<უკან დაბრუნება (ნაწილი I)...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ქართული მითოლოგია>>>
ზურაბ კიკნაძე
ქართული მითოლოგია I
ჯვარი და საყმო
ქუთაისი
1996
მადლობას ვუხდით ბატონ ზ.კიკნაძეს მოწოდებული მასალებისათვის
ჯვარჩენა კარატისწვერზე
კერაში იფნის ამოსვლის ანდრეზი ბევრი ჯვარ-სალოცავის დაარსებას დაუკავშირდა. ბევრგან შეხვდებით ჯვარის ტერიტორიაზე, ხშირად ნანგრევებს შორის, ამოსულ იფნის ხეებს და გაიგონებთ მისი ნორჩი ნერგებისაგან მოშლილი, განგრეული კერიის ტრაგიკულ ამბავს. ეს ტრაგიზმი ძევს საყმოსა და კულტის გენეზისში. ამ სიუჟეტზე აგებულ ჯვარჩენის ანდრეზს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ «ხთონური», რაკი ჯვარი მიწის გულიდან ამოსვლით ადასტურებს თავს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჯვარი ციური წარმომავლობის არის, რასაც შესანიშნავად გვიმოწმებს ერთ-ერთი ჯვარის ეპითეტი «ცით სვეტად ჩამოსული», კერძოდ, ჩირდილის (ხევსურეთის) წმიდა გიორგის ჯვარის მითოლოგემური სახელწოდება - «საჩალეს სვეტად ჩამოსული, სამკიბალს შუქის დამკრავი». ჯვარი, როგორც ღვთისშვილი, ცის შვილიც არის, ამიტომაც მისი გამოჩენა უფრო მეტად მაღალ მწვერვალებზეა მოსალოდნელი და საყმოც ჯვარჩენას სწორედ მაღალ მთებში ელის. ჯვარის ციდან წარმომავლობის მოტივი მკვეთრად გამოხატული სიუჟეტით დაუკავშირდა კარატის ჯვარის (ლიქოკის კოპალას) დაარსებას კარატისწვერზე. ეს არის სრულიად უნიკალურ ქარგაზე აგებული თქმულება, რომლის მსგავსი არ გვხვდება სხვა ჯვართა წარმოშობის ანდრეზად. აი, მისი შინაარსი: კარატისწვერზე, რომლის ერთ მხარეს ხევსურეთის სოფელია - ჭალაისოფელი, ხოლო მეორე მხარეს ფშაველთა სოფელი ბულალაურთა, ზაფხულობით ერთმანეთს ხვდება თავ-თავისი სოფლებიდან სამწყესურში ამოსული უცოდველი ქალ-ვაჟი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ და-ძმური სიყვარულით. ერთ დღეს ქალ-ვაჟს ციდან მოესმებათ წივილის ხმა, რასაც მოჰყვება სასწაული: მათ თვალწინ ციდან ჩამოეშვება თასი და ვერცხლის შიბი. ქალს შეხვდება შიბი, ვაჟს - თასი; წაიღებენ სამწყესურიდან ამ ნივთებს თავ-თავის სახლებში და წინასწარ დათქვამენ, არ გაუმხილონ ეს ამბავი მშობლებს. ვაჟი თასს ჭერხოში (ზედა სართულზე) დამალავს კარსუკან, ქალი შიბს - პურის კიდობანში. ღამით ორივე სახლში ატყდება ისეთივე წივილი, როგორიც ამ საგნების გამოჩენისას გაისმა კარატისწვერზე. მეორე ღამითაც რომ იგივე განმეორდება, ბავშვები მშობლებს გაუმხელენ თავიანთ საიდუმლოს. მშობლები მიდიან მკითხავთან, რომლის რჩევით შიბს ორად ჭრიან, ერთ ნაჭერს მისი გამოჩენის ადგილას მარხავენ მიწაში, მეორე ნაჭერს - ლიქოკში და ზედ კოშკს ააგებენ; თასს კი კარატისწვერზე მარხავენ. ეს ადგილებია ჯვარის საარსო ადგილები (60,126-128). სხვა გადმოცემით: ციდან ცეცხლის შიბი ჩამოეშვება; შიბი ჯვარის სახეს იღებს («ცითავ ცეცხლი ჩამოჩნდავ შიბის აღითაო, ხატის აღე კი ყოფილიყვაო»). წილისყრით ჯვარი ქალს შეხვდება და გუდით სახლში წაიღებს. შინაურებს გუდაში ფრინველი ეგონებათ («ფხაწა-ფხუწ იდგავ აი გუდაშიავ, — ფრინველ დაიჭირიაევ? - უთქომ ი ქალისად»); გუდას თავს მოხსნიან და ჯვარი ფრინველივით დაიწყებს ფრთხიალს. ქალი გაქადაგდება და დააწესებს კარატის ჯვარის კულტს (67,180). კარატისწვერი — ფშავისა და ხევსურეთის სოფლების გამყოფი, მაგრამ ქალ-ვაჟის შეყრის ადგილი, უმაღლესი მწვერვალი ამ არემარეში და მისი შესაბამი არე წელიწადისა გაზაფხული, «წელიწადის დროთა დედოფალი», როგორც მას უწოდებს ერთი ძველი ავტორი, ქალი და ვაჟი სიყმაწვილის ასაკში, მათი უბრალოება და სიწმიდე, წმიდა ჰაერი, რომლის წიაღ შეიძლება უხილავის ხილვა.. - აი, ჯვარჩენის საუკეთესო პირობები ამ ანდრეზში. ეს იქნებოდა საშინელი მოვლენა, როგორც მეხისტეხა; მაგრამ ქალ-ვაჟს არ გასჩენია შიშის გრძნობა, მათ ბუნებაში რომ ყოფილიყო ნიადაგი შიშის გაჩენისათვის, ისინი ვერც იხილავდნენ ამ სასწაულს. ცხადია, მათი უშიშარობა მათივე უცოდველობის ნიშანია. «იმათ ეს დაინახეს და აიღეს, იმიტომაო, ამბობენ ხევსურები, რომ ისინი წმიდად იყვნენ, თორემ თუ მათი სიწმიდე შელახული ყოფილიყო, მაშინ იგინი ვერც დაინახავდნენ და ვერც აიღებდნენ თასსა და შიბსაო» (60,127) ის ქალ-ვაჟი, რომელიც (უფრო ქალი) საყმოს გენეზისის მონაწილე შეიქმნა, შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ადამ და ევას - სამოთხის მკვიდრთ, რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ნაგემები აკრძალული ხილი, და რომელთა სიცოცხლე, შეიძლება ითქვას, განუწყვეტელი ჯვარჩენის წინაშე გადიოდა. იმ ადამ და ევას ანარეკლები იყვნენ ეს ვაჟი და ეს ქალი; ისინი აშენებდნენ კოშკს კარატისწვერზე თამაშ-თამაშით (67,162) და არ იცოდნენ, რომ ჯვარჩენამდე მიგნებული ჰქონდათ კვრივი ადგილი, სადაც ისინი, როგორც სინაის მთაზე მაყვლოვანის სასწაულის მხილველი მწყემსი მოსე, ფეხშიშველანი იდგნენ. ჯვარჩენის საგნებზე - შიბზე და თასზე - საგანგებოდ იქნება საუბარი. ახლა კი უნდა შეინიშნოს, რომ მწყემსი ქალ-ვაჟი ამ საგნებს უტყუარი ალღოს კარნახით საწმიდო ადგილას ინახავენ, როგორიც არის პურის კიდობანი და სახლის ჭერხო; თუმცა ამ წმიდა საგნებმა, როგორც ცოცხალმა არსებებმა, სასწაულით აჩვენეს, რომ ადამიანის საცხოვრებელი არ უნდა ყოფილიყო მათი ადგილ-სამყოფელი. ისინი უნდა ჩამარხულიყვნენ მიწაში, რათა ამოზრდილიყო კულტი, თუნდაც იფნის სახით (მართლაც, ერთი ანდრეზის თანახმად, იფანი ამოდის კერიაში ჩარგული თასიდან (67,185). კულტის დასაბამი ირაციონალურშია. ეს ცხადია. მაგრამ მისი ფესვი ბავშვურ უბრალოებაში ძევს. ანდრეზი გვამცნობს: ის ქალ-ვაჟი «მწყემსობას დადიანა-დ’იმაში ერთ ბატარა კოშკ გაუკეთებავ, ქვებისაი. მეორე დღეს ერთხან, როსამ ორ მისულან, ი კოშკზე დაყუდებულ ხატ ყოფილ...» (67,162). ბავშვების აშენებული სათამაშო კოშკი არის პირველსახე იმ კვრივი კოშკებისა, რომლებიც მიჩნეულია ჯვარის დაარსების ადგილზე აგებულად უხსოვარ დროში. ბავშვები აშენებენ კოშკს ჯვარჩენის გაუცნობიერებელ მოლოდინში. არის სოფლები - ორი სოფელი - კარატისწვერის ორივე მხარეს, არის მოსახლეობა, არის საქონელი, რომელიც ყოველ ზაფხულს იდენება საძოვარზე იმ არემარის უმაღლეს მწვერვალზე, არიან მწყემსებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ვერ ქმნის საყმოს, რადგან ამ სოფლებს ფშავისას და ხევსურეთისას არა ჰყავთ ჯვარი, სალოცავი, არა აქვთ კულტი. სოფლისთვის კულტი, რელიგია, არათუ ახალი, არამედ საერთოდ რელიგია, მოაქვთ ამ მყემსებს სასწაულებრივად ციდან მოვლენილი საგნების წყალობით; ამ მოვლენით იწყება ისტორია ამ ხეობაში, როგორც სკვითების ქვეყანაში ოქროს ნივთების გამოჩენით, ჰეროდოტე რომ მოგვითხრობს თავის «ისტორიაში»: «...ტარგიტაისს ჰყავდა სამი ვაჟი: ლიპოქსაი, არპაქსაი და უმრწემესი — კოლაქსაი. მათ დროს ციდან ჩამოეშვა ოქროს იარაღები: გუთანი-უღელი, ცული და თასი. და დაცვივდნენ სკვითების ქვეყანაში. პირველად ისინი უფროსმა დაინახა, ახლოს მივიდა ასაღებად, მაგრამ მიახლოებისას ოქრო აბრიალდა. ის უკანვე გაბრუნდა. ახლა მეორე ძმა გაემართა, მაგრამ იგივე განმეორდა. როცა ისინი ოქრომ თავისი ცეცხლით მოიშორა თავიდან, მესამედ უმრწემესი ძმა მივიდა და ცეცხლიც ჩაქრა და მან სახლში წაიღო ეს ნივთები. ამის შემდეგ უფროსმა ძმებმა სცნეს მინიშნება და მთელი სამეფო მას გადასცეს» (IV,5). ძმებმა სამეფო უმცროს ძმას გადასცეს, როგორც ზღაპრებში ხდება. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს ოქროს საგნები, რომელთაც შემდეგ «სკვითი მეფეები დიდის მზრუნველობით ინახავდნენ და ყოველწლიური მსხვერპლშეწირვებით მოწიწებით სცემდნენ თაყვანს» (IV,7), ქმნიან სკვითების მანამდე უდაბურ მიწაზე კაცობრიულ კულტურას, სიმბოლურად გამოხატავენ რა სამ ფუნქციას ადამიანური მოღვაწეობისას: უღელი-გუთანი - მიწათმოქმედებას, ცული - მეომრობას, თასი - კულტმსახურებას (124, 156). მიწა იხვნება, ქურუმი თასით ღვრის წმიდა საღვრელს, მეომარი ცულით იცავს მიწის მუშაკის ნაჭირნახულევს და ღვთისმსახურის მშვიდობიან საკრალურ საქმეს. მხოლოდ ამ საგნების ათვისების შემდეგ შეიძლება ლაპარაკი სკვითებში ადამიანთა საზოგადოების არსებობაზე. ასევე, კარატისწვერზე მოვლენილი წმიდა საგნები ქმნიან საყმოს - კარატის ჯვარი გზავნის თავის ნიშანს თასის სახით და მისი ხელყოფის უფლებას ანიჭებს უცოდველ მწყემსებს. თუ სიწმიდის ხელყოფა მათი პრივილეგიაა, ეს იმის ნიშანიც არის, რომ ისინი ამიერიდან ჯვარის მიერ «ხელდებულნი» ან «დაჭერილნი» არიან. ამ საკრალურ საგნებთან შეხებამ წერტილი დაუსვა არა მხოლოდ მათ ბავშვობას და პასტორალურ ყოფას, არამედ სრულიად მოსწყვიტა ისინი ყოფით ცხოვრებას და საკრალურ სფეროში - თითქოს კვრივში, გადაიყვანა. «მემრ გახდილ ქადაგ ის ქალი, გაქადაგებულ. გაუგავ ხალხს, მოვკლათავ, უთქომ. ის ქალ ხან სად მალულ, ხან სად. ი ხატს თან უყოლებავ. ხატ ხან გაფრინდების, ხან მაუვ. იმ ქალს არც მეთვეურობის წეს ხქონივას, არც ქმრიანობისა, არც მებოსლეობისა... ხალხს არ უყენებავ ი ქალი...» (67,162). ეს ხალხი ისევე ეწინააღმდეგებოდა ქადაგს - ჯვარის მოენეს და მისი ნების გამომცხადებელს; ისევე ურჩობს, როგორც ის მოსახლეობა, რომლის კერაში ჯვარჩენის ნიშნად იფანი ამოვიდა.
ბეთლემი - ჯვართა სამშობლო
«პირველად მორიგემ ხთიშვილნი ზეციდან რომ გადმაუშვნა, მაშინ ისინი გერგეტს დააბინავა...» (60,118), — მოგვითხრობს ღვთისშვილთა ამ ქვეყნად, ადამიანთა მიწაზე, გამოჩენის ანდრეზი. გერგეტი ცასა და მიწას შორის არის აღმართული, ის დგას, როგორც დურანქი — «კავშირი ცისა და მიწისა», რომლის ერთი კერძო, ძალზე გავრცელებული განსახება არის სწორედ მთა (46,125-7).
