topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ლ. გოთუა - ძეგლის ცხოვრება (ფიქრები და ფაქტები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება <<<საინტერესო სტატიები>>>

ლევან გოთუა  (მწერალი) - ძეგლის ცხოვრება (ფიქრები და ფაქტები) //ძეგლის მეგობარი, თბ., 1969 წ., კრ.19., გვ.16-24

"ცოცხალი წინაპრები“

ყოველ ქართველს თითო ძეგლი მაინც უზის გულში ხატად. ზოგმა იცის ეს, ზოგმა არ იცის.. ძეგლი კი მაინც უზის, ბალღობიდან თან გამოყოლილ სიზმრად, სოფლის გალავანში შეტაძრულად, წყაროსთან ჩუქურთმიან აბჯარში მჯდარად ან კლდეზე არწივად აფრენილად და ,,შეკედლებულად“. ჩვენი ერი, საერთოდ - მაშენებელი, კერძოდ - ხუროთმოძღვრული, ძეგლთმაშენებელი ერია... უფლისციხე, სულორის ვანი, ციხე-გოჯი, დავით-გარეჯი, მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, ბაგრატი, ბანა, ხახული, ალავერდი, გელათი, სამშვილდე, გეგუთი და სხვა მრავალი, კეთილად ჩამოსათვლელი, ჩვენამდე მოღწეული და მოუღწეველი, თავიდან დიდებულ, უკვდავების ძეგლებად იყვნენ ზრახულნი ან ერის სულიერი ლტოლვით ამაღლებულნი. მათ ყოფის უბრალო თავშესაფრებად, ან მხოლოდ კულტის საწესო ადგილებად ვერასგზით ვერ ჩავთვლით. თითოეული მათგანი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ტაძარი, მხოლოდ ქვაბქალაქი, მხოლოდ ციხე, მხოლოდ სასახლე! მათ აღალმაში უკვე იგრძნობა ქვაში შთაბერილი სული, ნიჭი და ლტოლვა შემოქმედი ერისა. არც ის არის შემთხვევითი, რომ ისტორიულად, ჩვენს სულიერ აღორძინებას, როგორც მახარობელი, ყოველთვის წინ უსწრებს, მერმე აემგზავრება, ხუროთმოძღვრულად ამაღლებული ძეგლთმშენებლობა. საერთოდ, ჩვენი ძეგლები, უშუალოდ, ცოცხლებივით მონაწილეობენ "ქართლის ცხოვრებაში", მრავალმხრივ ნიშანდობლივი და გმირულია მათი ღვაწლი. ვგონებ საქართველოზე ყველაზე უფრო ითქმის - ,,მაჩვენეთ თქვენი ძეგლები, მე მოგითხრობთ თქვენს ისტორიასა და თქვენი სულიერი ავლა-დიდების სურათს". წარმართულ დროიდან, ქართველ და ქართველურ ტომების მისტიურ ხილვაში, წინაპრების კულტი ფრიადის ძალით გამოსჭვივოდა. ამის დადასტურებას „ქართლის ცხოვრების" არაერთ ფურცელზე ვპოვებთ. იგი ახლაც, ჩვენს ცხოვრებაშიაც, ხშირად იგრძნობა, მრავალ გარდმონაწესთა შორის. არც ის არის შემთხვევითი, რომ ახლა ჩვენს ძეგლებს, სულ ხშირად, ცოცხალ წინაპრებად ვთვლით. აქ, ჩვენის აზრით, საოცარი სულიერი და ფსიქოლოგიური დანაცვლებაა, როდესაც ტაძრებმა, ციხეებმა, ძველმა სასახლეებმა დაჰკარგეს თავისი პირველადი, გამოყენებითი დასახულობა... გამოცხოველდა მათი უფრო ღრმა, ზოგადი მნიშვნელობა. ისინი დღეს ჩვენ წინაპრების სახელსა და ერის სულიერ შემოქმედებას დაუკავშირდნენ. ამასთან ერთად, სხვა ფრიად მნიშვნელოვანი ძვრაც მოხდა. ჩვენმა ძეგლებმა ახალი, რეალური, მეცნიერულ-ესთეტიკური ღირებულება, საყოველთაოდ მოიპოვეს და განიმტკიცეს! ისინი დიდი კვლევისა და შესწავლის, დაცვისა და თვითშემეცნების უკეთილშობილეს ასპარეზად იქცნენ. წარსულის დიდი მაცნენი, ,,ცოცხალი წინაპრები“, ასე თავისებურადაც დაუკავშირდნენ თავისი შემქმნელი ხალხის აწმყოსა და მომავალს.

