There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<პროზა და პოეზია>>>
ლ.ბერძენიშვილი - ბალადა "შემომეყარა ყივჩაღის" ერთი ვარიანტის გამო // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.III, №2, 1983, გვ.425-427 // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(წარმოადგინა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ.ციციშვილმა 19.11.1982)
პოპულარული ხალხური ბალადა „შემომეყარა ყივჩაღი“ მკვლევართა დაკვირვების საგანია. ბევრი ერთიმეორისაგან განსხვავებული შეხედულება გამოითქვა ამ ბალადის წარმოშობის, შინაარსისა თუ ცალკე სტრიქონთა გამო. ეს ბალადა მრავალმა მკვლევარმა შეისწავლა. დამაჯერებლად დაათარიღა ბალადა გამოჩენილმა მეცნიერმა ვახტანგ კოტეტიშვილმა. მკვლევარმა "ქართლის ცხოვრებაში" დაცული ცნობების საფუძველზე ბალადის შინაარსი დაუკავშირა XIII-XIV საუკუნეებს, იმ ხანას, როცა დავით აღმაშენებლის მიერ სტრატეგიული მოსაზრებით ქსნის ხეობაში ჩასახლებულმა ყივჩაღებმა მომდევნო საუკუნეებში თავი აიშვეს და შარაგზებზე დახვედრითა და ქალების ტაციობით შეაწუხეს ქართველი მოსახლეობა [1]. ჩვენ ახლა ამ გავრცელებული ბალადის წარმოშობის, შინაარსისა და ფორმის რთულ საკითხებს არ ვეხებით. გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ბალადის რამდენიმე ადგილზე, რაც საცილობლად არის გამხდარი. ბალადის ზოგი ვარიანტის დასასრული სტრიქონი გვაუწყებს: "ქალი წავიდა სხვისასა". მწერალმა და მკვლევარმა გიორგი შატბერაშვილმა ამგვარი დასასრული ბალადისა არაბუნებრივად მიიჩნია ქართულ საფუძველზე შექმნილი ნაწარმოებისათვის. მკვლევართა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბალადა „შემომეყარა ყივჩაღის“ ზოგი ვარიანტის დასასრული "ქალი წავიდა სხვისასა" არ გამოხატავს ქართველი ქალის იდეალს, იმას როდი ნიშნავს, თითქოს ეს სტრიქონი ყალბი იყოს. მთქმელები ტრადიციულ ნაწარმოებს, არც თუ ისე იშვიათად, თავისებურად გაიაზრებენ და მის ცალკე ეპიზოდებსა და ადგილებს საგრძნობლად ცვლიან, ხშირად დიდად აშორებენ მის პირვანდელ სახეს. ისეც ხდება, რომ ტექსტს აფუჭებენ კიდევაც. ასეთია ზეპირსიტყვიერების ბუნება. ის ვარიანტი "შემომეყარა ყივჩაღისა", რომლის დასასრულია "ქალი წავიდა სხვისასა" შატბერაშვილმა ასე შეაფასა: "ტექსტი ხალხური საწყისებიდან მომდინარე ვარიანტს არ წარმოადგენს" [2]. თუ გ.შატბერაშვილი ამ შემთხვევაში ვ.კოტეტიშვილის გამოქვეყნებულ ვარიანტს გულისხმობს, უნდა ითქვას, რომ საცილობელი დასასრული აქვს ბალადის სხვა ვარიანტსაც, იგი გასულ საუკუნეში ჩაწერილია ალ.მაჩაბლის მიერ სოფელ ქურთაში და გამოქვეყნებულია "აკაკის კრებულში". აი ეს დასასრული სტრიქონებიც.
"აქეთ მე მოვკვდი, - იქით - ის,
ქალი წავიდა სხვისასა".
ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე ბალადის ზოგ ვარიანტში. როცა ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ამგვარი დასასრული ყალბი არ არის, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს იგი დამახასიათებელი იყოს ბალადის პირვანდელი სახისათვის. ბალადის ვარიანტთა უმრავლესობა ასე მთავრდება
"ცოლი სიდედრსა მივგვარე,
ის კი იქა სჭამს ქვიშასა".
