There are no translations available.
< უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია-მონასტრები>>>
გიორგი მასხარაშვილი (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) მცხეთის სვეტიცხოვლის ახლად გახსნილი მხატვრობის ფრაგმენტი // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ.18, გვ. 3- 4
მცხეთის სვეტიცხოველში ამჟამად სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოები ტარდება. ამ საინტერესო და რთულ არქიტექტურულ სამუშაოებთან ერთად, ტაძრის შიდა კედლებს გვიანდელ ბათქაშს აცილებენ და ძველ, პირვანდელ კედელს ავლენენ. ამ სამუშაოების შესრულების დროს გამოჩნდა კედლის მხატვრობის ადრინდელი ფრაგმენტები. წინასწარი ვარაუდით და სამეცნიერო სამუშაოების ხელმძღვანელების მოსაზრებით, ეს მხატვრობა ნაგებობის იმ კედლებზეა, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება და ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მხატვრობაც იმ დროს უნდა იყოს შესრულებული, თუმცა წინასწარ, სანამ სამუშაოები მთლიანად არ დამთავრდება, ამის მტკიცება ძნელია. შესაძლოა, ეს მოსაზრება დადასტურდეს საკურთხეველში ქრისტეს გამოსახულებიდან ზედა ფენის საღებავის მოცილების და სხვა ფრაგმენტების გამოვლენის შემდეგ. დღემდე აღმოჩენილია მხატვრობის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი. ესაა - სახარების სცენების რამდენიმე ფრაგმენტი და ორნამენტების დეტალები. ამათგან ჯერ-ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთის მკლავის, დასავლეთის კედელზე, სარკმელის სამხრეთით გამოსახული სცენა - ქრისტე და სამარიტელი ჭასთან. შემორჩენილია სცენის მხოლოდ მარცხენა ზედა კუთხე - ქრისტე და მოციქულები გულმკერდამდის და წარწერის ფრაგმენტი. სცენა - "ქრისტე და სამარიტელი ჭასთან" აღებულია მახარობელ იოანეს სახარების ტექსტიდან. საერთოდ, ძველ ქრისტიანულ ხელოვნებაში ქრისტე გამოსახულია ხოლმე ჭასთან, ჭის მეორე მხარეს სამარიტელი ქალი, რომელიც უსმენს ქრისტეს და იღებს წყალს ჭიდან. ეს სცენა უკვე ადრინდელ ქრისტიანულ ხელოვნებაში გვხვდება, II - III საუკუნეების კატაკომბების ფრესკებზე, ცოტა მოგვიანებით სარკოფაგების ბარელიეფებზე და მოზაიკებზე. ადრინდელ ძეგლებზე ქრისტე ახალგაზრდა, უმეტესად უწვერულვაშოდ არის ხოლმე გამოსახული. გვიანდელ ბიზანტიურ ძეგლებში ამ სცენის გამოსახვის დროს მეტი მნიშვნელობა ენიჭება ქრისტეს მოძღვრებას წყლის ცხოველმყოფლობის შესახებ. ქრისტე უკვე გრძელი თმით და წვერითაა, მშვიდ პოზაში საუბრის დროს, სამარიტელი ქალი, კი გაოცებული უსმენს ქრისტეს მოძღვრებას. (სამეცნიერო სარესტავრაციო სამუსაოებს ხელმძღვანელობდნენ აკად. გიორგი ჩუბინაშვილი და ხელოვნებათმც. კანდიდატი ვახტანგ ცინცაძე). ქართულ საშუალო საუკუნეების ხელოვნებაში ეს სცენა გვხვდება ხელთნაწერების მინიატურებში და კედლის მხატვრობაში. კედლის მხატვრობიდან ცნობილია ბედიაში (იხ. Толмачевская – Фрески древней Грузии изю 1931) და ბერთ-უბანში (დავით-გარეჯა იხ Г.Н. Чубинашвили – «Пещерные монастыри Давид – Гареджи» 1948, გვ. 62). სვეტიცხოველში ქრისტე და სამარიტელი ქალის სცენა მოთავსებული იყო საკმაოდ დიდ სიბრტყეზე, მას ეჭირა სიგანეში 4 მეტრი, სამხრეთ დასავლეთის კუთხიდან დასავლეთის კედლის სარკმელის ნაპირამდე. ზემოთ, შერჩენილია ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ჰყოფს ორ სცენას. ზედა სცენიდან შერჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი, ფონი და ფიგურის ტერფი, ალბათ ქრისტესი, ვინაიდან აქაც უნდა ყოფილიყო სცენა ქრისტეს რომელიმე სასწაულიდან. ამ სცენებში ქრისტე ყოველთვის მარცხენა მხარესაა წარმოდგენილი. მარჯვენა, წვერებზე წამოწეული ფეხი, რომელიც მოძრაობას გადმოსცემს, უდაოდ ქრისტეს გამოსახულებას უნდა ეკუთვნოდეს. ამ ორი სცენის გამყოფი ხაზი საკმაოდაა დაშორებული ორივე სცენის ფიგურებიდან და ეს ფონი კომპოზიციას თავისუფლებასა და მონუმენტალობას ანიჭებს. ეს გამყოფი ხაზი გადის თაღის ძირთან, იწყება სვეტისთავის ზედა კუთხიდან. გარდა იმისა, რომ სცენა თავისუფლადაა გაშლილი ამ სიბრტყეზე, მხატვრის მიერ გათვალისწინებულია ინტერიერის არქიტექტურული ფორმები, სიბრტყეები. უნდა ვიფიქროთ, რომ მხატვარი არ გადის იმ ჩარჩოებიდან, რომლებიც შექმნილია არქიტექტურული ფორმებით - ეს ორი მომენტი მეტად დამახასიათებელია იმ ეპოქისათვის. მხატვრობის ეს ფრაგმენტი მეტად ცუდადაა შემონახული, დაკარგულია საღებავის ზედა ფენა, ძირითადად შერჩენილია კონტურის ხაზები და წარწერის ფრაგმენტი. საღებავის ფენა ნაწილობრივ შერჩენილია. სხვადასხვა ფერის შარავანდებზე, მოწითალო, ქრისტეს ჰიმატიონზე და ოხრა მოციქულის სამოსელზე. კარგადაა შერჩენილი სამოსელთა ნაოჭების ნაზი ფირუზისფერი ზოლები, ღია ნაცრისფერი ფონი. შემორჩენილი საღებავის ამ მცირე ფრაგმენტების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მხატვრობა შესრულებული იყო ღია ფერებით, ჭარბობდა ოხრა და მოწითალო აგურისფერი. ამ მხატვრობისათვის დამახასიათებელია ნატიფი და, ამავე დროს, მოქნილი კონტურის ხაზი. ცუდად შემონახული ფრაგმენტის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ მხატვრობა მაღალი ხარისხისაა. ამ სცენას, ფიგურებს ზემოთ ორ რიგად აქვს მრგვლოვანი ასოებით შესრულებული წარწერა;
ქ. აქა . . . .
სამარ - (იტელ . . )
ასოები დიდი ზომისაა, მომრგვალებული, ლამაზი მოხაზულობის და თავის კალეოგრაფიით უახლოვდება XI ს. ფრესკების წარწერებს: ატენი, ზ. კრიხი და სხვ. სვეტიცხოველში შემდგომი სარესტავრაციო სამუშაოები ალბათ კიდევ გამოავლენს ადრინდელი კედლის მხატვრობის ფრაგმენტებს.
|