< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>
ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974
საქართველოს მიწა - წყალზე მგონი არ მოიძებნება არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა და სოფელი, რომ წარსულის რაიმე ნაშთი არ იყოს დარჩენილი - ან ძველი ეკლესია და სამრეკლო, ან ციხის ნანგრევი, ან სადარაჯო კოშკი, ან ნასახლარი; ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიული ხვედრის მოწმეებია ნასოფლარები და ნაქალაქარები, რომლებიც უმეტესად სამხრეთის რაიონებშია, იმ კუთხეებში, რომელთაც პირველად უხდებოდათ მტრის შეხვედრა და გამკლავება. თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მუზეუმებში ინახება ოქრომჭედლობის, დეკორაციული ქანდაკების, გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგთა მშვენიერი ნიმუშები, მრავალი ათასი ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან ბევრი ოსტატურად შესრულებული სამკაულებითა და მინიატურებითაა მორთული. ტაძრების კედლებმა შემოგვინახა სხვადასხვა დროის ფრესკები და მოზაიკები - ამ მხატვრობაში მარტო საღვთო წერილის სიუჟეტებს კი არ ვხვდებით, არამედ ისტორიულ პირთა - მეფეთა, ფეოდალთა, სასულიერო მოღვაწეთა საინტერესო პორტრეტებსაც. ბოლო ათეული წლების არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ დიდად განავრცო ქართული ხელოვნების ქრონოლოგიური არე: მეცნიერებამ უკვე ჩააღწია ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლედამდე, როდესაც ჩვენი შორეული წინაპრები სრულიად პრიმიტიულ საცხოვრებლებს ქმნიდნენ, და, ამგვარად, პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამშენებლო ხელოვნების დარგში (აღარაფერს ვამბობ პირველყოფილ ადამიანთა ნაკვალევის შესახებ). ეს ყველაფერი მოწმობს, რომ მრავალი ათეული საუკუნის მანძილზე ჩვენი ხალხის შემოქმედება უწყვეტი და უშრეტი იყო. საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მის გეოგრაფიულ მდებარეობას დიდი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, ევროპისა და აზიის მიჯნაზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრთა შორის. მოხერხებულმა მდებარეობამ ბევრი გაჭირვება და უბედურება მოუტანა - მას გამუდმებით უხდებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მაგრამ ამავე მდებარეობის წყალობით, საქართველომ იმთავითვე შეძლო კულტურული ურთიერთობა დაემყარებინა სხვადასხვა ქვეყნებთან და ერებთან. იგი მოქცეული იყო წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვეთის სახელმწიფოთა და ხალხთა წრეში, ე.ი. არსებითად, ცივილიზებული სამყაროს შუაგულში, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯერ აქემენელთა, შემდეგ კი სასანიანთა ირანთან, ელინისტურ აღმოსავლეთსა და რომთან. ქართული სახელმწიფო იბერია ერთი პირველთაგანი იყო იმათ შორის, ვინც ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად აღიარა. ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, განსაზღვრა საქართველოს ორიენტაცია, მისი კავშირი ბიზანტიასა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან. იმავე დროს, უკვე VII ს-ში, საქართველოს მოუხდა ისლამურ სამყაროსთან შეჯახება: ჯერ არაბთა შემოსევის მსხვერპლი გახდა, შემდეგ, რამდენიმე საუკუნის მანძილზე, მათი განდევნისათვის იბრძოდა, ებრძოდა სელჯუკებსაც, დასასრულ, ურთიერთობა ჰქონდა გამაჰმადიანებულ ირანთან, არა მარტო როგორც მტერთან, არამედ როგორც გარკვეული კულტურული ტრადიციების მატარებელ ქვეყანასთანაც. სხვა ერებთან, მათ კულტურასთან ურთიერთობის პროცესში ქართული ხელოვნება ბევრ რასმე ითვისებდა, მაგრამ თვითონაც შეჰქონდა წვლილი საერთო განვითარებაში; საუკუნეთა მანძილზე მან მკაფიოდ გამოსახული ეროვნული თავისებურება შეიმუშავა, და ეს თავისებურება არც არასოდეს არ დაუკარგავს; აყვავების ეპოქებში ქართული ხელოვნება მუდამ იდგა მოწინავე ქვეყნების