ბოდბის ეპარქია - (ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები)
ეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)
დაბ. - 01.05.1963, ლანჩხუთი
1989 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
18.12.1995 - ბერად აღკვეცა
19.01.1996 - დიაკონი
06.05.1996 - მღვდლად კურთხევა
17.05.1997 - იღუმენი
14.10.1998 - ეპისკოპოსად კურთხევა
1998-1999 - ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი
1999 - ბოდბელი ეპისკოპოსი
ბოდბის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქიზიყის, ძველ კამბეჩოვანის მხარეში მდებარეობს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები - სიღნაღი, დედოფლისწყარო და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ბოდბის ეპარქიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნეკრესის, დასავლეთიდან გურჯაანისა და საგარეჯოს ეპარქიები, სამხრეთის და აღმოსავლეთის საზღვრები საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-დაღესტნის საზღვრებს ემთხვევა. ქართული საისტორიო ტრადიცია ბოდბის ეპარქიია დაფუძნებას V ს-ით ათარიღებს.
VI ს-ის დასაწყისში, 506 წ. ბოდბელი მღვდელმთავარი ლაზარე აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსებთან ერთად დვინის საეკლესიო კრებას ესწრებოდა. ადრიდანვე საქართველოს სამეფო კარზე, შემდეგ კახეთის დამოუკიდებელ სამთავროსა და სამეფოში ბოდბელი მღვდელმთავრის დაწინაურებულ მდგომარეობას ამ მხარეში ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა და აღსასრული განაპირობებდა. ეპარქიის ტერიტორიას ადრიდან კამბეჩოვანი ერქვა „კანბეჩთა სიმრავლისათვის“, შემდეგ კი ქიზიყი უწოდებიათ - მათი „უსაქციელობისათვის“ - „მქის იყო“, გვაუწყებს ვახუშტი აქაური ხალხის ხასიათს. კამბეჩოვანი, კამბეჩანის მხარე მდინარე ალაზნის ქვემო წელსა და მტკვარს შორის ტერიტორიას მოიცავდა. V-VI სს. მიჯნაზე ამ მხარეში ორი ეპარქია - ხორნაბუჯი და ბოდბე - იხსნიება. ქალაქი ხორნაბუჯი კამბეჩოვანის ადმინისტრაციულ ცენტრად ითვლებოდა. ადრიდანვე ორი ეპარქიის ერთ კუთხეში არსებობა ქვეყნისთვის საზღვრისპირა რეგიონის დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. ახლომდებარე სამღვდელმთავრო კათედრათა ბუნებრივ საზღვრად ბოდბის ხევი არის მიჩნეული. კამბეჩოვანის დასავლეთი მხარე ბოდბელის სამწყსოდ ითვლებოდა, აღმოსავლეთი - ხორნაბუჯელისა. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯი ჭერემსა და ნეკრესთან ერთად საუფლისწულო მამულად გადასცა თავის ძე დაჩის. VI ს-ის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ კამბეჩოვანი სპარსეთს ემორჩილებოდა, ხოლო ხორნაბუჯი სპარსი მოხელის რეზიდენციად ითვლებოდა. VI ს-ის II ნახევარში სპარსელთაგან გათავისუფლებული ეს მხარე ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტოს მფლობელობაში გადადის. VII ს. შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ, ხოლო VIII ს-ის II ნახევრიდან, ჰერეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ ჰერეთის შემადგენლობაში შევიდა. ბოდბელს კახეთის სამეფოში პირველი სადროშოს - ქიზიყის წინამძღოლობა ჰქონდა მინდობილი. მას „სასპასპეტო დროშაცა აქუს... და არს ბრძოლასა მეწინავე“... ომისა და მშვიდობისა საკითხი მათი მონაწილეობით და თანხმობით წყდებოდა. ბოდბელი ეპისკოპოსები ომის დროს თავისი სამწყსოს „ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე“ ჯარს მეთაურობდნენ და საომარი მოქმედებებისას ჯვრის მტვირთველის თანხლებით სრული სამღვდელმთავრო შემომოსლით შედიოდნენ ბრძოლაში. სამშობლოსა და დედა ეკლესიის დაცვისას ბოდბელ მღვდელმთავართა თავდადება საყოველთაოდ იყო ცნობილი. ბოლო დროს კი, XVIII საუკუნის მიწურულს, 1792 წელს ლეკებთან ბრძოლაში, ბრძოლის ველზე მოკლეს ბოდბელი მიტროპოლიტი კირილე. სპარსელების ლაშქრობების შემდეგ ყველაზე მეტი ზარალი საქართველოს კუთხეებიდან კახეთ-ჰერეთმა განიცადა. შაჰ-აბასმა აქედან 100000 მოსახლე აჰყარა, ეკლესია მონასტრები გაანადგურა, ბაღ-ვენახები გაჩეხა და მისი სრული განადგურება განიზრახა. მტერთაგან იავარქმნილ ადგილებზე თურქმანები და ლეკები ჩამოსახლდნენ. ეპარქიის აღდგენა-გამოცოცხლება ქვეყნის საერთო აღმავლობას უწყობდა ხელს. კახეთის მეფეები ამიტომაც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ სამეფოს განაპირა სადროშოს აღორძინებისათვის. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისას საკმაოდ მომძლავრებული და დაწინაურებული ბოდბის ეპარქია რუსეთის მიერ დანიშნულ ეგზარქოსს დაუქვემდებარეს და კახეთის სხვა სამღვდელმთავროებთან ერთად, ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიაში გააერთიანეს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე განახლებულად ჩაითვალა ბოდბის საეპისკოპოსოც. მისი მართვა დროებით შეთავსებული ჰქონდა ალავერდელ მღვდელმთავარს. 1925 წლის 22 ოქტომბერს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით, ალავერდის ეპარქიას გამოეყო ბოდბის ეპარქია. 2001 წლის ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიას მართავს ეპისკოპოსი დავით ტიკარიძე.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, 2006
წყარო: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/bodbe.htm
|