topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ - რ.მეფისაშვილი

<უკან დაბრუნება..<<<ეკლესია-მონასტრები>>>

რუსუდან მეფისაშვილი (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) - კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ // ძეგლის მეგობარი, 1971 წ., თბ., კრ.26, გვ.17-31

ისტორიული ქვემო ქართლის ის ნაწილი, რომელიც დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ბოლნისისა და დმანისის რაიონებს მოიცავს, ძალიან მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით, რომლებიც განეკუთვნებიან პერიოდს V საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ამ ძეგლებისათვის თვალის მიდევნება ქართველი ხალხის დიდი შემოქმედებითი მუშაობის ნათელ სურათს გვიშლის აღნიშნული ხანგრძლივი დროის მანძილზე, გვიჩვენებს მშენებელთა მაღალ ოსტატობას, სტილთა ცვლას და ცალკეული მცირე რაიონების ნაგებობათა თავისებურებას. ეს წერილი ამ დიდძალი მასალის მხოლოდ ნაწილს ეხება. ეს შესანიშნავი ძეგლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

უმრავლესობას ჩაქცეული აქვს კამარა, დაზიანებულია მათი კედლებიც. წინამდებარე წერილის მიზანია ზოგადად გავაცნოთ ქართველ მკითხველს ამ ძეგლთა ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობა; ვაჩვენოთ მათ მიმართ სრულიად შეუწყნარებელი დამოკიდებულების რამდენიმე მაგალითი და შევახსენოთ, თუ რაოდენ აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ და იმ ორგანიზაციებმა, რომელთაც კულტურის ძეგლთა დაცვა ევალებათ, გაამახვილონ ყურადღება მათ მიმართ და არ მოაკლონ მზრუნველობა. უპირველეს და ფრიად თვალსაჩინო ძეგლს წარმოადგენს ბოლნისის სიონი, აგებული V საუკუნის დამლევს საქართველოს მეფის ვახტანგ გორგასალის დროს. ეს ადგილი არჩეული იყო იმიტომ, რომ აქ, როგორც ჩანს, ადრეც არსებობდა საკულტო და ადმინისტრაციული ცენტრი. აქ ძველთაგანვე გადიოდა გზა, რომელიც თბილისსა და მცხეთას სამხრეთის ქვეყნებთან აკავშირებდა და ამ ადგილს საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა. სიონის აგება და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება, ეს ქრისტიანობის დამკვიდრებისაკენ მიმართუღი ღონისძიება, იყო აქტი, რომლითაც საქართველო თავს იცავდა მაშინ ძლიერ სასანიანთა ირანისაგან. ბოლნისის სიონმა რამდენიმე ძველი ქართული წარწერა შემოგვინახა. ჩრდილოეთის კარის წარწერა, რომელიც 1937 წელს ძეგლის გათხრა-გასუფთავების დროს მიწიდან ამოიღეს და ახლა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზშია დაცული, გვაცნობებს, რომ ტაძრის აშენებას მოანდომეს 15 წელიწადი და დაასრულეს 493 წელს. ბოლნისის სიონის წარწერა ერთი უძველესთაგანია ჩვენამდე მოღწეულ წარწერათაგან. იმაზე უფრო ადრინდელი ქართული წარწერა - V საუკუნის 30 -იანი წლებისა - პალესტინის ქართულ მონასტერში ინახება. გაცხოველებული მიმოსვლა იყო მაშავრისა და ფოლადაურის ხეობებში გამავალ გზებზე. აქ დადიოდა ქარავნები, აგებული იყო ხიდები და ქარვასლები. დღემდე დაცულია რამდენიმე ხიდი და ქარვასლების ნაშთები. ხეობებს დარაჯობდა ბერდიკის, ქვეშის, ოფრეთის ციხეები, ლოჭის მთაზე აღმართული ციხე, ქოლაგირის ციხე და სხვა. (დ.ბერძენიშვილი, ბოლნისის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.II,1964 წ.). ბოლნისის სიონი დიდი ზომის, ცისფერი-მომწვანო ფერის თლილი ქვით ნაგები ძეგლია. გარეგანი მასები სადა აქვს. ეს არის განიერი, დამჯდარი პროპორციების, ორქანობიანი სახურავით გადახურელი ნაგებობა, რომელიც აღმოსავლეთით შვერილი აბსიდით მთავრდება. გარეგან ასახულობას ამშვენებდა ჩრდილოეთის თაღოვანი გალერეა, რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია. ჩრდილოეთის გალერეის ნაწილების დასაცავად, ამ რამდენიმე წლის წინათ, საქ.სსრ კულტურის სამინისტროს სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ სათანადო სამუშაოები ჩაატარა. სიონის ინტერიერის ზევითკენ ატყორცნილი სვეტების ორი მწკრივი მათზე გადაყვანილი თაღებით ქმნის შიდა სივრცის რთულ დანაწევრებას. ღრმა, ნახევარწრიულად მოხაზული საკურთხეველი მოჩუქურთმებული სვეტისთავებით, განიერი დიდრონი არქიტრავებით გადახურული და ღია ლიუნეტებით დაგვირგვინებული კარები ქმნიან სიდიადის და მონუმენტურობის შთაბეჭდილებას. საყურადღებოა ბოლნისის სიონის გარეგანი ასახულობის სისადავის სხვაობა მისი შიდა სივრცის რთულ გადაწყვეტასთან შედარებით. V-VI საუკუნეები სწორედ ის ხანაა, როდესაც არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა მოწინავე ქვეყნებშიც - რომსა თუ მცირე აზიაში ხუროთმოძღვართა ერთადერთი საზრუნავი შიდა სივრცის გადაწყვეტა-გაფორმება იყო.