 

500.000...

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ახლა გაცილებით უფრო ფართოდ დგას ძეგლთა დაცვის აღდგენის, შემტკიცების საკითხებიც. ვფიქრობ ახლა ჩვენ, უფრო მეტი მატერიალური შესაძლებლობანი მოგვეპოვება, ვიდრე გვიგროვდება პრაქტიკული შედეგები ჩვენი ძეგლების აღდგენა-დაცვისა. ახლა უკვე ჩვენ ერთი-ორი ათეული შეკეთებული ძეგლის, წლის ბოლოში, ჩამოთვლით ვეღარ დავკმაყოფილდებით. ჩვენ გვესმის მთელი სირთულე ამოცანისა, მაგრამ სწორედ ამ დიდი ამოცანის სიმაღლეზე დგომა გაამართლებს ჩვენს საქმიანობას. ჩვენ როგორღაც ვერ შევათანაბრეთ ერთიანი აღმავლობა ძეგლთა დაცვაში. ყველაფერი მატულობს, ახალი ძეგლების აღრიცხვა, გათხრა, მეცნიერული კვლევა-ძიება, ძეგლთმცოდნეობა, მეთოდიკა, შეგნება, სახსრები... ხოლო გარდა რამოდენიმე დიდ, გზებთან ახლო მდებარე ძეგლების შემტკიცება-აღდგენისა, ეს არ იგრძნობა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ და ვიამაყოთ კიდევაც ზოგი ძეგლის დაცვა-შეკეთებით, მაგ.. სვეტიცხოველი, გელათი, წრომი, გეგუთი, ბაგრატი, წალენჯიხა, წილკანი, ანანური, უბისა და სხვა... მაგრამ პირდაპირ უნდა  ვთქვათ, საერთო დონე ჩვენი ძეგლების მდგომარეობისა განუხრელად ქვევით იწევს. შესაკეთებელ ძეგლთა სიმრავლე გვძლევს. სახელოსნოთა სიმცირეა ჩვენი უსუსტესი ადგილი. ჩვენ სათანადოდ ვერ ვებრძვით დროსა და სტიქიას. ამის ძალა და სახსრები კი უკვე შეგვწევს. მარტო ის ფაქტი რას ნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების წევრთა რიცხვმა 1969 წლის 1 იანვრისათვის, გადააჭარბა 500 000 წევრს! დიახ, ნახევარი მილიონი მეგობარი ჰყავს საქართველოს ძეგლებს!... და ეს საზოგადოების პირველი ათი წლის არსებობის განმავლობაში. ჩვენი ამოცანაა, საქართველოში ყველა გახდეს ჩვენი საზოგადოების მოქმედი წევრი, ძეგლების შეგნებული მფარველი და მოამაგე.

 

ორი ძეგლის სხვადასხვა ბედი

მაპატიონ ისტორიკოსებმა და მწერლებმა. ასეთი სურათი წარმომიდგა... ივრის ახალ წყალსაცავში, ახალგაზრდა თიანელმა მწყემსმა ნახირს წყალი დაალევინა, გული მოიხალვათა და ბექობიდან, გამჭვირვლე წყალში, ნემსკავი გადააგდო...ანაზდად უცნობ მგზავრებს მოჰკრა თვალი, წყალსაცავის პირ-პირ, გზააბნეულად დადიოდნენ.

- ვინა ხართ ძმობილებო, რას დაეძებთ!.

- მდინარეს... ყრუდ ამოსძახა ერთმა.

- იორს!- ჩააზუსტა მეორემ.

- ჰოდა ეგ არის... იორია რა ვუყოთ, რომ ცოტა შეისვენა... იქნებ ახლა ჩადგა ნამდვილ ჯაფაშია! - საუბარი აქეთ მიდრიკა მწყემსმა, მაგრამ წყალი სხვაგან გადაუწურეს...  --

- მერმე თიანეთის სიონი რაღა იქნა?!.

-   ძეგლი სადღა არის ან აკლდამა?..

