There are no translations available.
< უკან დაბრუნება ... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ციხე - ქალაქები>>>
უფლისციხე //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I . - თბილისი, 2005, - გვ. 97 - 102.
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი, ქალაქ გორის აღმოსავლეთით 10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. წერლობით წყაროებში იგი პირველად VII საუკუნეში იხსენიება.
უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა. გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზეა ათვისებული ქვიშაქვების მასავი. ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრიდან იქმნება უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელ ანტიკურ (ძვ.წ. VI-IV სს.) და ელინისტურ (ძვ.წ.III - I სს.) ხანაში. აქვეა შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი რამდენიმე კომპლექსი. შედარებით უკეთესადაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. იგი დასავლეთით და სამხრეთით ბუნებრივადაა დაცული, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდანს კი მას კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი იცავდა, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხა კოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები). საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა - ალიზის აგურით. სამხრეთის მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. აქვე, სამხრეთის უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მათ შორის მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსელითაა დასერილი, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი - გვერდითი.
გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, რომელთაგან ზოგი ფართო გასასვლელებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ქალაქს ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან გამოირჩევა კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია რვაკუთხა ნებით. დაგეგმარების მხრივ ყურადღებას იქცევს დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (ერთი ან ორი ოთახი) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. თავისი სტრუქტურით ეს კომპლექსები ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსადაა დამუშავებული და ქართულ ხალხურ არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს ასახავს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტური ნიშნებით IX - X საუკუნეებს მიეკუთვნება.
იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული. შუა ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. სამივე ნავი დასავლეთ მხარეს გაერთიანებულია ნართექსით და გადახურულია კრამიტით. ბაზილიკაში მთავარი შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნართექსს დამოუკიდებელი კარი აქვს და მთავარ ნავს დასავლეთიდან უკავშირდება. სასიმაგრო თხრილის გარეთ გაშლილი ყოფილა გარე ქალაქი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შიდა ქალაქის ჩრდილოეთით, 700-900 მ-ზე დაცულია უფლისციხის დიდი კლდეკარი, რომელიც ძველი ამიერკავკასიის ძირითადი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთ უდიდეს საგზაო ნაგებობას წარმოადგენდა.
|