There are no translations available.
<უკან დაბრუნება
კავკასიურ - ახლოაღმოსავლური კრებული
XI
ეძღვნება ქალბატონ მერი ინაძეს დაბადების
75 წლისთავის აღსანიშნავად
რედაქტორი: აკად. გრიგოლ გიორგაძე
თბილისი
მემატიანე
2004
გიორგი ქავთარაძე
კავკასიისა და ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი
ნაწილი III
<<<დასაწყისი (ნაწილი I)
<<<გაგრძელება (ნაწილი II )...
ადრეული ბრინჯაოს ხანის მესამე ფაზა
მკვლევართა შორის ძირითადად თანხმობაა იმ საკითხში, რომ ხეთური ტომები ანატოლიაში სხვა რეგიონიდან არიან მოსული ადრეული ბრინჯაოს ხანის შედარებით გვიანდელ პერიოდში და ამდენად ანატოლია არ შეიძლება ყოფილიყო მათი პირველსაცხოვრისი [73 მაგ. Puhvel 1994, 253](გვ.77).. როგორც შენიშნავენ, იმდენად დიდი რაოდენობით იჩენს თავს მთელი ანატოლიის გაყოლებაზე ძნელად გასარკვევი ტოპო- და ანთროპონიმები, რომ აღარ რჩება არავითარი სხვა შესაძლებლობა გარდა არაინდოევროპული სუბსტრატის იქ არსებობის დაშვებისა (Mallory 1989, 64ფ.).]. არაინდოევროპული სუბსტრატი საკმაოდ მკაფიოდ არის წარმოდგენილი "ხეთურ" (ინდოევროპულ-ანატოლიურ) ენებში [74 ვინაიდან ხეთური ენა არაინდოევროპული სუბსტრატის ზეგავლენის ღრმა კვალს ატარებს, ხოლო ხეთური რელიგია და ლიტერატურა ატარებს ინდოევროპული სამყაროსათვის დამახასიათებელ თავისებურებათა მხოლოდ სუსტ ნიშნებს, ნავარაუდევი იყო, რომ შესაძლოა ცენტრალურ ანატოლიაში ადგილი ჰქონდა ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის მხოლოდ თხელი ფენის არსებობას, რომელიც სუპერსტრატს წარმოადგენდა ადგილობრივი არაინდოევროპული მოსახლეობის წიაღში; ხოლო ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანწილად უნდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი კულტურა (Zimmerr 1990, 325).
აშკარად ადრეულ ხანაში ნასესხებ სიტყვათა რიცხვი და მათი შინაარსობრივი ყოვლისმომცველობა მოწმობს, რომ მცირე აზიას, წინაბერძნული ეგეოსისპირეთისა და წინაადრეიტალიკური აპენინების ნახევარკუნძულის მსგავსად, გააჩნდა მნიშვნელოვანი, ბინადარი არაინდოევროპული მოსახლეობა, ვიდრე იქ ინდოევროპული ოჯახის ანატოლიური, ფრიგიული და სომხური ენების მატარებელი ტომები შეაღწევდნენ (Ehret 1988, 573)]. ადგილობრივ, ავთოქტონურ ენებს შორის თითქოს ყველაზე უფრო საფიქრებელი ჩანდა, რომ ხათური ყოფილიყო მიჩნეული სუბსტრატულ ენად "ხეთურ იმპერიულ არეალში" [75 Friedrich 1975, 48]. ამავე დროს, უფრო გვიან ხანებში დადასტურებული ქაშქური მოსახლეობა განიხილებოდა ხოლმე ხათების ერთ-ერთ ეთნიკურ ნარჩენად, რომელიც ჩრდილოეთისაკენ ხეთების ექსპანსიის შედეგად იყო გარეკილი (შდრ. Гиоргадзе 1961; Singer 1981,123).]. თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ ანატოლია არ წარმოადგენდა ინდოევრპელთა პირველსაცხოვრის, თავისთავად გაგვიჩნდება კითხვა: როდის გამოჩნდნენ ანატოლიაში ინდოევროპულ-ანატოლიურ ენებზე მეტყველი ტომები და საიდან მივიდნენ ისინი იქ? ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, საკმაო საბუთი მოიპოვება იმის სამტკიცებლად, რომ ხათური ენა გავრცელებული იყო ცენტრალური ანატოლიის დიდ ნაწილზე, მდ.კიზილ ირმაკის (ხეთური - მარასანთია, კლასიკური ხანის - ჰალისი) რკალის შიგნით და მოიცავდა ხათუსას (მოგვიანებით ხეთების დედაქალაქი) ტერიტორიას, ვიდრე იქ ხეთური (ნესიტური) ენა იქნებოდა გამოყენებული. ხეთური პანთეონის რამდენიმე წარჩინებულ ღვთაებას ხათური სახელები ერქვათ [76]. რ.გორნის მიხედვით, ცენტრალური ანატოლიის დაქვემდებარებს შემდეგ, ხეთებმა, ისევე როგორც მათ ეს გააკეთეს ცხოვრების სხვა სფეროებში, ხელი მიყვეს წინახეთური ხანის ღვთაებების "კოოპტირებასა" და ხელახალ ფორმირებას თავისი ძალაუფლების ლეგიტიმიზაციისა და საწინააღმდეგო იდეოლოგიური მოთხოვნილებების აღმოცენებისაგან თავის არიდების მიზნით; იმისათვის, რომ კავშირში მოეყვანათ ეს ღვთაებები ხეთურ ტრადიციასთან, ხეთები ხშირად აღწევდნენ წარმატებას მათი წინახეთური კუთვნილების დამცრობაში (Gorny 1995,69). თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ხათუსილი I-ის და მისი მემკვიდრეების ზეობის სახელები ხათური იყო და არა ხეთური. ხათური იყო სამეფო კარის მთავარი ღვთაებები და მათ, ამასთანავე, როგორც წესი ხათურ ენაზე მიმართავდნენ ხოლმე. ხათური დღესასწაულები წარმოადგენდნენ ნიმუშებს ხეთური ხანის ადრეული რელიგიური კულტებისათვის, ხოლო ხათური მითები გადმოსცემდნენ ადრეულ ხეთურ ოფიციალურ ღვთისმეტყველებას (შდრ. Drews 1988, 66; McMahon 1995, 1984f)]. ნესიტური და ფალაური (კიდევ ერთი ინდოევროპული-ანატოლიური ენა ლუვიურთან ერთად, ხეთურ-ნესიტურის გარდა) ენების გამორჩეული თავისებურებანი დამაჯერებლად შეიძლება მიენიჭოს ხათურის ზეგავლენას. ხეთები ჰატტილი-ს (ანუ "ხათის ენას") უწოდებდნენ არა თავიანთ ინდოევროპულ ენას, არამედ არაინდოევროპელი ხათებისას, მიმართავდნენ რა მათ სახელწოდება "ხათიზე" დაფუძნებული ზედსართავით; თუმცა ამავე დროს სახელწოდება "ხათით" ისინი აღნიშნავდნენ თავიანთ საკუთარ მიწა-წყალს - აშკარაა, რომ ეს სახელწოდება მათ შეითვისეს მათივე წინამორბედი, ხათურ ენაზე მეტყველი მოსახლეობისაგან [77 ხეთურსა და ფალაურზე ხათური ენის ზემოქმედების გათვალისწინების გამო, ხათების უფრო ადრეული, ხეთამდელი ხანის, განსახლების არეალად მიიჩნევენ შემდეგში ნესიტი-ხეთებისა და ფალაელების მიერ დაკავებულ მდ.კიზილ ირმაკის რკალის შიგნით და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებს, პაფლაგონიასა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს (Houwink Ten Cate 1995, 261).