- ჰოო, ეგრე გეთქვათ... საყდარი და აკლდამა გადასახლდნენ ქალაქშია. ნახირსაც ხმა მისცა, შემოაბრუნა. მოსულებმა იწყინეს, თავადაც გაუქილიკეს;

-   გადასახლდა რა... მწყემსი ხომ არ არის, ახლა სხვაგან დაუდგეს ნახირს!

-   კუმ ფეხი გამოჰყო - მეც ნახირ-ნახირო!- დაურთო მეორემ.

მწყემსმა ნემსკავი ამოჰკრა, ციდა თევზი ხმელეთზე ამოაგდო...

-  ჰო და ეგრე... ძეგლი აქ აღარ არისს- კვლავ დაუდასტურა და ახლა მათ შეეკითხა, თქვენ კი რაღა მწყემსები ხართ.

- მე ისტორიკოსი გახლავართ...

- მე მწერალი...

- არა, ახალგაზრდები კი ყოფილხართ, ჩემი არ იყოს!... მაგრამ ცოტა ჩამორჩენილხართ ივრის დინებასა

ასეთი საუბარი, სულ ბუნებრივად, შეიძლება მომხდარიყო. ბევრმა ახლაც არ იცის, რომ საქართველოს ძეგლთა დაცვის საქმეში ახალი ფურცელია გადაშლილი. თიანეთის სიონი და დიდი აკლდამა (VIII- X სს.) წყალსაცავის ფსკერზე რომ არ აღმოჩენილიყვნენ, დანიშნულად დაშალეს, დედა-ქალაქში გადმოიტანეს და ხალხური ხუროთმოძღვრების და ყოფის მუზეუმის არეზე ააგეს. ამ ძეგლმა და აკლდამამ მეორე ათასწლეული ახალ ადგილზე დაიწყეს. ახლა ჩვენ ძეგლთა დაცვაში "იორის პრინციპი" გაგვაჩნია, ხოლო დედა-ქალაქში  ორი სიონი - თბილისისა და თიანეთისა. აგებულია აკლდამაც... ახალგაზრდა მწერლებსა და ისტორიკოსებს ვიწვევთ პირველ სტუმრებად... ჩვენ გვახსენდება მეორე ძეგლიც, წალკის დიდ წყალსაცავის შუაგულში ჩარჩენილი. უკუღმართ ბედიან ბაზილიკის სახელი ვისღა ახსოვს. თევზები ჰპატრონობენ ჩამოშლილ ფრესკებსა და ლიბოებს... წყლის დონის ყოველ დაკლებისას ძველთა ძველი ძეგლი უტყვ საყვედურად გამოჩნდება, თავის შემოქმედის შთამომავლებს გადაპხედავს.... წყალუხვობისას კი კვლავ ჩაიფარება და არის ასე. ამ ძეგლის ბედი მარტო საუკუნეთა სიღრმით არ განისაზღვრა! ჩანს ძეგლებსაც ჰქონიათ თავისი ბედისწერა და მათ დაცვაში, იორის პრინციპთან ერთად, ჩვენ ჩვენი ბაზალეთიც გვაქვს!.

 

ხევისბერის ახალი მოვალეობა

შარშანდელ ზაფხულის მოგზაურობის დროს, სოფელ მლეთში კითხვა-კითხვით მივაკვლიე ლომისას დეკანოზს მხცოვან ხევისბერს შიო ბურდულს. ჩვენი ნაცნობობა იმით დაიწყო, რომ ლომისას ჯვააზე ჩამოვუგდე სიტყვა, ჩანს არ მენდო, შორს დამიჭირა. წიგნი დავიშუამავლე, ჩემი "მატიანური" ვაჩუქე. ამ ჯმუხმა, სიტყვაძვირმა მხცოვანმა, თვალით ამზომ-დამზომა, მერმე წიგნს დაჰხედა, ჩაძიებით დათითა გვარ-სათაური. შუბლი შეკრა. რაღაც მძიმე საფიქრალს შენისლულად შეუდგა. აივანზე ვისხედით. მთის ირიბი შხაპუნა უთვალავ სიმებად სერავდა ხეობას. ლომისას მთა ნისლა-ბურად იყო.

მოულოდნელად ოთახის ღია კარიდან ქალის ხმა მოისმა:

- სტუმარმა თავისი წიგნი მოგვცა... მწერალიც ქალაქელი ხევისბერია! ეგეც მისი გულის ნადებია!.. შენც ენდე - ლომის-პაპავ!

