topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დვალები

<უკან დაბრუნება...<<<ქართველური და კავკასიური ტომები//ქართველთა ეთნოგენეზი>>>



გამრეკელი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.490, თბ., 1978 წელი.

დვალები - იბერიულ-კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში (პლინიუს უფროსი, პტოლემე) პირველად მოხსენიებული არიან ახ. წ. I-II საუკუნეებში თალის, ვალის, უალის სახელწოდებებით. სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში — დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის — ისტორიულ დვალეთში. მეცნიერები დვალურ ენას აკავშირებენ (ინგუშურ-ჩაჩნურ) და ქართველურ (ზანურ) ენებთან. დვალები ადრინდელი შუა საუკუნეებამდე მოექცნენ ერთიან ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ გარემოში. VI საუკუნიდან დვალებში ქართველი მისიონერები ქრისტიანობას ავრცელებდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში მონღოლთა შემოსევების (XII ს.) შედეგად კავკასიონის მთიან ზოლში დაიწყო მიგრაციის პროცესი; დვალეთში სახლდებოდა ოსური მოსახლეობა, დვალები კი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადმოდიოდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის დვალების ასიმილაციის პროცესი დასრულდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეერწყა ქართლის, რაჭისა და იმერეთის მოსახლეობას, დვალეთში დარჩენილი ნაწილი კი - ოს მოახალშენეებს.


დვალეთი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.490, თბ., 1978 წელი.

დვალეთი, თუალეთი (ოს. Туалгом) - ისტორიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს დვალეთის ხევები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსი მაღრანდვალეთი. ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV - ძვ. წ. III სს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო — „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (იხ. სტატია დვალები) კი, თავის მხრივ, მასობრივად გადმოდიოდა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII ს. დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა - კასრის-კარმა და ხილაკამ; ზროგოსა და მამისონის ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვ.

წყარო:

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, თბ., 1973.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, მის წიგნ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (მე-13-14 სს.), თბ., 1962.

Гамрекели В.Н. - Двалы и Двалетия в I-XV ВВ. Н. Э,Тбилиси, 1961;

