<უკან დაბრუნება
ფოტოს ავტორი დ.ბელიცკი
ვ.გამრეკელი, ისტორიული მასალები ღვალეთიდან // ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXIV–B, 1963, გვ.91-103
აკად. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXIV-3, 1963
ვ.გამრეკელი
ისტორიული მასალები დვალეთიდან
დვალეთის ხეობათა შორის ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია მისი უკიდურესი დასავლეთი ხეობა, ამ ხეობას შუა საუკუნეობრივი ქართული გეოგრაფიული ნომენკლატურით ეწოდებოდა ჟღელეს ხეობა. საგულისხმოა, რომ "ჟღელეს ხეობა" - სახელწოდების ხმარება გვხვდება არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში; არამედ ქართულ” კერძოდ რაჭულ, ფოლკლორშიც1 და ხალხურ მეტყველებაში. ამ სახელწოდებამ XIX ს. მოატანა; ის რუსულშიც გადავიდა და ერთხანს რუსულ ოფიციალურ საბუთებშიც იხმარებოდა жгельское ущелье ფორმით ამჟამად კი ეს ხეობა რუსულ და ოსურ ენებზე იწოდება მამისონის ხეობად (Мамисонское ущелье, Мамисон-ком). ხეობის წყლის ქართული სახელწოდებაა "ჟღელეს წყალი“, ხოლო რუსულად და ოსურად მას ამჟამად უწოდებენ Мамисон-дом. ჟღელეს–წყალის მარცხენა ნაპირის მთები საკმაოდ დამრეცი არიან და თვით ნაპირიც იმდენად ფართო დავაკებას წარმოადგენს, თუმც ალაგ-ალაგ ბორცვნარს, რომ წყლის გაყოლებით ხეობაში ახლო–ახლო მრავალი სოფელი და ნასოფლარია. თავის ზემო ნაწილში ხეობა მამისონის უღელტეხილს აღწევს, ხოლო ქვემო ნაწილში - სოფ.ქვემო ზრამაგას. ამ ხეობის მთელ სიგრძეზე (21-23 კმ.) მიიმართება ე.წ. ოსეთის სამხედრო შარაგზა, რომელიც ბოლოს მამისონის უღელტეხილით გადადის რაჭაში. ამრიგად, ჟღელეს ხეობა ახლოა რაჭასთან და XIX ს. გაყვანილი შარაგზაც რომ არ იყოს, მაინც შედარებით ადვილსავალი გზით, უღელტეხილით არის მასთან უშუალოდ დაკავშირებული. არსებობს რიგი ისტორიული მოწმობისა იმაზე, რომ დვალეთი შუა საუკუნეებში მეტწილად ქართლის თუ საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში შემოდიოდა და კულტურულ ეკონომიურად პირველ რიგში ქართლთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში დვალეთის დასავლეთ კუთხეს (ჟღელეს ხეობას) იჩემებდნენ იმერეთის მეფე და რაჭის ერისთავი2. ყოველივე ამის გამო არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ წინა საუკუნეებში რაჭასა და ჟღელეს ხეობას შორის ცხოველი ურთიერთობა. ჟღელეს ხეობაზე გაუვლია თავის 1869-1871 წწ მოგზაურობის დროს ცნობილ კავკასიელ მოგზაურს ვ.პფაფს. თავის მოგზაურობის აღწერილობებში მას მოჰყავს რიგი საყურადღებო ცნობებისა და შენიშნავს: «Мамисон-Дон принимает в себя многочисленные горные потоки. Замечательно, что часть этих потоков, как некоторые аулы, носят грузинские названия. Из этого можно заключить, что осетины, обитающие в этом ущельи, смешались с грузинами3). «Жители («Мамисонского ущелья» - ვ.გ.) по типу, очевидно, смешаны с грузинами или имеретинами и речки большею частью носят грузинские названия4". მაგრამ ვ.პფაფი არ წარმოადგენს ისეთ წყაროს, რომელსაც შეიძლებოდეს დანდობილად ვერწმუნოთ მის მოგზაურობათა აღწერილობებში და სხვა დაბეჭდილ წერილებში, რომლებიც ძირითადში ოსეთს შეეხება, "იმდენი უცნაური და შეუსაბამო მოსაზრებებია გამოთქმული, მოწოდებულია იმდენი ფაქტობრივად არასწორი ცნობა, რომ მისი ცნობები თუ მოსაზრებები ჟღელეს ხეობის შესახებაც საეჭვო რჩებოდნენ და სარწმუნოდ ვერ ჩაითვლებოდნენ; მით უმეტეს, რომ ისინი ზერელე და ზოგად ხასიათს ატარებდნენ, ამიტომ ამ მხარის და საქართველოს წარსულის შესწავლის თვალსაზრისით ეს ცნობები შემოწმებას მოითხოვდნენ. უფრო გვიან ლიტერატურაში ყრუდ იყო მოხსენებული რაღაც წარწერები სოფ.ქალაქში (ჟღელეს ხეობაში) ქართული დამწერლობის ძეგლებზეც დვალეთში უფრო მკვეთრად წერდა 1950 წ. საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატში5 და შემდეგ, 1952 წ. გამოცემულ თავის პატარა წიგნში6 ბ.ბიგულაევი. ის აღნიშნავდა, სახელდობრ, რომ «Надписи на грузинском алфавите обнаружены на стенах развалин древнего храма и на могильных камнях древнего кладбища в сел. Калак7. მაგრამ ეს წარწერები ავტორს არ წაუკითხავს. ამავე წიგნის 65 გვ. მოცემულია ერთ-ერთი ამ წარწერის ასოთა მონახაზის ფოტოპირიც. ოღონდ იგი დაბეჭდილია თავდაყირა და როგორც შემდგომმა შემოწმებამ ცხადყო, შიგ გამოტოვებულია რიგი ასოებისა. ამ ნაკლთა მიუხედავად ეს ცნობა თავისთავად მეტად საყურადღებო იყო. 1958-1960 წწ. მივლინებით დვალეთში ყოფნისას შევეცადე, სხვა საკითხებთან ერთად, ზემოციტირებული ავტორების ცნობებიც შემემოწმებინა. ჯერ კიდევ დვალეთში ასვლამდე ქ.ორჯონიკიძეში, ჩრდ.ოსეთის რესპუბლიკურ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ქ.ალაგირში, რაიონულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შევკრიბე ზოგიერთი დამადასტურებელი ფაქტობრივი ცნობები საერთოდ დვალეთზე და კერძოდ, ჟღელეს ხეობაზე, ხოლო ადგილზე სხვადასხვა მონაცემთა გაცნობამ უკვე თვალნათლივ დაგვარწმუნა, რომ მართლაც ჟღელეს ხეობაში მრავალგვარ ფორმებში ვლინდება ქართული კვალი: აქ შეხვდებით XI ს. დროინდელ მოზრდილ (7X13 მ) ეკლესიის ნანგრევებს სოფ.