შიოს ყურმძიმობა შევატყვე. თუმცა ეს სიტყვა ჩანს გაიგო. ალბათ გადაწყვეტას ერთი წკიპარტი აკლდა. შიომ წიგნი ოთახში შეიტანა, ჩემი წანაწერი იმავ ქალის ხმას წააკითხა, გასაღებების შეკვრა გამოიტანა და მე უსიტყვოდ გამიყოლა. წვიმა ცისარტყელაში გაძვრა და გადიკარა. სოფლის თავში, გზის პირას, არც თუ ძველ საყდარს მივადექით. დარკინული კარიბჭე რამოდენიმე ბოქლომ-ურდულით იყო დაკეტილი. შიო ბოქლომებს ხელჩვეულად აღებდა და მე ეჭვიანად მიმზერდა;

Free Image Hosting at www.ImageShack.us

- ქალაქელო შენ პირველი ხარ, ვისაც ვენდე! გაჩვენებ ლომისას ჯვრებსა და შენაწირს...

გფარავდეს მისი მადლი! სანანებელი არ შემექნას..

ვანუგეშე და შიგ შევყევი. ასე ვნახე პირველად, ხალხის მიერ დაცული, მრავალი თვალსაზრისით. საყურადღებო და მნიშვნელოვანი ლომისას განძი: დიდი, წინგასაძღოლი, ვერცხლისა და მოოქრული წარწერიანი ჯვრები, კეთილნაჭედი სამწერობლები, ხატები, უამრავი შემოწირული თასები და ყანწები. (უფრო დაწვრილებით იხ. აქვე, ო. სანებლიძე სოფ. მლეთში დაცული ლომისას საგანძური). იმავ კვირაში „კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ექსპედიციამ ო. სანებლიძის, გ. აბრამიშვილის, ირ. ზაქარიაშვილისა და ლ. გოთუას შემადგენლობით, ყველაფერი დაწვრილებით აღწერა, აღრიცხა, გადაიღო და ისევ შიო ბურდულს ჩააბარა დასაცავად. ამიერით ხევისბერი შიო ბურდული ჩვენი საზოგადოებრივი მცველია. ეს მეტად თავისებური შერწყმა, ფრიად ნიშანდობლივი ახალი ფორმაა ჩვენი ძეგლების ცხოვრებაში და, ვფიქრობთ, სხვაგანაც უნდა გამოვიყენოთ, მაგ. ხევსურეთში, სვანეთში და ა.შ. ლომისას საგანძურის მიგნებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მთაში გარდა სვანეთისა, რომელიც ცნობილია, კიდევ ბევრი არის საყურადღებო  ჭედური მისაკვლევი და აღსარიცხი. ჯერ ბევრი რამ არის, ვგონებ უკანასკნელი ხევისბერების ხელში. ჩვენ მათთან უნდა გავდოთ ნდობის ხიდი და ისევ ისინი უნდა გავხადოთ, ჩვენი მამა-პაპური კეთილნარუქი ჯვარ-სალოცავების, საზოგადოებრივ მცველებად. ასეთი ორმაგი თვალყური, აღრიცხვასთან ერთად, უკეთ დაიცავს მატერიალურ კულტურის ძეგლებს ახლაცა და მით უფრო მომავალში.

 


