There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ლეგენდები და ხალხური თქმულებები // რკონი>>>
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის, ქართული მითოლოგია - ზ. კიკნაძე, რ. მოსიძე, - გამ. "ბაკმი", თბილისი, 2004, გვ.73-74
ერთხელ ქალაქ რკონისს ქართლში ლეკები დაესხნენ თვს, გაძარცვეს, ჯანმრთელები და ლამაზები ტყვედ წაასხეს, სუსტნი და შეუხედავნი გაწყვიტეს, სახლები დაანგრიეს, ველ მინდვრები გადაწვეს - ეკლესიიდან გამოიტანეს ოქროსა და ვერცხლის ჯვრები გადაადნეს და ერთმანეთში გაიყვეს. მხოლოდ ერთი თვალ-მარგალიტებით შემკული ღვთისმშობლის ხატი გადარჩა მრთელი. იგი მოთარეშეთა ბელადს ერგო. წავიდნენ და წაიღეს ყველაფერი. ბელადმა ამ ხატით თავისი სახლი დაამშვენა მაგრამ ამის შემდეგ იმ არემარეში, სადაც ეს ხატი ესვენა, აღარც ბალახი აღმოცენდებოდა, არც ფრინველი იჩეკებოდა, არც პირუტყვი იბადებოდა.
გაჩნდა მრავალფერი სნეულება და იხოცებოდა ხალხი. ბელადი მიხვდა, რომ ეს ხატის მიზეზით იყო და გადაწყვიტა, დაეწვა ხატი. გააჩაღებინა დიდი კოცონი, გამოიტანა შინიდან ხატი და ჩააგდო კოცონში. მაგრამ, მისწვდა თუ არა ხატს ცეცხლი, ხატი ქალის ხმაზე აკივლდა და მაღლა ავარდა, მერე ხარს დააჯდა რქაზე. ყველანი განცვიფრდნენ! მუხლებზე დაეცნენ და ლოცვა აღავლინეს ღვთის წინაშე, რომ მიტევებოდა მათ ხატის ხელყოფა. მერე ხატი რქაზე ბაწრით მიაბეს და გაუშვეს ხარი, თან სამი ჭაბუკი გააყოლეს. წადითო, უთხრეს, და სადაც ხატი გაჩერდება, თქვენც იქ დარჩითო. ხარმა იარა, იარა და რკონისს მიადგა. აქ ერთ კლდესთან ხატს ბაწრები თავისით შეეხსნა და ხატი კლდეზე დაეცა იმ მხრით, სადაც ღვთისმშობლის ფეხები იყო და ტერფის ანაბეჭდი დატოვა კლდეზე. დღესაც ატყვია ამ ადგილს ფეხის კვალი. მერე ხატი ერთ დიდ ცაცხვზე შეჯდა, მცირე ხანს იქ დაყო, ბოლოს კი იმ ეკლესიაში შეფრინდა, საიდანაც გაიტაცეს. ხარი კი თავისუფლად გაუშვეს. მას შემდეგ ხარს არავინ მიკარებია, არც სადგომი აუშენებიათ მისთვის, არც თივა მიუწოდებიათ. იყო ასე თავისუფლად და ბოლოს თხუთმეტი წლისა მოკვდა. როცა ხარი მოკვდა, ერთ მოხუცს სახელად სიმონს, ღვთისმშობელი გაემოეცხადა და უთხრა - სადაც ხარი მოკვდა, იმ ადგილას წმ.გიორგის ეკლესია ააშენეო. და ააშენა სიმონ მოხუცებულმა ეკლესია - სიმონის წმ.გიორგის ეკლესია, რომელიც დღესაც დგას. ის ცაცხვი კი, რომელზეც ხატმა შეისვენა, წმიდად შეინახა ხალხმა: ერთ ტოტსაც არ მოაცლიან.როცა ვინმე გაუხდებათ ავად, მიდიან ცაცხვთან და ათვალიერებენ, აბა ტოტი ხომ არ აკლიაო. თუ არ აკლია, ეს იმას ნიშანია, რომ სნეული განიკურნება; თუ აკლია - კუბო უნდა გაამზადონ. ის სამი ჭაბუკი, რომლებიც ხარს მოსდევდნენ, ქრისტესა რჯულზე მოიქცა. მათგან მოდიან გორგაშვილები, ლელაშვილები და პაიჭაშვილები.
|