topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქვათახევი - ძეგლთა აღწერილობა

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

ქვათახევის კომპლექსი // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.199-202.

ქვათახევის კომპლექსი - არქიტ., ისტ., მონუმ. ხელოვნ. ძეგლი მდებარეობს კავთურის ხეობაში, სოფ. წინარეხიდან 5 კმ-ზე. თარიღდება XII-XIII სს. მიჯნით. ანსამბლში შედის: ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო, საცხოვრ. სენაკები. თავდაპირველად ქვათახევში დედათა მონასტერი ყოფილა. შემდეგ იგი მამათა მონასტრად გადაუკეთებიათ. 1400 წ. გაზაფხულზე მეექვსედ შემოსევის დროს თემურ-ლენგმა დაარბია ქვათახევი. დამპყრობლებმა ეკლესიაში შეამწყვდიეს „მუნ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღვდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, ცეცხლი შეუკეთეს და გამოსწვეს შიგ“. ხანძრის დროს დაზიანდა მოხატულობა. მონასტერი ძალიან მდიდარი ყოფილა. 1601 წ. სიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსასყიდად მონასტერს ოქროთი და ვერცხლით 70000 ლევი გადაუხდია. 1854-74 წწ. მონასტერი სამეცნ. საგანმან. კერას წარმოადგენდა. ამ დროს ქვათახევის არქიმანდრიტი იყო კულტ. თვალსაჩინო მოღვაწე, მთარგმნელი, მწერალი და კალიგრაფი - ტარასი ალექსი-მესხიშვილი. 1854 წ. იოანე თარხან-მოურავმა ქვათახევის ეკლ. კაპიტალურად შეაკეთებინა (ეკლესიას შეუნარჩუნეს პირვანდელო ზომები, პროპორცოები და ფორმები). 1854-74 წწ. ეკლესიის გარშემო შეიქმნა "სიმრავლე ახალთა შენობათა": სატრაპეზო, სამრეკლო, ბერების საცხოვრ. სენაკები. 1970-75 წწ. სამონასტრო ანსამბლზე სარესტ. სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ (ხელმძღვ. ვ.ცინცაძე) შეცვალეს გუმბათის გადახურვა, აღადგინეს დას. კარიბჭე.