2250 წლის ციხე - ქალაქის ზეიმი

,... და ამავე ფარნავაზ აღაშენა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა...“ - "ქართლის ცხოვრების" ეს სტრიქონი დაედო საფუძვლად შორაპნის ციხის აღშენების დათარიღებას. ყვირილასა და ძირულას ხერთვისში, აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისტორიულ საქარავნო გზაზე, მაღალ თხემსა და კლდეზე, უძველეს დროიდან არის გაშენებული შორაპნის ციხე-ქალაქი. ანტიკური დროის გეოგრაფები ყვირილასაც ფაზისად სთვლიდნენ. შორაპანში თავდებოდა სანაოსნო გზა, აქედან უკვე როკითით გადადიოდნენ მტკვრის ხეობაში. ჩვენი ერის ანტიკური ცხოვრების ფურცლები მხოლოდ ახლა იწყებენ თავის იდუმალებათა გახსნას. მათი გამომზევება - შესწავლა, დაცვა დღის წესრიგში ჩამომდგარი უდიდესი ამოცანაა. ანტიკური შორაპნის ციხე-ქალაქსაც ფრიად მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ისტორიის წინაშე. ამის აღსანიშნავად, შარშან, შემოდგომაზე, დედაციხის ნანგრევებს შორის შემოკრბენ შორაპნელი მოქალაქენი და სტუმრები, მხცოვნები და ახალგაზრდანი, უამრავი მოსწავლენი. შორაპნის ციხე-ქალაქის 2250 წლისთავის შესრულების საზეიმო ჯარობა გახსნა ზესტაფონის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ სალარიძემ. საზეიმო სიტყვებში სულ ხშირად გაისმოდა შორაპნის გმირული მოღვაწეობის უძველეს დამმოწმებელთა სახელები; სტრაბონისა და პროკოფი კესარიელისა, ლეონტი მროველისა და ჯუანშერისა... ბროწლიანით შემოსილ კედლებს შორის თავშეყრაზე, მასწავლებელ თეიმურაზ სალარიძეს სცვლიდა მოსწავლე ლეილა კვინიკაძე, მეცნიერებს - გურამ ცქიტიშვილსა და ოთარ სანებლიძეს, ძველ ნაბურჯალზე, აღელვებულ სიტყვებით ენაცვლებოდნენ მწერალი, მუშა და კოლმეურნე. ყველას საზეიმო თარიღი აერთიანებდა. ასევე ერთსულოვნად ჩატარდა დაბა შორაპნის, ელემენტების ქარხნის კლუბში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი, ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმის გამსვლელი სამეცნიერო სესიაც. ეს პირველი ანტიკური ძეგლია, რომელსაც ჩვენში თარიღი აღენიშნა, ხოლო რამდენი ძეგლი ელის თავის მიმხედველს, შემსწავლელსა და აღმნიშვნელს ჩვენ ერთი საოცრებაც მოგვივიდა. ტყის იქით - ტევრი დაგვრჩა შეუცნობელი ჩვენ თვალი მოგვჭრა ადრე და შუა საუკუნეების მართლაც დიდებულმა  ძეგლებმა და მათ მიღმა უყურადღებოდ დაგვრჩა თითქმის მთელი ჩვენი ანტიკური ხანა... ზღვიანეთიც. ციხისძირი, ოჩხამურ-ფიჭვნარა, გონიო, ფაზისი, დიოსკურია და სახმელეთოც შორაპანი, სკანდა, ქუთათის-უქიმერიონი, ვარდციხე,  ციხე-გოჯი, ასკანა, სხვა მრავალი... უფლისციხესა, სულორის ვანსა და მცხეთას აღარ ვჩივი, რადგან მათი გათხრა - შესწავლა უკვე დიდ შედეგიან "ჩახმახზეა" შემდგარი. ჩვენ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ანტიკურ საქართველოს დიდი კარის შეღებაც ჩვენი საპატიო და გადაუდები ამოცანაა. ერის მომავალი არა მარტო წინაა, არამედ სიღრმეშიაც

 