მდ.კიზილ ირმაკის სამხრეთით გაბატონებულ ლუვიურ ენაში ხათურის ზეგავლენის არ ქონაც ხათურის გავრცელების არეალს ისევ ზემოდასახელებული რეგიონებით შემოფარგლავს (Gragg 1995, 2175)(გვ.79). ი.დიაკონოვის აზრით, სუბსტრატი ლუვიურისათვის, ისევე როგორც მცირე აზიის დარჩენილი მხარეებისათვის და კვიპროსისათვის, ლემნოსისათვის და სხვ. უნდა ყოფილიყო ჩრდილოაღმოსავლეთკავკასიური (D'iakonov 1990, 63)](გვ.79). როგორც რ.ქროსლანდი ხაზგასმით შენიშნავს, ყოველივე ამის შედეგად მიღებული "ეკონომიკური" დასკვნა იქნებოდა მხოლოდ ის, რომ ხეთური ენა ხათურზე შედარებით გვიან გამოჩნდა ცენტრალურ ანატოლიაში [78 Crossland 1957; Crossland 1973, 277. ენათმეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მთელი რიგი სუბსტრატული სიტყვებისა, რომლებიც ადრეული ხანების მემკვიდრეობას წარმოადგენდნენ, შემონახული იყო უფრო გვიანდელ - შუმერულ, აქადურ და ხეთურ - ლექსიკონებში (შდრ. Hallo/Simpson 1971, 17)]. მხედველობაშია მისაღები ზემოაღნიშნული ფაქტიც, რომ ხეთურ-სომხური ლექსიკური პარალელების უმეტესი ნაწილი არაინდოევროპული ხასიათისაა. ყველაზე ადრეული მონაცემები ინდოევროპულ ენებზე მეტყველთა შესახებ მიკვლეულია ქანესის, იგივე ნესის (ქიულთეფე ქალაქ კაისერისთან, ძველი კესარია, იგივე მაზაკა) ძველასურული არქივების ე.წ. კაპადოკიურ ფირფიტებში ასახული ანთროპონიმებისა და ლექსემების წყალობით. თვით საკუთრივ ინდოევროპული "ხეთური" ენაც ამ ქალაქის სახელის მიხედვით იყო წოდებული "ნესიტურად" ანუ ნისილი - ნესის ენა [79 ქანეს/ნესაში არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ლაპარაკობდა ნესიტურად (ხეთურად), არამედ ტიტულოვანთა დიდ ნაწილს, მმართველთა ჩათვლით, ერქვა ხეთური სახელები (Singer 1981, 126)]. ამ მონაცემების გამო მკვლევრები ჩვეულებრივ ვარაუდობენ ხოლმე, რომ ხეთები (ნესიტები) პირველ ყოვლისა ცენტრალური ანატოლიის ზეგნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში იყვნენ ფეხმოკიდებულნი, ვიდრე მდ.კიზილ ირმაკის გადალახვის შემდეგ უფრო გაფართოვდნებოდნენ და ჩრდილოეთით ხათუსას მიაღწევდნენ, რომელიც შედარებით გვიან გახდა მათი პოლიტიკური ცენტრი, ნესის ნაცვლად. ისტორიული წყაროების მონაცემების საფუძველზე ნავარაუდევია, რომ ქანესსა და ზემო ევფრატს შორის მდებარე მხარე ძვ.წ. მესამე-მეორე ათასწლეულების მიჯნაზე და შესაძლოა რამდენადმე უფრო ადრეც იყო ხეთების ადრეული საცხოვრისი [80 Singer 1981, 129. შენიშნულია, რომ დაყოფა ხათურ და ხეთურ ზონებს შორის შეესაბამებოდა მიახლოებით იმ გამყოფი ზოლის ორ მხარეს, რომელიც გადაჭიმული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ, თითქმის მდ.ჰალისის (კიზილ ირმაკი) პარალელურად (შინგერ 1981, 125).].
ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისის ასურული ტექსტების ექსტრაპოლაციის საფუძველზე შესაძლებელი ჩანს იმის განცხადება, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარში "ხეთების" არსებობა უკვე დასტურდება ცენტრალური ანატოლიის სამხრეთ ნაწილში [81]. კაპადოკიური ფირფიტების ანატოლიური ონომასტიკონის მონაცემების გათვალისწინების შედეგად, თ.გამყრელიძე და ვ.ივანოვი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სამივე ინდოევროპულ-ანატოლიურ ენას (ნესიტურს, ლუვიურსა და ფალაურს) განვითარებისა და ჩამოყალიბების ძალზე ხანგრძლივი დრო უნდა გაეარათ მას შემდეგ რაც ერთმანეთს დაშორდნენ (Gamkrelidze/Ivanov 1985a, 5). მათი აზრით, ეს ტომები უძველეს მცირე აზიაში დასახლდნენ არა შემოსევებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობის გზით, რომელიც აღგვიდა პირისაგან მიწისა ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს, არამედ ამ რეგიონის მოსახლეობაში თანდათანობითი ინფილტრაციის საშუალებით. ამავე დროს, იგივე მკვლევრები აღიარებენ ხეთური და ფალაური ენების ხათურთან ხანგრძლივ ურთიერთობას (Gamkrelidze/Ivanov 1985b, 51). კარგად არის ცნობილი, რომ ხეთურმა და ფალაურმა რიტუალური და სოციალური ტერმინების დიდი ნაწილი ხათურისაგან ისესხეს (Kammenhuber 1969, 431-436; Gamkrelidze/Ivanov 1985b, 51). ჯ.მელორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდოევროპელ ანატოლიელებს უკვე ჰქონდათ გავლილი მნიშვნელოვანი ასიმილირების პროცესი არაინდოევროპელი ანატოლიელების კულტურასთან, როდესაც ისინი ისტორიის შუქზე გამოჩნდნენ (Mallory 1989, 25). რ.დრიუს დაკვირვებითაც, პროტო-ანატოლიელი მიგრანტები “ხათის ქვეყანაში” მცირე აზიის სხვა რაიონებიდან იყვნენ გადასული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძვ.წ. მესამე ათასწლეულის ფარგლებში და მათი ეს გადადგილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შესევად და დაპყრობად, ვინაიდან პროტო-ანატოლიურ ენის მატარებელი მოსახლეობა თვით წარმოადგენდა ხათური საზოგადოების შემადგენელ ნაწილს (Drews 1988, 54f.)].
