topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქურმუხი - ჟღერს ქვის ჰარმონია

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ქურმუხის ტაძარი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.143 - 145

ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს რაიონული ცენტრის (კახის) სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისგან ორი კილომეტრის დაშორებით, ქურმუხის ხეობაში (ამჟამად აზერბაიჯანის ფარგლებშია). აღსანიშნავია, რომ ქურმუხის წმ.გიორგის ეკლესიას თაყვანს სცემდა არა მარტო ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველობა, არამედ არაქართველი მუსლიმანური მოსახლეობაც. ისინი ამ ადგილს წმიდათაწმიდად მიიჩნევდნენ.

გ.თიკანაძის ფოტო

1968 წელს 10 აპრილს, ღამით, ამ ძეგლის მშვენება - კონუსური ფორმის მაღალი გუმბათი, სამწუხაროდ, მთლიანად ჩამოინგრა. როგორც ირკვევა, ინგილოები ჯერ თავიანთი სახრებით აპირებდნენ გუმბათის აღდგენას, შემდეგ კი აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვის მესვეურებმა გუმბათი „თვითონ აღადგინეს“. მართალია, გუმბათის ყელში წყალი არ ჩადის, მაგრამ მასზე "მორგებული" ქოლგისებრი ფორმის ცემენტით ნალესი სახურავი სრულიად შეუფერებელია ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ძეგლისათვის. "აღდგენლი" გუმბათი ისე დაბალია, შორიდან სრულებით არ იკითხება (არც ჰგავს პირვანდელს), რის გამოც ძეგლი შორიდან თავმორღვეულად (უგუმბათოდ), დასახიჩრებულად გამოიყურება. ადგილობრვი მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების გადმოცემით, ტაძარი წმ.გიორგის სახელობის ძველი საყდრის ადგილზეა აგებული და სახელიც აქედან აქვს შემორჩენილი. წმ.გიორგის ძველი საყდარი კი აგებული ყოფილა უზარმაზარ სიდიდის ერთ მთლიან ლოდზე. ქართულ მატიანეში საყდარი ცნობილია, როგორც მამათა მონასტერი. XIII ს-ის დამლევსა და XIV ს-ის დამდეგს ქურმუხის მონატერს ჰყოლია საქართველოს კათოლიკოსს დაქვემდებარებული მთავარეპისკოპოსი, რომლის განმგებლობაში შედიოდა აგრეთვე მთიულეთისა და დაღესტანის (წახურის) ეკლესიები. ტაძრის გეგმა სწორკუთხედია. სწორკუთხედის შიდა სივრცე სამი ნაწილისაგან შედგება;

გეგმარების მოდულად აქ გამოყენებულია კვადრატი, რომლის გვერდები (კედლების სიბრტყეებს შორის) 1,5 მეტრს უდრის. ტაძრის შუა ნავი სამი ასეთი კვადრატისგან შედგება და აღმოსავლეთით მთავრდება ნახევარწრიული მოხაზულობის საკუთრხევლით. შუა ნავის მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე სივრცეები კედლის სიბრტყიდან გრძივი კედლის ღერძებამდე იგივე ზომის კვადრატის ნახევრებისაგანაა შედგენილი; შუა ნავის ცენტრში მოქცეულ კვადრატის კუთხეებში ერთრიგად გამართულ ტრომპებზე (კვადრატში ჩახაზულ წრეხაზის თავზე) აყვანილია რვაწახნაგოვანი ყელი, რომელიც დაგვირგვინებულია კონუსური ფორმის გუმბათით. ქურმუხის ტაძარი აშენებულია კარგად გამომწვარი წითელ აგურით და კირის დუღაბით. კედლებში გამოყენებულია აგრეთვე „ტინისა“ და "სიპის" ქვებიც; ფრონტონები და გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. როგორც ირკვევა, აქ ძირითადი სამშენებლო ერთეული კვადრატის მოხაზულობის თხელი აგურია (ზომები 22X22 სმ, სისქე 4 სმ). ზუსტად ასეთი ფორმისა და ზომის აგურია გამოყენებული რამდენიმე საუკუნით დაშორებულ ძეგლებზე, როგორებიცაა ლექართი (VI-VII ს), ბახთალა (XVI ს), ჩინარლუ და სხვ. ქურმუხის ტაძრის გეგმას ზუსტი პარალელები ეძებნება კახეთის ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს კახეთის ჩრდილო-დასვლეთ მხარეს მდებარე სოფელ ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც კახეთის მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ფუძნარის ეკლესიის კომპოზიცია და შინაგანი სივრცე, მისი კონსტრუქციული სტრუქტურა ქურმუხის ტაძრის განმეორებაა. ძნელია იმის დადგენა, რომელია ამ ძეგლთაგან უფრო ძველი. აკადემიკოს გ.ჩუბინაშვილის აზრით, ფუძნარის მცირე გუმბათოვანი ტაძარი, გეგმის გადაწყვეტისა და შენობის მასების აგებულებათა მიხედვით XII ს-ის დამლევს და XIII ს-ის დამდეგს აგებულ ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება.

ძეგლის შედარებითი ანალიზი საფუძველს აძლევს მას ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძარი XIII ს-ის პირველ ნახევარს მიაკუთვნოს. ამ ორი ძეგლის ერთმანეთთან შედარება კი გვიჩვენებს, რომ ქურმუხის წმ.გიორგის ტაძარი მშენებლობის ტექნიკით დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ფუძნარის ტაძრისაგან. ამიტომ ქურმუხის წმ.გიორგის ტაძარი შეიძლება XIII ს-ის დამლევით და XVI ს-ის პირველი ნახევრით დათარიღდეს.

ილია ადამია