დაუვიწყარი მოგზაურობა „ქართულ პალესტინაში“

სათაურისათვის გთხოვთ მაპატიოთ... ამჯერად ჩვენ ფეხი არ მოგვიცვლია, ხოლო ჩვენს წინ კი იშლებოდა უჭაღარესი მიწის შთამბეჭდავი სურათები. დიახ, ეს ისტორიულ რეალიებზე დამყარებული, მეცნიერულ კონსულტაციით კარგად შერჩეული, მაღალი შემოქმედებითი თვალით დანახული "ქართული  პალესტინა" იყო. ფილმმა კარიდანვე "უცხენოდ და უაქლემოდ" გადაგვტყორცნა "აღთქმულ ქვეყანაში", ბიბლიურ გზებზე... და ახლა ამ კინოსურათზე რომ ვფიქრობ, თავიდანვე მომეგულისხმა დიდი საცერი ისტორიისა!.. დიახ, ისტორიას აქვს არა მარტო თავისი რეალური არსი და ნაშთი, სულიერი და ლიტერატურული გაგრძელება, არამედ ძნელად დასანახი, პლასტიურად მეტყველი სახე. ნანგრევების გადაღება ადვილია, ძნელია მისი შემოქმედურად შევსება, ძირითად ნიშნის პოვნა და ყველასათვის მისაწვდომად ამეტყველება. სწორედ ეს პლასტიური სახე ზედმიწევნით მოუპოვა თავის "უძნელეს მასალას" შემოქმედმა სამეულმა, მწერალმა ილია რურუამ, რეჟისორმა გურამ პატარაიამ და ოპერატორმა გივი მელქაძემ. შემდგომ კი მთელმა გადამღებმა ჯგუფმა. პალესტინა, ისტორიულ მეხსიერების შთასახვიდან, მრავალ ეპოქათა განმავლობაში, მრავალ თვალსაზრისით საკვანძო ჟამთსაბრუნავს წარმოადგენდა. მარტო ისიც კმარა, რომ სამი მსოფლიო სარწმუნოების აკვანია! აქედან არიან მოსეც, ქრისტეც და მაჰმადიც! აურაცხელმა დამპყრობლებმაცა და კეთილმა მაშენებლებმაც დასტოვეს აქ თავისი შესაფერისი კვალი. ჩვენ, ფილმის ჯადოქრულ ძალით, ქართველთა სახელოვან ნაკვალევს გავყევით. სწორედ ამ მიზნით, 1966 წელს ჩავიდა საქართველოს ტელეხელოვანთა ჯგუფი პალესტინაში. მათი გზა და სავალი მშენებელი წინაპრებისა და თანამედროვე ქართველი მეცნიერების მიერ იყო შეპირობებული და გაკაფული. მაგრამ ის, რაც დღემდე თითო -ოროლა მეცნიერის ნამუშავარსა და ცოდნის მარჭვალს შეადგენდა, ამ ჯგუფმა ეს საქვეყნოდ შეჰკრა, ნანგრევებსა და ახალ ნაშენებში გამოსცრა - გამონახა, სიჩუმესა და დავიწყებას გამოსტაცა და სამშობლოს ხელოვნების გზით დაუბრუნა. ასე წარმოიშვა ფილმი "პალესტინის სიძველეთა საიდუმლოება“. ...და აი, ჩვენს თვალწინ ეპიური თხრობით იშლებიან შორეული პალესტინის „ქართული ადგილები... აბა ერთ ფილმში რა ამოსწურავს ამ დიდსა და დიდებულ თემას, მაგრამ ჩვენი ხელოვნების წარგზავნილებს თავდადებით უღვაწიათ, მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი, ხშირად ჩვენთვის სრულიად ახალი, ხელშეუხებელი მასალა მიუკვლევიათ და მოუტანიათ...