There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<რაჭა // ეკლესია - მონასტრები>>>
ქვემო ჟოშხა - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ჭრებალოს თემი), მდებარეობს მდინარე ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ამბროლაურიდან 23 კილომეტრი. ქვემო ჟოშხაში მდებრეობს ჯვარცმის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები), ქვედა ჟოშხოს ციხის ნანგრევები (გვ.შუა.სს), კოშკი "მალისციხე" (გვ.შუა.სს).
ზემო ჟოშხა - სოფელი ამბროლაურის რაიონში (ჭრებალოს თემის), მდებარეობს მდინარე ასკისწყლის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 23 კილომეტრი. ზემო ჟოშხაში მდებარეობს მე–10 საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია
ქვედა ჟოშხა (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბოჭორიძე გ.რაჭის ისტორიული ძეგლები. ქვედა ჟოშხა //საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ. VII. - ტფ., 1933. - გვ.203 - 204. - სოფ. ქვედა [ქვემო] ჟოშხას ჯვარცმის სახელობის ერთნავიანი ეკლესიის, ორი სამლოცველოს: "საგოლგოთოსა" და "საელიოს" მოკლე აღწერილობა.
2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.123 - 124
ქვედა ჟოშხა - ბოჭორიძე გ.// რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994.- გვ.123-124
ქვედა ჟოშხას ჯვარცმის ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 8,8Х4 მ., ნაგები ნაწილობრივ შირიმისა და ნაწილობრივ ტინის თლილი ქვისა და კირისაგან; დგას მარტო კედლები, სახურავგადახდილი (გადაუხურიათ 1930 წლის გაზაფხულზე): იატაკი ფილაქნით არის დაგებული. ეკლესია განახლებულია. კედლები შიგნით და გარეთ გალესილია კირით, კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, სარკმელი აღმოსავლეთით - 1, სამხრეთით - 1, დასავლეთით - 1 და ჩრდილოეთით - 1, სულ 4. ტრაპეზის ადგილი დაფარულია ფიცრის მასალით, სამკვეთლო კედელშია გამოღებული. კარ-სარკმელი და კედლები მრავლად არის შემკული ჩუქურთმიანი ქვებით: ზოგი ქვა მთელია და თავის პირვანდელ ადგილასა დევს (მაგ., კარსარკმელი); უმეტესი ნაწილი კი ნაგებია და უწესრიგოდ არის მიწყობილი (ალბათ, განახლების დროს) სხვადასხვა ადგილას, სახელდობრ: გარეთ - სამხრეთ მხარეს (კარს და კედელს) აქვს 18 ქვა აღმოსავლეთ მხარეს (სარკმელს და კედელს) - 8. ჩრდილოეთ მხარეს (კედელს) – 2; დასავლეთ მხარეს (კარ-სარკმელ - კედელს) – 18; შიგნით - სამხრეთ მხარეს (კარს) – 2; ჩრდილოეთ მხარეს კედელს - 2; დასავლეთ მხარეს (კარს და კედელს) – 2. (აღრიცხვა დაახლოებითია; კარქვეშ შესაძლებელია სხვა ჩუქურთმიანი ქვებიც იყოს და ისინი შემდეგში გამოჩნდეს. ზემოაღნიშნული რიცხვი მხოლოდ ის არის, რაც დღესა ჩანს). ეს ქვები შემკულია სხვადასხვანაირი სახეებით - ხვეულებით, ჯვრებით და სხვა, და ყველა შესანიშნავი ხელობისაა. ჩრდილოეთი სარკმელი ძველად არ უნდა ყოფილიყო სრულებით; იგი ეკლესიის განახლების დროს უნდა იყოს გაყვანილი; იმავე დროს უნდა იყოს გადიდებული აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი სარკმლები. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყორის გარეთ, ორ ადგილას არის რაღაც ძველი შენობიდან დარჩენილი კედლის ნანგრევი. ამავე სოფელში არის ორი სალოცავი: ერთი "საგოლგოთო", მეორე "საელიო". "საგოლგოთო" სალოცავი მდებარეობს ეკლესიის ზევითა ნაწილში, მცირე ტყიან ადგილას, სადაც სხვათა შორის დგას ორი მოზრდილი ცაცხვის ხე. აქ დღესასწაული - "გოლგოთობა" სცოდნიათ აღდგომის მეორე დღეს. "საელიო" სალოცავი მდებარეობს "საგოლგოთოსა" ზევით, სოფლის თავში მცირე ტყიანსავე ადგილას, სადაც სხვათა შორის დგას ოთხი ურთხელის ხე (დიდი 1, პატარა 3). აქ ელიობას ძველად თემობა, ანუ სათემოდ დასხდომა სცოდნიათ.
|