ქართველმა ხუროთმოძღვრებმა სხვებზე ადრე მიაღწიეს ფასადთა მორთულობის ბრწყინვალე გადაწყვეტას VI საუკუნის დასასრულს აგებული მცხეთის ჯვრისა და VII საუკუნის დასაწყისში წრომის ტაძრებში. ბოლნისის სიონის ხუროთმოძღვრების გავლენა ერთობ დიდი იყო. მას მაშინაც საუცხოო ნაგებობად თვლიდნენ და ბაძავდნენ კიდეც. ბოლნისის მიდამოებში VI - VII საუკუნეებში აგებული რამდენიმე ძეგლი სიონთან შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ ისეთივე მაღალი ოსტატობით არის ნაგები. ზოგ მათგანს, მსგავსად სიონისა, აღმოსავლეთით შვერილი აბსიდი აქვს. ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა გამოირჩევა კედლების ფერადოვანი წყობით, მაღალი მოხდენილი პროპორციებით და კარების თავზე ამოკვეთილი ქრისტეს ამაღლების აწ თითქმის სრულიად გამქრალი, უძველესი რელიეფური გამოსახულებებით. ძეგლს  თავდაპირველად სამხრეთის მხარეს თაღოვანი შესასვლელი ჰქონდა. ამ თაღედის გადარჩენიღი სვეტის თავი დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ვანათის (დღეს სარიქილად წოდებული) სამეკლესიანი ბაზილიკა თითქმის სრულიად პერანგჩამოცლილი ძეგლია. იგი საერთო გადაწყვეტით ძალიან უახლოვდება ქვემო ბოლნისის ტაძარს. ძეგლმა რიგი საინტერესო დეტალი შემოგვინახა. აკაურთაში თავდაპირველად, როგორც ჩანს, სამნავიანი ბაზილიკა იყო მსგავსი ბოლნისის სიონისა, და დღეს კი შიგნით ბოძებგამოცლილი ძეგლი, შვერილი, წახნაგოვანი აბსიდით, ფართოდ გამოყენებული ნალისებერი ფორმის თაღებით, მოჩუქურთმებული იმპოსტებით და გარედან ჩუქურთმებით შემკული კარებით ხიბლავს მაყურებელს. ე.წ. აკვანება, რომელიც ძალიან დაზიანებულია, მაგრამ შენობის მოჩუქურთმებული დეტალები და საერთო იერი მკვეთრად გამოარჩევს მას სხვა უფრო ნაგვიანევი ეპოქის ძეგლებისაგან. (ძველად ჩვეულება იყო, რომ უშვილო ქალები პატარა აკვანს სწირავდნენ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, შესაძლებელია დასახელება "აკვანება" ამ ჩვეულებასთან იყოს დაკავშირებული).

