topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბოლნისის სიონი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე ... <<<ეკლესია - მონასტრები>>>


ბოლნისის სიონი// ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.- გვ.23-25

მხოლოდ V ს-ის მიწურულიდან დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს ბაზილიკებიც სავსებით თავისებურია... ამ შენობათა პირველი და ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია ბოლნისის სიონი, მრავალმხრივ საყურადღებო, სახელგანთქმული ძეგლი, რომელსაც თავისი ისტორიული მნიშვნელობითაც და მხატვრული ზემოქმედების ძალითაც ერთი პირველი ადგილთაგანი უჭირავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ბოლნისის ნახვისას თვალს ერთბაშადვე იტაცებს მისი ფერი. ფართო კედლები მოპირკეთებულია მშვენივრად გათლილი ქვით. ეს ქვა საკვირველი სილამაზის ფირუზისფერ-მომწვანო ტუფია, ძალიან ღრმა და ინტენსიური ტონისა. მთელი ბაზილიკა მასიური, ფართოდ განრთხმული, თითქოს მიწას ჩაბღაუჭებული, სახურავის დამრეცი კალთებით, მტკიცე კედლებით, რომელთა სისქე შესასვლელებსა და ღია ლუნეტებში ჩანს  - იშვიათი ძალისა და ურყეობის შთაბეჭდილებას ქმნის როგორც არქაულ შენობათა წინაშე, აქაც ძალაუნებურად გიპყრობს ეს პირველყოფილი "ჰეროიკული" სიმარტივე და ლაკონურობა. მაგრამ, იმავე დროს, აქ არ არის რაიმე დამთრგუნველი სიმძიმე, სპეციფიკური "შუასაუკუნეობრივი" მისტიციზმი; პირიქით, მიუხედავად მასიურობისა და ძალისა, ეს თვალისმომჭრელი კედლები თითქოს სიხალისეს აფრქვევს; ამგვარი შეხამება საერთოდ დამახასიათებელი იქნება  მომდევნო საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ბოლნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა საკურთხევლის შვერილი ნახევარწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერიით ჩრდილოეთის ფასადის გაყოლებით (მთელ სიგრძეზე), მეორე მცირე თაღოვანი გალერიით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს. ნავები გაყოფილია ჯვარისებრი გეგმის მქონე ბოძების ხუთი წყვილით. დამახასიათებელია შემდეგი: ა) სამივე ნავი გადახურულია საერთო ორკალთიანი სახურავით, ე.ი. თუმცა შუა ნავი სხვებზე მაღალი და განიერია, გარედან იგი არ გამოიყოფა, როგორც გვერდის ნავებზე მაღლა ამოსული მასა, რომლის კედლებშიაც სარკმლებია გაჭრილი - ასე კეთდებოდა ყოველთვის დასავლურ „ელინისტურ" ბაზილიკებში (რომაულ-ელინისტური წრის ბაზილიკებისაგან ბოლნისის სიონს და საერთოდ ქართულ ბაზილიკებს ბევრი სხვა რამეც განასხვავებს.

