<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ეკლესია-მონასტრები>>>
ნინოწმინდა, სამრეკლო - გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 56-57, 127.
ცენტრალურ - გუმბათოვანი თემის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს VI საუკუნის შუა წლებში აგებული ნინოწმინდის ტაძარი. იგი ვარსკვლავისებური ფორმისაა, მიღებული ტეტრაკონქის ძირითად აფსიდებს შორის გუმბათქვეშა კვადრატის დიაგონალზე უფრო მცირე ზომის აფსიდების მოთავსების შედეგად. ტაძარს შვიდი შესასვლელი ჰქონია, თითო ყოველ აფსიდში გარდა საკურთხევლისა. ცენტრალური კვადრატი გადახურული ყოფილა შეკრული კამარით. გრანდიოზული შიგა სივრცე დასრულებული და ჰარმონიულია. რაც შეეხება გარეგან სახეს სადაც მექანიკურად განმეორებულია რვა აფსიდის შიგა განაწილება, ნახევარწრიული ფორმის დიდი და მცირე აფსიდების მონაცვლეობა ნაკლებად მხატვრულია. ნინოწმინდის ტაძარი აგებულია მსხვილი, კარგად გათლილი კვადრების წესიერი წყობით. იგი არა ერთხელ იყო აღდგენილი, ჯერ შირიმის კვადრებით, ბოლოს XVII საუკუნეში აგურით. ამავე დროსაა მიშენებული კარიბჭე დასავლეთის მხრიდან. (1825 წელს ტაძარი დაინგრა მიწისძვრის შედეგად. ამ ტაძარში ცენტრალურ - გუმბათოვანმა სისტემამ პირველად მიაღწია მნიშვნელოვან გაბარიტებს, აქ გადაწყვეტილია ამ ტიპის შენობათა შიგა სივრცე.
ნინოწმინდის ძველი ტაძრის გალავანში აგებული სამრეკლო წარმოადგენს XVI ს. დამახასიათებელ ძეგლს. ოთხსართულიანი კოშკის ქვედა სამ სართულში იმყოფება საცხოვრებელი სადგომები შეისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. პირველი სართულის სადგომი გადახურულია გუმბათოვანი კამარით, მეორე სართულის რვაწახნაგა ოთახი დახურულია შეკრული კამარით, ხოლო მესამე სართულისა - ტრომპებზე დაყრდნობილი კამარით. მეოთხე სართულზე მოთავსებულია მრუდთარგი აგურით გამოყვანილი რვათაღიანი ფანჩატური, პირამიდული სახურავით. კოშკის კედლებში მოწყობილია სართულების დამაკავშირებელი კიბე. სამრეკლოსათვის დამახასიათებელია ზემოთ აზიდული პროპორციები. ფასადები გულდასმითაა დამუშავებული მარტივი გეომეტრიული ნაკვთებით, რომელიც მიღებულია აგურის წყობის სიბრტყეების კომბინაციით. ფასადის ცენტრში და ნაპირებზე, მოთავსებულია დეკორატიული რომბების ზოლები. მეორე და მესამე სართულის არეები შემკულია შეისრულ ნიშებში ჩასმული ჯვრებით. ქვედა სართულში კი, მცირე ნიშები მოთავსებულია ორ რეგისტრად. დეკორატიული ელემენტების განაწილება ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და რიტმს. კოშკისებრი სამრეკლოს შექმნა, მასში მოთავსებული საცხოვრებელი სადგომით, ბუნებრივია, გამუდმებული შემოსევების ეპოქისათვის. მოსახლეობა თავს აფარებდა არა მარტო ციხერ სიმაგრეებს, არამედ ეკლესიების გალავნებში, სადაც სამრეკლო ხშირად, საბრძოლო კოშკის დანიშნულებასაც ასრულებდა.
შედარებით კარგადაა დაცული სასახლე ნინოწმინდის ტაძრის ეზოში. იგი აგებულია 1774-1777 წლებში ნინოწმინდელი ეპისკოპოსის საბა ტუსისშვილის მიერ. სასახლე ორსართულიანია, ქვითკირით ნაგები, ჰორიზონტული გადახურვით და კრამიტის სახურავით. ორივე სართულზე სამ-სამი ანფილადურად განთავსებული ოთახია, შუაში გამოყოფილი დიდი დარბაზითა და მცირე ოთახებით გვერდებზე, მეორე სართულის დიდი ოთახი შეწეულია და ქმნის ღია აივანს. შენობის გარეგანი სახე სადაა, მსუბუქი და სასიამოვნო პროპორციებისა. ოთახების გაფორმება ხასიათდება გემოვნებით და მხატვრული მიზანდასახულობით. კედლები დანაწევრებულია ნიშებით და ხის გამჭვირვალე მოჩუქურთმებული კარებიანი თახჩებით. ნიშებს, ოთახებს გარს უვლის მსუბუქი ლავგარდასი, დასასრულ გაფორმებას ამთავრებს ხის პლაფონები.
|