<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები // ეკლესია - მონასტრები>>>
აკაურთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.1. - თბილისი, 1975. გვ.248.
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს... ზღვის დონიდან 720 მ., ბოლნისიდან 12 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე... აკაურთაშია მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე - 15,5 მ, სიგანე 10 მ, სიმაღლე შიგნით 8 მ. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007 - 2008 წლებში.
აკაურთის სიონი // ბოლნისის ისტორიული ძეგლები, ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2024, ISBN 978-9941-509-17-9
აკაურთის სიონი - (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია) დგას სოფელში (კოორდ. 41.465739, 44.442240). თარიღდება V-VI საუკუნეებით, თუმცა გადაკეთებულია რამდენჯერმე. წარმოადგენს სამსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ სამნავიან ბაზილიკას ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით. ნაგებია კარგად დამუშავებული ყვითელი ფერის მოზრდილი კვადრებით. არქიტრავული შესასვლელები დასავლეთ (გვიან გაჭრილი), სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში აქვს, ხოლო ფართო თაღოვანი სარკმლები ყველა კედელში თითოა.
ამჟამად დარბაზული ეკლესია თავის დროს ორი წყვილი სვეტით სამ ნავად იყო გაყოფილი. ტაძრის ინტერიერის ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს ნალისებური მოყვანილობის სატრიუმფო თაღის მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით შემკული იმპოსტები. თუმცა ამჟამად ინტერიერში გვიანი შუა საუკუნეების ჯვრის რელიეფებიცაა ჩასმული. ფასადების მორთულობიდან გამოსაყოფია სამხრეთ კედელში ჩასმული კუდგაშლილი ფარშევანგის გამოსახულება, რომელიც სხვაგან არ გვხვდება, და სამხრეთის კარის არქიტრავი, რომელზეც მოცემულია ევქარისტიის სიმბოლიკა - სიცოცხლის ხესთან მდგარი ირმები და დანიელი ლომების ხაროში. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია წარწერის ფრაგმენტები, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარ იკითხება.
ტაძარს 2007-2008 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, ხოლო 2012 წლიდან დაარსდა დედათა მონასტერი. აკაურთის სიონს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
[ლიტ.: 1; 34; 45]
1. ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. I. თბ., 2014.
34. სილოგავა ვ. ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები. თბ., 1994
45. ჯანაშია ს. ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის. შრომები. II. 1952.
*************************************************************************
ბერიძე ვ. აკაურთა, აკვანება // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.96-97.
ეს ადრინდელი ფეოდალური ხანის ერთნავიანი ეკლესიების ნიმუშებია. ორივე ბოლნისის რაიონში მდებარეობს.სოფ.აკაურთა ბოლნისის დასავლეთითაა, შვიდიოდე კმ. მანძილზე, მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე. ეს არის მშვენივრად გათლილი ქვის დიდი კვადრებით მოპირკეთებული შენობა, რომელიც ერთადერთი ფართო სწორკუთხა ნავისა და შვერილი აფსიდისაგან შედგება. აფსიდი გარედან წახნაგოვანია... <<ტექსტი სრულად აქ ..<<
***********************************************************************************
თ. საყვარელიძე - მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს // ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18., გვ. 38 -43
უკვე დიდი ხანია ჩვენში ფართო მუშაობაა გაჩაღებული ხუროთმოძღვრული ძეგლების დაცვისა და რესტავრაციის ხაზით. არა ერთ ძეგლს უკვე დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, ბევრიც აღდგენა-გამაგრების პროცესშია... <<ტექსტი სრულად აქ<<
***********************************************************************************
აკაურთა - ლ. რჩეულიშვილი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ. 13, გვ.27, "ციცინათელა", თბ., 2006 წ.
აკაურთა - სოფელი ბოლნისის რაიონში (ბოლნისის ეპარქია). შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე მაშავრის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 7 კმ-ზე. ზღვის დონიდან 720 მ-ზე. აკაურთას ეკლესია (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). აღმოსავლეთ შვერილს ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. ძეგლი აღდგენილი და შეკეთებულია XX ს-ის დამდეგს.... << ტექსტი სრულად აქ .. <<
***********************************************************************************
აკაურთას ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო.- თბ., 1980.- გვ.-71-72.
აკაურთას ეკლესია - ერთდარბაზიანი ეკლესია, სოფ. აკაურთაში (ბოლნისის რ-ნი): მდ.მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ქ.ბოლნისიდან დასავლეთით 7 კმ მანძილზე. ეკლესია, ხუროთმოძღვრული ნიშნებით, თანადროულია ბოლნისის სიონისა, მაგრამ განუცდია გვიან გადაკეთება (ლ.რჩეულიშვილი). ეკლესიის ფასადზე შემორჩენილია აშენების თანადროული (წარწერის მცირე ფრაგმენტი და რამდენიმე გვიანდელი ასომთავრული წარწერა. ეკლესიას მიაკვლია და შეისწავლა ლ.რჩეულიშვილმა. მანვე გამოაქვეყნა პირველი ცნობა ძეგლის უძველესი რელიეფური წარწერის ფრაგმენტის შესახებ... << ტექსტი სრულად აქ..<<
|