რაკი ღვთისშვილნი გერგეტზე არიან დაბინავებულნი, შეიძლება ის ღვთისშვილთა ოლიმპოდ მიგვეჩნია, რომ ერთი დაბრკოლება არ იყოს: ზევსისაგან, ღმერთთა და კაცთა მამისაგან, განსხვავებით მორიგე ღმერთს, ღვთისშვილთა გამჩენსა და ქვეყნიერების დამბადებელს, გერგეტზე არ უდგას ტახტი. მას არასოდეს დაუტოვებია თავისი კარი ცაში, რომლის მახლობლად ერთადერთ ღვთისშვილს კვირიას უდგას კარავი. «დიდება... დიდს კვირიასა, ხთის მაღლის მაკარვესა!» (56,14), ასე ადიდებენ მას. ისიც გაცნობირებულია, რომ მორიგე ღმერთთან სიახლოვის ღირსება თავად მორიგე ღმრთისგან აქვს მინიჭებული: «შენ გადიდას, გაგიმარჯოს, კვირაო ხთისგან კარავიანო!» (56,26). როგორც «ანგელოზთ მეუფროსეს» (56,67), მას განსაკუთრებული მისია აკისრია, რაც გამოჩნდა კოპალასა და დევთა შერკინებისას, როცა დიდი კვირაეს მათრახის მოქნევამ გადაწყვიტა საბედისწერო ასპარეზობის ბედი. გერგეტი იმითაც არ ჰგავს ბერძნული ღმერთების პანთეონს, რომ ის ღვთისშვილთა დროებითი სამყოფელი იყო, ის იყო შუაგზა ცასა და მიწას შორის და გერგეტი, როგორც დურანქი, ასრულებდა ამ ფუნქციას. ვიდრე უდაბლეს სფეროში, ადამიანთა სამყოფელში დაეშვებოდნენ, მორიგე ღმერთს ისინი ჯერ ამ შუაგზაზე უნდა დაებინავებინა, საიდანაც უნდა მოესმინათ მათ ადამიანთა განწირული ძახილი. ამის შემდეგ უნდა დაეტოვებინათ გერგეტი და ჩაბმულიყვნენ დევებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ასეც მოხდა ყველა ღვთისშვილს საკუთარი გზა ჰქონდა თავისი საყმოსკენ, რომელიც მორიგე ღმერთმა წინასწარ ჩააბარა მათ. გერგეტიდან წამოსული ხადუელთა სამება, «კოჭის მოკიდებით» აჩენს რა გზადაგზა სალოცავ ნიშებს, ადის ცროლის წვერზე და «ყინვრის ლოგინიან, ნისლის კოტორში გახვეული» ჯვარის სახელს იმკვიდრებს (60, 178). ასე სხვა ღვთისშვილებიც მოევლინენ თავ-თავიანთ საყმოების მთაწმინდებს, ჯვართა პირველჩ ენის ადგილებს, რომლებიც ზემოდან დაჰყურებენ საყმოთა მიწა-წყალს. როგორც ჩანს, გერგეტი ძველთაგანვე სიწმიდით ყოფილა მოსილი ქართველთა თვალში. იმ ადგილზე, სადაც დღეს სამების ტაძარი დგას, ტრადიცია ანდრია მოციქულის კვალს ხედავს: პირველწოდებულ მოციქულს აქ ჯვარი აღუმართავს, რითაც დასაბამი მიუცია ამ არემარის საკრალური ისტორიისათვის (71, 93). ჟამთა მსვლელობაში გერგეტის სიწმიდეს ისიც აძლიერებდა, რომ ძნელბედობისას სამების ტაძარში ინახებოდა მცხეთის სვეტიცხოველის განძი, მათ შორის წმიდა ნინოს ჯვარი ვაზისა (75, 357). ქრისტიანულ უდიდეს სიწმიდეთა სახიზარის სტატუსი უკუიფინებოდა გერგეტელებზეც, სამების საყმოზე. პ.უმიკაშვილისათვის უთქვამთ გერგეტელთ: «გერგეტელის სისხლი სამი კაცის სისხლათა ღირს. ვახტანგ გორგასალი მეფის თარხანი ვართ. ყარაული გვიყენია მუდამ საყდართან - ზამთარ-ზაფხულსა. სამთა მეფის აშენებული ყმანი ვართ. ბაგრატიონთა ნაწყალობები ვართო» (77,351). გერგეტში, როგორც სვეტიცხოვლის სახიზარში, თავად სვეტიცხოვლის საკრალიზმი და მადლია განივთებული მისი საგანძურისა და წმიდა ნინოს ჯვარის სახით. ასეთი გააზრება აქვს საყმოს რელიგიურ შეგნებაში იმ ისტორიულ ფაქტს, რომ გერგეტი მცხეთის სვეტიცხოვლის საუფლოში შედიოდა (69,196). ისინი თავიანთ ისტორიას გორგასლიდან იწყებენ, ხოლო ტაძრის აშენებას თამარის ანდრეზულ ხანას მიაწერენ (უნდა აღინიშნოს, რომ საყმოს ცნობიერებაში თამარის ეპოქა, როგორც საწყისი ხანა, წინ უსწრებს გორგასლის ეპოქას). გერგეტის სამების წმიდა სიძლიერეს მისი საყმოს პირით აუწყებს სადიდებელი:
დიდია წმიდა სამება,
ცის კიდურამდე ელავსო...
სადიდებლის ეს სიტყვები იმასაც გვაუწყებს, რომ სამება ქვეყნის შუაგულში დგას და აქედან აფენს სამყაროს ოთხივ კუთხისაკენ თავის შარავანდს. ამიტომ არ არის მოულოდნელი, რომ ჯვრის უღელტეხილსაქეთა საყმოები თავიანთი პატრონი ღვთისშვილების «სამშობლოდ» გერგეტს მიიჩნევენ. ვ.ბარდაველიძეს დადასტურებული აქვს გერგეტული კოშკები პირაქეთ ხევსურეთში (ბარისაჴოს, ბუჩ უკურთის, უკენაჴოს და ოჴერჴევის მთებზე), რომელთა აგება უკავშიდება გერგეტიდან «თეთრეულის» (იგულისხმება ვერცხლის თას-განძის) გადმოტანას (6,34). გერგეტი მათთვის ძლიერებისა და დავლათის წყაროა, როგორც ეს უკანჴადუური სიმღერიდან ჩანს, სადაც ჴადუს სამების ყმაა შექებული:
მეშველა მილხაურის ძე, ნიავო გერგეტისაო,
კივკავ დარბაზის გამტეხო, მომტანო სირმაისაო,
თორმეტის შურის მძებნელო, ჴელად მომყვანო ტყვისაო (38, №25441).
წმიდა მთაა გერგეტი და მისი სამება — ქრისტიანულ სიწმიდეთა სახიზარი; მაგრამ სამებაზე მაღლა, გერგეტის კლდეში არის წმიდათა წმიდა, რომლის მიდამოებში, ბერების გადმოცემით, რასაც ხალხური თქმულებები სცემს დასტურს, ოქროს მტრედები დაფრინავენ (114,111). მტრედებს, რომლებიც იმაგინაციური ხილვის მეორე «წამს» ფრთიან ჯვრებად გარდაისახებიან, ღვთისშვილის მკადრე თუ წმიდა ბერი ბეთლემის ქვაბში შეჰყავს. ბეთლემის ლეგენდას ქრისტიანულ ტრადიციამდე მივყავართ, რომელსაც საფუძველი პალესტინის ბეთლემში აქვს. აქედან გამოსული წმიდა ტრადიცია ხევის ბეთლემის გარშემო არსებულ თქმულებაში განაგრძობს სიცოცხლეს. ამ ტრადიციული, წმიდა ანდრეზის უძველესი ჩანაწერი ვახუშტი ბაგრატიონის «აღწერაში» მოიპოვება: «მყინვარის კლდესა შინა არიან ქუაბნი გამოკუეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქუაბიდან, და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკუანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა, მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ, და სხუათაცა საკვირველთა. არამედ მე ვდუმებ...» (75,357-8). ბეთლემის ქვაბში დაცულ საკრალურ რელიქვიებს, რომელთაც ვახუშტი ჩამოთვლის, სხვა ცნობით, ემატება ზეციური მანანის მარაგი და ის ძღვენი, რომლებიც მოგვებმა ახლადშობილ ქრისტეს - ღვთის ძეს ანუ ღვთისშვილს მიართვეს ბეთლემში (114,112). თითოეული რეალია აქ მნიშვნელოვანი რელიგიური სიმბოლიზმით არის დატვირთული - ისინი მოიცავენ ძველი და ახალი აღთქმების საკრალურ სინამდვილეს. აბრაამის, «მრავალთა მამის», კარავი არის იგივე წიაღი მისი, საიდანაც გამოვიდა უფლის რჩეული ერი — კაცობრიობის სახე ძველ აღთქმაში; ამავე დროს, უსვეტ-უსაბლოდ მდგარი კარავი იგივე ცარგვალია, რომელიც მოიცავს მთელ ქვენიერებას. სიმბოლიზმი კარვისა უფრო მეტი საკრალიზმით იმოსება, როცა ის ღვთის ძის სამშობლოდ არის შერაცხილი: აბრაამის კარავი ძველი აღთქმის სხვა საგნებთან და მოვლენებთან ერთად ღვთისმშობლის წინასწარმეტყველური ხატია. დავით გურამიშვილის ვედრებაში ღვთისმშობლის მიმართ, რომელიც მისდევს ტრადიციულ ქრისტიანულ სიმბოლიზმს, ვკითხულობთ:
სახის*(ალბათ უნდა იყოს:«სახით»)აბრამის კარაო, ღვთის ტევნით გულთა მყრდნობელო,
სჯულთ კიდობანო მოსიანთ, ღვთის მცნების ჩასაწყობელო,
ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-გაუქრობელო,
მიჴსენ, ნუ დამწვავ საჴმილით, იესო ქრისტეს მშობელო! (ლდ, 421)
ბეთლემის ქვაბში თქმულება ადგილს მიუჩენს სასწაულებრივ საკვებს - მანანას, რომელიც ეგვიპტიდან გამოსულ ერს კვებავდა მისი უფალი უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე (გამოსვლ.16, 15-35). უფლის გამოცხადებით მოსემ მანანის დღიური მარაგი შეანახვინა ოქროს ტაკუკში, რომელიც რჯულის კიდობნის გვერდით უნდა მდგარიყო უფლის წინაშე მომავალ თაობათათვის სამახსოვროდ. მოგვიანო ტრადიციით, მანანიანი ეს ოქროს ჭურჭელი თავად რჯულის კიდობანში ინახებოდა: «...რომელსა შინა იყო ტაკუკი ოქროსაჲ, სავსე მანანაჲთა» (ებრ.9, 4). ბეთლემის ქვაბშივე, ამ საკრალური ანდრეზის თანახმად, ინახება მოგვების მიერ ქრისტეს შობის დღეს მორთმეული ძღვენი «ოქროი, გუნდრუკი და მური» (მათ.2,11), ახლადშობილ ყრმის მეფური (ოქრო), ღვთიური (გუნდრუკი) და კაცებრივი (მური) ღირსების აღსანიშნავად. და, რაც მთავარია, აქ დგას ის აკვანი, ოქროს აკვნად სახელდებული, სადაც იწვა ღვთის შვილი. (მე-2 მაკაბელთა წიგნში მოთხრობილია, როგორ შეინახეს საიდუმლო გამოქვაბულში ძველი აღთქმის რჯულის სიწმიდენი: «მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი. ხოლო როცა მის კვალზე იქ მივიდნენ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მიენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი» (მე-2 მაკაბ. 