<უკან დაბრუნება...<<უძველესი საქართველო...<<<არქეოლოგიური აღმოჩენები>>>
ძველი კულტურის კერა რიონის ზემოწელში - გ.გობეჯიშვილი (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - //საბჭოთა ხელოვნება, 1955 წ., №6, გვ.45-46
არქეოლოგიური კვლევა-ძიება, რაც ჩვენში გეგმიერად და დიდი მასშტაბით მხოლოდ საბჭოთა პერიოდში წარმოებს, თანდათანობით ათავისუფლებს საუკუნოებრივი მტვერისაგან ქართულ-კავკასიური კულტურის უძველეს ძეგლებს, რომლებიც ამსხვრევენ ძველ ბურჟუაზიულ თეორიებს და სრულიად ახლებურად აშუქებენ კავკასიაში ადამიანთა საზოგადოების განვითარების პროცესს. ახლა უკვე საფუძველი გამოეცალა მტკიცებას, თითქოს ჩვენში პირველი კულტურული კერები გაჩნდა მხოლოდ ბრინჯაოს ხანის მიწურულში. ე.ი. დაახლოებით, ამ 3000 წლის წინათ. არქეოლოგებმა სწორედ კავკასიაში, - საქართველოსა და სომხეთში მიაკვლიეს საბჭოთა კავშირში კულტურის უძველეს ძეგლებს, სახელდობრ, ქვის ხანის ქვედა საფეხურებზე მყოფი ადამიანის ნასადგურევებსა და შრომის იარაღებს, რომელთაგან ჩვენ გვაშორებს დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი წელი. ამას გარდა, კახეთის უდაბნოში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში სწავლულებმა ამოთხარეს ძვლები ადამიანის ერთ-ერთი უძველესი წინაპარი ცხოველისა, რომელსაც "უდაბნოპითეკი" ანუ უდაბნოელი მაიმუნი შეარქვეს. ამ აღმოჩენათა სინათლეზე მტკიცდება. რომ საქართველო და ამიერკავკასია წარმოადგენს საკაცობრიო კულტურის ერთ-ერთ უძველეს აკვანს. უფრო მეტიც, ზოგიერთი გამოჩენილი მეცნიერი (მაგ., მ.პანიჩკინა. ნ. ბურჩაკ-აბრამოვიჩი და სხვ.) ფიქრობს, რომ ამიერკავკასია შედიოდა იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც შორეულ გეოლოგიურ პერიოდებში მიმდინარეობდა და დასრულდა ანთროპოგენის, ანუ ცხოველთა სამყაროდან ადამიანის გამოყოფის პროცესი. ასევე საბოლოოდაა უკუგდებული ყველა ჯურის რასისტთა "მტკიცებანი" ქართულ - კავკასიური კულტურის უცხოური, უპირატესად ინდოევროპული წარმომავლობის შესახებ. სერიოზულ მკვლევარს ახლა როდიღა აპატიებენ განიხილოს ეს კულტურა, როგორც ჩვენს მიწაზე დაცვენილი უცხოური თესლის ნაყოფი. ცხადია, წარმოუდგენელია მოწინავე კულტურა, რომელიც იხარშება მხოლოდ საკუთარ წვენში და სრულიად ვერ იცნობს მეზობელი ხალხების კულტურის მიღწევებს: ძველი ეგვიპტის, სუმერისა და კრიტოსის სახელმოხვეჭილი კულტურები თუმცა უაღრესად თვითმყოფი (ორიგინალური) ხასიათისა იყო, მაგრამ ერთმანეთის მონაპოვარითაც უხვად სარგებლობდა. არც ძველი ქართული კულტურა ყოფილა მოწყვეტილი გარე სამყაროს. იბერულ-კავკასიურ ტომებს თავისი მონაპოვარის უკეთესი ნაწილიც შეჰქონდათ საკაცობრიო კულტურის საგანძურში და სხვა ხალხთა კულტურის წარმატებასაც თვალს ადევნებდნენ. მაგრამ უცხოური კულტურის ელემენტი, თუკი მას სერიოზულ მნიშვნელობას მივანიჭებთ, მოდიოდა ჩვენში არა არიულ - ინდოევროპული სამყაროდან. შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროს გამოვლით, როგორც ამის დამტკიცებას ცდილობდა ცნობილი რასისტი გ.გილკე, არამედ წინა აზიიდან, სადაც უძველეს დროშივე მაღალგანვითარებული კულტურა და პირველი მონათმფლობელური სახელმწიფოები შექმნეს იბერულ-კავკასიური ტომების მონათესავე ხალხებმა - სუმერებმა, სუბარებმა, მიტანიელებმა და სხვ. გამოჩენილი საბჭოთა არქეოლოგები ვ.გოროდცოვი, ა.იესენი, ბ.პიოტროვსკი, ე.კრუპნოგი და სხვ. მრავალი ფაქტის მიხედვით ამტკიცებენ წინააზიურ-კავკასიური კულტურის მძლავრი ნაკადების გავრცელებას კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში. იმავე კულტურის გავლენებზე დასავლეთ ევროპაში მოგვითხრობს მრავალი ფაქტი, რომელსაც დაინტერესებული მკითხველი იპოვნის ინგლისელი პროგრესული არქეოლოგის გ.ჩაილდის ნაშრომში "ევროპის ცივილიზაციის სათავეებთან" (მისი რუსული თარგმანი დაიბეჭდა მოსკოვში. 1952 წ). ამგვარად, თუ გავლენების ძიებაზე მიდგება საქმე, აღმოჩნდება, რომ ეს გავლენები უმთავრესად ვრცელდება წინააზიურ-კავკასიური სამყაროდან ევროპაში და არა პირიქით. ძველი ქართული მაღალგანვითარებული კულტურის თვითმყოფობის მაუწყებელი ბევრი ძეგლი ამომზეურდა ჩვენს დროში. საბჭოთა მკითხველი საკმაოდ კარგად იცნობს მცხეთაში, თრიალეთში, საჩხერეში და კოლხეთის დაბლობზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგებს: მოხდენილ კერამიკას, მხატვრული გემოვნებით დამზადებულ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელს, სამკაულს, ბრინჯაოს იარაღსა და სხვ. ბევრი მათგანი თავისი დროის ხელოვნების შედევრია და თამამად შეიძლება გვერდში ამოვუყენოთ მსოფლიო არქეოლოგიის საუკეთესო მონაპოვართ. ამ მხრივ საკმაოა დავასახელოთ თუნდაც რამდენიმე ნივთი: ორფრიზიანი ვერცხლის სასმისი თრიალეთიდან, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს თასი იქიდანვე (ორივე ეკუთვნის ძვ.წ. II ათასეულის შუა ხანებს), საყურეები ლენინგორიდან (ძვ.წ. VI-IV სს), ყელსაბამი არმაზისხევიდან (ახ.წ. II- III სს.) და სხვ. მაგრამ ქვის ხანის მერმინდელ ძველ კულტურათა მთავარი საზომი მიწათმოქმედებისა და მეტალურგიის განვითარების დონეა. საქართველოს არქეოლოგია არც ამ მხრივ არის ვალში. განვითარებული მიწათმოქმედების მაუწყებელი ძეგლებს - ხარის ქანდაკებანი, თოხები, ნამგლები, კევრი. სხვადასხვა სახის მარცვლეულის ხელსაფქვავები - მიკვლეულია უმთავრესად საქართველოს ბარში: კოლხეთის დაბლობზე, ქართლის ველებზე და სხვ. ქართველი ტომების მეტალურგიული კულტურის შესახებ მოგვითხრობს ძველი მითები და მწერლობა. არგონავტების მითში ძირითადი ადგილი უკავია კოლხურ ოქროს საწმისს: უკვე ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში რკინისა და სპილენძის დამუშავების ოსტატობით სახელი გაუთქვამთ ხალიბებსა და მოსინიკებს. ძვ.წ. VI საუკუნის ავტორი წერს თუბალის ტომზე, რომელსაც მსოფლიო იცნობდა კვერითხუროობითა და რვალისა და რკინის ნაწარმით, ფინიკიის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრებში რომ შეჰქონდათ. ამ წყაროების ცნობათა სინამდვილის დამადასტურებელი ზოგი არქეოლოგიური მასალა ხელთ ჰქონდა ჯერ კიდევ დიდი ოქტომბრის წინა პერიოდის არქეოლოგიას. მაგრამ ის, რაც საბჭოურმა არქეოლოგიამ ამ მხრივ გააკეთა, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ახალი მონაპოვარი ეჭვმიუტანლად მოწმობს, რომ არა მარტო წინა აზიის კლასობრივ საზოგადოებებთან ტერიტორიულად დაახლოებული, არამედ შედარებით შორს, კავკასიის მაღალ მთიან რაიონში დამკვიდრებული ქართველი ტომებიც ადრე ჩაებნენ ლითონების მოპოვება-დამუშავების საქმეში. ამას ცხადყოფს ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა მდ.რიონის სათავეებში. ონისა და ამბროლაურის რაიონში, სადაც მიკვლეულია კულტურის ერთი მძლავრი კერათაგანი, სოფ.ღებთან, ზღვის დონიდან 2500-2600 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს მაღაროებისა და მადნის სადნობ ღუმელთა ნაშთების შესწავლა. ეს არის ქართული სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების, ჯერჯერობით, უძველესი დათარიღებული ძეგლები. რომელთა აღმოცენება დაწყებულა ძვ.