Техов Б.В. Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971

*********************

როლანდ თოფჩიშვილი

ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ - ეთნოგრაფიული მხარეები

დვალეთი - დვალები

http://www.amsi.ge/istoria/div/ToFCiSvili_saqarT.html

ქართლის მთიანეთს ეკუთვნოდა ისტორიული დვალეთი, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთაა. დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ცარიზმმა დვალეთი ქართლ-კახეთთან ერთად შეიერთა; თბილისის გუბერნიას ის 1859 წელს ჩამოაჭრა და თერგის ოლქს გადასცა. დვალეთი კავკასიონის ორ მთავარსა და პირიქითელ ქედებს შორის არის მოქცეული. ჩრდილოეთით მდებარე ქედი, ე.ი. პირიქითელი სამხრეთისაზე, ე.ი. წყალგამყოფ ქედზე (დვალთგორა) უფრო მაღალია. დვალეთი, როგორც საქართველოს მონაპირე მხარე, დანარჩენ საქართველოსთან გეოგრაფიულად და ორგანულად იყო დაკავშირებული თერთმეტი გადასასვლელით. ასე რომ, მიმოსვლა დვალეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის (შიდა ქართლისა და რაჭის გავლით) ზამთარშიც არ წყდებოდა. შიდა ქართლიდან დვალთგორაზე მთავარი გადასასვლელი იყო "ზეკარა." ჩრდილოეთ კავკასიასთან კი დვალეთი ერთი გადასასვლელით-კასრის კარით იყო დაკავშირებული, რომელიც მხოლოდ ზაფხულში (სამი-ოთხი თვე) ფუნქციონირებდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან კასრის კარით შემოსასვლელ გზას ქართულ წყაროებში - "გზა დვალეთისა" ეწოდებოდა. დვალეთი ექვსი ხეობის (თემის) - კასრის ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა-ერთობლიობას წარმოადგენდა. დღევანდელი ნომენკლატურით დვალეთი მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის მდინარეების: არდონის, ფიაგდონის და გიზელდონის აუზების ზემო წელს. შეცდომით დვალეთს მიათვლიან მდ. თერგის სათავეს - თრუსოს და მდ. დიდი ლიახვის სათავეს-მაღრან-დვალეთს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ამ ორ, მცირე გეოგრაფიულ ერთეულში ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მოხდა დვალთა მიგრაცია. თრუსო ისტორიული წანარეთის ერთი ნაწილია. შიდა ქართლის მთიანეთის სხვა ხეობების მსგავსად, დვალეთშიც ქრისტიანობა ადრიდანვე გავრცელდა (VI ს.). დვალეთი შედიოდა ნიქოზის ეპარქიაში (სამწყსოში). საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს.) ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში ჩაკეტილმა ოსებმა დვალეთზე ხშირი თავდასხმების, ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართული მოსახლეობა-დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვა მხარეებში გადასახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია დვალეთში ძირითადად XVI ს-ში განხორციელდა და ადგილზე დარჩენილი დვალური მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკურ სამყაროში გაოსდა. ასიმილაციის ეს პროცესი XVII-XVIII სს. მიჯნაზე ძირითადად დასრულდა. ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ (XV ს. II ნახევარი) დვალეთი ქართლის სამეფოში შედიოდა. დვალეთს, ჩვეულებრივ, როგორც სამეფო ქვეყანას, სამეფო კარის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდნენ. მაგალითად, XVII ს. დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურაობასთან ათავსებდა. მოგვიანებით დვალეთის ზოგიერთი ხევი რაჭის ერისთავთა გამგებლობაში გადასულა. XVIII ს. ბოლოს, მხოლოდ ზახა და ნარა იყო ქართლ-კახეთის მეფეთა გამგებლობაში. მაღლა დვალეთი, ჟღელე (იოანე ბაგრატიონის მიხედვით - "ჟღერე"), ლესრე, თებე, ლეთა, კასარა და სხვა წვრილი სოფლები რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდა. დვალეთში ოსთა დასახლკარების შემდეგ, ჩანს, ოსები ხანდახან ქართლის სამეფო კარის მორჩილებაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ ქართველი მეფეები მაინც ახერხებდნენ თავიანთ გამგებლობაში ყოლას. მაგალითად, დვალეთში განსახლებული ოსების წინააღმდეგ ძალა გამოუყენებია მეფე ვახტანგ VI-ეს. მან 1711 წელს ჯარით შემოიარა ეს კუთხე: "ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ჟღელის ხევი და გადმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდან ქართლს გამარჯვებული" (ვახუშტი). ოს ისტორიკოსებს აქვთ ტენდენცია და სურვილი დვალეთად მიიჩნიონ საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის უკიდურეს სათავეში, არსებობდა მაღრან-დვალეთის თემი, რომელიც ცხრა მთური სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა და რომელიც წარმოიქმნა გვიან, X-XI სს. დვალეთიდან დვალთა გადმოსახლების შედეგად. დვალეთიდან გამოსულ მოღვაწეთაგან ცნობილი არიან XI ს-ის სასულიერო მოღვაწენი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. დვალეთში, თავის დროზე ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგანაც მცირე რაოდენობამ მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო "კლდისაგან და ქვიტკირით ქმნილი, რათა არა ვიდოდნენ თგნიერ მთასა ოვსნი." ზრამაგაში იყო "ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყგან აღშენებულს თამარ მეფისაგან და დაბა კოშკოვანი" (ვახუშტი). ვახუშტი ბაგრატიონი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. მთლიანად დვალეთი კი თავის დროზე, ისევე როგორც საქართველოს მთიანეთის სხვა მხარეები, კოშკებით იყო დაფარული. ქართველი მთიელები-დვალები სპორადულად იყვნენ განსახლებულნი დიდი ლიახვის მთის რამდენიმე სოფელსა და თრუსოში (მდ. თერგის სათავე, ისტორიული წანარეთის ნაწილი). ოსთა მოწოლის შედეგად დვალები განსახლდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (რაჭა, ზემო იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე), სადაც მტერთა ხშირი თავდასხმების გამო, ბევრი ნასოფლარი იყო. დვალები პირველად ანტიკურ წყაროებში ახ.