<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ღვთაებრივი ცეცხლით განდევნილი მტერი. სამთავისი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005. - გვ.200-206.
ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, როდესაც თემურ ლენგი სამთავისის ტაძარში შევარდნილა და ერთ-ერთ კედელზე ჯვრის შემუსვრა განუზრახავს, ტაძრის სიღრმიდან გამოვარდნილა ცეცხლი. XIX საუკუნის ცნობილი მოგზაური, ა.მურავიოვი, თავის მოგზაურობაში აღნიშნავს. რომ ადგილობრივი მოსახლეობა მნახველს ტაძარში იმ ადგილს უჩვენებს, საიდანაც ცეცხლი გამოვარდნილა სამთავისის ამაღლების ტაძარში წმიდა ნაწილებიც ინახებოდა.
XI საუკუნეში აგებული სამთავისის გუმბათოვანი ტაძარი კასპის რაიონში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სამთავისის ტაძრის კომპლექსში შედის: დიდი ტაძარი, გალავანი, ეპისკოპოსის პალატი, მცირე ეკლესია და სამრეკლო. გადმოცემით, სამთავისის ტაძარი, თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად ვახტანგ გორგასალს აუგია. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობიდან აღარაფერი შემორჩენილა. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, რომლის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ შემონახულა. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებდა დასავლეთი კარის ზემოთ, ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის თანახმადაც, ტაძრის ამშენებელი იყო ილარიონ სამთავნელი - ძე ვაჩე ყანჩაელისა (წარწერიანი ქვა დაკარგულია). მშენებლობის თარიღია 1030 წელი. დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს. ძეგლი გამოირჩევა პროპორციული ჰარმონიულობით და ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც ხუთთაღიანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორაციულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარია, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. ტაძრის ხუროთმოძღვრება ახლებური გადაწყვეტით გამოირჩევა (გეგმის გამარტივება, ფასადების დეკორაციული სისტემის სრულყოფა და სხვა), რაც საფუძვლად დაედო განვითარებული ფეოდალური ხანის ქართული მონუმენტური არქიტექტურის შემდგომ განვითარებას.
XV საუკუნეში ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში, ადგილობრივი ფეოდალების აღზევების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ტაძრის რესტავრირება. თავიდან აშენდა ჩრდილო-დასავლეთი ბურჯი, გუმბათი და დასავლეთი კედელი. ტაძარს გარს ერტყმის გალავანი, რომლის ფარგლებში ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევებია. ტაძრის ჩრდილოეთით XVII საუკუნით დათარიღებული სამრეკლო მდებარეობს. სამთავისში იყო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო, რომელიც 1811 წელს გაუქმდა. აქ ადრევე დაფუძნდა კათედრალი. ძველთაგანვე ეს ადგილი კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. სამთავისში მოღვაწეობდწენ მწიგნობრები და კალიგრაფები: გადამწერები ილია (XVI ს.) არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს), მთარგმნელი და მწიგნობარი კვიპრიანე სამთავნელი (XVII – XVIII ს.), რომელმაც ბერძნულიდან გადმოიღო კურთხევანი "განმარტება ეკლესიისა და კურთხევა მისი", "საქმენი შვიდთა სასიკუდინეთა ცოდვანი", სამართლის წიგნი და სხვა. XVIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ აგრეთვე ანტონ პირველი, ბენედიქტე სამთავნელი, გერვასი მაჭავარიანი და სხვები.
|