან მოიარა და შეისწავლა ქართლი, იმერეთი, გურია, მესხეთი, აჭარა და სხვა. დ.მეღვინეთუხუცესიშვილი თავის ერთერთ წერილში აღნიშნავს: ”მე მსურს, რაც საქართველოში ძველი ეკლესიაა თუ მონასტერი, ჯვარი, ხატი და რაზედაც ძველი წარწერილობაა, ყველა აღვწერო თვითოეულად და ნაწერიც ეგრეთ გარდმოვიღო”. 1849 წელს იგი დააჯილდოვეს სპეციალური სიგელით სამეცნიერო საქმიანობისა და საინტერესო მოხსენებებისათვის. დ.მეღვინეთუხუცესიშვილი მსახურობდა ქ. გორის სასამართლოში, რაც მას ხელს უშლიდა სამეცნიერო მუშაობის ფართოდ გაშლაში. ამიტომ 1851 წელს გორიდან გადავიდა ქ.თბილისში სახელმწიფო კანცელარიაში სამუშაოდ, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობისათვის უფრო მეტი დრო რჩებოდა და მატერიალურადაც უკეთ იყო უზრუნველყოფილი. აქ მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალეს მოეწყო ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა აღეწერა და შეესწავლა ისტორიული სიძველეები. სამწუხაროდ, ამ ექსპედიციებს მთავრობისაგან დაფინანსება - დახმარება მალე შეუწყდა. 1852 წლის ზაფხულში დ.მეღვინეთუხუცესიშვილმა მთავრობისაგან მიიღო გარკვეული თანხა და შეუდგა უფლისციხის ნაქალაქარის გათხრას. მას თბილისიდან მოუწვევია მხატვარი და შეუძენია სათანადო აღჭურვილობა ძეგლის გათხრა ფიქსაციისათვის. არქეოლოგიური გათხრების დროს დ.მეღვინეთუხუცესიშვილი აწარმოებდა საველე დღიურს. როგორც ჩანს, იგი აპირებდა უფლისციხის გათხრების შედეგების გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, გათხრების შედეგების გამოქვეყნება ვერ მოხერხდა, ხოლო საველე დღიურები და მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაიკარგა (ჯერჯერობით არ ხერხდება მათი მიკვლევა). ამიტომ ამ გათხრების შესახებ წარმოდგენას ძირითადად გაზეთ ”კავკაზ”-ში (№43, 66; 1852 წ.) დაბეჭდილი მოკლე ანგარიშები გვიქმნის. უფლისციხის ნაქალაქარის არქეოლოგიური შესწავლა დ.მეღვინეთუხუცესიშვილს ზედაპირული დაზვერვით დაუწყია - აუგეგმავს ნაგებობები, აღმოუჩენია რამდენიმე წარწერა და გადმოუწერია. ამისათვის მას მოუხდა მაღლა, ფრიალო კლდეებში ნაკვეთი ნახევრად ჩანგრეული ნაგებობების ნახვა, რაც არცთუ უსაფრთხო იყო. დ.მეღვინეთუხუცესიშვილს პირველად უფლისციხის დიდი დარბაზის გათხრა დაუწყია. გაუჭრია დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის თხრილი; აქ აღმოუჩენია სვეტის ფრაგმენტები და კერამიკის ნატეხები, დიდი დარბაზის გვერდზე მდებარე ოთახში კი ქვევრები. მისი აზრით, დიდი დარბაზი და მიმდებარე ნაგებობები წარჩინებული პირის სასახლეს წარმოადგენდა. დ.მეღვინეთუხუცესიშვილს შეუსწავლია უფლისციხის შესახებ არსებული ყველანაირი ცნობა, კერძოდ, ვახუშტი ბაგრატიონისა და ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები უფლისციხის შესახებ და ადგილობრივ მცხოვრებთა ფოლკლორული გადმოცემები. იგი ერთმანეთს ადარებს უფლისციხისა და ვარძიის კლდეში ნაკვეთ ნაგებობებს. უფლისციხის არქეოლოგიური შესწავლის დროს დ.მეღვინეთუხუცესიშვილს გაუთხრია სამარხებიც. დ.მეღვინეთუხუცესიშვილი გარდაიცვალა 1878 წელს და დასაფლავებულია გორთან, სოფ.ხიდისთავში. დ.მეღვინეთუხუცესიშვილის ნაწერებიდან ჩვენამდე მოაღწია ისტორიული ხასიათის რამდენიმე ნაშრომმა: ”მეფობა და ცხოვრება ერეკლე II”, ”აღწერა გორთან მდებარე ეკლესიებისა, მონასტრებისა და მათ ზედაღირსსახსოვარ წარწერათა სრულიად”, ”მოგზაურობა გორთან, ხიდისთავსა შინა 1849სა წელსა”, ”მოგზაურობა და მოხილვა იმერეთისა 1850 წელსა” (მოხსენებები ინახება ს.