თლისთან, ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს სოფ.ქალაქში; ქართულ ტოპონიმებს, ქართული ონომასტიკის პარალელურ ონომასტიკუო. ფორმებს და სხვ. საერთოდ, დვალეთის და კერძოდ ჟღელეს ხეობის ტოპონიმიკას და ონომასტიკას, ვფიქრობთ, სხვა დროს შევეხოთ ვრცლად, ამ წერილში კი ვიფარგლებით ძირითადში სხვა რიგის ცნობების მოტანით. სოფ.თლისთან არსებული ეკლესიის ნანგრევები შესწავლილი აქვს ხელოვნებათმცოდნეს ვ.დოლიძეს. მან დაწვრილებით აღწერა და გარკვეულად დაადგინა ამ ეკლესიის კუთვნილება XI ს. დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლთა რიგისადმი8. ამიტომ ჩვენ ამ ძეგლზე აღარაფერს ვიტყვით და პირდაპირ გადავდივართ სხვა ფაქტებზე. ჟღელეს ხეობის აყოლებით. სოფ.თლის ზევით შვიდიოდე კილომეტრის მანძილზე არის სოფელი - პატარა დასახლებული პუნქტი, წოდებული ქამსხოდ. მთელი რიგი ფაქტების თანადაშთხვევა საყურადღებოს ხდის ამ ადგილს. ადგლობრივი მკვიდრის ვიქტორ ჩელდიევის გამოკითხვიდან გავიგეთ როშ სოფ.ქამსხო ყოფილა რევოლუციამდე და კიდევ უფრო ადრე "მუგრავოვ" (resp.მორავოვ) გვარის ოსების სამოსახლო ადგილი. ამჟამად ისინი გადასახდებულნი არიან მეზობელ, ქვევით მდებარე სოფ.ლისრი-ში (Лисри) და კიდევ უფრო ქვემოთ9. ვ.ჩელდიეემა მაჩვენა და დამათვალიერებინა "მუგრავოვ"–თა საცხოვრებელი ციხე–კოშკი ეს კოშკი სამსართულიანია და თავის კონსტრუქციით და პროპორციებით განსხვავდება ცნობილ ოსურ საგვარეულო კოშკებისიგან” (იხ. ტაბ.I, სურ.1). საფუძვლის ზომაა 7,4X6,5 მ; უწინ I სართული ყოველდღიურად საცხოვრებელი ბინა ყოფილა, II სართული - საზეიმო ბინას წარმოადგენდა. III სართული – ხეობის სამზერი და სამლოცველო ადგილი იყო. პირველ და მეორე სართულს სამხრეთ კედელში დატოვებული აქვს შესასვლელი - თაღიანი კარი. კოშკს გარშემო ფართოდ აქვს შემოვლებული კედლები. შუაში დარჩენილია სივრცე და ამ ფართობზე დგას რამდენიმე დაბალი და მცირე ზომის, სამეურნეო–საოჯახო დანიშნულების ნაგებობა. ამ კოშკის ახლო ახლად აშენებული სახლის პირველ სართულისწინა კედელში ჩატანებულ ერთ მოზრდილ ქვაზე (სიგრძე - 105 სმ, სიმაღლე - 32 სმ). ვნახე წარწერა, რომელზედაც მელაპარაკა ქ.ალაგირის მუზეუმის დირექტორმა სოხიევმა. წარწერა შესრულებულია ამოკოდვით და ქართული მხედრული ასოებით (იხ. ტაბ I, სურ.2). ის იკითხება ასე:
ჩყლე
სალათასშ ბიზდი
ჩყლე = 1835 წელს; სალათასშ - სალათას შვილი; აქ დროული იქნება დავიმოწმოთ ერთი ცნობა: 1821 წ. რუსული სამხედრო ხელისუფლების დავალებით კაპიტანი კადნიკოვი მცირე რაზმის და ვინმე ო.ჭიჭინაძის (მთარგმნელი) თანხლებით გადავიდა რაჭიდან მამისონის უღელტეხილით ჟღელეს ხეობაში. თავის 1821 წლის 22. VI პატაკში ის ახსენებს სოფ.ქამსხოს "Канцхути"-ს ფორმით და ასახელებს აქაურ მოსახლეს ვინმე სალათა მოურავაშვილს (Салата Моуравишвили)10. ვფიქრობთ, რომ ქვის წარწერაში მოხსენებული სალათა შეიძლება იყვეს იგივე სალათა მოურავაშვილი მოხსენებული კაპიტან კადნიკოვის პატაკში. ბიზღი -მამაკაცის ოსური სახელწოდებაა და შეესატყვისება ქართულს "ბესარიონ“. ამრიგად გამოდის, რომ წარწერა შესრულებულია 1835 წელს და მასში მოხსენებულია სალათას შვილი ბიზდი. ქრონოლოგიური, ტერიტორიული და სახელის (სალათა) თანადამთხვევა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს ბიზღი – ბესარიონი იყო შვილი 1821 წლის დოკუმენტში მოხსენებული სალათა მოურავაშვილისა. ჩანს, 1835 წელს ამ სახლის პატრონი ბიზდი მოურავაშვილი თავის, გვარის ერთ-ერთი წარჩინებული წარმომადგენელი ყოფილა. ამჟამად ამ სახლის, მუგრავოვთა (მორავოვთა) საგვარეულო კოშკის და ირგვლივ კარ-მიდამოს პატრონია ხსენებული ვიქტორ ჩელდიევი. მეტად ნიშნეულია გვარი „მოურავაშვილი“; მით უმეტეს, რომ ის დაკავშირებულია ისეთ კოშკთან, რომლის მსგავსი დვალეთში ცნობილი არ არის და რომელიც, აშკარად განირჩევა ოსურ საგვარეულო კოშკებისაგან. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ გვარის სახელწოდება „მოურავაშვილი“ მომდინარეობს სამოხელეო თანამდებობის სახელწოდებისგან „მოურავი“. გვარების ამგვარი წარმომავლობა ხშირ მოვლენას წარმოადგენს; მაგალითად: ციხისთავი, გზირიშვილი, ნაცვ(ა)ლიშვილი, მელიქიშვილი და სხვ. ჟღელეს ხეობაში მოურავის სამოხელეოს არსებობა ადვილი დასაშვებია"; ცნობილია XVI-XVIII სს. ქართლ-იმერეთის მეფეებისა და რაჭის ერისთავების პრეტენზიები დვალეთზე. ისინი იჩემებდნენ უმაღლეს ხელისუფლებას დვალეთზე”. იმისგან დამოუკიდებლივ თუ რა მასშტაბისა იყო ეს მათი პრეტენზიები - ქართლ - იმერეთის მეფეები ცალ - ცალკე მთელ დვალეთს იკუთვნებდნენ თუ მხოლოდ მის სხვადასხვა ნაწილს, ცხადია, რომ რახან დამოწმებულია ამგვარი პრეტენზიების არსებობა იმერეთის მხრიდან, ისინი ყოველ შემთხვევაში უახლოეს ხეობას მაინც, ე.ი. ჟღელეს ხეობას მაინც უნდა შეხებოდნენ პრაქტიკულად. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ჟღელეს ხეობაში იქნებოდა მეფის თუ ერისთავის დანიშნული მოხელეც მოურავი. აქედან შემდეგში წარმოდგებოდა გვარი მოურავაშვილი. მოვლენათა ასეთი რიგი ადვილად გასაგებს ხდის "მუგრავოვთა“ კოშკის არსებობასაც, მის თავისებურებასა და წარმომავლობას. და შებრუნებით, ამ კოშკის და "მოურავაშვილი"-ს გვარის აქ არსებობა ემოწმება თავის მხრივ წერილობით ისტორიულ ცნობებს, რომ ქართლ-იმერეთის მეფეები თავის სუვერენულ უფლებებს ავრცელებდნენ დვალეთზეც. დასასრულ ღირსშესანიშნავია, როგორც ენობრივი ფაქტი, სოფლის სახელწოდება „ქამსხო“, მაგრამ ამის განხილვა განზრახული გვაქვს სხვა შემთხვევაში, საერთოდ დვალეთის ტოპონიმიკასთან ერთად. სოფ.ქამსხოს ზემოთ, ჟღელეს–წყლის აყოლებით 1 კმ დაშორებით ამავე ხეობაში არის სოფელი, სახელდებული „ქალაქ“–ად. პირველ რიგში ეს სოფელი ყურადღებას იქცევს თავისი სახელწოდებით. ადგილობრივი მოსახლეები ოსურ და რუსულ მეტყველებაშიც სოფლის სახელად ხმარობენ „ქალაქს“. (Калак - Калаки). სხვა სახელწოდება ამ სოფელს არცა აქვს. სახელის ქართულ ხასიათს ადგილობრივ ყველა ცნობს და აღიარებს. მაღალ ხეობის პატარა სოფლისათვის სახელის „ქალაქი“-ს მინიჭება თავდაპირველად უცნაურობის შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ ეს სახელწოდება არ უნდა იყოს შემთხვევითი, რადგანაც დიდი კავკასიონის ქედის გაყოლებით ჩვენ არა ერთხელ ვხვდებით სახელწოდებას „ქალაქი“. სახელდობრ:
1. ისტორიულ დიდოეთში, კახეთის ჩრდ - აღმოსავლეთით, სოფელი თლიადალ ცნობილია მეორე სახელითაც „ქალაქი“; XIX ს. ისტორიულ-გეოგრაფიულ ლიტერატურაში ის აღნიშნულია არა ერთხელ სახელწოდებით Калаки.
2. დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში ცნობილია ნასოფლარი „ქალაქეთი“.
3. მდ.დიდი ლიახვის ზემო წელზე, მაღრან - დვალეთში, ცენტრალურ სოფლის ედისის მისადგომთან არის ნასოფლარი, რომელსაც მკვიდრი მოსახლენი უწოდებენ ”ქალაქა" (Калак).
4. ზემო რაჭაში სოფ.გლოლასთან გორაკზე არის ნაციხარი და ნაეკლესიარი. ამ ნანგრევებს და ადგილს ადგილობრივი მოსახლეები უწოდებენ ზედა-ქალაქი (var. ზედ ქალაქი).
5. მდ.ქსნის აუზის ზემო ნაწილში, ჭურთის ხეობაში XVIII ს - ში დამოწმებულია სოფელი ქალაქი”.
ვფიქრობთ, რომ ძიებას შეუძლია გამოავლინოს დიდ კავკასიონის ხეობებში „ქალაქი“ სახელწოდების არსებობის კიდევ სხვა შემთხვევებიც. ყველა მოხსენებულ მაგალითში ჩვენ გვაქვს ისეთი ტერიტორია, სადაც შუა საუკუნეებში ქართული ენის ხმარება გავრცელებული იყო და რომელიც საქართველოს კულტურულ - ეკონომიურ - პოლიტიკურ წრეში შემოდიოდა. ამრიგად, მაღალმთიან ზოლში დასახელებულ პუნქტებისათვის „ქალაქი“ სახელწოდების მინიჭება ქართულ ტრადიციასთან ჩანს დაკავშირებული. მაგრამ სოფ.ქალაქი საგულისხმოა სხვა მხრივაც. სოფ.ქალაქში შემონახულია დღემდე უცნობი ნაგებობის ნანგრევები. ეს ნანგრევები: დაზიანებული კოშკები, საცხოვრებელი სახლები, კედლები და სხვ, რომლებიც გორაკის ზედაპირს ფარავს, არქეოლოგიურად არ არის შესწავლილი. უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მთის კონცხის ბოლოში არის ქვათა წყობა 2 მეტრზე მეტი სიმაღლის; შიგ ამოშენებულ ნიშში აწყვია ცხვრის რქები, ჯამის ნატეხები, ქვიდან უხეშად გამოკვეთილი ცხვრის და ცხენი”: თაკვბი და სხვ. ეს ქვათა წყობა სალოცავს წარმოადგენს და მოსახლენი ამას უწოდებენ „ძილეს ძუარ“. ადგილობრივ მკვიდრთა სიტყვით, მათ თავის მამაპაპათაგან გაუგონიათ, რომ ეს სალოცავი "ძილეს–ძუარ“ აგებულია ასიოდე წლის წინ. მანამდე აქ ნანგრევები მხოლოდ ქვის გროვას წარმოადგენდნენ. ადგილის მოწმენდის და ამ სალოცავის აგების დროს ნახულ იქნა ნანგრევში 1/2 მეტრის სიგრძის ოქროს ჯვარი და სხვა საეკლესიო ნივთები. ეს ნივთები შემდეგ ვიღაცას მოეპარა და უკვალოდ დაიკარგნენ. იმ მოხუცების ცნობით აქ სულ ძველად ეკლესია უნდა ყოფილიყო. ჩრდ. ოსეთის ასსრ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების მიერ აღნუსხულ ძეგლთა სიაშიც (1958 წ.) შეტანილია სოფ.ქალაქში მდებარედ "остатки здания древней церкси". გარეშემო ნანგრევთა კედლების დათვალიერებით ვერ მოვნახეთ საკურთხევლის აბსიდი; კედლები ჰქმნიან ოთხკუთხა ფორმებს. სალოცავს უკან სათავსოს კედლებს შიგნიდან ეხლაც ემჩნევა, რომ ქვედა ფენა მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლის დონემდე ხსნარით არის ნაგები; ქვები შეწითლებულია, თიხაში ნახშირის კვალია; ეს ადგილი უნდა იყოს ნახანძრალი ან ბრძოლის დროს დანგრეული და დამწვარი. კედლების ზემო ნაწილი კი ქვების მშრალ წყობას წარმოადგენს და უფრო გვიანდელი გაკეთებული ჩანს. თუკი მართლა აქ ეკლესია ყოფილა ამ საუკუნენახევრის წინ ან კიდევ უფრო ძველად, მაშინ სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ კავკასიონის ქედის ამ სიღრმეში, რაჭის თემის უშუალო მეზობლობაში არსებული ეკლესია ქართული წარმომავლობის იქნებოდა. მეტად საგულისხმოა ამ მხრივ სალოცავის სახელწოდება. ჩრდ. ოსეთის ასსრ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების ხსენებულ სიაში ეს სალოცავი მოხსენებულია "Дзилеси дзуар" სახელწოდებით. ქ.