topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სამთავისი - ს.მაკალათია

<უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათაის ს. ლეხურის ხეობა. - თბილისი, 1964. - გვ.18-26.

სამთავისი მდებარეობს ლეხურის მარცხენა ნაპირას, იგი შედარებით პატარა სოფელია, შედგება 200 მეკომურისაგან. მთავარი გვარებია უზნაძე, მჭედლიძე, ილურიძე, რაზმაძე, ტერიაშვილი, ხატისკაცი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია უზნაძე. სამთავისი შეძლებული და მოწინავე სოფელია. მან სახელი გაითქვა პირველი კომუნის დაარსებით 1924 წელს. სამთავისის კომუნა დარსდა ადგილობრივი კომუნისტების ინიციატივით. კომუნაში გაერთიანებულა თავდაპირველად 14 კომლი. აუგიათ ქვიტკირის საერთო საცხოვრებელი. მთავრობისაგან მიუღიათ დოტაცია და ამ თანხით აუშენებიათ კლუბი, სკოლა და საბავშვო ბაღი. კომუნა შჟდგებოდა 28 ოჯახისაგან. შვიდსულიან ოჯახს ჰქონია ორი ოთახი, დანარჩენს კი - თითო. ყველაფერს გამგეობა განაგებდა - როგორც შრომას, ისე შრომის ნაყოფის განაწილებას. კომუნის წევრებს თავისი ქონება კომუნაში შეუტანიათ. 1935 წელს კომუნა გაზრდილა 40 კომლამდე. სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის დროს თავისი ვენახები და ბაღები გაუერთიანებიათ კოლმეურნეობაში. კომუნაც დაშლილა და მისი წევრები შესულან კოლექტიურ გაერთიანებაში.

სამთავისი, ამასთანავე, ძველი ისტორიული სოფელია და ცხობილია XI საუკუნის შესანიშნავი კათედრალით, რომელსაც თავისი ნაგებობითა და დეკორით მნახველი ახლაც აღტაცებაში მოჰყავს. სამთავისი, როგორც საეპისკოპოსო, ცნობილია VI საუკუნიდან და, ვახუშტის სიტყვით, აქ მოღვაწეობდა ერთი ცამეტი სირიელი მამათაგანი ისიდორე: "რეხულას აღმოსავლეთით არს სამთავისი, ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდ მშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა. ქმნულ არს. იგი (13) მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე. რასაკვირველია, დღევანდელი სამთავისის ტაძარი არ არის ისიდორეს მიერ აშენებული VI საუკუნეში, - იგი მხოლოდ ამ ადგილას იყო დაყუდებული და ქრისტიანული მოძღვრების პროპაგანდას ეწეოდა. სამთავისის საეპისკოპოსო განაგებდა საკმაოდ ვრცელ სამწყსოს - ლეხურისა და ქსნის ხეობას, იგი მონაწილეობას იღებდა 506 წელს ალბანელთა, სომეხთა და ქართველთა გაერთიანებულ კრებაზე. მეფის კურთხევისას სამთავნელი ეპისკოპოსი ჯდებოდა 23-ე ადგილზე, ნიქოზელის წინ და მროველის უკან. რასაკვირველია, ასეთ ვრცელ და მნიშვნელოვან სააეპისკოპოსოს შეშვენოდა დიდი და მდიდრული დეკორიანი ტაძარი. შუა საუკუნეში სამთავისს ამისი მატერიალური შესაძლებლობაც ჰქონდა და სამთავნვლ ეპისკოპოს ილარიონ ყანჩელის ძეს ეს მონუმენტური ტაძარი აუგია 1030 წელს, ხოლო სხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი - მარანი და საწნახელი - 1050 წელს. მის სახელწოდებაზე "სამთავისი" არსებობს ასეთი გადმოცემა. როდესაც ვახტანგ გორგასალი ოსებს ებრძოდა, ფიცი გაუტეხია და ოსი ბაყათარი მოუკლავს. ცოდვის მოსანანიებლად მეფეს აუგია ოთხი ეკლესია თბილისის სიონი, მეტეხის ეკლესია, წილკნისა და სამთავისის ტაძარი. სამთავისი დანარჩენ სამზე კარგი ყოფილა, ამიტომ ეწოდა "სამ-თავი"-სი, ე.ი. დანარჩენი სამი ეკლესიის თავიო".