მიერ დასახულ იდეურ და მხატვრულ ამოცანათა დონეზე, იგი თვითონვე იყო ერთ-ერთი დამსახველი და ამომხსნელი ამ ამოცანებისა. ქართულ ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა - მით უფრო, შუა საუკუნეთა მანძილზე - ხუროთმოძღვრებას. საქართველოს მცირე ტერიტორიაზე აღრიცხულია რამდენიმე ათასი ხუროთმოძღვრული ნაგებობა სხვადასხვა დანიშნულებისა - სამარხები, საკულტო შენობები, სამოქალაქო, სათავდაცვო, სამეურნეო, საინჟინრო ნაგებობანი. ვისაც კი სერიოზულად აინტერესებს წინა აღმოსავლეთისა და ევროპის შუა საუკუნეთა არქიტექტურის შესწავლა, აუცილებლად უნდა გაეცნოს ქართულ ხუროთმოძღვრებას, განსაკუთრებით შუა საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრებას; სწორედ საქართველოში მოიძებნება ზოგი ისეთი ხუროთმოძღვრული თემისა და პრობლემის ძირები, რომლებიც საერთოა ყველა ქრისტიანული ქვეყნისათვის; საქართველოში შემონახულია "ქრისტიანული არქიტექტურის" ძალიან ადრეული ნიმუშები; ქართულ ძეგლებში ძალიან ადრე გვხვდება კონსტრუქციები, რომლებიც უფრო გვიან რომანულმა ხუროთმოძღვრებამ შეითვისა. ამას გარდა, ქართული ძეგლების გაცნობა საინტერესო შედარებათა საშუალებას გვაძლევს, გვიჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი, ეროვნულად თავისებური შეიძლება იყოს ერთისა და იმავე ხუროთმოძღვრული თემის რეალური ხორცშესხმა. აყვავების პერიოდებში ქართული ხუროთმოძღვრება ქმნიდა მხატვრულად მომწიფებულ ნაწარმოებთ, რომელნიც შეიძლება მივაკუთვნოთ შუა საუკუნეების მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს. მაგრამ ქართული არქიტექტურის ძეგლები მარტო სპვციალისტებისათვის კი არ არის საინტერესო. მათი მხატვრული ღირსებები, მათი მდებარეობა და ორგანული შერწყმა გარემო ბუნებასთან, მათი სიძველე, ამ "სიძველეთა სურნელება" არ შეიძლება არ იზიდავდეს ყოველ ადამიანს, ვისაც კი სილამაზე უყვარს, ვისაც უყვარს ღა აღელვებს თავისი ქვეყნისა და ერის წარსული და გული შესტკივა მისი მომავლისათვის. ადამიანის მოღვაწეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის ხანას მიეკუთვნება (ზემო პალეოლითის დროინდელი გამოქვაბული საცხოვრებლები აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში). არქეოლოგიური კვლევა-ძიებით აღმოჩენილია ნეოლითისა და ენეოლითის ძეგლებიც. მომდევნო დროისთვისაც - ე.ი. ჩვენი წელთაღრიცხვის IV- V საუკუნეებამდე - უმთავრესი მასალა კვლავ არქეოლოგიური მონაპოვარია. ქართველი ხალხი წარმოშობით დაკავშირებულია წინა აზიის უძველეს მკვიდრ მოსახლეობასთან. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლედში უკვე გამოკვეთით ისახება ორი ძირითადი კულტურული რაიონი, რომლებიც შეესაბამება ქართველ ტომთა ორ გაერთიანებას - დასავლურსა და აღმოსავლურს. მაგრამ ეს რაიონები დიდად სცილდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის მეზობელ ტომებს, რომელთა კულტურა მრავალი ნათესაური თვისებით უკავშირდება ერთმანეთს. ამ ნათესაობას მოწმობს როგორც სამშენებლო, ისე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლედის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო იქმნება. ეს სახელმწიფოებია კოლხეთი და იბერია. მაშინდელი საზოგადოების განშრევების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ანტიკური დროის ავტორები; რომ აქ განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა და ხელოსნობის სხვადასხვა დარგები (ლითონის დამუშავება, მეთუნეობა, იარაღისა და სამკაულის დამზადება ქვისა, თიხისა, ბრინჯაოსა და მინისაგან და სხვ.) ამას მოწმობს წერილობითი ცნობებიც და მდიდარი არქეოლოგიური მასალაც. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრები იყო აია, კოტატისი - წინაპარი ახლანდელი ქუთაისისა, ფაზისი შავი ზღვის სანაპიროზე, დიოსკურია - აწინდელი სოხუმი; აღმოსავლეთ საქართველოში ძვ.