ალაგირის მუზეუმის დირექტორი ო.ბ.სოხიევი (1938 წ.) ამ სალოცავს ორი სახელწოდებით აღნიშნავდა „ძილეს ძუარ“ და ხალდ მაშიჯ ძუარ“. ეს მეორე სახელწოდება საკუთრივ ოსურია და ოსურად ნიშნავს „დანგრეულ კოშკის სალოცავს“. როგორც ამიხსნეს ასეთი სახელწოდება წარმოდგა იმის გამო, რომ სალოცავის ახლო (30–იოდე მეტრის მანძილზე) სხვა ნანგრევებს შორის დგას დანგრეული კოშკიც. ამ კოშკის დანგრევას ადგილობრივი მკვიდრნი ქართველებს, ქართველების ლაშქრობას მიაწერენ; თითქოს ქართველებს ზარბაზნის სროლით დაენგრიოთ ის. სხვა რაიმე უფრო დამაზუსტებელი ცნობები ამ კოშკის დანგრევაზე ადგილობრივ ვერაფერი შევკრიბე. სახელდობრ, იმის დადგენაც ვერ მოხერხდა, თუ როდის დაინგრა ეს კოშკი: რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ, თუ მანამდე. ქართულ საისტორიო წყაროებში (ს.ჩხეიძე, ვახუშტი) არის ცნობა 1711 წელს დვალეთში და, კერძოდ, ჟღელეს ხეობაში, წარმატებით ლაშქრობაზე. არის უფრო გვიანდელი ცნობაც. 1772 წლის 7 ივლისს კუდაროზე გავლისას ი.ა.გულდენშტედტმა თავის დღიურში ჩაიწერა შემდეგი: „კუდარო წონასთან ერთად დარბეულ იქნა ამ სამი წლის წინ იმერეთის თავადებისაგან; ამიტომ ყველა საბრძოლო კოშკი, ნახევრად დანგრეული იყო. ის (კუდარო - ვ.გ.) ეკუთვნის ოსურ თემს დვალეთს თავადი ჯაფარიძე რაჭის ერისთავთან ერთად იჩემებენ ბატონობას ორივე ოსურ თემზე, დვალეთზე და მაფსუანზე14. აქ მოხსენებული როგორც ორი თემი „დვალეთი და მაფსუანი“, ანუ მამისონი, სწორედ ჟღელეს ხეობას შეიცავენ. შეიძლება თუ არა სოფ.ქალაქის კოშკის დანგრევა დავუკავშიროთ ერთ-ერთ მოხსენებულ ლაშქრობას, ამის დაბეჯითებით თქმა არ ხერხდება, მაგრამ ეს არც გამორიცხულია. სალოცავის ერთი სახელწოდების "ხალდ მაშიჯ ძუარი"-ს მნიშვნელობა, როგორც ითქვა, სავსებით ნათელია და ასევე ცხადია მისი გვიანდელი - XIX ს დროინდელი, ყოველ შემთხვევაში XVIII ს. არა უადრესი წარმოშობა. ადგილობრივი და მეზობელ სოფლების მკვიდრნი, საერთოდ, ამ სალოცავს უწოდებენ „ძილეს ძუარ“ (var.ძივლეს–ძუარ) და მხოლოდ ერთ გამონაკლის შემთხვევაში (ახალგაზრდამ), „ძილეს-ძუარ"-ის პარალელურად ხმარებული იქნა "ხალდ მაშიჯ ძუარ“ - სახელწოდებაც. დიდი ხანია საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ოსურ ენაში მკვიდრად შესული სიტყვა „ძუარ“ ქართული "ჯვარი“–საგან წარმოდგა, ხოლო „ძილეს“ (Var.ძივლეს) ერთგვარი მოფიქრების და ჭოჭმანის შემდეგ ქართულ „ძლევის“ დავუკავშირეთ. ამრიგად საფიქრებელია, რომ ძილეს ძუარ“ ქართულ "ძლევის-ჯვარი“-საგან უნდა მომდინარეობდეს. ამ მოსაზრების სიმართლეში ჩვენ საბოლოოდ დავრწმუნდით, როდესაც ვნახეთ ამ სალოცავთან რამდენიმე ქართულწარწერიანი ქვა და მოვახერხეთ მათი წაკითხვა. სახელდობრ, სალოცავის წინა კედელში ჩატანებულია ორი ქვა ქართული წარწერებით, სალოცავს უკანა მხრიდან კედელშივე ჩატანებული აქვს ერთი ქვის მონაპობი რამდენიმე ქართული ასოთი და სალოცავის წინ მიწაზე დაგდებულია გრძელი ქვა, ასევე ქართული წარწერით. ოთხი ქართული წარწერიანი ქვის ეს თავმოყრილობა მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ წარმოდგენილ წარწერებზე (იხ.ტაბ.III. ტაბ.IV) სათქმელი გვაქვს შემდეგი:
1.პირველი ქვა (ტaბ. II, სურ.1) გდია მიწაზე "ძილეს ძუარ“ სალოცავის წინ, მის მარცხენა კუთხისაგან რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე (ეს არის სწორედ ის წარწერიანი ქვა, რომლის მონახაზიც თავდაყირად არის წარმოდგენილი ბ.გიგულაევის ხსენებულ წიგნის 65 გვერდზე). ის წარმოადგენს მთის ფიქალის მონოლითს, ყველა მხარეზე დამუშავებულია და გასწორებული, მაგრამ განსაკუთრებით სწორია, პირდაპირ გასიპულია ის მხარე, რომელზეც წარწერაა. ქვის ზომებია: სიგრძე - 154 სმ, სიმაღლე - 19 სმ, სიგანე - 35 და 40 სმ სხვადასხვა კიდეზე წარწერა არ არის ღრმად ამოჭრილი, უფრო ზედაპირულია, უსწორმასწოროა და შესრულებულია არადაოსტატებული ხელით. ანგარიშგასაწევია ქვის ჯიშიც, რომელიც აძნელებდა უთუოდ მასზე წარწერის შესრულებას. ქვის ზომები და ის გარემოება, რომ წარწერა შესრულებულია გვერდზე და ეს მხარე განსაკუთრებით გასიპულია, ხოლო დანარჩენი გვერდები უხეშად არის გათლილი, გვაფიქრებინებს, რომ ეს ქვა არ უნდა იყოს საფლავის ქვა და ის ნაგებობის კედლებში იქნებოდა ჩატანებული. რასაკვირველია, წარწერის შინაარსის შესაბამისად ასეთ ნაგებობად საგულისხმებელია ეკლესია. შესაძლებელია ეს წარწერა გაკეთებული იყოს არა ეკლესიის აგების დროს, არამედ უფრო გვიან; ამის შესაძლებლობას გვაფიქრებინებს წარწერის ზედაპირულობა და შესრულების ტექნიკურად დაბალი დონე (ეკლესიის აგებისას, მატერიალური სახსრების და მუშა-ოსტატების მობილიზაციის პროცესში, ბუნებრივია, მოველოდოთ უფრო ხარისხოვან წარწერებს). წარწერის მეტი წილი იკითხება გარკვევით, მაგრამ ზოგიერთი ასოები თუ ხაზები დაზიანების გამო ორჭოფულია. წარმოდგენილ წარწერას (სურ.4) ქარაგმების გახსნით ჩვენ ასე ვკითხულობთ:
ქრისტე შეიწყალე იოანე გ(?) დიდებაი ძლევის ჯვრის წმინდაო ძვ(?)!||??
