topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბიჭვინთა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<აფხაზეთის ისტორიული ძეგლები>>>

ბიჭვინთა (ძვ.ბერძნ. პიტიუნტი) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. ბიჭვინთის როგორც ქართული ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი "ფიჭვიდან" (ბერძნ. Pიტიოს) მომდინარეობა. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები. ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე.წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებული კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია სტრაბონის "გეოგრაფიაში", როგორც "დიდი პიტიუნი". სტრაბონი ემყარებოდა ძვ.წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფის არტემიდორე ეფესელის ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. II-III საუკუნეებიდან ბიჭვინთის ციხეში იდგა რომაელთა გარნიზონი, რომელიც რომის იმპერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მისადგომებს იცავდა მთიელთა შემოსევებისაგან. ბიჭვინთა ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი ცენტრი იყო. IV საუკუნის I მეოთხედში აქ საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325) მონაწილე იყო. ბიჭვინთა დიდ საეკლესიო ცენტრად დარჩა შუა საუკუნეებშიც. აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბიჭვინთაში იჯდა აფხაზეთის კათოლიკოსი, ხოლო საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ (XV-XVI სს.) - აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი. ბიჭვინთის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს 1952 წლიდან (ა. აფაქიძე - 1952-1974 ხელმძღვანელი, 1975 წლიდან - კონსულტანტი; გ.ლორთქიფანიძე - 1975 წლიდან ხელმძღვანელი). მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპივარი (წითელლაკიანი კერამიკა, ნუმიზმატიკური მასალა. ბერძნულ-ლათინური წარწერათა ფრაგმენტები და სხვა) გვიჩვენებს, რომ ბიჭვინთა მძლავრი კულტურისა და სავაჭრო სახელოსნო ცენტრი გვიანდელ ანტიკურ ხანაში. გამოვლინდა II-IV საუკუნეების ციხე, რომლის კედლები, კონტრფორსებითა და კოშკებით არის გამაგრებული. გალავნის შიგნით განლაგებული ყოფილა ნაგებობათა მთელი სისტემა - საცხოვრებელი სახლები, სასიმაგრო, საკულტო და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი (აბანო, მარანი, კერამიკული ქურა, საოქრომჭედლო სახელოსნო და სხვა). ბიჭვინთაში არსებული საკანალიზაციო სისტემა მიგვითითებს გვიანდელი ანტიკური ხანის საქალაქო-სანიტარული კულტურის მაღალ დონეზე, ნაქალაქარის გარეთ, ასევე გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე, აღმოჩენილია ქრისტიანული ტაძრის - სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომელსაც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. შუა ფართო ნავი გვერდის ნავებისაგან ხუთი წყვილი ბურჯით იყო გამოყოფილი. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი ეკვროდა, რომელიც ნავებს 3 შესასვლელით უკავშირდებოდა. ტაძარი V საუკუნეს მიეკუთვნებოდა. იგი აუგუათ, როგორც ჩანს, უფრო ძველი, IV საუკუნის ბაზილიკის ნანგრევებზე, რომელიც რამდენადმე უფრო დიდი ზომისაც ყოფილა და უფრო მდიდრულად მორთულიც. ამას მოწმობს მარმარილოს არქიტექტურული ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი. ძველი ტაძრის დასავლეთით აღმოჩნდა კიდევ ერთი, უფრო მცირე ზომის ტაძრის ნანგრევები; ტაძარი, როგორც ჩანს, VI-VII საუკუნეებში აუგიათ. ბიჭვინთის ცენტრში, ნაქალაქარიდან 300 მ-ზე, ჯვარულ-გუმბათოვანი დიდი ტაძარი დგას (X საუკუნის ბოლო - XI საუკუნის დასაწყისი), რომელსაც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს, დასავლეთით ნართექსი. ფართო მრგვალი გუმბათი თავისუფლად მდგარ ორ ბურჯსა და საკურთხეველის აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძრის კედლები შეულესავთ და შეუთეთრებიათ, შემორჩენილია XVI საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ტაძრის ტერიტორიაზე შემონახულია პატარა სამლოცველოები და ეკლესიები. ტყეში, ზღვის პირას, გათხრილია ორაფსიდიანი ტაძრის ნანგრევები (VI საუკუნე).

ბიჭვინთის მოზაიკა:

V საუკუნის მოზაიკური მხატვრობა, რომლითაც შემკული იყო IV საუკუნისსამნავიანი ბაზილიკის იატაკი (ბაზილიკის ნანგრევები აღმოჩნდა ბიჭვინთის კონცხზე 1952 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს). შედარებით უკეთ იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ბიჭვინთის მოზაიკა შესრულებულია ადგილობრივი ფერადი ქვის (თეთრი, შინდისფერი, ყვითელი და შავი) ოთხკუთხა ნატეხებით, სუფთად დაფქვილი აგურისა და კირის ხსნარზე. ფონი აგურისფერია. შესრულებულია ადგილობრივი ოსტატების მიერ. თავისი ხასიათით ბიჭვინთის მოზაიკა უახლოვდება მახლობელი აღმოსავლეთის ელინიზებული ქვეყნების სირიისა და პალესტინის მოზაიკურ მხატვრობას. საკურთხევლის აფსიდის ცენტრში დიდი მონოგრამია, ე.წ. "ქრიზმა", შემკული "ალფა" და "ომეგას" ნიშნით. მონოგრამის ორივე მხარეს აკანთის ხვეულების ფართო ზოლია, რომელიც ჩარჩოსავით ევლება მთელ კომპოზოციას. ქრიზმის მარცხნივ მცენარის აყვავილებული და ნაყოფმოსხმული შტოა ფრინველთა გამოსახულებებით. კომპოზოცოა გაფორმებულია გეომეტრიული ორნამენტით (რომბები, ნახევრად რომბები, წრეები). ნართექსის მოზაიკა დეკორატიული ხასიათისაა. გრეხილებისაგან შექმნილ სხვადასხვა ფორმის მცირე არეებში ჩასმულია ფრინველებისა და თევზების მოზაიკური ფიგურები. კარიბჭესთან გამოსახულია შადრევანი და აქეთ-იქიდან ფრინველები. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში ფრაგმენტებად შემორჩენილია ირმებისა და შვლის ნუკრის გამოსახულებები.