ვინაიდან ცენტრალური ანატოლიის ზეგანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული ქუსარის მმართველები ხათუსელი ხათების მოწინააღმდეგები ჩანან, ისინი უშუალოდ ნესიტ-ხეთებს თუ არ განეკუთვნებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მათი მოკავშირეები მაინც უნდა ყოფილიყვნენ (გვ.81); ისინი ძირითადად სწორედ ხეთებს ეყრდნობოდნენ და უპირატესად მათსავე ინტერესებს გამოხატავდნენ [82 ძალზე დიდია კონტრასტი ქუსარის მმართველების დამოკიდებულებაში, ერთის მხრივ, ნესისადმი და მეორეს მხრივ, ხათუსისადმი. მაშინ როდესაც ნესისა და მისი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება მშვიდობიანი იყო, ხათუსა მათთვის იყო "მიწასთან გასწორებული" და "სამარადჟამოდ დაწყევლილი". გამოთქმულია მოსაზრება, რომ განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნესისადმი ეტყობა ასახავდა ქუსარისა და ნესის მოსახლეობებს შორის არსებულ ეთნიკურ სიახლოვეს (Orlin 1970, 243n,73; Singer 1981, 128)]. აღმოსავლეთიდან ხეთების იმიგრაციის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი არგუმენტია ხეთების ძველი სამეფოს ხანის ცენტრალური ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული რამდენიმე ქალაქის განთავისუფლება გარკვეული სახის სამსახურისაგან და ხეთების აღმოსავლეთთან განსაკუთრებული კულტურულ-ეკონომიკური კავშირები [83 Sommer 1947, 1-8.]. იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება წინაძველბაბილონური ლურსმული დამწერლობისადმი ხეთებისადმი უპირატესობის მინიჭების ფაქტის გამო ძველასურულ დამწერლობასთან შედარებით. ეს უკანასკნელი გამოყენებული იყო ცენტრალური ანატოლიის ძველასურულ კოლონიებში და მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ იგი იქნებოდა ხეთების მიერ გამოყენებული, თუ კი ისინი აბორიგენულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ ცენტრალურ ანატოლიაში და არა ახალმოსულებს უფრო აღმოსავლეთით მდებარე მხარეებიდან, სადაც მათ შეეძლოთ შეეთვისებინათ დამწერლობის წინაძველბაბილონური სახეობა [84 შდრ. ქავთარაძე 1985, 9.]. ანატოლიაში ხეთების შემოსვლის აღმოსავლური გზის სასარგებლო დამატებით არგუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ ლინგვისტური მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ინდოევროპულ-ანატოლიურ და არაინდოევროპულ-კავკასიურ ენებს შორის ხანგრძლივ ურთიერთობებზე და აგრეთვე ფალაურის, ნესიტურ - ხეთურზე უფრო არქაულად მიჩნეული ენის უფრო ჩრდილო-დასავლეთისაკენ ადგილმდებარეობა ხეთურთან შედარებით და რაც მათში თიითქოს პირველი ინდოევროპული მოსახლეობის ტალღის დანახვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს (გვ.82). მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინოვაციები, საზიარო ანატოლიურ და ინდო-ირანულ ენებს შორის, შესაძლებლობას გვაძლევს ვილაპარაკოთ ამ ენებს შორის კავშირებსა და კონტაქტებზე, როგორც დამოუკიდებელ ლინგვისტურ ერთეულებს შორის საერთო ინდოევროპულიდან მათი გამოყოფის შემდგომ ხანაში [85 Gamkrelidze 1970, 140; Гамкрелидзе 1967ბ, 120; შდრ. Гамкрелидзе/Иванов 1972].
ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ანატოლიური ჯგუფის გავრცელება შესაძლოა დაკავშირებული იყო აღმოსავლეთის მიმართულებით იმ მასიურ გადაადგილებასთან, რომელსაც ინდოეთში უნდა შეეტანა ინდოევროპული ენები და ამის გამო მართებული იქნებოდა მეტი ყურადღება დათმობოდა აღმოსავლეთ ევროპისა და სტეპების როლს (Sherratt/Sherratt 1988, 586)]. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ინდოევროპულის კონტაქტები ფინო-უგრულ (ურალურ) და ალთაურ ენებთან ძველია და არ შემოიფარგლება ინდოევროპულის მხოლოდ ევროპული განშტოებით [86 Gimbutas 1985, 195. ფინო - უგრულ ენათა ოჯახი ყველაზე ინტენსიურ დამოკიდებულებას ინდოევროპულ ჯგუფთან ავლენს, რომლისგანაც მან სიტყვების შთამბეჭდავი რაოდენობა ისესხა; ეს გარემოება საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ ამ ორი ენობრივი ოჯახის ახლო მეზობლობა გარკვეულ პერიოდში (Mallory 1989, 148, 151, 179; Gamkrelidze 1990, 13).]. ე.პულეიბლანკის აზრით, არ მოიპოვება არავითარი გადაულახავი წინააღმდეგობა არც ლინგვისტიკისა და არც არქეოლოგიის გადასახედიდან, რომლის გამოც გამოირიცხებოდა სინო -ტიბეტურსა და ინდოევროპულს შორის გენეტიკური კავშირი [87 P Pulleyblank 1993, 106]. თავისი მოსაზრების არქეოლოგიურ საყრდენად ე.პულეიბლანკი იყენებს მ. გიმბუტასის თეორიას, დნეპრ-დონეცის რაიონის სრედნი სტოგ II კულტურის (რომელსაც მ.გიმბუტასი თავისი ნომენკლატურის ყორღანულ I და II კულტურებთან აიგივებს და დაახლ. ძვ.წ. 4500-3500 წწ. ათარიღებს) საწყისების დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ უფრო ადრეულ და უფრო აღმოსავლეთით მდებარე კულტურის შემოჭრასთან და რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული ჩანდა შუა ურალის ყველაზე ადრეულ ნეოლითთან და ცენტრალურ აზიასთან (Gimbutas 1985, 191; Pulleyblank 1993, 107)](გვ.83). პრეისტორიკოსების აზრით, ქანესის არქივებში დამოწმებული ინდოევროპული საკუთარი სახელები ყოველგვარ ეჭვს გარეშე განეკუთვნებიან არა პროტო-ხეთურ-ლუვიურს, არამედ მის შთამომავალს, ხეთურს [88 D'iakonov 1985, 107.]. მიიჩნევენ, რომ ინდოევროპული ოჯახის "ანატოლიური განშტოების" ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობა სხვა ინდოევროპელ “ხალხებს” გამოეყო ძვ.წ. მესამე ათასწლეულის დასაწყისში ან კიდევ უფრო ადრე [89 Steiner 1990, 204; D'iakonov 1985, 85, 115. თუ არსებობს, ერთის მხრივ, გაურკვევლობა, იყო თუ არა ხეთური ენა საერთოდ ინდოევროპული ენა, ისეთივე მნიშვნელობით როგორც სხვა ამ ოჯახის ენები, თუ მხოლოდ ენათესავებოდა ინდოევროპულ ჯგუფს, როგორც ერთ მთლიანს - ე.წ. „ინდო-ხეთური“ ჰიპოთეზა (Sturtevant 1962, 105f.; Drews 1988, 50f.; Jones 1995, 41f.), მეორეს მხრივ, ხეთური განიხილება როგორც უეჭველად და ყოველი თვალთახედვით ინდოევროპული ენა (Melchert 1995, 2152). თუმცა ერთი რამ სავსებით ცხადია, ანატოლიური ენები ავლენენ მთელ რიგ თავისებურებებს, რომლებიც საგრძნობლად განასხვავებენ მათ სხვა ინდოევროპული ენებისაგან (Hock/Joseph 1996, 530)] და რომ თვით ამ განშტოების შემადგენელი ენები ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ ჯერ კიდევ ანატოლიის ფარგლებს გარეთ [90 Steiner 1990, 204]. თუმცა გ.შტაინერი ფიქრობს, რომ ეს დიფერენციაცია უნდა მომხდარიყო ანატოლიისაგან დასავლეთით მდებარე რეგიონებში].
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრ.გიორგაძის დაკვირვება, რომ ვინაიდან ხათური ენის ძლიერი ზეგავლენა გამოვლენილია ნესიტურ და ფალაურ ენებში და ამავე დროს არ შეინიშნება ლუვიურში, ხათურ ენას ნესიტურთან და ფალაურთან კონტაქტი უნდა ჰქონოდა მხოლოდ და მხოლოდ ინდოევროპულ-ანატოლიური ენობრივი ერთობის დაშლის მომდევნო ხანებში, როდესაც ეს წინა-ენა უკვე დიფერენცირებული იყო. გრ.გიორგაძის აზრით, ეს გარემოება უნდა მოწმობდეს, რომ ანატოლიაში ხათების გამოჩენის ხანაში ცენტრალური ანატოლიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში უკვე სახლობდნენ ინდოევროპელი ტომები [91 Гиоргадзе 1999, 48.]. ვინაიდან, ყოველ შემთხვევაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასაწყისისათვის ხეთები უკვე წარმოადგენდნენ მნიშვნელოვანი ქალაქური დასახლების ქანეს/ნესას მოსახლეობის სათანადო ნაწილს, ისინი უნდა მივიჩნიოთ ძირითადად ბინადარ და ეტყობა მშვიდობიან, ამასთანავე კომერციულ საქმიანობაში ჩაბმულ, ხალხად [92 Steiner 1990, 202f., 205]. სავარაუდოა, რომ ან ხეთებმა სავსებით დაკარგეს ჩრდილოელი მესაქონლეებისათვის საჭირო თვისებები - დამახასიათებელი სხვა “ინდოევროპელი” ხალხებისათვის და მთლიანად შეიძინეს ახლოაღმოსავლური “ცხოვრების წესი” - ან არასოდეს ჰქონიათ ეს თვისებები]. ძალზე ძნელია მათში, უფრო ჩრდილოეთით, “ხათურ მიწაზე” განლაგებული ალაჯა ჰოიუქის “სამეფო აკლდამებში” დაკრძალული მეომარი ხალხის შთამომავლების ამოცნობა. არც ხეთური ენის მონაცემები და არც მთლიანობაში ხეთური კულტურის ხასიათი ასევე არ იძლევა ხეთების დაკავშირების შესაძლებლობას “ყორღანული კულტურებისათვის” დამახასიათებელ დაკრძალვის წეს-ჩვეულებებთან. ამავე დროს, ხეთური რელიგიური მსოფლმხედველობის ხათური საუძვლები, რაც ხათების საკმაოდ განვითარებული რელიგიური წარმოდგენების არსებობაზე უნდა მიუნიშნებდეს, ერთის მხრივ, და თავისი დროისათვის განვითარებული რელიგიური შეხედულებების არსებობა, გამოხატული ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალური ანატოლიის "სამეფო აკლდამების" დაკრძალვის წესსა და სამარხეულ ინვენტარში, მეორეს მხრივ, უნდა მიუთითებდეს "სამეფო აკლდამების" კულტურის, ხათებისადმი, და არა ხეთებისადმი, მიკუთვნების სასარგებლოდ [93 ქავთარაძე 1978, 10f., 17n.63.]. არის მოსაზრება, რომ ერთადერთი უცილობელი მინიშნება ანატოლიაში ინდოევროპელი-ანატოლიელების არსებობისა არის მათი ენა [94 მაგ. Puhvel 1994, 262.], ხოლო სხვა ყველაფერი აშკარა არაინდოევროპულ ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალურ ანატოლიასა და მის მომიჯნავე მხარეებში კულტურული ინოვაციის ყოველი ფაქტის გამოვლენას. თუ ძველასურული ტექსტების მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქანეს/ნესას მოსახლეობის შემადგენლობაში ინდოევროპულ-ხეთური (ნესიტური) ენის მატარებლები ჭარბობდნენ, მეორეს მხრივ, ეს ქალაქი იყო ძირითადი ცენტრი მოხატული კერამიკის ახალი სახეობის - ცენტრალური ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის მესამე ფაზის, ე.წ. "კაპადოკიური კერამიკის" - წარმოებისა [95 Bittel 1950, 49; Steiner 1981,164].
