topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ი.სიხარულიძე - აბოცი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ისტორიული მხარეები//ძეგლები საზღვარგარეთ>>>


აბოცი

აბოცი - ასე იწოდებოდა შუასაუკუნეებში საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი განაპირა ქვეყანა, რომელსაც გვიან შუასაუკუნეებში ყაიყულსაც უწოდებდნენ. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი, ასე აგვიწერს აბოც-ყაიყულს: "ხოლო ტაშირს, აბოცსა და ბერდუჯ-ბამბაკსა ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული (ქართლის ცხოვრება, IV, გვ.313) მეცნიერი ჩვეული გულისხმიერებით აღწერს ამ მთას: "არს მარადის თოვლიანი და უტყეო, და კალთათა ბალახოვანი, ყუავილიანი, წყარონი მრავალნი კეთილნი”. მას არც ირჯანის მთის სასარგებლო წიაღირსეული ავიწყდება: "აქ ითხრების თეთრი ქვა, მგზგავსი მარმარილოსი” ამ დიდებულ ქვას აბოცელნიც იყენებდნენ და მათი მომიჯნავენიც. ასევე ითქმის ირჯანის მთის საზაფხულო საძოვრებზეც, რომელზეც სელჩუკიან თურქებსაც თვალი რჩებოდათ, ყიზილბაშებს და სხვა მომთაბარეებსაც. მრავალმხრივი სიკეთით მომადლებულ ირჯანის მთის დასავლეთით გადაშლილი იყო ასეთივე ნაყოფიერი მთებით შემოზღუდული და შეკრული უმშვენიერესი ქართული ქვეყანა აბოცი. "ამ მთის (ირჯანის ი.ს.) დასავლეთ კერძ არს აბოცი, აწ ყაიყულად წოდებული"- წერს ვახუშტი და იქვე ლაკონურად გვიხატავს მის ფიზიკურ-საგეოგრაფიო სახეს: "გარმოხვეული სრულიად მთითა და შუაში ვაკე". ვახუშტი ამ გამორჩეული ქართული რეგიონის დიდ ნაყოფიერებასაც არ ტოვებს უყურადღებოდ, რა მარცვლეული კულტურები არ ხარობდა იქ: ხორბალი, ქრთილი, შვრია,…მოჰყავდათ სელი და სხვა. უხვად გააჩნდა საზაფხულო საძოვრები, ხოლო საზამთროდ თივა და ამ ნიადაგზე მეცხოველეობაც დიდად იყო განვითარებული. რაც შეეხება თევზს, აბოცის წყლებში (აქედან მოედინება ახალქალაქის წყალიც) მხოლოდ კალმახი ხარობდა. გვიან შუასაუკუნეებში აბოცის გული იყო მცირე ქალაქი ყაზანჩი, რომლის სახელიდანაც ნათლად იკვეთება ის ავბედობა, რაც მას ამ პერიოდში დაატყდა თავს. ვახუშტი აბოცისა და პალაკაციოს გამმიჯნავ აღაბაბას მთასაც ასახელებს, ოღონდ სამეურნეოს ნაცვლად სხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: "იგი მთა არს საზღვარი ქართლისა და ყარსისა, ვიდრე თეთრ ციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა" (იქვე). ასეთი ყოველმხრივ შემკული ქვეყანა თავისი სტრატეგიული მდებარეობითაც გამოირჩეოდა, იგი მნიშვნელოვანი გზების შესაყარი იყო და ამიტომაც მტერი და მოყვარეც დღენიადაგ გამოულევლად მიელტვიოდა. აბოცზე გადიოდა ისპაჰანისკენ მიმავალი მოკლე და მოხერხებული გზაც. შიდა ქართლიდან იგი ატენითა და თრიალეთით ადიოდა აბოცს, ხოლო იქედან ერევანს და ა.შ. საინტერესოა, რომ ამ გზის სიკეთე არამარტო ქართველებმა უწყოდნენ, არამედ მტრებმაც. ვინ მოთვლის რამდენი ველური დამპყრობელი შემოსულა ამ გზით საქართველოში. საკმარისია თემურ ლენგისა და იაყუბ ყაენის ავბედით შემოსვლათა დასახელებაც. აბოცს ქვემო ქართლიდან მიმავალი გზებიც სერავდნენ. ასევე ითქმის კარიდან (ყარსიდან), არტაანიდან და სხვა მხარეებიდან მომავალი გზებზეც. ამგვარ ქვეყანას ბუნებრივია ადრე უნდა მიეპყრო ადამიანის ყურადღება და ასეც არის. აბოცს უძველეს დროიდან ატყვია ჩვენი შორეული წინაპრების ნაფეხურები და ნამოქმედარნი. ეს იმ ლეგენდარულ გადმოცემებშიც აისახა, რომელიც ქართლოსის უმცროსი ვაჟის გაჩიოს წილხვდომილ ქვეყენაზე მიგვანიშნებს. XI საუკუნის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი გაჩიოს ქვეყანას ასე შემოსაზღვრავს: "ხოლო გაჩიოს მისცა ორბის ციხე და სკვრეთის მდინარითგან (ეხლანდელი ვერე - ი.ს.) ვიდრე თავადმდე აბოცისა" (ქართლის ცხოვრება, 1, 1955, გვ.9) გამოხდა ხანი და ისტორიული საქართველოს სამხრეთ რეგიონებში მსხვილმა გაერთიანებებმა იწყეს აღმოცენება. ერთ-ერთი მათგანი კულხას გაერთიანება იყო. ეს გაერთიანება XI საუკუნეში (ძვ.წ) წარმოიქმნა. აბოცის მიწა-წყალიც მის შემადგენლობაშია სავარაუდებელი. ასევე ითქმის მცხეთის პირველი მეფის აზოს (აზონის) საბრძანებელზეც (IV ს. ძვ.წ). III საუკუნის პირველ მესამედში (ძვ.წ) აზონი მცხეთის ტახტზე ფარნავაზმა შეცვალა. ქართული საისტორიო ტრადიციით, რომელიც ლეონტი მროველს დაუცავს (XI ს, ახ.წ) ფარნავაზს ქვეყანაში ადმინისტრაციული რეფორმა განუხორციელებია და მისი სამფლობელო რამდენიმე სამმართველოდ დაუყვია. ამ ადგილობრივ საგამგეოთა შორის ყოფილა სამშვილდის საერისთავოც, რომელიც ტაშირს და აბოცს მოიცავდა (ქართლის ცხოვრება, I, გვ.24) IV საუკუნის შუახანებში (ახ.წ) ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების პიონერის მირიან მეფის ძემ, ბაქარმა, პოლიტიკური მოსაზრებით სამშვილდის ქვეყნები აბოცითურთ რანის ქვეყანაში გაცვალა (იქვე 130 - 131), მაგრამ ამის შემდეგ ეს ძველისძველი ქართული ქვეყნები კვლავ დაიბრუნა საქართველომ. IX საუკუნეში აბოცსა და მის მომიჯნავე ქართულ ქვეყნებში დიდი ენერგიულობით იღწვოდა აშოტ დიდი კურაპალატის (მოიკლა 826 წ.) უმრწემესი ვაჟი გუარამ მამფალი. მძიმე დროს მოუხდა ცხოვრება გურამს, მაგრამ იგი ადვილად როდი ეპუებოდა ჟამის სიავესა და უფროს ძმებთან (ადარნასე, ბაგრატი) შესაშური თანხმობითა და თანადგომით ღირსეულად უმკლავდებოდა, როგორც გარეშე (სარკინოზნი) ისე შინაურ მტრებს. გარდაცვალების წინ გუარამმა თავისი ვრცელი სამფლობელოს დიდი ნაწილი თავის ძმებს უანდერძა, ხოლო ერთი განაპირა ქვეყანა (აბოცი) ცოლის ძმას მისცა (იქვე. გვ.257) ამით ერთხანს აბოცი მოწყდა თავის ორგანულ ნაწილს, მაგრამ შემდეგ კვლავ თავის დედა ქვეყანას დაუბრუნდა და საუკუნეთა განმავლობაში მის ჭირვარამსა თუ გამარჯვების სიხარულს იზიარებდა. XI საუკუნეში მთელ წინააზიასა და ამიერკავკასიას სელჩუკიანი თურქები შემოესივნენ და ველურთა წესით იწყეს მისი დარბევა და აოხრება. სელჩუკთა მძლავრება და თარეშები არც საქართველოს ასცდენია და არც მასში შემავალ აბოცის ქვეყანას. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონების შემდეგ შუააზიელი მომთაბარენი ზამთარს მტკვრისა და იორის პირებში ატარებდნენ, ხოლო ზაფხულს აბოცისა და არარატის მთებზე (ქართლის ცხოვრება, IV, 1973, 157) აბოცის მშვენიერი მთები არც მონღოლებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. ამ ქართულ ქვეყანასა და მთელ ლიხთაქეთ საქართველოს არაერთგზის დიდი რისხვით გადაუარეს თემურ-ლენგის მომთაბარეებმაც. ერთხელ თემური აბოცის გზითაც შემოიჭრა და როგორც მას ჩვეოდა ყველაფერი ნაცარტუტად აქცია. ეს 1393 წელი იყო. ვახუშტი ბაგრატიონიც ძველ წყაროებზე დაყრდნობით შენიშნავდა: "გამოვლო აბოცი და…მოსვრიდა და მოსტყუენვიდა ყოველივე გარემოთაო" (იქვე, გვ.264) ამ ნგრევისაგან წელში გამართვაც ვერ მოსაწრო ქვეყანამ, როდესაც ყიზილბაშური ირანის დიდი ლაშქარიც წამოადგა თავს. ლაშქარს შაჰი უძღოდა და მანაც საქართველოზე თავდასასხმელად აბოცის მოხერხებული გზა აირჩია: "მოვიდა იაყუბ ყაენი, გამოვლო აბოცი და მოადგა ახალქალაქს.." (იქვე, გვ.207) ეს მოხდა 1486 წელს ყიზილბაშებიც ისევე რბევა ოხრებით შედიოდნენ საქართველოში, როგორც მათი წინამორბედები სელჩუკები, მონღოლ-თათრები, თემურის ურდოები და სხვანი და სხვანი. რბევა-თარეშები აბოცსა და მთელ საქართველოს არც XVI საუკუნეში მოკლებია. ამ დროს საქართველოს დაუფლებისათვის დიდხანს ეცილებოდნენ ერთმანეთს ძლიერების ზენიტზე მყოფი წინააზიის უდიდესი სახელმწიფოები ირანი და ოსმალეთი. დიდი ბრძოლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მტრები საქართველოს გაყოფაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით აბოცი და მის აღმოსავლეთით მდებარე ქართული ქვეყნები ირანს ერგო, ხოლო დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო-ოსმალეთს. კარგა ხანს არც შემდეგ რგებია მშვიდობა აბოცს და ისიც თანდათან სულ გაუკაცრიელდა. ასე შევხდა აბოცი XVII საუკუნის 60-იან წლებს, როდესაც ამ გაპარტახებულ მხარეს მზრუნველად და მაშენებლად მოევლინა ქართლის ნიჭიერი და ენერგიული მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი (1658 - 1675). როგორც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, ვახტანგმა "ააშენა და განავსო ქართლი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, რომელსა შინა კაცნი არა იყვნენ" (იქვე, გვ.453) მანვე დიდი მუშაობა გასწია ქვეყანაში ქრისტიანობის გასაძლიერებლად, ააშენა ეკლესიები და ა.შ. აბოცს არც მისი მემკვიდრე ქართლის მეფე გიორგი XI (1675 - 1688, 1703 - 1709) აკლებდა ყურადღებას და არც სხვა მეფეები. გიორგი XI კარგად იცოდა აბოცის საზაფხულო საძოვრების ფასი და მასზე კონტროლსაც სპეციალური მოხელის მეშვეობით ახორციელებდა. როგორც 1686 წლის მისი ერთი წყალობის წიგნიდან ჩანს, ეს მოხელე ზაალ დოლენჯიშვილი (აზნაური) გახლდათ (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Hd-1188). ქართლის ამ სახელოვან მეფეს უშუალოდაც მოუვლია თვალი საქართველოს ამ მარგალიტისათვის და დამტკბარა იქ თავისი მამისა და მისი ნამუშაკევით. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც იგი აბოცის გზით, ისპაჰანისკენ მიემგზავრებოდა (ქართლის ცხოვრება, IV, გვ.474) წინამორბედთა ტრადიციებს აგრძელებდა აბოცის ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარალიხანიც (1688-1703). ისიც დიდი გულისყურით არჩევდა აბოცს სამოურავოდ განსაწესებლად შეთავაზებულ მოხელეებსაც. 1692 წელს მან აბოცის ერთ -ერთი უმშვენიერესი სოფლის ბეთლემის მოურავობა ნასრიაშვილს უწყალობა, თუმცა მალე შეცვალა იგი და ბეთლემი სხვას მისცა. ვერც ეს მოურავი შერჩა დიდი ხნით სოფელს და ბოლოს იგი იასე დოლენჯაშვილს დარჩა (ხელნაწერთა ინსტიტუტი Hd-6042). ერეკლე პირველი აბოცის სხვა სოფლებისადმიც დიდ ყურადღებას ავლენდა. მისი წყალობის 1692 წლის წიგნში სოფელ ორთულუს განწესებული მოურავიც იხსენიება. ქართლის მეფეთა ასეთი გულისყურითა და მორჭმით აბოცი თანდათან მოშენდა და აღორძინდა, თუმცა მტრის მძლავრობა ამის შემდეგაც არაერთგზის დასტყდომია თავს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით დიდი მტარვალობა ქართლისა და მისი ორგანული ნაწილის აბოცისადმი თამაზ - ყული ხანმა (ნადირ შაჰი) გამოავლინა. მან შესანიშნავად გაითვალისწინა აბოცის სტრატეგიული მნიშვნელობა ქართლისთვის და 1735 წელს ერთი ხელის მოსმით ჩაყარა წყალში ქართლის მეფეთა საუკუნეობით ნაღვაწ - ნამუშაკევი ამ ქვეყანაში - ჩვეული სივერაგით აჰყარა მთელი აბოცი და ირანის შორეულ გზას გაუყენა, როგორც ერთ დროს შაჰ-აბას პირველმა კახელები (1614, 1616). ეს იყო და მის შემდეგ ქართულ აბოცს აღარც გაუხარია და დროთა განმავლობაში ტერიტორიულადაც მოწყდა საქართველოს. დღეს იგი სომხეთის ფარგლებშია და ლუკასიანის (გუკასიანი) რაიონს შეადგენს. აბოც - ყაიყულის ბედი ქართველთა მწარე გაკვეთილია, რომლის დავიწყება შეუძლებელია. ეს ქვეყანა თავის დროზე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი წინაზღუდე და კარი იყო სამხრეთით. მას შემდეგ, რაც ის დაიკარგა, წინაზღუდედ ჯავახეთი იქცა. ახლა ამ ზღუდესაც იმასვე უმზადებენ, რაც აბოც - ყაიყულს ეწია. გვახსოვდეს აბოცი და არ დავუშვათ მისი ავბედითი ხვედრის განმეორება.

იური სიხარულიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სტატიის წყარო: http://www.mediafire.com/view/?24hluas0h6txa72