სამთავისის ტაძარზე ხალხს შეუთხზავს სვეტიცხოვლის მსგავსი ლეგენდა. ოსტატმა ააგო მცხეთისა და ახალქალაქის (უნდა იყოს - მეტეხის), შეგირდმა კი -სამთავისის ტაძარი. მათში ყველაზე კარგი აუგია მოწაფეს და მისთვის ხელი მოუჭრია ოსტატს. ეს შეგირდი შიგ ტაძარში მარხიაო. როგორც ცნობილია, XV საუკუნეში სამთავისი მეფე გიორგი VIII თავდადებისათვის უბოძა იოთამ ზედგენიძეს ამილახვრობასთან ერთად სამარხად (სასაფლაოდ). ამიერიდან იგი გადადის ამილახვრიანთ მფლობელობაში და სამთავისში იმარხებოდნენ იოთამის ჩამომავალნი. ქართლ - კახეთის რუსეთთან შეერთებისას სამთავისის საეპისკოპოსო ფლობდა 17 სოფელს, ერთ თავადსა და 5 აზნაურს. სამთავისის ტაძარს თავისი პირვანდელი სახით არ მოუღწევია: მან მტრების შემოსევის გამო, განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, შინაფეოდალური ბრძოლებისა, შაჰ-აბაზის შემოსევებისა და ლეკიანობისაგან ბევრი აოხრება და ნგრევა განიცადა. XI X საუკუნის პირველ ნახევარში განიზრახეს მისი კაპიტალური შეკეთება - განახლება და 1850 წელს ეს საქმე არქიტექტორ რიპარდს დაევალა. სამთავისის ტაძარი თავისი გეგმითა და ნაგებობის ტექნიკით მიეკუთვნება XI საუკუნის შიდა ქართლის ისეთ საუკეთესო ძეგლებს, როგორიც არის კავთისხევის, ერთაწმინდისა და იკორთის ტაძრები, რომლებიც შემკულია მაღალსარისხოვანი ჩუქურთმებით. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ სამთავისის აღმოსავლეთის ფასადი უფრო მდიდრულად არის მოჩუქურთმებული, ამასთანავე, მაღალმხატვრული გემოვნებით. ამით აიხსნება მისი მეტი ეფექტიანობა სხვებთან შედარებით. აკად. მ.ბროსეს თქმით, სამთავისის აღმოსავლეთ ფასადი შემკულია ისეთი მდიდრული ორნამენტებით, რომელთა მიხედვით იგი უნდა ჩაითვალოს ერთ ულამაზეს ძეგლად საქართველოში. აკად. გ.ჩუბინაშვილის სიტყვით, თუ ჩვენ შევჩერდებით მომწიფებულ შუა საუკუნეთა ერთ ყველაზე დასრულებულ კათედრალზე, სახელდობრ სამთავისზე, აქ პირველყოვლისა, უნდა აღინიშნოს მისი პროპორციების სიზუსტე და გაქანების თავისუფლება, მისი კეთილშობილური ზომიერება დეკორატიულ შემკულობაში და ორნამენტიკის სისრულით დამუშავებაში.

სამთავისის ტაძარი ქვიტკირით არის ნაგები, მოპირკეთებულია კარგად ნათალი და ლამაზად წყობილი მოთეთრო ქვაფიქლით. აქვს ჯვრის ფორმა და მაღალი გუმბათი. ეკლესიის კარ-ფანჯრების ჩარჩოები სხვადასსვა სახის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. განსაკუთრებით მდიდრულად არის მოჩუქურთმებული ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი ჯვრებით, როზეტებით, ყურძნის მტევნებით და სხვ. მარცხენა მხარეზე მოთავსებულია საუცხოოდ შესრულებული გრიფონის ბარელიეფი. ორივე ნიშის კამარები და ფანჯრებიც შემკულია ჩუქურთმიანი ორნამენტებით. შუაში ჩასმულია ჩუქურთმიანი მოზრდილი ჯვარი, რომლის მკლავებში მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა: "ქ.ხატო ღვთაებისაო შეიწყალე სული ილარიონი ძისა ვაჩე ყანჩელისო". სამთავისის ტაძარი ღვთაების სახელზეა აშენებული და მშენებელიც მას შესთხოვს შეწყალებას. ტაძრის დასავლეთის კედელზე ჩასმულია ხუთი ქვაფიქალი ასომთავრული წარწერით. ერთზე იკითხება. "ჰოი". დიდისა ამილახორისა თანამეცხედრესა მეფეთ-მეფისა ასულსა მეორედ აღმაშენებელსა გაიანეს შეუნდვეს ღმერთმან ამინ". წარწერა XV საუკუნისაა და გაიანეს ეკუთვნის, ამირინდო ამილახვარის მეუღლეს. იქვე, უფრო დაბლა, არის მეორე წარწერა, რომელიც გაიანეს შვილს სიაოშს ეკუთვნის: "ხატო ღვთაებისაო, მეოხ ექმენ მეორედ აღმშენებელსა შვილს სიაოშისა, ამინ, უფალო ღმერთო". ამ წარწერიდან ირკვევა, რომ XV საუკუნეში, როდესაც სამთავისი ამილახვრიანთ მფლობელობაში გადავიდა, მათ უზრუნიათ ტაძრის აღდგენაზე. გაიანეს განუახლებია უზუნ-ჰასანისაგან აკლებული (1477-1478 წწ.) სამთავისის ტაძარი. XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე სამთავისი საფუძვლიანად იქნა შეკეთებული, დაქცეული გუმბათის ყელის ნაცვლად აიგო სრულიად ახალი. დასავლეთის კედელი კი მთლიანად გადაკეთდა. მცირედ შეკეთებულა სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედელიც.

შიგ ტაძარი მოხატული ყოფილა, ახლა თეთრად არის შელესილი. მხატვრობა დაცულია საკურთხეველში. საკურთხევლის ცაზე გამოსახულია მაცხოვარი,   გარჯვნივ დგას ღვთისმშობელი, მარცხნივ - იოანე ნათლისმცემელი (დეისუსი). ქვემოთ სამ წყებად გამოსახულია საეკლესიო წმინდანები და მღვდელმთავრები ხელში გრაგნილებით. იარუსებს შორის მთელ სიგრძეზე გაყოლებულია ასომთავრული წარწერა, ლამაზი ხელით შესრულებული. მხატვრობა დაზიანებულია. იგი XV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. საკურთხეველის მარცხენა მხარეზე სამკვეთლოში ქვის სარკოფაგია, რუხი ფერისა. დანამდვილებით არავინ იცის, ვის ეკუთვნის იგი: ზოგი ამბობს, ტაძრის მშენებლის, ილარიონის საფლავიაო, ზოგს, ვახუშტის მიხედვით, ისიდორესი ჰგონია. შიგ ტაძარში ამილახვრიანთ რამდენიმე საფლავია, რომლებზედაც მათი საგვარეულო ღერბია გამოხატული: წმ.გიორგი - ვეშაპის გამგმირავი, კლიტე და ისარი, ჩექმა თევზებით, ქვეშ ეკლესია და სამრეკლო, შემდეგ დგას წმინდანი ხელში სასწორით და დროშით. ორივე მხარეზე ორ ფეხზე შემდგარი ლომი დგას. სამთავისის საკმაოდ ვრცელი ეზო შემოზღუდულია გალავანით, რომელსაც ჩრდილოეთით აქვს შემოსასვლელი ალაყაფის კარი, ზედვე დაშენებულია აგურის სამრეკლო. გალავანიც ნაწილობრივ აღდგენილია და შეკეთებული. ძველ გალავანს შერჩენილი აქვს ქონგურები, სათვალთვალოები და ბაქანი (მეთოფეთა სადგომი). სიმაღლე 4 მეტრია, ნაგებია რიყის ქვით. მას ოთხივე კუთხეზე ჰქონია კოშკი, დარჩენილია მხოლოდ ერთი ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეში. იგი მრგვალია და სამსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლებში გამოყენებულია აგურიც. მესამე სართულს დატანებული აქვს სათოფურები. კოშკი ჩამონგრეულია.

გალავნის სამხრეთის მხარეზე მიშენებულია ქვიტკირის პატარა ეკლესია, ფორმით ერთნავიანი. იგი დაშლილია, დარჩენილია მხოლოდ მისი კედლები. კოშკის ჩრდილოეთის კედელზე მიშენებულია ციხე-დარბაზი, რომელიც სამი სართულისაგან შედგება. I და II სართულში გამართულია საცხოვრებელი ოთახები ბუხრებითა და სარკმლებით. მესამე სართული საომარი დანიშნულებისაა და მას ქონგურები და სათოფურები აქვს. ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით, კარები და სარკმლები კი - ქართული აგურით, ახლა ციხე-დარბაზი დანგრეულია, დარჩენილია მისი ჩრდილო - აღმოსავლეთის კედელი. ეს გალავანი მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო ეკლესიის მსახურთა და სოფლის მოსახლეობისათვის. გალავანი და სამრეკლო შენებულია XVI საუკუნეში.