topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სანება

<უკან დაბრუნება..... <<<მითები და ხალხური თქმულებები>>>


სანების ჯვარი (მფრინავი ანგელოზი) თავდაპირველად ერთ მაღალ მთაზე - ცროლისწვერზე დაარსებულა. ხევსურთა წარმოდგენით, სწორედ ცროლის მთაზე გადიოდა "დედამიწის შუა სამანი". ცროლის მთა 3100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ნადირ-მონადირეთა და "მეკოპრეთა" სალოცავ ხატად ითვლება. ამ ხატზე დაუწყიათ ლოცვა ხადუელებს და კალოთანელებს, მაგრამ ზამთარში, დიდთოვლობისა და ქარბუქების გამო, იქ სალოცავად ასვლა მეტად რთული იყო, ამიტომაც ხადუელებმა თავისავე სოფლის გვერდით ნიში გააკეთეს და იქ დაიწყეს ლოცვა. სანება მტრედის აღით ევლინებოდა თავის მკადრესა და მეენეს. მისი ბრძანებით დასტურებმა ღილღვო, სოფელი ხამხა დაბეგრეს. თავდაპირველად ხამხელები ალმაცერად და დაცინვით შეხვდნენ მოსულებს, მაგრამ სანების ჯვარმა ისეთი სასწაულები მოახდინა, ღილღველები უმალ დაემორჩილნენ. ღილღველებს უთქვამთ: “რო თეთრცხენით კაც მაუძღვავ წინავ ხადუელებსაო...”. უკანდაბრუნებული მტრედისვე სახით სანების ჯვარი კალოთანაში დაჯდა, სადაც კიდევ ერთი ნიში და სალოცავი აშენდა. იქიდან წამოსული კალოთანელების საზაფხულო სამთოში - შიტუში დაბრძანდა ანუ კოჭი მოიკიდა. აქვე აშენდა კოშკი. ამ ადგილას სოფელი არ არის.

ზაფხულობით სწორედ აქ ილოცავენ ათენგენობას. ამ ადგილების მოვლის შემდეგ სანების ჯვარი ისევ თავის პირველ ალაგას ცროლის დაუბრუნდა. კალოთანის, ხადუს, შიტუს და ცროლის სანებებს დიდი კავშირი აქვთ ერთმანეთთან და ერთიმეორეს ეხმარებიან და პატრონობენ. სანების ჯვარს მისი ყმანი ასე მოიხსენიებენ: “მფრინაო ანგელოზო, ბატონო სანებავ ცროლისწვერისაო”... სანების ჯვარის გამძღო ყოფილა ერთი ხადუელი კაცი, მამით ბაჭუა. ამბობენ მას ხელზე მოუდიოდაო სანების ჯვარი. ჯვარი ვერცხლისა იყო და ბოლოში ვერცხლისავე შიბი ედო. ჯვარი ჰაერით მოფრინავდა და გამძღოს ხელზე დააჯდებოდა. ამიტომაც გამძღო მუდამ თან ატარებდა საკადრს. ბაჭუაისძე წინასწარ გრძნობდა ჯვრის მობრძანებას, საკადრს ჯიბიდან ამოიღებდა და ხელზე გადაიფენდა. მხოლოდ საკადრგადაფარებულ ხელზე დაბრძანდებოდა სანების ჯვარი. გამძღო პირს შეუბრუნებდა, მისი ამონასუნთქი ჯვარს რომ არ მოხვედროდა და სანება ხორციელის სულზე არ შემკრთალიყო. ასე, პირშებრუნებული ესაუბრებოდა. ცროლის მთაზე სანების ჯვარს დარბასიც ჰქონდა და საქვაბეც. იქ, ახლოს ტყე არ ყოფილა, მაგრამ შეშა არცა ყოფილა საჭირო. ამბობენ, შესაწირი ხორცი უცეცხლოდ იხარშებოდაო. ახალი წლის ღამეს ცროლზე მთაზე ღამენათევი წმინდად თავშენახული მეკვლეს მოსვლის მერე დღესასწაულობდნენ ახალ წელს. წმინდა კაცი ზამთრის სუსხშიც კი ფეხშველა ავიდოდა ცროლზე, თოვლი თბილად მოეჩვენებოდა და სანთელიც აუნთებლად აენთებოდა.

სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი