There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე>>>
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,
ჰუმანიტარულ და სოციალურ - პოლიტიკურ
მეცნიერებათა სერია, ტ.V, 2008
ნოდარ ბერულავა, რევაზ თოლორდავა
ჩახარის ნაქალაქარი და მისიმიანელთა ანტიბიზანტიური აჯანყების
(555-556 წწ.) ზოგიერთი ასპექტი
(მადლობას ვუხდით ნ.ცინაძეს მოწოდებული მასალებისათვის)
მისიმიანელები კოდორის ხეობის ზემო წელში ცხოვრობდნენ, ”აფსილთა ტომის ჩრდილოეთით, ოდნავ აღმოსავლეთისკენ”1. აფხაზურ ისტორიოგრაფიაში არსებული მათი ქართველობის უარყოფის მცდელობის მიუხედავად ამ ტომის სვანური წარმოშობა დღეს არანაირ ეჭვს არ იწვევს2. მისიმიანელთა აჯანყება დიდი ირანულ - ბიზანტიური ომის ერთ - ერთი ეპიზოდია (542-562 წწ.), რომლის მთავარ ფრონტს დასავლეთ საქართველო წარმოადგენდა. მისიმიანელთა აჯანყების ძირითადი მოვლენები კი ”ტსახარის” (ჩახარის) ციხის ირგვლივ მიმდინარეობდა, რომლის ნანგრევები დღევანდელი ს. ჩხალთის მიდამოებში მდებარეობს. აღნიშნული სამხედრო კომპანია აღწერილია VI ს. ბიზანტიელი ავტორის აგათია სქოლასტიკოსის მიერ. 2008 წ. ზაფხულში კოდორის ხეობაში წარმოდგენილი ნაშრომის ავტორთა მონაწილეობით იმყოფებოდა სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია. შედეგად ჩვენ გვქონდა ადგილის შესწავლისა და აგათიას ტექსტის პირად დაკვირვებასთან შეჯერების საშუალება. მოხერხდა ასევე ციხისა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარტოგრაფიული სამუშაოების ჩატარება. სამწუხაროდ, აგვისტოს ცნობილი მოვლენების გამო, კვლევა დაუმთავრებელი დარჩა, თუმცა ზოგიერთი დასკვნების გაკეთება VIს. მოვლენების გეოგრაფიაზე მოხერხდა. ჩახარის ორიარუსიანი ციხე აგებულია მაღალი ხარისხის დუღაბით შეკავშირებული რიყის ქვებისგან და მდებარეობს მაღალ, ციცაბო კლდეზე, რომელიც ქმნის მდინარეების კოდორისა და ჩხალთის შესართავთან სამკუთხა კონცხს, რომლის ვიწრო, წამახვილებული წვერი მიმართულია აღმოსავლეთისაკენ (ნახ.1, 1). კლდის თითქმის მთელი ზედაპირი დღეისათვის ტყითაა დაფარული. ოთხკუთედის ფორმის ციხე - სიმაგრის ნაშთები კლდის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და დაახლოებით 0,25 ჰა უკავია. შედარებით კარგადაა შენარჩუნებული ციხის დასავლეთი კედელი. არ არის გამორიცხული, რომ კედლის ეს ნაწილი უფრო მტკიცედ იყო ნაგები, რადგანაც ამ მხრიდან ციხე მტრისთვის შედარებით ადვილი მისასვლელი იყო. თუმცა უშუალოდ ციხის კედლებამდე მისასვლელად მტერს აქაც 10 მეტრამდე სიმაღლის კლდოვანი ციცაბო აღმართი უნდა გადაელახა. დღეისათვის ციხის დასავლეთი კედლის საძირკველი მდებარეობს ზღვის დონიდან 529 მ-ზე, მაშინ როცა კლდის კალთები 518 მ. ნიშნულამდე ეშვება (ნახ.I, 2). სწორედ აქ, ყველაზე დაბალ ადგილზე, უნდა არსებულიყო მდინარეების ჩხალთასა და კოდორის შემაერთებელი თავდაცვითი თხრილი, რომელიც რომაელებმა აგათიას მიხედვით, შტურმის წინ ამოავსეს. შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით, ისევ იწყება აღმართი, რომლის კალთებზე გადის სოხუმის სამხედრო ტრასა, რომლისგან სამხრეთ - დასავლეთით, მდ.