topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სვეტიცხოველი

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სვეტი, სიცოცხლის მიმნიჭებელი

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების არც ერთ ძეგლზე არ არის შექმნილი იმდენი ლეგენდა ან გადმოცემა, რამდენიც სვეტიცხოველზე (და თითქმის ყოველი მათგანი რეალური ისტორიული მოვლენიდან იღებს სათავეს). ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქართველოში ქრისტიანობის უმთავრესი კერა ყოველთვის ერის ყურადღების ცენტრში იყო. ხუროთმოძღვრებითაც სვეტიცხოველი ქართული კულტურის ერთი ურთულესი ძეგლია. პირველმა ლეგენდამ, თუ ლეგენდებით შეზავებულმა ისტორიულმა სინამდვილემ, იმ დროისთვის ჯერ არარსებულ ეკლესიას მიაკუთვნა სახელი - სვეტიცხოველი, სახელი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართული ქრისტიანული კერის განუყოფელი ნაწილი იყო.

"წმინდა ნინოს ცხოვრების" მიხედვით, იერუსალიმში, გოლგოთის მთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს პერანგი წილად ხვდა მცხეთელ ებრაელს ელიოზს. "მიხვდა წილითა კვართი უფლისა ჩვენისა ელიოზს" და როგორც უწმინდესი რელიქვია, "მიიღო იგი მცხეთად". მცხეთაში მას მისი და - ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი სიდონია დახვედრია, რომელსაც აუღია კვართი: "...იმთხვია რა პირსა და დაიდვა მკერდსა და ხმა ყო ცრემლით და აღმოუტევა სული". ელიოზმა სიდონია "კვართითურთ დაკრძალა" მცხეთაში, იმ ადგილზე, სადაც დღეს სვეტიცხოვლის ტაძარია აგებული. საფლავზე ამოსულა "ხენი იგი კვიპაროზნი" (სხვა წყაროებში - ლიბანის კედარი ან ნაძვი). მას შემდეგ, რაც მეფე მირიანმა იწამა წმ.ნინოს მიერ ნაქადაგები სარწმუნოება და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა აღიარებული, ეკლესიის ასაგებად მოჭრეს ხე, მაგრამ ერთი სვეტი ვერ აღმართეს, "რამეთუ საღმრთო ძალი აყენებდა". მას შემდეგ, რაც საქართველოს განმანათლებელმა წმ. ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, სვეტი ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე გაჩერდა და "გამოსცემდა ბრწყინვალებასა და ფრიადსა სულნელებასა". განთიადისას "სვეტი იგი ნათლით შემოსილი მცირე-მცირე ჩამოდიოდა და ძირთავე მისთა ზედა დაემყარა". ეს სვეტი სასწაულმოქმედი იყო, მას მირონი სდიოდა და დავრდომილნი მასთან მიკარების შემდეგ განიკურნებოდნენ. ეს იყო სასწაულმოქმედი "სვეტი ცხოველი", სვეტი, სიცოცხლის მიმნიჭებელი.

მირიან მეფის დროს აიგო პირველი ქრისტიანული ეკლესია საქართველოში. რაღა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ქართული ქრისტიანული საკულტო ნაგებობის ჩამოყალიბებული სახე. როგორც "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთ რედაქციაშია აღნიშნული, "მაშინ მეფემან შექმნა გარემოის სვეტისა მის საბურველი და დაფარა ხედვისაგან". სვეტიცხოველში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს (1969-1972 წლებში ხელოვნებათმცოდნე - არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე) ამ თავდაპირველი ნაგებობის კვალი იქნა მიკვლეული.