წ. II ათასეულის შუა ხანებში. მაღაროებში აღმოჩენილია ხის ნახშირის სქელი ფენა და მაგარი ჯიშის ქვის ბევრი ურო, ე.ი. მასალა, რომელიც კარგ სამსახურს გვიწევს იმდროინდელი სამთამადნო ტექნიკის გასათვალისწინებლად. ცხადია, იმ დროს სრულიად უცნობი იყო. სხვაზე რომ არაფერი თქვათ, ამაფეთქებელი ნივთიერებანი. მადნის შემცველ ქანებს ჩვენი წინაპრები ანგრევდნენ სითბო-სიცივის კანონების ცოდნის გამოყენებით. კავკასიის ქედის კლდოვან-ქარაფოვან ზონაში მათ დიდი შრომის ფასად აჰქონდათ შეშა იმ რაოდენობით, რაც საჭირო იყო მადნიანი ქანების გასახურებლად. გახურებულ კლდეზე ისინი მიუშვებდნენ ცივ წყალს, რომელიც ქანებს არღვევდა. დანაპრალებული კლდიდან ქვის უროებით ანგრევდნენ მადანს და იმავე იარაღით წარმოებდა მისი პირველადი გამდიდრება, ე.ი. მადნისაგან ფუჭი ქანების ძირითადი მასის ჩამოშორება. ამგვარად გამდიდრებული მადანი ჩაჰქონდათ დაბლა, ტყის ზონაში, სადაც საკმაო სათბობი იყო. აქ სრულდებოდა მადნის მეტალურგიული გადამუშავების შემდგომი პროცესები. გამოწვის გზით გოგირდოვანი მინარევების მოცილება. დაფქვა, გამოდნობა. მზამზარეული ლითონი მიდიოდა სახელოსნოებში, სადაც წარმოებდა საომარი, სამეურნეო, საოჯახო და სხვა სახის ნივთების ჩამოსხმა-გამოჭედვა. ექსპედიციამ ლითონსადნობ ღუმელთა ბევრი ნაშთი აღრიცხა როგორც ონის, ისე ამბროლაურის რაიონში. ძველი მაღაროებისა და ღუმელების სიხშირე იმას მოწმობს, რომ იქაური ლითონი აკმაყოფილებდა არა მარტო ადგილობრივ მოთხოვნილებას, არამედ დიდი რაოდენობით გაჰქონდათ სხვა მხარეებშიაც. რაჭის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაპოვარში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადგილობრივი ლითონიდან დამზადებულ საგნებს. ისინი მომდინარეობენ სხვადასხვა დროის სამაროვნებიდან თუ განძებიდან. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ბრილის მრავალსართულიანმა სამაროვანმა, რომელიც ძევს სოფ.ღების ჩრდილო-დასავლეთით, თვალწარმტაც ხეობაში. ბრილში უძველესი სამარხები ეკუთვნის ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებს, უახლესი კი ახ.წ. III -IV საუკუნეებს. ბევრია ძვ.წ. I ათასეულის ძეგლებიც. მიწის ზემოთ კი ახლაც შეინიშნება ფეოდალური ხანის ციხე-კოშკის, საკულტო და სამოქალაქო ნაგებობათა ნაშთები. უძველეს დროში ბრილის და საერთოდ რიონის მთელი ზემოწელის მოსახლეობა, გარდა მეტალურგიისა, მესაქონლეობასაც მისდევდა. საქონელში წამყვანი როლი ეკუთვნოდა ცხვარს, რომელსაც ზაფხულში ადგილობრივ ალპიური საძოვრები აძლევდა საკვებს, ხოლო ზამთარში, ალბათ, კოლხეთისა და ჩრდილო კავკასიის ველები. სამარხებში გვხვდება ვერძის თავის ბევრი ქანდაკება. როგორც მოსალოდნელიც იყო, მეურნეობის წამყვან დარგს შეუპირობებია კულტის ხასიათიც. მართლაც, აღმოჩენილია ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული გამოსახულებანი რაღაც ფანტასტიკური არსებისა, რომელსაც შეიძლება ცხვარ-ჩიტა ვუწოდოთ. მისი გაშლილი ფრთები ცულს მოგვაგონებს, თავი ვერძის თავს, ხოლო ბოლოს ამკობს მზის დისკოები. ამ უძველესი პერიოდის ძირითად საბრძოლო და სამეურნეო იარაღს წარმოადგენდა ყუამილიანი ცული და მარტივი სატევარი. ისინი მომდინარეობენ უფრო ადრინდელი, საჩხერული იარაღიდან და თავისი ფესვებით დაკავშირებული არიან სუმერულ კულტურასთან. განვითარების შემდგომ ეტაპზე, ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ბრილელთა იარაღი საკმაოდ გაუმჯობესებულა. ხმარებაში შემოსულა კოლხური ცული და ფრიად მოხდენილი სატევარი. ამ დროის სამარხებში აღმოჩენილია ბრინჯაოს თოხი და ნამგალიც რაც იმას მოწმობს, რომ მთაშიც მისდევდნენ მიწათმოქმედებას. მოსახლეობას პირველი ნაბიჯი გადაუდგამს რკინის დამუშავების საქმეში. მომდევნო საუკუნეებში რკინის იარაღს გაბატონებული ადგილი დაუკავებია, მაგრამ ბრინჯაო მაინც ხმარებაში დარჩენილა ასე. მაგ ძვ.