ვრა მიქელისძე დიდებაი წმინდა იოანე შეიწყალე იოვანე.
წარწერა, ჩანს, ამ ქვით ამოიწურება და სხვა ქვაზე არ გადადიოდა. ამრიგად ეს ჩვეულებრივი ქართული - ქრისტიანული შემავედრებელი წარწერაა, როგორც თავის ფორმულებით (”ქრისტე შეიწყალე“, "დიდება“; "წმინდა“, ”შეიწყალე“), ასევე საკუთარი სახელებით (იოანე, მიქელისძე, იოვანე).
2. მეორე წარწერიდან ქვა (სურ.5) ჩატანებული არის "ძილეს–ძუარ“ სალოცავის კედლის საწყობში წინა მხრიდან. მიწიდან მეტრზე ცოტა მეტი სიმაღლის დონეზე. ეს ქვა პირველზე უფრო მომცრო ზომისაა: სიგრძე - 58 სმ, სიმაღლე - 18-19 სმ. ქვის ზედაპირი მეტად უსწორმასწოროა. ქვის ჯიში და არასწორი სიბრტყე მეტად ხელშემშლელი ყოფილა წარწერის წესიერად შესრულებისათვის. ეს წარწერა კიდევაც შესამჩნევად უფრო მდარეა და უწესო. ვიდრე დანარჩენი სხვა წარწერები და ამიტომ მათზე უფრო ძნელი საკითხავია. არც ასოთა მოყვანილობით და ამოკოდვის ხასიათით არ ემსგავსება ის დანარჩენ წარწერებს. ჩემი თხოვნით ამ წერილში მოტანილ ეპიგრაფიკულ ძეგლებს გაეცნო ქართულ ეპიგრაფიკაზე დიდი ხნის მომუშავე ო.ვ.ბარნაველი15. კერძოდ წარმოდგენილ მონახაზის (სურ.6) საფუძველზე თ.ბარნაველი ამ წარწერაზე შემდეგს შენიშნავს: „წარწერა ოთხსტრიქონიანი ყოფილა, მაგრამ პირველ სტრიქონიდან შერჩენილია მხოლოდ ბოლო სამი ასო Ⴐ`ႿႠ ძლევის ჯვრისა. მეორე სტრიქონის დასაწყისის ასოები Ⴁ`Ⴟ გაურკვეველი რჩება. წარწერის შერჩენილი ნაწილი შეიცავს ერთი პირის ვედრებას და იკითხება ასე:
...ძლევის ჯვრისა
ბჯ დაბის ძლევის ჯვრისა (გ) წმიდაო გიორგი
ამისი მწერალი ბაშარული (ან სხვა რაიმე გვარი) გიორგი შეიწყალე“.
3. წინხსენებულის გვერდით აქვე კედელში ჩატანებულია კიდევ ერთი წარწერიანი ქვა (სურ.5). ქვის ჯიში იგივეა რაც პირველი ქვისა, წინა მხარე, რომელზედაც წარწერაა ამოკვეთილი, სრულიად სწორია, ბრტყელია. ამ ქვის ზომები ასეთია: სიგრძე-90 სმ, სიმაღლე სხვადასხვა კიდეზე 11 და 15 სმ. წარწერა ღრმად არის ამოჭრილი; ცალკეული ასოთა სიდიდე თითქმის თანატოლია და სტრიქონებში გაწყობილი არიან ბევრად უფრო წესიერად, ვიდრე პირველ ორ ქვაზე. ეს წარწერა შესრულების ტექნიკით თვალსაჩინოდ განსხვავდება პირველ ორ წარწერისაგან და ბევრად უფრო ხარისხიან ქვა სალოცავის კედელში თავდაყირად ჩაუტანებიათ და წარწერის წასაკითხავად აუცილებელია მისი გადმობრუნება. ეს გარემოება უთუოდ იმის მანიშნებელია, რომ ეს წარწერიანი ქვა თავდაპირველად "სხვაგან იყო გამოყენებული, სხვა დანიშნულებისა იყო; ხოლო სალოცავის კედელში მოჰყვა უფრო გვიან; მასთან მოხვდა აქ იმ პირთა ხელით, რომელთაც ამ წარწერის კითხვა არ იცოდნენ. წარწერა ორსტრიქონიანი (ტაბ.III, სურ.3) და ქარაგმების გახსნით ასე იკითხება:
დიდებაი ძლევის ჯვარს დიდებაი წმინდა გიორგი
გოგაჲ შეიწყალე ძლევის ჯვარო გ`ი სგჲ`ა შეიწყალე.