პეტერბურგში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა საცავში, ბროსესეულ ფონდში - №47). XIX საუკუნის შუა წლებისათვის საქართველოში 1832 წლის ეროვნულგანმანთავისუფლებელ გამოსვლას მოყოლილი რეპრესიების შედეგად ჩამკვდარი კულტურული ცხოვრება რამდენადმე გამოცოცხლდა. დაარსდა სამეცნიერო საზოგადოებები; გაიხსნა მუზეუმი, ბიბლიოთეკა; დაიწყო პერიოდული გამოცემების დასტამბვა, სადაც სამეცნიერო სტატიებიც იბეჭდებოდა. ამ პერიოდულ გამოცემებში ხშირად ნახმარ სიტყვა ”არქეოლოგია”-ს მაშინ საკმაოდ ფართო, მრავლისმომცველი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ფრიად მოდურ სიტყვად იქცა. გამოქვეყნებულ წერილებში არქეოლოგიური მასალის შესწავლა და ფიქსირება ხშირად შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ამ მასალის აღწერა უმეტესად ჩართულია ან არეულგადახლართულია საბუნებისმეტყველო და ფოლკლორულ მონაცემებთან. სიტყვა ”არქეოლოგიაში” მაშინ ძირითადად ყოველგვარ სიძველეთა - წიგნების, ეკლესია მონასტრების, ხატების, ეპიგრაფიკული ძეგლების - აღწერა შესწავლა იგულისხმებოდა. მიწისქვეშა ძეგლების კვლევას კი უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან იმ დროს არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული დღევანდელი მნიშვნელობით. ერთერთი პირველი საზოგადოება, რომელმაც რამდენადმე მიაქცია ყურადღება საქართველოს სიძველეებს, იყო გეოგრაფიული საზოგადოება. ის 1850 წელს გაიხსნა თბილისში. პირველსავე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად აღინიშნა, რომ დაარსებულმა საზოგადოებამ უნდა შექმნას მუზეუმი და არქივი. მისი აქტიური წევრები იყვნენ: რ.ერისთავი, პ.იოსელიანი, დ.ყიფიანი, გ.ორბელიანი, გ.ერისთავი, ვ.სოლოგუბი, ა.ბერჟე, პ.უსლარი, მ.ჭილაშვილი და სხვ. ახლად დაარსებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა თბილისში მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით საზოგადოების წევრებისათვის დაევალებინა ექსპონატების შეგროვებაკატალოგიზაცია და საკვლევ ექსპედიციებში მონაწილეობა. მუზეუმი გაიხსნა 1852 წლის გაზაფხულზე. მისი იმდროინდელი ადგილსამყოფელი იყო დღევანდელ ალ.ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლი. ეს იყო პირველი მუზეუმი მაშინდელ კავკასიაში. თბილისში დაარსებული მუზეუმი შედგებოდა ეთნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილებებისაგან. 1854 წლისათვის მუზეუმი უკვე 3300 ექსპონატს ითვლიდა. მუზეუმის საისტორიო-არქეოლოგიური კოლექციები შეავსო მიწის წიაღში აღმოჩენილმა ბევრმა ექსპონატმა. აქ თავი მოიყარა დიდი რაოდენობით ნუმიზმატიკურმა მასალამ, საჭურველიარაღის ნაშთებმა, სამკაულებმა და სხვ. მუზეუმს ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა უცხოურ სამეცნიერო დაწესებულებასთან. 1863 წელს ეს მუზეუმი დაიშალა. მისი კოლექციები გადაეცა თბილისში ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გ.რადე. ამ მუზეუმსაც, ისევე როგორც მის წინამორბედს, უფრო ეთნოლოგიურსაბუნებისმეტყველო ხასიათი ჰქონდა. მაგრამ აქ არც ისტორიაარქეოლოგია იყო დავიწყებული. შემდგომში კავკასიის მუზეუმის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი აღმოცენდა. პირველი მუზეუმის დაარსებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, გეოგრაფიული საზოგადოების ერთერთმა წევრმა პლატონ იოსელიანმა (1809-1875 წწ.), რომელმაც თავის დროზე საყურადღებო ქართველოლოგიური გამოკვლევები შექმნა. კერძოდ, ჩვენთვის ფრიად საინტერესოა მისი ისტორიულარქეოლოგიური ხასიათის შრომები, სადაც იგი ეხება საქართველოში ქალაქების წარმოშობის საკითხებს. მისი მოსაზრებით, საქართველოში ქალაქები ძირითადად წარმოიქმნა მთავარ მდინარეთა ნაპირებზე და მათ ძირითად შენაკადებთან, სამხედროსტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან პუნქტებთან, რელიგიურ ცენტრებთან; უფრო იშვიათად, წარმოების თავისუფალი კონცენტრაციის ან ვაჭრობის განვითარების შედეგად. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად პ.იოსელიანს მცირე მასშტაბის დაზვერვითი გათხრები უწარმოებია დღევანდელ სოფ.ჟინვალთან, ძველი ნაქალაქარის ადგილზე. მას აქ აღმოუჩენია და გაუთხრია რიყის ქვის ნაგებობის ნაშთები, მოუპოვებია კერამიკისა და ლითონის ნივთების ნატეხები (სამწუხაროდ, უფრო დაწვრილებითი ცნობები ამ გათხრების შესახებ არ შემორჩენილა). ჯერ კიდევ 1844 წელს (ე.