საშენ მასალად თლილი ქვის გამოყენება აგურისა (გარეთ) და მარმარილოს (შიგნით) ნაცვლად; კამაროვანი გადახურვა, თაღები და ბოძები ნაცვლად კოლონებისა და არქიტრავებისა; ატრიუმისა და ნართექსის უკუგდება; ამას  გარდა ეს ეხება არა მარტო ბაზილიკებს, არამედ სხვა ტიპის ქართულ ტაძრებსაც - კლასიკური პროფილებისა და მოტივების უქონლობა (ცალკეულ რემინისცენციათა გარდა). ბოლნისში შუა ნავი  „სრული" კამარით იყო გადახურული, გვერდის ნავები კი "ნახევარკამარებით“; ბ)ეკლესიის შესასვლელები მოწყობილია არა დასავლეთით, (დასავლეთი კედლის ახლანდელი შესასვლელი XVII  ს-შია გაჭრილი), არამედ გრძელ კედლებში - ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ბაზილიკის არსს, რადგანაც ბაზილიკაში ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს სიგრძივი ღერძის გასწვრივ მოძრაობას, მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, საკურთხევლისკენ, ყველაფერი ხაზს უნდა უსვამდეს ამ პერსპექტივს, ამ მისწრაფებას. გვერდის შესასვლელები კი როგორც ბოლნისშია - თითქოს ჰკვეთს და აფერხებს ამ მოძრაობას; სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემსვლელმა, იმისათვის, რომ თვალთახედვით ერთიანად მოიცვას შიგა სივრცე, უნდა გაიხედოს არა მარტო ერთ მხარეს, ერთი ღერძის გასწვრივ, არამედ მეორე მხარესაც, ე.ი. მარცხნივ და მარჯვნივ; სივრცე შემსვლელის ორსავ მხარეს თითქოს თანაბარზომიერად  ნაწილდება, ისე როგორც ცენტრალურ შენობებში. აი აქ კვლავ იჩენს თავს ქართველი მშენებლის მჭიდრო კავშირი მრავალსაუკუნოვან ძირეულ ტრადიციებთან. ბოლნისში თვალსაჩინოა სხვა ნიშნებიც, რომლებიც არა მარტო ბაზილიკებს ახასიათებს, არამედ საერთოდ იმ ადრეული ხანის შენობებს: ა)არ არის სადიაკვნე და სამკვეთლო - მღვდელთმსახურებისათვის საჭირო დამატებითი სადგომები საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით, მაგრამ VI ს-დან ეს ოთახები უკვე ჩნდება; ბ)ეკლესიის შემადგენლობაში ცალკეა გამოყოფილი სანათლავი - უფრო გვიან შეგვიძლია დავასახელოთ მხოლოდ ერთი ასეთივე მაგალითი, საერთოდ კი სანათლავისთვის ცალკე სადგომს აღარ აკეთებდნენ (როცა მონათვლის უფლება ეპისკოპოსთა გარდა მღვდლებსაც მიეცათ); გ)შესასვლელების თავზე ღია ლუნეტებია; დ)თაღებსა და კამარებს ნალისებრი მოხაზულობა აქვს. დამახასიათებელია, რომ ეს ფორმა, რომელსაც ჩვეულებრივ ისლამურ არქიტექტურას უკავშირებენ, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მხოლოდ VII ს -მდე, ე.ი. არაბთა შემოსევამდე, შემდეგ კი თანდათანობით გაქრა. თუ ბოლნისის სიონს ხუროთმოძღვრის მიერ დასმული უმთავრესი მხატვრული ამოცანების თვალსაზრისით შევხედავთ, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ მთავარი აქ ინტერიერის, შიგა სივრცის პრობლემაა, ე.