კოდორისკენ, ეშვება საველე გზა (ნახ.1, 3). დანარჩენი მიმართულებიდან ამ ციცაბო კლდეზე მასირებული იერიშების მიტანა პრაკტიკულად შეუძლებელია, თუმცა, რომაელებმა ერთხელ მაინც მოახერხეს აქ მცირე რაზმის აყვანა. ციხეს ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი უკავია (რელიეფის დახრილობის გათვალიწინებით). აჯანყება დაიწყო 555 წელს, როდესაც ბიზანტიელთა მოხელე სოტერიქე ჩამოვიდა მისიმიელთა ციხე ბუქლონში (ნახ.II, 1). მას ევალებოდა ჩრდილოკავკასიელი მოკავშირეებისათვის ჯამაგირის გაცემა. მაგრამ უეცრად გავრცელებულმა ჭორმა იმის შესახებ, რომ სატერიქე თითქოს აპირებდა სიმაგრის ალანებისთვის გადაცემას აღაშფოთა მისიმიანელები. მათმა წარგზავნილებმა მოსთხოვეს სატერიქეს სიმაგრის დატოვება. ასეთი ”თავხედობით” განრისხებულმა მოხელემ ხალხის წარმომადგენლები გაამათრახებინა, რითაც სათავე დაუდო კონფლიქტს. მისიმიანელებმა, მოკლეს სატერიქე და გაწყვიტეს მთელი მისი ამალა, ფული კი გაიტაცეს. ბუქლონის ციხე, ჩვენი აზრით, შეიძლება გაიგივებული იყოს სოფ.ომარიშარის მიდამოებში, მდინარე კლიჩის ხეობის მარცხენა მხარეს მდებარე ბოკერის ციხესთან, რომელიც როგორც ჩანს, სწორედ ამ ეპოქაშია აგებული. ამაზე, გარკვეული ფონეტიკური მსგავსობის გარდა, თვით ამ ციხის ადგილმდებარეობა მიუთითებს - უფრო მიახლოებულია ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელებთან (ნახ.II, 2, 3). ბიზანტიელებმა სადამსჯელო ოპერაცია მისიმიანეთში წებელდის მხრიდან დაიწყეს, მაგრამ ამ ქვეყანაში შეღწევა არცთუ მარტივი იყო: აგათიას თქმით ამ გზაზე ”მდებარეობს არცთუ მაღალი, მაგრამ ციცაბო მთა, რომელზეც გადიოდა ვიწრო, ცუდად დატკეპნილი ბილიკი, რომლის დაცვას თუნდაც ერთი კაცი შეძლებდა, მთელი ჯარის წინააღმდეგ”3. მაგრამ მისიმიანელებმა ვერ მოასწრეს ამ ადგილის დაკავება და მათი დაუდევრობის წყალობით რომაელებმა უპრობლემოდ მოახერხეს მისი გადალახვა. როგორც ჩანს, ეს ადგილი მდებარეობდა სოფ.