2, 5-6). თუ გერგეტის სამება ეროვნულ ქრისტიანულ სიწმიდეთა (ნინოს ჯვარისა და სხვათა) სახიზარია, ბეთლემის ქვაბი საერთოქრისტიანულ სიწმიდეთა საიდუმლო შესაკრებელია; გარდა პალესტინური ბეთლემისა - ქრისტეს სამშობლოსი, რომელიც არის, ამავე ძალით, ქრისტიანული რჯულის დასაბამი, ხევის ბეთლემი სიმბოლურად წარმოსახავს რჯულის კიდობანსაც, რომელიც მოსეს კარვის - უფლის ტაძრის პირველსახის - წმიდათა წმიდაში იდგა. «და კიდობანსა შინა დაჰსხნე საიდუმლონი, რომელნი მიგცნე შენ» (გამოსვლ.25, 21), ეუბნება უფალი მოსეს, როდესაც საუფლო კიდობნის აგებას უბრძანებდა. კიდობანი ინახავდა საიდუმლოს და ის ამიტომაც უნდა მდგარიყო საიდუმლო ადგილზე ჯერ კარვისა და მერე ტაძრისა, როცა ის აშენდებოდა. ამიტომაც ბეთლემი ისევე მიუწვდომელია, როგორც იერუსალიმის წმიდათა წმიდა. «გარნა საჭირო ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქვაბიდამ, და მით აღვლენ» - წერს ვახუშტი. ჯაჭვის არსებობა ნიშნავს, რომ ადგილი, სადამდისაც ის არის გაბმული, ძნელია მისაღწევად; ის გულისხმობს უფსკრულს ორ სფეროს შორის. მაგრამ ამავე დროს, რაც მთავარია, მისი არსებობავე მოასწავებს, რომ კავშირი დამყარებულია: ჯაჭვი რელიგიის სიმბოლოა, კავშირისა მიწიერ და ზეციურ სამყაროთა შორის. აქ ისიც საცნაური ხდება, რომ ძნელად ასავალ ჯაჭვზე გადის გზა მხოლოდ რჩეულთა და წმიდანთა, გზა კვრივთა კვრივისაკენ, სადაც დიდი საიდუმლოა დამარხული. ბეთლემში ასვლა შეედრება მღვდელმთავრის შესვლას იერუსალიმის წმიდათა წმიდაში. ამიტომაც ბეთლემის თქმულება ამ საიდუმლო ქვაბში ამსვლელად მხოლოდ ერთადერთ მოწმიდარ ბერს ასახელებს, რომელსაც ბეთლემის წმიდა გიორგის ნებით დაულახავს ბეთლემის კვრივი. მას იქ უნახავს ყინულის ბრწყინვალე ტაძარი, რომლის ჭერი ვარსკვლავებით ყოფილა მოჭედილი, იატაკი — თვალმარგალიტით; შუაში ოქროს აკვანი მდგარა, რომელსაც მტრედი არწევდა. საკურთხეველში საკვირველი რამ უნახავს, მაგრამ მისი გამოცხადების უფლება არა ჰქონია (55). რჩეულს ბოძებული აქვს, ცხადია, მისი სიწმიდის ჯილდოდ, საიდუმლოს ხილვის უფლება, მაგრამ ზოგიერთი რამის განცხადების ნება მას არა აქვს. ასეთია კულტის საიდუმლოს წესი. ამასვე გულისხმობს ვახუშტის ფრაზა, რომლითაც ის ამთავრებს ბეთლემის ქვაბის სიწმიდეთა ჩამოთვლას: «...არამედ მე ვდუმებ». მაინც გახსნილია გზა საიდუმლოსაკენ, რისი ნივთიერი დასტურია აბრაჰამის კარვისა და ქრისტეს ბაგის ხის ნაჭრები, რომლებიც თქმულების თანახმად, ბეთლემიდან დაბრუნებულ ბერს მეფე ერეკლესთვის მიურთმევია (11, 210-1; 129, 111,66). ბაგრატიონ მეფეს, როგორც უფლის ნათესავს («სადავითო სახლის» შთამომავალს) და ღვთისშვილის, კერძოდ, გუდანის ჯვარის, მოძმეს, მემკვიდრეობად გადაეცემა ღვთის განხორციელების ნიშანი. აი, ასეთი საიდუმლოებრივი და სიწმიდით მოსილი ადგილიდან, როგორიც ბეთლემია, - ქრისტიანულ სიწმიდეთა შესაკრებელი ადგილი ანუ წმიდა საგანძური, - იღებენ დასაბამს ხევსურეთის ღვთისშვილნი; მორიგე ღმერთმა ისინი აქ შეკრიბა, რათა აქედან გამოცხადებოდნენ ქვეყანას; ისინი აქ თავიანთი სიმბოლური სახით არიან წარმოდგენილნი, იმ სახით, როგორითაც წმიდა მკადრეებს შეუძლიათ მათი ხილვა. რაც საყმომ იცის მათ შესახებ, მკადრეთაგან იცის, რომელთა გამოცდილებაში ბეთლემს შუაგული ადგილი უჭირავს, თავად ბეთლემში კი - ოქროს აკვანს ღვთიური ყრმითურთ. ხევსურული ანდრეზი გადმოგვცემს: «...გახუა წაუყვანავ ხთიშვილს გერგეტის თავა-დ’ შაუყვანავ ბეთლემის სახლში. რო შევედით, თქვისავ გახუამავ, - სავსე იყვავ ის სახლივ ხატებითაო-დ’ თამაშობდესავ. ზოგ ხატებივ ტრედებივით იყვაო-დ’ ირეოდავ ერთმანეთშიავ. იმთვენ იყვავ ხატებივ, რომ ბუზვებივით გად-გამოდიოდესავ. ერთივ ოქროს აკავან იდგაო-დ’ შიგავ ყმაწვილ იწვავ, ტრედებ დაღბრუნევდესავ თავზედაო-დ’იფქლის მარცვლებს აჭმევდესავ...» (67, 191). ბეთლემი სავსეა «ხატებით» ანუ ჯვრებით (იგულისხმება ჯვრის ნიშანი), რომლებიც წამიერად მკადრის აღქმაში მტრედის სახეს იღებენ. ჯვარიცა და მტრედიც უხორცო ანგელოზების აღეებია. ოქროს აკვანში მწოლარე მხოლოდ იმიტომ არ არის ჩვეულებრივი ყრმა, რომ მასზე მტრედები ზრუნავენ; საყმოს წარმოსახვაში ანგელოზები ნებისმიერ ყმას მიაკითხავენ, თუ ის უპატრონოდ არის დატოვებული. ერთი თქმულება მოგვითხრობს: «დედას დავიწყებია სამკალში აკვნით ბავშვი. მოფრენილან მტრედები და ანგელოზები, შემსხდარან აკვნის კამარაზე. ანგელოზები თურმე აკვანს არწევდნენ, მტრედები ნანინას დაღუღუნებდნენ» (57,275). ამ ანდრეზს ეფუძნება აკვანის სიმღერის შემდეგი სტრიქონი: «ტრედან გაღუღუნებდესო, ანგელოსნი გარწევდესო» (80,ჩ561-ბ). აკვნის ბავშვი ანგელოზთა გარემოცვაშია, მსგავსად ბეთლემს შობილი ყრმისა (შობის იკონოგრაფიაში ისინი აუცილებელი პერსონაჟები არიან). ოქროს აკვანში მწოლარე ყმაწვილის ბედი საიდუმლოებით არის მოცული; ანდრეზებში არ ჩანს მისი კვალი, ის თითქოს უნდა წარმოსახავდეს ღვთისშვილის შობის მარადიულ ხატს და არასოდეს გასულა ბეთლემის ქვაბიდან. მაგრამ მისი არსება უნდა ვიგულისხმოთ ღვთისშვილთა მეუფროსის კვირიას სახეში. კვირია თუ კვირაე იგივე «კვირიოს» - ბერძნ. «უფალი», ხომ მორიგე ღვთის მოკარვეა, როგორც ვიცით, მსგავსად მისი მარჯვენით მჯდომარისა — მისი ძალი და სამართალი. საყმოს რელიგიურ შეგნებაში მას განცალკევებული ადგილი აქვს მიჩენილი: «კვირია არ ერევის ჯვრებში... საკუთრად უდგას კარავი, საკუთრად უნდა დაეკლას საკლავი, სხვა ანგელოზებთან ნაწილს არ იღებს...» (38, №25405). არც მის სახელს აცხადებს, რომელიც საიდუმლოდ არის დამარხული. ყმათა ბაგე მარხულია ქრისტეს სახელის წარმოსათქმელად, ქრისტე მის ბერძნულ ეპითეტში - «კვირაე»-შია ჩასაიდუმლოებული*ასევე გასაიდუმლოებულია წმ.გიორგის სახელი ზოგიერთ საყმოში: უძილაურთაში და შუაფხოში (ფშავისხევის თემებში) წმ.გიორგი შესაბამისად კოპალად და იახსარად იწოდება. ამ ნაშრომში ეს საკითხი არ არის განხილული). აშკარაა, რომ ქრისტიანული ტრადიციით შთაგონებული ანდრეზული «ბეთლემის სახლი» ის წიაღია, სადაც დამარხულნი არიან ჯვარ-ხატები, საიდანაც გამოდიან ისინი საყმოებში დასანაწილებლად. ჯვართა ამ საგანძურიდან თუ სახიზარიდან მკადრეს გამოჰყვება ერთ - ერთი ჯვარი და წაუძღვება ღვთისშვილს მიწიერი საბრძანისისაკენ. «ბეთლემის სახლის» ზემოთ მოყვანილ ანდრეზს ამგვარი გაგრძელება აქვს: «...გახუა იქით რო წამოსულა, წამოუყვანავ ერთ მფრინავ ხატი. ეს ხატი ნაწილიანი ყოფილ, რო ღამითავ შუქთ უშობდისავ. რო მავიდოდ გახუაი, ხატ თავისთავად წინ წამიმძღვებოდისავ, თუ(რმე) იცოდ გახუამ, ყორის წყალზე რო მავედითავ, იცოდის გახუამ, ბიბინ რაიმ დადგაო-დ’ ხატიც კლდის თავზე ჩაჯდავ... მავიდესავ ტრედის აღითავ რეებიმაო-დ’ შუქთ უტევდესავ. ოქროქსოილ მაიტანესაო-დ’ რომენიც გახუას მახყვებოდ, იმ ხატს ჩააცვეს, თავად გამახყვ გზას. უკან გახუა მახყვებოდ. იქით წამასულთ დღე და ღამ ვიარეთაო-დ’ გათენებისად გუდან მავედიდითავ, ის ბეღელში შავიდაო-დ’, მე კარში დავრჩე. იქით დაწყებულ გახუაისა-დ’ მფრინავის ხატის ერთად სიარული...» (67, 191). ჯვარი მანათობელი მტრედის სახით მთიდან ბარად ეშვება. ის სტოვებს ციურ ბეთლემს, ბეთ-ლეხემს - «სახლს პურისას», სადაც იფქლის მარცვლებით კვებავენ ახლადშობილ ყრმას, და შედის გუდანის ბეღელში, ღვთისშვილის, ამჯერად წმიდა გიორგის, მიწიერი საარსოს კვრივში. ეს გზა, რომელიც გამოიარა მფრინავმა ჯვარმა თავის მკადრესთან ერთად, ქმნის უხილავ ჯაჭვს ამ ორ ბეღელს შორის.
მფრინავი ჯვრები
აღმოსავლეთ საქართველოს მთელს მთიანეთში, სადაც კი ხალხი ღვთისშვილთა მფარველობის ქვეშ საყმოებად ცხოვრობს, გავრცელებულია ანდრეზები ე.წ. «მფრინავ ჯვრებზე». პოტენციურად თითქმის ყველა ჯვარი (ღვთისშვილის ნივთიერი ნიშანი) მფრინავია, მაგრამ ზოგიერთ საყმოში ეს თვისება ჯვარის (ღვთისშვილის) მუდმივ ეპითეტს ქმნის. მაგ.,ხადუს სანება ასე იხსენება სადიდებელში: «მფრინავი ანგელოზი ცროლის წვერისა» (62,10). ამ მფრინავ ანგელოზს ანუ სამებას ცროლისწვერისას ჯვარჩენის და მგზავრობის თავისი ანდრეზი აქვს. სხვა ჯვართა მსგავსად ცროლის წვერის სანება (სამება) გერგეტის ბეთლემიდან არის წამოსული, მაგრამ ვიდრე ცროლის თავზე დაარსდებოდა, ის მანამდე «მინდორჩი» ყოფილა დაარსებული; ეს მისი წინაისტორიაა, რომლის ანდრეზი შემორჩენილი არ არის. როგორც ამბობენ, ბარში (ანუ მინდორში) სიწმიდე შელახულა იმდენად, რომ იქ სამებას აღარ დაედგომებოდა. «...ბოლოს სანება იქამდინ გამწყრ, რო აიყარ მინდორჩიითა, წამავიდ მთაჩი სიწმიდის გულისად, სოფელს არც აქ მიეკარა-დ’ მაღალს მთაზე ცროლს დაარსდ, ჴმელთ შუაჩი...» (62,1-2). ასეთია ამ ჯვარის მოძრაობის რიტმი: მთიდან (ბეთლემიდან) ბარად («მინდორჩი»), ბარიდან კვლავ მთაში (ცროლის წვერზე), თუმცა როგორც დავინახავთ, ის ცროლის მთაზეც არ ჩერდება მუდმივად. მის ამ რიტმს ისტორიული საფუძველი, ალბათ, ძნელბედობის ხანაში აქვს, როცა ბარში რჯული იბღალება და სიწმიდეები ან იდევნებიან, ან მტრის ხელს განრიდებულნი, სახიზარებს მიაშურებენ მთებში. რომელი საყმოს პატრონი იყო ბეთლემიდან ბარში წამოსული სანება, ან საქართველოს რომელი კუთხე იგულისხმება ამ მინდორში, ანდრეზს არ შემოუნახავს, რადგან «მინდორჩიით» ლტოლვილმა ხადუს სანახებში სრულიად ახალი საყმო შექმნა, საყმო, რომლის ცნობიერებაში მათი შემკრები ჯვარის პრეისტორიას არ შეუღწევია. საყმოს ახსოვს მხოლოდ მისი ჯვარჩენა ცროლის წვერზე, ჯვარჩენა ნათლისა და მტრედის სახით. საყმოს ისიც ახსოვს, თუ ვინ იყო შემსწრე ჯვარჩენისა ანუ მისი «აღმომჩენი»; ეს იყო ჩარგლიდან უკაცრიელ ხადუს სანახებში წამოსული კაცი - ქერაულთა საგვარეულოს ეპონიმი ვინმე ქერა. მას შეუმჩნევია ნათება ცროლის წვერზე, წასულა და უნახავს, «რომ ტრედის სახით იჯდ მაღალს ქვაზედ მფრინავ ანგელოზი-დ’ თვალთ არ იყრიდ. ქერას გონ აჴდივა-დ’ გონთ რო მასულ, იქ აღარა იბადებოდაო-დ’ მუჴლმაყრილ ვიჯდივ იმ ადგილზედავ, სადაც მფრინავ ანგელოზივ ვნახევ...» (62,2). მართალია, ჯვარჩენის მტრედი გაუჩინარდა, მაგრამ ისახება კულტის ხილული მხარე: ქერა ცროლის წვერზე აშენებს კოშკს ანუ კვრივს ჯვარჩენის ნიშნად და სამახსოვროდ, დარბაზს და საქვაბეს - საკულტო ტერიტორიის აუცილებელ ნაგებობებს დღეობათა წარსამართავად. ასე არსდება კულტი ხადუში, რაც ამავე დროს საყმოს დაარსებაც არის. ის ჯვარი, რომელიც ფრენით მოვიდა ცროლის წვერზე, ისტორიულ ხანაშიც განაგრძობს ფრენას. ჯვარის მოგზაურობა ადგილ-ადგილ, «კოჭის მოკიდებით», დაკავშირებულია საყმოს ტერიტორიის წმიდაყოფასთან, რაც იმავდროულად არის მისგან ამ ტერიტორიის დაუფლება. ის, ჩვეულებრივ, მკადრესთან ერთად მოგზაურობს, მაგრამ კიდობანშია ჩასვენებული და მხოლოდ მაშინ ამოაბრძანებენ, როცა ამის საჭიროება დადგება. კიდობანი, ცხადია, შემთხვევითი სადგური არ არის ჯვარისათვის: აქ უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ კიდობანში მალავს ქალი კარატისწვერზე გამოჩენილ ნიშს ჯვარისას — ოქროს შიბს. კიდობნის იდეამ შეიძლება უფლის კიდობნამდე მიგვიყვანოს, სადაც ისრაელის უმთავრესი სიწმიდეები იყო დაცული. სანების ჯვარის ერთი ანდრეზი ასეთ ამბავს ინახავს: ღილღველთა მხარეში, სადაც სანების ჯვარიონი ბეგარის ასაკრეფად იყო წასული, მისი მკადრე წმიდად ვერ დაიცავს თავის ფიქრებს, რის გამოც ჯვარი სწყრება მასზე. თუმცა ის უფრო ადრე ღილღველებზე ყოფილა გამწყრალი და კიდობნიდან ამოფრენილს აღარ უსურვებია არც ამ მხარეში გაჩერება და არც კიდობანში ჩაბრძანება. «სთხოვეს პატივება, მაგრამ სანება ძალიან გამწყრალ იყვა-დ’ აღარ დადგ იქ. გამახყვ მკადრეიცა-დ’ დასტურებიც. რო მადიოდეს, მაუძღვებოდათ, უკან ჯვარიონნ მახყვებოდეს. ნეთხისკარ რო მავიდეს, იქ ერთი ძალიან ლამაზ ღილღვლის ქალ შახვდ ჯვარიონთ, რო იმისთანა ლამაზ ქალ მეორე არ იქნებოდ. მკადრე არ იყვ ხნიერ კაცი-დ’ ამ ქალზე გულში რაიცაღ ცუდ გაიფიქრ. აბა სანება გულთა მხილავი ასა-დ’ გაიგ ეს ამბავი, რო ჩემმ მკადრემავ გულში ცუდ რაიმ იფიქრავ ქალზედაო-დ’ გაწყრა-დ’ ამ მკადრესა-დ’ სხვათ ჯვარიონთაც თვალშიით გაუქრ...» (62,208). აქ გამოჩნდა მისი, როგორც «მფრინავი ანგელოზის», ბუნება. უნდა ვიფიქროთ, ამ შემთხვევის გამო მიეცა მას ეს სახელი. მითხოდან ფრენით წამოსული ჯვარი გზადაგზა «კოჭს იკიდებს», ადგილ-ადგილ აჩენს კვრივებს, სადაც მის სალოცავად დღეობები დაწესდება: კალოთანაში და შიტუში (არხოტი), წინ-ჴადუში, სადაც ის იფნს გაჰკრავს ფრთას, ჴორიელში, მაჭეხას მუხის ნერგზე, სადაც «ბარის სანების» სახელით დაწესდება მისი ლოცვა; შეფრინდება საჯანგის ტყეში, სადაც კვრივს აუშენებენ მას; ბოლოს, დადგება ზაის, სადაც ის ირჩევს თავის საბოლოო, საარსო ადგილს. ამრიგად, მფრინავ ანგელოზს - სანებას ორი საბრძანებელი აქვს: ერთი სოფელში, მეორე - ცროლისწვერზე; თუმცა ისტორიულ პერიოდში ცროლისწვერის სანებას საფარველი აქვს დადებული და მკადრეებსაც აღარ ეცხადებოდა. სიწმიდის დაკლებამ გამოიწვია მისი გაუჩინარება. როგორც ითქვა, ანდრეზის თანახმად, ცროლის სანება ბარიდან არის ამოსული იმის გამო, რომ ბარად ხალხში სიწმიდე შებღალულა. ცროლის სანება ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. ბარიდან, დაბლობიდან მაღლა აფრენა ჯვარისა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა ჯვარ-ხატების ისტორიაში. ჯვარს აღარ მოსწონს თავის საარსო ადგილი და მაღლა მიფრინავს. შარდენი თავის «მოგზაურობაში» მოგვითხრობს ხეთის მთავარანგელოზის ხატის ამბავს, რომელიც მას ადგილობრივ მცხოვრებთაგან მოუსმენია: «...ამბობენ, რომ ეს ხატი თავდაპირველად ჭაობის მახლობლად მდგარ ეკლესიაში ესვენაო; აქ უამრავი ბაყაყი ყოფილა, რომელთა ყიყინსაც გაუბრუებია; მოქანცული ხატი მთის წვერზე გაქცეულა...» (89,154). ეს არის ერთი უძველესი წერილობითი დადასტურება მფრინავი ხატების არსებობისა ქართველთა რელიგიურ წარმოდგენებში. ასევე დაბლიდან მაღლა არის აფრენილი ზემო სვანეთის განთქმული სიწმიდე - ე.წ. შალიანის ხატი (რომელიც წარმოადგენს ჯვარს მაცხოვრის გამოსახულებით); თამარ მეფის ნაჩუქარი ეს ხატი ჯერ სოფელ ადგილას ესვენა, მაგრამ რაღაც მიზეზით ამ ადგილიდან აფრენილა და კალის მთის მწვერვაზე დაფრენილა, სადაც მას ეკლესია აუგეს და შიგ დაასვენეს (97,149). დაბლიდან მაღლა აფრენილი და მთაზე დაარსებული ჯვარ-ხატების ამბები, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საყმოთა ანდრეზებშია შემონახული. ჯვარი გაურბის ამ წუთისოფლის «ჭაობს», იმ ადგილს, რომელიც უკიდურესად დალახულია ადამიანის უწმინდურობისაგან. ხშირად ადამიანური ყოფა, რომელსაც გაურბის ხატი, მის მიერ მოშენებული, უწმიდური ცხოველებით არის გასიმბოლურებული. მაგ.,ხადის მთავარი სალოცავი ხატი — «ბეგოთ საღვთო» ადრე ბეგოთ-კარის ციხეში ყოფილა დაბრძანებული, მაგრამ მამლების ყივილსა და ღორების ჭყვიტინს ისე შეუწუხებია, რომ ერთ მაღალ მთაზე აფრენილა ახალი საარსოს საძებნელად (50, 119). ამ ახალ, მაღალ საბრძანისში დაარსებულს უნდა მიეღო ახალი სახელი «საღვთო მაღალი», როგორადაც ცნობილია ის ხადის საყმოებში. «საღვთო მაღალის» სახელით ცნობილ სალოცავებს, რომლებიც მთიულეთ-გუდამაყრის მაღალ მწვერვალებზე არიან დაბრძანებულნი, ყველას ამგვარი თავგადასავალი უნდა ჰქონოდათ. არის შემთხვევა, ანდრეზში დადასტურებული, რომ ადამიანი თავის ნალახ ყოფას უპირისპირებს ჯვარს და შეგნებულად იჭრება მის კვრივებში; იჭრება არა საკუთარი ფეხით, არამედ უწმიდური ცხოველის ფეხით, რომელიც ადამიანის გაუწმიდურებული, ანტიჯვარული ცხოვრების ნიშანია. გუდამაყარში ყვებიან ამბავს ვინმე მირიანეულზე რომლის ჯვართსაწინააღმდეგო ქცევა გამხდარა მიზეზი ჯვარის ამაღლებისა სოფლიდან მთის წვერზე. «მირიანეული ყოფილა ერთი და ღორები ჰყოლია მრავალი. ეს ღორები, საცა ე ხატი ბრძანდებოდა, წვერის ანგელოზი, იქ უვლევია. უვლევია იქ ეს ღორები და ეს ხატი გაფრენილა მემრე და იქათ გადასულა, გაირიდებია. იქაც მიურეკავ, იქიდანაც აფრენილა და, კოშკის მაღალს ვეძახით, — იქ არი ყორე - იქ დაბრძანებულა. იქაც გაურეკავ ღორები. მემრე ათნოხს გასულა აქედან (ათნოხს იციან ახლა ეს წვერობა)...» (38,№25562). სხვა ჩანაწერებში უფრო დაზუსტებულია ეს ადგილი, სადაც დევნილი ხატი დაარსდა: «...აფრინდა ხატი და სუ წვერზე ავიდა, - ჭალისთავის წვერს. ყამირია, იქეთაც არავინ არ გასთიბს. იქ ქვებია გათლილი, ნასაყდრალია. იქ ღორები ვეღარ ავიდოდა» (67,195). მთის წვერზე ასვლისას ჯვარს ხვდება ბუნებრივად წმიდა, ადამიანისაგან დაულახავი და ტრადიციით განწმედილი ადგილები - ყამირი და ნასაყდრალი, რომელთა დასაბამიერი ხელუხლებლობა და სიძველით გაძლიერებული სიწმიდე გადაულახავ ზღურბლად იქცევა ქვემოდან მოძალებული, გაუწმიდურებული სინამდვილისათვის. საზოგადოდ, ღორი, რომელსაც უკანასკნელ ხანამდე არ ყოლიობდნენ საქართველოს მთაში, სიწმიდის მტრად არის შერაცხილი საყმოს ყოფაში და ცნობიერებაში. ღორები, მათი ანდრეზების მიხედვით, არა მხოლოდ ჯვარ-ხატებს უპირისპირდებიან და უტევენ, არამედ წმიდა ბერებსაც. «სოფელ გვიდაქეში უცხოვრიათ ბერებს. იქ ჰქონიათ ეკლესია. იქ არის რაღაც დაუფვლილიო ბერების მიერ. ჩვენ წინაპარს ეთხარა ორმო და რაღაცამ დაიწკრიალა და გული წაუვიდა. უნჯია რაღაცა. მკითხავი ეუბნება, ის ადგილი უნდა აწმინდოთო. როდესაც ნიკალაი შემოვიდნენ, შამაიყვანეს ღორები, ესე იტყოდაკე პაპაჩემი. ამ უწმიდურების შამოსვლა ვერ აიტანეს ბერებმა და იქ წვერზე დასახლდნენ. ააგეს ეკლესია ბუა...» (40,100-1). საგულისხმოა, რომ მოხევური ანდრეზით, ღორის ხორცის უჭმელობა და, საზოგადოდ, ამ პირუტყვის უწმიდურად შერაცხვა ბერებს დაუდგენიათ: «წმიდა ბეთლემში ბერები რო ცხოვრობდეს, იქ ღორები თხრიდეს და ბერებმა თქვეს, ღორი აღარ ეჭამათო» (19,№.29). ვახუშტი ბატონიშვილს ხევის სამების გარდა აღწერილი აქვს სვეტიცხოვლის სიწმიდეთა კიდე ერთი სახიზარი: «...ლეჩხუმის სამხრით და ოდიშის აღმოსავლით არს ეცერი. აქა არს ეკლესია სუეტიად წოდებული, სახიზარი სუეტის ცხოველის სამკაულ-საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სუეტის-ცხოველის კანკლის ყოფასა დღესაცა, რომელი მოიღო გორგასალ ინდოეთიდამ, წითლის იაგუნდისა ქმნილი. არამედ საჩინოდ არიან აწცა ხატნი და ჯუარნი ოქრო- ვერცხლისანი და მოოჭვილნი ქვითა, მრავალნი და პატიოსანნი, დიდნი და მცირენი, რომელთა ზედა აქუსთ სასოება და პატივ-სცემენ. არამედ უმჯობესი ხატი უბიათ ძეწკვითა ოქროსათი და იტყვიან: «უკეთუ აუშვათ, დალეწავს ყოველსავე აქა მყოფსა ხატ-ჯუართა, და ესოდენ უგუნურ არიან თვისთა უცნობელობითა, არამედ თუ შევიდეს მუნ სასუკიდუნო ანუ ტყუე, ვერარაისაღა უყოფენ, გარნა განუტევებენ თავისუფლად» (75,78-8). თუმცა ტრადიციულად ყოველი ქრისტიანული ტაძარი უნდა იფარავდეს დევნილს (ამ მიზნით ძველი აღთქმის ქვეყანაში საგანგებოდ იყო გამოყოფილი სათავშესაფრო, შესახვეწებელი ქალაქები), მაგრამ ეცერის სვეტიას სახელწოდებასთან ერთად მცხეთის სვეტიცხოვლისაგან ისეთი ძლიერი საკრალურობა აქვს მინიჭებული, რომ მას შეხვეწილი დამნაშავე, სიკვდილის ღირსიც რომ იყოს, სამუდამოდ თავისუფლდება ბრალისაგან. დამნაშავეს განწმედს აქ დაუნჯებული სრულიად საქართველოს ეროვნული ქრისტიანული სიწმიდენი. მათ შორის ჩვენს ყურადღებას იპყრობს ოქროს ჯაჭვით დაბმული ხატი. აღმოსავლეთ საქართველოს მთის საყმოთა ტრადიციაში ჯაჭვი ანუ შიბი ჯვარის ბუნებრივი თანმხლები ელემენტია. კარატისწვერის ანდრეზებში ციდან მოვლენილ ჯვარს ახლავს ოქროს შიბი; უფრო სწორად, ჯვარი შიბით არის ცაზე დაკიდებული, როგორც ღვთისშვილი წმ.