ადრეული ხანისაა მთის კალთაზე აღართული ორი დარბაზული ტიპის ეკლესია სოფ.სარაჩლოს გარეთ. იქ სადაც ადრე სოფ. მანხუტი ყოფილა. ქვედა ეკლესია ძარღვიანი ყვითელი ქვით არის ნაგები და შემკულია მოჩუქურთმებული კაპიტელებით. ზედა უფრო სადაა, ხოლო ორივეს, ისევე როგორც სიონს, კარების თავზე ღია ლიუნეტები აქვს გაკეთებული. აღნიშნული ძეგლები სუფთად ნათალი, დიდრონი კვადრებითაა ნაგები, მოხდენილი შიდა სივრცის პროპორციები და დიდი ოსტატობით გამოკვეთილი ჩუქურთმები გვიჩვენებენ იმ ხანის ქართველ ოსტატთა დახვეწილ გემოვნებას. ბოლნისიდან მოშორებით, დმანისის რაიონში, აგრეთვე გვხვდება რამდენიმე ადრეული პერიოდის ძეგლი, მაგრამ ეს ძეგლები სულ სხვანაირად გამოიყურება. შინდლიარისა და ტნუსის დარბაზული ეკლესიები სხვა მასალისაგან არის ნაგები. სუფთად ნათალი ყვითელი ან მომწვანო კვადრების მაგიერ აქ გამოყენებულია მუქი რუხი, მაგარი ჯიშის ბაზალტი. თლილი კვადრები ძირითადად კუთხეებს მიჰყვება, თვით კედლები კი წვრილი, უხეშად გათლილი ქვებითაა მოპირკეთებული. მაგრამ ეს უხეშად გათლილი ქვები ერთი ზომისაა შერჩეული და ისეთნაირად ნაწყობი, რომ კუთხის თლილ ქვებთან შეხამებით კედლის ზედაპირს თავისებურად მხატვრული სახე ენიჭება. რაიონის VII- X საუკუნეთა ისტორიისათვის მნიშვნლოვანი მოვლენა იყო ქალაქ დმანისში დიდი ტაძრის აგება. აღმოსავლეთით ამ ძეგლს ტრადიციული ნახევარწრიული აბსიდი აქვს. აბსიდის ერთადერთ სამკაულს ინკრუსტაციასავით კედელში ჩასმული, წითელი ქვით გამოყვანილი დიდი ჯვარი ამკობს. შიგნით დარბაზულ სივრცეს ანაწევრებს კედლებიდან მძლავრად გამოწვდილი პილასტრები. ეს ახალი ელემენტი VII-VII საუკუნეების შემდეგ იჭრება ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ტაძრის სამხრეთის მინაშენის კარის მარჯვნივ, წითელ ქვაზე ვრცელი ასომთავრული წარწერა იყო. ამ წარწერის ასოები ამოკოდვილია ისე, რომ მისი წაკითხვა დღეს სრულიად შეუძლებელია. ძეგლს კიდევ სხვადასხვა დროის ორი მინაშენი აქვს. უკანგორის ტაძარი საშუალო ზომის ყვითელი ფერის თლილი ქვით ნაგები ძეგლია. შიდა სივრცის გაფორმებაში ჩართულია საინტერესო დეტალები: ისეთივე, როგორც დმანისის სიონში, მძლავრად გამოწეული მოჩუქურთმებული სვეტისთავებით დაგვირგვინებული პილასტრები, ორმაგი წყობის კამარის სართავი თაღები, მოჩუქურთმებული იმპოსტები და სხვ. VIII საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული საქართველოს ზედიზედ ატყდებოდა თავზე მტერთა ულმობელი თავდასხმები. ბოლნისისა და დმანისის რაიონები ამ თავდასხმათა ცენტრი იყო მიქცეული. IX საუკუნის შუა წლებში არაბთა მხედართმთავრის, ბუღა თურქის შემოსევები, ქართველი ხალხის მეხსიერებაში ლეგენდარული მასშტაბის ბოროტმოქმედებად დარჩა. მიუხედავად ასეთი გასაჭირისა, ქართველი ხალხის შემოქმედებითი მაჯისცემა მაინც არ შეწყვეტილა. VIII საუკუნის მეორე ნახევარში ბოლნისის მახლობლად, ახლანდელი თეთრიწყროს რაიონში, მაღალი კლდებით ძლიერად გამაგრებულ ქ.სამშვილდეში ქართლის  პიტიახშების (ერისთავების) მემკვიდრეები, ადგილობრივი მმართველები ვარაზბაკურ და იოვანე აგებენ დიდ გუმბათოვან ტაძარს. თლილი ქვით ნაგები და ჩუქურთმებით მორთული დიდებული ძეგლის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. ნაქალაქარის ტერიტორიაზე კიდევ ორი უფრო მცირე ზომის ეკლესია დგას. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობებიც. IX -X საუკუნეების ძეგლები ბოლნისისა და დმანისის რაიონებში მცირე ზომის და ნაკლები ოსტატობით ნაგები შენობებია. ზოგი სრულიად სადაა, ზოგი მცირედ მორთული. დმანისის მიდამოებში შეგვიძლია დავასახელოთ სოფ.ერქუშანთისა და სოფ.სარკინეთის ეკლესიები შვერილი აბსიდებით და მოჩუქურთმებული კარნიზით. ბოლნისის  რაიონში აღსანიშნავია კიანეთის ეკლესია, განსხვავებით პირველთაგან თლილი ქვით ნაშენი და ჩუქურთმით მორთული. მშენებელმა ამოსავლეთის სარკმელი ვიწრო სათაურითა და ჯვრის გამოსახულებით დააგვირგვინა და ფასადთა მორთულობა სხვა ძეგლებიდან მოტანილი დეკორატიული ფრაგმენტებით შეავსო. მოტანილი ფრაგმენტები შემთხვევით ადგილას ჩასვა. ე.ი. ოტატი არც ცდილობდა აქ მათი მეორადი გამოყენება დაეფარა. ამ კოხტასა და, სამწუხაროდ, ძლიერ დაზიანებულ ძეგლს უკანასკნელი წლების მანძილზე ააცალეს რამდენიმე საპირე თლილი ქვა, ჩუქურთმა ჩამოათალეს კარის გვერდზე მოთავსებულ დიდ ფრაგმენტს, სამხრეთის კედელი წარწერებით დაფარვს. ძეგლის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში წითელ ქვაზე ამოკვეთილი ქართული მთავრული წარწერა ნაწყვეტადღა იკითხება. (ლ.მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები, თბ., 1941 წ. გვ.30. აქვე სხვადასხვა გვერდებზე ქვევით მოხსენებული ძეგლები: ორსაყდრები, სვეტიცხოველი, დავით.საგარეჯო, ბოსლების სამება. ჰამამლო). 1969 წელს ადგილობრივი ორგანოების ინიციატივით და ძეგლთა დაცვის საზოგადოების ადგილობრივი თანხებით კიანეთის ეკლესიას რკინის ბადის ღობე შემოავლეს. ამის შემდეგ ძეგლი აღარ დაუზიანებიათ. ბოლნისის რაიონის სხვა ძეგლებსაც გაუკეთდა ღობე, მაგ.აკვანება, ორსაყდრები და სხვა. კიანეთიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ერთიმეორის ზემოთ ორი ეკლესია დგას. მათ ორსაყდრებს ეძახიან. ქვედა ეკლესია უხეშად გათლილი ქვით ნაგები და რამდენიმე სხვა ძეგლიდან მოტანილი ჩუქურთმიანი ქვით მორთული, შესახედავად უბრალო, მაგრამ კარგი პროპორციული აგებულების ძეგლია. ზედა ეკლესია გვიანდელია. უცხო ფრაგმენტების მოხმარებას არ დაერიდა ქვეშის ეკლესიის აღმშენებელიც. X საუკუნის დამლევისა და XI საუკუნის დასაწყისის პერიოდი საქართველოში ხუროთმოძღვრების განვითარების აყვავების ხანად არის ცნობილი. ამ დროს აშენდა სამი მთავარი კათედრალი: ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ალავერდი კახეთში, სვეტიცხოველი მცხეთაში და მათ გარდა ბევრი სხვა თვალსაჩინო ძეგლი.

არც ბოლნისისა და დმანისის რაიონები იყვნენ გამოთიშული ქვეყნის საერთო ინტენსიური მშენებლობიდან. სწორედ ამ ხანაში აშენდა სათხის სამების ეკლესია და უფრო მცირე ზომის ძეგლი მუშევანში, რომლებშიც ხორცშესხმულია ახალი მხატვრული ხერხები. (ვ.დოლიძე, კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი, ძეგლის მეგობარი 20. თბ.,1970 წ, გვ.4; თ.საყვარელიძე, მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს, ძეგლის მეგობარი 18 თბ., 1969 წ., გვ.38.). თლილი ქვით მოპირკეთებულ ფასადებს ახლა სარკმელთა ფართო მოჩარჩოება ამკობს. ჩუქურთმები დეკორის მთავარ მოტივად იქცა, ინტერიერის კედლები მხატვრობით დაიფარა. სათხის ძეგლს დამუშევანს წარწერები აქვს შერჩენილი, სათხის ერთ-ერთ წარწერაში აღმშენებელი კვირიკეა მოხსენებული. მუშევანის სააღმშენებლო წარწერის შემცველი ქვის მხოლოდ ნახევარია