ი. გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მცხეთა მიიქცევდა საყოველთაო ყურადღებას) პ.იოსელიანი თავის ერთერთ ნაშრომში წერდა, რომ მცხეთაში არის ბევრი ნანგრევი, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლიაო. 1867 წელს მცხეთაში, სარკინიგზო ხიდის მახლობლად, მდ.მტკვრის ნაპირზე, გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა ქვათლილი 75 წელს ამოკვეთილი წარწერით. შემდგომ წლებში მცხეთაშივე, სამთავროს ველზე და ბებრისციხის მიდამოებში, ისევ შემთხვევით, უძველესი სამარხები აღმოჩნდა. ამ აღმოჩენებმა გამოიწვია მთავრობის დაინტერესება და 1871 წელს თბილისში მცხოვრებ ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნს სთხოვეს სამთავროს მინდორზე გათხრების წარმოება. აქ გაითხარა ქვისფილებისაგან შედგენილი სამარხები. ამოღებულ იქნა კერამიკა, ლითონის იარაღები, სამკაულები და სხვ. ხსენებულმა ნივთებმა შემდეგ კავკასიის მუზეუმის ფონდები შეავსო. მართალია, არც საველე სამუშაოები ჩატარებულა სათანადო დონეზე და არც განათხარის ისტორიული გააზრება მომხდარა სწორად, მაგრამ თვით არქეოლოგიურმა მასალამ საზოგადოებრიობის დიდი ინტერესი გამოიწვია. 1885 წელს ქ. ბერლინში დაისტამბა ფრ. ბაიერნის ნაშრომი, რომელშიც სხვებთან ერთად განხილულია სამთვროს ველის სამარხებიც. 1879 წელს ფრანგი ანთროპოლოგი ე. შანტრი სამთავროშივე თხრის რამდენიმე სამარხს. მცხეთის ამ არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ კავკასიისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი ისტორიკოს არქეოლოგთა ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ 1872 წელს თბილისში შეიქმნა კავკასიის არქეოლოგიური კომიტეტი, რომელსაც ისტორიულ-არქეოლოგიური სამუშაოების კოორდინაცია უნდა მოეხდინა კავკასიაში.
კომიტეტის საქმიანობის შესახებ ცნობები იბეჭდებოდა სპეციალურ ჟურნალში, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1872-1873 წწ. აქ მოყვანილი ცნობები ძირითადად ეკლესიების აღწერილობებს შეიცავს. მალე ეს კომიტეტი შეუერთდა ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებას”, რომელიც დაარსდა 1873 წელს ქ. თბილისში. ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” დაარსებას წინ უძღოდა გარკვეული სამზადისი. კერძოდ, 1873 წელს ჟურნალ ”ცისკარში” (იხ.№34) გამოქვეყნდა დ.ბაქრაძის სტატია, რომლითაც ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა გასცნობოდა თავის სამშობლოში არქეოლოგიური კვლევაძიების პერსპექტივებს. სტატიის სათაურია ”შესახებ კავკასიის არქეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოებისა, რომლის დაფუძნებასაც აპირებენ ტფილისში~. დასაწყისში საუბარია საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის რეგიონის ისტორიულ-არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობასა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიული განვითარებისათვის; შეფასებულია ისტორიული ძეგლების წარწერების ადგილი ქვეყნის წარსულის შესწავლაში. შემდეგ ის აღნიშნავს, რომ არქეოლოგიას ჩვენთანაც მიექცა ყურადღება და გადაწყვეტილია არქეოლოგიური საზოგადოების შექმნა, რათა `მოიყვანონ ცნობაში ძველნი სახსოვარნი, აკლდამების გათხრა, სადაცა მოიპოვებიან ძველის დროების კვდართან ჩატანებული ნივთები, ზედ წარწერების შეკრება და რა მოიყვანოს ყველა ეს ცნობაში, გაავრცელონ ეს ცნობები ხალხში. ამ არქეოლოგიის შეწევნა აღიდგინა კარგათ ძველის, დიდი ხნის გამქრალის ხალხების მდგომარეობა კავკასიაში, ამ აზრს ჯერ აქომამდე არ შეხებიან, თუმცა ამას, ქვეყნის ზურგზედ, არქეოლოგიის მხრივ თითქმის უჭირავს პირველ ადგილთაგანი”. იქვე: ”ეს სახსოვარნი მარტო თვალსაჩინარნი კი არ არიან, რამდენნი არიან დაფლულნი თვით მიწაში, როგორც გვარწმუნებს, მცხეთა, სადაც, რა გადათხარეს აკლდამები, რამდენი ღირს შესანიშნავი ძველის დროსანი, აღმოჩნდნენ”. რაც აღმოაჩინეს, იღუპება ჰაერის შეხებისგანო - შეშფოთებულია დ.