წ. I ათასწლედის ბოლოს უდიდეს ქალაქად და სამეურნეო ცენტრად იქცევა მცხეთა, იბერიის მაშინდელი დედაქალაქი. მცხეთის აღმოჩენები საქვეყნოდაა ცნობილი. იქაურ ნეკროპოლისებში ნაპოვნი ოქროს, ვერცხლისა და სხვა მასალის ნივთები - სამკაულები, ჭურჭელი, იარაღი - ამ ნივთების დამუშავება და მორთვა, მოწმობს ერთი მხრივ ადგილობრივი ხელოვნებისა და ხელოსნობის ძალიან მაღალ პროფესიულ დონესა და თავისებურებას, მეორე მხრივ, მჭიდრო კავშირს ელინისტურ კულტურულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთთან. ჩვენი წელთაღრიცხვის IV- V საუკუნეებს მიეკუთვნება ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა საქართველოში. დაახლოებით 337 წელს, მირიან მეფის დროს, იბერიამ ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარა: ცოტა ხნის შემდეგ დასავლეთ საქართველომაც მის მაგალითს მისდია. ამ ამბავს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისათვის. ამ ხანაში - VII ს-მდე საქართველოს რთული და დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა თავის მძლავრ და აგრესიულ მეზობლებთან - დასავლეთით ჯერ რომთან, შემდეგ კი მის მემკვიდრე ბიზანტიის იმპერიასთან, აღმოსავლეთით - სასანიანთა ირანთან, რომელიც ცალკეულ პერიოდებში თავის პოლიტიკურ გავლენას საქართველოზედაც ავრცელებდა. V ს-ის ბოლოს, მეფის ვახტანგ გორგასლის დროს, სახელმწიფოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში იქნა გადმოტანილი. V-VII საუკუნეები შუა საუკუნეთა ქართული კულტურის პირველი აყვავების ხანაა. ამას მოწმობს ხელოვნებისა და მწერლობის ძეგლები. VII ს-ის შუა წლებში საქართველოში არაბები შემოიჭრნენ, დაისადგურეს თბილისში და აქ თავისი საამირო დააარსეს. მათ უმეტესად თბილისის მიმდებარე რაიონები ეჭირათ. საამირომ XII საუკუნემდე იარსება, თუმცა კი ბოლოს ძალიან შეკვეცილი და დაუძლურებული იყო. VII- IX საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს გათიშულ ნაწილებში ახალი ქართული სახელმწიფოები შეიქმნა. აფხაზთა სამეფო ძველი კოლხეთის მიწაზე (მას, არსებითად, მთელი დასავლეთი საქართველო ეჭირა), ტაო-კლარჯეთის სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და კახეთი - აღმოსავლეთში. თანდათან გამოცოცხლდა და წელში გაიმართა უცხოელთა შემოსევებით ძირგამოთხრილი სახალხო მეურნეობა, ვაჭრობა. გადკაცრიელებული კუთხეები მოშენდა, დაარსდა და გაიზარდა ქალაქები, აშენდა ციხეები და დიდი მონასტრები. IX -XI საუკუნეები არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანაა. ქვეყნის დაქსაქსულობის აღკვეთას, მის გაერთიანებას ობიექტური მიზეზები ჰქონდა - ეს აუცილებელი იყო მისი მომავლისთვის, მისი ნორმალური სამეურნეო და პოლიტიკური განვითარებისთვის. გაერთიანებისათვის ბრძოლას ართულებდა მწვავე სოციალური მტრობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის, მეფის ხელისუფლებასა და დიდ ფეოდალთა შორის, აგრეთვე ცვალებადი საგარეო პოლიტიკური ვითარებაც. XII საუკუნის დასაწყისში, მეფის დავით აღმაშენებლის დროს, უცხოელნი საბოლოოდ განდევნილ იქნენ, ქვეყნის მთლიანი გაერთიანება წარმატებით დაგვირგვინდა, სამეფო ხელისუფლებამ დროებით დათრგუნა ფეოდალთა სეპარატისტული მიდრეკილებანი. XII საუკუნე ფეოდალური საქართველოს უდიდესი ძლიერების ხანაა. საქართველო იმ დროს წინა აღმოსავლეთის ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მძლავრი სახელმწიფოთაგანია. მისი საზღვრები - თუ ჩავთვლით შემოერთებულსა და ყმადნაფიც ქვეყნებს - შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე აღწევს, ხოლო სამხრეთით სცილდება ამიერკავკასიის ფარგლებს. ეს არის ხანა ქვეყნის სახალხო მეურნეობის წარმატებისა, სავაჭრო-სახელოსნო ქალაქების ზრდა - განვითარებისა, ქართული კულტურის ბრწყინვალე აყვავებისა. XIII ს-ში საქართველოს მონღოლთა ველური ურდოები შემოესივნენ და დიდი ხნით დაამყარეს აქ თავისი ბატონობა. მართალია, საქართველო ამის შემდეგაც აღწევდა სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას (მაგ. XIV ს-ში გიორგი ბრწყინვალის დროს), მაგრამ ისტორიულ მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ (თემურ-ლენგის გამანადგურებელი შემოსევები XIV ს-ის მიწურულში: დასავლეთ ევროპისაგან მოწყვეტა მას შემდეგ, რაც ოსმალო თურქებმა ბიზანტიის იმპერია დაამხეს და კონსტანტინეპოლი დაიპყრეს, თურქეთისა და ირანის აგრესიული მოქმედება XV –XVI საუკუნეებიდან, მათ მიერ საქართველოს აოხრება მრავალგზის), აგრეთვე თვით ქვეყნის შინაგანმა ევოლუციამ - მისმა დაქუცმაცებამ ცალკეულ სამეფო სამთავროებად, ბატონყმობის საბოლოო დამკვიდრებამ, საქალაქო ცხოვრების დაქვეითებამ - მძიმე ლახვარი ჩასცეს საქართველოს, მის პოლიტიკურ ძლიერებას, მის ეკონომიკას. ეს საუკუნეები XIX ს-მდე - ერთიანად ავსებულია თავდადებული ბრძოლით ეროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ბრძოლას დიდად ართულებდა ფეოდალური ქვეყნისთვის დამახასიათებელი შინაური აშლილობა. 1783 წელს მეფე ერეკლე მეორემ, რომლის ხელშიაც გაერთიანებული იყო მთელი აღმოსავლეთი საქართველო, ე.ი. ქართლ-კახეთის სამეფო, მეგობრობისა და მფარველობის ხელშეკრულება დასდო რუსეთის იმპერიასთან. მას, როგორც „ერთმორწმუნე" სახელმწიფოს, უკვე კარგა ხანია იმედით შეჰყურებდნენ საქართველოს მესვეურნი. 1801 წელს, გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველო (ცოტა უფრო გვიან დასავლეთიც) შეერთებულ იქნა რუსეთის იმპერიასთან ცალკე გუბერნიის სახით. ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებელ სამეფოთა არსებობა დასრულდა. საქართველო გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას ირანისა და თურქეთისაგან, გადაურჩა ლეკების დაუსრულებელ თარეშს. XIX საუკუნე საქართველოსთვის ყოველმხრივი გარდატეხისა და არსებითი ცვლილებების ხანაა: დაიწყო პროცესი ფეოდალური ურთიერთობის თანდათანობითი რღვევისა; საუკუნის დასაწყისში ჩასახული კაპიტალიზმი საუკუნის მეორე ნახევრიდან სწრაფად იპყრობს პოზიციებს; ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის დარგში, რომელიც XVI- XVIII საუკუნეთა მანძილზე განიცდიდა მაჰმადიანური აღმოსავლეთისაკენ იძულებითი ორიენტაციის გავლენას, სწრაფად ისახება ევროპისაკენ შემობრუნება, რასაც, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნებისთვისაც. მიუხედავად მძიმე ეროვნული ჩაგვრისა და შევიწროებისა, მიუხედავად გარუსების პოლიტიკისა, ქართული კულტურა, უპირველეს ყოვლისა, მწერლობა და პუბლიცისტიკა, შემდეგ თეატრი და სახვითი ხელოვნებაც. ახალ საფეხურზე ადის, იგი მტკიცედ უკავშირდება ხალხის ცხოვრებას, ასახავს მის მისწრაფებებს, ასახავს ეროვნული და სოციალური გათავისუფლების მწვავე პრობლემებს. XIX ს-ის ქართული ხელოვნება ჩვენი ეროვნული ხელოვნების ისტორიის ახალი, სრულიად განსხვავებული, თავია.
***
ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლედის მეორე ნახევრისა და ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის, ე.ი. იმ ხანისათვის, როცა კოლხიდისა და იბერიის სახელმწიფოები წარმოიქმნა, დარჩენილია ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობები. ეს ავტორები არიან ქსენოფონტე (ძვ.წ.V-IV სს.), სტრაბონი (ძვ.წ I ს. - ჩვ.წ.I ს.). ვიტრუვი (ძვ.წ.I ს.). ქსენოფონტეს "ანაბაზისში“ ამიერკავკასიაში გაშლილი სამხედრო მოქმედების აღწერისას, ნახსენებია გამაგრებული ქალაქები, სასახლეები, კოშკებით აღჭურვილი ხის სახლები. სტრაბონის თანახმად, იბერიის უმეტესი ნაწილი მშვენივრადაა დასახლებული ქალაქებითა და სოფლებით, ასე რომ იქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და სახუროთმოძღვრო ხელოვნების თანახმად მოწყობილი საცხოვრებლები და ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები (წიგნი XI, თავი III). ამ სიტყვების მნიშვნელობას უკეთ დავაფასებთ, თუ გავიხსენებთ, რომ რომაელი ვიტრუვი, ავტორი ათი წიგნისა ხუროთმოძღვრების შესახებ (ეს დღემდე გადარჩენილი ერთადერთი რომაული ტრაქტატია მშენებლობაზე), წერს, რომ დაახლოებით იმავე ხანებში გალიასა და ესპანეთში სახლებს კრამიტით კი არ ხურავდნენ, არამედ ჩალითა და ყავრით. იგივე ვიტრუვი აღგვიწერს კოლხურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ძელებით ნაშენი პირამიდული სახურავი და ზემო ხვრელი აქვს (კვამლის და შუქისათვის). ახალ არქეოლოგიურ მონაპოვართა შუქზე (იხ.