გადარჩენილი. მეორე წარწერაში, რომელიც დასავლეთის კედელზეა, დიოფალი კრავი იხსენიება. სათხის მოჩუქურთმებული კანკელი გამოფენილია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ხოლო მუშევანის კანკელის ფრაგმენტები 1970 წელს ბოლნისშია ჩატანილი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს ამშვენებს. მუშევანის ისედაც ძლიერ დაზიანებული ეკლესიის აღმოსავლეთის კედელი შარშანწინ სამწუხაროდ მთლიანად დაანგრიეს. ამ ორი ძეგლის გარდა საინტერესოა კიანეთის მეორე ეკლესია, რომელიც სოფლის ზედა უბანში მდებარეობს. ხუროთმოძღვარმა ამ მცირე ზომის ნაგებობის შიგნით მოჩუქურთმებული იმპოსტის თავზე ლამაზი მთავრული ასოებით ამოკვეთა:"აიგო წმიდაი ესე ეკლესიაი ხელითა მიქაელ კალატოზისაითა". ფართო მშენებლობა გაიშალა ამ დროს დმანისის რაიონშიც, ზურტაკეთის მხარეს, რომელიც XI საუკუნის პირველ ნახევარში კლდეკარის ერისთავების ლიპარიტების ერთ შტოს ეპყრა. ამ დროსაა აგებული ეკლესიები სოფ. დიდ გომარეთში, სოფ.განახლებაში და სხვაგანაც. ზურტაკეტის ძეგლებს გარკვული თავისებურებანი ახასიათებს. ფასადები თავშეკავებულად არის მორთული ჩუქურთმებით, არც ის მაღალი ოსტატობაა მშენებლობისა, სათხესა და მუშევანში რომ ვხედავთ. ვრცელ წარწერებში, რომლებშიც საინტერესო ისტორიული ცნობებია დაცული, ლიპარიტები გვამცნობენ თავიანთი სააღშენებლო საქმიანობის ამბავს. ლიპარიტების გვერდით აქ მშენებელთა სახელებიცაა დაცული. მაგ.მიქაელ კალატოზი დიდ გომარეთში, თეოდორე განახლებაში და სხვა. ბახჩალარში დიდი და კარგად ნაშენი ეკლესიიდან მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები იყო გადარჩენილი. კარის არქიტრავის შუაზე გაპობილ ქვაზე 1018 წელს ამოკვეთილ წარწერაში ეკლესიის აღმშენებელი "ცოდვილი მიქელია" მოხსენებული. სოფ. საჯას განაპირას თლილი ქვით ნაგები და ძლიერ დაზიანებული ეკლესიის კარნიზი, მსგავსად ერქუშაანთის კარნიზისა მორთულია თაღების მწკრივით. კარის თავზე დაცულ წარწერაში მელქისედეკ ქართლის კათალიკოზის სახელს ვხვდებით. XI საუკუნის მეორე ნახევარმა საქართველოში თითქმის არაფერი დაგვიტოვა. ეს იყო პერიოდი მძიმე ბრძოლებისა თურქ სელჯუკებთან და ქართველი ხალხი ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ციხე-სიმაგრეების მშენებლობა-გამაგრებაზე და ადრე აგებულ ნაგებობათა შენარჩუნებაზე ზრუნავდა. ბოლნისისა და დმანისის რაიონები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ. XII საუკუნიდან მოყილებული საქართველო კვლავ აღმავლობის გზაზე დგება. დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა საგარეო და საშინაო პოლიტიკამ ქვეყანა მოკლე ხანში ძლიერ მონარქიულ სახელმწიფოდ აქცია, რომლის საზღვრები განვრცობილი იყო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და სამხრეთით მცირე აზიაში იჭრებოდა. დავითი უბრუნებს საქართველოს ქ.დმანისს, რომელიც მანამდე არაბების ხელში იყო. ქალაქი იწყებს სწრაფ ზრდა-განვითარებას და თანდათან ამიერკავკასიის მოწინავე ქალაქების რიგში დგება. საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიურ ძლიერებას კვლავ მშენებლობის ფართოდ გაშლა მოჰყვა. XII საუკუნის დამლევს და განსაკუთრებით XIII საუკუნის პირველ ათეულ წლებში ბოლნისისა და დმანისის მიდამოებში აიგო არა ერთი შესანიშნავი ძეგლი. თამარ მეფის დროს მდ.ხრამის ხეობაში აშენდა ე.წ. "ლამაზი საყდარი".