ბაქრაძე. მას აგრეთვე აწუხებს ის, რომ ხალხი ძველი ნანგრევების ქვებს სამშენებლო მასალად ხმარობს და ამით ზიანს აყენებს ძეგლებს; იგი თვლის, რომ არქეოლოგიური საზოგადოების შექმნა ამიტომაც არის საჭირო - საზოგადოებამ უნდა ”...მოიყვანოს ცნობაში ღირს სახსოვარნი შენობები; გაუფრთხილდეს, არავინ წაახდინოს, ფოტოგრაფიებით გადმოიღოს ისინი და იმათი მხატვრობა; გადმოწეროს ზედ წარწერები; შეისყიდოს, სადაცა ჰპოვებს, ძველი ფულები, ოქმები, მანუსკრიპტები და იმისთანა ნივთები, რომელნიცა წარმოგვიდგნენ ძველის დროის სახსოვარსა; გადაათხრევინოს ის აკლდამები, სადაცა დაინახავს საჭიროდ”. როგორც ვხედავთ, ამ სტატიაში მომავალი არქეოლოგიური საზოგადოებისათვის დასახულია ფრიად პროგრესული აზრებით გამსჭვალული პროგრამა; დასმულია საკითხი ძეგლთა დაცვის, გრაფიკული ფიქსაციის, აღწერის, შესყიდვის და გათხრის შესახებ. ამ საპროგრამო სტატიის ავტორი დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890წწ.) ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” ერთ - ერთი დამაარსებელი და აქტიური მოღვაწე იყო. დ.ბაქრაძე საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობის ერთ-ერთ მთავარ გზად საქართველოს ისტორიის წყაროებისა და მასალების ძიებას თვლიდა. მას, სრულიად სამართლიანად, მიაჩნდა, რომ საქართველოს ისტორიისათვის მასალების შეგროვება ძირითადად ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევაძიების შემწეობით უნდა მომხდარიყო. ამიტომ დ.ბაქრაძე აწარმოებდა კვლევა-ძიებას სვანეთში, აჭარაში, გურიაში, მესხეთჯავახეთში, სამეგრელოში, საინგილოში და სხვ. ეს ისტორიულ-არქეოლოგიური მოგზაურობები დ.ბაქრაძის მიერ შემუშავებული საერთო გეგმის ნაწილს შეადგენდა. მისი საერთო დიდი მიზანი მთლიანად საქართველოს სიძველეების შესწავლა იყო. ამ მიზნის მიღწევა, ბუნებრივია, მარტო ერთი მეცნიერის ძალებს აღემატებოდა. ამიტომ საჭირო შეიქმნა გარკვეული სამეცნიერო ძალების გაერთიანება. ამ დროისათვის საქართველოში მოღვაწე მეცნიერები კარგა ხნის განმავლობაში არაორგანიზებულად, მაგრამ მაინც დიდი გულისყურით კრებდნენ და სწავლობდნენ საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვან მასალებს. ამიტომ იყო, რომ არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების დაარსების იდეას მოწინავე საზოგადოება სიხარულითა და აღტაცებით შეხვდა. დაინტერესებულ წრეებში უკვე საკმაოდ კარგად იცნობდნენ ქართველი მეცნიერმოღვაწეების - პ.იოსელიანის, ს.ბარათაშვილის, რ.ერისთავის, დ.ყიფიანის, გ.ორბელიანის, დ.ბაქრაძის და სხვათა საქმიანობას, რაც ნათლად ჩანდა მაშინდელ საქართველოში გამომავალი პერიოდული გამოცემების ფურცლებზე. 1873 წლის 23 მარტს დამტკიცდა ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” წესდება. დაადგინეს, რომ ამ საზოგადოების ცენტრი იქნებოდა ქ.თბილისში და მისი მიზანი იყო ძველი ნაგებობებისა და, საერთოდ, სიძველეთა გადარჩენა დანგრევა-განადგურებისაგან. საზოგადოებას შეძლებისდაგვარად უნდა შეეძინა სიძველეები მოსახლეობისაგან, თვითონაც მოეპოვებინა მასალები და ყოველივე ეს მეცნიერულად შეესწავლა. ამგვარი შესწავლის შედეგები თითოეულ წევრს უნდა მოეხსენებინა კრებაზე და საზოგადოების კომიტეტის დასტურით გამოექვეყნებინა. საზოგადოებას სამეცნიერო კავშირი უნდა ჰქონოდა როგორც კავკასიის, ისე ევროპის სხვადასხვა საზოგადოებასთან, რათა ახალი ინფორმაცია მიეღო. საზოგადოების წესდებაში აღნიშნულია, რომ ის მოაწყობს სპეციალურ ექსპედიციებს და აწარმოებს გათხრებს. წესდებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ყველა სამეცნიერო შრომა გადაეცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას, ხოლო არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა გადავიდოდა საზოგადოების მუზეუმში. შემდგომში ეს მუზეუმი შეუერთდა კავკასიის მუზეუმს, საზოგადოებას მთავრობისაგან მიეცა შრომების ბეჭდვის ნებართვა. ამგვარად, 1875 წელს თბილისში გამოიცა საზოგადოების პირველი წიგნი. წიგნში დაიბეჭდა საზოგადოების ოქმები და