V საუკუნის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც ანტიოქიელი პატრიარქის მიერ ნაკურთხი თორმეტი ეპისკოპოსი და პეტრე კათალიკოსი მცხეთაში მივიდნენ, "მეფემან ვახტანგ ააშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი". ამ ნაგებობის გეგმა გარიკვა სვეტიცხოვლის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ (გეგმა გრაფიკულად აღადგინა ვახტანგ ცინცაძემ). ეს ნაგებობა ბოლნისის სიონის მსგავს სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა და მასზე მნიშვნელოვნად დიდი იყო. აქაც, ისევე როგორც ბოლნისში, ნავების გამყოფი სვეტების ხუთი წყვილი იყო, აქაც შვერილი აფსიდია, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ბოლნისის მსგავსად, აქაც გალერეებია მიშენებული. გორგასლისეულ ბაზილიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. მოგვიანებით, გუმბათიანი ტაძრის აგებისას, მისმა ოსტატმა არსაკისძემ ბაზილიკის არსებული ფრაგმენტები გამოიყენა (აღმოსავლეთის ფასადზე - ხარის თავები, გუმბათქვეშა ბურჯის საფუძველში, დღევანდელ იატაკის დონეზე დაბლა, ჩატანებული ორნამენტული ქვის ფრაგმენტები).

ეკლესიის დასავლეთ ნაწილში შენობის ტანში ჩართულია ძველი ბაზილიკის ფრაგმენტები. სვეტიცხოვლის დღევანდელი კათედრალური ტაძარი XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. საქართველოში მშენებელი იშვიათად აწერდა თავის სახელს ეკლესიას, რის გამოც მრავალი მშენებლისა და დამკვეთის სახელი სამუდამოდაა დაკარგული. სვეტიცხოველი ამ მხრივაც გამორჩეული ძეგლია. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე სამშენებლო წარწერამ შემოგვინახა დამკვეთის - მელქისედეკ კათალიკოსისა და ხუროთმოძღვრის არსუკისძის სახელები: "ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზი, ამენ. აღაშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითაო, ღმერთმან განუსოვენე სულსა მისსა“. როგორც წარწერიდან ჩანს, არსუკისძე წარწერის გაკეთებისას ცოცხალი აღარ ყოფილა. ქართველმა მეცნიერებმა გიორგი ჩუბინაშვილმა, ნიკო ბერძენიშვილმა და ლევან მუსხელიშვილმა ეკლესიაზე და კარიბჭეზე შემორჩენილი წარწერების ისტორიულ საბუთებთან შეჯერებით დაადინეს ძეგლის აგების თარიღი. კათედრალის მშენებლობა დაიწყო 1010 წელს და ცხრამეტი წლის შემდეგ 1029 წელს დასრულდა. იმავე ხანებში აიგო სვეტიცხოვლის გალავნის კარიბჭეც. XI საუკუნის პირველი ნახევარი გაერთიანებული საქართველოსათვის ბრძოლის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპთაგანია, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებლის დროს, ერის სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა. X საუკუნის დასასრული და XI საუკუნე ეროვნული კულტურის ამაღლების ხანაა, ხანა, როდესაც ეროვნული ამაღლება კულტურის ყველა დარგს შეეხო. აღმავლობა ყველაზე მეტად ხუროთმოძღვრებას დაეტყო. XI საუკუნის დასაწყისის პირველ სამ ათეულ წელიწადში აიგო საქართველოს სამი დიდი კათედრალი: ქუთაისში ბაგრატის ტაძარი, კახეთში ალავერდი და მცხეთაში სვეტიცხოველი. ამ პერიოდში მშენებლობის აღმავლობის უფრო ნათლად წარმოსადგენად არ შეიძლება არ ვახსენოთ სამთავრო, სამთავისი, ნიკორწმინდა, მანგლისი და სხვა.