კარის თავზე ვრცელ წარწერაში იკითხებოდა შემდეგი სიტყვები: ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან მეფობა თამარ და დავითისა" და შემდეგ "თამარისათვის ღმრთისა სწორისა შეიწირე“. ეს წარწერა ამ უკანასკნელი წლების მანძილზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ხოლო თვით ნაგებობა დაუდევარი მოპყრობის შედეგად დაინგრა და განადგურდა. "ლამაზი საყდარი", როგორც მას ხალხმა შეარქვა, მართლაც ძალიან ლამაზი ძეგლი იყო. კარ-სარკმლები მორთული ჰქონდა სხვადასხვა სახის დიდი ოსტატობით გამოკვეთილი ჩუქურთმით. მოჩუქურთმებული იყო კარნიზიც, შიგნით კი კედლები მხატვრობით იყო დაფარული. თამარ მეფის სახელს იხსენიებს ჰამამლოს ეკლესიის აღმშენებელიც. თუ "ლამაზი საყდარი" სამშენებლო ხელოვნების მხრივ ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მთავარ, ძირითად ნაკადს ასახავს, ჰამამლოს ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით ადგილობრივი ტრადიციების გამომხატველია. ჰამამლოს ორი წარწერიანი ქვა, რომელზეც თამარ მეფის გარდა ერისთავი კახაი, ძეგლის აღმშენებელი ბედელაძე ოქროპირი და კრავი არიან მოხსენებული, ამ რამდენიმე წლის წინათ მოგლიჯეს კედელს და ძირს ჩამოაგდეს. არქეოლოგმა ვ.ჯაფარიძემ ისინი აკად. ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გადაიტანა. ნაგებობის კედლებს სხვა რამდენიმე ქვაც ჩამოაცალეს, ზოგი დაამტვრიეს კიდეც. დმანისის რაიონის სულ პატარა და საკმაო უსახო "სეიფაანთ საყდრად" წოდებული ძეგლის წარწერაში ვკითხულობთ: "თამარ - ღმრთისა სწორის სამლოცველო". ამ ადგილას, სავარაუდებელია, ადრე ჯვარი იდგა და ამ ჯვართან შესაძლოა გზად მიმავალ თამარ მეფეს ულოცია. ამის აღსანიშნავად ჯვარს თავზე ეკლესია დაადგეს. წარწერაში ეკლესიის აღმშენებლებად ვინმე შიო, პეტრე და სიმონია მოხსენებული. განსაკუთრებით ფართო მშენებლობა გაიშალა აღნიშნულ რაიონებში თამარ მეფის შვილის ლაშა გიორგის დროს. სამეფო მამულში გუმბათიანი ეკლესიები აიგო წუღრუღაშენში, ჰუჯაბსა და ფიტარეთში (უკანასკნელი დღეს თეთრიწყაროს რაიონშია), დმანისის სიონს დასავლეთით მიუშენეს კარიბჭე; დიდი დარბაზული ტიპის ეკლესიები აიგო კაზრეთის მახლობლად - ისპიანი და თედორ-წმინდანი; სათხის ეკლესიას მიუშენეს კარიბჭე და ააგეს ახალი კანკელი.

XII-XIII საუკუნეთა მიჯნას ეკუთვნის ორი, დღეს თითქმის მთლიანად თლილი ქვის პერანგ-ჩამოცლილი ძეგლი - ბოსლების სამება და სვეტიცხოველი, და ბოლოს შაუმიანის მახლობლად, ტყეში აგებული, ძლიერ დაზიანებული ტაძარიც. ყველა ეს ძეგლი თლილი ქვით ნაგები, ჩუქურთმით მდიდრულად მორთული და შიგნით მოხატული, ხელოვნების დიდებულ, ნიმუშებს წარმოადგენს. საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე, დროის მცირე მონაკვეთში, ამდენი ნატიფი, თვალსაჩინო ძეგლის აგება მაჩვენებელია ქვემო ქართლის ეკონომიკური ძლიერებისა და შემოქმედებითი აყვავებისა XIII საუკუნის დამლევსა და განსაკუთრებით XIII საუკუნის პირველ ათეულ წლებში. ძეგლთა ვრცელი წარწერები ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას და ადგილობრივ მმართველთა სახელებს შეიცავს. ბოლნისას რაიონის ძეგლთა მოვლა-პატრონობის საქმეში აღსანიშნავია ღონისძიება, რომელიც კაზრეთის სამების ეკლესიის დასაცავადაა განზრახული. ძეგლი მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი ქარხნის ტერიტორიაზე დგას და მისი შემდგომი დაცვის უზრუნველსაყოფად უახლოეს ხანში აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები იქნება განხორციელებული კომბინატის სახსრებითა და ხელშეწყობით. მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მონღოლთა გამოჩენა და მათი ძლიერების სწრაფი ზრდა ქართველი ერისთავის საბედისწერო აღმოჩნდა. ქართველი ხალხი იძულებული იყო თავდადებული ბრძოლა ეწარმოებინა დამპყრობელთა წინააღმდეგ თავისი მიწა-წყლის შენარჩუნებისათვის. საქართველო რამდენიმე საუკუნით მოწყდა ევროპის მოწინავე კულტურულ ქვეყნებს. საქართველოს ძლიერი სახელმწიფოს მოშლა ადვილი საქმე არ იყო. საუკუნეზე მეტი დროის მანძილზე ხალხი ჯერ კიდევ განაგრძობდა სააღმშენებლო საქმიანობას. ამის მაჩვენებელია ახლანდელი დაბა ბოლნისის თავზე აგებული ეკლესია "ყორანთა", ფოლადაურის ხეობაში დიდი კაკლიანის სახელით წოდებული, კარგად ნაგები აგრეთვე მოჩუქურთმებული, მცირე ეკლესია და ბოლნისის რაიონის სოფ.