წ. I და II სს-ში არიან მოხსენიებული (პლინიუს უფროსი, პტოლემე) თალის, ვალის, უალის სახელწოდებით. ქართულ წყაროებში დვალებით დასახლებული ქვეყანა დვალეთი პირველად ნახსენებია III ს-ის შუა ხანებში მეფე ამაზასპის დროს. მეცნიერებაში დვალთა ეთნიკური წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობდა. ქართული წყაროებით ისინი ჩვეულებრივ ქართველი მთიელები იყვნენ, ისევე როგორიც ფხოველები, თუშები, წანარები, გუდამაყრელები, ხადელები, ცხავატელები, ჭართლელები, ცხრაზმელები... ოღონდ შენარჩუნებული ჰქონდათ მთიანეთისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი (სოციალური, რელიგიური) თავისთავადობა. ოსი მეცნიერები (ვ.აბაევისა და გ.თოგოშვილის გამოკლებით) დვალებს უსაფუძვლოდ ირანულენოვან ტომად მიიჩნევენ. ნ.ვოლკოვას, დვალები ერთ-ერთ იბერიულ-კავკასიურ ტომად წარმოედგინა. დვალების შესახებ ფუნდამეტურ გამოკვლევაში ვ.გამრეკელმა ისინი ნახურ სამყაროს დაუკავშირა, რომლებიც ადრეფეოდალური ეპიქიდანვე გაქართებული იყვნენ. თუმცა შემდგომი კვლევა-ძიებით მან თავისი შეხედულება უარყო და ქსე-ში დვალთა ენა ქართველურ (ზანურ) ენას დაუკავშირა. მეცნიერებაში არის შეხედულება დვალების სვანურობის შესახებაც. უკანასკნელი გამოკვლევებით, დვალები ზანებსა და სვანებს შორის მდგომნი ერთ - ერთი ქართველური ტომი იყო. ისინი ერთ - ერთ (აწ გადაშენებულ) ქართველურ ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელსაც ყველაზე მეტი საერთო ზანურ მეტყველებასთან ჰქონდა. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე დვალები აქტიური მონაწილენი იყვნენ საერთო ქართული კულტურის შექმნისა და მათ ისეთივე წვლილი შეიტანეს საერთო ქართულ კულტურაში, როგორც საქართველოს სხვა მხარეების წარმომადგენლებმა. დვალეთში ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს XV ს. დასაწყისის სახარებაზე მინაწერი. ერთ-ერთი დვალი, გვარად ფარუხული, ხელთ იგდებს რა აღნიშულ სახარებას, მას გასაყიდად დედამისს უგზავნის დვალეთში. მინაწერიდან ჩანს, რომ დვალეთში დიდი მოთხოვნილება იყო ქართულ სახარებაზე, რომ აქ ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა (თოფჩიშვილი, 1999). დვალეთში გვარსახელები ძირითადად საქართველოს მთიანეთის მოსახლეობისათვის დამასახიათებელი - ურ სუფიქსით იწარმოებოდა. დვალების ვაინახობასა და ოსობას გამორიცხავს აგრეთვე დვალეთში მიწისზედა დასაკრძალავი ნაგებობების (აკლდამების) არარსებობა. ცნობილია, რომ ოსები, ჩეჩნები და ინგუშები ასეთ ნაგებობებში იკრძალებოდნენ (თოფჩიშვილი, 2001). დვალების მსგავსად ასევე აღარ არსებობს თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, რომლებიც თრიალეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეგიონში მკვიდრობდნენ. თრიალეთი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით წალკის რაიონია. თრიალეთი სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ჯავახეთს ესაზღვრება, ჩრდილოეთით-თორსა და შიდა ქართლს, აღმოსავლეთითა და სამხრეთით - ქვემო ქართლს. თრიალეთის ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერს შეაკვდა, ნაწილი კი აქედან აიყარა. თრიალეთი პირველად ნახსენები აქვს ისტორიკოსს ჯუანშერს მეფე არჩილის დროს. ის მოხსენიებულია 1073 წ. სიგელში, 1123-1124 წწ. მეფე დავით აღმაშენებლის ანდერძში (ქისკ. გვ.46, 48, 56).

