There are no translations available.
<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია - მონასტრები>>>
კაცხის სვეტი (V და VI სს.) ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ.26-27
ცალნავიანი ეკლესია საკულტო ნაგებობის უმარტივესი ტიპია. ეს არის წაგრძელებული სწორკუთხედი, რომელიც შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს, ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. იშვიათ გამონაკლისს გარდა, აფსიდი გარეთ გამოშვერილი არ კეთდება, არამედ სწორკუთხედის ფარგლებშივე რჩება (საქართველოში არსებობს სწორკუთხა საკურთხევლიანი ცალნავიანი ეკლესიებიც, მაგრამ ეს ტიპი ფართოდ არ გავრცელებულა). სახურავი ორფერადაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე ფრონტონებს ქმნის. შესასვლელი, ჩვეულებრივ, სამხრეთით ან დასავლეთითაა, მოზრდილ ეკლესიებში - ორივე მხარეს. სწორედ გეგმისა და კონსტრუქციის სიმარტივეს მიეწერება, რომ ცალნავიანი შენობის ტიპი დიდად გავრცელდა სოფლის ეკლესია-სამლოცველოების მშენებლობაში. უფრო გვიან, როდესაც უგუმბათო ეკლესიების ყველა სხვა ტიპი წყვეტს არსებობას, ცალნავიანი ეკლესია სულ ბოლომდე რჩება გუმრათიანი ტაძრების "თანამგზავრად". ხუროთმოძღვრული მასის სიმარტივე ცალნავიანი ეკლესიის მშენებელს თითქოს რამდენადმე ზღუდავს, და მაინც, ადრინდელი სახის ძეგლები ამ ტიპისა გვიზიდავს თავისი მხატვრული ღირსებებით: პროპორციები ჰარმონიულია, კედლების წყობა მშვენიერი (ზოგი კედლის პერანგი ორიოდე ათეულ ქვას თუ შეიცავს), იგრძნობა ის მომხიბვლელი არტისტიზმი, რომელიც იმ დროს თანაბრად ახასიათებს დიდ ძეგლებსაც და მცირეთაც. ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ ოლთისის პატარა ეკლესია წალკაში (ახლა ამ სოფელს კუშჩი ეწოდება), აგრეთვე ორი სამლოცველო ე.წ. კაცხის სვეტზე იმერეთში ჭიათურის რაიონში. ეს ორი სამლოცველო თავისთავად უმნიშვნელოა, მაგრამ დამახასიათებელია მათი სრულიად უჩვეულო მდებარეობა - ორმოცმეტრიანი კლდის სვეტის ზემო ბაქანზე. ოდესღაც ეს სვეტი ახლო მდებარე კლდის მასივთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდეგ, კლდის დაშლის შედეგად, გამოეთიშა ქედს და მარტო, განცალკევებით დარჩა. "ჴრამსა შინა არს კლდე აყვანილი ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი,"- წერდა ვახუშტი. მის კლდის თხემზედ არის ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისაოა". მაგრამ 1944 წელს სვეტი მაინც დაპყრობილ იქნა ქართველი ალპინისტების დახმარებით. სამლოცველოების აგებას ასეთ ადგილას, რომელიც, უეჭველია, მაშინაც ძნელი მისადგომი იქნებოდა, მკვლევარნი უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI ს-ში გავრცელებული იყო წინა აზიაში და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში (გავიხსენოთ თუნდაც სახელგანთქმული სვიმეონ მესვეტე) - ქრისტიანულ საქართველოს კი სირიასთან მჭიდრო კოსტაქტები ჰქონდა. ასეა თუ ისე, ეს მაინც ნაყოფია სარწმუნოებრივი ასკეტიზმისა, განდეგილობასაკენ სწრაფვისა, რაც ადრინდელი ქრისტიანობის ხანის ბევრ სასულიერო მოღვაწეს ახასიათებდა. თუმცა VI ს-ში კვლავ ბევრი ბაზილიკა, სამეკლესიიანი ბაზილიკა და მცირე ერთნავიანი სამლოცველო აშენდა, ამ საუკუნის ნახევრიდან საკულტო არქიტექტურის უმთავრეს თემად თანდათანობით გადაიქცა გუმბათოვანი ტაძრის თემა, რომელმაც ასიოდე წლის მანძილზე თვალსაჩინო ევოლუცია განიცადა..
კაცხის სვეტი. ზედა ბაქნის გენერალური გეგმა. ეკლესიები V-VI სს. ანაზომი ვ. ცინცაძისა.