სამეცნიერო სტატიები. როგორც ირკვევა, საზოგადოების წევრობა შეეძლოთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნის ქვეშევრდომებს. საზოგადოების ძირითადი წევრი სამოცამდე კაცი იყო. ის არსებობდა საწევროების, საქველმოქმედო შემოწირულობათა ხარჯზე და დიდ ხელმოკლეობას განიცდიდა. სწორედ ამ ხელმოკლეობის გამო საზოგადოებამ ვერ მოახერხა თავისი საქმიანობის ფართოდ გაშლა. მას არქეოლოგიური გათხრები თითქმის არ უწარმოებია და შემოისაზღვრა ძირითადად მიწისზედა ისტორიული ძეგლების აღწერა-პუბლიკაციით; გამოიცა საზოგადოების შრომების სულ ორი კრებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” დამსახურება ქ.თბილისში არქეოლოგიური კონფერენციის ჩატარების საქმეში. ის არქეოლოგთა ამ თავყრილობის ჩატარების ერთერთი ინიციატორი და ორგანიზატორი იყო. 1873 წელს კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების გახსნის დღეს, კავკასიაში არქეოლოგიური კვლევაძიების პერსპექტივების შესახებ მოკლე მიმოხილვითი მოხსენება გაკეთდა, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა საზოგადოების კრებულში. აღინიშნა, რომ საჭირო იყო შავიზღვისპირეთის არქეოლოგიური შესწავლა, რადგან აქ აღმოჩნდა ისეთი საინტერესო ნაგებობები, როგორიც დოლმენებია. აქვე აღინიშნა სოხუმის, ფოთის და ბიჭვინთის მიდამოების არქეოლოგიური შესწავლის აუცილებლობა, შემდეგ ჩამოთვალეს ისტორიული ძეგლები, რომელთა შესწავლაც სასურველად მიაჩნდათ. ესენია: დასავლეთ საქართველოში - ბედია, ნოქალაქევი, ფოთიფასისი, ოზურგეთი, ქუთაისი, ვარდციხე, ონი, ხონი, შორაპანი; აღმოსავლეთ საქართველოში - სურამი, ოძრხე, თმოგვი, ახალციხე, ახალგორი, კასპი, ბოლნისი, დმანისი, მცხეთა, ჟინვალი, გრემი, ნეკრესი, უჯარმა, ჭერემი და სხვ. აქვე იყო დასმული საკითხი კავკასიის მხარის არქეოლოგიური რუკის შედგენის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შესახებ საკითხი პირველად 1856 წელს მ.ჭილაშვილმა აღძრა, მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების ერთერთ შეკრებაზე მოხსენებით გამოვიდა დ. ბაქრაძე. მან ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საქართველოში არქეოლოგიური კვლევა-ძიების საქმე; ყურადღება გაამახვილა მომავალი გათხრების ობიექტებზე და იმაზე, თუ სად უნდა მოველოდეთ უკეთეს შედეგებს. დ.ბაქრაძემ წამოაყენა წინადადება, რომ იმ ეტაპზე უპირატესად უნდა შესწავლილიყო კავკასიის ადრეული ეპოქები, რადგან მათ შესახებ ყველაზე უფრო მცირე ინფორმაცია ჰქონდათ. ძველი წერილობითი წყაროების გამოყენებით მან მოგვცა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა. შემდეგ იგი საგანგებოდ აღნიშნავს და მოიხსენიებს ორ პუნქტს - მცხეთასა და ვაშნარს. ამ პუნქტებში, მისი აზრით, არქეოლოგიური კვლევა-ძიება ძალიან ნაყოფიერი და საქართველოს ისტორიისათვის ბევრის მომცემი იქნებოდა. 1874 წელს დ.ბაქრაძეს ამ მოსაზრების დასასაბუთებლად სოფ.ვაშნართან (გურიაში) ჩაუტარებია არქეოლოგიური დაზვერვები. გათხრების შედეგად მას მოუპოვებია კერამიკის, მინის, რკინის და ბრინჯაოს ნივთები. მას აქვე უნახავს ნაგებობის ნაშთები, კერძოდ, მარმარილოს სვეტის ნაწილები, აგური, კრამიტი. დ.ბაქრაძის ხანგრძლივი ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევის შედეგი იყო მისი მონოგრაფია ”კავკასიის ძველი ქრისტიანული ძეგლები”, რომელიც დაიბეჭდა `კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების” კრებულში. ნაშრომში მოცემულია ძირითადად საქართველოს ქრისტიანული ძეგლების აღწერილობა და კვლევის შედეგები. ძეგლების აღწერას თან ახლავს მეცნიერული ანალიზი, მითითებულია წყაროები, რომელთა საფუძველზეც დაიწერა გამოკვლევა. თითოეული ძეგლის აღწერას წინ უძღვის მოკლე მხარეთმცოდნეობითი მიმოხილვა იმ რეგიონისა, სადაც ეს ძეგლი მდებარეობს. ამ ნაშრომში გამოტოვებული არ არის არც ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი. დ.