გიორგი ლაშარისა, რომელიც ამბობდა: «ცას ვები ოქროს შაბითა...». ვიდრე ჯვარი ფენომენურ სამყაროში, ადამიანთა თვალსაწიერში შემოვიდოდეს, ის შიბით არის დაბმული. ის ვარსკვლავია, რომელიც ვარსკვლავეთს წყდება და ცაზე გადაივლის. ასეა ჯვარჩენაც. როცა კარატისწვერზე მწყემსმა ქალ-ვაჟმა ციდან ჩამოშვებული ჯვარი თავისკენ მოსწიეს, ის მოსწყდა ცას; მათ ხელში კი აღმოჩნდა ჯვარი მასზე გამობმული შიბის ნაგლეჯითურთ, რომელიც ამიერიდან თან ახლავს ჯვარს, როგორც აუცილებელი ატრიბუტი, მისი ციური წარმოშობის ნიშნად. შიბის ნაგლეჯი ხდება ჯვარის, როგორც სულიერი არსების, სიმბოლო, როგორც ეს ჯვარი, რომელიც გამოჩნდა ადამიანურ სამყაროში, არის სიმბოლო იმ ჯვარისა. თუ «ბეთლემის სახლი» ჯვართა ღვთიური სამშობლოს ხატია ამ ქვეყანაზე ანუ მორიგე ღვთის კარი, მაშინ იქ თავშეყრილი ჯვარნი შიბით უნდა იყვნენ დაბმულნი, როგორც დაბმულნი არიან ისინი მორიგე ღვთის კარზე. მკადრემ, რომელიც ღვთისშვილთა განგებით მოხვდება ბეთლემში, უნდა ახსნას ჯვარი, რომ მას შეეძლოს თავისი უნარის განხორციელება, რადგან ბუნებით ის ანგელოსური არსებაა — «მფრინავი ანგელოზი». ახსნილი ჯვარი მხარს გაშლის და წინ წარუძღვება თავის გამძღოს (ეს არის ჯვარისა და მკადრის ურთიერთობის პარადოქსი, რაზეც სხვაგანაც იქნება საუბარი: ჯვარის გამძღო სინამდვილეში ჯვარისაგან არის გაძღოლილი). ამ პარადიგმის ერთ-ერთი უძველესი მცირეაზიული ვარიანტი რომაულ მწერლობაშია დადასტურებული. ტვიროსელებს აპოლონის ქანდაკება დაუბამთ კვარცხლბეკზე ჯაჭვით, რადგან ერთ მათგანს დასიზმრებია, თითქოს ღმერთს ქალაქის დატოვება სურსო გასაჭირში, როცა ალექსანდრე მაკედონელმა ქალაქი აიღო, აპოლონიც ახსნა და უწოდა მას «ალექსანდრეს მეგობარი». ჯაჭვზე დაბმული ჯვარ-ხატების ლეგენდები ელემენტარულ მოვლენებზეა დამყარებული: მათ, როგორც დინამიურ არსებათ, არ გააჩნიათ სიმძიმის ძალა, ისინი არ ემორჩილებიან გრავიტაციის კანონს. როგორც ჰაერით სავსე ბურთები, ისინი მუდამ მაღლისკენ მიისწრაფიან და კიდეც დასტოვებდნენ ადამიანთა სფეროს, რომ ადამიანი არ ამძიმებდეს მათ, ან თავად საკუთარი ნებით არ მძიმდებოდნენ ადამიანთათვის.. ისინი «მიწდებიან» თავიანთი ბუნების საწინააღმდეგოდ, რათა ადამიანებთან დარჩნენ, რისთვისაც «გადმოუშვნა» ისინი მორიგე ღმერთმა. თუმცა საყმომ შეიძლება იფიქროს, რომ ახსნილი ჯვარი დასტოვებს ადამიანურ სამყაროს, ან თავად შეეცდება თავის დახსნას, რათა თავდახსნილმა ამირანივით დალეწოს იქაურობა (თუ საყმო მრისხანე ასპექტით წარმოიდგენს მას). მაგრამ ანდრეზით საყმოს არ ახსოვს, რომ ოდესმე ჯვარს გამოეჩინოს დამანგრეველი ძალა, გარდა იმ უნიკალური შემთხვევისა დასაბამში, როცა ის იფნის აღმოცენებით ამოანგრევს კერას. ჩვეულებრივ, ჯვარის მკადრე თუ გამძღო მიწაზე დგას, გრავიტაციის ძალას დამორჩილებული; მაგრამ ლეგენდურ მკადრეებს ლევიტაციის უნარი აქვთ მინიჭებული ჯვარისაგან. გახუაზე, გუდანის ჯვარის მკადრეზე, არის თქმულება, რომ მას ჯვართან ერთად უფრენია (38,№25395); ასევე დუმაცხოს (გუდამაყარი) საღვთო მაღალის დეკანოზზე, ფოცხვერაზე ამბობდნენ — დროშით მხარზე საღვთო მაღალის წვერიდან ხატების ადგილამდე ფრენდაო (38, №25536). მაგრამ ადამიანი ხორციელია და, ის თუნდაც მკადრე იყოს, მუდმივად ვერ ინარჩუნებს უწონადობის მდგომარეობას; როცა სხეული მძიმდება, სული ვეღარ აიტაცებს მას, ვეღარ ზიდავს. გახუაზე ის თქმულებაც არის დარჩ ენილი, რომ პურ-ყველის ჭამის შემდეგ, რაც მარხვის გატეხას ნიშნავს, ჯვარს მიუტოვებია ის. «მეპურყველე» უკვე შეუთავსებელია მკადრის ფუნქციასთან, მას უკვე ნაწილი აღარ უდევს ჯვართან - ის დამიწებულია. გარდა «მეპურყველეობისა» ჯვარის სამკადრეოდ შეუთავსებელია ცოლშვილიანობა (გავიხსენოთ გველისმჭამელ მინდიას ტრაგედია), რაც უფრო მეტად ამძიმებს ადამიანს, მით უმეტეს მკადრეს, წუთისოფლის ნალახ რეალობაში ჩაფლვით მოსწყვეტს რა მას ჯვარ-ხატების წმიდა რეალობას. «მეგრელაურ გასდგომივ ცოლ-შვილობას. გასცლივ ი ხატიც...» (67,194). როცა მკადრე მძიმდება, - ამის მიზეზი ხანდაზმული ასაკიც შეიძლება იყოს, - ის ვეღარ მისდევს, ვეღარ სწვდება ჯვარს; მაშინ მკადრე და მფრინავი ჯვარი სხვადასხვა რეალობაში აღმოჩნდებიან და მკადრე ცდილობს ჯვარის დამძიმებას, რომ მან ვეღარ შეძლოს ფრენა. ანატორის მთავარანგელოზის მკადრეს, რომელიც ლიქოკიდან მტრედის სახით გამოფრენილმა ჯვარმა მის მხარზე «კოჭის მოკიდებით» თავის წმიდა კაცად აირჩია, უკვე დაუძლურებულს, იმის გამო, რომ «ვეღარ დახყვებოდ ჯვარს, ლურსმან დაუკრავ მჴარზე ხატისად», რისთვისაც, ცხადია, «გასწყრომივ ხატ...» (38,№26084). სხვა ტრადიციით, ოქრომჭედელს მხოლოდ დაუღირებია დასაჭედებლად ლურსმანი - ის ოქროსი ყოფილა, ხატს მხოლოდ ნალურსმნალი დატყობია და გასწყრომია არა მხოლოდ მკადრეს და ოქრომჭედელს, არამედ მთელ საყმოსაც. ანდრეზი სწორედ ხატის დაჭედვის მცდელობას თვლის ანატორელთა ტრაგედიის მიზეზად: ანატორი ჟამმა გაწყვიტა, რის ნივთიერ დასტურად ანატორის აკლდამებს უჩვენებენ დღესაც. მაგრამ, რაც მთავარია, უკანასკნელი მკადრის (ანდრეზს მისი სახელიც შემოუნახავს: საღირა, ბადურიკათ პაპა) ბედითი საქციელი ამთავრებს ერთ პერიოდს საყმოს საკრალურ ისტორიაში: «დაჭრილ» ხატს მოუშლია «მჴრით ფრინვა» და ჩვეულებრივ სალოცავად გადაქცეულა; ანატორელთა ნაფუძარზე სხვა საყმო, შატილიონთა საყმო აღმდგარა და მთავარანგელოზის ძველი კულტი აღორძინებულა, მაგრამ ჯვარჩენები, როცა ჯვარი მკადრეს ხელზე მოსდიოდა, შემწყდარა სამუდამოდ (64, 728-729). «მფრინავი ჯვარის» დევნით თავმობეზრებულ, ქანცგაწყვეტილ ზოგიერთ მკადრეს უარესიც ჩაუდენია: მას დაუმიწებია ჯვარი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გუდანის «მფრინავი ჯვარი», რომელიც, როგორც ვთქვით, გახუას ჰყავდა «წამოყვანილი» გერგეტის «ბეთლემის სახლიდან» და რომელიც თავის გამძღოს გზასაც უნათებდა თავისი შუქით, როგორც ისრაელს ნათლის სვეტი მისი მგზავრობისას, — მის მკადრეს, ვინმე ბუნველას, სადღაც კლდე-ღრეში დაუმალავს და ზედ ქვები დაუყრია. «შენ დამაბნელე და დაგაბოლოებო», უთქვამს ხატს მკითხავის პირით უკანასკნელი მკადრისათვის (38,№25395). მკადრე, რომელიც სულიერი დაცემისა თუ ფიზიკური უძლურების მიზეზით მხარს ვეღარ უსწორებს «მფრინავ ჯვარს», არსებას, რომელმაც მას თავისი თავი ჩააბარა, როგორც გამძღოს (სინამდვილეში კი თავად შეიქმნა მისი გამძღო), ტრაგიკული პიროვნებაა. ადამიანი, როგორც ხორციელი, ვერ უძლებს ჯვარჩენას თავის დასაზღვრულ არსებაში, ის მიდრეკილია დაცემად. ჯვარი მას გამოარჩევს, აღაზევებს, მაგრამ ადამიანი დაეცემა; ასეთია მისი ცხოვრების რიტმი - აღზევება და დაცემა, რის გამოვლენასაც ვხედავთ ვაჟას «გველის მჭამელში». თუმცა მინდია არ არის ჯვარის ხელკაცი, მაგრამ მას აქვს მკადრისა და ქადაგის უტყუარი თვისებები და უნარი; ჯვარი გამოვლენილია მის პიროვნებაში (ანუ ჯვარჩენილია) ღვთიური ცოდნისა და დავლათის სახით, რასაც სჭირდებოდა მზრუნველობა და დაცვა წუთისოფლის ნალახი სფეროსგან, მოითხოვდა ადამიანისაგან თავგანწირულობას და «სოფლის თმობას», რაც მან ვერ შეძლო. ზოგიერთი საყმოს მეხსიერებამ შემოინახა ანდრეზი ერთგულ მკადრეთა, რომლებიც სტოვებენ ყელაფერს ანუ სთმობენ სოფელს და მისდევენ ჯვარს, როგორც დასთმო აბრაამმა თავისი სოფელი და გაჰყვა იდუმალ ხმას უცნობი ქვეყნისაკენ. ხშირად, როცა სიწმიდის დაკლების მიზეზით ჯვარი სტოვებს, როგორც ამბობენ, «ბარის ბაღდადს» და მიფრინავს მთებისაკენ, გაუწმიდურებული საყმოდან მას მოსდევს ერთადერთი მკადრე, რომელსაც შერჩა სიწმიდე, როგორც მართალ ნოეს — წარღვნის გმირს საყოველთაო კატასტროფის წინ. არდოტის მთავარი სალოცავის (სომხოს გორის გიორგის) დაარსების ანდრეზით (63,127; 38 №26041), კახეთიდან მტრედის სახით გამოფრენილ ჯვარს უკან მოსდევს მკადრე თუ ხუცესი. შუა ზამთარია. მკადრე კოჭლია და შიშველი. სიშიშვლე გვეუბნება, რომ ჯვარის ერთგულს უყოყმანოდ, რაიმე განსჯის გარეშე - ეს იქნებოდა ერთი ძლიერი ჩაძახება შუაძილში - დაუტოვებია თავისი სოფელი და მთელი წარსული და გაჰყოლია ერთადერთ თავის საუნჯეს, რასაც მისთვის ჯვარი წარმოადგენდა. მეორე ბოლოდან თუ შევხედავთ ამ ამბავს, თავად მკადრე არის ჯვარის უნჯი, რომელიც მან გამოარჩია მთელი საყმოდან. მკადრე პერანგისამარა, ზამთრის სუსხში კოჭლობით, ჭირთა თმენით მისდევს ჯვარს, რაკი მის გარეშე აზრი ეკარგებოდა მის არსებობას, სიცოცხლეს თუნდაც მშობლიურ სოფელში. სადაც დადგებოდა ჯვარი ანუ დაფრინდებოდა მტრედი, იქ იქნებოდა მისი სამშობლო. ამიტომ ასეთი სულისკვეთებით აღძრული გაუდგება გაქცეულ ჯვართან ერთად «ყოვლადვე უცნაურსა და უვალსა გზასა», რადგან მას არ ეცოდინებოდა ჯვარის საბოლოო სადგური. ამავე ტიპის არის ხახაბოს წყაროსგორული გიორგის დაარსების ანდრეზი, ოღონდ ძველი ადგილიდან მთაში გარბის არა ჯვარი, არამედ კაცი, ვინმე ბატარია (ეპონიმი ხახაბოს ერთი საგვარეულოსი), რომელსაც თვისტომი შემოკვდომია მატანში (კახეთში). ის გარბის მოტაცებული ჯვარითურთ, რომელიც გულზე აქვს მიხუტებული, როგორც სულზე უტკბესი რამ; ან იქნებ, თავად იყო ჯვარს მიხუტებული შევრდომების ნიშნათ,როგორც შურისმგებელთაგან დევნილნი შეუვარდებიან საკურთხევლის ჯვარს; ლტოლვილი თან დაატარებს თავის მსხნელს, თუ თავად მსხნელი გადაატარებს მას მთაგორებს შუაგულ ზამთარში. ჯვარი განწმედის მიზნით ფეხშიშველსა და ტანშიშველს დაატარებს მას თოვლში, ყინვაში ათბობს და ამსუბუქებს მას «...