ი. სწორედ ახალი რამ, რაც მთელ მსოფლიოში შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურასთან იყო დაკავშირებული. თუმცა ბოლნისის გარეგნული სახე მთლიანად ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, საკუთრივ ფასადებს აქ ჯერ კიდევ არა აქვს მოპოვებული სრული მხატვრული დამოუკიდებლობა, ჯერ კიდევ არა აქვს სავსებით შემუშავებული და დასრულებული სახე. შიგნით კი ყველაფერი გვაგრძნობინებს არქიტექტორის მტკიცე მაორგანიზებელ ხელს - საერთო პროპორციებიც, რომლებიც მონუმენტალობისა და დიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს, მკაცრი, დახვეწილი ფორმებიც, ძუნწი მორთულობის გააზრებული გამოყენებაც. ბოლნისის სიონი არა მარტო თავისი ხუროთმოძღვრებითაა საინტერესო: აქ პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოყენებას - ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკულია ჩრდილოეთის გალერეა, ნავის პილასტრებისა და ბაპტისტერიუმის ცალკეული ბაზისები და სვეტისთავები. სამკაულის განაწილება გარკვეულ აზრს ემორჩილება. მაგ., შუა ნავში შემკულია მხოლოდ საკურთხევლის მიმდებარე სვეტისთავები, ე.ი. ოსტატი შეგნებულად სვამს გარკვეულ მახვილებს. რელიეფები გამოხატავს სხვადასხვა ცხოველებს და მთელ სცენებსაც ცხოველთა მონაწილეობით. გადმოცემა, რა თქმა უნდა, პირობითი და დეკორაციულია: დამახასიათებელია, რომ ხარის გამოსახულებას (სანათლავის სვეტისთავზე ხარის ძლიერ რელიეფური თავია), რომელიც ხმელთაშუაზღვის სამყაროში ხელოვნების საგნად იქცა ქრისტიანობის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე, ბოლნისში ქრისტიანობის "ბეჭედი" აზის: მის რქებს შორის ჯვარია ჩასმული (წინაქრისტიანულ ხალხურ რწმენათა გადმონაშთები და მათთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი გამოსახულება საქართველოში შუა საუკუნეთა მანძილზე მუდამ იჩენს თავს). ჩუქურთმათა მოტივებში შეინიშნება სასანური ორნამენტაციის წრესთან ნათესაობა. იმავე დროს დიდი ადგილი უჭირავს ჯვარს - ახალი სარწმუნოების სიმბოლოს. რელიეფები და ჩუქურთმები, რომელთა შორის გვხვდება გეომეტრიული სახეებიც და მცენარეული მოტივებიც, მხატვრულად უკვე სავსებით, შემუშავებულია და ოსტატთა რაფინირებულ გემოვნებას მოწმობს. დასასრულ, ბოლნისი განსაკუთრებით სახელმოხვეჭილი იმიტომაც არის, რომ მისმა კედლებმა შემოგვინახა საქართველოში გადარჩენილი უძველესი ქართული წარწერები. ერთში მოხსენებულია მშენებლობის მოთავე - დავით ეპისკოპოსი (საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, აღმოსავლეთის ფასადზე), მეორეში (ჩრდილოეთის ერთ-ერთი შესასვლელის თავზე) მოხსენებული არიან სხვა ისტორიული პირები და მშენებლობის ხანგრძლივობა - ამის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლნისის სიონი აუშენებიათ 478-493 წლებში.