ლათას მიდამოებში. შესაძლოა, აქ იგულისხმება ბაგათას კლდე (ნახ.II, 4), რომელიც საკმაოდ შეესაბამება ზემოთ მოყვანილ აღწერას. მისიმიანელებმა თვითონ გადაწვეს ის ციხეები, რომელთა დაცვა, ძალების სიმცირის გამო, შეუძლებლად მიაჩნდათ. თავდაცვის ცენტრად მათ აქციეს ყველაზე საიმედო ”ტსახარის” ციხე, მის ირგვლივ მდებარე მიუვალ კლდესთან ერთად. აქ (როგორც ჩანს ციხისაგან აღმოსავლეთითა და სამხრეთით) იყო რამდენიმე ხის ქოხიც, სადაც მეომრებთან ერთად, დროებით, მათი ოჯახებიც ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, აღნიშნული ცნობა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ხეობის მთელი მოსახლეობა აქ, დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, იყო თავმოყრილი. რასაკვირველია, ძირითადი ძალები, საუკეთესო მეომრებით, იცავდნენ სიმაგრეს, მისგან აღმოსავლეთით კი დარჩნენ მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები. მათ, როგორც ჩანს, იმდენად სჯეროდათ ამ ადგილის მიუვალობის, რომ ცოლ - შვილიც აქ დაიტოვეს. დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი, ალბათ, ტყეებში იმალებოდა და მტერს ხშირი თავდასხმებით აწუხებდა. ის, რომ ციხის ალყა ამ საომარი კომპანიის მთელ შინაარსს არ წარმოადგენდა, ჩანს თუნდაც აგათიას იმ სიტყვებიდან, რომ რომაელთა ახალმა სარდალმა იოანე დაკიკმა ჯარში წესრიგის დამყარების შემდეგ ძალები ციხის ირგვლივ განალაგა და თავდასხმებს მის გარეთ დარჩენილ მისიმიანელებზეც ახორციელებდა ”რათა ჩაშალოს ყველა მათი საქმეები”4. აღნიშნული სიტყვების მიუხედავად, ნამდვილი, გაუვალი ალყა, როგორც ჩანს, მაშინაც არ არსებობდა. ბიზანტიელთა ძალები, უთუოდ მჭიდროდ ლაგდებოდნენ მხოლოდ ციხისგან დასავლეთითა და ჩრდილო - დასავლეთით, მდინარეების კოდორისა და ჩხალთას შორის, თანაც კლდისაგან მოშორებით, იმ გათვლით, რომ კლდიდან ნასროლი ისრების რადიუსში არ მოხვედრილიყვნენ. ორივე მდინარის საპირისპირო ნაპირებზე კი, საიდანაც იერიშის მიტანა შეუძლებელი იყო, სავარაუდოდ მათი გამაგრებული ბლოკ-პოსტები და მხედართა მობილური ჯგუფები უნდა ყოფილიყო. თუმცა ამის დარწმუნებით მტკიცება შეუძლებელია, რადგანაც ორივე მდინარე ამ ადგილებშიც საკმაოდ სწრაფი დინებით გამოირჩევა. შესაბამისად, არ არსებობდა იმის გარანტია, რომ აბორიგენთა თავდასხმისას ძირითადი ჯარი მათ მიშველიებას ოპერატიულად მოახერხებდა. როგორც ტექსტიდან ჩანს, რომაელები ციხის აღებას შიმშილით არც კი ცდილობდნენ. როგორც ჩანს, მისიმიანელებმა სურსათი საკმაოდ მოიმარაგეს, ბიზანტიელებს კი არ აწყობდათ ციხის გარშემო დიდხანს დგომა. ციხის წყლით მომარაგება კი კლდიდან, ერთი ციცაბო ბილიკიის მეშვეობით ხდებოდა. ის ფაქტი, რომ ეს რომაელებმა მხოლოდ მოგვიანებით შეამჩნიეს, კიდევ ერთხელ მოწმობს სრულფასოვანი ალყის არარსებობას. მაგრამ ყველაზე საყურადღებოა ის, რომ მისიმიანელები წყალს იღებდნენ არა მდინარიდან, არამედ მთის ძირას, ჭალაზე არსებული რამდენიმე წყაროდან5, რომლის არსებობა გამორიცხულია როგორც დასავლეთის, ისე ჩრდილოეთის მხრიდანაც, სადაც მდინარე ჩხალთა უშუალოდ ეკვრის პიტალო კლდეს.