მეორე სტრიქონის ბოლოში დაქარაგმება გჲ სგჲა დარწმუნებით ვერ ამოვხსენით და ვტოვებთ ასევე; აშკარაა მხოლოდ რომ აქ ვიღაცის სახელი (და ეგებ გვარიც)უნდა იყოს, რომლის შეწყალებასაც ითხოვს წარწერა. შინაარსის მიხედვით ჩანს, რომ ეს წარწერა ამ ერთი ქვით ამოიწურება და სხვა ქვაზე არ გადადიოდა. პირველი პირის სახელი, რომლის შეწყალებასაც ითხოვს წარწერა იკითხება: "გოგა“. ამგვარი სახელი რომ არსებობდა წინად, ამას უეჭველად მოწმობს დასავლეთ საქართველოში გავრცელებული გვარები გოგაძე, გოგავა, გოგაშვილი და დვალეთის ჩრდილოეთით წეის ხეობაში მობინადრე გვარი გოგაევ.
4. ამავე სალოცავის უკანა კედელში ჩატანებულია ქვის გრძელი მონაპობი, რომლის ვიწრო გვერდზე შემორჩენილია რამდენიმე ასო (ტაბ.IV. სურ.1). მონაპობის მიხედვით დაისკვნება, რომ ქვა დაახლოებით თუ მეტი არა 2/3 მეტრისა მაინც იქნებოდა სიგრძით. ამის შესაბამისად სავარაუდებელია წარწერაც მრავალსიტყვიანი უნდა ყოფილიყო. ქვის მონაპობზე დარჩენილია ექვსი ასო: ჯ ? გნდზ ასოები შესრულებულია ამოკოდვით, საკმაოდ წესიერად და მკვეთრად. ასოები როგორც თავის მოხაზულობით, ასევე ამოკვეთილობით ემსგავსებიან მესამე ქვის ასოებს. ეს განსაკუთრებით ემჩნევა ასოებს: ჯ, გ. დ. გარშემო დაყრილი ქვების ზედაპირულმა დათვალიერებამ სხვა წარწერიანი ქვები ვერ გამოავლინა, მაგრამ მათი არსებობა უთუოდ საგულეებელია. როგორც უკვე ითქვა, შინაარსეულად პირველი სამი წარწერა ერთგვარი ხასიათის არის - ეს სავედრებელი წარწერებია. სამთავეში გვხვდება რიგი ერთგვარი ქარაგმებისა, ასოთა კომპლექსების და გამოთქმებისა. მაგრამ სამივე ქვის წარწერების ტექნიკური შესრულება და ასოთა მოხაზულობა გარკვევით განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ეს გვაძლევს საფუძველს დავასკვნთ, რომ წარწერების შესრულება სხვადასხვა დროს ეკუთვნის (ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთ პატარა ადგილს, როგორც სოფ.ქალაქია, ერთდროულად მომსახურებოდა ქვაზე წერის რამდენიმე ოსტატი). თუმცა ერთმანეთზე დიდი პერიოდით დაშორებული არ უნდა იყვეს; ეს პერიოდი სავარაუდებელია პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნით მიახლოებით ერთნახევარი საუკუნის ფარგლებში. ეს სხვადასხვაობა უფრო მკვეთრად ვლინდება პირველსა და მესამე წარწერებს შორის, რადგანაც როგორც უფრო ვრცელნი. ისინი გვაწვდიან მეტ შესადარებელ მასალას. ტექნიკური სხვადასხვაობა წარწერების შესრულებაში მდგომარეობს იმაში რომ: პირველ ქვაზე წარწერა ზედაპირულია, თითქოს ნაკაწრ–ნაფხაჭნია, ასოთ სიღრმე 2-3 მმ არ აღემატება, ხოლო მესამე (და მეოთხე) ქვაზე ასოთა ხაზები ღრმად არის ამოკოდილი; ასოების ზომებს (სიდიდეს) პირველ წარწერაში დიდი ნაირობა ახასიათებს, მესამე, და მეოთხე წარწერაში წარმოდგენილი ასოები კი თითქმის ერთგვარი სიდიდისანი არიან; სტრიქონების ხაზები პირველ ქვაზე მეტად დაკლაკნილია, ხოლო მესამე და მეოთხე ქვაზე ეს ხაზები ბევრად უფრო სწორია. დასასრულ ყურადღებას იქცევს პირველ წარწერაში პირველი სტრიქონის დასაწყისში და შუაში ჯვრის გამოსახულებათა სიმრავლე (სამ-სამი). მათ აქვთ უთუოდ სიმბოლიურ-საკრამენტალური მნიშვნელობა. ასეთივე მნიშვნელობისა, შეიძლება იყოს პირველი სტრიქონის სულ პირველი ნიშანი Ⴤ. ეთნოგრაფი ვ.ბარდაველიძე ასეთ ნიშანში ხედავს ქართველების საღვთო სიმბოლოს—ხარის თავისმთავარი ნაწილების ხაზოვან განსახიერებას16. იბადება კითხვა: "ძილეს-ძუარ"–თან ქვაზე ამოჭრილი Ⴤ ნიშანი ქართველ მთიელთა ტრადიციებიდან ხომ არ მომდინარეობს? დანარჩენ წარწერებს არც ერთი ამ სიმბოლური ნიშანთაგანი, ჯვარი თუ კარი, არ გააჩნიათ. ამრიგად პირველი და მესამე წარწერა მრავალი ნიშნის მიხედვით თვალსაჩინოდ განირჩევიან ერთმანეთისაგან. ასევე ცალკედ ვაყენებთ ჩვენ მეორე წარწერას. არც შესრულების ტექნიკური მხარე, არც პალეოგრაფიული ნიშნები არ გვაძლევენ საფუძველს მივიჩნიოთ ის იმავე დროისად, იმავე ოსტატის შესრულებულად, რაც პირველი ან მესამე წარწერებია. რაც შეეხება მეოთხე წარწერას - ასოებს ქვის მონაპობზე, ეს წარწერა როგორც შესრულების ტექნიკური მხრით, ასევე პალეოგრაფიულად ახლო დგას მესამე წარწერასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარწერები მესამე და მეოთხე ქვაზე შეიძლება ერთი დროისანიც კი და ერთი ოსტატის შესრულებული იყვნენ. სოფ.ქალაქის ეპიგრაფიკული ძეგლების დათარიღებასთან დაკავშირებით ვ.თ.