იერუსალიმის ქართველთ-ჯვარი, ერიქონი, ბეთლემი, საბა-წმინდა, კატამონი, მალხა და სხვანი.., აქ ყველაფერი გაღელვებს. ისტორიით შესულდგმულებული საერთო ხედი თუ მხატვრული ხედვით მიგნებული დეტალი! თითქოს საუკუნეების სიღრმეში მიმავალი ქვის კიბეები და მარტოსული ძველი ვაზი!. შორეული, ჯერ უხილავი, იქნებ უკვე გადასული ადამიანის ფეხის ხმა და ხვიფლოვან კედლების სიჩუმეში ჩარჩენილი, ოდესღაც დარხეული გალობა ქართველ მამათა. ფილმის შემქმნელთ მართებულად მიუგნიათ იერუსალიმის ქართველთ ჯვარის მონასტრის სიმბოლიური გასაღებისთვის. იგიც სამთაგანაა, როგორც მრავალი ციხე-ტაძარი ჩვენში - წიგნის, სარწმუნოების, თავდაცვის კერა ერთად! ეს ხუროთმოძღვრული სულისკვეთება აქაც კარგად იგრძნობა, მიუხედავად მრავალ, შემდგომი დროის გადაკეთებისა... ხოლო რა ვუყოთ, რომ ამჟამად ტაძრის კარის გასაღები სხვის ხელშია! ზღურბლის მიღმა, ჯერაც ჟღერს და ჰღაღადებს ასომთავრულში შეაბჯრული ქართული სიტყვა - "სდექ მტკიცედ და ურყევად!“ სწორედ ეს გახლავთ სურათის ძირითადი კილოც და იგი, წარმოშობის შემდეგ, ქვეშეცნეულად გასდევს მთელ თხრობას. ეს უკვდავი ძახილი ასულდგმულებს ათასწლოვან ქარბუქების მოწმე ქართულ უნგრევ-ნანგრევებს, სხვის ტყვეობაში ჩარჩენილ ტაძრებს, სანახევროდ სახეჩამოშლილ ფრესკებს, მშობლიური ჩუქურთმებისა და თაღების შეტეხილ  ცისარტყელებს, ჩვენი ხელნაწერების დაფანტულ ფურცლებს! ასე ერთიან თხრობად, შემჭიდროებულად, იშლებიან ჩვენს წინაშე, შორს გაშენებული, ქართულ სამყაროს, დიდი, თავის დროზე, ამაღლებული მწიგნობრული და სულიერი ოაზისები! საქართველოს კულტურული გარეკერები, მუდამ თავისი დედა-სამშობლოს სიცოცხლითა და ისტორიით საზრდოობდნენ, ცხოვრობდნენ და არსებობდნენ. მის, ასე ვთქვათ, საგარეო ლეგაციებს წარმოადგენდნენ. ამ მხრივ მათი ღვაწლი კიდევ მოელის საამაყო საქმეთა გამოვლენას. აბა გაიხსენეთ, ფილმში აღბეჭდილი პალესტინის სხვადასხვა ქართულ ძეგლზე მოხსენებულნი: მარუანი (პეტრე იბერის საერო სახელი), ბურზენი, პაპა ბაკური, ნიკიფორე ჩოლოყაშვილი, ლევან დადიანი, ქაიხოსრო ზედგინიძე, მამისიმედი, პატრიძე და ბოლოს ყველა სახელთა გვირგვინი შოთა რუსთველი. ხოლო ჯერ რამდენი სახელია ამ კედლებზე ამოუკითხავი, აღაპებსა და წიგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ რამდენი საიდუმლოა ამოუხსნელი!