თურმე თოვლზე ისე მიდიოდა, რომ ფეხი დაბლა არ უვარდებოდა». გზაში თითქოს კაცი ფრენს და არა ჯვარი, მაგრამ ხახაბოში მისვლისას ჯვარი მტრედის სახით გაუფრინდება კაცს ხელიდან და წყაროს გორზე დაარსდება (63,1). გარკვეული ტიპის ანდრეზის მიხედვით, «მფრინავი ჯვარი» გზაში ირჩევს თავის მკადრეებს, რომლებიც არასოდეს სტოვებენ მას, ერთგულად მისდევენ მისი ახალი სამკვიდრებელისაკენ. ს.მაკალათიას მოთხრობილი აქვს ხევის სიონის ღვთაების ჯვარის თავგადასავალი, რომელიც მრავალმხრივ იპყრობს ჩვენს ყურადღებას: «სიონელები მღვთაების ამ ჯვარს ტაძრიდან არასოდეს არ გამოასვენებენ, რადგან ხალხს მისი გაფრენისა ეშინია. ხალხური თქმულებით მღვთაება ერთხელ თურმე გაფრენილა და ის ანგელოზის სახით სისაურსა და ცოფურს ჩვენებია. ორივე ეს გვარი მას დასდევნებია და მღვთაება მარტყოფის კლდეში დაფრენილა და ისინიც იქვე დაბინავებულან. ეს ბერებს გაუგიათ, მარტყოფში მისულან და მოხევეებისათვის უკითხავთ მათი გადმოსვლის მიზეზები. მოხევეებს უპასუხნიათ, რომ აქ ჩვენი ხატის საბრძანისიაო. ბერები გამოქვაბულში შესულან და აქ მღვთაებისათვის თაყვანი უციათ, შემდეგ მისთვის მალულად ოქროს ძეწკვი შეუბამთ და ეს ღვთაება ტფილისში წაუბრძანებიათო, აქ მის საბრძანისად სიონის ტაძარი აუგიათო. მაგრამ ხატი აქაც არ დამდგარა და ისევ მარტყოფის კლდეში დაბრუნებულაო. ამიტომ ხალხის რწმენით მისი მთავარი საბრძანისი მარტყოფია, შემდეგ კი ხევის და ტფილისის სიონიო» (53,217). ამ ანდრეზში გვეცნაურება ვახუშტის «აღწერაში» დადასტურებული თქმულება სვეტის ეკლესიის დაბმულ ჯვარზე, ან ნინოწმინდური ლეგენდა «დაბმულ» და «ახსნილ» წმინდანზე. ხევის სიონის ღვთაების ჯვარიც დაბმული უნდა ყოფილიყო, რომ არ გაფრენილიყო; ბერებმა შეაბეს მას ძეწკვი, რომ დაეკავებინათ ადგილზე, მაგრამ ამაოდ: ის ბუნებით არის «მფრინავი ჯვარი», რომელიც მიიკვლევს გზას თავის მიერ არჩეულ ადგილისკენ. ღვთაების (იგივე მაცხოვრის) ჯვარს მიეწერება ორი წმიდა ადგილის გაჩენა: მარტყოფში არის მისივე სახელობის (ღვთაების) ეკლესია, ხოლო თბილისში - სიონის ტაძარი, რომელიც სახელწოდებას ხევის იმ ეკლესიიდან იღებს, სადაც ის თავდაპირველად ესვენა. ამ ხალხური საკრალური თქმულებით, თბილისის სიონი ხევის სიონის გამოძახილია, მისი წიაღიდან გამოფრენილი ჯვარის ძალით არის დაარსებული, ოღონდ არა უშუალოდ, არამედ მარტყოფის გამოქვაბულის გავლით. ანდრეზი ინახავს, როგორც ჩანს, იმ ისტორიულ ფაქტს, რომ მარტყოფის ღვთაების (მაცხოვრის) ხატი 1752 წელს თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადმოსვენებული (114,82), ხოლო ხალხური წარმოდგენით, სიწმიდის გადატანა ახალ ადგილზე, როგორც წესი, ახალი საკულტო ცენტრის დაფუძნების ნიშანია. ეს ანაქრონული ანდრეზი ასახავს იმ ტრადიციულ კავშირს, რომელიც არსებობდა მთის საკულტო ადგილებსა და ბარის საქართველოს ცენტრალურ სალოცავებს შორის, გამოხატულს სიწმიდეთა გადანაცვლებით ერთი ადგილიდან მეორეზე. მთისა და ბარის რელიგიური კონსოლიდაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა იმ ფაქტს, რომ მთის სალოცავები ტრადიციულად საქართველოს ქრისტიანული ცენტრების სახიზარებად იყო განწესებული. მაგალითისათვის, წმიდა ნინოს ჯვარი ამოდის მთაში, კერძოდ, ხევში და ისადგურებს გერგეტის სამებაში (ეს მოხდა მონღოლების ბატონობის დროს); შედარებით მშვიდობიან ხანაში ეს ჯვარი, ცხადია, სხვა სიწმიდეებთან ერთად ბრუნდება სვეტიცხოველში, თუმცა კი ვერ აღწევს თავის ბუდე ადგილამდე; «კოჭის მოკიდებით», მთიელთა საკრალური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, გაივლის არშის ციხეს, ანანურს და გადის რუსეთში, რაკი იმ ხანად რუსეთისკენ იყო დაძრული ქართველობა. ხევის სიონის ღვთაების ჯვარის (რომლის გამოსახულება დაბეჭდილი აქვს ს.მაკალათიას თავის წიგნში «ხევი», გვ.216) გამოფრენა ბარისაკენ, უნდა ვიფიქროთ, ანდრეზულად წარმოგვიდგენს სიწმიდეთა დაბრუნებას თავის ძველ საწმიდარებში (უნდა ვივარაუდოთ, რომ ხევის სიონიც ბარის სიწმიდეთა სახიზარი იქნებოდა). აღსანიშნავია, რომ მარტყოფის უდაბურ გამოქვაბულში დასადგურებული სიონის ჯვარი თავისკენ იზიდავს ბერებს, რომლებიც, როგორც ანდრეზიდან ჩანს, გამოცხადების ძალით შეიტყობენ მის «მოფრენას» ამ უდაბნოში. ღვთაებრივი ხილვით შთაგონებული ბერები შეუჭირვებლად მიაგნებენ მარტყოფის უდაბნოს და ჯვარს და თაყვანს სცემენ მას, როგორც სასწაულით მოვლენილ სიწმიდეს. ცხადია, ჯვარის გამოჩენა მათთვის მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ეს უდაბნო, სადაც მთით მოვლენილმა თუ დაბრუნებულმა სიწმიდემ მოისურვა დავანება, სამონასტროდ იყო განკუთვნილი; როგორც ხდება აგიოგრაფიულ თხზულებებში, სადაც ეკლესიებისა და მონასტრების დაარსებაზეა ლაპარაკი; მაგ.,როგორც მარტოდ მყოფმა კაცმა, ვინმე ჴუედიოსმა «არა თუ ძილსა შინა, არამედ ცხადად», ჩვენებით იხილა ის წმიდა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ხანძთის პირველი ეკლესია და დასაბამი მისცემოდა სამონასტრო მშენებლობას; ან როგორც გრიგოლსა და საბას გამოეცხადათ «იშხნისა პირველი დიდებულებაჲ» იმის ნიშნად, რომ იქ მათი ღვაწლით განახლებულიყო სამონასტრო ცხოვრება (იხ.«გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება»). მარტყოფის უდაბნოში მოსულ ბერებს და იმ მოხევეებს, ცოფურს და სისაურს, რომლებიც გზად შეესწრენ ჯვარჩენას და ამ ჯვარში თავიანთი სალოცავი შეიცნეს, საერთო სიწმიდე აქვთ იმ «მფრინავი ჯვარის» სახით. ის ანდრეზული ფაქტი, რომ მთიდან ჩამოსულ ჯვარს, რომელზეც მაცხოვრის ჯვარცმა და მოციქულთა სიმბოლური სახეებია გამოხატული, ცნობენ ბერები და აღიარებენ საკუთარ სიწმიდედ, რის ნიშნადაც ოქროს ძეწკვს შეაბამენ (თუმცა ძეწკვი შეიძლება გავიაზროთ შიბად, რაც ჯვარ-ხატის ერთ განსაზღვრულ ადგილზე დაკავების ნიშანია) და მიჰყავთ საქრისტიანოს ცენტრში - თბილისში, სადაც მის დასამკვიდრებლად მისსავე სახელზე სიონი იგება. ეს ფაქტი ბარისა და მთის ტრადიციულ რელიგიურ ერთიანობას მოწმობს.
მტრედი - ჯვარის ნიშანი
გ.შარაშიძე წერს: «ღვთისშვილის «მფრინავი» სახით გამოცხადება თავისთავად წარმოადგენს ღვთიური არსის ადამიანისათვის აღქმად მანიფესტაციას. ამგვარი ასპექტით იმოსება ხატი მხოლოდ იმიტომ, რომ დაამყაროს ურთიერთობა ადამიანურ სამყაროსთან ან ჩაერიოს სააქაო მოვლენებში» (149,671). მეორე მხვრივ, «მფრინავ ჯვრებს» ჩვენ საყმოს გენეზისში ვხედავთ; ის ამ სახით გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ეს-ეს არის იქმნება საყმო, როცა ირკვევა მისი დასახლების ადგილი და პირობები ამ მიწაზე. ადამიანის არამდგრადი, დაუმკვიდრებელი ყოფის გამომხატველია ხშირად «მფრინავი ჯვარი», რომელიც მოძრაობს, იცვლის ადგილებს გზადაგზა «კოჭის მოკიდებით», ვიდრე თავის მიერვე არჩეულ საბოლოო საარსო ადგილს მოძებნიდეს. «მფრინავი ჯვრის» ცთომილისებრი მოძრაობა, დაუდგრომლობა, თითქოს ხეტიალი, შეესატყვისება ქმნადობაში მყოფი საყმოს გაურკვეველ მდგომარეობას. ხოლო როცა ჯვარი წყვეტს «ხეტიალს» და მყარდება თავის საბოლოო კვრივში, აი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ საყმოც დაარსებულია თავის მიწაზე, ღუზა ჩაშვებულია ნიადაგში. გამოცხადებული ჯვარი «მფრინაობით» ავლენს თავის მოუხელთებელ ბუნებას. მართალია, ჯვარი უნდა მოფრინდეს ტრანსცენდენტური სინამდვილიდან იმისათვის, რომ, როგორც გ.შარაშიძე წერს, გამოეცხადოს ადამიანს, მაგრამ ამ გამოცხადებაში ნაკლებია სიცხადე, მეტია ბუნდოვანება, რადგან ანგელოზურ არსს არა აქვს მყარი გარსი ფიზიკურ სამყაროში. ჯვარის ყოველი გამოცხადება კოსმოგონიურია, მისი ხატი თითქოს ქაოსში იბადება და ისახება ადამიანისათვის აღქმად საგნად; მაგრამ არც ერთი საგანი არ შეიძლება იყოს მისი საბოლოო გამოხატულება, რადგან თავად ჯვარი, როგორც სულიერი არსი, ვერ მიიღებს ერთხელ და სამუდამოდ გამყარებულ, ობიექტურ სამყაროში არსებულ საგანთა სახეს. ის დენადია, როგორც პლაზმური სხეული ან ნისლი და მისი კონტურების გარჩევა მხოლოდ ჯვარისავე რჩეულ მკადრეებს თუ შეუძლიათ. ამ მოვლენის გამოსახატავად საყმოს შეგნებაში გამომუშავდა მეტაფორული სახე «ნისლის კოტორი». «გუდანის ჯვარი როცა ხელზე მოუდიოდა, მაშინ თოთია შორიდანვე ნახავდა ნისლის კოტორს მომავალს. მერე გუდანის ჯვარი ხელზე მოუვიდოდა. ნისლის კოტორი ნიშნავს იმას, რომ როცა გუდანის ჯვარი მოდიოდა, ნისლივით კორიანტელი მოჰყვებოდა. ამ დროს თოთიაც მოემზადებოდა, ხელზე გადაიფენდა სამკადრეოს... და გუდანის ჯვარი მტრედის სახით ზედ დააჯდებოდა» (60,145). ნისლის კოტორის გამოჩენა ჯვარჩენის ნიშანია, თითქოს ჯვარი უსახური ნისლიდან უნდა გამოიკვეთოს, ის «დაიბადება» მტრედის ან ჯვარის ნიშნით და მკადრის ხელზე ჰპოვებს ადგილს. ლაშარის წმიდა გიორგიზე გამოთქმულ საწესო სიმღერაში ასეთი სტრიქონებია:
ლაშარელაის ლურჯასა
ფაფარ ასხავის გიშრისა,
შაჯდება, გაემართება
კოტორ გაჰყვება ნისლისა.