ალექსანდრე ახატნელი -

კავკასიონთა ეთნოგენეზი

"დვალები"

(მოკლე მიმოხილვა)

თბილისი

2013, გვ.76-79

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/17341/1/Kavkasionta_Etnogenezi.pdf

მკვლევართა შორის დვალების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ აზრთა ერთობა არაა. ერთნი მიიჩნევენ, რომ დვალები წარმოშობით, ყოფით, დღევანდელი ეროვნული კუთვნილებით, ოსებია. დადასტურებულად მიაჩნიათ ასეთი დებულება რუსი და საკუთრივ ოსი მკვლევარების დიდ ნაწილს. მეორეთა აზრით დვალები ქართულ ეთნოსთან უნდა იყოს ორგანულად დაკავშირებული. მესამენი (ლეონტი მროველი, ვახუშტი ბატონიშვილი და სხვ.), დვალებს კავკასოსის უძველეს ტომთა გაერთიანებას მიაკუთვნებენ. დვალების ტომის ისტორია მწირ ცნობებს შეიცავს, მაგრამ საკმარისს, რათა ითქვს, რომ მათი წარსული კავკასის ტომთა გაერთიანების გარდა სხვას არავის უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში არ არსებობს წყარო, რომელიც მათ ოსური (ალანურ) ეთნიკურ წარმომავლობაზე მითითების შემცველი იქნებოდა. ეს ბუნებრივია, რადგან კავკასიანების ამ გეოგრაფიულ არეალში დამკვიდრება ძვ.წ. ა. მესამე ათასწლეულს განეკუთვნება, ოვსებისა კი ძვ.წ.ა. IV საუკუნეს. საწინააღმდეგოს მტკიცებულებად რამდენად გამოსადეგია ვახუშტი ბატონიშვილის აზრი ოსების სახელწოდების წარმომავლობაზე, ჯერ კიდევ დასადგენია. აი, რას ბრძანებს იგი: "ქუეყანა ესე, რომელსა აღვსწერთ, წილხდომილ არს კავკასისა, ძისა თარგამოსისა" (ქართლის ცხოვრება. ტ.IV. თბ, 1973, გვ.632). აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს: "ხოლო კავკასოს დაიპყრნა ქუეყანა ლეკანის საზღვრიდამ, ვიდრე პონტოს ზღუამდე, კავკასის მთის ჩრდილოთი ველითურთ, და ამისგან ეწოდა მთასა კავკას და ველსა ოსი" (იქვე, გვ.632). რამდენად მისაღებია ასეთი მარტივი (უფრო პრიმიტიული) ახსნა, დასაფიქრებელია. ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ ავტორი არა მხოლოდ დვალებს მიიჩნევს კავკასოსის მოდგმად, არამედ ოსებსაც. ამით გარკვეულად ეხმიანება ოსთა (ჰირ, ჰირისტინ, ირისტინების) ჰერ-კავკასის მოდგმის ტომების შერევის შედეგად ჩამოყალიბების ვერსიას. ამ ვერსიას არა მხოლოდ არსებობის უფლება აქვს, არამედ ობიექტურ მკვლევართა ყურადღებასაც საჭიროებს. ვახუშტი ბატონიშვილი კი ასეთ ახსნას იძლევა: შემოსეულმა მტერმა, (საფიქრალია, რომ მხედველობაში სავრომატების სირაკებისა და აორსების ტომები იგულისხმება) დაარბია არა მხოლოდ კავკასიონის ჩრდილოეთი, არამედ სამხრეთიც. ამ წყაროს მიხედვით "ურბანოსმა", სადაო არაა, მხედველობაშია ლეონტი მროვლეის "უობისი", ტყვე ქართლ-სომხითარნი დაასახლა კავკასის ტომთაგან წართმეულ ბარის ადგილებში და თავის სამფლობელოს "უწოდა ოვსეთი" (იქვე, გვ.632). ასევე, დაპყრობილი მხარის მთიან ნაწილს "უწოდა დუალეთი", რას მის მშობლიურ ენაზე ნიშნავდა "ორი წელიწადი". წყაროში ნათქვამია: "...