topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიაში - ა.ვოსკაია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე <<<საქართველოს ეკლესია-მონასტრები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ანელი ვოსკაია (ქართული ხელოვნების ისტორიის ისნტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) -კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიაში. // ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18 გვ.53-58

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში ძალიან გავრცელებული იყო. მისი გამოსახულება ხშირად გვხვდება შუასაუკუნეების ჭედურ ხელოვნებაში, კედლის მხატვრობასა და ფერწერულ ხატებზე. როგორც ცნობილია, წმინდა გიორგის კულტმა შეცვალა ადგილობრივი წარმართული კულტი, რომელსაც ღრმა ფესვები ჰქონდა. წმ.გიორგი ძველი ქართული პანთეონის მთავარი ღვთაების - მთვარის კულტის მატარებელი გახდა. წმ. გიორგის თაყვანისცემა განსაკუთრებით გავრცელებული იყო სვანეთში. წმ.გიორგი, სვანურად - ჯგრაგ, სვანეთის მრავალი ეკლესიის პატრონია და ხშირადაა გამოსახული კედლის მხატვრობაში. იგი გამოსახულია მხედრისა ან ქვეითი მეომრის სახით, რომელიც ფარხმალითაა აღჭურვილი, ხშირადაა წარმოდგენილი სცენები მისი ცხოვრებიდან.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

სახელდობრ, სასწაულებისა და წამების სცენები. ამ თემის გადაწყვეტისას შუასაუკუნეების ქართველი ოსტატები მხატვრულ მიდგომით მრავალფეროვნებას ამჟღავნებენ. ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია წმ.გიორგის ეკლესია სოფელ ადიშში. სოფელი ადიში მდებარეობს ტყიან ხეობაში, მდინარე ადიშისწყლის აყოლებით. სოფელში სამი ეკლესიაა და სამივე შემკულია XI - XII სს. მხატვრობით. წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესია დარბაზული ტიპისა, დგას ბორცვზე ხევის პირას. მიწისძვრის დროს ეკლესია ძალიან დაზიანდა და ამიტომ მის დასაცავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქვის ერთგვარი ბუდე ამოუშენეს. კედლის მხატვრობა ამკობს ეკლესიის შიდა კედლებს, და გარედანაც - ჩრდილოეთის ფასადს, რომელიც ჩანს, როცა ეკლესიას სოფლის მხრიდან უახლოვდებით. მხატვრობა დაზიანებულია, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტებიც საშუალებას გვაძლევს მისი მხატვრული ღირსება შევაფასოთ. მხატვრობა შესრულებულია ადგილობრივი, პროვინციული ხასიათის, მხატვრის მიერ. მას ახასიათებს უშუალობა და თავისებურება, რომელიც შუასაუკუნეების ხელოვნების ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ გამომხატველობას ანიჭებს. მხატვრობის თავისებურება ეკლესიაში შესვლისთანავე იპყრობს ყურადღებას. კაშკაშა, სუფთა ფერები - ოქროსფერი-ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ვადისფერი, ქმნის მაჟორულ გამას, იმის წყალობით, რომ მხატვრობაში სჭარბობს მოოქროსფერო - ყვითელი ფერი, ეკლესიის კედლები თითქოს სინათლეს აფრქვევს და მის პატარა სივრცეს მზის შუქით ავსებს. ფრაგმენტების მიხედვით ხერხდება მხატვრობის იკონოგრაფიული სქემის აღდგენა. იგი ტიპიურია შუასაუკუნეების ქართულ და, კერძოდ, სვანურ მხატვრობისათვის, მაგრამ ადიშის ოსტატი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს ეკლესიის პატრონის წმ. გიორგის გამოსახულებებზე. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. ცენტრში ტახტზე მჯდომარე ქრისტე, კურთხევის ნიშნად აღმართული ხელით, ხოლო მის ორსავ მხარეს  ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. კედლის ქვემო ნაწილში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი. ისინი ასიმეტრიულად არიან განლაგებულნი; წმ. ბასილი სარკმლის მარცხენა მხარესაა, ხოლო იოანე ოქროპირი და კიდევ ერთი წმინდანი (სახელი არაა შემონახული) - მარჯვნივ. ეკლესიის თაღი ჩანგრეულია, ხოლო ნაწილებს ამჟამად ხის ჭერი ფარავს. სამხრ. და ჩრდილო კედლების მხატვრობის ქვედა რეგისტრები წმინდა გიორგის  ცხოვრების ამსახველ სცენებს ეთმობა. ჩრდ. კედელზე მოცემულია სცენა, რომელიც მოგვითხრობს, როგორ დაიმორჩილა წმ.გიორგიმ გველეშაპი და იხსნა მეფის ასული.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამ კომპოზიციის გამომუშავებული იკონოგრაფიის თანახმად, ფრესკაზე, კედლის მარცხენა ნაწილში, გამოხატულია მხედარი წმ. გიორგი. მარჯვენა ნაწილში წარმოდგენილია მეფის ასული, რომელსაც მიბმული მიჰყავს წმ.გიორგის მიერ დამარცხებული გველეშაპი; მის წინ პატარა ბიჭი მირბის, რათა აუწყოს სასიხარულო ამბავი ქალის მშობლებს, რომელთა ნახევარფიგურები მოჩანს შენობების ზედა ნაწილში. სამხრ. კედელზე მოცემულია წმინდა გიორგის მიერ ყრმის ტყვეობიდან დახსნის სცენა. ჩრდ. კედლის სიმეტრიულად აქაც გამოსახულია ცხენოსანი წმ. გიორგი; მას უნაგირზე ბავშვი ჰყავს შემოსმული. წინ, ოდნავ მოშორებით, ბავშვის მშობლები არიან. დასავ. კედლის გამოსახულება წარმოადგენს წმ. გიორგის ამბების თხრობის დამამთავრებელ სცენას. აქ მოცემულია საზეიმო ხასიათის კომპოზიცია. მედალიონში მოთავსებული მკერდამდე გამოსახული ქრისტე გვირგვინით მოსავს წმინდა მეომრებს გიორგისა და თევდორეს, რომლებიც სიმეტრულად დგანან შესასვლელის ორსავ მხარეს. იგივე მეომრები გამოსახულნი არიან მხედრების სახით ეკლესიის გარეთა კედელზე, მაგრამ ჩვეულებისამებრ ერთმანეთისკენ მიმართულნი კი არა, არამედ ერთი მეორის უკან. მათი მოძრაობა დასავლეთისკენაა მიმართული, ე. ი. ხეობიდან სოფელში მომავალი გზისაკენ. შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ისინი მტრისგან სოფლის მფარველთა როლს ასრულებდნენ. ადიშის ეკლესიის მხატვრობა წარმოადგენს მაგალითს, როცა მხატვრობის  თემატიკაში განსაკუთრებით მკაფიო ასახვა ჰპოვა ეკლესიის წმ. გიორგისადმი მიკუთვნებამ. ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობა ეკლესიის სივრცის მცირე ზომის გამო; მისი კედლები თითქმის მთლიანად შევსებულია წმ.გიორგის გამოსახულებებით. სცენებისა და გამოსახულებების განაწილებისას, მხატვრობის ერთიანი ანსამბლის შექმნაში მჟღავნდება არა მარტო გარკვეული დროისათვის დამახასიათებელი ნიშნები, არამედ ოსტატის ინდივიდუალობაც. დიდი ზომის გამოსახულებანი მკაფიოდ იკითხება სცენებში, მათი განლაგება და ურთიერთმიმართება მკაცრად სიმეტრიულია. მთავარი აქცენტი ადამიანთა ფიგურებზეა დასმული და, აბსიდის შემდეგ, უპირველესად ყოვლისა წმ.