მთელი საყმოს თუ რჩეული მკადრეს თვალწინ მხედრად გამოცხადებული წმიდა გიორგი წასვლისას ნისლის კოტორს სტოვებს თავის უკან ნისლში, ნისლის კოტორად უჩინარდება და როცა კვლავ ფიზიკურ სამყაროში შემოდის, იმავე ნისლის კოტორიდან იბადება. ნისლის კოტორი თითქოს სიზმარეული სახეა, რომელიც პოტენციურად ინახავს სხვა სახეებს, მაგრამ ის უფრო უსახობაა, რომელიც ღვთისშვილის მანიფესტაციის მოუხელთებლობას გამოხატავს. მხოლოდ მკადრემ იცის, რა აღით არის დამჯდარი მის სამკადრეოზე ღვთისშვილი - მტრედის, ხატისა თუ ჯვრისა. როდესაც გახუა მეგრელაურს «ბეთლემის სახლიდან» «მფრინავი ხატი» წამოჰყვა, ერთ ადგილას, ალბათ, შუა გზაზე, ხატი ოქროქსოვილით შემოსეს. მაგრამ რას მოსავდა გახუა, ხატს - ღვთისშვილის ნივთიერ ნიშანს, თუ მტრედს - მის ცოცხალ სიმბოლოს, ეს გახუას, როგორც მკადრეს საიდუმლოა. ჯვარი, ხატი, შიბი პოტენციურად ცოცხალნი და დინამიურნი არიან, მათ ყოველ წამს შეუძლიათ ფერისცვალება. მათ წამიერ სახეცვლილებებს მხლოდ მკადრეს მახვილი თვალი თუ დაიჭერს. პეტრე იბერის ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდია მოთხრობილი: ყმაწვილობისას, როდესაც ის ბიზანტიის იმპერატორის სასახლეში იზრდებოდა, იერუსალიმიდან მოსული ბერებისაგან პატიოსანი ჯვარის ნაწილი შეიძინა, რომელსაც ოქროს ჭურჭელში ინახავდა, კვირადღეობით და დიდ დღესასწაულებზე ამოიღებდა ხოლმე, დაილოცებოდა, ემთხვეოდა მას და ისევ თავის ადგილას ჩაასვენებდა. ერთხელ, ერთ-ერთი მესაწოლეთაგანი ყმაწვილი იხმო და სთხოვა, მასაც ელოცა ჯვარის ნაწილზე და მთხვეოდა მას, მაგრამ ჯვარი მტრედად გადაიქცა, ხელებიდან გაუსხლტა პატრონს და სარკმლიდან გაუჩინარდა (20, 273). ასევე მტრედის სახით ამოფრინდა მწყემსის გუდიდან ჯვარი თუ შიბი და ცაში გაუჩინარდა კარატის ჯვარის დაარსების ანდრეზის ერთი ვარიანტის მიხედვით (137,110). «მფრინავი ჯვარი», მართალია, ფიზიკურ სინამდვილეში შემოდის, რათა ადამიანმა შეძლოს მისი ხილვა, მაგრამ მისი მხილველი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ჯვარი ეცხადება მხოლოდ იმას, ვისაც ღვთისშვილი ამოირჩევს და დაანახვებს თავს. ის რჩეულია, მასზე შეიძლება ითქვას, რომ ის იმავე წმიდა რეალობაში იმყოფება, სადაც მფრინავი ჯვარ- ხატები მოძრაობენ. გარეშე კაცის თვალში შეიძლება არაფრით გამოირჩევიან თავიანთ საქმეზე მიმავალი მწყემსები, ის ცოფური და სისაური, რომლებმაც თითქოს შემთხვევით დაინახეს ახალი საარსოს საძიებლად გამოფრენილი ღვთაების ჯვარი. ამ ორმა თავიანთი პატრონის ხილვისას დატოვა ცხვარი და ქვეყანა და საბოლოოდ დამკვიდრდა მარტყოფის ქვაბებში, სადაც მათმა ჯვარმა ისურვა დაარსება. ამ დროს მათ დაადასტურეს, რომ ჯვარის რჩეულები არიან ან იყვნენ შობითგანვე და ახლა, როცა ჟამი დადგა, გამოჩნდა მათი რჩეულობა. მათზე გადმოვიდა ღვთისშვილის ხარიზმა. ამიტომაც მათ არ შეეძლოთ სხვანაირად მოქცეულიყვნენ. როცა ადამიანს ჯვარი ახილვინებს თავს, ამ ხილვით გამოწვეული განცდა წარუხოცელად რჩება მათში. ამიერიდან ის სხვა ადამიანია, მისი უბრალოება უჩვეულო შარავანდით იმოსება, როგორც წერს პოეტი: იქ, სადაც არაგვს უერთდება მდინარე მტკვარი... შეგვიანებულ გზით გაივლის ხევსური მწყემსი, და მისი სული, ვარსკვლავების სულზე უვრცესი, ოცნებობს მთვარის სითეთრეში, ვით ქანდაკება. მას თან მიჰყვება უბრალოთა მშვიდი განგება... ანდრეზი არასოდეს გვამცნობს ჯვარის რჩეულის განსაკუთრებულ თვისებებს — «მას თან მიჰყვება უბრალოთა მშვიდი განგება», - წერს პოეტი რჩეულზე, რომელსაც ზებუნებრივი სინამდვილის ხილვის უნარი შესწევს. ის ხედავს წმინდა გიორგის, რომელიც თავისი რაშით მის საშველად არის წამოსული, მაგრამ ეს «მშვიდი განგების» ხალხი თავიანთი ცხოვრების დრამატულ ფაზაში შედიან, როცა ჯვარი აკადრებინებს თავის ხილვას, თუმცა მხოლოდ ხილვით არ სრულდება მათი ამბავი. ხევსურულ ანდრეზში ანატორის მთავარანგელოზის ჯვარჩენა ამგვარად არის გადმოცემული: «ლიქოკით არის მოსულ, ლიქოკით გამამფრინდალავ, ანატორ დამჯდარ, აქით გაფრენილ და ჴონეს დამჯდარ მტრედის სახით. საღირა ყოფილ ბადურიკათ პაპა, იმანავ, გაქცეულმ, აიარისავ ანატორის კუჭზევ შაჴდისავ, მტრედ დაუჯდისავ მჴარზედავ...» (38,№26084). ჯვარი მხარზე აჯდება კაცს, ის პოულობს საყრდენს მოკვდავის უძლურ მხარზე - ლეგენდური მკადრენი არ გამოირჩევიან ფიზიკური ძალით («ჩიხა კაც იყვ» - ასე ამბობენ მათზე). აქ სხვა ძალა იზიდავს ჯვარს, წმიდა ადგილი, წმიდა ადამიანი, როგორც «დაულახავი ადგილი». აი, ასეთ ადგილს ირჩევს ჯვარი მიწაზეც და ადამიანშიც. მკადრე «მხარკვრივია», ანუ მისი მხარი, რომელზეც «კოჭი მოიკიდა» ჯვარმა ან გაჰკრა ანგელოსური ფრთა, კვრივია. თუ კვრივის ნიშნად მიწაზე კოშკია აღმართული, მკადრეში ამის ნიშანი მის მხარზე ჩამომჯდარი მტრედი ან ჯვარია; მკადრეს მხარზე დამჯდარი მტრედი ჯვარისა და მოკვდავი ადამიანის შეკავშირების ნიშანია, თუმცა ეს კავშირი შეიძლება წარმავალი იყოს, რადგან მტრედი სამუდამოდ არ რჩება მის მხარზე. ამაში მდგომარეობს სხვათა შორის, მკადრეთა ტრაგიზმი, რაც ცალკე საუბრის თემაა. როგორც ცროლის მთიდან გამოფრენილმა სამებამ, გამოშურებულმა თავისი მიწიერი საბრძანისისაკენ, ერთხელ მხარი გაჰკრა იფნს, წმინდაჰყო რა ის იფანი, ასევე ამ კაცის - ბადურიკათ პაპის მხარსაც გაჰკრა თავისი ფრთა ლიქოკიდან წამოსულმა ჯვარმა და გაკვესა. ამით დაავალა მას სიწმიდის დაცვა, რომ არ წარხოცილიყო მისი მხრიდან ჯვარის შეხება (ასეთი კონტაქტი ღვთიურ არსებასთან, სხვათა შორის, აქადურ ონომასტიკაშია ასახული: ერთ-ერთი მეფე ატარებს სახელს ლიფით-იშთარ, რაც ნიშნავს «შეხება იშთარისა»). ამის გამო ინათლავენ «მჴარ-მკლავს» ხატის მსახურნი იმის ნიშნად, რომ იმ პირველ ლეგენდარულ მკადრეებს სწორედ «მჴარ-მკლავზე» შეეხო ჯვარი. ჯვარის მხილველნი შემთხვევით არ არიან მწყემსები; ის მოხევენი — ცოფური და სისაური, მწყემსები იყვნენ, რომლებმაც თავიანთ სალოცავის გულისათვის გაწირეს საცხოვარი და აღარ მიბრუნებულან მისკენ. ბეთლემს — ქრისტეს შობის ადგილს, ანგელოსების ჩაგონებით, პირველად მწყემსები მიადგნენ. მწყემსები იყვნენ ამ საიდუმლო შობის პირველმხილველნი. ჩვენს ანდრეზულ ტრადიციაშიც მწყემსებს ვხედავთ ჯვარის პირველმხილველებად და, უნდა ვთქვათ, მათი წრიდან არიან გამოსულნი პირველი მკადრეები. კისტნის ჯვარის დაარსების ანდრეზშიც მწყემსი მონაწილეობს: «კისტნის მთაში მასულ გამაფრენილ მტრედი. მტრედი მავიდავ, გამაფრენილივ, მწყემს უნახავ, მთაზე დაჯდავ, მემრე იმ მწყემს ხალხისად უთქომავ: მტრედ ზის გორზედავ, აღარ შორდებავ, ორი დღეიავ. ქადაგ წასულ და საკლავ დაუკვლევინებავ. რომ დავხკალივ, ხუცესს ეთქვ, მტრედმავ ნისკარტ დაჰკრავ სისხლსავ სამჯერავ და მემრე გაფრინდავ გუდანისკედავ. მემრე ხალხს უთქომავ, აქ გადმოვიდავ, დალოცვილივ, აღარ გვინდავ გუდან დენაივ. მემრე ხალხს, მთაივ იციან, კისტნის თავ აუგებავ კოშკი. ამ ხატს ასე იჴ სენებენ: თეთრი მთის ქორო თერგვაულო...» (38,№26082). მსგავსად ნოეს კიდობნიდან გაშვებული მტრედისა, რომელმაც წარღვნის დამთავრებისა და ხმელეთის გამოჩენის ნიშნად ზეთისხილის რტო მოიტანა ნისკარტით, გუდანის ჯვარიდან კისტანს გამოფრენილი მტრედი კვლავ გუდანისაკენ მიფრინავს საკლავის სისხლში ამოწებული ნისკარტით იმის სასწაულად, რომ კისტანში დაიკლა პირველი საკლავი, ანუ დაარსდა კულტი. ცხადია, ამ მტრედისთვის მწყემსს შემთხვევით არ მოუკრავს თვალი; მას ფრინველმა უხილავად გაჰკრა ფრთა და მერე მთაზე შემოჯდა ყველას დასანახად. მწყემსი, შესაძლებელია, არ ეკუთვნოდა ახალდაარსებულ საყმოს, მაგრამ გორზე სამ დღეს დაყოვნებულ მტრედში, რომელიც იქ «კოჭს იკიდებდა», მფრინავი ჯვარი ამოიცნო. მწყემსი პოტენციური მკადრეა, რადგან ის, როგორც მდევნელი და გამძღო თავისი ფარისა უკეთესი საძოვრებისაკენ, იმ ჯვარს ემსგავსება ბუნებით, რომელიც თავისი სასურველი საარსოს საძებნად არის გაფრენილი. ამავე დროს მწყემსს განსხვავებულ ფიზიკურ სინამდვილეში უხდება ყოფნა — მაღალ მთებზე. ამ დროს მისი სული მართლაც «ვარსკვლავებზე უვრცესია», მისი სამყოფელი მიწიერი ამაღლებულობის სიმბოლოც არის. მოსე სწორედ მწყემსობის დროს აირჩია ღმერთმა თავის «მკადრედ» და ქადაგად, როცა მან სინაის მთაზე ყველაზე მაღალ ადგილს მიაღწია. არ არის შემთხვევითი, რომ ბეგოთ საღვთო (ხადის ერთ-ერთი სალოცავი) მეცხვარის ნაპოვნია. მას შემდეგ, რაც მტრედის სახით ჩენილი ის მონადირეს მხარში დაუჭრია და, სოფლის ხმაურისაგან დევნილი, ერთხანს დაკარგული იყო საყმოსათვის, მწყემსს უნახავს მთებში და მიუყვანია მის საბოლოო სამკვიდრებელში. მწყემსისავე ხელით ყოფილა შეხვეული ოქროთი მისი დაჭრილი მხარი (ჩაწერილია ბეგოთ-კარში, 1983 წელს). კისტანს დაარსებული თერგვაული ისევ მტრედის სახით გადადის შატილში - «პირველად გუდანით ჯვარ კისტან გადასულ, მერე შატილ...», იმ საყმოში დასაარსებლად, რომელიც აგრეთვე გუდანიდან — სამაგანძუროს ძირეული საყმოდან არის გადმოსული (მტრედის გზა ასახავს ჭინჭარაულთა სვლას გუდანიდან შატილამდე — კისტანი, სადაც მტრედი «კოჭს იკიდებს», მათთვის შუა გზა იყო). «შატილ ზენ ვაკეს, ერთ ბალღს უნახავ მტრედი. აგერავ, ჩიტივ, უთქვამს მამისად. მამას დიაცისად უთქმავ: წადივ, ჴბო მამიყვანევ. იმ კაც ჴბო დაუკლავ და კოშკ აუგავ თეთრ თერგვაულისად...» (იქვე). აქ გადმოცემულია ჯვარის დაარსების ტიპიური სცენა: მტრედის გამოჩენის ადგილზე საკლავის დაკვლა და კოშკის აგება. თითქოს იქმნება საოჯახო კულტი, რომლის შექმნაში მონაწილეობენ მამა, დედა და შვილი. მაგრამ ყველაფერი ბავშვიდან იწყება. ის არის ჯვარის ფრინველის პირველმხილველი. ბავშვი თავის უბიწო მზერით ხედავს და გამოიცნობს