წ. VI-V საუკუნით დათარიღებულ ერთ-ერთ სამარხში ჩვენ ვიპოვნეთ ბრინჯაოს მეტად საყურაღებო იარაღი ცულმახვილა, რომელსაც ამკობს ვერძის თავის ხუთი ქანდაკება, კალმახის გრაფიკული გამოსახულებანი და სხვადასხვანაირი გეომეტრიული სახეები. მხატვრულად სრულყოფილი ეს იარაღი სრულიად უნიკალურია. ასევე დიდი მხატვრული გემოვნებითაა დამზადებული ბრინჯაოს ჭურჭელი, ცხენის კაზმულობის ნაწილები და სამკაული. მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშებში ცხოველები გადმოცემული არიან მოძრაობაში, ზოგჯერ რამდენადმე გაზვიადებულად. წერილის განსაზღვრული ხასიათი საშუალებას არ იძლევა სრულად ჩამოვთვალოთ ბრილში ამოთხრილი ძეგლების თუნდაც ძირთადი ნაწილი. არც მთელი მასალის განზოგადებას ვისახავთ მიზნად. დავჯერდებით მხოლოდ ერთი საკითხის გაკვრით მოხსენიებას. მონაპოვარი მოწმობს. რომ ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგამდე ბრილის კულტურა ვითარდებოდა გვაროვნული წყობილების პირობებში. მესაქონლეობისა და ლითონით ვაჭრობის განვითარებამ მოამზადა საზოგადოების გათიშვა ჯერ ქონებრივად, ხოლო შემდეგ სოციალურად. ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან წმინდა ადგილობრივ კულტურაში შეიჭრა უცხო ელემენტიც - უმთავრესად ბერძნულ-ეგვიპტური და ფინიკიური ნაწარმი, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რაიონებში შავი ზღვისპირეთის ბერძნული კოლონიების მეშვეობით აღწევდა. ეს არის ხოჭოს გამოსახულებანი, რომელიც ავგაროზის როლს ასრულებდა. სხვადასხვანაირი მძივები, ფერადი მინის ჭურჭელი და შავლაკიანი კერამიკა. მთის საზოგადოება განვითარების იმ დონეზე იდგა, რომ ფუფუნების საგნების დიდი მოთხოვნილება იგრძნობოდა. ამ მხრივ საყურადღებოა ძვ.წ. V ს. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილი სურნელოვანი სითხე, რომელიც დაცული იყო მჭიდროდ თავდახურულ, ფერადი მინის კოპწია ჭურჭელში. უცხოური ნაწარმი, საფიქრებელია, იცვლებოდა ლითონზე და მესაქონლეობის პროდუქტებზე. უფრო გვიან კი გაცვლა-გამოცვლამ ნამდვილი ვაჭრობის ხასიათი მიიღო: რიონის ზემოწელში სპილენძისა და ვერცხლის ფულის ტრიალი დასტურდება ძვ.წ. IV საუკუნიდან. ახ.წ. დამდეგს ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მიბაძვით ადგილობრივ სჭრიდნენ ოქროს მონეტას, რომელსაც გასავალი ჰქონდა უმთავრესად დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში და ნაწილობრივ ქართლშიც. ვაჭრობის განვითარებამ ძლიერ დააჩქარა საქართველოს მთაში გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესი. ბრილში მიკვლეულ კულტურას ბევრი რამით ჰგავს ეგრეთ წოდებული დიგორ-ყობანური კულტურა ერთი მხრივ და კოლხეთის დაბლობის კულტურა. მეორე მხრივ, ყველა ეს ძეგლი ფაქტიურად წარმოადგენს ერთიანი კოლხური კულტურის ადგილობრივ ვარიანტებს. თითოეული კულტურული კერის თავისებურება შეპირობებულია ასაკითა და მეურნეობის ადგილობრივი სახეებით. ამ კერათა სახით ჩვენს წინაშეა ერთიანობა მრავალფეროვნებაში, რომელიც ასე დამახასიათებელია მთელი ქართული კულტურისათვის.
|