There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ალავერდი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.53-54
ქუთაისის ტაძარს მრავალმხრივ უახლოვდება ალავერდის სახელგანთქმული საეპისკოპოსო ტაძარი, აგებული XI ს - ის პირველ მეოთხედში. იგი კახეთში მდებარეობს, თელავიდან 18 კილომეტრის დაშორებით. ბაგრატის ტაძრისაგან განსხვავებით, იგი ვაკეზე დგას და თავს დაჰყურებს ალაზნის ველს - მისი ცად აწვდილი წვეტიანი სახურავი და თეთრი კედლები ყოველი მხრიდან დიდი მანძილიდან ჩანს. ამ უზარმაზარი ველისა და მის შუაგულში აღმართული ტაძრის სანახაობას მარადთოვლიანი კავკასიონი ამთავრებს. ეს ერთი ულამაზესი ადგილთაგანია ჩვენს ქვეყანაში, ხოლო თვით ალავერდის ტაძარი საქართველოს ყეელაზე მაღალი ეკლესიაა (გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება). გეგმის საფუძველს, ისევე როგორც ოშკსა და ქუთაისში, აქაც ტრიკონქი შეადგენს. ოღონდ აქ სამივე აფსიდი გარე კედლების სწორკუთხედის ფარგლებშია მოქცეული, ე.ი. არ არის შვერილი მკლავები, რომლებიც იმ ორ ტაძარში გარედანაც ჯვარისებრ მოხაზულობას ჰქმნიდა. ჯვრის სახე აქ მიწის დონეზე კი არ იხაზება, არამედ სივრცეში იქმნება შენობის მასებით. აფსიდები ერთმანეთს მიუახლოვდა და მძლავრ გუმბათქვეშა ბოძებს გადაება. დასავლეთის მკლავის გარშემო აქაც პატრონიკეა. ალავერდის ხუროთმოძღვარმა შექმნა გრანდიოზული შიგა სივრცე (შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო გრანდიოზული მთელ ქართულ არქიტექტურაში), რომელიც არაჩვეულებრივი ძალით მოქმედებს მნახველზე. ამ სივრცეში ძალიან ნათლად იგრძნობა კახური ძეგლების დამახასიათებელი თავისებურება - პროპორციების აზიდულობა, ვერტიკალობა. ეს თვისება კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს გარედან. ტაძრის ფასადების მორთულობა ძალიან ძუნწია - ესეც კახური თავისებურებაა. უზარმაზარი კედლების ფართო, მხოლოდ თაღებითა და ნიშებით დანაწევრებულთ სიბრტყეები ხელს უწყობს დიდებულების შთაბეჭდილებას. აღმოსავლეთ ფასადზე აქაც მეორდება ხუთთაღიანი კომპოზიცია, მაგრამ არის ზოგი დეკორაციული დამატებაც, რომლებიც იმ დროს სხვა ოსტატებმაც შეითვისეს - ეს არის წრეხაზები და თაღები, ამოზრდილი იმ ლილვების კონებისაგან, რომელთაც შუა თაღი ეყრდნობა. ალავერდის ტაძარი გარედანაც და შიგნიდანაც მთლიანად მოპირკეთებულია (მეორეხარისხოვან სადგომთა გარდა) მოყვითალო ნასვრეტოვანი ტუფის, ე.წ. შირიმის ფილებით (თავდაპირველად, ფასადები შეთეთრებული არ ყოფილა). შენობა არა ერთხელ შეუკეთებიათ და აღუდგენიათ. თავიდან მას სამ მხრივ სტოა - გალერეა უვლიდა, ახლა გადარჩენილია მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილი. კედლების დაზიანებული ნაწილები აგურითაა აღდგენილი, გუმბათქვეშა თაღები და მთელი თექვსმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი აგურისა, ხელმეორედაა აშენებული XV ს-ის უკანასკნელ მეოთხედში კახთა მეფის ალექსანდრესა და ანა დედოფლის მიერ. ეჭვს გარეშეა, რომ ახლანდელი გუმბათის ყელი თავისი სიდიდითა და პროპორციებით, სავსებით შეესატყვისება თავდაპირველს. შიგნით ტაძრის კედლები XIX საუკუნეში შეათეთრეს. 