There are no translations available.
<უკან დაბრუნება
რევაზ ქებულაძე (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, თბილისი, გამ. „საბჭოთა საქართველო“, გვ.26 -28
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნუმიზმატიკური განძების შემადგენლობიდან ირკვევა, რომ XVII საუკუნეში ადგილობრივი ქართული ფულის გვერდით ჩვენში მიმოქცევაში იყო უცხო სახელმწიფოებიდან შემოსული მონეტებიც. უცხო მონეტებიდან უპირატესობა ჩვეულებრივ საერთაშორისო ბაზარზე გავრცელებულ მონეტას ეძლეოდა. ასეთი მონეტების რიცხვს ეკუთვნოდა პოლონეთ-ლიტვის სამეფოსა და ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფოს ორტები, პოლტორაკები და დრაიპოლკერები. პოლონეთ-ლიტვის სამეფოში ორტები პირველად 1608 წელს ქალაქ გდანსკის ზარაფხანაში მოჭრეს. მისი ღირებულება 10 გროშს შეადგენდა. ეს მონეტები მალე პოლონეთ-ლიტვის საზღვრებს გასცდა და იმდენად გავრცელდა ევროპაში, რომ ბრანდენბურგის, პრუსიისა და შვეციის ზარაფხანებმა ამავე ნომინალისა და ყაიდის ფულის ნიშნების მოჭრა დაიწყეს. 1614 წლიდან პოლონეთში ხელი მიჰყვეს მცირე ნომინალების - პოლტორაკების გამოშვებას, რომლის ნომინალური ღირებულება 1,5 გროშს შეადგენდა. პოლტორაკი, ორტის მსგავსად, ბრანდენბურგის, პრუსიისა და ზარაფხანებშიც იჭრებოდა და დრაიპოლკერის სახელწოდებით იყო ცნობილი. ამრიგად, პოლტორაკი და დრაიპოლკერი ერთი და იგივე ნომინალს წარმოადგენდა. დღეისათვის ცალკეული ცალებისა და განძების სახით საქართველოს მიწა-წყალზე ორტების- 10, ხოლო პოლტორაკებისა და დრაიპოლკერების 1 განძის აღმოჩენის შემთხვევაა ფიქსირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აღმოჩენათა ძირითად ნაწილს შეადგენს პოლონური მონეტები, ხოლო უმნიშვნელო ნაწილს - ბრანდენბურგული და პრუსიული მონეტები. ამ უკანასკნელთაგან საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე 4 ორტა და 3 დრაიპოლკერია აღმოჩენილი. საფიქრებელია, რომ ეს მონეტები საქართველოში უშუალოდ ბრანდენბურგ - პრუსიიდან კი არ შემოდიოდა, არამედ პოლონეთიდან. XVII საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში პოლონური მონეტები ამ სახელმწიფოების დამაკავშირებელი შავი ზღვისა და მდინარე დნეპრის გზით ვრცელდებოდა (რ.წებულაძე, საქართველოში პოლონური მონეტების მიმოქცევის საკითხისათვის, აკად. ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXI-В, თბილისი, 1963). ბუნებრივია, რომ გარდა პოლონური მონეტებისა, საქართველოში ამ გზით უნდა შემოსულიყო პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოში გავრცელებული სხვა ევროპული მონეტებიც. ეს დასტურდება პოლონური მონეტების განძებში ბრანდენბურგულ - პრუსიული ორტების აღმოჩენის შემთხვევებით. ორტების გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში პოლტორაკებისა და დრაიპოლკერების განძიცა აღმოჩენილი. 1942 წელს თბილისში ტრამვაის პარკის ტერიტორიაზე ლიანდაგის შეკეთების დროს იპოვეს პოლონური პოლტორაკებისა (19 ცალი) და ბრანდენბურვულ - პრუსიული დრაიპოლკერების (3 ცალი) განძი (ეს განძი 1961 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს შემოსწირა პროფ. გ.ჟორდანიამ). პოლონური მონეტები სიგიზმუნდ III (1587 – 1632 წწ.) ეკუთვნის და 1621 - 1626 წლებშია მოჭრილი, ბრანდენბურგულ - პრუსიული კი გეორგ -ვილჰელმს (1619-1640 წწ.) და 1622 - 1624 წლებშია გამოშვებული (ნუმზიამიტიკის განყიფილების განძების ფონდი №№ 10389-10409). განძის ქრონოლოგიური დიაპაზონი ოთხი წლით განისაზღვრება. ამ მონეტების განძად გადაქცევა ყველაზი გვიანდელი მონეტის მიხედვით XVII საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამრიგად, თბილისის განძის შემადგენლობიდან ირკვევა, რომ პოლონურ პოლტორაკებთან ერთად საქართველოში ბრანდენბურგულ-პრუსიული დრაიპოლკერებიც შემოდიოდა.