ხოლო არაგს დასავლით, რომელ არს მდინარე ლომეკი და აწ თერგი, რომელი დის ხევიდამ კავკასთა შინათა, უწოდა დუალეთი" (იქვე, გვ.633). რამდენად დასაბუთებული და სარწმუნოა ოვსეთისა და დვალუთის ისტორიის ასეთი გადმოცემა ისეთივე დამაფიქრებელია, როგორც გამოყენებული წყაროების რაობა. ვახუშტი ბატონიშვილი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ დვალეთი არ შედიოდა ოვსეთის შემადგენლობაში, საკუთრივ ოვსეთი კი ოსებთან (ან აორსებთან) ერთად ქართულ მოსახლეობასაც შეიცავდა. აი, როგორ ახასიათებს იგი შექმნილ ვითარებას: "ხოლო შემდგომად ფარნაოზის გამეფებისა, დარჩა ფარნაოზს ძურძუკეთი და დუალეთი, და სხვანი ხევნი იგი დაშთნენ მეფეთა ოსთასა და იწოდნენ ხევნი იგინი ოვსეთად, შემოსახლებითა და დამონებითა მათითა მათგანვე". (იქვე, გვ.633). რა დასკვნა გამომდინარეობს ნათქვამებიდან თუ არა ის, რომ 1.სავრომატებისაგან ოტებულნი კავკასიანნი (დურძუკები, დვალები), მონათესავე ქართთა ტომის (სამეფოს) გავლენის ქვეშ მოექცნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მის ფუნქციონირებაში; 2.საკუთრივ ოვსეთი არ იყო მხოლოდ სავრომატებით (აორსებით და არა ალანებით დასახლებული, რადგან უკანასკნელნი მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩნდებიან ჩრდილოეთ კავკასიონში) დასახლებული. აქ სავარაუდოა, რომ კავკასიანების ნაწილი დარჩა მონების თუ სხვათა ფორმით და რაც არსებითია ჩასახლებულ ტყვეთა რაოდენობა უკვე შერეულ მოსახლეობას ქმნიდა. ამასთან, რამდენადაც საყოფაცხოვრებო-სამეურნეო და ზოგადი კულტურის დონე შედრებით დაბალი იყო, დაპყრობილთა უკუზემოქმედება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა შემდგომი განვითარების პროცესებში. დასტურად ნათქვამისა, მივმართოთ კვლავ ბატონიშვილს. მის მიერ მოცემული სურათი ასეთია: "არამედ დუალეთიცა განიყოფის ხევ-ხევებად და იწოდების ხევნი ესრეთ: კასრის ხევად, ზრამაგად, ჟღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად. ხოლო რომელნი დაშთნენ მეფეთა ოვსთა, სახელნი მათნი არიან ესენი: ჩიმი, თაგაური, ქურთაული, ვალაგირი, ფაიქომი, დიგორი და ბასიანი, და სახელნი ესენი ეწოდნენ ანუ დაბებთაგან, გარნა უმეტეს შემოსულთა ოსთაგან." (იქვე, გვ.633). ამ შემთხევაში საყურადღებოა არა საკუთრივ ოვსეთის "ხევთა" ქართული წარმომავლობა, ბასიანი, ქურთაული, თაგაური და ა.შ საკმარისი იქნებოდა გახსენება იმისა, რომ კავკსიონის სამხრეთში არის დიდგორი, იქით კი დიგორი. საყურადღებოა დვალეთის ხეობათა სახელწოდებანი. რომელი არაა ქართული ტოპონიმი? არსს ვერ შეცვლის ის, რომ დვალეთში ხევს ეწოდება ზახა, ხოლო არაგვს ხეობაში ზემო თუ ქვემო ჯახა. ის ფაქტი, რომ დვალეთი ძვ.წ.ა. IV საუკუნიდან მოკიდებული ქართს, იბერიის სამეფოს, ქართლის სამეფოს ,სამთავროს, შემდეგ საქართველოს სამეფოს დაუკავშირდა და გარკვეულწილად გაქართველდა არ ნიშნავს დვალთა გადაშენება-გადაგვარებს. უფრო მეტი, XVIII ს. დვალები, ბატონიშვილის დახასიათებით "კუალად არიან, ვითარცა… უწიგნონი, უცოდინარნი. ენა აქუთ ძუელი, დუალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად..." (იქვე. გვ.639). ნიშანდობლივია, რომ დვალებმა ბოლომდე შეინარჩუნენ ენა "დუალური", იმის მიუხედავად, რომ ფართედ ვრცელდებოდა ოსური მეტყველება. ეს კი საკუთრივ ოსების ისტორიული ბედუკუღმართობის შედეგი იყო, რადგან ოსეთის სამეფო - სამოსახლო დაკავებული იქნა ადიღეური წარმომავლობის ყაბარდოელთა მიერ და ისტორიულ ოსეთს ეწოდა ყაბარდო, ხოლო საცხოვრისიდან აყრილმა ოსებმა მთის ხეობებს მიაშურეს, მეზობელი დვალები და ქართველებიც შეავიწროეს და პრაქტიკულად ოსეთი ახალ საზღვრებში მოაქციეს. ამ ცვლილებებს იმ დრონის მკვლევარი ასე გადმოსცემს: "ხოლო შემდგომად მოოხრებისა ოვსეთისა და შემოსვლისა მათისა კავკსიას შინა, იწოდნენ: ოვსეთი ჩერქეზად ანუ ყაბარდად, და კავკასიასა შინა მყოფნი, მათ შემოსულთაგან ოვსეთად, რამეთუ აწცა გუარიანთა მათ უწოდებენ ოსად, ხოლო სხუათა უგურაოთა-კუალად დუალადვე~ (იქვე, გვ.634).