1967 წელს დაიწყო შეთეთრებული კედლების გაწმეხდა - აღმოჩნდა ძველი მხატვრობის ნაწილები მეფეთა პორტრეტებითა და წმინდანთა გამოსახულებებით. ალავერდის ტაძარი აგებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილას, რომლის აშენებამდეც აქ წარმართული სალოცავი არსებობდა. საუკუნეთა მანძილზე ალავერდი განსაკუთრებული სახელით სარგებლობდა. იგი საქართველოში ყველაზე პოპულარული წმინდანის - გიორგის სახელობისაა. ყოველწლიურად 14 სექტემბერს აქ, ტაძრის გალავანში, იმართებოდა დიდი საეკლესიო დღესასწაული "ალავერდობა", რომელიც უამრავ მლოცველს იზიდავდა არა მარტო კახეთიდან. ტაძრის გარშემო, გალავნის ფარგლებში, რამდენიმე შენობაა - აბანო, სატრაპეზო, საზეიმო დარბაზი, ჯარისკაცთა სადგომი. ეს შენობები სხვადასხვა ხანას მიეკუთვნება და კახეთის შფოთიანი ისტორიის სხვადასხვა ფურცლებს უკავშირდება.
ალავერდი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. -თბ., 1974. - გვ.134-136.
(XI საუკუნის I პირველი მეოთხედი)
წმ. გიორგის ტაძარი აგებულია XI ს-ის პირველ მეოთხედში, მაგრამ აქ მანამდეც არსებობდა ეკლესია, დაარსებული VI ს-ში იოსებ ალავერდელის მიერ - იოსები 13 ასურელი (სირიელი) მისიონერის ჯგუფს ეკუთვნოდა. მაშინ ეს ტყეებით დაფარული უდაბური ადგილი იყო. საფიქრებელია, რომ აქ ძველთაგანვე იყო წარმართული სამლოცველო და ახალმა ქრისტიანულმა ეკლესიამ საგანგებოდ აირჩია ეს ადგილი თავისი ტაძრისთვის, რომ მლოცველთათვის შეჩვეულ ადგილს დაპატრონებოდა და თან დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა ძველ სარწმუნოებასთან შედარებით. ახალი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის აშენება კი მოხერხდა მხოლოდ კახეთის სახელმწიფოს აყვავებისა და ძლიერების ხანაში. ძირითადი ნაწილები რიყის ქვითაა ნაშენი, მაგრამ თავდაპირველად კედლები გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებული იყო შირიმის თლილი ფილებით. 1476 და 1495 წლებს შუა ძლიერ დაზიანდა და აღდგენილ იქნა (კედლის დანგრეული ნაწილი და გუმბათი ყელითურთ). შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ ჩამოინგრა, განსაკუთრებით საგრძნობლად 1743 წლის მიწისძვრის დროს, და კვლავ აღადგინეს. აღდგენილი ნაწილები აგურისაა. XIX ს-ის ორმოციან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს არსებული სტოები მოსპო. შიგნით კედლები შეათეთრეს და ძველი ფრესკები დაფარეს (ფრესკები კვლავ გაიხსნა 1967 წელს), აღმართეს უზარმაზარი იკონოსტასი, რომელიც საკურთხეველს ძირითადი სივრცისგან თიშავდა (ახლა იკონოსტასიც მოხსნილია).
ალავერდის გალავნის ფარგლებში კიდევ მოთავსებულია:
1. ჯეიქარ - ხანის სასახლე (ფეიქარ-ხანი ირანის შაჰის აბასის ნაცვალი იყო კახეთში 1616 – 1623 წწ.): აგურის რვაკუთხა კიოსკი, მასზე მიშენებული დაბალი ოთხკუთხა შენობა და ყაზარმა.
2. სატრაპეზო, მარანი, ესეც სპარსთა ბატონობის დროინდელი.
გალავნის გარეთ აბანოს შენობაა, ესეც გვიანდელი. თვით გალავანი უსწორო მოხაზულობისაა, ადგილმდებარეობასთან და არსებულ შენობებთან შეფარდებული და მრგვალი კოშკებით გამაგრებული.
|