გიორგის გამოსახულებებზე. კედლის მხატვრობა მონუმენტურსა და საზეიმო შთაბეჭდილებას ჰქმნის. ამას ფიგურებისა და სამოსელის დამუშავების მანერაც უწყობს ხელს. საერთო შთაბეჭდილებისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მთლიან ფერადოვან ზედაპირებსა და გრაფიკულად მკაფიო წმინდა შინაგან ნახატს, რომელიც ტანსაცმელის ნაოჭებს მოხაზავს და, ამავე დროს, არ ცვლის მთავარ ფერადოვან ლაქების ტონალობას. ამიტომ, მხატვრობაში განსაკუთრებით ეს თითქმის ლოკალური, ფერადოვანი ლაქები გამოიყოფა, არა იმდენად მათი ზომით, რამდენადაც - მნიშვნელობით. ეს უწყობს ხელს ეკლესიის სივრცის გაზრდის ილუზიის შექმნას.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამ მხატვრობის ავტორი დახვეწილი კოლორისტი იყო. იგი ანაწილებს ყვითელ, მოყავისფრო-წითელ, ნაცრისფერ ფერადოვანი ლაქების აქცენტებს წონასწორობის გათვალისწინებით. ამით მიღწეულია მთელი მხატვრობის წონასწორობა და ერთიანობა. ზოგჯერ მხატვარი იყენებს ფერს, რათა გამოჰყოს მთავარი, მაგალითად, - კონქი; აქ მაქსიმალურადაა გამოყენებული მოწითალო, მოყავისფრო ფერების მახვილები, მაშინ როცა კედლებზე მოთავსებულ სცენებში უმთავრესად მოყვითალო ფერებია ნახმარი. ადიშის მხატვრობა ფერთა იმავე ძირითად შეხამებებზეა აგებული, როგორზედაც სვანეთის სხვა მოხატულობანი, მაგრამ ფერთა ჟღერადობითა და სიკაშკაშით  იგი უფრო ხალხური ხასიათის ნიმუშებს უახლოვდება (მაგ. სვანეთის ფერწერულ ხატებს). ამასვე მოწმობს ერთგვარი უმწეობა, რომელსაც მხატვარი იჩენს ფიგურების განაწილებისას საკურთხეველში და აგრეთვე უშუალოდ ცხოვრებიდან აღებული ტიპაჟი. ამავე დროს, ადიშელი მხატვარი გარკვეულ პროფესიულ განსწავლულობასაც ამჟღავნებს. მისი ნახატი წმინდაა და მკაფიო. იგი მისდევს გამოსახულ სცენების ჩამოყალიბებულ იკონოგრაფიას, მაგრამ კაშკაშა ფერადოვნებით და სიცხოველით ანიჭებს მათ გარკვეულ ინდივიდუალურ ხასიათს. ამჟამად ამაზე განსაკუთრებით მკაფიოდ მეტყველებს სცენა "სასწაული გველეშაპთან“. ოსტატის დახვეწილ გემოვნებას მოწმობს მეფის ასულის გრაციოზული მოძრაობა და მისი სილუეტის გამომხატველი ფერადოვანი ლაქა. სიცოცხლითაა აღსავსე პატარა ბიჭის მოძრაობა და სახე იმ ბავშვისა, რომელიც იყურება ჭიშკრიდან. წმ.ბასილის სახე მხატვრის მიერ პირდაპირ ცხოვრებიდანაა აღებული, ამიტომ ამ რელიგიური სცენის დაკანონებული რედაქციის მიუხედავად, ის გარკვეულ ჟანრულ ხასიათს იძენს და ამით გამოირჩევა ამგვარივე სიუჟეტის მქონე სხვა კომპოზიციებისგან შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. კედლის მხატვრობის მონუმენტური აგება, მისი ნაწილების მკაცრად სიმეტრიული განაწილება და გაწონასწორება, გამოსახვის სიბრტყობრივ - გრაფიკული მანერა ადიშის წმ.გიორგის ეკლესიის ფრესკებს XI ს. დასასრულისა და XII ს. დასაწყისის ძეგლების წრეში ათავსებს. განსაკუთრებით ახლოა იგი მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1096 წ. შესრულებულ იფრარის კედლის მხატვრობასთან. ადიშის კედლის მხატვრობა, ისევე როგორც XI ს. დასასრულისა და XII ს. დასაწყისის მხატვრობის სხვა ძეგლები - იკვი, ფავნისი, ბოჭორმა - წარმოადგენს წმ.გიორგისა და მისი ცხოვრების სცენების გამოსახვის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ იკონოგრაფიულ ნიმუშს, რომელიც საერთოდ შემორჩა შუასაუკუნეების ხელოვნებიდან. ამ ძეგლის მხატვრული თავისებურება და ღირებულება აუცილებელს ხდის საფუძვლიან რემონტს, რათა დავიცვათ იგი.