 

ბოლნისის სიონი // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 88 - 89.

სიონის სახელწოდება, რომელიც ჩვენში პალესტინიდან შემოვიდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე ადგილას გვხვდება. სიონი ეწოდება თბილისის, ატენის, სამშვილდის ტაძრებს, სოფელს ხევში, საქართველოს სამხედრო გზაზე, და სხვა. სიონის ტაძრები ყოველთვის ღვთისმშობლის სახელობისაა. ბოლნისის სიონი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, ახლანდელ სოფელ ბოლნის ხაჩინში, მდ. ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე. რაიონის ცენტრიდან აქამდე 8 კმ-მდეა, თბილისიდან დაახლ. 70 კმ., სამხრეთით. ეს ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართვგლოში. მისი შესწავლა ჯერ კიდევ 1916 წ. დაიწყო გ.ჩუბინაშვილმა, 1936-1937 წლებში კი, რუსთაველის პირველი იუბილეს (1937) მომზადებასთან დაკავშირებით, ბოლნისის გასაწმენდად და გამოსაკვლევად დიდი მუშაობა ჩაატარა საგანგებო ექსპედიციამ ლ. მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით. ამ მუშაობის მოთავე აკად. ივ. ჯავახიშვილი იყო. მუშაობამ უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ძეგლის გარშემო ტერიტორია გაითხარა, გამოჩნდა შენობის დაფარული ნაწილები და მანამღე უცნობი ფრაგმენტები, მათ შორის სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვითაც მოხერხდა სიონის ზუსტად დათარიღება. წარწერაში, სხვათა შორის, ნათქვამიაა "შეწევნითა წმიდისა სამებისაია ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიაისაი და ათხოვთმეტ წლისა შემდგომად განხეშორაო", ე.ი. ტაძრის შენება დაიწყო პეროზის მეფობის მეოცე წელს და 15 წელიწადში დამთავრდაო (წარწერიანი ქვა თავდაპირველად ჩრდილოეთის მარცხენა შესასვლელის თავზე იყო. ახლა იგი თბილისშია გადმოტანილი, საქართველოს სახ. მუზეუმში, მის ნაცვლად კი პირია ჩასმული. ამ წარწერამ დაადასტურა გ.ჩუბინაშვილის მიერ ადრევე გამოთქმუღი მოსაზრება სიონის აშენების ხანის შესახებ V -VI სს-თა მიჯნაზე. მეორე წარწერა, აღმოსავლეთ ფასადისა, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, იხსენიებს ტაძრის მაშენებელს დავით ეპისკოპოსს, მესამე - ჩრდილოეთის მარჯვენა შესასვლელის თავზე, კიდევ ორ უცნობ პირს. სამივე წარწერა ძალიან ლამაზი, ნათელი, მკაფიო მოხაზულობის რელიეფური (და არა ამოკვეთილი) ასოებითაა შესრულებული. ბუნებრივია, რომ ტექსტები ხანმეტია (მთავარი წარწერა გაშიფრა აკად. ა. შანიძემ). ბოლნისის სიონი აშენდა საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის ხანაში, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობისა და ბრძოლის შედეგად, ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქთაგან დამოკიდებულებას თავი დააღწია. თვით ბოლნისის საეპისკოპოსოც, რამდენიმე სხვა საეპისკოპოსოსთან ერთად, ვახტანგმა დააარსა. მით უფრო საკვირველია, რომ მაშენებელთა წარწერაში ვახტანგი კი არ არის მოხსენებული, არამედ ირანის მეფე პეროზი. გ.ჩუბინაშვილის აზრით, ალბათ, ირანის მძლავრობა მაინც იმდენად საგრძნობი იყო 484 წლის აჯანყებისა და ირანთან ვახტანგის ომის შემდეგაც კი, რომ ამ ამბიდან 10 წელიც რომ გავიდა, ბოლნისის სიონის დამთავრებისას, მისმა მაშენებელმა დავით ეპისკოპოსმა არც საქართველოსა და ირანის ცოცხალი მეფეები ახსენა, არც პიტიახში, არამედ მხოლოდ უკვე გარდაცვლილი სპარსთა მეფე პეროზი, რომლის დროსაც შენება დაიწყეს. მცირე სამლოცველო, რომელიც ტაძარზე აღმოსავლეთიდან არის მიშენებული (საკურთხევლის გვერდით), VIII საუკუნისაა. დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა -დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერია; 1634 წელს, სპარსელების შემოსევის დროს, ძლიერ დაზიანდა კამარები და ნაწილობრივ დასავლეთი კედელი.

მთელი ზემო ნაწილი კამარებითურთ და სხვა დაზიანებული ნაწილები უმეტესად აგურით აღადგინეს XVII ს-ის პირველ ნახევარშივე, მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით. მაშინ გაჭრეს დასავლეთის კარიც, რომელიც თავისი აგურის მოჩარჩოებით და ისრული თაღით მკვეთრად გამოიყოფა კედლის ვრცელ ზედაპირზე. XVII  ს-ის ბოლო ათეულ წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და, ამას გარდა, გვერდით სამრეკლოც ააშენა გიორგი XI-ის ბრძანებით. ბოლნისის საეპისკოპოსო გაუქმდა, ფაქტიურად, XVIII ს-ის პირველსავე წლებში, რადგანაც მოსახლეობა - იმ კუთხის მძიმე ისტორიული ხვედრის წყალობით, გაუთავებელ, რბევა-აოხრების შედეგად - შეიცვალა და ქართული ელემენტი შემცირდა. 1702 წელს თბილელი ეპისკოპოსი უკვე თბილელ - ბოლნელად იწოდება. XVIII ს -ის მანძილზე ბოლნისი არაერთხელ დაურბევიათ ლეკებს. მემატიანეები მოგვითხრობენ სისხლისმღვრელი ბრძოლის ამბავს. ბოლნისის სიონის მეცნიერული შესწავლა, როგორც ითქვა, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა ჩვენი საუკუნის 30 -იან წლებში. ძეგლი რამდენიმეჯერ შეკეთდა. უკანასკნელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო მუშაობა 1970-1071 წლებში ჩატარდა არქ. რ. გვერდწითელის ხელმძღვანელობით. ტაძრის გარეთა ზომები: სიგრძე - 27,8 მ., სიგანე 24,5 მ., სიმაღლე შიგნით 11 მ.