ზემოთ - შულავერი, ქვაცხელები), ვიტრუვისეული ცნობები ახალ მნიშვნელობას იძენს - ისინი სამშენებლო ტრადიციების ღრმა ფესვების არსებობასა და უწყვეტობას ადასტურებენ. მეორე მხრივ, კოლხური საცხოვრებლის ტიპი, რომელსაც წინა აზიის მრავალ ქვეყანაში მოეძებნება პარალელი, შეიძლება გლეხური საცხოვრებლის, ე.წ. დარბაზის პროტოტიპად მივიჩნიოთ. დარბაზს, რომელსაც ქვემოთ ცალკე შევეხებით, მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეთა ქართული საეკლესიო არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებების შემუშავებისათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ იმდროინდელი ხუროთმოძღვრების შესახებ ამ წერილობითი ცნობების ვარდა ჩვენ არც არაფერი ვიცოდით. რა თქმა უნდა, ადრექრისტიანული ხანის დიდად განვითარებული ძეგლების გაცნობა ნათლად გვიჩვენებდა, რომ V-VI საუკუნეთა შესანიშნავი ტაძრების შექმნამდე ქართულ ხუროთმოძღვრებას გრძელი და რთული გზა უნდა გაევლო, რომ ასე მომწიფებულიყო, რომ ასეთი დასრულებული კომპოზიციური და ტექნიკური ხერხები შეემუშავებინა, როგორთაც იმ ძეგლებში ვხვდებით. ამ დასკვნის გამოტანას წერილობითი წყაროები არც ესაჭიროებოდა, ამისთვის აპრიორული მსჯელობაც საკმარისი იყო. ოცდაათიანი წლების დასასრულისა და ორმოციანი წლების დასაწყისის გათხრებმა ძველ დედაქალაქ მცხეთაში (გათხრები ომის შემდეგაც გაგრძელდა) ბრწყინვალედ დაადასტურა ეს მოსაზრებებიც და ანტიკური დროის ავტორთა ცნობებიც. აქ აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის - ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეთა და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი ძეგლები. უზარმაზარი აკროპოლისი, ქართლის (წინანდელი იბერიის) მმართველთა რეზიდენციის ნაშთი, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ..ამის შემდეგ მცხეთა, რომელიც მანამდე ყურადღებას იპყრობდა შუა საუკუნეთა დიდებული ტაძრებითა და ძველი სამარხებით, გადაიქცა საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ნამდვილ ცოცხალ მუზეუმად, რომელშიაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარების საფეხურებს მრავალი საუკუნის მანძილზე. მცხეთის დაწინაურებას ხელს უწყობდა მარჯვე ადგილმდებარეობა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას გაშენებული დედაქალაქი გადაჭიმული იყო მტკვრის ორსავ მხარეს, ძალიან რთულსა და მრავალფეროვან რელიეფზე.
პერიოდიზაცია
აქამდე ჩვენ საქმე გვქონდა ძალიან საინტერესო, ზოგ შემთხვევაში ფრიად მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც გაფანტულ, ერთმანეთისაგან დიდი ქრონოლოგიური მონაკვეთებით გათიშულ ძეგლებთან. მართალია, ამ ბოლო ხანებში ქართველ არქეოლოგთა ინტენსიური კვლევა-ძიების წყალობით "ცარიელი ადგილები“ თანდათან მცირდება და ივსება, მაგრამ მთლიან სურათს, მოვლენათა უწყვეტ თანმიმდევრობას მაინც ჯერჯერობით ვერ წარმოვიდგენთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არქიტექტურის თემატიკის შესახებ, გავეცნოთ მაშინდელ სამშენებლო ტექნიკას, გავითვალისწინოთ, როგორი იყო ურთიერთობა ძველი სამყაროს სხვადასხვა კულტურულ წრეებთან, ერთი სიტყვით, შეგვიძლია დაჯერებით ვილაპარაკოთ სამშენებლო ხელოვნების ფრიად ძველსა და ჩამოყალიბებულ ტრადიციებზე, აგრეთვე გეგმათა კომპოზიციის ზოგი თავისებურების შესახებაც. ისტორიულ-ევოლუციური თვალსაზრისით ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ თვით