Free Image Hosting at www.ImageShack.us

აქ წარსული ჩვენი კვლევისათვის ჯერ კიდევ მომავალია; ფილმის შემქმნელებს, ბუნებრივია, ქართულ თემასთან გზადაგზა, ისტორიულად თუ ბიბლიურად ცნობილი ადგილები და ღირსშესანიშნაობანი გადაუღიათ. მაღალმხატვრული კადრებით გვაზიარეს გეთსიმანიის ბაღს, ელეონის მთას, იერუსალიმის კედელს, ომარის მიზგითს, ქრისტეს საფლავს, გოლგოთას, სხვა ტაძრებს, ბაზრებს, ქუჩებს... ყველგან ამჟღავნეს ლაკონიური ჩაწვდომის უნარი, დიდი ზომიერება და მხატვრული ტაქტი. სომხების იერუსალიმელ საპატრიარქოში, იაკობის ტაძარში, სომხურ წიგნებს შორის აღმოაჩინეს 32 გვერდი აქამდე უცნობი ქართული ეტრატისა. აი კიდევ ნიშანი იმისა, თუ რამდენი რამ აქ საკვლევი და საძებარია! სოფლის წარმავლობა, ყველაზე უფრო მაინც ნასოფლარში იგრძნობა. ფილმმა იერუსალიმის მახლობლად, ძველი ქართული ნასოფლარი მალხა აღბეჭდა. მისი დასახლება, გადმოცემით, ვახტანგ გორგასალის სახელთან არის დაკავშირებული. ვაგლახ, მეორე სამშობლომაც ვერ შეიფარა მალხელები. ისინი ამ რამოდენიმე წლის წინათ იორდანიაში წასულან, არა ძველებური წესით - ქართულ კერების გურჯი - მცველებად, არამედ უკვე უსახო ლტოლვილებად... იმათი კვალის მიგნებაც არ იქნება ურიგო საქმე! ხატოვნად გადაღებულია იორდანე, ეს ლეგენდებში გადასული მდინარე, გიკვირს მისი გამსჭვირვალება.... მაინც ახლა იგი ამჟამად ხომ ფრონტის ხაზია! საერთოდ ფილმში გარემოს ფერიც შესანიშნავად არის დაჭერილი. იგი ხელს უმართავს საერთო განწყობილების შექმნას... აქ მიწაც ჭაღარაა და წყალიც კამკამა!! მკვდარი ზღვაც, თითქოს უძირო სარკეა გადასულ ჩრდილთა და ლანდთა! და გჯერა, რომ იგი შეჯერებულია არა მარტო მწარე და მძიმე მარილებით, არამედ გამწარებული ისტორიის ნალექებითაც! დაე მეპატიოს პარადოქსი - ამ კეთილ ფილმში გაცოცხლებულია არა მარტო დადუმებული გარექართული ძეგლები, არამედ თვით მკვდარი ზღვაც! სულის მოუთქმელად მიჰყვებით ამ სრულმეტრაჟიან, ფერად პლასტიურ თხრობას, ხილვასავით ამაღლებულ კადრებს და ყოველ მიჯნაზე შინაგანად გრძნობთ, როგორ ხელჩართულად იბრძვიან - შემოქმედება და დავიწყება. "ვინ ვის!" - აი სურათის კონტრაპუნქტი!.. ხოლო არსად არ არის ისეთი უძირო და ადვილი დავიწყება, როგორც აზიის ისტორიულ გზებზე!...აი ბეთლემის მიდამო, უძველესი ქართული ტაძრის ნანგრევები. მის გათხრის დროს იტალიელმა მეცნიერმა კორბომ აღმოაჩინა მოზაიკური ქართული წარწერები. ერთი მათგანი ოთხას ოცდაათიან წლებისა, რაიც ნახევარ საუკუნეზე მეტით უსწრებს ბოლნისის 492 წლის, აქამდე ცნობილ, დათარიღებულ უძველეს წარწერას. იერუსალიმის ბერძნულ პატრიარქიაში ახლაც ინახება ქართული ხელნაწერების კარგა დიდი, გადარჩენილი ნაწილი. ფილმში ნაჩვენებია ეს ქართული მწიგნობრული განძი, ერთ ერს სულ რომ ამოუვსებდა უმწიგნობრო ისტორიას! - სდექ მტკიცედ და ურყევად! - თითქოს ახლაც გაიძახიან სხვის კარადებში ჩარჩენილი ჩვენი წიგნები! კიდევ ერთხელ აიღო რევანში შემოქმედებამ, სძლია დუმილსა და დავიწყებას! მთელი ეს შესანიშნავი ფილმი თითქოს ასომთავრულით არის "დაწერილი".  განცდილი და განხორციელებული! მრავალ ადგილას, თითქოს გამჭვირვალენი გამხდარან უძველესი კედლები, გამომეტყველდნენ უცხო ბათქაშში და ნახატში ჩამარხული ქართული კედელხატულები! საქართველოს კინოთვალს ასე კარგად, ასე ღრმა და საფუძვლიან, მეცნიერულ კონსულტაციის წყალობით, ასე მაღალი ცოდნით ვგონებ არც გადაუღია საქართვგლოს გარე, ჩვენი კულტურული კერები. ჩვენ კი არა მარტო შინა, გარეისტორიაც გაგვაჩნია! იგი ქართლის ცხოვრების განუყრელი ნაწილია და ჩვენივე სულიერი საპატრონო. სურათის შემქმნელთ, შეგნებულ ისტორიზმთან ერთად, სრულიადაც არ ჰღალატობთ თანამედროვეობის გრძნობაც. ყველაფერი თანამედროვე ქართველის თვალით არის დანახული. ობიექტივის უკან თანამედროვე ქართველის გული  ჰფეთქავს. ამიტომ არის ეს სურათი ასე ერთობლივად ჩამწვდომი, დიდ ზემოქმედების უნარის მქონე, კეთილი გრძნობების აღმძვრელი... მათ წარსულის გრძნობასთან ერთად, თანამედროვე მკვლევარობაც ახასიათებთ და ორივე საწყისი დიდი სიყვარულითა და შემოქმედური წვით მკეს და თესეს! მკეს და თესეს! ქართველები ოდესღაც გაშლილ დროშით შედიოდნენ იერუსალიმში. ახლა იმ მედროშეების შთამომავლებმა ამ "ქართულ პალესტინის" გაშლილი ფილმი - სურათი ჩამოგვიტანეს. ეს ფრიად მნიშვნელოვანი მხატვრულ დოკუმენტური და ზოგად შემეცნებითი ფილმი უდაო მიღწევაა ჩვენი ეროვნული კინო და ტელეხელოვნებისა და იგი არ უნდა დაგვრჩეს სახელოვნად აღუნიშნავი.