სვეტიცხოვლის ჯვარ-გუმბათიანი ნაგებობის გეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე დაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ეკლესიაში მთავარი შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარიბჭის გავლით. ტაძარში შემსვლელს ზემოთკენ მისწრაფებული, უზარმაზარი სივრცე წარმოუდგება თვალწინ. თავისი ზომით სვეტიცხოველი საქართველოში ქრისტიანული კულტის ყველაზე დიდი ნაგებობაა. ის სიმაღლით მხოლოდ ოდნავ ჩამორჩება ალავერდის ტაძარს. ეკლესიის შიდა ჯვრული სივრცე ნავების გადაკვეთითაა მიღებული. ტაძრის ცენტრალურ ნაწილს ნავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათქვეშა სივრცე წარმოადგენს, რომელიც მძლავრ ბოძებზე დაყრდნობილ 16 სარკმლით გახსნილი გუმბათის ყელითა და გუმბათით მთავრდება (ეს გუმბათი XV საუკუნეშია აღდგენილი, მაგრამ თავდაპირველი გუმბათის ყელის პროპორციებს უნდა იმეორებდეს). კათედრალი მოყვითალო თბილი ტონალობის კარგად გათლილი ქვითაა ნაგები. ოსტატი ფასადთა აგებისას სხვადასხვა - მომწვანო, ღვინისფერი მწვანე, ღია ყვითელი ფერის ქვების ჩართვასაც არ ერიდება. ფასადთა მორთულობის საფუძველს დეკორაციული თაღები წარმოადგენს. აღმოსავლეთის ფასადი სხვადასხვა სიმაღლისა და სიგანის ხუთი თაღითაა გაფორმებული, სადაც სიმაღლით გამოიყოფა შუა, ცენტრალური თაღით შემოფარგლული არე. მის შუა ნაწილში ინტენსიური ღვინისფერი ქვის საპირეთი შემკული საკურთხევლის სარკმელია, ხოლო უშუალოდ თაღის არეში მარაოსავით გაშლილია დეკორი. დეკორს გარშემო თორმეტი დისკო მიყვება, სადაც სამშენებლო წარწერაა მოთავსებული. მეორე წარწერა არსუკისძის სახელით ჩრდილოეთის ფასადზეცაა. ასომთვარული წარწერა "ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ" ქვაზე გამოკვეთილი გონიოს და ხელის გვერდითაა. ლეგენდა ოსტატისთვის ხელის მოკვეთის შესახებ ამ რელიეფური გამოსახულებისა და წარწერის გავლენით უნდა იყოს შექმნილი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადთა გაფორმების საფუძველი ისევ თაღების სისტემაა: გრძივ ფასადებზე თაღების სიმაღლის მონაცვლეობა შეფარდებულია კედლის სიბრტყესთან. იქ, სადაც გადახურვის ფრონტალური ნაწილი გამოდის და კედლის სიბრტყეც მაღალია, თაღის სიმაღლე შესაბამისად იზრდება. ორივე ფასადის დასავლეთ მონაკვეთში სამ-სამი თაღი ჰორიზონტალური კარნიზითაა გადაკვეთილი. დასავლეთის ნავის ზედა ფასადის ნაწილში კედლის ზედმეტი მასივის მოსაშორებლად სამ-სამი თაღით შექმნილი ღრმა ნიშებია. დეკორის რეპერტუარი XI საუკუნისათვისაა დამახასიათებელი. დეკორის ნახატი უმთავრესად რთულია და ძლიერ პლასტიკურადაა ნაკვეთი.

