There are no translations available.
< უკან დაბრუნება <<დაბრუნება მთავარ გვერდზე
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ. 26-27.
ძველი საქართველოს არქიტექტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კლდეში ნაკვეთ ქალაქს უფლისციხეს. იგი მდებარეობს ქალაქ გორის აღმოსავლეთით მდინარე მტკვრის მარცხენა მაღალ ნაპირას და მოიცავს 9,5 ჰექტარამდე ტერიტორიას. ეს ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში, ბუნებრივი ქვაბულების საცხოვრებლად გამოყენება დაიწყო ძვ.წ. I ათასწლეულში, ხოლო გეგმარების სტრუქტურა და ძირითადი ნაგებობები მიეკუთვნება ძვ.წ. IV- III სს. ამ დროისათვის უფლისციხე ნამდვილი ქალაქია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან ქალაქი დაცულია ფლატე კლდით, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან მას კლდეში გამოკვეთილი თხრილი იცავდა. ქალაქს სამი შესასვლელი ჰქონია - დასავლეთის გზა კლდეშია გაკაფული, აღმოსავლეთის გზა მიჰყვება ქედს, ხოლო ჩრდილოეოის მხარეს გაჭრილია 60 მეტრის სიგრძის კლდეკარი, ამას გარდა, ქალაქს ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც მტკვრის ნაპირამდე ჩადიოდა. სამხრეთის კლდეკარიდან იწყება ქალაქის მთავარი ქუჩა. იგი ჩრდილოეთისაკენ მიემართება და ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს. ამ ქუჩიდან გეერდებზე გადის მრავალი ვიწრო ქუჩა, სადაც განლაგებულია დარბაზები და სხვა ნაგებობები. დარბაზების უმეტესობას ახასიათებს დაგეგმარების მკაფიო სისტემა - წინ მცირე ზომის ეზოა, რომლის ერთ ან სამ მხარეს განლაგებულია ქვაბულები. ეზოში გამოდის კამაროვანი ან ბრტყელი გადახურვის მქონე კარიბჭე, რომელიც აერთიანებს მასზე დაქვემდებარებულ ქვაბულებს. სამხრეთის შესასვლელიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, მთავარი კოშკის ზემოთ წარმართული ხანის ტაძრის ანსამბლია - დიდი და მცირე გვერდიგვერდ გამოკვეთილი ტაძრები. მათ აქვთ საერთო წინა ეზო, საიდანაც ვხვდებით დიდ, ამჟამად ჭერახდილ დარბაზში. მის უკან სამნაწილიანი, ფართო და მაღალი კამარით გახსნილი სათავსებია ჯვრული განტოტებით. ამ ქვაბულებს დარბაზი რვა საფეხურიანი კიბით უკავშირდება. შედარებით მარტივია მეორე ტაძარი. იგი გრძივ ღერძზე ასხმულ სათავსოთა რიგს წარმოადგენს. ეს ტაძრები გვიანანტიკური ხანითაა დათარიღებული. ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს მთავარი ტაძარი. იგი გეგმაში თითქმის კვადრატული ფორმისაა, სამი მხრიდან ეკვრის მცირე ოთახები, ხოლო წინა მხარეს ეზოა. დარბაზის კედლები გულდასმითაა გახეხილი. ჭერზე დატოვებულია ბრტყელი დეკორაციული ელემენტები - ძელური გადახურვის იმიტაციით. ეს ბრტყელი გადახურვა ეყრდნობოდა ორ რვაწახნაგა ბურჯს. დარბაზის ჭერზე გამოკვეთილია ცილინდრული სარკმელი, რომელიც საჰაეროც და საკვამურიც უნდა ყოფილიჟო. უცილობლად, საყურადღებოა ქალაქის დასავლეთ კიდეზე განლაგებული კომპლექსები. უკიდურესი ცენტრალური დარბაზი სამხრეთისაკენ ღიაა,გადახურულია ნახევარწრიული კამარით და გარედან შემკულია ფრონტონით. შიგნით კამარა გაფორმებულია რვაწახნაგა კესონებით, რაც ახლო ანალოგიებს ჰპოვებს ანტიკური რომის არქიტექტურულ მორთულობაში. ზოგიერთი მკვლევარი ამ დარბაზს „თეატრონად" თვლის, სამწუხაროდ დარბაზის წინა ეზო სადაც ამფითეატრი უნდა იგულისხმებოდეს, მთლიანად ჩაქცეულია და ამიტომ კომპლექსის დანიშნულების შესახებ ძნელია გადაჭრით ითქვას რაიმე. ამ დარბაზის გვერდით დარბაზების მთელი წყებაა, რომელთა ჭერი არის გაფორმებული ხის არქიტექტურის მინაბაძი, შეწყვილებული კოჭებით ან ძელებით. ახ.წ. IV საუკუნიდან ფეოდალიზმის ჩასახვასთან დაკავშირებით, უფლისციხე თანდათანობით კარგავს საქალაქო ცენტრის იერს და მხოლოდ ციხედ და რელიგიურ ცენტრად რჩება. IX ს. დასაწყისში, როდესაც იწყება ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, უფლისციხე ამ ბრძრლაში მონაწილე ძალების ბურჯი ხდება.
|