სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტრის მანძილზეა. აწყურის დიდი ციხე, რომელიც უზარმაზარ კლდეზეა აღმართული, შორიდანვე ჩნდება (გზის მარცხნივ) და დიდხანს აღარ შორდება თვალს. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა გაშლილი ვაკე ადგილს. ციხე, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, თავს დაჰყურებს სოფელსა და მთელ იმ მიდამოს. სოფელშივეა (აგრეთვე მარჯვენა ნაპირზე) ძველი საეპისკოპოსო ტაძრის ნანგრევებიც.
აწყური ძველთაგანვე ცნობილი ქალაქი იყო და მას აწყვერს (აწყუერი) ეძახდნენ. მატიანეებსა და საბუთებში მისი სახელი ძალიან ხშირად იხსენიება. აწყური მრავალჯერ გამხდარა უცხოელთა წინააღმდეგ ქართველთა გმირული ბრძოლის ასპარეზად. აწყურის ციხეს, რომელიც სამხრეთიდან მომავალ ერთ-ერთ უმთავრეს გზას დარაჯობდა, მრავალი თავდასხმისთვის გაუძლია. აწყურის ღვთისმშობლის ხატი სახელგანთქმული იყო მთელ საქართველოში, ხოლო აწყურის საეპისკოპოსო კათედრა, ათაბაგთა ბატონობის დროს, სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის მეთაურობას იჩემებდა.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" თანახმად, აწყურში საეპისკოპოსო ტაძარი უკვე გრიგოლის დროს, ე. ი. VIII-IX საუკუნეებში არსებობდა. გრიგოლის ერთ-ერთი მოწაფე აწყურის ეპისკოპოსი ყოფილა.
|