ბაქრაძისათვის ძეგლის დათარიღებისას მთავარია მისი არქიტექტურული სტილი. ნაშრომში სულ სამას ოცამდე ძეგლია აღწერილი და შესწავლილი. ამ მონოგრაფიისათვის 1877 წელს დ.ბაქრაძე ოქროს მედლით დააჯილდოვეს. დ.ბაქრაძე ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ცდილობდა საქართველოს ისტორიის კვლევისას გამოეყენებინა ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა. მას კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ისტორიის უძველესი ხანის შესასწავლად არქეოლოგიური კვლევაძიება იყო საჭირო. იგი თავის ნაშრომში ”ისტორია საქართველოსი” აღნიშნავს, რომ ”...ისტორიის წინადროთა არქეოლოგია ჩვენ, რომ გამოკვლეული გვქონდეს, შეიძლება იმათ ყოფაცხოვრებას, დამოკიდებულებას ერთისა მეორესთან და უცხო ტომნათესავებთან შევხებიყავით; მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ნაკლულადა ვართ”. იქვე: ”უეჭველია, რომ ქართლ-კახეთში, იმერეთში, მესხეთში და შავი ზღვის პირად უნდა აღმოჩნდეს მრავალი ძველი ნივთეულობა, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს წარსულს საუკუნოებსა”. “კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება~ დ.ბაქრაძის აქტიური მონაწილეობით აღნუსხავდა და უყურადღებოდ არ ტოვებდა კავკასიის ტერიტორიაზე შემთხვევით არქეოლოგიურ აღმოჩენათა თითქმის არცერთ ფაქტს. ამგვარად აღინუსხა ახალციხისკენ მდ.კურცხანის და ოცხის შესართავთან სახლის საძირკველის თხრის დროს აღმოჩენილი სამი მოთეთროფერის პატარა დოქი; სოფ.ნინოწმინდაში შემთხვევით ნაპოვნი სპილენძის მახვილი; არტანუჯის ციხესთან მოპოვებული ბრინჯაოს ზარი და თიხის ქოთანი. ამ ზარს ასომთავრული წარწერა ჰქონდა; სოფ.საგურამოში და სოფ.ურბნისთან 1876 წელს შემთხვევით უპოვიათ თიხის სარკოფაგები. ურბნისშივე მონეტების აღმოჩენის შესახებ ცნობას გვაწვდის პ.იოსელიანი. თბილისში ქალთა გიმნაზიისათვის (ჩიტაძის ქუჩა) ფუნდამენტის გაჭრის დროს უპოვიათ მონეტების განძი. მცხეთის შემდეგ იმ პერიოდში, არქეოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დიდი ინტერესი სტეფანწმინდის (ყაზბეგის) უძველესმა ნივთებმა გამოიწვია. ამ პუნქტმა და მისმა მიმდებარე ტერიტორიამ უკვე XIX ს.ის 60იანი წლებიდან მიიქცია სიძველეების მკვლევართა ყურადღება შემთხვევით ნაპოვნი ძველი ნივთებით. ცნობილია გათხრების შედეგად მიკვლეული დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალა დაბა სტეფანწმინდასთან (ყაზბეგთან), რომელიც ამჟამად ინახება მოსკოვის ისტორიული მუზეუმის, ს.პეტერბურგის ერმიტაჟისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდებში. დაბა სტეფანწმინდაში, ახლანდელი ალ. ყაზბეგის სახლ მუზეუმის გვერდით, სახლის საძირკვლის თხრისას უპოვნიათ ბრინჯაოს ნივთები - საკინძეები, სამაჯურები და სხვ. ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით სტეფანწმინდაში ჩამოვიდა გ.ფილიმონოვი, რომელმაც 1877 წელს, ამ ნივთების აღმოჩენის ადგილის აღმოსავლეთით გაჭრა თხრილი. აქ დადასტურდა ე.წ. სხივანა საყურე, ოქროს ბალთა, პასტის მძივები, ბრინჯაოს ჯაჭვის ნაწყვეტები, ვერცხლის თასი, სპილენძის სიტულა, სულ ორასამდე სხვადასხვა ნივთი. შემდგომ ამ ნივთების ნაწილი ს.პეტერბურგის და მოსკოვის ზემოთ ხსენებულ მუზეუმებში მოხვდა. გამთხრელის აზრით, მის მიერ მოპოვებული მასალა სამარხეული ინვენტარი იყო. ამ სამარხს კი ის რკინის ხანის დასაწყის ეტაპს აკუთვნებდა და მიიჩნევდა ადგილობრივი მაღალგანვითარებული კულტურის ნაყოფად. ამავე ადგილის მომიჯნავე ფართობი 1878 წელს გათხარა ფ.ბაიერნმა. აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები და რკინის შუბისპირები. გამთხრელის აზრით, ეს ადგილი უნდა ყოფილიყო სალოცავი, სადაც სწირავდნენ სხვადასხვა ნივთებს. ფ.ბაიერნმა აგრეთვე არქეოლოგიურად დაზვერა მდ.სნოს ხეობა. კერძოდ, სოფ.ჯუთაში მან გათხარა სამი სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა რკინის ისრისპირები, ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს და რკინის სამაჯურები და სხვა. აქვე სოფ.ართხმოში გაუთხრიათ სამარხები. 