დიდი დარბაზის "ლურჯ ეკლესიად" ცნობილი ძეგლი, რომელიც რთული და საინტერესო ნაგებობაა და რომელშიაც დაცულია კედლის მხატვრობის ნაშთები. XIV საუკუნის დამლევს თემურ ლენგმა დაარბია ქვემო ქართლი, XV საუკუნემ ამ რაიონებში, ისევე როგორც საქართვვლოს სხვა კუთხეებში, თითქმის არაფერი დაგვიტოვა. გვიან შუასაუკუნეებში, საქართველოს ცალკე სამთავროებად დაშლის ხანაში, ამ მხარეში საკმაოდ ძლიერდება ორბელიანების ერთი შტო. მათი რეზიდენცია ტანძიაში იყო. დმანისი XIII -XIV საუკუნეებში სამეფო ქალაქი - ლაშა გიორგის ჩამომავლობის ერთ შტოს ეპყრა. XVI საუკუნის დასაწყისში კი იოთამ და ორბელ ბარათაშვილების ხელში ექცევა. ორბელიანთა სამყოფელში - ტანძიაში დღეს ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევებია დაცული. ერთი ეკლესია 1680 წელსაა აგებული პაპუნა ორბელიანის მიერ, ხოლო მეორე 1683 წელს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და მწერლის სულხან-საბა ორბელიანის მამის, მდივანბეგ ვახტანგ ორბელის მიერაა აშენებული. აქ დაიდგა სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი. XVII საუკუნის სამოცდაათიან წლებში მეფე ვახტანგ V კარის მსახურის თურმან თურმანიძის მეუღლე აგებს ეკლესიას ხატისოფელში, ახლანდელ წითელსოფელში. ძეგლის ვრცელ წარწერაში მოთხრობილია ქართველთა ტრაღიკული თავგადასავალი - ყიზილბაშებთან ტყვეობა და დაბრუნება აოხრებულ მამულში. ამასვე მეტყველებს ზემო ბოლნისის (ამჟამად დემირ-სუ) ეკლესიის 1651 წლის წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოსს იოსებ რევიშვილს სოფლები: ზემო ბოლნისი, ახოთი და თალა განადგურებული და აოხრებული დახვედრია. ყურადღების ღირსია კიდევ ერთი, XVIII საუკუნის დასაწყისის ძეგლი - დავითგარეჯას ეკლესია. ამ ძეგლმა დასახელება მიიღო, როგორც ჩანს, კახეთში VI საუკუნეში დაარსებული დავითგარეჯის გამოქვაბული მონასტრიდან. სწორედ იმ მონასტერში ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანი. ტაძრის კარის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია მეორედ ააგო დიდი ორბელის ძემ, მეფე გიორგი XI მდივანბეგმა ერასტიმ და მისმა ცოლმა ანახანუმმა 1790 წ. ერასტი იყო სულხან-საბას ძმა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ბოლნისისა და დმანისის მიდამოებს არა ერთხელ შემოესივნენ ლეკები, თურქები, ირანელები. ქართველი ხალხი თავდადებით იბრძოდა დამპყრობთა წინააღმდეგ. სოფ.არახლოში დგას დიდი ტაძარი. ამ ეკლესიის მშენებლობა XVII- XVIII საუკუნეთა მიჯნაზე დაუწყიათ და დამთავრება ვერ მოუსწრიათ, არც გუმბათი დაუდგამთ და ზოგი სხვა ნაწილიც ვერ აუშენებიათ. მტერთა ულმობელ თავდასხმებს ამ ადგილების გაპარტახება და გაუკაცრიელება მოჰყვა, მცირერიცხოვან მკვიდრთა გარდა დღევანდელი მოსახლეობა ახალი მოსულია. და ბოლოს, ძეგლების ერთი ტიპის - ქვა-ჯვარების ანუ სტელების შესახებ. საქართველოს არც ერთმა სხვა კუთხემ ესოდენ ჭარბად არ დაგვიტოვა ხელოვნების ეს მშვენიერი ნიმუშები, როგორც ქვემოქართლმა. ამ ძეგლების მცირე ნაწილი დაცულია თბილისისა და ბოლნისის მუზეუმებში, უმრავლესობა კი ადგილზე იმყოფება. ბევრი მათგანი ძველ ნაგებობათა კედლებშია ჩატანებული, ზოგიც ცალკე დევს მიწაზე. ეს ძეგლები ქრონოლოგიურად მოიცავენ საკმაოდ გრძელ პერიოდს V საუკუნიდან - მოწიფულ შუა საუკუნეებამდე და ძვირფას მასალას გვაწვდიან ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის შესწავლისათვის. სოფ.ჰამამლოს ძველ, სასაფლაოზე ამართული ქვა-ჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენდა.