ძეგლები იმდენად დაზიანებულია, რომ საკუთრივ ხუროთმოძღვრებას, მის მხატვრულსა და სტილისტიკურ თავისებურებას ძნელად თუ წარმოვიდგენთ: არა გვაქვს არც ერთი დიდი ძეგლი, მთლიანად რომ იყოს გადარჩერილი (მიწისქვეშა სამარხი კამერებისა და მცხეთის აკლდამის გარდა). სხვა სურათია შუა საუკუნეებში - IV- V საუკუნეების შემდეგ. აქ, 15 საუკუნის მანძილზე, უამრავი გადარჩენილი ძეგლის წყალობით, საშუალება გვაქვს თვალი გავადევნოთ განვითარების თითქმის უწყვეტ სურათს, დავინახოთ ევოლუციის ისტორიული პროცესი, სტილთა ცვლა, დავინახოთ, როგორ ენაცვლება ერთმანეთს შემოქმედებითი ძიების, სრული მხატვრული სიმწიფისა და კრიზისის პერიოდები. ეს არის სურათი მკაფიო ეროვნული თავისებურების მქონე არქიტექტურისა, რომელიც მუდამ ვითარდებოდა, მაგრამ არასოდეს არ დაუკარგავს - თავისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე - საკუთარი სახე. შუა საუკუნეთა ქართულ ხუროთმოძღვრებას (და მთელ ხელოვნებასაც) შემდეგ ძირითად პერიოდებად ჰყოფენ:
1. ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურა - IV საუკუნიდან VII ს-ის შუა წლებამდე. ეს პერიოდი ნაწილობრივ ემთხვევა ევროპული და წინააღმოსავლური ხელოვნების ე.წ. "ძველქრისტიანულ ხანას“. ეს შუა საუკუნეთა ქართული არქიტექტურის პირველი ბრწყინვალე აყვავების ხანაა.
2. ე.წ. გარდამავალი ხანის არქიტექტურა - VII ს-ის მეორე ნახევრიდან X ს-ის ნახევრამდე. დამახასიათებელია წინა პერიოდის შემუშავებული სტილისტიკური პრინციპების თანდათანობითი უკუგდება და ახალი სტილის ჩამოყალიბება.
3. განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურა - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანა - X ს-ის მეორე ნახევრიდან XIII-XIV საუკუნეთა მიჯნამდე. ამ ხანის დიდი ნაწილი საქართველოს გაერთიანებული სამეფოს არსებობის ხანას მიეკუთვნება. ქრონოლოგიურად იგი ემთხვევა დასავლეთ ევროპაში რომანული ხელოვნების საუკუნეებს და გუთური ხელოვნების დასაწყისს.
4. გვიანა შუა საუკუნეების არქიტექტურა - XIV- XVIII საუკუნეები. ეს ის ხანაა, როდესაც აგრესიული ძალებით გარშემორტყმული, ფეოდალურად დაქუცმაცებული საქართველო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის იბრძვის. დასავლეთ ევროპაში ამ დროს რენესანსის ბრწყინვალე კულტურა ვითარდება, პროგრესულ რეფორმებს განიცდის მეზობელი რუსეთის კულტურაც.
ქართული კულტურა IV-VII საუკუნეებში. არქიტექტურის ზოგადი ხასიათი. შენობათა ტიპები. მშენებლობის ტექნიკა.
IV-VII საუკუნეები დიდად მნიშვნელონანია არა მარტო ქართული ხუროთმოძღვრების, არამედ საერთოდ ქართული კულტურის განვითარებაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა საბოლოოდ ეროვნული კულტურის სახე. V საუკუნეს მიეკუთვნება, როგორც ცნობილია, დღემდე გადარჩენილი უძველესი ნიმუშები ქართული დამწერლობისა, თუმცა ქართული ანბანი, უეჭველია, უფრო ადრე უნდა შემუშავებულიყო. V ს-ში უკვე ნათარგმნი იყო ბიბლია, მაშინ შეიქმნა ჩვენთვის ცნობილი უადრესი ნაწარმოები ქართული ლიტერატურისა - იაკობ ცურტაველის "შუშანიკის მარტვილობა". ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოს, რა თქმა უნდა. არ შეუწკვეტია კავშირი წინა აზიასთან, რომელსაც იგი თავისი ფესვებით ეკუთვნის, მაგრამ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დასავლურ კულტურას. მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კონტაქტებს ბიზანტიურ სამყაროსთან. გაქრისტიანებულ სირიასა და პალესტინასთან, მეზობელ სომხეთთან, მცირე აზიასთან. უკვე V ს-ში დაარსდა ქართული მონასტრები სირიასა და პალესტინაში, უფრო გვიან კი საბერძნეთსა და სინას მთაზე. ეს მეცნიერული აზროვნების ცენტრები იყო: ქართველი ბერები, ბერძნებთან და სხვა ერების წარმომადგენლებთან ხელიხელჩაკიდებულნი, იქ ინტენსიურ სამწერლო და მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდნენ, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურული ურთიერთობისა და ურთიერთგავლენისათვის. ქართულმა თარგმანებმა შემოგვინახა ქრისტიანული სასულიერო მწერლობის მდიდარი საგანძური, შემოგვინახა ზოგი ისეთი ნაწარმოებიც, რომელთა დედნებს დღემდე არ მოუღწევია. მეცნიერებამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის უცხოეთის ქართული მონასტრების შესახებ. ამ მხრივ ახალი კვლევა-ძიება. ახალი გათხრები ჩვენ თვალწინ უცნობ ფურცლებს შლიან: ანტიოქიის მახლობლად აღმოჩნდა ბევრი ეკლესია და მონასტერი, რომლებიც ქართველებს ეკუთვნოდა; ეგვიპტეშიაც გამოვლენილი იქნა ეკლესია, რომელიც, მკვლევართა აზრით, ქართულ სასულიერო მოღვაწეებს უნდა აეშენებინათ V ს-ში. არც ისე დიდი ხნის წინათ იტალიელმა მეცნიერებმა გათხარეს უძველესი ქართული
მონასტერი იუდას უდაბნოში, პალესტინაში (ამ მონასტრის იატაკის შესანიშნავ მოზაიკაში ჩართულია ყველაზე ძველი ქართული წარწერა - V ს-ის შუა წლებისა). ეჭვი არ არის, რომ მიწის წიაღი ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს წინა აღმოსავლეთის ძველი ქართული მონასტრების შესახებ. იმდროინდელი ქართული ნივთიერი კულტურის მაღალი ღონის ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი სწორედ ხუროთმოძღვრებაა - არა მარტო გადარჩენილ ნაწარმოებთა სიმრავლის, არამედ მათი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულების გამოც; ქართული ხუროთმოძღვრება უკვე მაშინ სახავს რთულ მხატვრულ პრობლემებს და ახერხებს მიზანდასახულად და თანმიმდევრობით მათს ამოხსნას. მჭიდროდაა დაკავშირებული არქიტექტურასთან დეკორაციული ქანდაკებაც - ტაძრების ფასადთა რელიეფები (ქვისა), საკულტო სტელები. გადარჩა აგრეთვე მოზაიკური შემკულობის რამდენიმე ნიმუშიც, მაგრამ მონუმენტური მხატვრობის აყვავების ხანა უფრო გვიან დადგება X - საუკუნიდან. ქრისტიანულმა ეკლესიამ ხუროთმოძღვართ სრულიად გარკვეული ამოცანა დაუსახა. უნდა შექმნილიყო საგანგებო შენობა, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა და სარწმუნოებრივი რიტუალის ჩასატრებლად გამოდგებოდა. ახალი ამოცანის ამოხსნა, ცხადია, ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა. როგორც წერილობითი წყაროები, ისე უძველესი გადარჩენილი ნიმუშების დაკვირვება მოწმობს, რომ თავდაპირველად მლოცველები მაინც ეკლესიის გარეთ იდგნენ - ადვილი კი არ იყო ამ ახალ, ჯერ კიდევ უცხო და უცნობ ღმერთთან შეგუება: „მისგან შიში დიდი დაცემული იყო ყოველსა კაცსა ზედა“. ეკლესიაში მხოლოდ მღვდელი შედიოდა. ამიტომ გასაგებია, რომ სულ პირველი ეკლესიები ძალიან მცირე ზომისაა. სინამდვილეში ეს მხოლოდ მინიატურული სამლოცველოებია, რომლებიც მხოლოდ თანდათან იქცა მეტ-ნაკლებად ტევად ეკლესიებად, V ს-ის ბოლოს კი უკვე საკმაოდ დიდი ტაძრების შენებაც დაიწყეს. როგორც ცნობილია, ევროპასა და წინა აღმოსავლეთში ძველ ქრისტიანულ ხანაში გავრცელებული იყო საეკლესიო ნაგებობათა ორი უმთავრესი სახეობა. ა)წაგრძელებული უგუმბათო შენობა, ე.წ. ბაზილიკა, რომლის წარმოშობის შესახებაც სხვადასხვა თეორიები არსებობს. ბ)ცენტრული -მრგვალი, მრავალწახნაგა (ჩვეულებრივ, რვაწახნაგა), ჯვარისებრი შენობა, რომელიც ყოველთვის გუმბათით არ იხურებოდა. გამოთქმულია მოსაზრება (ლასიუსი, გრაბარი), რომ ეს ორი სახეობა შენობათა ორ განსხვავებულ ფუნქციას შეესაბამებოდა: ცენტრული შენობები მარტირიუმები, ე.ი. წმინდანის საფლავთან დაკავშირებული მემორიული სამლოცველოები იყო, ხოლო ბაზილიკები - ჩვეულებრივი ეკლესიები, რომლებშიაც რეგულარული ყოველდღიური წირვა-ლოცვა წარმოებდა. საქართველოშიაც, ქრისტიანულ საკულტო არქიტექტურაში, აგრეთვე ვხვდებით ამ ორ სახეობას - წაგრძელებულ უგუმბათო შენობებსა და ცენტრულ შენობებს, მაგრამ:
ა) მათ შორის არ არსებობს ზემოთ ხსენებული ფუნქციური სხვაობა, ე.ი. გეგმის ცენტრულობა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ეკლესია წამებულის კულტთან, წმინდანის ნაწილებთანაა დაკავშირებული.