აღსანიშნავია დასავლეთის ფასადზე სარკმლის თავსართი და დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე განსხვავებული ფერის ქვისგან გამოკვეთილი სტილიზებული ვაზის გამოსახულებები. ეკლესიის ფასადებზე ფიგურები ასევე ინარჩუნებენ პლატიკურობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპოზიცია მაღლაა მოთავსებული, მნახველისათვის მათი მონუმენტურ-პლასტიკური გადაწყვეტა მაინც საგრძნობია. ეკლესიის გუმბათის ყელი, როგორც აღვნიშნეთ, არ არის ძეგლის თანადროული. გუმბათის ყელი XIII საუკუნეში მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, ხოლო XIV საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის შემოსევის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. იგი XV საუკუნეში აღადგინა ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ ალექსანდრემ. ამავე დროს შეაკეთეს ეკლესიის სხვა ნაწილებიც. გუმბათის ყელზე დეკორს XI საუკუნის დამახასიათებელი პლასტიკურობა და სიძლიერე შესამჩნევად აკლია. ტაძარი თავიდან მთლიანად მოხატული იყო. დღეისათვის უმთავრესად XVI-XVII საუკუნეების მხატვრობაა გადარჩენილი. საკურთხევლის აფსიდსა და კონქში ქრისტესა და მთავარანგელოზთა ფიგურები შესაძლოა XI საუკუნეში იყოს მოხატული, რომელიც XIX საუკუნეში თავიდან გადაიხატა. ძველი მხატვრობის ფრაგმენტი ეკლესიაში დასავლეთის კედელზე საკმაოდ მაღლაა შემორჩენილი. აქ შემორჩენილია ბიბლიური სცენის "ქრისტე და სამარიტელი ჭასთან" ნაწილი ქრისტესა და მოციქულთა გამოსახულებით და წარწერის ფრაგმენტი. სვეტიცხოვლის დარბაზი ორი ნაგებობაა: სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ეკლესიის მოდელის სახით პატარა სამლოცველოა აგებული (XIII-XIV საუკ.), ხოლო გუმბათქვეშა სამხერთ-დასავლეთის სვეტიანი თაღის ქვეშ ზედა იარუსში თაღებით გახსნილი სასწაულმოქმედი სვეტის შესანახად აგებული კოშკია, როემლიც XVII საუკუნეში მხატვარ გრიგოლ გულჯავარიშვილის ხელმძღვანელობით მოიხატა. მხატვრობა "ქართლის მოქცევის" სცენებს გადმოგვცემს. საქართველოს კათედრალური ტაძარი ამავე დროს ქართველ მეფეთა, დიდებულთა, ეკლესიის მთავართა საძვალეც იყო. აქ დაკრძალული არიან ვახტანგ გორგასალი, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფეები ერეკლე II და გიორგი XII, ბაგრატიონთა გვარის სხვა წარმომადგენლები. სვეტიცხოვლის ტაძარს გარშემო გალავანი ეკვრის. ტაძრის ეზოში შესასვლელი დასავლეთიდანაა, მელქისედეკ კათალიკოსის მიერ აგებული კარიბჭიდან. კარიბჭის შუა ნაწილში, მეორე იარუსზე, სამი თაღით გახსნილ გალერეის ფრონტონზე, ვრცელი ასომთვარული წარწერა ქართული ლაპიდარული წერის ერთი ბრწყინვალე ნიმუშთაგანია. გალავნის დიდი ნაწილი XVIII საუკუნეში, ერეკლე II-ის მეფობის დროსაა აგებული.

გიორგი მარსაგიშვილი

გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი

 

 

 

 

***********************************************************************************

გიორგი მასხარაშვილი - მცხეთის სვეტიცხოვლის ახლად გახსნილი მხატვრობის ფრაგმენტი //ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ.18, გვ.3-4

მცხეთის სვეტიცხოველში ამჟამად სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება. ამ საინტერესო და რთულ არქიტექტურულ სამუშაოებთან ერთად, ტაძრის შიდა კედლებს გვიანდელ ბათქაშს აცილებენ და ძველ, პირვანდელ კედელს ავლენენ. ამ სამუშაოების შესრულების დროს გამოჩნდა კედლის მხატვრობის ადრინდელი ფრაგმენტები. წინასწარი ვარაუდით და სამეცნიერო სამუშაოების ხელმძღვანელების მოსაზრებით, ეს მხატვრობა ნაგებობის იმ კედლებზეა, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება და ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მხატვრობაც იმ დროს უნდა იყოს შესრულებული, თუმცა წინასწარ, სანამ სამუშაოები მთლიანად არ დამთავრდება, ამის მტკიცება ძნელია.... << ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: სვეტიცხოველი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.87-90, 136.

მცხეთის სვეტიცხოველი აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, სადაც IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია (გათხრების შედეგად ტაძრის იატაკის ქვეშ აღმოჩნდან ამ ჯარგვალური შენობის ნარჩენები). V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

სვეტიცხოველი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.54-57.

XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია - ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის, და საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივი ცხოვრების ცენტრი....<<ტექსტი სრულად აქ...<<