ქვათახევის კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (20,7 X 13,5 მ), რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია კარგად გათლილი კვადრებით, ინტერიერის კედლები ნაგებია ნატეხი ქვით, პილონებზე, პილასტრებსა და თაღებზე გამოყენებულია კარგად გათლილი ქვის კვადრები. ეკლესიას ორი კარიბჭიანი შესასვლელი აქვს: სამხრ-ით და დას-ით. ეკლესიის თანადროული სამხრ-ის კარიბჭე ოთხ სვეტზე დგას, გადახურულია სხივისებრი კამარით და დიდი ღია თაღით უკავშირდება ეკლესიას. ეს კარიბჭე ყველაზე მეტად იყო დაზიანებული (აღდგენილია). დას. კარიბჭე ეკლესიისათვის XVII ს. II ნახ-ში მიუშენებიათ. აგებულია წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ. ისიც ოთხ სვეტზე დგას და გადახურულია კამარით. ეკლესიის შიდა სივრცეს ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრებით. გუმბათის ყელი ნახევარსფეროთი გადახურული მაღალი ცილინდრია. აღმ-ისა და დას-ის მკლავები სამხრ-ისა და ჩრდ-ისაზე გრძელია. მკლავები გადახურულია კამარებით. დას. მკლავის გვერდებზე დაბალი ნავებია, ხოლო აფსიდის ორივე მხარეს ცილინდრული კამარებით გადახურული, აფსიდით დასრულებული მოგრძო სათავსები - სადიაკვნე და სამკვეთლო. ისინი საკურთხეველს ბემის არეში უერთდებიან. ჯვრის ყოველ მკლავში ორი მაღალი და ვიწრო, ხოლო მათ ზემოთ - ერთი მცირე წრიული სარკმელია. სამი სარკმელია ეკლესიის აფსიდშიც. სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო პატარა სარკმელია, გუმბათის ყელში - თორმეტი. ინტერიერში კედლების თავდაპირველი შელესილობისა და მოხატულობიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი. მოგვიანებით კედლები ხელმეორედ შეულესავთ. ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტია შეწყვილებული სარკმლების მოჩარჩოება და მათ შუა აღმართული ჯვარი. აღმ-ის ფასადზე შუა სარკმლის სწორკუთხა მოჩარჩოების ლილვები ქვემოთ იხსნება, გვერდებზე ქმნის რომბებს, გრძელდება ქვევით და ცოკოლს ეყრდნობა. სარკმელი რომბებიანად კვარცხლბეკია ფასადის ზედა მონაკვეთზე გამოსახული დიდი ჯვრისათვის. ამ კომპოზიციის გვერდებზე მაღალი სამკუთხა ნიშებია, რ-ებსაც შემოვლებული აქვთ შეწყვილებული ლილვები. ლილვებით მოღებული პილასტრები ბაზისებს ეყრდნობა და მთავრდება მოჩუქურთმებულბურთულებიანი კაპიტელით. ნიშების თაღებში ოთხ-ოთხი ფესტონია, თაღების ზემოთ კი სამ-სამი კოპი. ფასადის განაპირა მონაკვეთებზე ორ-ორი მოჩუქურთმებული სარკმელია, ზედა მცირე და წრიულია, ქვედა კი - მაღალი და დიდი. დას. ფასადზე თავდაპირველი მორთულობიდან შემორჩენილია მაღლა, ცენტრში, შეწყვილებული სარკმლები, ხოლო მათ ზემოთ, ფრონტონში - წყვილი ჯვარი. მარყუჟებიანი ლილვებით შემკული თითო მცირე წრიული სარკმელი ფასადის ქვედა არეებშია. ამ ფასადზე მიდგმული კარიბჭე გვიანდელია, შესასვლელი ტიმპანითურთ კი - ძველი. სამხრ. ფასადი ადრინდ. პერიოდს მიეკუთვნება. მორთულობის ცენტრში აქაც მაღალი შეწყვილებული სარკმლებია. სარკმელთა მოჩარჩოებებს შორის მოთავსებულია ჯვრის ღერო (ჯვრის ზედა ნაწილი აღდგენილია). ფასადიდან წინ გამოწეულია დაბალი და გრძელი კარიბჭე. ჩრდ-ის ფასადი ორიგინალურია. მის ცენტრ. ნაწილში ლილვოვანი თაღი და მდიდრულად მოჩარჩოებული შეწყვილებულო სარკმლებია. დანარჩენი ფასადებისგან განსხვავებით, ამ ფასადის სარკმლებს შორის ჯვრის მკლავი არ არის ჩაყოლებული. გრეხილი ლილვები ფასადზე საფეხურებს ქმნის. ლილვები, პილასტრების კაპიტელები და ბაზისები მთლიანად მოჩუქურთმებულია. სარკმლებს შემოვლებული აქვს წვრილ გრეხილებში ჩამჯდარი ჩუქურთმიანი ფართო არშია. ეკლესიის გუმბათის ყელი მორთულია უწყვეტი დეკორატიული თაღედით. თითოეულ თაღში წვრილი და მაღალი სარკმელია. თაღებს შუა კოპებია. გუმბათს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული მაღალი ფრიზი და ორმაგი ლავგარდანი. ეკლესიის მოჩუქურთმებული ბატიყელა ლავგარდნისა და ლორფინის სახურავისგან ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სხვა ნაგებობებმა (გალავანი, კოშკი, სატრაპეზო და ბერების საცხოვრ. სენაკები) ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

გალავანი (55,4 X 59,2 მ) რთულ რელიეფს მიჰყვება. ამიტომ მისი კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა (2-დან 5-6 მ-მდე). ჭიშკარი სამხრ-ითაა. დას-ით და სამხრ-ით განლაგებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები.

ორსართულიანი კოშკი (5,5 X 8,2 მ) დგას მთავარი ტაძრის სამხრით. იგი გალავანშია ჩართული. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკის ორივე სართული საცხოვრებელი იყო. იგი მრავალჯერაა გადაკეთებული და პირვანდელი სახის დადგენა ძნელდება.

სამრეკლო დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. აშენებულია 1872 წ. იგი გეგმით ხუთწახნაგოვანია. ნაგებია ქვით. ნახევარწრიული თაღები სვეტებზე გადადის. სამრეკლოს პროფილირებული ლავგარდანი აქვს. გადახურულია ქვის კონუსური სახურავით.

სატრაპეზო (6,7 X 10,2 მ) დგას გალავნის ჩრდ.-დას. კუთხეში. ნაგებია ნატეხი ქვით. მის დას. კედელში შემორჩენილია ორი დიდო ბუხარი (ერთი მათგანის სიგ. 3 მ-მდე აღწევს). ჩრდ. კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

საცხოვრებელი სენაკები გალავანზე დას-დანაა მიშენებული. თარიღდება XIX ს-ით. სენაკებს წინ საერთო დერეფანი აქვს. თავის გეგმით, ხუროთმოძღვრული ფორმებით და ფასადთა მორთულობით ქვათახევის ტაძარი XII ს. დასასრულისა და XIII ს. დასაწყისის ტიპური ძეგლია. ჩუქურთმათა სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით, მათი შესრულების მაღალი დონით იგი ფეოდ. ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშია. მისი თანამედროვე და მონათესავე ძეგლებია ბეთანიისა და ფიტარეთის ტაძრები, მაღალაანთ ეკლესია და სხვ.