ბარნაველმა ასეთი დასკვნა მოგვცა: "ძეგლებისათვის დამახასიათებელია ႥႿႬႻ ასოების დაწერილობა... გვიანი საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მონახაზი აქვს Ⴟ ასოს, რომლის მარჯვენა ჯვარედინი ფეხი ზემოთკენ არის აზიდული კავის მსგავსად, რაც სრულიად უცნობია ადრეული და მოწიფული შუა საუკუნეებისათვის. ასევე გვიანი საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მოხაზულობისაა Ⴌ ასო თავხაზის ზუსტი, მოკლედ მარჯვნივ გაზიდული, ნახევარწრიულად მორკალული თავხაზით... განსაკუთრებით საყურადღებოა o ასოს დაწერილობა. იგი წარმოადგენს გადაბრუნებულ მხედრულ „ი“ ასოს o, ან უბრალოდ ზევითკენ გახსნილ კუთხის ხაზებს. „ი“ ასოს ასეთი დაწერილობა არ გვხვდება მოწიფულ შუა საუკუნეებში, არ გვხვდება იგი არც XIV-XV საუკუნეებში მისი გამოჩენა გარჩეულ წარწერებში მოწმობს ამ წარწერების შესრულებას უფრო გვიანდელ ხანაში, სახელდობრ, არა უადრეს XVI საუკუნისა, უფრო კი XVI ს. დამლევს ან XVII ს. ფარგლებში“. თ.ვ.ბარნაველის ამ დასკვნასთან დაკავშირებით ჩვენ შემდეგს შევნიშნავთ. ისტორიული კონტექსტი არ გამორიცხავს XVI ს. ჟღელეს ხეობაში ქართულ ქრისტიანული მრწამსით აღბეჭდილი ეპიგრაფიული ძეგლების შექმნის შესაძლებლობას, მაგრამ უფრო მართებულად მიგვაჩნია პალეოგრაფიული ნიშნების შესაბამისად, რომ ხსენებული წარწერები დიფერენცირებულად დათარიღდეს. ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეული უნდა იყოს ჩვენი შეხედულებით მესამე და მეოთხე ქვა, შემდეგ მეორე ქვა და ყველაზე გვიანდელად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პირველი ქვა. 1962 წლის მივლინების დროს ჩვენ ვნახეთ ძილეს ძუარ“ სალოცავის ნიშში კიდევ ერთი წარწერიანი ქვა. მკვიდრ მოსახლეებს ის შემთხვევით აღმოეჩინათ ამავე წლის გაზაფხულზე მახლობელ ქვათა გროვაში. წარწერა შესრულებულია ამოკოდვით უსწორმასწორო ფორმის და მომცრო ზომის ფილის გვერდზე. ფილის ნატეხის ზომებია: სიგრძე - 48 სმ, სიგანე - 20 სმ: სისქე - შუაში 7 სმ; ხოლო ნაპირებზე 3,5–4 სმ. თვით წარწერის სიგრძე არის 45 სმ, ხოლო ასოების სიმაღლე - 3–3,5 სმ. წარწერა შედგება 18 ასოსაგან (ტაბ.IV, სურ.2): ბ||ეშ?აშრმვნტსთ:ქთნტშ ასოები წესიერად და მკვეთრად არის ამოჭრილი; წარწერას ეტყობა დაოსტატებული ხელი. თავის შესრულების ტექნიკით და ხარისხით, ეს წარწერა ახლო დგას მესამე და მეოთხე წარწერებთან. ასოთა დიდი უმეტესობა ასომთავრულია, ორიოდე არის ნუსხური. როგორც ითქვა ფილა მთელი არ არის და ნატეხს წარმოადგენს; ამის გამო წარწერაც არ არის სრული სახით შემორჩენილი. წარწერა ჯერ წაკითხული არა გვაქვს და ამიტომ რაიმე ინტერპრეტაციებისაგან თავს ვიკავებთ. ეპიგრაფიკულ ძეგლებს გარდა, მოსახსენებელია კიდევ „ძილეს-ძუარ“ სალოცვის ნიშში შენახული ტუფიდან უხეშად გამოკვეთილი ცხოველთა თავების ორი ცალი. ერთი თავი მიაგავს ცხვრის თავს, მეორე კი თითქოს ცხენის თავი უნდა იყოს. ქვის ჯიში და ნახელავი ადგილობრივი უნდა იყოს. ამ სალოცავიდან პირდაპირი ხაზით ასიოდე მეტრის მანძილზ მეზობელ მთის ფერდობზე სასაფლაოა, სადაც აღმართულია ასეთივე ტუფის ქვიდან ნაკეთები მრავალი დიდი ზომის ჯვარი, ხოლო ნახელავის (ცხვრის და ცხენის თავების) მეტისმეტი პრიმიტიულობა წარმოუდგენელს ხდის, რომ ის შემოზიდვის საგანი ყოფილიყო. საგულისხმო ანალოგიებს წარმოადგენს მთიულეთ - გუდამაყრის სალოცავები, სადაც ასევე გვხვდება ცხვრის სკულპტურული გამოსახულებანი17. უეჭველია, რომ ჟღელეს ხეობაშიც სოფ.ქალაქში ნახული სკულპტურული გამოსახულებანი დაკავშირებული უნდა იყვნენ წარმართულ სარწმუნეოების ტრადიციებთან. ამ კუთხეში მკვიდრობენ სხვა ისეთი ფაქტებიც, რომელთა უშუალოდ ქართული წარმართული ტრადიციებიდან წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. სახელდობრ: სოფ.ქალაქის ცოტა ზევით, ამავე ხეობაში და სოფ.ჟღელეს (ოსურად - Згъил, რუსულად Згил) გადასწვრივ მთაზე არის სალოცავი, წოდებული ”სანთხოს (var.სანთხოს) კუვანდონ“. ამ სალოცავთან, სათანადო რიტუალის შესრულებით, ამჟამადაც იხდიან დღეობას. დღეობა აქ იმართება თიბვის დაწყების წინ და დაკავშირებულია სწორედ თიბვასთან (1958 წ. ჩემს აქ ყოფნისას დღეობა გაიმართა ივლისის 27–ს, კვირა დღეს). კუვანდონ - ოსური სიტყვაა და ნიშნავს სალოცავს, სამლოცველოს; ხოლო სანთხოს (var.სანხთოს - ქართულ საღმრთოსაგან უნდა მოდიოდეს (ქართული მ-ს ოსურში ხშირად ნ შეენაცვლება). მაშასადამე, "სანთხოს კუვანდონ" იგივეა, რაც „სამღვთოს სალოცავი“. "სანთხოს" აქ საკუთარ სახელის ფუნქციაშია. ნიშნეულია, რომ მთიულეთ - გუდამაყარშიც დამოწმებულია წარმართული ხასიათის დღეობის „თიბვის სამღთოს“ არსებობა და საერთოდ "სამღვთოს" ხმარება როგორც წარმართული ღვთაების საკუთარი სახელისა18. ამრიგად ჟღელეს ხეობაში და, მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხეობებში დამოწმებულ „სამღთო"–ში, ჩვენ ვხედავთ სრულ დამთხვევას როგორც ფუნქციონალურს, ასევე ტერმინოლოგიურს. ერთდროულად ფუნქციონალური და ტერმინოლოგიური დამთხვევის სხვა ფაქტიც არსებობს. ჩვენ ვგულისხმობთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა თემურ-წარმართული რელიგიის ტრადიციებიდან კარგად ცნობილს და ოსურ ენაშიც დამოწმებულ კულტის მსახურის სახელწოდებას - "დეკანოზი".