რაც შეეხება ციხის სამხრეთ მისადგომებს, მდინარესა და კლდეს შორის, დღესაც არსებობს ვაკე ადგილი. მართალია წყაროები ვიზუალურად დღეისათვის არ ჩანს და ეს ადგილი ტყისაგანაც თავისუფალია, გაზაფხულზე კოდორის წყალდიდობებისას ჭალის დატბორვის გამო. თუმცა, ჩვენს მიერ ეს ადგილი არ ყოფილა იმდენად შესწავლილი, იქ წყაროების არსებობა რომ გამოვრიცხოთ. ამასთან, მდინარის ამ ნაწილში სანაპირო ხაზი არ არის მკვეთრად დაფიქსირებული, რაც არ გამორიცხავს მისი კალაპოტის ხშირ ცვლილებას. როგორც ჩანს, სწორედ ციხისაგან სამხრეთით იყო ის ადგილი, საიდანაც მისიმიანელები წყლით მარაგდებოდნენ. აქვე უნდა იყოს ის ”სიცოცხლის ბილიკიც”, რომელიც შემდეგში მისიმილიანებისათვის ფატალური აღმოჩნდა. ალყის ერთ - ერთ საბედისწერო ღამეს რომაელთა ჯარისკაცმა ისავრების მთიელი ტომიდან შეამჩნია წყალზე ჩასული აბორიგენები და მალულად დაზვერა იქაურობა. მანვე საიდუმლო ბილიკიც აღმოაჩინა, რაზეც მეთაურსაც შეატყობინა. სწორედ ამ ბილიკით გაგზავნილმა ასეულმა მიიტანა ზურგიდან იერიში მისიმილიანელებზე, როცა მთავარმა ჯარმა მათ დასავლეთიდან შეუტია. ამასთან, მისიმილიანელთა ტრაგედიის ერთ - ერთი მიზეზი მათი დაუდევრობაც გახდა: ისინი იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ ბილიკის შეუმჩნევლობაში, რომ მის დასაცავად სულ რვა კაცი დააყენეს, რომელთაც რომაელებმა მძინარეს წაასწრეს. მათი ამოხოცვის შემდეგ მეომრები კლდის აღმოსავლეთ ნაწილზე ავიდნენ, სადაც განლაგებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის ქოხები, საყვირით სიგნალი მისცეს თავისიანებს და თავს დაესხნენ მძინარე დასახლებას, სადაც, ვიწრო პლატოზე, როგორც ჩანს, ქოხები ერთმანეთთან ისე მჭიდროდ იდგნენ, რომ ერთი ჩირაღდნით გაჩენილი ხანძარი6 უცბად მოდებია მთელ დასახლებას. აგათია, რომელიც გარკვეული სიფრთხილის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს მეტი ობიექტურობა, ვიდრე ჩვეულებრივ იჩენდა, თუნდაც, მისი წინამორბედი პროკოფი კესარიელი, ვერ მალავს თავის აღშფოთებას გენოციდის ამ აქტის სისასტიკის გამო, თუმცა, ტონის შერბილების მიზნით, იხსენებს მისიმიანელების ვერაგულ გამოხდომას სოტერიქეს მიმართ, მათ სიჯიუტესა და უკომპრომისობას. განსაკუთრებულ გაკიცხვას მისი მხრიდან იმსახურებს მასობრივი ხოცვა - ჟლეტის ფაქტი რომლის მსხვერპლი უმწეო ბავშვები და ქალები აღმოჩნდნენ. ის, რაც მას შემდეგ ბიზანტიელებს თავს დაატყდათ, მისი აზრით, იყო საკადრისი სასჯელი7. მისი მხრიდან ამ აზრის დაფიქსირება საკმაო სითამამეს მოითხოვდა. გამთენიისას, როცა რომაელებს ეგონათ რომ მიღწეულია სრული გამარჯვება და ღამის პერიპეტიებისაგან დაღლილები ისვენებდნენ, ციხიდან გამოვიდა მისიმიელთა რაზმი და რომაელთა დიდი ნაწილი ამოხოცა, გადარჩენილებმა თავს გაქცევით უშველეს, თუმცა რთული რელიეფის გამო ბევრმა მძიმე ტრავმები მიიღო. ამ ოპერაციაში, აგათიას თქმით, მისიმიანელთა მხრიდან მონაწილეობდა 500-მდე მეომარი8. ეს ციფრი ნდობას არ იმსახურებს, რადგან გაურკვეველია, ვის შეეძლო ზემოთ აღწერილი რთულ მდგომარეობაში