სანიმუშოდ მოგვყავს ერთ-ერთი დრაიპოლკერის მეტროლოგიური მონაცემები და აღწერილობა:
ვერცხლი, 1622 წ. დრაიპოლკერი, წონა 1,1 გ, ზომა 20 მმ, ინვ.№10406.
შუბლი: სწორხაზოვან რკალში გამოსახულია საღერბო ფარი პრუსიის, ნიურნბერგის, კლეევსისა და ბრანდენბურგის ღერბებით; საღერბო ფარის თავზე მოთავსებულია გვირგვინი; მის ქვემოდ ზედწერილში ჩასმულია ნომინალის ღირებულების აღმნიშვნელი რიცხვი - 3 (დრაიპოლკერი უდრის სამ ნახევარგროშიანს); თოკისებური რკალით ირგვლივ შემოვლებულია ლათინური ზედწერილი: გეორგ ვილჰელმი მარკგრაფი ბრანდენბურგისა, საღვთო რომის იმპერიის კურფიურსტი.
ზურგი: სწორხაზოვან რკალში გამოსახულია ჯვრიანი სფერო; სფეროში ჩასმულია რიცხვი -24, რომელიც აღნიშნავს, რომ 24 დრაიპოლკერი უდრის ერთ ტალერს; გვერდებზე უზის თარიღის დასასრული: 2-2; თოკისებური რკალით ირგვლივ შემოვლებული აქვს ლათინური ზედწერილი; პრუსიის საჰერცოგოს ახალი მონეტა. XVII საუკუნეში ევროპის რიგ ქვეყნებში ერთნაირი სამონეტო სისტემა მოქმედებდა. ხშირად სხვადასხვა სახელმწიფოები სპეციალური შეთანხმებით საერთო სამონეტო სისტემას ღებულობდნენ. მაგალითად, საქსონიის საკურფიურსტომ, ბრანდენბურგ - პრუსიის სახელმწიფომ და ბრაუნშვაიგ - ლუნებურგის საჰერცოგომ 1667 წლის კონვენციით ერთნაირი წონისა და სინჯის 2/3 ტალერები შემოიღო ბრუნვაში. ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მონეტები ადვილად ვრცელდებოდა და კარგად ეგუებოდა ერთმანეთს ბრუნვაში. ამიტომ იყო, რომ პოლონეთიდან ადგილობრივ მონეტებთან ერთად საქართველოში ზემოხსენებული დრაიპოლკერებიც შემოდიოდა. საქართველოში ბრანდენბურგ - პრუსიის მონეტებს წინ უსწრებდა ევროპის სხვა სახელმწიფოების მონეტების მიმოქცევა. ამიტომ დრაიპოლკერები, როგორც ევროპული სისტემის ფული უცხო არ უნდა ყოფილიყო საქართველოს ბაზრებისათვის, რაც, თავის მხრივ, ჩვენში ამ მონეტების გავრცელებისა და ბრუნვაში დაკანონების მყარ საფუძველს წარმოადგენდა.
|