ბ) საქართველოში უცნობი იყო ისეთი მრგვალი ან მრავალწახნაგა გეგმა, როგორიც დასავლეთში და წინა აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში მემკვიდრეობით მიიღეს წინაქრისტიანული რომაული არქიტექტურისაგან.
გ) ქართული ცენტრული ტაძრების ბირთვს (სულ მცირე გამონაკლისით) შეადგენს კვადრატი, რომელზედაც აღმართულია გუმბათი და რომლის გარშემოც ვითარდება ჯვარისებრი გეგმა (სხვა ტიპები - გამონაკლისია, ან გარდამავალ საფეხურს შეადგენს). კვადრატზე დამყარებული გუმბათის თემა გენეტიკურად უკავშირდება, ერთი მხრივ, ანალოგიურ კომპოზიციას წინა აღმოსავლეთის ქვეყნების ძველ ხუროთმოძღვრებაში (მაგ. სასანურ სასახლეებს ირანში), მეორე მხრივ - ეს ძალიან არსებითია - ქართული ხალხური არქიტექტურის ტრადიციებს, კერძოდ, გლეხური „დარბაზის" ტიპს (როგორც ზემოთ უკეე აღვნიშნეთ, ეს ტიპი ქრისტიანობის გავრცელებამდე ბევრად ადრე შემუშავდა). ამგვარად, კვადრატზე დასმული გუმბათის თემა, რომელმაც, არსებითად, გადამწყვეტი როლი შეასრულა მთელი აღმოსავლურ - ქრისტიანული საკულტო არქიტექტურის განვითარებაში, საქართველოსთვის ღვიძლი და ტრადიციული იყო. ეს გარემოება მკაფიოდ იჩენს თავს საქართველოში სარწმუნოებრივი არქიტექტურის ჩასახვისთანავე.
დ) პირიქით, ბაზილიკის ტიპი, ე.ი. ხაზგასმით გამომჟღავნებული სიგრძივი ღერძის მქონე შენობა, რომელიც აგებულია გარკვეული ელემენტების რიტმული განმეორებით, ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის უცხო იყო: მაგრამ ამ ტიპს ნერგავდა ოფიციალური ეკლესია, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას დასაწყისში ესაჭიროებოდა უკვე აღიარებული, სარწმუნოების მიერ ნაკურთხი ნიმუშები. ბუნებრივია, რომ ასეთ ნიმუშებად მიჩრეულ იქნა პალესტინის უძველესი ბაზილიკები, რაკი პალესტინა, საღმრთო წერილის თანახმად, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ასპარეზი იყო. ქვემოთ დავინახავთ, რომ ქართველ ოსტატთა პირველი ცდები ბაზილიკის აგებისა ამჟღავნებს ახალ ამოცანათა ამოხსნის სიძნელეს, მოწმობს, როგორ "ებრძოდა" ეს ახალი თემა ტრადიციული ცენტრული გეგმების გავლენას. თანაც, ბაზილიკათა შეფარდება გუმბათოვან ეკლესიებთან საქართველოში ისეთი არ არის, როგორიც სირიაშია, სადაც ბაზილიკათა რაოდენობა დიდად სჭარბობს ცენტრული ტაძრების რაოდენობას.
ე) საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა „სამეკლესიიანი ბაზილიკა" უწოდეს: გარედან, თავისი "პროფილით" იგი არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან ბოძებით კი არ არის გაყოფილი, არამედ კედლებითაა გათიშული. ე.ი., არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებული სამი დამოუკიდებელი სამლოცველოა. ეს თემა, რომელიც საქართველოს გარეთ უცნობია, VII საუკუნიდან მოყოლებული გარკვეულ ევოლუციას განიცდის და იარსებებს, ისევე, როგორც ბაზჯლიკა, X ს-მდე (ბაზილიკის უფრო გვიანდელი ნიმუშები მხოლოდ სპორადულად გვხვდება).
ვ) სამნავიანი და სამეკლესიიანი ბაზილიკის გვერდით, საქართველოში იმთავითვე შემუშავდა უგუმბათო ნაგებობათა კიდევ ერთი, უმარტივესი სახე: ერთნავიანი (ანუ ცალნავიანი) ეკლესია, რომელიც იარსებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მთელ მანძილზე. სოფლის მცირე სამლოცველოთა უმეტესობა ამ ტიპს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესიებიც.
(გაგრძელება ნაწილი II)
|