მისიმიანელთა დათვლა, თანაც მეომართა ეს რაოდენობა სავარაუდოდ აღემატება ციხეში მყოფთა თავდაპირველ რიცხვსაც კი. აღნიშნული ცნობა ბადებს რამდენიმე შეკითხვას. გაურკვეველია, მაგალითად, რა შედეგი მოყვა რომაელთა მიერ კლდის თავიდან მიცემული საყვირის სიგნალს, აგრეთვე - რატომ დაიგვიანა ციხეში მყოფი მისიმიანელთა კონტრშეტევამ, რატომ ჩათვალეს კლდეზე მყოფმა რომაელებმა თავი გამარჯვებულად, მაშინ როცა მათ გვერდით იმყოფებოდა მისიმიანელთა აუღებელი ციხე? ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, თუ კი ჩვენ ვივარაუდებთ, რომ რომაელთა სიგნალს მოყვა ძირითადი ძალების წინასწარ შეთანხმებული სინქრონული შეტევა ციხეზე დასავლეთის მხრიდან, რომელიც მოგერიებულ იქნა, თუმცა კლდეზე ასულ ”სპეცრაზმს” ეს არ შეუმჩნევია. მხოლოდ ძირითადი იერიშის მოგერიების შემდეგ ციხის გარნიზონს მიეცა აღმოსავლეთის მიმართულებით მოქმედების შესაძლებლობა. მაგრამ ამდენი წარუმატებელი შტურმის არსებობის ფაქტი ვერ ჯდება აგათიას კონცეფციაში, რომელიც ცდილობს წარმოადგინოს ეს კონფლიქტი მცირე სისხლის ფასად მოპოვებულ გამარჯვებად. მისი მტკიცებით, მთელ ამ კომპანიას რომაელთა მხრიდან სულ 30 კაცი შეეწირა. ამავე დროს, მისივე თქმით, ციხის ზურგში მოქმედმა 100 კაციანმა მოიერიშე რაზმმა, მისიმიანელთა კონტრშეტევის დროს დაკარგა ”ძალიან ბევრი” მებრძოლი. ამასთან, არც პარალელურად, დასავლეთის მხრიდან მიმდინარე შტურმი იქნებოდა ხანმოკლე და, რა თქმა უნდა, საგრძნობი დანაკარგებით დამთავრდებოდა. წარუმატებელი იერიშის პირობებში მსხვერპლი, განსაკუთრებით შემტევი მხარისათვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. თანაც, ეს შტურმი არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. აგათის ცნობით, ამ შემთხვევის შემდეგ ”რომაელები უკვე ვერ ბედავდნენ ამ კლდეზე ასვლას, არამედ უმჯობესად მიიჩნევდნენ კედლის შტურმს იმ ნაწილში, საიდანაც შეტევა ყველაზე მოსახერხებელი იყო, ხოლო თხრილი ამოვსებული”.9 მართალია, შემდგომი მოქმედებების აღწერა შტურმს, როგორც ასეთს, არ ჰგავს: რომაელებმა ააშენეს რამდენიმე ქოხი, რომლებშიც იმალებოდნენ მისიმიელთა ისრებისაგან, თვითონ კი ციხის მიმართულებით ისროდნენ შუბებს, ისრებსა და ქვებს. ავტორი აღნიშნავს, რომ მისიმიანელები ამის გამო ”მძიმედ იტანჯებოდნენ და ძალიან შევიწროებულნი იყვნენ, მაგრამ წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ”10. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ სროლა ერთი მხრიდან, თუნდაც მასიური, წარმოადგენდა ასეთ რთულ პრობლემას ჩახარისნაირი ძლიერი სიმაგრისათვის. მისი კაპიტალური კედლები ეჭვგარეშეა უფრო უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას ვიდრე რომაელთა ქოხები. ძნელად სავარაუდოა, რომ რომაელები სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ ამ ხერხით კაპიტულაციის მიღწევაზე. უცნობი რჩება, იყო თუ არა რომაელების შეიარაღებაში ამ კომპანიისას ქვის სატყორცნი საალყო მძიმე ტექნიკა, მაგრამ მისი გამოყენების ეფექტურობა საეჭვოდ გვეჩვენება, რადგანაც კლდის ამობურცული კალთები და სიპი ქვებისაგან ნაგები კედლები იცავენ ციხეს ქვემოდან ნატყორცნი ჭურვებისაგან. ამასთან, აგათიაც არაფერს წერს სანგრევი ტექნიკით კედლების დაზიანებაზე. როგორც ჩანს, რამდენიმე უშედეგო შტურმის შემდეგ რომაელებს უბრალოდ სხვა საშუალება არ ჰქონდათ. მართალია, კონტრშეტევა, რომელსაც მისიმიანელები ახორციელებდნენ ე.