1879 წელს სტეფანწმინდაში ჩასულა არქეოლოგი ალ.უვაროვი, რომელსაც ფ.ბაიერნის მიერ გათხრილი მონაკვეთის სამხრეთით გაჭრილ საცდელ თხრილში აღმოუჩენია სამი უძველესი სამარხი. აქ უპოვიათ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის ნივთები. 1882 წელს დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, მდ.თერგის ხეობაში სოფ.გველეთთან აღმოჩენილა ძველი ნივთები, რომლებიც შემდგომ მოხვდა ს.პეტერბურგის ერმიტაჟში. ერთ-ერთი საყურადღეო არქეოლოგიური ძეგლი, რომელმაც ადრევე, კერძოდ, 1876 წელს მიიქცია ძველი ისტორიით დაინტერესებულ პირთა ყურადღება, არის ვანი (მდებარეობს მდ.სულორის და მდ.რიონის შესართავის მახლობლად). 1876 წელს გაზეთ ”დროებაში” №52 აღნიშნულია სოფ.საჩინოს (ვანი) ახვლედიანების გორაზე სამარხებისა და ოქროს სხვადასხვა ნივთების ხშირი აღმოჩენის ფაქტები. აქვე გამოთქმულია აზრი ”როგორც ჩანს, დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაში. ვინ იცის, ისტორიის რამდენი მასალები არის ნაპოვნი და პატრონების უცოდინარობისაგან დაღუპულა და რამდენი კვლავ იპოვება ამ გორაში”. ვანში ნაპოვნმა ცალკეულმა საგნებმა თავი იჩინა ჯერ კიდევ 1848 წელს, როცა ქ.ქუთაისში გავლით მყოფ ცნობილ ქართველოლოგს მ.ბროსეს ვანში ნაპოვნი მამაკაცის თხუთმეტიოდე სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება გადასცეს. ნივთი მ.ბროსეს ს.პეტერბურგში გადაუგზავნია. ნივთი ამჟამად დაკარგულია. 1880 წელს მწერალს და საზოგადო მოღვაწეს გიორგი წერეთელს (1842-1900 წწ.) ვანში ნაპოვნი ნივთების შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია არქეოლოგიური კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტისათვის. ერთგვარად ამის შედეგიც იყო ალბათ ის, რომ 1889 წელს ვანში, ახვლედიანების გორაზე არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით მცირე გათხრები ჩაუტარებიათ. აქ გაუთხრიათ რამდენიმე სამარხი, უპოვიათ ლითონის ნივთები და კერამიკა. გ.წერეთელს 1878-80იან წლებში არქეოლოგიური დაზვერვები ჩაუტარებია და მოუხილავს მღვიმევის გამოქვაბული, რომელიც მდ.ყვირილას ხეობაში ქ.საჩხერესა და ქ.ჭიათურას შორის მდებარეობს; საჩხერესთანვე, ციხე მოდინახეს გორის ფერდობზე უნახავს სამარხების ნაშთები. აქ ყოფილა კერამიკისა და ლითონის ნივთები; მდ.ყვირილას ხეობაში შორაპნის ციხესთან უნახავს თიხის ძველი წყალსადენის ნაშთები; სოფ.შორაპანთან, ადგილობრივი მცხოვრებლების გადმოცემით, რკინიგზის ხაზის გაყვანისას მუშებს შემთხვევით უპოვიათ სამარხები, რომელთა ნივთებიც გზის მუშებს დაუტაციათ; ქ.ქუთაისში, მდ.რიონის ნაპირთან, ახლანდელი წითელი ხიდის ახლოს აღმოჩნდა ძველი აბანო; ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთით შემთხვევით უნახავთ სამაროვნის ნაშთები. ქუთაისშივე, ახლანდელი ბაზრის მიდამოებში, სადაც წინათ ბაღი ყოფილა გაშენებული, აღმოჩნდა კერამიკა. აღწერიდან ჩანს, რომ ის ე.წ. კოლხური კერამიკა უნდა ყოფილიყო. გ.წერეთელსვე შეუტყვია, რომ სოფ.ციხისძირთან, კვირიკეს გორაზე ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლობის დროს უპოვიათ მარმარილოს სარკოფაგი. აქ ნანახი ოქროს და ვერცხლის ნივთები მუშებს დაუტაციათ. 1880 წელს ფოთითბილისის რკინიგზის ხაზზე სოფ.ჭოგნარსა და სადგურ აჯამეთს შორის მიწის სამუშაოებისას აღმოჩნდა ორი ძველი ნამოსახლარი გორა ადგილ ნასაჯვარევთან. აქ, დადასტურდა კერამიკული ნაწარმი; ლითონის იარაღი - ცულები, დანები, ისრისპირები, ბრინჯაოს სამაჯურები და სხვ. XIX საუკუნის 80იან წლებში ქ.სოხუმის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილა მცირე არქეოლოგიურ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი, რომელიც შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო, ქვეყნის შიდა რაიონებში გადაუტანიათ. შემდგომში ეს ძველი ნივთები დაკარგულა. დაახლოებით ამავე დროს, ქ.