"Dekanoz" - служитель культа, состоящий при дзуаре (святилище) жрец. Из груз. dekanozi... у горцев (мохевцев, пшавов, хевсур) человек состоящий при святилище19."
ამრიგად, ტერმინები „საღვთო“ და "დეკანოზი“ წარმოადგენენ ქრისტიანობის და წარმართობის ერთგვარი სინკრეტიზმის ფაქტებს, რომლებიც თანაბრად გავრცელებული ყოფილან დვალეთსა და ხევი-მთიულეთ-გუდამაყარში. ეს ფაქტები მოწმობენ დვალეთში ქართული წარმართულ-მთიური ტრადიციების ოდინდელ გავრცელებულობას. სალოცავ „ძილეს-ძუართან“ დაკავშირებით მოხსენებული სიძველეები - (ეპიგრაფიკა, ნაქანდაკარი, ტერმინები) ცხადლივ მოწმობენ შემდეგს: 1) რომ "ძილეს–ძუარ" სალოცავის ადგილას მოგვიანო (XV-XVII) საუკუნეებში არსებობდა ქართული ქრისტიანული საკულტო ნაგებობა; 2) რომ ამ ეკლესიას ეწოდებოდა „ძლევის ჯვარი“; 3) რომ სალოცავის სახელი „ძილეს-ძუარ“ მიიჩნევა "ძლევის ჯვარი“-სგან წარმოშობილად; 4) რომ ეკლესია მოქმედებდა თუ მეტი არა ერთნახევარ საუკუნეს მაინც; 5) რომ ამ მიდამოში ქრისტიანობა ადრე უფრო დახვეწილი იყო, ხოლო გვიანწარმართული ელემენტები შეერია; 6) რომ ქართული კვალი ჟღელეს ხეობაში ვლინდება არა მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით, არამედ, და რაც უფრო საგულისხმოა, წარმართულ - თემურ რწმენებთან დაკავშირებულ ფაქტებშიც. აქ იჭრება საკითხი ქართველ მთიელთა და ოსების ხალხური წეს–რწმენათა ურთიერთ დამოკიდებულებაზე; მაგრამ ეს საკითხი მოითხოვს სპეციალურ და ვრცელ კვლევას, რაც ამ წერილის ამოცანად არ დაგვიხახავს.
В.ГАМРЕКЕЛИ
ИСТОРИЧЕСКИЕ МАТЕРИАЛЫ ИЗ ДВАЛЕТИ
В статье представлены некоторые исторические материалы происходящие из Мамисонского (Жгельского) ущелья. В частности, представлены эпиграфические памятники из сел. Калаки; дается чтение этих надписей и сделана попытка их датировки XVI-XVII веком. Надпись из сел. Камсхо увязывается с некоторыми данными о фамилии Моуравашвили. В работе представлен и лексический материал: название «Дзилесы дзуар» производится от грузинского названия церкви «Дзлевис-джвари»; «Санхтос кувандон» от грузинского «сагвто» и др. В целом публикуемый материал служит свидетельством наличия в прошлом грузинских элементов в Мамисонском ущельи.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. შ.ძიძიგური, ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან, თბ., 1954, გვ. 251; და ვ.კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, ქუთ., 1934, გვ.81.
2. ამაზე იხ. В.Гамрекели - Двалы и Двалетия в I-XV ВВю, Тбилиси, 1961.
3. В.Пфафф, Путешествие по ущельям Сев. Осетии, ССОК, т.I, Тиф., 1871, 63-144
4. მისივე, Описание путешествия в Южную Осетию, Рачу, Большую Кабарду и Дигорию ССОК. т.II, Тифлис, 1872, გვ.163.
5. Б.Б.Бигулае в, История Осетинского письма, Автореферат..., Дзау-джикау (Орджоникидзе), 1950, გვ.6 და 9.
6. მისივე Краткая история осетинского письма, Дз., 1952, გვ.12—13; იხ.აგრეთვე გვ.15-16
7. იქვე
8. ვ.დოლიძე, თლის ხუროთმოძღვრული ძეგლი - “საქართველოსა და დვალეთის კულტურული ურთიერთობის ახალი საბუთი, სსსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ.XXI, №6, 1958.
9. მართლაც როდესაც მე გზად სოფ.ლისრიზე მოვდიოდი, მკვიდრთა გამოკითხვიდან გაგებული მქონდა, რომ იქ ამჟამად სხვა გვართან ერთად მოსახლეობს მუგრავოვ გვარის ოჯახებიც ოსური ფონეტიკის თავისებურების (ო—>უ) გათვალისწინებით, მაშინვე იგრძნობა ამ გვარის სახელში ფუძე „მოურავ“.
10. Акты Кавк. Археолог. Ком ტ.VI, ნაწ.I, გვ.688
11. იხ. თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.II, თბ., 1897; ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1950; ვახუშტი, ქართლის ცხოვრება, დ.ჩუბინოვის გამოც., (პბ, 1854); T.A.Güldenstädt’s, Reisen nach Georgien und Imerethi. herausgege - ben. von julius von Klaproth. Berlin, 1815.
12. აზრის დასაზუსტებლად დავუმატებთ: აქაურ მოურავში ჩვენ ვიგულებთ არა მთელი დვალეთის მოურავს, არამედ უფრო პატარა მოხელეს—ჟღელეს ხეობის მოურავს.
13. დ.გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალ. ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955, გვ.79.
14. T.A.Güldenstädt’ დასახ. ”შრომა. გვ.140.
15. ჩვენი თხოვნით მანვე შეასრულა აქ წარმოდგენილი სამი ეპიგრაფიკული ძეგლის ასოთა მონახაზები, ფოტოსურათები და ადგილზე (სოფ.ქალაქში) გაკეთებული ჩანახატების საფუძველზე გაწეულ დახმარებისათვის და მოცემულ დასკვნისათვის პატივცემულ თ.ბარნაველს უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.
16. В.Бардавелидзе, Главное божество древнегрузинского пантеона Гмерти, см.сборн. „Вопросы этнографии Кавказа", Тб., 1952, გვ.318
17. В.Бардавелидзе, დასახ. შრომა, გვ.304.
18. იქვე გვ.305
19. А.Абаев, Историко-этимологический словарь осетинского языка, т.I, М—Л., 1958, გვ.362; იხ.აგრეთვე Вс.Ф.Миллер, Осетинско-русско-немецкий словарь, т.I, Л., 1927, გვ.494.
|