< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< ციხე-ქალაქები და ეკლესიები>>>
ანანურის კომპლექსი - ი. ციციშვილი // ქართული ხელოვნების ისტორია, თბილისი, 1995 წ., გვ.125 - 126.
გვიანფეოდალური პერიოდიდან შემორჩენილია ბევრი საკულტო, საერო და თავდაცვითი ნაგებობა. მხატვრული თვალსაზრისით ისინი გაცილებით დაბალ დონეზე დგანან, ვიდრე წინა პერიოდის ძეგლები. გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასათებელი ძეგლია ანანურის ციხე - დარბაზი, სამხედრო გზაზე, თბილისიდან 66 კმ. დაშორებით. წარსულში ანანური წარმოადგენდა არაგვის ერისთავთა ფეოდალური გვარის დასაყრდენს და განიცადა მრავალი შემოსევა. ციხე შედგება ორი ნაწილისაგან: ქვედა ციხე ბორცვის კალთებზე და შიდაციხე ბორცვის ამაღლებულ ადგილას. ანანურის ძირითადი ნაგებობები მიეკუთვნება XVII ს. ციტადელი შემოზღუდულია მაღალი გალავნით და ხუთი მრავალსართულიანი კოშკით. მთავარი (დასავლეთის) კოშკი შვიდსართულიანია. ანსამბლის ცენტრში შემორჩენილია ხუთსართულიანი ყველაზე ძველი კოშკი, დამახასიათებელი პირამიდული საბურავით. მასზე თითქმის მიმდგარია ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი (1689 წ). აღმოსავლეთით იმყოფება ცალნავიანი ეკლესია - „მკურნალი", რომელზედაც 1689 წ. დააშენეს სამრეკლო. მესამე, უფრო მოკრძალებული ეკლესია - „ღვთაება“ მდებარეობს ეზოს დასავლეთის მხარეს. გეგმითა და გარეგანი მასებით მთავარი ეკლესია არ განსხვავდება წინა პერიოდის ტრადიციულ გუმბათოვან ეკლესიებისაგან. ეკლესიის კედლები შემოსილია კარგად გათლილი კვადრებით და შემკულია დიდი მოჩუქურთმებული ჯვრებით. მოჩარჩოებული კარ-სარკმლებით და მცენარეებისა და ცხოველების სტილიზებული გამოსახულებებით. (ვაზი, გველეშაპები, ლომები, ირმები). ჩუქურთმები შესრულებულია გულდასმით და ვირტუოზული ტექნიკით, მაგრამ ტრადიციულ ოსტატობაში იგრძნობა შემოქმედებითი დაქვეითება. დეკორატიული მორთულობა ერთფეროვანია, სქემატური და პრეტენზიული. აქ ჩვენს წინაშეა გვიანფეოდალური ხუროთმოძღვრების ტიპიური ნიმუში, სადაც შიგა სივრცისა და გარეგანი მასების გადაწყვეტა მისდევს დადგენილ ტრადიციებს, ხოლო მორთულობაში მხატვრის ოსტატობას ცვლის ხელოსნის ნამუშევარი. ეს ჩანს სხვა ძეგლეგშიაც, ასე თბილისის სიონის გუმბათის მორთულობაში (1710 წ) შეიმჩნევა სიმშრალე და უსიცოცხლობა, ტბისის ეკლესიაში (1683 წ.) კედლების მშვენიერი წყობა შეთავსებულია მორთულობის ელემენტების და ფორმების სიმშრალესთან.
|