ფარნავაზიდან მოყოლებული დვალეთი მტკიცედ დაუკავშირდა ქართლს და როგორც მისი მთიანი მხარე აქტიურად მონაწილეობდა სამეფო-ქვეყნის ცხოვრებაში. ამავე დროს დვალები ავტონომიას ინარჩუნებდნენ კულტურულ - სამეურნეო ცხოვრებაში. მეორე მხრივ, დვალები ციხე-სიმაგრეთა სისტემით იყვნენ გამოყოფილნი ოვსეთის ქვეყანას და საქართველოს ჩრდილოეთის მოთარეშეთაგან იცავდნენ. წყარო გვეუბნება, რომ აქ "...ძუელად არიან ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი, მეფეთაგან ნაშენნი და უმეტეს იტყვიან თვით იგინივე, თამარ მეფისაგანა" (იქვე გვ.640). მხოლოდ ინტერესისათვის: ცნობილია, რომ გიორგი სააკაძე, ქართლის მოურავად დანიშვნისთანავე, გადავიდა დვალეთს და ოსეთისაგან გამყოფი ციხე - კოშკების გამაგრება დაიწყო. აი საილუსტრაციოდ: "ხოლო კასრის კარი არს ქუემი ზრამაგას ქუეთ, სად მივიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა, და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა. და არს აქ კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი, მდინარესა ზედა ...რათა არა ვიდოდნენ თვინიერ მათსა ოვსნი". (იქვე. გვ.645). "ხოლო კასრის ხევის დასავლეთი არს დიგორი" (იქვე. გვ.649). ამ მცირე მიმოხილვის მიზანია იმის დადასტურება, რომ დვალები ეთნიკური წარმომავლობით თარგამოსიანელებია, მაგრამ არც ძირძველ ქართებს არ განეკუთვნებიან და მით უფრო არაფერი აქვთ საერთო ოსებთან. და კიდევ ერთი: ძვ.წ.ა. IV ს. მოყოლებული დვალები საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებოდნენ, მაგრამ ჰქონდათ იმხელა ავტონომია, რომ XVIII საუკუნეშიც საკუთარ ენას ინარჩუნებდნენ. კიდევ ერთი საყურადღებო ცნობა: ბატონიშვილი ამბობს, რომ უწიგნო, უცოდინარი დვალები სალაპარაკო ენად უკვე ოვსურს მიიჩნევენ განსხვავებით ჩრდილოეთის ოვსებისაგან "...ვინაითგან ჩერქესთა ენა სხუა არს" (იქვე, გვ.639). ვინ არიან ეს ოვსად წოდებულნი დვალები? "ხოლო ესე ოვსნი განიყოფების ესოდენ გუარად: სიდამონად, ჭახილიძედ, თაგაურად, ქურთაულად, ბადელიძედ, ჩერქესიძედ, ბასიანად..." (იქვე. გვ.639). ავად თუ კარგად დვალეთი ავტონომიურ ერთეულს წარმოადენდა კავკასიაში რუსეთის იმპერიის შემოსვლამდე. შემდეგ მისი ბედი ისევე რადიკალურად შეიცვალა, როგორც სხვა კავკასიონელებისა. რამდენჯერმე შეცვალეს საქართველოს ადმინისტაციულ ტერიტორიული დაყოფის სქემა. ბოლოს, არა ისტორიული კუთვნილების გამო, არამედ რუსთა ძირითადი სამხედრო ბაზიდან (ვლადიკავკაზი) სიახლოვის გამო, დვალეთი ჩამოაშორეს თბილისის გუბერნიას და ვლადიკავკაზის მმართველობაში გადასცეს. ეს მოხდა 1858 წელს. ასე დაიკარგა დვალეთის მეობა და გაწყდა კავშირი საქართველოსთან. დვალები გაიყვნენ, გაიფანტნენ ოსებსა და ქართველებს შორის. ესაა სინამდვილე. მაგრამ რომ აღსდგეს დვალეთის ავტონომია? რომ შეიკრიბებოდნენ დვალები? ისტორიული დვალეთის ჩრდილოეთით დღეს ოსეთის სახელმწიფოა. იყო დრო, როდესაც აქ კავკასოსის მოდგმის ტომები სახლობდნენ. ვაინახები და დვალების გარდა მათ შორის ასახელებენ წანარებს.