იმავე ფრინველს, რომელიც ურწევდა აკვანს და კვებავდა მას უხილავი იფქლის მარცვლებით — ზეციური პურით. ასეთია ბავშვი, რომელიც ხედავს საყმოსათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას, თუმცა ის ბავშვური ენით მეტყველებს. «აგერავ, ჩიტივ!» - ამბობს ის ჯვარის მოგზავნილი მტრედის დანახვაზე იმ ბავშვივით, რომელიც საკიდლიდან კერძის ქვაბში ჩამავალი გველის დანახვისას აფრთხილებს ოჯახს: «ჭია, ჭია!» თუმცა ამაო აღმოჩნდა მისი გაფრთხილება, რადგან ჯვარმა ამ ხალხს მზერა დაუბინდა, რაკიღა გადაწყვეტილი ჰქონდა მათი დაღუპვა ურჩობისათვის. აქ კი, შატილში, კულტი უნდა დაარსებულიყო და ამიტომაც ბავშვის ძახილი «აგერავ, ჩიტივ!» — უსათუოდ უნდა გაეგონა მამას. ჯვარჩენის პირველმხილველი ბავშვის, ისევე, როგორც მწყემსის სული, კვლავ პოეტის სიტყვები რომ გავიმეოროთ, «ვარსკვლავების სულზე უვრცესია». იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ არ ამოსულა იმ აკვნიდან, რომელსაც ანგელოზები არწევენ და ამ ფრთოსანთა წრეშია გარეული. «მამა-შვილი განთქმული მონადირენი იყვნენ. ერთხელ წავიდნენ სანადიროდ. ერთი ფრინველი დაინახეს, რომელიც საკვირველად ანათებდა...» ეს ჯადოსნური ზღაპრის დასაწყისია, მაგრამ იგი ჯვარჩენის ანდრეზის დასაწყისადაც გამოდგება. ფრინველი, რომელიც საკვირველად ანათებს, ჯვარჩენის ანდრეზში მხოლოდ და მხოლოდ იმ ფრინველს შეიძლება გულისხმობდეს, რომლის საშუალებითაც ჯვარი აცხადებს თავს. ეს ფრინველი კი მტრედია, ჯვარჩენის ერთ-ერთი ნიშანი. გუდანის ჯვარზე, რომელიც მტრედის აღით გამოეცხადა ხალხს, ნათქვამია: «რო დაჯდავ, ისეთ შუქ უტევდისავ, რო კაცივ თვალთ ვერ შააყრიდავ...» (67,192). ის ზღაპრული ფრინველი და ანდრეზების მტრედი ერთნაირი სახით ავლენენ თავს ფიზიკურ სამყაროში. რასაკვირველია, იმ განთქმულმა მონადირე მამა-შვილმა უნდა მოინადირონ უცხო ფრინველი. ანდრეზის მონადირეც, ნადირის მძებნელი, სადღაც მთებში წააწყდება უცნაურ მტრედს. მონადირე ხელცარიელი ბრუნდება მთიდან, მაგრამ მას მტრედი ჰყავს ნაპოვნი. თუმცა მტრედმა თავად აირჩია მონადირე - იპოვა ჭიუხებში გზადაკარგული და თავის მკადრედ აიყვანა. მკადრე ჯვარის გამძღოს ნიშნავს, მაგრამ ამჯერად თავად ჯვარია მონადირის გამძღო, გზის მასწავლებელი. დიდგორის ჯვარის დაარსება როშკაში, ადგილობრივი ანდრეზით, მონადირე თურმანს მიეწერება. ანდრეზი ინახავს მისავე ნაამბობს პირველ პირში: «შარვანში რომ ჩავედი, მტრედი ამყვაო. რომ დავისვენებდი, შორს წავიდოდაო; რომ ავდგებოდი, წასასვლელად, ახლოს მოდიოდაო. საძელის უღელტეხილზე რომ მოვედი, სამჯერ შემოჰკრა მჴრები ერთმანეთს და გაენთო ცეცხლი, ცეცხლის ბურჯღუმი წამოვიდაო. წამოვიდა ცეცხლი და გორაზე, როშკის სამხრეთით თავბერაულის სიმაგრეში ცეცხლის ალი ჩაიკრიფაო...» (38,№25434). ბუნებრივია, რომ მონადირეს აჰყვა მტრედი, რადგან სანადიროდ წასვლამდე ის მარხულობდა და იწმიდებოდა ჯვარის მსახურივით სულიერად და ფიზიკურად, რომ უფლება მოეპოვებინა ნადირთ პატრონის წმიდა სამფლობელოში შესვლისა და ხელი შეწყობოდა ნადირობაში. ამგვარად მარხული და გაწმედილი მონადირე, თითქმის ჯვარის მკადრის მოწმიდარულ მდგომარეობაში იმყოფება. გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას, რომ წმიდა მთებში შესული მონადირე იგივე მკადრეა, რომელსაც უფლება აქვს დალახოს კვრივი ადგილები და ჯვარ-ხატთა ცოცხალი სიმბოლოს — მტრედის გამოცხადების მხილველი გახდეს (127, 137-8). მონადირეს არა მარტო ეცხადება ჯვარი მტრედის სახით, არამედ მას შეუძლია (იქნებ ევალებოდეს კიდეც) «გაქცეული» ჯვარის მოძებნა და მისი უკან დაბრუნება. ს.მაკალათიას ასეთი ანდრეზი აქვს ჩაწერილი ხევის სპარსანგელოსზე: რაღაც მიზეზის გამო სპარსანგელოზის ხატი თურმე თავის საბრძანებელში არ ჩერდებოდა (გავიხსენოთ ხევის სიონის ღვთაების «მფრინავი ჯვარი») და ერთხელაც თურმე ყურის მთისკენ გაფრენილა, ვერავის მოუხერხებია მისი პოვნა, გარდა მონადირისა, რომელსაც მიუხელავს ჯვარი და კვლავ მის საბრძანებელში მოუყვანია. როშკიონი მონადირისა და მტრედის ურთიერთობა მთელს გზაზე ტიპიური ურთიერთობაა მკადრისა და ჯვარისა (იხ.ზემოთ გახუას მგზავრობა გუდანის ჯვართან ერთად გერგეტის ბეთლემის სახლიდან), მაგრამ ის წყდება მას შემდეგ, რაც მტრედი, ჯვარის ფრინველი, აჩენს თავის ნამდვილ ბუნებას და მონადირე სოფლის საზღვართან უკვე ჯვარჩ ენის შემსწრე ხდება: აქამდე უწყინარი და თითქოს მფრთხალი ფრინველი, რომელიც გზაში გაურბოდა მონადირის სიახლოვეს, ცეცხლის ბურჯღუმად გარდაიქმნება მის თვალწინ და ნაციხვარში, პოტენციურ კვრივში, სადაც ჯვარი პოულობს თავის სამკვიდრებელს, ჩაეშვება. ამ ადგილს კი, როგორც კვრივს, რომელიც თითქოს ცეცხლის დაღს ატარებს, ვეღარ მიეკარება მონადირე. მისი მოწმიდარობა, რაც სანადირო ადგილებში გზას უხსნიდა, კვრივის დალახვისათვის საკმარისი აღარ არის და ამ ნაციხვართანვე, სადაც მან უკანასკნელად შეასწრო თვალი მტრედს, უთავდება ჯვარის გამძღოს ეფემერული ფუნქცია. თუმცა ანდრეზის სხვა ვარიანტის მიხედვით მტრედის დაფრენის ადგილას მონადირე კოშკს აგებს კვრივი ადგილის მოსანიშნავად, რითაც საფუძველს უყრის კულტს (62, 340). მონადირესვე მიეწერება ჩოხის წმინდა გიორგის დაარსება გუდამაყრულ ანდრეზში. აქ მონადირე იტაცებს ჯვარს, რადგან ის დევების ტყვეობაშია. «ბერასა ჲძახებულან და თურმე ნადირობს. წასულა ცირასებში, მთაზედა... და ერთ პატარა კლდეში ჯვარი ნახა; გაანება ნადირობას თავი და ეს ჯვარი ამოიღო. აიღო და გუდაში ჩადვა და წამოვიდა. დეედევნა დევიო, დეედევნა უკანაო და მოხყვა, მოხყვაო და ვერ დეეწივა, საცა ეხლა ჩოხის ხატია, იმ ადგილზედ მიიტანა და ეს ჯვარი იქ დადვა. და ი დევიც მიჰყვა და იქამდე ვერ მივიდა, საცა ის ჯვარი იდვა...» (38,№25560). სხვა ვარიანტებით, ჯვარი მტრედის სახით ამოფრინდება გუდიდან და ხეზე შეფრინდება, რითაც სოფლის გზას გადაუღობავს დევს... (38,№25552). მტრედმა ამ ადგილას გააჩინა პირველი ნიში და გაავლო მიჯნა სოფელსა და გარე სამყაროს შორის. ცირასების კლდეში, ვინ იცის, რა ხნიდან გადამალული ჯვარი, ძველთაგან დაფლული და თილისმადადებული განძის კატეგორიაში ექცევა. მას დევი დარაჯობს, თუმცა ვერ ეკარება, რადგან მისი შეხებისაგან დევი უნდა იფერფლებოდეს. მეორე მხრივ, აქ შეიძლება ასახული იყოს წინაისტორიული ბრძოლა დევსა და ღვთისშვილს შორის. ჯვარი დევნილია დევისაგან, ან ტყვედ არის წაყვანილი, როგორც ფშაურ ანდრეზებში ღვთისშვილი კოპალა. ჯვარი თავს აღწევს დევთა ტყვეობას და თავდახსნილი გადამწყვეტ ბრძოლას გაუმართავს დევებს. გუდამაყრულ ანდრეზში მონადირეს წილად ხვდა დაფარული ჯვარის მიგნება. ის თითქოს განძის აღმომჩენელია, მსგავსად ფარნავაზისა და სხვათა, რომელთაც განძი თავად გამოუჩენს თავს. ჩვენს ანდრეზში ჯვარი საკრალური ნივთია, რომლის ხელყოფა მხოლოდ მოწმიდარს და ჯვარის რჩეულებს შეუძლია. ჯვარის, როგორც საგნის, საკრალურობა, რაც დაუშვებელს ხდის მის ხელყოფას შემთხვევით თუ გარეშე პირთაგან, კარგად ჩანს ერთ გუდამაყრულსავე თქმულებაში: «ბაჩიკელას შამაუვლია ღამით, ბექაური იყო ის კაცი — ღამე მოდენილა. მანდ ჯვარი მოუჴელავ თორღაანთ, ჯალაბაურს, ვერცხლის ჯვარი და სახლში მიიტანა. ჰოდა, იქიდან დაუძახნია, მე ვერა ვხედავდიო: - «ბაჩიკელაო, ჯალაბაურს უთხარ, რომა ი ჯვარი რო წაიღოო, გამაიტანოსო, თორემ არ შევარჩენთო, ჩვენიაო». რამ დამიძახა, ვერ ვხედავდიო, უჴილავად, ეგრე...» (38,№25577)). მთხრობელი ფიქრობს, რომ მუქარის ხმა დევის ხმა იყო. დევი ამ შემთხვევაში - თუმცა ის უწმიდურია და ჯვარის ანტიპოდი, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც - ჯვარის საკრალიზმზე, მის ხელშეუხლებლობაზე მიგვითითებს. თუ ამ პატარა თქმულებაში ჯვარი საკუთარ სახლში მიაქვს მპარავს, რაც საკრალური ნივთის პროფანული მიზნით გამოყენების ცდას წარმოადგენს, ჩოხის წმიდა გიორგის ანდრეზში მონადირეს ჯვარი მიაქვს არა საკუთარ სახლში, პირად საკუთრებად, არამედ სოფლისათვის, რომელსაც ის, როგორც მკადრე, კულტს უფუძნებს. მართალია, მონადირე ათავისუფლებს დევისაგან დატყვევებულ ჯვარს, მაგრამ მთელს ამ გზაზე, ცირასებიდან სოფლის საზღვრამდე, სადაც ჯვარი მტრედის სახით ამოფრინდა გუდიდან, ჯვარი იცავდა მონადირეს მდევარი დევისაგან და მან მიაღწევინა უხიფათოდ საყმოს საზღვრამდე. მთელს საქართველოში გავრცელებულია თქმულებები ნაეკლესიარ ადგილებზე, რომელთაც უღრან ტყეში ნადირს დადევნებული მონადირე აღმოაჩენს. ნიშანდობლივია, რომ ძველ ნაეკლესიართან ყოველთვის განძია ჩაფლული. მონადირე - ეკლესიისა და განძის აღმომჩენი, სალოცავს განაახლებს და იქვე დასახლდება (23,10,28). ცხადია, ამ ტიპის ანდრეზებში ეკლესია და განძი (სეფი, რის გამოც შემდეგ აღორძინებულ სოფელს სეფიეთი ეწოდება) განუყოფელია ერთმანეთისაგან. განძი უეჭველად ეკლესიის საკრალურობის ნივთიერი გამოხატულებაა. თელავის ღვთაების ეკლესიის დაარსებაზე ამგვარი თქმულებაა შემონახული: სანადირო ტყეში რუსიშვილს სიზმრად გამოცხადებული მოხუცის შეგონებით მოუთხრია ის მიწა, სადაც იწვა; მიუგნია გამოქვაბულისათვის, სადაც ხატი ყოფილა დასვენებული, ხატს წინ ორი წმიდა სანთელი ენთო. მოხუცისვე რჩევით ამ გამოქვაბულს ზემოთ ეკლესია უნდა აშენებულიყო ღვთაების სახელზე. რუსიშვილმა ტყე გაკაფა, ეკლესია ააგო და თავადაც თავისი საგვარეულოთი აქ გადმოსახლდა (83,5). სხვათა შორის, ცროლის სანების «აღმომჩენიც», რომელმაც იხილა ჯვარის ნათება ცროლისწვერზე - ვინმე ქერაული, ბარიდან ამოსული მონადირე იყო. მან მიაგნო საცხოვრებელ ადგილს და ამ ადგილის ღვთიური პატრონიც გამოეცხადა.
<<<დასაწყისი (ნაწილი I)...
<<<გაგრძელება (ნაწილი III)
|