topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

პირქუში

<უკან დაბრუნება

ზენ ბაცალიგოს თოვლსა სთოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა.

თინიბექურთ ციხესა

კუთხი მარჯვენა სქდებისა.

ზედა ზის შავი ყორანი,

ლიბუში გველი ძვრებისა.

შიგა წევს თინიბექაი

გულს უწადინოთ კვდებისა.

გვერდს უზის ცოლი ლამაზი,

სანთელივითა დნებისა.

პირქუში - იყო ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი. თავდაპირველად პირქუში კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური.  სახელად დავით მგელაის შვილი. ძალიან ლამაზი პირი-სახისა. თურმე ქალებს მოსწონდათ და გასაქანს არ აძლევდნენ. თავად კი მათ გაურბოდა და სიწმინდეს იცავდა, შეულახველი იყო. ღმერთს შევედრებია, ისეთი რამ დამმართე, რომ ქალებს აღარ ვუყვარდეო. ღმერთს მისთვის ყვავილი შეუყრია. ყვავილმა კი ისე დაამახინჯა ქალები ახლოს არ ეკარებოდნენ. თუმცა სამი მათგანი, მაინც მასთან დარჩენილა მსახურად, მათ შორის ერთ-ერთი ელენე ულამაზესი ქალი ყოფილა. პირქუში ნაწილიანი იყო. როცა ეძინა ბეჭებს შუიდან შუქი ამოსდიოდა და იქაურობას ანათებდა. ერთხელ გრდემლზე ნაწერი გაჩენილა - მგელაიშვილი დავითი ამა და ამ დღეს მოკვდებაო. მჭედელმა როგორ არ იწვალა, მაგრამ წარწერა ვერ წაშალა. გრდემლი ცეცხლშიც კი ჩააგდო, მაგრამ ამაოდ. ზუსტად ნახსენებ დღეს გარდაიცვალა, მაგრამ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. თავდაპირველად პირქუში წავიდა ახადს და იქ დაარსდა. პირქუში მჭედლობასთან ერთად დევებთან მებრძოლი ღვთისშვილიც იყო. ახადიდან პირქუშის მთავარი ძალა ბაცალიგოში წასულა და იქ დაარსებულა. ახადში დარჩენილს იმდენი ძალა აღარ დარჩენია, რომ დევებისთვის დიდი წინააღმდეგობა გაეწია და ქადაგის პირით დევებს დამუქრებია: თქვე პირმზორიანებო, მე თუ ძალი არ შემწევს, რომ თქვენ გაგაცამტვეროთ ბაცალიგოს ლეკურთაში მდგომ ჩემს მოძმე პირქუშს გავაგებინებ და ერთიანად ამოგხოცავთო. დევებთან ბრძოლაში პირქუშს დამხმარეებიც ჰყავდა, მას წყაროსთაული წმიდა გიორგი და კოპალა ჰყავდა გვერდში. რადგან წყაროსთაული წმიდა გიორგი მოისარი იყო, მადლიერმა პირქუშმა მშვილდ-ისარი, სხვა იარაღები და თასები გამოუჭედა. რადგან პირქუში მჭედლების მფარველი და მასწავლებელი იყო, ხუცესები მის სადიდებელს ასე მოიხსენიებენ: "დიდება შენთვის, პირქუშის წმიდა გიორგიო, ახადის გორზე ბრძანებულო, რკინის მახვილთა, ჯაჭვთა, პერანგთა მკეთებელო, ურჯულოთ დასალევადა  ხმლებისა და ხანჯლების მკეთებელო!"

პირქუშის ეპითეთებია: ლეკურთას მობურთალი და ცრცხლისალიანი. ცნობილია პირქუშის განძიც. ერთხელ ხევსურებმა გაიგეს ბაცალიგოს პირქუშის განძის შესანახი საიდუმლო ადგილი და მისი მოპარვა განიზრახეს. მაგრამ ვერაფრით ახეხებდნენ. როგორც კი მიუახლოვდებოდნენ, სამალავიდან ცეცხლი ამოვარდებოდა-ხოლმე და ასე იცავდა განძი თავს. მკითხავმა ურჩია მპარავებს, უსურმაგი ცხოველი კატა დაეკლათ სამალავთან. როგორც კი კატის სისხლი მოხვდა ადგილს, გაისმა ყურისწამღები წივილი, რომელიც თანდათან მინავლდა. განძმაც დაკარგა სიწმინდე და თავი ვეღარ დაიცვა. მპარავებმა უკვე შესძლეს მისი დაპატრონება. სამალავიდან გამოიტანეს თასები და ვერცხლის სხვა ნივთები. ნაპარავი ტყეში გადამალეს. გასაყიდად არ წაიღეს, რადგან მაინც ეშინოდათ პირქუშის რისხვისა. ერთმა ქურდმა ვითომ სასიკეთო სიზმარი ნახა და განძის გაყიდვაც გადაწყდა, მაგრამ სწორედ იმ მპარავს დაემართა ყვავილი და თვალი დაკარგა. შეშინებულმა მპარავებმა განძი უკან დააბრუნეს. პირქუშს სამი კარგი ვერცხლის თასი ჰქონდა და იახსარმა ეს თასები სთხოვა. პირქუშმა არ მისცა, მაშინ იახსარმა წაართვა ძალით და მიიტანა თავის სამლოცველოში. ბოლოს, როცა ერთიც ღვთისშვილი გახდა და მეორეც, პირქუშმა ეს თასები უკან მოითხოვა. ბოლოს ამ დავის ღვთისკარზე რჯული (განჩინება) ჰქონდათ. დამბადებელმა და კვირიამ ეს თასები პირქუშს არგუნეს, რადგან ძალით იყო წართმეული და ღვთისშვილთ კი ერთი-მეორეში ძალადობის ნება არ ჰქონდთ დამბადებლისგან. ძალადობის ნება მარტო დევ-კერპებთან ჰქონდათ. ბოლოს მკითხავის პირით იახსარმა გამოაცხადა: მე და პირქუშს ღვთისკარზე რჯული გვქონდა; ეგ სამი თასი პირქუშს არგუნესო. თასები იახსრიდან ახადში - პირქუშთან წაიღეს. მას აქეთ აიკრძალა შუაფხოელი ქალის ახადს გათხოვება და ახადელი ქალისა კი შუაფხოში.

სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი


ლიტ.:

ქართული ხალხური პოეზია, ტ.I

მითოლოგიური ენციკლოპედია, ზურაბ კიკნაძე, ტ.3