აწ არარსებული ძეგლის წარმოსადგენად ერთადერთ მასალად დარჩა არქეოლოგ ვ.ჯაფარიძის მიერ 1964 წელს გადაღებული ფოტოსურათი და ხრამში ნაპოვნი ჯვრის ნაწილი. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თვით ჯვარი და ქვედა მოჩუქურთმებული ნაწილი VIII - IX საუკუნეთა ხანას ეკუთვნოდნენ, წარწერა კვარცხლბეკზე კი XIII - XIV საუკუნეების პერიოდში იყო ამოკვეთილი. ზევით მე შევეცადე ზოგადად მეჩვენებინა ორი - ბოლნისისა და დმანისის ხეროთმოძღვრულ ძეგლთა ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობა. აღვნიშნე ზოგი ძეგლის ულმობელი დაზიანების ფაქტი, რასაც სამწუხაროდ დღესაც აქვს ადგილი. დღეს ჩვენს თვალწინ არაერთი ძეგლი ურბანიზაციის საერთო პროცესს ეწირება, ზოგი ნაგებობა ინდუსტრიალიზაციის განვითარების მსხვერპლი ხდება, ზოგიც სოფლის მეურნეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით იღუპება. ძეგლების გადარჩენა ამ შემთხვევაში შეუძლებელი არაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ფხიზლად დგას ძეგლთა დაცვის სადარაჯოზე ის დაწესებულებები, რომლებსაც ძეგლთა დაცვის საქმე აბარიათ. მაგ., ბოლნისის რაიონში გარკვეული სამუშაო ჩატარდა და მომავალში უფრო ფართო მასშტაბით გაიშლება სამთო გამამდიდრებელი ქარხნის ტერიტორიის არქეოლოგიურად შესწავლა. მაგრამ ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ჰამამლოს ქვა-ჯვარის და მისი წარწერის მოსპობა, ამავე სოფლის ეკლესიის დასავლეთის კედლიდან ორი წარწერიანი ქვისა და საპირე და მოჩუქურთმებული ქვების ამოგლეჯა, ძირს დაგდება და დამტვრევა, "ლამაზი საყდრის" დიდი წარწერიანი ქვის მოსპობა, სოფ.კიანეთის ეკლესიის კედლებიდან  საპირე ქვების ამოღება და ზოგიერთ ქვაზე ჩუქურთმის ამოკოდვა (ეს იმ დროს, როდესაც ეკლესიას მცველი ჰყავს), სოფ.მუშევანის ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის დანგრევა, სოფ.ჩათახში სამრეკლოს ზედა თაღოვანი ნაწილი აფეთქება და მოსპობა და სხვ. არ არის ცხოვრებისეული მიზეზით გამოწვეული. ეს არის შეუგნებელი ადამიანების ბოროტმოქმედების შედეგი. ჩვენი საზოგადოებრიობისათვის უნდა ნათელი გახდეს, რომ თითოეული ძეგლის დაზიანებას აუნაზღაურებელი ზარალი მოაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის, არამედ მთელი პროგრესული კაცობრიობის კულტურისათვისაც და რომ ამ ფაქტებთან შერიგება არის მეორე დანაშაული. დროა ბოლო მოეღოს ამ უკიდურესად აღმაშფოთებელ და სრულიად შეუწყნარებელ მოპყრობას ისტორიული ძეგლებისადმი.

ღონისძიებები, რომელთა ჩატარება 1968-69 წლიდან მოყოლებული ბოლნისის რაიონში ძეგლთა დაცვის მიზნით დაიწყო, დიდად მნიშვნელოვანია. ძეგლებზე აიღეს შეფობა საწარმოო დაწესებულებებმა და სკოლებმა, ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან რამდენიმე ძეგლს შემოავლეს რკინის ბადის ღობე. ასეთი ღობეების გაკეთება სხვა ძეგლებზეცაა ნავარაუდევი. განზრახულია მოეწყოთ რაიონის ცალკეულ ისტორიული და ხუროთმოძღვრული საკითხებისადმი მიძღვნილი ლექცია მოხსენებები და სხვა. ბოლნისის რაიონის ადგილობრივი დაწესებულებებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ინიციატივა ამ მხრივ მისასალმებელია. იგი სამაგალითო უნდა გახდსს სხვა რაიონებისათვისაც.