სოხუმში ჩაუტარებიათ კვლევა-ძიება: უნახავთ ძველი დიოსკურიის ნანგრევები. ამის შესახებ მიუწოდებიათ ცნობა არქეოლოგიური კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტისათვის. ცნობაში აღნიშნულია არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ადგილები. ესენია: ქ.სოხუმის სანაპირო დღევანდელი საზღვაო პორტის ჩრდილოეთით, სადაც ზღვის ნაპირზე პოულობდნენ ხოლმე ძველ ნივთებს; აგრეთვე ბიჭვინთის ტერიტორიასთან ინკიტის ტბის სანაპირო, მდ.წებელდის ხეობა. 1886 წელს ქ.სოხუმში არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით, ახლანდელი რუსთაველის ბაღის დასავლეთ ნაწილშიმცირე მასშტაბის გათხრები ჩაუტარებიათ. განათხარში აღმოჩნდა კერამიკა, მათ შორის ამფორის, შავ და წითელლაკიანი ჭურჭლის ნატეხები. აქვე ნახეს ქ. ამისოს მონეტა. 1880 წელს სოფ.დიღომთან, იქ სადაც დიღმისწყალი უერთდება მდ.მტკვარს, მცირე გათხრები აწარმოეს. ამ ადგილზე ნაპოვნ სიძველეებს ჯერ კიდევ 1866 წელს მიუქცევია ყურადღება. ნანახი ნივთების მიხედვით გამოითქვა აზრი, რომ ისინი მცხეთის სამთავროს სამაროვნის მონაპოვარს ჰგავდა. ხსენებულ ტერიტორიაზე გაითხარა თერთმეტი სამარხი. მათში ვერცხლის სამკაულები და თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ” პირველმა წამოჭრა საკითხი ქ.თბილისში არქეოლოგიური კონფერენციის ჩატარების შესახებ. ჩამოყალიბდა მოსამზადებელ - საორგანოზაციო კომიტეტი, რომლის მუშაობასაც ხელს უწყობდა ”კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება”. 1878 წელს ქ.თბილისში აირჩიეს კონფერენციის მომწყობი ადგილობრივი საორგანოზაციომოსამზადებელი კომიტეტი დ.ბაქრაძის ხელმძღვანელობით. კომიტეტმა დიდი მუშაობა გაწია - მას უნდა შეეკრიბა მასალები კავკასიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის და ენების შესახებ. თბილისის კომიტეტის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ - დ.ბაქრაძე, დ.ჯორჯაძე, ა.ცაგარელი, რ.ერისთავი, ა.კომაროვი, ა.ბერჟე, ე.ვეიდენბაუმი, გ.რადე და სხვ. ხალისიანად ჩაება კონფერენციის მოსამზადებელ საქმიანობაში ქ.თბილისის ინტელიგენციაც. არქეოლოგიური კონფერენციისათვის ეს მზადება ძლიერი ბიძგი იყო საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ენათმეცნიერების განვითარების საქმეში. არქეოლოგიური ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტმა თბილისის ყრილობაზე მოიწვია ორმოცამდე ცნობილი უცხოელი მეცნიერი. მათ შორის - ოს.მონტელიუსი (სტოკჰოლმი), რ.ვირხოვი (ბერლინი), ჰ.შლიმანი (ათენი), ა.რამბო (პარიზი), ე.შანტრი (ლიონი), გ.მორტილიე (პარიზი), ე.როსი (რომი) და სხვ. არქეოლოგიური კონფერენცია თბილისში 1881 წლის 8 სექტემბერს 12 საათზე გაიხსნა, ხოლო დაიხურა 21 სექტემბერს. კონფერენციამ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას ესწრებოდა 850-მდე კაცი, რომელთაც ჰქონდათ სპეციალური საშვები და სამკერდე ნიშნები. კონფერენცია დაიყო რვა განყოფილება - სექციად: პირველყოფილი საზოგადოების ძეგლები; წარმართული და კლასიკური ხანის ძეგლები; ქრისტიანული ხანის ძეგლები; მუსლიმური სიძველეები; ხელოვნების და მხატვრობის ძეგლები; დამწერლობის ძეგლები; ლინგვისტიკა; ისტორიული გეოგრაფია. სექციების სხდომებზე 81 მოხსენება იქნა წაკითხული. კონფერენციის თავმჯდომარემ, სხვა საკითხებთან ერთად, დამსწრეთ მოკლედ მოახსენა არქეოლოგიური კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტის მიერ ჩატარებულ საქმიანობაზე. კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის თვალსაზრისით საინტერესო იყო მხოლოდ მცირე არქეოლოგიური მოხსენება-ინფორმაცია სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) და მდ.რიონის გაყოლებაზე მდებარე არქეოლოგიური ძეგლების შესახებ. მომხსენებლებს საუბარი ჰქონდათ კონფერენციის წინ ამ პუნქტებში ჩატარებულ არქეოლოგიურ დაზვერვაზე, რაზეც ზემოთ უკვე იყო საუბარი. საყურადღებოა, რომ ამ კონფერენციაზე, უკვე მეორედ, წამოიჭრა საკითხი კავკასიის ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების რუკის შედგენის თაობაზე.
გაგრძელება (ნაწილი II)
|