 

დვალები - ტ.ფუტკარაძე - ქართველები // გამ. "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", 2005 წ., გვ. http://www.putkaradze.ge/qartvelebi/qartvelebi/links/1.2..htm

დვალები - ანტიკურ წყაროებში დვალები ახ.წ. I საუკუნიდან იხსენებიან თალის, ვალის და უალის სახელწოდებით (რ.თოფჩიშვილი, 2002, გვ.62). ძველი ქართული წყაროებისა თუ თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილის მიხედვით, დვალები ქართველები არიან (ზოგი მათ ნახებად თვლის); დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო 1859 წლამდე, ვიდრე რუსეთის იმპერიამ ეს ქართველური მხარე საქართველოს საბოლოოდ არ ჩამოაჭრა. ტუსკები - კლავდიოს პტოლემაოსი აღმოსავლეთ სარმატიაში ასახელებს ტუსკებს, დიდურებსა და სანარებს. თ.ყაუხჩიშვილის აზრით (1976, გვ.167), ესენი უნდა იყვნენ წოვათუშები, დიდოელები და წანარები. გაუმართლებელი ჩანს ადრეულ პერიოდში წოვათუშებისა და ჩაღმათუშების დაშორიშორება; თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენთვის ცნობილი თუშების დიდი ნაწილი ერთ-ერთ ქართველურ კილოზე მეტყველებს, ხოლო უფრო მცირე ნაწილის - წოვა-თუშების - მეტყველება ემსგავსება როგორც ვაინახურს, ასევე - ძველ ქართულს, ლოგიკური იქნება, დავუშვათ ტუსკების/თუშების ქართველობა: თუშების ვაინახური წარმომავლობის ტომად მიჩნევის შემთხვევაში გაჭირდება მტკიცება, რომ საქართველოსგან მაღალი მთებით მოწყვეტილმა მოსახლეობამ ისწავლა და საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა ქართული მაშინ, როცა დაივიწყა რეგიონში ინტენსიურად გამოყენებული დედაენა - ერთ-ერთი ვაინახური ენა (თ.უთურგაიძე, 1996). ვფიქრობთ, ტუსკები ქართველური წარმომავლობის ხალხია, რომელთა ნაწილის (წოვათუშების) მეტყველება ძლიერ შეიცვალა მეზობელი თუ "სისხლის ძიებას" გამოქცეული ვაინახების გავლენით. ამ პოზიციას ამყარებს ლინგვისტური მონაცემებიც: წოვა-თუშურში არსებითი ადგილი უჭირავს ადრეულ ქართულ სუბსტრატს (მ.მიქელაძე, 2004, გვ.45); შდრ.: გ.ცოცანიძის აზრით, თუშური მოსახლეობა ენობრივად განსხვავებულ ორ ჯგუფად განიყოფა: ჩაღმათუშებად და წოვათუშებად (გ.ცოცანიძე, 1993, გვ.539). ა.შავხელიშვილის აზრით, წოვათუშური ნახურად ქცეული ქართველური ენაა, ხოლო ბ.შავხელიშვილის მტკიცებით, წოვათუშური ენა გარდამავალი, დამაკავშირებელი რგოლია ქართველურ (განსაკუთრებით ძველ ქართულ) და ვაინახურ ენებს შორის (ბ.შავხელიშვილი, 2003). აქა~ები/აქეები, აქეელები - ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) მასალების მიხედვით, აქა~ები და ჰენიოხები თანამედროვე ტუაფსესა და სოჭს შორის უნდა ვივარაუდოთ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.83; თ.ყაუხჩიშვილი, 1980); შდრ.: V საუკუნის ანონიმური "პერიპლუსის" მიხედვით, იქ, სადაც ადრე აქა~ები ცხოვრობდნენ, ახლა ძიქები არიან. სტრაბონი ასახელებს აქეის ქვეყანას, არიანე - "ძველ აქა~ას", პტოლემაოსი - სოფელ აქა~ას... მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი ისტორიკოსები (სტრაბონი, აპიანე, დიონისიოს პერიეგეტი...) ეთნონიმსაც და ტომსაც ბერძნული წარმომავლობისად თვლიან, თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ აქა~ები ქართველურ-კავკასიური ტომია; "როგორც ჩანს, აქა~ების სახელით ცნობილი ტომი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილო მონაკვეთზე ცხოვრობდა დაახლოებით არგონავტების ლაშქრობის დროიდან ახ.წ. I საუკუნემდე; II საუკუნეში მცხოვრები არიანე მათ უკვე აღარ ახსენებს, მაგრამ იცნობს გეოგრაფიულ პუნქტს "ძველი აქა~ა" (თ.ყაუხჩიშვილი, 1980, გვ.37). სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბერძნულ წყაროებში შემონახულ სახელწოდებაში რომელიმე ქართველური სიტყვაა არეკლილი...

 

ჯუნი - ჯუმბერ კაკულია - დვალეთი

http://www.amsi.ge/istoria/div/dvaleTi.pdf

 

 

დვალებისა და დვალეთის შესახებ

http://iberiana.wordpress.com/samachablo/dvaleti/

 

http://expertclub.ge/portal/cnid__12541/alias__Expertclub/lang__ka-GE/tabid__2546/default.aspx

http://darbr.webs.com/dwaleti.pdf

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=63961

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=63965

https://ok.ru/group57386381017134/topic/63840999975726