ამ ბალადის მიმართ ჩვენ განსაკუთრებით მტკივნეულად მიგვაჩნია სხვა სტრიქონებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებანი. გვინდა დავსვათ საკითხი იმის თაობაზე, იმსახურებდა თუ არა ამ ბალადის სასხორული ვარიანტის გამომქვეყნებელი იმ ბრალდებას, რაც მას წაუყენეს. ვ.კოტეტიშვილმა "შემომეყარა ყივჩაღის" მის მიერ ჩაწერილი სასხორული ვარიანტი შეიტანა დიდი გემოვნებით შედგენილ კრებულში ხალხური პოეზიისა. რაკი ეს კრებული ხელმისაწვდომია, ტექსტი აქ აღარ მოგვყავს. გ.შატბერაშვილი სასხორული ვარიანტის ყალბად მიჩნევისას ეყრდნობოდა ბალადის შემდეგ ადგილებს "შვილსა გაზრდილსა სხვისასა", "მოზიდნა ნაწნავს თმისასა", - "მოვზიდნე ვადას ხმლისასა", "ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა". მკვლევარს მოცემული აქვს ამ სტრიქონების ერთგვარი ენობრივი ანალიზი. მას მიაჩნია, რომ ვ.კოტეტიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს არ გააჩნია ახლო ვარიანტები, რომლებშიც ამგვარი სტრიქონები კვლავ იქნებოდა დადასტურებული [2]. რაც შეეხება ალ.გომიაშვილისა და რ.გვეტაძის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, სადაც უცვლელად გვხვდება მოყვანილი ოთხი სტრიქონი, გიორგი შატბერაშვილი მას მხედველობაში არ ღებულობს, მწერალს იგი, როგორც ითქვა, ხალხური საწყისებიდან მომდინარედ არ მიაჩნია. გ.შატბერაშვილის მიერ მოყვანილი ოთხი სტრიქონი ვახტანგ კოტეტიშვილის ჩაწერილი ვარიანტისა არ გამოდგება ტექსტის სიყალბის საბუთად. საბედნიეროდ, ამ ტექსტს, ალ.გომიაშვილისა და რ.გვეტაძის გამოქვეყნებულს გარდა, აქვს გასულ საუკუნეში ჩაწერილი და გამოქვეყნებული ახლო ვარიანტი. გ.შატბერაშვილი, რა თქმა უნდა, არ იცნობდა ამ ვარიანტს, თორემ იგი თავისი ნარკვევის დასაწყისიდანვე არ დაისახავდა მიზნად ემტკიცებინა "ბალადის სასხორული ვარიანტის სიყალბე" და არ განაცხადებდა: "სასხორული ვარიანტი, სადაც "ლაშარის ჯვარია" ნახსენები, ხელოვნურია, ყალბია. იგი შესწორებულ-შეკეთებულია ჩამწერის თუ რედაქტორის მიერ". არ იტყოდა: "იგრძნობა რედაქტორის, არც თუ უგემოვნო რედაქტორის ხელი", "სასხორული ვარიანტი გამომცემლის თუ რედაქტორის მიერ არის შესწორებულ-შელამაზებული" [2]. ყოველივე ამის შემდეგ საჭიროდ მიგვაჩნია მოვაგონოთ მკითხველს სოსიკო მერკვილაძის მიერ ჩაწერილი და "აკაკის კრებულში" 1899 წ. გამოქვეყნებული ვარიანტი ბალადისა, რომელიც ისევე, როგორც ვ.კოტეტიშვილის გამოქვეყნებული ტექსტი 30 სტრიქონიანია:
შევიყარენით ძმობილნი
სამზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭამე
ვურჩევდი თათუხისას,
ხორცი მთხოვა და ვაჭამე
ვურჩევდი ბადაგისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმევდი
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყვანდა სიდედრისასა.
ან კი ცოლს როგორ მივცემდი
შვილსა გაზდილსა სხვისასა.
ხელი მოჰხვია, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
"ვაი ცოლს ცუდის ყმისასა".
მეც გულმა ვეღარ გამიძლო
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო
ელვასა გვანდა ცისასა,
მაგრამ დაუცდა მუხანათს,
ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოვუქნივე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა,
გავჭერი ცხენი და კაცი
წვერიც მომიხვდა ქვიშასა.
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას ნათელის მზისასა,
ცოლი სიდედრსა მივგვარე
ის კი იქა სჭამს ქვიშასა. [3].
სამწუხაროდ, ამ ბალადის ზემოთ ხსენებულ მკვლევარებს ეს ვარიანტი გამოყენებული არა აქვთ. ვ.კოტეტიშვილის სასხორული ვარიანტისაგან ეს ტექსტი განსხვავდება პირველი დასაწყისი სტრიქონით. ისე როგორც მრავალ სხვა ვარიანტშიც, აქაც დავიწყებულია ცნება ყივჩაღისა. განსხვავება იგრძნობა ცალკე გამოთქმებშიც, როგორიცაა ვაჭამე (ს.მერკვილაძე) - ვაჭმიე (ვ.კოტეტიშვილი), ვასმევდი (ს.მერკვილაძე) - ვასმიე (ვ.კოტეტიშვილი) და ა.შ. მაგრამ ის ოთხი სტრიქონი ბალადისა, რომელიც გ.შატბერაშვილმა სასხორული ვარიანტის ჩამწერისა თუ გამომცემლის შემოქმედებად მიიჩნია, ამ 1899 წ. ჩაწერილ ტექსტში უცვლელად არის წარმოდგენილი.
|