წ. ”კუს” (შეჯავშნული ფარებისაგან გაკეთებული ფარდულები) დაცვისქვეშ, აგათის თქმით, დასრულდა მათი მოიერიშეების დაღუპვით. ეს, რა თქმა უნდა, მტკივნეული მომენტი იყო ციხის მცირერიცხოვანი დამცველებისათვის, მაგრამ რომაელთა საქმესაც სერიოზულად წინ ვერ წაწევდა. მსგავსი ეპიზოდი, ცხადია, არაერთი იქნებოდა მეტნაკლებად ხანგრძლივი ალყის დროს, თუმცა აგათის თხზულებაში იწერებოდა მხოლოდ ის, რაც რომაელებს აწყობდათ. საბოლოოდ, ომი დაზავებით დამთავრდა. აგათია ცდილობს შედეგები მისიმიანელთა უპირობო კაპიტულაციად წარმოაჩინოს. თუმცა ზავის პირობები მაინც შეიცავდა გარკვეულ კომპრომისს, ”პატური” სიტუაციიდან გამოსავალს, რომელიც ორივე მხარეს აწყობდა. რომაელებს ომის გაწელვა ზამთრამდე არ სჭირდებოდათ, მისიმიანელებს კი სპარსელების დახმარების იმედი უკვე არ ჰქონდათ11, ხოლო მათ გარეშე ბიზანტიასთან ომი უპერსპექტივო იყო. მისიმიანელებმა მხოლოდ სატერიქის ფული დააბრუნეს, მისცეს მძევლები და დადეს ერთგულების ფიცი. საზავო მოლაპარაკებისას მისიმიანელთა წარმომადგენლების სიტყვების აგათიასეული ინტერპრეტაცია მეტად საინტერესოა. რომაელებთან ომი, რასაკვირველია, მცირერიცხოვანი ტომისთვის დიდი უბედურება იყო. არაა გამორიცხული, რომ ამ ომში ნახულმა ადამიანურმა დანაკარგებმაც შეასრულეს თავისი როლი მისიმიანელთა გაქრობაში მომდევნო საუკუნეების ისტორიული წყაროებიდან. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტია თავისი ინტერესების დასაცავად ნამდვილად არ გაჩერდებოდა მთელი ტომებისა და ხალხების განადგურების წინაშე12, იმისი მტკიცება, რომ ამ ბრძოლების შედეგად ”მისიმიელთა ტომის გაქრობამდე ცოტა რამ აკლია” საბრძოლო მოქმედებების მასშტაბისა და მათი ვიწრო გეოგრაფიის გათვალისწინებით, გაზვიადებული ჩანს. აბსურდულია, აგრეთვე მტკიცება, რომ მისიმიანელებმა დაკარგეს ”არანაკლებ 5000 ზრდასრული მამაკაცი, ამაზე ბევრად მეტი ქალი და კიდევ უფრო მეტი ბავშვი”13, რადგანაც ამ რაოდენობის მოსახლეობა დალის ხეობაში არასოდეს ყოფილა (ბრძოლისუნარიანი ასაკის მამაკაცები, ეხლაც, ნაკლებშვილიან ოჯახების პირობებშიც კი, შეადგენენ უკეთეს შემთხვევაში მოსახლეობის ერთ მეშვიდედს). ჩახარის ციხესა და მის შემოგარენში კი საერთოდ, ძლივს თუ დაეტეოდა ათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. მაგრამ, ჩვენი აზრით, აგათიას ამ ცნობებში მარტო შოვინისტური ტრაბახის დანახვა მაინც შეცდომა იქნებოდა. მას უდავოდ უნდოდა თავი ბიზანტიელთა ”საგმირო საქმეების” მეხოტბედ წარმოეჩინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციოზი არ მიიღებდა მის ტოლერანტულ და შედარებით ობიექტურ მინიშნებებს. აგათიას მიერ მოტანილი, ვითომც მისიმიანელთა წარმომადგენლის მიერ გამოთქმული სიტყვები იმაზე, რომ რომაელების მიმართ ოდესღაც ერთგული, ერთმორწმუნე მისიმიანელი ხალხი მხოლოდ ”ცდილობდა თავის დაცვას უამრავი უსამართლობისაგან, თუმცა აკეთებდა ამას ბარბაროსული უგუნურობით”14, მიუთითებს შენიღბულ, მაგრამ გულწრფელ თანაგრძნობაზე და ობიექტურობის დაცვის მცდელობაზე.