ბიჭვინთის განძი, წარმოადგენს:

ძვ.წ. XV-XIV საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი, აღმოჩენილი 1935 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში. შეიცავს ორი სახეობის კოლხურ ცულებს, აგრეთვე ადრეული ტიპის ბრინჯაოს ცულს, რომელიც კოლხური ცულის პროტორიპადაა მიჩნეული. დაცულია აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. ანტიკური დროის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1958 წელს. შეიცავს II-III საუკუნეების რომის იმპერატორების სახელით მოჭრილ 149 მონეტას, რომელთაგან 10 კესარიული დრაქმა და დიდრაქმაა. 139 კი - ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტა. ბიჭვინთის განძის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია ადრიანეს (117-138) სახელით. უგვიანესი - ფილიპე უმცროსის სახელით (247-249). ბიჭვინთის განძის დაფლვა უკავშირდება გუთების თავდასხმას (256) ბიჭვინთაზე. მონეტები წარმოდგენას გვიქმნიან იმ ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდა ტრაპეზუნტის მოსახლეობა. მონეტების შუბლზე გამოსახულია რომის იმპერატორის პორტრეტი, ზურგზე - რომელიმე ღვთაება (ტიქე, დიონისე, სერაპისი, ჰადესი, ასკლეპიოსი, აპოლონი, აბულანცია, რეა-კიბელე, ჰერაკლე), მონეტების უმრავლესობაზე კი - ადგილობრივი ღვთაება, რომელმაც გააერთიანა მითრასა და კაპადოკიური მთვარის ღვთაების მენის ფუნქციები. მონეტებზე ჩანს ღვთაება მითრას იკონოგრაფიული ცვლილებები II-III საუკუნეების მანძილზე. ეს ღვთაება ადგილობრივ ნიადაგზე უნდა იყოს წარმოქმნილი. ტრაპეზუნტის მფარველ ამ ღვთაებასა და ქართველურ სამყაროში გავრცელებულ მთვარის ღვთაებას შორის გარკვეული მსგავსება ჩანს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საცავებში დაცული ტრაპეზუნტის 315 მონეტიდან 229 აღმოჩნდა ბიჭვინთასა და სოხუმში. IV საუკუნის სპილენძის მონეტების განძი, აღმოჩენილი ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (1962). შეიცავს ალექსანდრიაში, ნიკომედიასა და კიზიკოსში მოჭრილ 310 მონეტას. ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის (306-337) სახელით, უგვიანესი - კონსტანციუს II-ის (337-361) სახელით. ბიჭვინთის განძი მიუთითებს ბიჭვინთის ფართო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე IV საუკუნეში. დაფლული უნდა იყოს IV საუკუნის 60-70-იან წლებში სამხედრო საშიშროების გამო.

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

 

 

 

 

***********************************************************************************

ბიჭვინთა - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.71-73.

საქართველოში მოზაიკის გავრცელებას მოწმობს უკანასკნელ წლებში აღმოჩენილი იატაკების ფრაგმენტები ბიჭვინთაში, შუხუთში, ძალისაში, ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი. იატაკი აღმოჩნდა სამნავიანი შვერილ აფსიდიანი ბაზილიკაში. როგორც გაირკვა, მოზაიკა არ ეკუთვნოდა ამ ტაძარს, არამედ უფრო ძველს, რომელზედაც აგებული იყო ტაძარი. მოზაიკის ნაწილი განადგურებულია შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით იატაკი დაყოფილი ყოფილა სხვადასხვა ზომის სექტორებად, რომელთაც ჰქონდა საკუთარი ჩარჩო ან ჩუქურთმიანი ბორდიური....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ბიჭვინთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.44,

ბიჭვინტის ტაძარი, კიდევ ერთი ნიმუში X ს-ისა, შავი ზღვის სანაპიროზე. XIV - XVIII საუკუნეებში ეს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ტახტი იყო. ესეც ჯვაროვან - გუმბათოვანი ნაგებობაა, მაგრამ აქვს ნართექსი (დასავლეთით) და სამი შვერილი აფსიდი (აღმოსავლეთით): ერთიც და მეორეც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

ქ.დიღმელაშვილი - ბიჭვინთის აბსიდის მოზაიკის სემანტიკის შესწავლისათვის - კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალი "ამირანი", 2011 წ., N23, გვ.136-146.

დღიდან ბიჭვინთის მოზაიკის აღმოჩენისა ინტერესი მისდამი არ განელებულა. არაერთმა მეცნიერმა აღნიშნულ მოზაიკაზე მუშაობისას სცადა როგორც მისი თარიღის განსაზღვრა, ისე მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. ლ.მაცულევიჩის, ვ.ლექვინაძის, ი.ციციშვილის, ლ.შერვაშიძის, რ.რამიშვილისა და სხვათა კვლევების შედეგად მოზაიკის თარიღად მიჩენულ იქნა IV ს. I ნახევრიდან მოყოლებული ვიდრე VI საუკუნემდე პერიოდი [15:153; 12:174-192; 11:83-101; 20:169-193; 7:3-6; 6:107-121]...<<ტექსტი სრულად აქ...<<