კაცხის სვეტი (V - VI სს.) ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974. გვ.98.
კლდოვანი სვეტი კაცხურის ხეობაშია, ჭიათურის რაიონში. მისი სიმაღლე 40 მეტრს აღწევს, ზედა ბაქნის ფართობია 10X17 მ., აქ ორი ერთნავიანი მცირე ზომის ეკლესიაა. ერთი მათგანი იქვე მოპოვებული და უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაშენი მშრალად, ხოლო აფსიდი კლდეში აქვს გამოკვეთილი. მეორე სამლოცველოს კრიპტა აქვს (ქვემო სართული - სამარხი), იგი ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი ტუფის კვადრებითაა აგებული. პირველ ეკლესიას V ს - ეს აკუთვნებენ, მეორეს VI საუკენეს. სვეტის შენობები შეისწავლა 1944 წლის ივლისში საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს ექსპედიციამ, რომელსაც ცნობილი ალპინისტი ალ.ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. შენობები აზომა არქ. ვ.ცინცაძემ.
კაცხი - ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ.123-124
კაცხი. იმერეთში, ჭიათურის მახლობლად. ამ ტიპის ყველაზე გვიანი ნიმუში, აგებული საუკუნეთა მიჯნაზე. საკურთხევლის აფსიდი აქაც მცირედ შვერილია, მაგრამ სხვა აფსიდები - ბოჭორმისაგან განსხვავებით - უშუალოდ, უბემოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. გარდა ძირითადი სივრცისა, ეკლესიას აქვს სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელიც სამიოდე ათეული წლით გვიანაა მიშენებული. გარშემოსავლელი, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი გარედან ქმნიან სამ კონცენტრულ, წახნაგებიან, საფეხურს. ყოველ წახნაგს ცალკე ფრონტონი აქვს, ასე რომ კარნიზები ჰორიზონტალური კი არ არის, არამედ ხერხულა, გუმბათის სახურავი კი ნახევრადგაშლილ ქოლგას ჰგავს. ეს დიდად ზრდის საერთო ცხოველხატულებისა და დეკორატიულობის ეფექტს. შენობას მდიდრული ჩუქურთმიანი სამკაული ჰქონდა ახლა, XIX ს-ის რესტავრაციის შემდეგ, გარედან ორი ზემო საფეხურის მორთულობა აღარ არსებობს, გადარჩა მხოლოდ გარშემოსავლელის მდიდარი საპირეები და კარნიზი, აგრეთვე საკუთრივ ტაძრის კორპუსის შესასვლელთა მორთულობა (გარშემოსავლელის შიგნით). გარშემოსავლელის ჩუქურთმები, თვით ტაძრის ჩუქურთმასთან შედარებით, უფრო განვითარებულ საფეხურზეა, უფრო ღრმად არის ნაკვეთი. განსაკუთრებით საინტერესოა დიდი რელიეფური ქანდაკება გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში, რომელიც ცალკე სამლოცველოდაა გამოყოფილი. დიდ, ფართო არშიაშემოვლებულ მრგვალ არეში გამოსახულია ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა. ეს XI ს-ის ქართული პლასტიკის ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებთაგანია. თავდაპირველად გარშემოსავლელის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილს გარედან ღია თაღები ჰქონდა. თავისი მორთულობით კაცხის ტაძარი გარდამავალ ხანას კი არ ეკუთვნის, არამედ განვითარებულ შუა საუკუნეებს. კაცხი თავიდანვე ბაღუაშთა ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოს სამფლობელო იყო. ტაძარი რატი ერისთავთერისთავის აშენებულია. სამხრეთ - დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის წარწერის თანახმად, იგი 1010 - 1014 წლებს შუა უნდა დაემთავრებინა. (აქ მოხსენიებულია მეფე ბაგრატ III). XVII - XVIII სს. კაცხი თავად აბაშიძეებს ეკუთვნოდა, ათ წლიდან კი იმერეთში გადახვეწილ სოლომონ ლიონიძეს, ერეკლე II-ის ცნობილ მინისტრს. შენობის გარეთა ზომები გარშემოსავლელის გარეშე: სიგრძე - 13,5 მ., სიგანე 12 - მ., სიმაღლე შიგნით - დაახლ. 17,5 მ (საყურადღებოა რომ ამ ტიპის ყველა ეკლესიას თითქმის თანაბარი დიამეტრები აქვს).
|