NODAR BERULAVA, REVAZ TOLORDAVA
THE SITE OF CHAKHAR AND SOME ASPECTS OF THE ANTIBYZANTINE
ARMED REVOLT (A.D. 555-556)
The Missimians were a Svan tribe living in the upper reaches of the Kodori River. In 555-556 they had an armed conflict with the Byzantine Empire. The fighting operations took place mainly around the Chakhar Fortress the ruins of which are located in the upper region of the present Gulripshi, Abkhazia. In summer, 2008, the archaeological expedition of the Sokhumi State University with the participation of the author of the present article explored the Chakhar Site and worked out a detailed plan of the locality which promoted a better visualization of the general scene of the given military campaign.
_______________________________________________________
1. აგათია სქოლასტიკოსი. - გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, III. თბ., 1936, გვ. 86.
2. ს.ყაუხჩიშვილი. მისიმიანთა ტომი. - თსუ-ს შრომები, ტ. I. თბ., 1936, გვ.277-280; თ. მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზის განსაზღვრისა და კულტურის ისტორიიდან. თბ., 1969, გვ. 128-145.
3. Агафий. О царствовании Юстиниана. Пер. статьи и примечания М. В. Левченко. М., 1953, გვ. 119.
4. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.119. დაკიკის ჩამოსვლამდე რომაელებს ცენტრალიზებული მმართველობა არ ჰქონდათ, რის გამოც მეთაურები უფრო ერთმანეთთან მეტოქეობაზე ფიქრობდნენ, ვიდრე საერთო საქმეზე, ამიტომაც ვერ უზრუნველყვეს ციხის ალყა. თავიანთი ბანაკი კი განალაგეს მოშორებით და განახორციელეს ერთი მოუმზადებელი თავდასხმა, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. (Агафий. О царствовании.., გვ. 120).
5. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.120.
6. რომაელები კლდეზე ადიოდნენ მალულად, ცეცხლის გარეშე. ჩირაღდანი მისიმიანელმა ქალმა გამოიტანა, რომელმაც, როგორც ჩანს, გაიგო რომაელთა საყვირის ხმა და გარეთ გამოსვლისთანავე მოკლულ იქნა.
7. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.123.
8 Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.134.
9. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.123.
10. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.123.
11. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ.123.
12. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии. Сухуми, 1959, გვ. 69.
1З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии, გვ. 52-53.
14. Агафий. О царствовании Юстиниана, გვ. 124.
|