ვინაიდან მონოქრომული, ე.წ. "ხეთური ნაწარმი", დამახასიათებელი უპირატესად "ინდოევროპული" ქანეს II პერიოდისათვის, იყო ამ რეგიონის ყველაზე ადრეული მორგვზე დამზადებული კერამიკა, განსხვავებული მის წინამორბედ ხელითნაძერწ, ე.წ. “კაპადოკიური ნაწარმისაგან”, ეს ცვლილება უნდა აიხსნას არა მოსახლეობის ახალი ჯგუფების ქანეს/ნესაში გამოჩენით, არამედ ტექნოლოგიური სახის სიახლის დანერგვით ადგილობრივ საზოგადოებაში (ქავთარაძე 1985, 4-6; შდრ. Scott 1956, 403-405).]. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ამ კერამიკის წარმომავლობა საძიებელია ცენტრალური ანატოლიიდან საკმაოდ შორს აღმოსავლეთში, კერძოდ, სამხრეთ ამიერკავკასიის უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე ჩრდილო-დასავლეთ ირანში და შესაძლოა თვით ცენტრალურ აზიაშიც კი [96 Seton Williams 1953, 60, 64; შდრ. ქავთარაძე 1985 passim.]. არ არის გამორიცხული, რომ ცენტრალური ანატოლიის კულტურულ განვითარებაში მომხდარი ეს ცვლილება უკავშირდებოდეს აქ აღმოსავლეთიდან შემოსული და ინდოევროპულ-ანატოლიურ ენებზე მეტყველი მოსახლეობის გამოჩენას [97 იხ.ქავთარაძე 1985, 3-20]. ა.გიოცე მიუთითებდა, რომ “კაპადოკიური კერამიკა” ცენტრალურ ანატოლიაში პირველად გამოჩნდა “ალიშარ I - ალაჯა III კულტურის” სამოსახლოების კატასტროფული ნგრევის უშუალოდ მომდევნო ხანაში (Goetze 1957, 44). აღნიშნული გარემოება უნდა მოწმობდეს ამ კერამიკის მაწარმოებელი მოსახლეობის ნაძალადევ შემოსვლას ცენტრალურ ანატოლიაში]. ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილსა და განსაკუთრებით ანატოლიაში მომხდარი მოვლენების გასაგებად, ძალზე მნიშვნელოვანია კავკასიაში, ამ "ხალხთა და ენათა მუზეუმში" ჯერ კიდევ შემორჩენილი მონაცემების გათვალისწინება (გვ.86). თანამედროვე მეცნიერები ძველი ახლოაღმოსავლური ენების კვლევის შედეგად თავისთავად მიდიან კითხვამდე, თუ რა კავშირი არსებობს ამ ძველ ენებსა და დღეს ცნობილ ენებს შორის? ბუნებრივია ისინი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მიუხედავად იმისა იქნებოდა იგი დასმული ტიპოლოგიური თუ გენეტიკური მნიშვნელობით, უპირველეს ყოვლისა კავკასიურ მონაცემთა საფუძველზე ცდილობენ. მათი აზრით, თუ შეხედულება ძველი ახლოაღმოსავლური და თანამედროვე კავკასიური ენების კავშირების შესახებ მისაღები გამოდგება, მაშინ მინიშნება გვექნება ისეთ წინაისტორიულ სიტუაციაზე, რომლის დროსაც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი ნაწილი იმ მოსახლეობის მიერ იქნებოდა დანაწილებული ვინც დღემდე სახლობს კავკასიაში [98 Gragg 1995,2177.]. ამრიგად, მთელი ცირკუმპონტური არეალის ფარგლებში მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთზემოქმედებამ და განსხვავებული წარმომავლობის, კულტურული და ეკონომიკური მონაცემებისა და საზოგადოებრივი განვითარების დონის მოსახლეობის თანაარსებობის საჭიროებამ საბოლოოდ გამოიწვა სახელმწიფოებრიობის აღმოცენება ანატოლიაში - ამ ზონის ყვალაზე დაწინაურებულ ნაწილში. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მომხდარიყო მესოპოტამური ტიპის განვითარებული საქალაქო სისტემის არსებობის პირობებში.
<<დასაწყისი (ნაწილი I)...
<<(ნაწილი II)
|